Facebook Twitter
ბს-697-284(კ-05) 28 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 თებერვალს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა თ. კ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. დ-ის მიმართ და მისი ბინიდან გამოსახლება მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი 27 კვ. მ ბინა ¹98.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბინა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაეცა სამხედრო მოსამსახურე ი. ჯ-ს, რომელიც მსახურობდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. სამსახურებრივი გადაადგილების გამო, ი. ჯ-ს სამსახურებრივი ფართი გამოეყო კახაბრის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, თუმცა ქ. ბათუმში, ...... მდებარე ¹98 ბინას არ აბარებდა, ვინაიდან აღნიშნული საცხოვრებელი ფართი დაკავებული ჰქონდა მის ყოფილ მეუღლეს, გ. დ-ეს, რომელიც, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ათავისუფლებდა დაკავებულ ფართს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. დ-ე გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ..... მდებარე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკუთრებაში მყოფი ¹98 ბინიდან და აღნიშნული ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. დ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა სადავო ბინაში, რომელშიც შესახელებულ იქნა უფლებამოსილი პირის მიერ და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს პარლამენტის მიერ 1994წ. 22 სექტემბერს რატიფიცირებული “ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნა ქალთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
აპელანტის აზრით, სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ იგი იყო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი და იხდიდა ბინის ყველა გადასახადს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მარტის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ბინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკუთრებას წარმოადგენდა. მესაკუთრის უფლებები დაცული იყო საქართველოს კონსტიტუციით და სკ-ის 170-ე მუხლით, რომლის თანახმად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ფლობდეს თავის ქონებას და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამასთან, “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინების მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებით სარგებლობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდისათვის, ხოლო სამხედრო მოსამსახურეების სიას, რომლებსაც ეძლეოდათ ბინები, წარუდგენენ ორდერის გამოსაწერად შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. დ-ის ყოფილ მეუღლეს _ ი. ჯ-ს _ სადავო ბინა მიეცა დროებითი სარგებლობისათვის და ვინაიდან მან მიიღო სხვა სამსახურებრივი ბინა, სადავო ბინა, კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოსთვის უნდა ჩაებარებინა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მარტის განჩინება გ. დ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ...... სამხედრო ნაწილის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში, ...... მდებარე საცხოვრებელი 27 კვ.მ ¹98 ბინა, რომელიც სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაეცა გ. დ-ის ყოფილ მეუღლეს ი. ჯ-ს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დღემდე მუშაობს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში.
განქორწინების შემდეგ გ. დ-ე დარჩა სადავო ბინაში და არ სურდა მისი ნებაყოფლობით განთავისუფლება, იმ მიზეზით, რომ იქ ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვროდა და თავის საკუთრებად მიიჩნევდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენდა სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.
საკასაციო სასამართლო აქვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების პირველი თავის მე-2 პუნქტისა და მე-3 თავის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ი. ჯ-ს, რომელიც არ წარმოადგენს არც გენერალს და არც ადმირალს, ბინა გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულებით დროებითი სარგებლობისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის ყოფილ მეუღლეს ი. ჯ-ს სადავო ბინა გადაეცა დროებით სარგებლობისათვის და ვინაიდან მან მიიღო სხვა სამსახურებრივი ბინა, დაკარგა სადავო საცხოვრებელი ფართის ფლობის უფლება, რომელიც სასაზღვრო დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენს და მიეკუთვნება სამსახურებრივი დანიშნულების ფართს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები და სწორად განმარტა, რომ საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველო კანონიერად ითხოვს სადავო ბინიდან გ. დ-ის გამოსახლებას, ვინაიდან მას უფლება აქვს, ფლობდეს თავის ქონებას და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.