Facebook Twitter
№ას-23-23-2014 10 აპრილი, 2014 წელი
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მთავრობა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ც. მ. 2007“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ.თბილისის მთავრობამ მოპასუხე შპს „ც. მ. 2007-ის“ მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნები:
1. მოპასუხე ორგანიზაციისათვის, ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ, საზღაურის (7336.54 ლარის) გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან – 2010 წლის 5 მაისიდან – მართვის საზღაურის საბოლოოდ დაფარვამდე;
2. შპს „ც. მ. 2007-თვის“, ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ, მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანების (34092.24 ლარი) გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან – 2010 წლის 5 მაისიდან – დავალიანების სრულად დაფარვამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მთავრობის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. შპს „ც. მ. 2007-ს“ ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა საზღაურის გადახდის შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 7.33 თეთრის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) მართვის საზღაურის (7336.54 ლარის) საბოლოოდ გადახდამდე;
2. ამავდროულად, მოპასუხეს მოსარჩელე ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანების გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 3.40 თეთრის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანების (34092.24 ლარის) საბოლოოდ გადახდამდე.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 20 თებერვალის ხელშკრულებით შპს ,,ც. მ. 2007-ს” ქ.თბილისის მთავრობის მიერ 100% წილის მართვის უფლებით გადაეცა ,,ვ.გ.ც-ი”.
მესაკუთრის მიერ შპს ,,ც. მ. 2007-ის” წილი მართვის უფლებით გადაიცა 10 წლის ვადით და მართვის საზღაურად განისაზღვრა 12000 ლარი ყოველი წლისათვის, გადახდა უნდა მომხდარიყო 6 თვეში ერთხელ.
,,ც. მ. 2007-ის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
ქ.თბილისის მთავრობასა და შპს ,,ც. მ. 2007-ს” შორის 2009 წლის 20 თებერვლის წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება შეწყდა 2010 წლის 5 მაისს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 აგვისტოს გადახდის ბრძანებით ქ.თბილისის მთავრობის განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,ც. მ. 2007-ს” დაეკისრა 909205.3 ლარის გადახდა ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ. აღნიშნულ თანხებში შედიოდა: მართვის საზღაურის გადაუხდელი ნაწილი – 7336.54 ლარი; ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული საურავი – 776.52 ლარი; მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს ,,ვ. გ. ც-ის” დავალიანება (30275.61) და მასზე დარიცხული საურავები (3816.63) 34092.24 ლარი; ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 867000 ლარი.
ხელშეკრულების შესაბამისად, მმართველი კომპანიის მიერ მართვის საზღაურის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და აითვლებოდა დარღვევის დღიდან.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა 7.4.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
2009 წლის 20 თებერვლის წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტით, შპს ,,ც. მ. 2007-ს” დაევალა განეხორციელებინა, შპს ,,ვ. გ. ც-ის დებიტორ-კრედიტორული (მათ შორის, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის) დავალიანების დაფარვა შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შეთანხმებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მთავრობასა და შპს ,,ც. მ. 2007-ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე დადგინდა, რომ მმართველი კომპანიის მიერ მართვის საზღაურის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხელო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და აითვლებოდა დარღვევის დღიდან. 2009 წლის 20 თებერვლის წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების 4.5.1 პუნქტით, შპს ,,ც. მ. 2007”-ს დაეკისრა შპს ,,ვ. გ. ც-ის დებიტორ-კრედიტურული (მათ შორის ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის) დავალიანების დაფარვა შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შეთანხმებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა 7.4.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადახდის ბრძანებიდან დადგინდა, რომ შპს ,,ც. მ. 2007-ს” მართვის საზღაურის სახით გადასახდელი აქვს 7336.54 ლარი და მასზე დარიცხული საურავი 776.52 ლარი, ხოლო მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს ,,ვ. გ. ც-ის” დავალიანება შეადგენს 34092.24 ლარი, რისი გადახდის ვალდებულებაც 2009 წლის 20 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად ეკისრება შპს ,,ც. მ. 2007-ს”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის პირველი მოთხოვნა (შპს ,,ც. მ. 2007-თვის’’ ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ საზღაურის გადახდის შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხელოს დარიცხვის თაობაზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (05.05.2010) მართვის საზღაურის საბოლოო დაფარვამდე)) დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, შპს ,,ც. მ. 2007-ს” უნდა დაკისრებოდა მართვის საზღაურის – 7336.54 ლარის 0.1%-ის – 7.33 ლარის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან მართვის საზღაურის საბოლოოდ დაფარვამდე.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მეორე მოთხოვნას (შპს ,,ც. მ. 2007-თვის’’ ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს ,,ვ. გ. ც-ის” დავალიანების გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისი) დავალიანების სრულად დაფარვამდე)), საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ. 2009 წლის 20 თებერვლის წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით, მითითებული ვადებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 7.4.2 პუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით, ვალდებულების შესრულების დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის – 3000 ლარის განსაზღვრა წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და ის უნდა შემცირებულიყო. ვინაიდან ძირითადი ვალდებულება შეადგენდა 34092.24 ლარს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო გადასახდელი თანხით – 0.01%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. შესაბამისად, შპს ,,ც. მ. 2007-ს” უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) დავალიანების სრულ დაფარვამდე 3.40 ლარის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მთავრობამ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ქ.თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

შპს „ც. მ. 2007-ს“ ქ.მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა საზღაურის გადახდის შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო 7.33 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) – მართვის საზღაურის (7336.54 ლარის) საბოლოოდ გადახდამდე;
შპს „ც. მ. 2007-ს“ ქ.მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა მართვის უფლების გადასვლის დღისათვის, შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანების გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლო 3.40 თეთრის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) – შპს „ვ. გ.ც-ის“ დავალიანების (34092.24 ლარის) საბოლოოდ გადახდამდე;
შპს „ც. მ. 2007-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 822.45 ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2013 წლის 29 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ც. მ. 2007“, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ – ქ.თბილისის მთავრობის წარმომადგენელმა ბ. ნ-ემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ითვლება დადასტურებულად, მაგრამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ ეს დადასტურებულად (დამტკიცებულად) ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას, ხოლო თუ არ ამართლებენ, მაშინ სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან გამოირკვა, ქ.თბილისის მთავრობასა და შპს „ც. მ. 2007-ს“ შორის 2009 წლის 20 თებერვლის წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით, მმართველი კომპანიის მიერ მართვის საზღაურის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში, მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხელო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და იგი აითვლებოდა დარღვევის დღიდან (ხელშეკრულების 7.4.1. პუნქტი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, გარდა 7.4.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე) გამოტანაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საქმეზე დადგინდა და მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს „ც. მ. 2007-ის“ დავალიანება ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ შეადგენდა, მართვის საზღაურის გადაუხდელი ნაწილის სახით, 7336.54 ლარს და მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს „ვ. გ.ც-ის“ დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის სახით – 34092.24 (30275.61 + 3816.63) ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, წილის, მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მმართველი კომპანიის მიერ მართვის საზღაურის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში, მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხელო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და იგი აითვლებოდა დარღვევის დღიდან (ხელშეკრულების 7.4.1. პუნქტი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, გარდა 7.4.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მმართველ კომპანიას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვადის გადაცილების პერიოდის და პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან სამართლიანად უნდა ჩათვლილიყო მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, შპს „ც. მ. 2007-ს“ ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ საზღაურის გადახდის შეუსრულებლობის გამო უნდა დაკისრებოდა დარიცხული პირგასამტეხლო 7.33 თეთრის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) მართვის საზღაურის (7336.54 ლარის) საბოლოო გადახდამდე. ამასთან, დავალიანების გადაუხდელობის გამო, შპს „ც. მ. 2007-ს“ უნდა დაკისრებოდა დარიცხული პირგასამტეხლო 3.40 თეთრის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2010 წლის 5 მაისიდან) შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანების (34092.24 ლარის) საბოლოოდ გადახდამდე.
რამდენადაც პირველი ინსტანციით ქ.თბილისის მთავრობის სარჩელი განხილულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა და თავად მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მთავრობამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ, სარჩელის მეორე მოთხოვნა (რომელიც შეეხებოდა შპს „ც. მ. 2007-თვის“ ქ.თბილისის მთავრობის სასარგებლოდ, შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას) მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ყოველ გადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო 3000 ლარიდან 3.40 თეთრამდე შეამცირა. გადაწყვეტილების ეს ნაწილი დაუსაბუთებელია. მართალია, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ ასეთ დროს სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და მიუთითოს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისე მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იგი 0.001%-მდე შეამცირა, რომ არ დაასაბუთა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რატომ ჩათვალა 3000 ლარი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა დაუდო საფუძვლად პირგასამტეხლოს 0.001%-მდე შემცირებას;
შპს „ვ. გ. ც-ის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მხარეებს შორის 2009 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1.11 პუნქტის თანახმად, შპს „ც. მ. 2007“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში (2009 წლის 20 ივლისამდე) უზრუნველეყო მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს „ვ. გ.ც-ის“ დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის დაფარვა. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა 7.4.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მმართველ კომპანიას“ დაეკისრება პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით, ვალდებულების შესრულების დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. მითითებული ვალდებულება მოპასუხეს საერთოდ არ შეუსრულებია;
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 აგვისტოს გადახდის ბრძანებით, სასამართლომ გაიზიარა ქ.თბილისის მთავრობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, სრულად დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და შპს „ც. მ. 2007-ს“ ქ.თბილისის მთავრობის მიმართ დააკისრა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული ფულადი დავალიანება, კერძოდ: ა. მართვის საზღაურის გადაუხდელი ნაწილი – 7336.54 ლარი; ბ. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული საურავი – 776.52 ლარი; გ. მართვის უფლების გადასვლის დღისათვის შპს „ვ. გ. ც-ის“ დავალიანება (30275.61 ლარი) და მასზე დარიცხული საურავი (3816.63 ლარი), ჯამში 34092.24 ლარი; დ. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო – 867000 ლარი. დასახელებული გადახდის ბრძანება კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 16 ნოემბრიდან, რაზეც 2010 წლის 25 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.






ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.







თავმჯდომარე პ. ქათამაძე





მოსამართლეები: ვ. როინიშვილი





ბ. ალავიძე