საქმე №ას-1276-1216-2014 18 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. კ. კ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით მოცდენილი დროის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ. კ. კ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 06 თებერვლის შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორის N...... ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. სარჩელი ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2014 წლის 01 იანვარს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ლ. კ-ე დაინიშნა შპს „ქ. კ. კ-აში“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის თანამდებობაზე. 2014 წლის 22 იანვარს სასადილოს ეზოში შემოწმდა უფროსი მზარეული - მ. ა-ე, რომელსაც სამხედრო ობიექტიდან გაჰქონდა შემდეგი პროდუქტები: კარტოფილი -1,976კგ.; ძეხვი - 356კგ.; ფარში - 0,848კგ.; კვერცხი - 6ც.; საქონლის ხორცი - 1,236კგ.. 2014 წლის 06 თებერვალს ლ. კ-ეს ჩაბარდა შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორის N...... ბრძანება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც ლ. კ-ის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტი და შრომის შინაგანაწესის 8.2.2.-ის „ვ“ ქვეპუნქტი. წარმოდგენილი სარჩელით ლ. კ-ემ სადავო გახადა მისი სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება და განმარტა, რომ მ. ა-ემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესი, რისთვისაც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, თუმცა გაუმართლებლად მიიჩნია ამ ფაქტის გამო ლ. კ-ის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მოსარჩელეს ორჯერ გამოეცხადა გაფრთხილება (ზეპირი ფორმით). თავდაპირველად, 2013 წლის 30 აგვისტოს, ხოლო მოგვიანებით, 2013 წლის 25 სექტემბერს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე, როგორც ობიექტის მენეჯერი ვალდებული იყო ეკონტროლებინა პერსონალი და მათ მიერ ჩადენილ დარღვევებზეც პირადად ყოფილიყო პასუხისმგებელი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ქ. კ. კ-ის” 2014 წლის 6 თებერვლის №...... ბრძანება ლ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ლ. კ-ე აღდგენილ იქნა შპს ,,ქ. კ. კ-ის” ქ. ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის (ან ტოლფას) თანამდებობაზე. შპს ,,ქ. კ. კ-ას” დაეკისრა ლ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის პირველი მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ქ. კ. კ-ამ“, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ქ. კ. კ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ლ. კ-ე, გათავისუფლებამდე რამდენიმე წლის მანძილზე, მუშაობდა შპს ,,ქ. კ. კ-აში”, ბათუმის კაპანდიბის ობიექტის (ქვეითი ბრიგადის სასადილო) მენეჯერის თანამდებობაზე.
2014 წლის 01 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით, 2012 წლის 16 ივლისის თანამდებობრივი ინსტრუქციით (ს.ფ.43-45) და შპს ,,ქ. კ. კ-ის” დირექტორის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესით (ს.ფ.144-155) ლ. კ-ის, როგორც მენეჯერის, ვალდებულებას წარმოადგენდა შრომის შინაგანაწესის დაცვა, რომლის დარღვევისათვის მას დაეკისრებოდა შინაგანაწესითვე დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობა.
შპს ,,ქ. კ. კ-ის” დირექტორის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მიხედვით ლ. კ-ე ვალდებული იყო კეთილსინდისიერად, სათანადოდ, დროულად, გულისყურით და კვალიფიციურად შეესრულებინა თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებით, კომპანიის შიდა ბრძანებებით, ინსტრუქციებით და რეგულაციებით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი (შინაგანაწესის 4.2.1 პუნქტი).
2012 წლის 16 ივლისის თანამდებობრივი ინსტრუქციის (ს.ფ.43-45) მიხედვით ლ. კ-ეს (მენეჯერს) ექვემდებარებოდნენ ბათუმის კაბანდიბის ობიექტის სხვადასხვა თანამდებობის პირები, მათ შორის, უფროსი მზარეული. მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობა იყო: ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური კონტროლი; პერსონალის ორგანიზაციული მართვა; შინაგანაწესის, სტანდარტებისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა. პერსონალის ორგანიზაციულ მართვაში იგულისხმებოდა: ობიექტებზე არსებული სასადილოების ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; დღის მანძილზე პერსონალის მიერ მოვალეობათა შესრულების ხარისხის კონტროლი.
შპს ,,ქ. კ. კ-ის” სადისციპლინო კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს (ს.ფ.47-57) და 2013 წლის 27 სექტემბრის (ს.ფ.61-81) ოქმებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
- 2013 წლის 30 აგვისტოს ლ. კ-ეს გამოეცხადა შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება), სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (საწყობში, ბურღულეულის ტომრებზე, ვადიანობის სტიკერები მიმაგრებული იყო სტეპლერის ტყვიებით, რაც უქმნიდა საფრთხეს პროდუქტის უვნებლობას; საწყობში აღმოჩნდა 30.6 კგ მანის ბურღული, რომელსაც ვადა გასდიოდა მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმების დღეს და სხვ.).
- 2013 წლის 27 სექტემბერს ლ. კ-ეს ისევ გამოეცხადა შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება), სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის (გარეცხილ ჩანგლებს და კოვზებს არ ქონდა გადაფარებული მარლა; დღის ნაშთის მიხედვით, დაფიქსირდა 0.5კგ. სოსისის, 0.5კგ. კიტრისა და 3.75კგ. ბადრიჯნის დანაკლისი).
ლ. კ-ის კუთვნილი, სს ,,თ. ბ-ში” არსებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით (ს.ფ.105-106) და შპს ,,ქ. კ. კ-ის” ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივნისის №02/1006 ცნობით (ს.ფ.157) მტკიცდება, რომ: 2014 წლის 3 იანვარს ლ. კ-ეს, ისევე როგორც კომპანიის 1196 თანამშრომელს, მიეცა სადღესასწაულო პრემია 900 ლარის ოდენობით. ამგვარი პრემიის გაცემას ითვალისწინებს შინაგანაწესის 10.2 პუნქტიც.
შპს ,,ქ. კ. კ-ის” კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 22 იანვრის №549 აქტით (ს.ფ.19), მ. ა-სა და ლ. კ-ის 2014 წლის 22 იანვრის ახსნა-განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ 2014 წლის 22 იანვარს, კაპანდიბის სასადილოს ეზოში განხორციელებული შემოწმების შედეგად უფროს მზარეულს - მ. ა-ეს ობიექტიდან გაქონდა შემდეგი პროდუქტები: 1.976კგ. კარტოფილი, 0.356კგ. ძეხვი, 0.848კგ. ფარში, 6ც. კვერცხი, 1.236კგ. საქონლის ხორცი. დადგენილია, რომ მ. ა-ემ და ლ. კ-ემ აღიარეს მომხდარი ფაქტი, გააცნობიერეს მისი სიმძიმე, საკუთარი პასუხისმგებლობა და ითხოვეს პატიება.
შპს ,,ქ. კ. კ-ის” 2014 წლის 6 თებერვლის №...... ბრძანებით
ა) მ. ა-ე, 2014 წლის 7 თებერვლიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ” პუნქტისა და შინაგანაწესის თავი-8, მუხლი 8.2. პუნქტი 8.2.2.-ის ,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) ლ. კ-ე, 2014 წლის 1 მარტიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ” პუნქტისა და შინაგანაწესის თავი-8, მუხლი 8.2. პუნქტი 8.2.2.-ის ,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
2014 წლის 01 იანვრით დათარიღებული გაფრთხილებით 2014 წლის 1 იანვარს ლ. კ-ემ წერილობით გააფრთხილა შპს ,,ქ. კ. კ-ის” კაპანდიბის სამხედრო ნაწილის სასადილოს თანამშრომლები (მათ შორის - მ. ა-ეც) სასადილოდან კვების პროდუქტებისა და მზა საჭმლის ნარჩენების გატანის აკრძალვის, აგრეთვე - ამ ქმედებისათვის მოსალოდნელი უმკაცრესი პასუხისმგებლობის შესახებ; გაფრთხილების მიღება დადასტურდა თანამშრომელთა ხელმოწერებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვნელა საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2014 წლის 01 მარტს მოდავე მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა უნდა შეწყვეტილიყო ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. სადავო ბრძანებაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ ყოფილა ის გარემოება, რომ 2014 წლის 01 იანვარს მოდავე მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება შეესაბამებოდა მხარეთა თავისუფალ ნებას. ლ. კ-ემ ნებაყოფლობით იკისრა ვალდებულება - დაეცვა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული შრომის შინაგანაწესი, რომელიც, თავის მხრივ, ავალდებულებდა მას - კეთილსინდისიერად, სათანადოდ, დროულად, გულისყურით და კვალიფიციურად შეესრულებინა თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებით, კომპანიის შიდა ბრძანებებით, ინსტრუქციებით და რეგულაციებით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი.
საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ მ. ა-ე თანამდებობრივად ექვემდებარებოდა ლ. კ-ეს; მოსარჩელე იყო ვალდებული - უზრუნველეყო სასადილოს გამართულად მუშაობა და ყოველდღიური კონტროლი, პერსონალის ორგანიზაციული მართვა (ობიექტებზე არსებული სასადილოების ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; დღის მანძილზე პერსონალის მიერ მოვალეობათა შესრულების ხარისხის კონტროლი).მიუხედავად ამისა, ლ. კ-ემ, როგორც მენეჯერმა, ვერ განახორციელა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის მიერ შრომის შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი აქტების ნორმათა უხეში დარღვევის პრევენცია; თანამშრომელთა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება არ აღმოჩნდა საკმარისი და არც გამორიცხავდა მენეჯერის პასუხისმგებლობას, გაფრთხილებაში ასახული ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
ლ. კ-ის დარღვევის ხარისხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2013 წლის აგვისტო-სექტემბერში მას ორჯერ ქონდა დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის. ასევე გაითვალისწინა იმ ობიექტის არსი და დანიშნულება, სადაც საქმიანობდა მოსარჩელე: სასადილო უზრუნველყოფდა სამხედრო ნაწილის მოსამსახურეთა კვებას. სახელმწიფოსათვის, ზოგადად, შეიარაღებული ძალების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ნებისმიერ ორგანიზაცია-დაწესებულებაში, რომელიც, რაიმე ფორმით (მოცემულ შემთხვევაში - სამხედრო მოსამსახურეთა კვებით), უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილის ნორმალურ არსებობას, მომსახურების მენეჯმენტი იყოს გამართული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს მომსახურების მიწოდებისას მცირე სახის დარღვევის არსებობასაც კი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ხოლო მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და მ. ა-ის ქმედებაში არათუ დისციპლინური გადაცდომის, არამედ - დანაშაულის მცდელობის ნიშნებზეც მიუთითა. ასეთ ვითარებაში კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ქმედების პრევენციის განუხორციელებლობა ლ. კ-ის, როგორც მენეჯერის, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით (შრომის შინაგანაწესით) დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად შეფასდა.
შპს ,,ქ. კ. კ-ის” დირექტორის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 8.2.1 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობის არასათანადოდ შესრულება; ხოლო 8.2.2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის და 8.2.4 პუნქტის თანახმად ზემოთ აღნიშნული გადაცდომისათვის კომპანიის ადმინისტრაციას უფლება ქონდა - სამუშაოდან დაეთხოვა გადაცდომის ჩამდენი დასაქმებული, გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ლ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შრომის შინაგანაწესი არ იყო შრომითი ხელშეკრულების ნაწილი და 2013 წლის 30 ოქტომბრის შინაგანაწესის ტექსტების შინაარსის ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ შინაგანაწესი წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომელსაც დადგენილი წესით იცნობდა ლ. კ-ე და მართლზომიერად მიიჩნია შინაგანაწესით გათვალისწინებული მოვალეობის დარღვევის გამო, ლ. კ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 06 თებერვლის შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორის N...... ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი და საქმის მასალებით დასტურდება დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2014 წლის 01 იანვარს ერთი მხრივ, შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორ გ.რ-ას, როგორც „დამსაქმებელსა“ და მეორე მხრივ, ლ. კ-ეს, როგორც „დასაქმებულს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ. კ-ე დაინიშნა შპს „ქ. კ. კ-აში“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა დასაქმებულის პასუხისმგებლობა შრომის კანონმდებლობის დარღვევის, დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებებისა (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი) და შრომის შინაგანაწესის დარღვევისათვის. შპს ,,ქ. კ. კ-ის” დირექტორის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მიხედვით ლ. კ-ე ვალდებული იყო კეთილსინდისიერად, სათანადოდ, დროულად, გულისყურით და კვალიფიციურად შეესრულებინა თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებით, კომპანიის შიდა ბრძანებებით, ინსტრუქციებით და რეგულაციებით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობანი (შინაგანაწესის 4.2.1 პუნქტი).
2012 წლის 16 ივლისის თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით ლ. კ-ეს (მენეჯერს) ექვემდებარებოდნენ ბათუმის კაპანდიბის ობიექტის სხვადასხვა თანამდებობის პირები, მათ შორის, უფროსი მზარეული. მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობა იყო: ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური კონტროლი; პერსონალის ორგანიზაციული მართვა; შინაგანაწესის, სტანდარტებისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა. პერსონალის ორგანიზაციულ მართვაში იგულისხმებოდა: ობიექტებზე არსებული სასადილოების ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; დღის მანძილზე პერსონალის მიერ მოვალეობათა შესრულების ხარისხის კონტროლი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 01 იანვარს ლ. კ-ემ წერილობით გააფრთხილა შპს ,,ქ. კ. კ-ის” კაპანდიბის სამხედრო ნაწილის სასადილოს თანამშრომლები (მათ შორის, მ. ა-ე) სასადილოდან კვების პროდუქტებისა და მზა საჭმლის ნარჩენების გატანის აკრძალვის, აგრეთვე, ამ ქმედებისათვის მოსალოდნელი უმკაცრესი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების მიღება დადასტურებულია თანამშრომელთა ხელმოწერებით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 22 იანვარს კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მონიტორინგი კაპანდიბის სამხედრო ნაწილის სასადილოში რა დროსაც დაფიქსირდა, რომ 20:40სთ.-ზე სასადილოს ეზოში უფროს მზარეულ მ. ა-ეს სამხედრო ობიექტიდან გაჰქონდა ცელოფანში გახვეული შემდეგი პროდუქტი: კარტოფილი -1,976კგ.; ძეხვი - 356კგ.; ფარში - 0,848კგ.; კვერცხი - 6ც.; საქონლის ხორცი - 1,236კგ..
2014 წლის 06 თებერვლის შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორის N...... ბრძანებით კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნ.ს-ის მოხსენებითი-ბარათის (22.01.2014წ.) საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შპს „ქ. კ. კ-ის“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლ. კ-ე 2014 წლის 01 მარტიდან. გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და შრომის შინაგანაწესის 8.2.2.-ის „ვ“ ქვეპუნქტი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ლ. კ-ემ სადავოდ გახადა შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორის 2014 წლის 06 თებერვლის N...... ბრძანების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად იქნა გამოყენებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში.
დადგენილია, რომ ლ. კ-ის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად სადავო ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლ. კ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულების დარღვევად მიჩნეულია 2014 წლის 22 იანვარს კაბანდიბის სამხედრო ნაწილის სასადილოში 20:40სთ.-ზე სასადილოს ეზოში უფროსი მზარეული - მ. ა-ის მიერ სამხედრო ობიექტიდან ცელოფანში გახვეული 1,976კგ. კარტოფილის, 356კგ. ძეხვის, 0,848კგ. ფარშის, 6ც. კვერცხისა და 1,236კგ. საქონლის ხორცის გატანის ფაქტი, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, შრომის შინაგანაწესით ლ. კ-ისათვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად ვერ შეფასდება. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ლ. კ-ის მხრიდან მკაცრად იყვნენ თანამშრომლები გართხილებული სასადილოდან კვების პროდუქტებისა და მზა საჭმლის ნარჩენების გატანის აკრძალვის თაობაზე, რაც მათი მხრიდან ხელმოწერებითაა დადასტურებული. შესაბამისად, ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან დასახელებული პროდუქტების გატანისათვის ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოყენება, საკასაციო პალატას დაუშვებლად მიაჩნია და განმარტავს, რომ თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად შედის კომპანიასთან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში და კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზეც ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი.
ხოლო ის გარემოება, რომ ლ. კ-ე აღჭურვილი იყო მენეჯერის უფლებამოსილებით, რაც მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფასა და ყოველდღიური კონტროლის, პერსონალის ორგანიზაციულ მართვასა და სხვა ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფას აკისრებდა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს საფუძველს, დასაქმებულის მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში, სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ ყოფილიყო გამოყენებული. მით უფრო, რომ შპს „ქ. კ. კ-ის“ 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე–8 მუხლი ითვალისწინებდა სხვა სახის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც როგორიცაა, „შენიშვნა“/„სიტყვიერი გაფრთხილება“; „წერილობითი გაფრთხილება“; „საყვედურის გამოცხადება“; „სასტიკი საყვედურის გამოცხადება“; „თანამდებობიდან დაქვეითება“ და სხვ. მართალია აღნიშნული შინაგანაწესის მიხედვით კომპანია შეუზღუდავი იყო არათანმიმდევრული პრინციპით გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და თვითონ გადაეწყვიტა რა ვითარებაში, რომელ კონკრეტულ ზომას მიმართავდა, თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, კომპანიის ხელმძღვანელი შეუზღუდავი არ არის და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 30-ე მუხ.), ხოლო დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით, რაც დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობაში ვლინდება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლშიც ეს აზრია გატარებული და სამოქალაქო უფლების განხორციელების მართლზომიერებაში ვლინდება. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სანქციის სახით პირდაპირ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება დასაქმებულის შრომის უფლებას. რის გამოც სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (სშკ-ის 1.2 მუხლი, სკ-ის 54-ე მუხლი).
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
დადგენილია, რომ ლ. კ-ესთან გაფორმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (2014წ-ის 30 ივნისამდე) და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მისი ვადის ამოწურვამდე - 2014წ.-ის 01 მარტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (სშკ-ის 32.1. მუხ.) წარმოადგენს სამსახურში აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგს, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ გვაქვს სახეზე, ამიტომ ამ ნაწილშიც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად სამართლიანი იქნება მოპასუხე კომპანიას დაეკისროს ლ. კ-ის სასარგებლოდ ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიაში ლ. კ-ის ყოველთვიური ანაზღაურება გათავისუფლებამდე შეადგენდა თვეში 900 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ქ. კ. კ-ას“ ლ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დეკისროს სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, 420 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს შპს „ქ. კ. კ-ის“ დირექტორის 2014 წლის 06 თებერვლის N...... ბრძანება ლ. კ-ის შპს „ქ. კ. კ-ის“ ბათუმის კაპანდიბის ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
5. შპს „ქ. კ. კ-ას“ დაეკისროს ლ. კ-ის სასარგებლოდ ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით;
6. შპს „ქ. კ. კ-ას“ დაეკისროს ლ. კ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 420 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე