Facebook Twitter
საქმე №ას-1161-1106-2014 30 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
შემადგენლობა:

კონსტანტინე კუბლაშვილი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი

მიხეილ ჩინჩალაძე

ვასილ როინიშვილი

ლევან მურუსიძე

მაია ოშხარელი

ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი)

ნინო ბაქაქური

თეიმურაზ თოდრია


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ა-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – დ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


ბ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის მიმართ სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს ასესხა 50000 აშშ დოლარი, რომელიც გ.მ-ს არ დაუბრუნებია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის – 12500 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 159000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მეტად კაბალური პირობების შემცველი იყო, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო კი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 50000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 15900 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ბ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივნისის მთავარ სხდომას ესწრებოდა მოპასუხე ბ. ა-ის წარმომადგენელი დ. ა-ე. მოპასუხე 2014 წლის 16 ივნისის სხდომის თაობაზე ხელწერილით იქნა გაფრთხილებული.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 16 ივლისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2014 წლის 29 ივლისს. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2014 წლის 30 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. ა-ის წარმომადგენელმა დ. ა-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატის მსჯელობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი და არასწორია.
კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილს. პირველ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო აღნიშნულ ნორმას და მიუთითა, რომ 30-ე დღე არის 2014 წლის 16 ივლისი. ესე იგი, ვადის ათვლა დაწყებულია გადაწყვეტილების გამოცხადების მომდევნო დღიდან 2014 წლის 17 ივნისიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან 2014 წლის 16 ივლისი არის 30-ე დღე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 -ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრების 14-დღიან ვადას ითვლის იმავე დღიდან, რითაც ეწინააღმდეგება მე-60 მუხლის მეორე ნაწილს.
აპელანტმა მხარემ კანონი განმარტა ისე, როგორც ეს კანონში იყო მითითებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591- ე მუხლი ვადის დენის დაწყებისათვის განსაზღვრავს 30-ე დღეს და, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი მოითხოვს, რომ ვადის ათვლა უნდა მოხდეს თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, შესაბამისად, აპელანტმა მხარემ 14-დღიანი ვადის დენის დასაწყისად მიიჩნია 2014 წლის 17 ივლისი და ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე არის 2014 წლის 30 ივლისი, რა დროსაც წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული ცხადად ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


დიდმა პალატამ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 409-ე, 412-ე მუხლების მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას აქვს ადგილი.
დიდი პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო საჩივრის წარმდგენი მხარისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომის შესახებ, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილება და შესაბამისად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2014 წლის 16 ივლისიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2014 წლის 29 ივლისს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2014 წლის 30 ივლისს. აღნიშნულის სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 61.3 მუხლისა და 2591-ე მუხლის საფუძველზე.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. კერძო საჩივარი იმ დასაბუთებას ემყარება, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვითაა შეტანილი.
დიდი პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტი მხარისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე, ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან მიმართებით, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ვერ გაიზირებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დენის დაწყებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დენის ათვლა, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დაიწყო 2014 წლის 16 ივლისიდან ანუ 30-ე დღიდან, რაც ეწინააღმდეგება იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.
აპელანტმა მხარემ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისად სწორად მიიჩნია 2014 წლის 17 ივლისი და ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე არის 2014 წლის 30 ივლისი, როცა წარდგენილ იქნა კიდეც სააპელაციო საჩივარი, რაც დასტურდება საქმის მასალებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დიდი პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი როგორც სპეციალური ნორმა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლი კი არის ზოგადი ნორმა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც იმავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს.
დიდი პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ამავე კოდექსის მე-60 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი აწესრიგებს ამავე კოდექსის სხადასხვა ინსტიტუტებით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დენის დასაწყისის მომენტს და, შესაბამისად, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადებზეც.
დიდი პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც მიუთითებს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით.
შესაბამისად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).
დიდი პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


დიდმა პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ბ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი



მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი


მიხეილ ჩინჩალაძე



ვასილ როინიშვილი



ლევან მურუსიძე



მაია ოშხარელი



ზურაბ ძლიერიშვილი



ნინო ბაქაქური



თეიმურაზ თოდრია