Facebook Twitter
საქმე №ას-1332-1258-2012 23 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – შპს „ა. ჰ-ი“ (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ-ე (მოსარჩელე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა


დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ჰ-ის“ მიმართ მორალური ზიანის - 50000 ლარის დაკისრებისა და სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების დავალდებულების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 4 ივლისს გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ დაიბეჭდა ჟურნალისტ დ. ჩ-ის სტატია სათაურით - „ამას რომ წაიკითხავს აბა, ერთი, მაშინ გამოვიდეს ეგ ნაძირალა ო. კ-ე და ხმა ამოიღოს!“, აღნიშნული სტატიით მოსარჩელეს ცილი დასწამეს პედოფილობასა და სხვა გარყვნილი ქმედების არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენაში, სტატია არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებებით, გარდა ვინმე კ. ა-ის მიმართ 70-იან წლებში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალებისა. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდგომ, ამავე გაზეთის სხვა ნომრებში (N27, N28, N32, N33) კვლავ გამოქვეყნდა სხვადასხვა სტატიები, რომლებიც მოსარჩელის თაობაზე შეიცავდნენ არსებითად მცდარ და სახელის გამტეხ განცხადებებს და გამოყენებულ იქნა ისეთი შეურაცხმყოფელი განაცხადი, როგორიცაა ნაძირალა, პედოფილი და ა.შ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
წარმოდგენილი საგაზეთო სტატიებიდან ჩანს, რომ ისინი რესპოდენტის ინტერვიუა, შესაბამისად, არც ერთი განცხადების ავტორი ჟურნალისტი არ არის, რაც შეეხება აზრსა და შეფასებას, იგი კანონით აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული, რის გამოც აზრის გამოთქმა სამოქალაქო პასუხისმგებლობას არ იწვევს, მოსარჩელემ შპს „ა. ჰ-ს“ მიმართა განცხადებით, მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია განცხადების გამავრცელებელი პირის თაობაზე, თუმცა ჟურნალისტს უფლება აქვს, არ გაამჟღავნოს პროფესიული საიდუმლოება ან ინფორმაციის წყარო. გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 27 ივნისის 26-ე ნომერში გამოქვეყნებულია სტატია ე. ჯ-ან, სადაც რესპოდენტი არ მალავს ვინაობას, სხვა რესპოდენტებისაგან განსხვავებით, მას ჟურნალისტისაგან მისი პიროვნების გაუმჟღავნებლობა არ მოუთხოვია, თუმცა ო.კ-ეს, მიუხედავად კანონის დათქმისა, ეს უკანასკნელი მოპასუხედ არ დაუსახელებია, ამავე გაზეთის 27-ე ნომერში ასევეა გამოქვეყნებული ჯ. ჩ-ის ინტერვიუ და არც ეს უკანასკნელია დასახელებული მოპასუხედ. სტატიიდან ნათლად იკვეთება, რომ საქმე პოლიტიკურ დებატებს შეეხება, სადავო სტატიები მას შემდეგ გავრცელდა და მიიპყრო საზოგადოების ინტერესი, რაც მოსარჩელემ ერთ-ერთ გაზეთში გააკეთა განცხადება ნ. გ-ის, ე. ჯ-ის, ს. ჯ-სა და სხვათა თაობაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული პოლიტიკაში და სწორედ პოლიტიკური განცხადებებისა და აქტივობების შედეგია გამოქვეყნებული სტატიების გავრცელება. მოპასუხემ ასევე მიუთითა სარჩელის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა. ჰ-ს“ ო. კ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა, შპს „ა. ჰ-ს“ დაევალა გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილების სრულად გამოქვეყნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ იბეჭდება დიდი ტირაჟით და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ო. კ-ე ცნობილი ქართველი მსახიობია. გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 4 ივლისის ნომერში (N33 (503)), მე-20 გვერდზე ჟურნალისტ დ. ჩ-ის ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჟურნალისტი ო. კ-ეს ბრალს სდებს ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებებში, კერძოდ: „...გუნებაში კიდევ არ მჯეროდა, რომ ო. კ-ე ასეთ გარყვნილებას ეწეოდა“; „არქივს, რომელზედაც ქალბატონმა მიმითითა, ძაანაც არ მინდა, მაგრამ აუცილებლად მივაკითხავ, რადგან ო. კ-ემ ჩემი მრწამსი და ის პოლიტიკური სიმპათია შებღალა, რომელიც მე სულმნათი ზ. გ-ს მიმართ ყოველთვის მქონდა და მექნება. დიახ, რა პირით დებდა პედოფილი და ბავშვების გამრყვნელი ო. კ-ე...“; „საერთოდ, მიხრწნილებაში გადამდგარ კაცთან პაექრობა რომ მიწევს, ეს არ არის კარგი საქმე და, ამ თვალსაზრისით, დისკომფორტს აშკარად ვგრძნობ... მაგრამ რა ვქნა, სამართალი უნდა აღსრულდეს!..“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 1977 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით კ. ა-ე არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში იქნა მსჯავრდებული. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის განმარტება, რომ „გამოქვეყნებული სტატიები უბრალოდ წარმოადგენდა რესპონდენტთა გამონათქვამებს და ამის თაობაზე დ.ჩ-ის შეფასებას. შპს „ა. ჰ-ის“ ჟურნალისტს არ დაუდასტურებია რაიმე მასში მოთხრობილი ფაქტი“. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის“ მე-19 მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე თავისუფალი და ღია დისკუსიების გამართვის საშუალება, იმავდროულად თავად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება. პრესის მთავარი ფუნქცია საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გავრცელებაში მდგომარეობს და პრესის მიერ ამ ფუნქციის შეუსრულებლობა, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღებისა და მასზე თავისი შეხედულების ქონის უფლების წართმევის ტოლფასია. პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შეხედულებებსა და პრაქტიკზე, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტი შეიძლება იყოს პროვოკაციული ან გააზვიადოს ფაქტები“, ამასთან, „მიუღებელია ჟურნალისტს ჩამოერთვას უფლება, გამოხატოს კრიტიკული შეფასებები, მსჯელობები, თუ ვერ შეძლებს მათი ჭეშმარიტების დამტკიცებას“. ევროპული სასამართლოს აღნიშნული განმარტებები შეეხება პრესის თავისუფლების მაღალი ღირებულების შესახებ იდეას და მიიჩნია, რომ ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, შესაძლოა, უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა, ამასთან, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პრესის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი. პალატის მითითებით, ზემოხსენებული საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განსახილველ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენს პრესა (გაზეთი) და სწორედ გაზეთში გამოქვეყნებული გამონათქვამების გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობა წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. სადავო განცხადებების (გამონათქვამების) მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის, მაგრამ შპს „ა. ჰ-ი“ მიიჩნევს, რომ სადავო სტატიებში მოყვანილი გამონათქვამები წარმოადგენს ავტორის მოსაზრებებს, შეფასებებს და არა ფაქტებზე მითითებას. პალატის განმარტებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს რას წარმოადგენს მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული სტატიების სადავო გამონათქვამები - ფაქტებს თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). ამ მიმართებით, სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელეს, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხემ უშუალოდ მის შესახებ გაავრცელა ფაქტები, რომლებიც არსებითად მცდარი იყო და სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. არ იქნა გაზიარებული შპს „ა. ჰ-ის“ წარმომადგენლის პოზიცია, რომ სადავო სტატიებში მითითებული გამონათქვამები მხოლოდ შპს „ა. ჰ-ის“ (ჟურნალისტ დ. ჩ-ის) მოსაზრებებს წარმოადგენს, ასახავს სუბიექტურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ აზრს და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას. სასამართლოს განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ და „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, „ფაქტისა“ და „მოსაზრების“ გამიჯვნა აუცილებელ პირობას წარმოადგენს ცილისწამების ცნების განსაზღვრისათვის. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, „ფაქტი“ „შეფასებისაგან“ განსხვავდება, რადგან „შეფასება“ კონსტიტუციით დაცული აზრის გამოხატვაა. გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 8-14 აგვისტოს 32-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატიის შესაბამისად, „..პატივცემულო მკითხველო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, არც თქვენი გვარი მაინტერესებს არც სახელი, არც ეროვნება, არც ფოტოსურათი. უბრალოდ მობრძანდით რედაქციაში თუ იცით ამის შესახებ, მიამბეთ ო. კ-ის გარყვნილების ისტორიის დეტალების თაობაზე და მერე წაბრძანდით!.. პირობას გაძლევთ თქვენს ნალაპარაკევს „ქრონიკის“ ყოველ ნომერში უცვლელად დავბეჭდავთ ხოლო თქვენ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ და ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს!.. არ შეგეშინდეთ, მე თქვენი ვინაობა საერთოდ არ მაინტერესებს!.. კ-ეს ისე დაემართა, როგორც ეს ერთ შაირშია ნათქვამი: „მე შაირი არ მინდოდა შენ ამტეხე ძალადაო!..“ ხალხს მაგისი ბილწი წარსული თითქმის მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ მ. ს-ის „ერთგულმა ჯარისკაცმა“ არ მოისვენა და აწი ყველაფერი თავის თავს მოკითხოს!..“ იმავე გაზეთის 2011 წლის 15-21 აგვისტოს 33-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატიის შესაბამისად, „...არქივს, რომლის შესახებაც ქალბატონმა მიმითითა, ძაანაც არ მინდა, მაგრამ აუცილებლად მივაკითხავ, რადგან ო. კ-ემ ჩემი მრწამსი და ის პოლიტიკური სიმპათია შებღალა, რომელიც მე სულმნათი ზვიად გამსახურდიას მიმართ მქონდა და მექნება... დიახ, რა პირით დებდა პედოფილი და ბავშვების გამრყვნელი ო. კ-ე მამალ ზვიადისტობაზე თავს და რა პირით ბედავდა შ-ის წინააღმდეგ ბრძოლას, როცა შ-ემ გადაარჩინა და ნისკარტი გამოუწმინდა? საერთოდ, მიხრწნილობაში გადამდგარ კაცთან პაექრობა რომ მიწევს, ეს არ არის კარგი საქმე და, ამ თვალსაზრისით, დისკომფორტს აშკარად ვგრძნობ, მაგრამ რა ვქნა, როგორც ისტორიკოსსა და უბრალოდ, კარგ მკითხველს, ტვინში სისხლის ჩაქცევამდე მიყვარს ძველი რომაელები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერება რომც დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს!..“ აი, ო. კ-ის შემთხვევაში, დღეს როგორ უნდა აღსრულდეს სამართალი, ეგ არ ვიცი!..“ სააპელაციო პალატის შეფასებით, მოყვანილი ფრაზები სადავო სტატიებიდან არ წარმოადგენს რესპონდენტების მოსაზრებებს. აღნიშნული გამონათქვამების ავტორი ჟურნალისტი დ. ჩ-ა, რომელიც ო. კ-ეს მიმართავს როგორც „პედოფილსა“ და „ბავშვების გამრყვნელს“ და პირდაპირ მოუწოდებს, უამბონ „ო. კ-ის გარყვნილების ისტორიის დეტალების თაობაზე“. სადავო გამონათქვამები არ ასახავენ მხოლოდ მათი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოსარჩელის პიროვნების მიმართ, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზია. სტატიების ავტორის ზემოხსენებული სადავო გამონათქვამები, კერძოდ, პირდაპირი მოწოდება, მიიღოს მეტი ინფორმაცია მოსარჩელის „გარყვნილების ისტორიის დეტალების“ შესახებ, „ბავშვების გამრყვნელი“ მოსარჩელის მიმართ „სამართლის აღსრულების“ პათოსი, პალატის მოსაზრებით, უნდა შეფასდეს სწორედ ფაქტების დამტკიცების მცდელობად. აღნიშნული გამონათქვამები არ წარმოადგენს „აზრს“ (მსჯელობას, თვალსაზრისს), რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას. სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „ო. კ-ე, როგორც ცნობილი მსახიობი, მიჩნეულია საჯარო პირად, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“ და სასამართლომ მის მიმართ საჯარო პირის ცილისწამების სტანდარტით იხელმძღვანელა. ეს გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას აწესებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომელიც მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს, რომ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება, რის გამოც მოსარჩელემ სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა ფაქტები, ხოლო ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 4-10 ივლისის 27-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია (ამონარიდი სტატიიდან): ,,...ა-ე იყო ო. კ-ის ძმაკაცი. ესენი მიდიოდნენ ამ მუსიკალურ სასწავლებელში, არასრულწლოვან ბავშვებს ჩაკეტავდნენ ა-ის კაბინეტში და საშინელ გარყვნილებას ეწეოდნენ. ...აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვანთა გარყვნილების მუხლით. თბილისის რომელი რაიონის სასამართლომ განიხილა ეგ საქმე? - მე ასე მახსოვს, რომ ეს კალინინის რაიონის სასამართლომ განიხილა. - როგორი იყო ამ საქმის განაჩენი? - მუსიკალური სკოლის დირექტორი ა-ე დაიჭირეს და თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი წელი მისცეს, მაგრამ ამ ნაგავს ყველგან ფესვები ჰქონდა გადგმული, ქვეყანას იცნობდა და კ-ე ამ საქმიდან გამოაძვრინეს.“ ამავე გაზეთის 2011 წლის 15-21 აგვისტოს 33-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია (ამონარიდი სტატიიდან): ,,...ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ მითხრა - ბატონო დ., ეს საქმე 1977 ან 1978 წელს განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ... ო. კ-ე მოწმის სტატუსით დაიკითხა... ისნის რაიონის პოლიციის შენობის მესამე სართულზე არის სასამართლოს არქივი და რომ იკითხო „ა-ის საქმე“, იქ წაიკითხავ ყველაფერს კ-ის „კაი კაცობის“ შესახებ.“ სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ ო. კ-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი 1977 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ცალსახად დასტურდება, რომ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებების ბრალდების სუბიექტს ის არ წარმოადგენდა და, რომ განაჩენი გამოტანილია სხვა პირის მიმართ. ო. კ-ე მითითებულ სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობდა არც მოწმისა და არც რაიმე სხვა სტატუსით, რაც, პალატის მოსაზრებით, სათანადო და საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ფაქტების მცდარობის დასადასტურებლად. გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის თაობაზე მოპასუხეს არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოში არ მიუთითებია, აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 4 ივლისის ნომერში (N33 (503)), მე-20 გვერდზე ჟურნალისტ დ. ჩ-ის ავტორობით გამოქვეყნებული განცხადება შეიცავდა ცილისმწამებლურ ინფორმაციას, კერძოდ, ბრალს სდებდა ო. კ-ეს დანაშაულებრივ და ამორალურ ქმედებებში, პედოფილიაში, უღირსი საქციელის ჩადენაში, რის შედეგადაც ზიანი მიადგა მოსარჩელის ინტერესებს. სასამართლოს განმარტებით, ო. კ-ის მიყენებული ზიანის მაღალ ხარისხს განაპირობებდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების დეტალები, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საჯარო ინტერესის სფეროს, რომლის მიმართაც დიდი იყო საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი, მისი პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების დეტალების მიმართ მოპასუხის ზერელე მიდგომითა და გადაუმოწმებელი, ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებით ილახებოდა მოსარჩელის პატივი და ღირსება და, საბოლოოდ, მას ადგებოდა ზიანი. მოპასუხის სუბიექტური დამოკიდებულება ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების მიმართ, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის უხეში დაუდევრობა იყო, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ დარღვეული იყო სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით დაცული უფლებები და სარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე მიყენებული ზიანის კომპენსირებას მოითხოვდა როგორც მორალური ზიანის ანაზღაურებით, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების გზით. მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანს წარმოადგენდა, რადგანაც კანონმდებელი არ ადგენდა იმ კრიტერიუმს, რომლითაც უნდა დადგენილიყო მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ორიგინალობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა გადაწყვეტილიყო. პალატამ ამ მიმართებით გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირია, ასევე ის, რომ განცხადება, რომელიც გავრცელდა მოპასუხის მიერ და შეიცავდა ცილისმწამებლურ ინფორმაციას მოსარჩელეზე, დიდი ტირაჟით გამოიცა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი მკითხველისათვის, ამ პირობებში სარჩელით მოთხოვნილი 50 000 ლარი დასაბუთებული და გავრცელებული ფაქტის მიმართ მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების საკითხს კი, პირდაპირ ითვალისწინებდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ჰ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის განმარტებით, გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ 2011 წლის 4 ივლისს (N33 (503)) მე-20 გვერდზე ჟურნალისტ დ. ჩ-ის ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჟურნალისტი ო. კ-ეს ბრალს სდებს ამორალურ და დანაშაულებრივ ქმედებაში. სასამართლოს, ამავდროულად, არ დაუსაბუთებია, ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული სტატიები რატომ წარმოადგენდა ო.კ-ის ბრალის დადებას. გამოქვეყნებული სტატიები წარმოადგენდა რესპოდენტის გამონათქვამებსა და ჟურნალისტის შეფასებას (აზრს), თანახმად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონისა. ჟურნალისტს სტატიაში მოთხრობილი რაიმე ფაქტი არ დაუდასტურებია. პალატამ მიუთითა გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 8-14 აგვისტოს 32-ე ნომრიდან და 2011 წლის 15-21 აგვისტოს 33-ე ნომრიდან ამონარიდებზე და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სტატიებიდან მოყვანილი ფრაზები რესპოდენტის მოსაზრებებს არ წარმოადგენდა, აღნიშნული განმარტებების ავტორი ჟურნალისტია, რომელიც ო.კ-ეს „პედოფილსა“ და „ბავშვების გამრყვნელს“ უწოდებს და მოუწოდებს საზოგადოებას, უამბონ „ო. კ-ის გარყვნილების ისტორიის დეტალების საფუძველზე“. პალატამ ყურადღება მხოლოდ იმ გარემოებაზე გაამახვილა, თუ განმარტებები ვის მიერ იყო გაკეთებული და მას სამართლებრივი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, გამონათქვამები რატომ ჩათვალა ფაქტად და არა ჟურნალისტის მოსაზრებად, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული და სამოქალაქო პასუხისმგებლობას არ იწვევს. პალატა შეეხო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის საკითხს, მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, თუმცა ერთობლიობაში არ შეაფასა საქმის მასალები. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ა-ის საქმეზე მიღებულ განაჩენს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, რესპოდენტის მიერ იყო ნახსენები, თუმცა გვერდი აუარა რესპოდენტის მიერვე ხსენებულ სხვა მონაცემებს და ისინი, სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეაფასა, კერძოდ, სასამართლოს არ უმსჯელია, გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 27 ივნისის 26-ე ნომერში გადმოცემული რესპოდენტ ე. ჯ-ის განმარტებაზე და ეს განცხადება არც, როგორც არსებითად მცდარი და მოსარჩელისათვის ზიანის მომტანი გამონათქვამი, არ შეუფასებია, არამედ შეაფასა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არ შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე დაარღვია კანონი, კერძოდ, არასწორად განმარტა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის თანახმად, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ო.კ-ემ ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში სათანადოდ ვერ უზრუნველყო, სადავო სტატიებთან მიმართებით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც მან წარადგინა, კანონიერ ძალაში შესული ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენია, სადაც პირდაპირ და პირადად ო.კ-ე ნახსენები არ არის, საყურადღებოა, რომ თავად რესპოდენტი ამ განაჩენის მიმართ განმარტავს, რომ სუბიექტური პრივილეგიის გამო, ო.კ-ე საქმეს ჩამოაშორეს და ყველაფერი ა-ეს გადაეკისრა, ამასთანავე, საქმეში არსებული განაჩენით დასტურდება რესპოდენტის მიერ აღნიშნული გარემოებები საქმის მხარეების, განმხილველი მოსამართლისა და ადვოკატის შესახებ. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია რესპოდენტის სხვა განმარტებებზე. კასატორმა მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ და „ფ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ სტატიებში არსებულ განმარტებები რესპოდენტთან ინტერვიუს სახითაა წარმოდგენილი, ხოლო ჟურნალისტის განმარტებები აზრის, შეფასებითი მსჯელობის სახითაა გადმოცემული, ასეთ ვითარებაში კი, როდესაც ჟურნალისტი კეთილსინდისიერად და ზუსტად გადმოსცემს საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციას, მან არ შეიძლება პასუხი აგოს მესამე პირთა განცხადებების გამო. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობები, ამასთანავე, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმადაც ყველაზე დიდ სირთულეს „ფაქტების გადმოცემისა“ და „შეფასებითი მსჯელობის“ გამიჯვნის საკითხი წარმოადგენს. კასატორმა მიუთითა სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაზე (იერუსალიმი ავსტრიის წინააღმდეგ, 2001; დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ 1997) და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს შპს „ა. ჰ-ის“ შეფასებითი მსჯელობის გადაჭარბებულად მიჩნევისათვის, მოპასუხის განცხადებები სწორედ შეფასებითი მსჯელობაა, მოსარჩელეზე არა უმიზეზო, პერსონალური თავდასხმა, არამედ რესპოდენტთა ინტერვიუებთან დაკავშირებული აზრია. ცილისწამების განსაზღვრისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ამ მიმართებით, საინტერესოა ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ლინგესი ავსტრიის წინააღმდეგ (1986), ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (1997), დალბანი რუმინეთის წინააღმდეგ (1999).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.




ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1977 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით კ. ა-ე მსჯავრდებულ იქნა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენის სუბიექტს არ წარმოადგენდა ო. კ-ე და იგი სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობდა რაიმე სტატუსით.
გაზეთ ,,კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 4 ივლისის (N33 (503)) ნომერში, მე-20 გვერდზე, ჟურნალისტ დ. ჩ-ის ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ო. კ-ის მიმართ გამოყენებულია შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,..გუნებაში კიდევ არ მჯეროდა, რომ ო. კ-ე ასეთ გარყვნილებას ეწეოდა"; ,..არქივს, რომლის შესახებაც ქალბატონმა მიმითითა, ძაანაც არ მინდა, მაგრამ აუცილებლად მივაკითხავ, რადგან ო. კ-ემ ჩემი მრწამსი და ის პოლიტიკური სიმპათია შებღალა, რომელიც მე სულმნათი ზვიად გამსახურდიას მიმართ მქონდა და მექნება... დიახ, რა პირით დებდა პედოფილი და ბავშვების გამრყვნელი ო. კ-ე მამალ ზვიადისტობაზე თავს და რა პირით ბედავდა შ-ის წინააღმდეგ ბრძოლას, როცა შ-ემ გადაარჩინა და ნისკარტი გამოუწმინდა? საერთოდ, მიხრწნილობაში გადამდგარ კაცთან პაექრობა რომ მიწევს, ეს არ არის კარგი საქმე და, ამ თვალსაზრისით, დისკომფორტს აშკარად ვგრძნობ, მაგრამ რა ვქნა, როგორც ისტორიკოსსა და უბრალოდ, კარგ მკითხველს, ტვინში სისხლის ჩაქცევამდე მიყვარს ძველი რომაელები, რომლებიც ამბობდნენ: ,,ქვეყნიერება რომც დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს!..“ აი, ო. კ-ის შემთხვევაში, დღეს როგორ უნდა აღსრულდეს სამართალი, ეგ არ ვიცი!..“
გაზეთ ,,კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 4-10 ივლისის N27 ნომერში, ო. კ-ის მიმართ გამოყენებულია შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,..ა-ე იყო ო. კ-ის ძმაკაცი. ესენი მიდიოდნენ ამ მუსიკალურ სასწავლებელში, არასრულწლოვან ბავშვებს ჩაკეტავდნენ ა-ის კაბინეტში და საშინელ გარყვნილებას ეწეოდნენ. ...აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვანთა გარყვნილების მუხლით. თბილისის რომელი რაიონის სასამართლომ განიხილა ეგ საქმე? - მე ასე მახსოვს, რომ ეს კალინინის რაიონის სასამართლომ განიხილა. - როგორი იყო ამ საქმის განაჩენი? - მუსიკალური სკოლის დირექტორი ა-ე დაიჭირეს და თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი წელი მისცეს, მაგრამ ამ ნაგავს ყველგან ფესვები ჰქონდა გადგმული, ქვეყანას იცნობდა და კ-ე ამ საქმიდან გამოაძვრინეს.“
გაზეთ ,,კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 8-14 აგვისტოს N32 ნომერში, ო. კ-ის მიმართ გამოყენებულია შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,..პატივცემულო მკითხველო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, არც თქვენი გვარი მაინტერესებს არც სახელი, არც ეროვნება, არც ფოტოსურათი. უბრალოდ მობრძანდით რედაქციაში, თუ იცით ამის შესახებ, მიამბეთ ო. კ-ის გარყვნილების ისტორიის დეტალების თაობაზე და მერე წაბრძანდით!.. პირობას გაძლევთ თქვენს ნალაპარაკევს „ქრონიკის“ ყოველ ნომერში უცვლელად დავბეჭდავთ ხოლო თქვენ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ და ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს!.. არ შეგეშინდეთ, მე თქვენი ვინაობა საერთოდ არ მაინტერესებს!.. კ-ეს ისე დაემართა, როგორც ეს ერთ შაირშია ნათქვამი: „მე შაირი არ მინდოდა შენ ამტეხე ძალადაო!..“ ხალხს მაგისი ბილწი წარსული თითქმის მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ მ. ს-ის ,,ერთგულმა ჯარისკაცმა“ არ მოისვენა და აწი ყველაფერი თავის თავს მოკითხოს!..“
გაზეთ ,,კვირის ქრონიკის“ 2011 წლის 15-21 აგვისტოს N33 ნომერში, ო. კ-ის მიმართ გამოყენებულია შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,..ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ მითხრა - ბატონო დ., ეს საქმე 1977 ან 1978 წელს განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ... ო. კ-ე მოწმის სტატუსით დაიკითხა... ისნის რაიონის პოლიციის შენობის მესამე სართულზე არის სასამართლოს არქივი და რომ იკითხო „ა-ის საქმე“, იქ წაიკითხავ ყველაფერს კ-ის „კაი კაცობის“ შესახებ.“
ო. კ-ე, როგორც ცნობილი მსახიობი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, წარმოადგენს საჯარო პირს.
სადავო გამონათქვამები არ ასახავს ინფორმაციის გამავრცელებლის სუბიექტურ დამოკიდებულებას, სუბიექტურ აზრს ო.კ-ის მიმართ. შპს ,,ა. ჰ-ის“ ჟურნალისტს არ დაუდასტურებია სტატიაში მოთხრობილი ფაქტები. ამასთან, ჟურნალისტმა გამოიჩინა უხეში დაუდევრობა.
მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ფაქტები მცდარია. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ცილისწამებას, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს _ შეილახა მისი პატივი და ღირსება.
მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: მოსარჩელე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირია; განცხადება შეიცავდა ცილისმწამებლურ ინფორმაციას მოსარჩელეზე; გაზეთი დიდი ტირაჟით გამოიცა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გავრცელდა და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი მკითხველისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში, 2004 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, დადგინდა პირის პა¬ტივის, ღირ¬სე¬ბი¬ს, პი¬რა¬დი ცხოვ¬რე¬ბის სა¬ი¬დუმ¬ლო¬ე¬ბის, პი¬რადი ხელ¬შე¬უ¬ხებ¬ლო¬ბისა და საქ¬მი¬ანი რეპუტაციის დაცვის განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაცია. ამასთან, 2004 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომლითაც დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა აზრი და ცილისწამება.
მოსარჩელის განმარტებით, გაზეთ ,,კვირის ქრონიკაში“ მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები შეიცავს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, კერძოდ ო.კ-ეს ცილი დასწამეს პედოფილიასა და სხვა გარყვნილი ქმედებების ჩადენაში არასრულწლოვნების მიმართ, რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და რეპუტაცია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა უნდა გადაწყდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით.
ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს, ამიტომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი, კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამდენად, მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს. კერძოდ, მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს, რომ: მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი არსებითად მცდარი ფაქტის შემცველია; განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; სადავო განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია პირველ რიგში გაირკვეს, საქმე გვაქვს აზრის გამოხატვასთან თუ ცილისწამებასთან, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. კასატორის მოსაზრებით, გამოქვეყნებული სტატიები წარმოადგენს რესპოდენტთა გამონათქვამებს და ჟურნალისტის შეფასებას (აზრს), შესაბამისად, სახეზეა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სსაფუძვლები.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აზრი განმარტებულია, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუქნტით ცილისწამება, ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (8 ივნისი, 1986 წელი), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისეთ ვითარებასთან, როდესაც მოსარჩელის შესახებ გავრცელებული სადავო სტატიები შეიცავს, როგორც შეფასებით, ასევე ფაქტობრივ ელემენტებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გაზეთ ,,კვირის ქრონიკის“ 33-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჟურნალისტი დ. ჩ-ე ო. კ-ის მიმართ იყენებს შემდეგ გამონათვამებს: „დიახ, რა პირით დებდა პედოფილი და ბავშვების გამრყვნელი ო. კ-ე მამალ ზვიადისტობაზე თავს და რა პირით ბედავდა შ-ის წინააღმდეგ ბრძოლას, როცა შ-ემ გადაარჩინა და ნისკარტი გამოუწმინდა?“, ასევე იმავე გაზეთის 27-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი რესპოდენტი აცხადებს: ,,..ა-ე იყო ო. კ-ის ძმაკაცი. ესენი მიდიოდნენ ამ მუსიკალურ სასწავლებელში, არასრულწლოვან ბავშვებს ჩაკეტავდნენ ა-ის კაბინეტში და საშინელ გარყვნილებას ეწეოდნენ.“. ორივე საგაზეთო სტატიაში, ჟურნალისტის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ფაქტების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს შემდეგ ფრაზებს: „პედოფილი და ბავშვების გამრყვნელი ო. კ-ე“; ,,ესენი მიდიოდნენ ამ მუსიკალურ სასწავლებელში, არასრულწლოვან ბავშვებს ჩაკეტავდნენ ა-ის კაბინეტში და საშინელ გარყვნილებას ეწეოდნენ.“. აღნიშნული ფრაზები აღწერენ ობიექტურად არსებულ გარემოებებს და მათზე ვრცელდება სისწორისა და ნამდვილობის მტკიცების კრიტერიუმები.
ამდენად, კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სადავო სტატიები შეიცავდა მხოლოდ ჟურნალისტის შეფასებას (აზრს) და არა ფაქტებზე მითითებას, გაზიარებული ვერ იქნება. რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სტატიათა უმეტესი ნაწილი რესპოდენტთა გამონათქვამებია, რომელსაც არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს გამავრცელებლის მიმართებას მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა-ჭეშმარიტებასთან. დაუშვებელია მედიის წარმომადგენლებს მოეთხოვოთ ასი პროცენტით გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, თუმცა, გონივრულ ფარგლებში გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების სტანდარტის დაცვა აუცილებელია, რათა არ მოხდეს დემოკრატიულ ფასეულობათა გაუფასურება. ქცევის ამგვარი სტანდარტის დაწესება სრულად შეესაბამება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პრესის თავისუფლებისაგან განუყოფელია ჟურნალისტის „მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“, მათ შორის მნიშვნელოვანია ჟურნალისტი საჭიროების შემთხვევაში გაემიჯნოს რესპოდენტების მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და იზრუნოს იმისათვის, რათა ნებსით თუ ენებლიედ არ გადაიქცეს სიძულვილისა თუ ძალადობის მომწოდებელი განცხადებების გამავრცელებლად. საქმეზე დადგენილი გარემოებები, უფრო მეტად ჟურნალისტის მხრიდან ამ მოვალეობათა დარღვევაზე მიანიშნებენ, ვიდრე დაცვაზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გავრცელებული ფაქტების მცდარობის დასასაბუთებლად მართებულად მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 1977 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში მსჯავრდებულ იქნა კ. ა-ე, ხოლო ო. კ-ე არანაირი სტატუსით არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დათქმას, რომლის თანახმადაც, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის, როგორც ერთ-ერთი და საკმარისი მტკიცებულების საეჭვოობა საქმის მასალებით არ დგინდება, ხოლო კასატორს ამ კუთხით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ღირსება გამოხატავს პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების შეფასებას თვით ამ პიროვნების მიერ, ხოლო პატივი პიროვნული თვისებების შეფასებას საზოგადოების მიერ, ანუ იმას, თუ როგორ აღიქმება პიროვნება საზოგადოების თვალში. სასამართლოს შეფასებით, უნდა დავუშვათ იმის პრეზუმფცია, რომ სადავო ინფორმაციის გავრცელებით შეილახებოდა ნებისმიერი საშუალო ადამიანის პატივი და ღირსება, მით უმეტეს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი, ო. კ-ე არის ცნობილი მსახიობი. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ასევე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხს შეეხებოდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ზიანი ასეთ შემთხვევებში არაქონებრივი სახით _ პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.“ (იხ.სუსგ, №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომელიც ზიანის არარსებობის ფაქტს უკავშირდება.
საკასაციო საჩივარი ასევე არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას ჟურნალისტის დაუდევრობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თუ მოპასუხე დაადასტურებდა, რომ ინფორმაცია მიიღო ოფიციალური წყაროებიდან, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება ან გადამოწმება დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, შესაძლებელია გამორიცხულიყო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ანალოგიურ დავებში, ვიდრე ჩარევის თანაზომიერების საკითხი გადაწყდებოდეს, მნიშვნელოვანია გაირკვეს ჩარევის „აუცილებლობის“ საკითხი, ვინაიდან თუ „აუცილებლობა“ არ იქნება დასაბუთებული, არც გამოხატვის შეზღუდვის საფუძველი იარსებებს.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ანალოგიური პრინციპია გატარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ აღნიშნული ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
ევროპული სტანდარტების მიხედვით, შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი ინფორმაცია ყველაზე მეტად პრესის თავისუფლებითაა უზრუნველყოფილი. დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც ემყარება პლურალიზმისა და შემწყნარებლობის ფასეულობებს, ცალკეულ შემთხვევებში ადამიანებს ავალდებულებს აიტანონ მათთვის მიუღებელი ინფორმაციის მოსმენა. ამასთან, საჯარო პირებთან მიმართებაში „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან მიმართებაში. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება იმდენად არ უნდა გაფართოვდეს, რომ მან დაკარგოს თავისი არსი, რაც სხვათა უფლებების გადაჭარბებულ ხელყოფაში გამოიხატება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე გვაქვს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა პირთა უფლებებსა და რეპუტაციას შორის ბალანსის დაცვასთან, მნიშვნელოვანია შეფასდეს ის, თუ ვის მიმართ გავრცელდა შეურაცხმყოფელი განცხადება, რა ფორმით გავრცელდა ინფორმაცია, როგორია კანონიერი ინტერესისათვის მიყენებული ზიანი, შეეხება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს, დარღვეულია თუ არა „მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“ და ა.შ.
როგორც განსახილველი საქმის ანალიზიდან ირკვევა, დარღვეულია ჟურნალისტის „მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“, გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმით და მანერით, რომ საშუალო მკითხველში აღძრავს მოსარჩელის მიმართ ზიზღს, მოსარჩელეს წარმოაჩენს, როგორც დამნაშავეს, რომელმაც თავი აარიდა პასუხისმგებლობას, ამასთან, სახეზეა კანონიერი ინტერესის სერიოზული დაზიანება. ამდენად, ის გარემოებები, რომლებიც ჩარევის აუცილებლობას ამართლებენ, საკმარისადაა მოცემული.
რაც შეეხება ჩარევის თანაზომიერების საკითხს, ანუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ხარისხს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უფლების შეზღუდვა იმდენად დისპროპორციული არ უნდა იყოს, რომ ამას შედეგად მოყვეს გაზეთის ტირაჟის შემცირება, ან კიდევ უფრო მძიმე შედეგი, გაზეთის დახურვამდე მიყვანა. არათანაზომიერების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში განისაზღვრება. მაგალითად, დაკისრებული ჯარიმისა და კომპენსაციის დიდ ოდენობას დაეფუძნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა ჩარევის არათანაზომიერად მიჩნევის თაობაზე, საქმეში KARHUVAARA AND ILTALEHTI v. FINLAND, რომელიც შეეხებოდა გაზეთის მთავარი რედაქტორის დასჯას პარლამენტის დეპუტატის პირად ცხოვრებაში ჩარევისათვის. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯარიმისა და კომპენსაციის დიდი მასშტაბები დეპუტატის პირადი ცხოვრების უფლების არც თუ ისე სერიოზული დარღვევის ფონზე, აშკარად დისპროპორციულ ღონისძიებად უნდა ჩათვლილიყო.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოხატვის უფლებაში ჩარევის ხარისხის შემოწმება განეკუთვნება ფაქტის საკითხს, შესაბამისად, სასამართლო, ჩარევის პროპორციულობას ვერ გადაწყვეტს, თუ სახეზე არ იქნება ფაქტები, რომლებიც სასამართლოს ღირებულებათა კონფლიქტში მეტი სიცხადის შეტანაში დაეხმარება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს კასატორისათვის დაკისრებული თანხის პროპორციულობა, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი ამ კუთხით არ შეიცავს პრეტენზიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას კი, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი ar დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ბ. ალავიძე




მოსამართლეები: თ. თოდრია




პ. ქათამაძე