გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-85-65-კ-05 6 ივნისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ჩანაწერის შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ინ ა წ ი ლ ი :
2004წ. 5 თებერვალს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ჯ. ჯ.-მ და ნ. ჯ.-მა მოპასუხეების _ თ. ა.-ის, ბ. ქ.-ის, წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (ამჟამად წყალტუბოს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო), წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური), წყალტუბოს ნოტარიუსების _ ი. ქ.-ისა და ნ. ლ.-ის, მესამე პირის _ სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
1. ¹... ...-სა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის მიერ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა;
2. 2002წ. 31 დეკემბერს წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლ.-ის მიერ დამოწმებული, თ. ა.-სა და ბ. ქ.-ს შორის დადებული ¹... ...-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
3. 2003წ. 8 იანვარს წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ.-ის მიერ დამოწმებული, სს «... ბანკსა» და ბ. ქ.-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
4. საჯარო რეესტრის სამსახურისათვის ჩანაწერის შეტანის დავალება იმის შესახებ, რომ თ. ა.-ი, ჯ. ჯ.- და ნ. ჯ.-ი იყვნენ შპს «ლ.-ს» კუთვნილი ქონების, მათ შორის, ¹... ...-ისა და მისი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები და მათი წილი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: თ. ა.-ის _ 50%, ჯ. ჯ.-ს _ 50%, ნ. ჯ.-ის _ 20%.
მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
1995წ. 10 ოქტომბერს მოსარჩელე ჯ. ჯ.-მ და თ. ა.-მა შექმნეს ამხანაგობა წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹... ...-ის შესყიდვის მიზნით. ობიექტის მთლიანი ღირებულება აუდიტის შეფასებით შეადგენდა 1621 აშშ დოლარს. ამხანაგობის თითოეული წევრი მისი შენატანების შესაბამისად ითვლებოდა ობიექტის თანამესაკუთრედ. თ. ა.-ის წილი შეადგენდა 50%-ს, შესაბამისად‚ ჯ. ჯ.-ს წილი _ 50%-ს. ამხანაგობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა თ. ა.-ი. დამფუძნებელი ხელშეკრულება 1995წ. 23 ოქტომბერს დამოწმდა სანოტარო წესით წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ.-ის მიერ. 1995წ. 10 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტი გაიყიდა კონკურსის წესით, რომლის საფუძველზეც წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსსა და თ. ა.-ს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹103. აღნიშნული ხელშეკრულება 1995წ. 23 ოქტომბერს სანოტარო წესით დაამოწმა წყალტუბოს ნოტარიუსმა ი. ქ.-ემ. საპრივატიზაციო ქონება 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მყიდველს _ ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ა.-ს. 1996წ. 30 იანვარს დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით კურორტვაჭრობის ¹... ...-ის ბაზაზე დაფუძნდა შპს «ლ.-», რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ჯ. ჯ.-, მისი მეუღლე ნ. ჯ.-ი, თ. ა.-ი და მისი მეუღლე დ. ბ.-ე. საზოგადოების საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 2560 აშშ დოლარი. დამფუძნებელ პარტნიორებს შორის წილები განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა.-ი _ 30%, ჯ. ჯ.- _ 30%, დ. ბ.-ე _ 20%, ნ. ჯ.-ი _ 20%. საზოგადოების წარმომადგენლობის ერთპიროვნული უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორს _ თ. ა.-ს. შპს «ლ.-» კანონის შესაბამისად _ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 16 მაისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში. 2001 წელს საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის _ დ. ბ.-ის გარდაცვალების გამო თ. ა.-მა მემკვიდრეობით მიიღო თავისი გარდაცვლილი მეუღლის წილი და მოსარჩელეთა თანხმობის საფუძველზე, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის დადგენილებით‚ სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია: შპს «ლ.-ს» საწესდებო კაპიტალი პარტნიორებს შორის განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა.-ი _ 50%, ჯ. ჯ.- _ 30%, ნ. ჯ.-ი _ 20%.
მოსარჩელის მითითებით, 2003 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ა.-მა მისგან დამოუკიდებლად გაასხვისა შპს «ლ.-ს» ქონება და გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მოპასუხე ბ. ქ.-ზე. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა როგორც წყალტუბოს ნოტარიუსს, ასევე საჯარო რეესტრის სამსახურს, თუმცა მათგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. რეესტრის სამსახურში არსებული დოკუმენტებიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2003წ. 8 იანვარს ნოტარიუსმა ი. ქ.-ემ სანოტარო წესით დაამოწმა შპს «ლ.-ს» ქონების მყიდველ ბ. ქ.-სა და სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალს შორის დადებული ხელშეკრულება, ბანკიდან გამოტანილი სესხის უზრუნველსაყოფად ბ. ქ.-ის საკუთრებაში რიცხული ქონების _ ...-ის შენობისა და მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ.-სა და ნ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს მიერ საჯარო რეესტრში შესრულებული ჩანაწერი ¹.. ...-ესა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში ჩანაწერის შეტანა, რომ თ. ა.-ი, ჯ. ჯ.- და ნ. ჯ.-ი წარმოადგენდნენ შპს «ლ.-ს» კუთვნილი ქონების, მათ შორის, ¹... ...-ისა და მისი განუყოფელი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს და მათ შორის წილები უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად: თ. ა.-ი _ 50%, ჯ. ჯ.- _ 30%, ნ. ჯ.-ი _ 20%; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლ.-ის მიერ 2002წ. 31 დეკემბერს დამოწმებული ¹... ...-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თ. ა.-სა და ბ. ქ.-ს შორის, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ.-ის მიერ 2003წ. 8 იანვარს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალსა და ბ. ქ.-ს შორის.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში არსებული, 1995წ. 10 ოქტომბრის დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹... ...-ის კოლექტივის წევრებმა, თ. ა.-მა და ჯ. ჯ.-მ ობიექტის შესყიდვის მიზნით დააფუძნეს ამხანაგობა. ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 1621 აშშ დოლარით. მოპასუხე თ. ა.-ის წილმა შეადგინა 50%, ხოლო ჯ. ჯ.-ს წილმა _ 50%. ამხანაგობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა თ. ა.-ი. 1995წ. 10 ოქტომბერს საპრივატიზებო ქონება გაიყიდა კონკურსის წესით, რომლის შედეგად სახელმწიფო მართვის სამინისტროს წყალტუბოს განყოფილების უფროსსა და თ. ა.-ს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹103. პრივატიზებული ქონება მყიდველს _ ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ა.-ს გადაეცა 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და სადაც თ. ა.-ი მოქმედებდა ამხანაგობის სახელით, რომლის უფლებამოსილება ამ უკანასკნელს მინიჭებული ჰქონდა ¹... ...-ის კოლექტივის მიერ შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მიერ 1998წ. 9 იანვარს თ. ა.-ზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹53/157-კ, რომლის თანახმად კურორტვაჭრობის ¹... ...-ე საკუთრებაში გადაეცა თ. ა.-ს. მითითებული საკუთრების მოწმობის გაცემამდე, 1996წ. 30 იანვარს შპს «ლ.-ს» პარტნიორთა კრების ¹1 ოქმის თანახმად, ¹... ...-ის ბაზაზე შეიქმნა შპს «ლ.-» და მიღებულ იქნა მისი წესდება. საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 2500 აშშ დოლარი. პარტნიორები იყვნენ: თ. ა.-ი, ჯ. ჯ.-, ნ. ჯ.-ი და დ. ბ.-ე. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა თ. ა.-ი. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 16 მაისის დადგენილებით დაფუძნდა შპს «ლ.-», განისაზღვრა მისი საქმიანობის საგანი და საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჩადებული 2500 აშშ დოლარი საზოგადოების პარტნიორთა შორის განაწილდა განცხადებაში მითითებული წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად: თ. ა.-ი _ 30%, ჯ. ჯ.- _ 30%, ნ. ჯ.-ი _ 20%, დ. ბ.-ე _ 20%. აღნიშნულ დადგენილებაში წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 დეკემბრის დადგენილებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეტანილ იქნა ცვლილებები და შპს «ლ.-ს» პარტნიორთა შორის საწესდებო კაპიტალში წილები საბოლოოდ განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა.-ის წილი განისაზღვრა 50%-ით, შესაბამისად, ჯ. ჯ.-ს დარჩა 30%, ხოლო ნ. ჯ.-ს _ 20%.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, თ. ა.-მა, რომელიც წარმოადგენდა შპს «ლ.-ს» დირექტორს, ისარგებლა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, წყალტუბოს ტექაღრიცხვისა და საჯარო რეესტრის სამსახურების შეცდომაში შეყვანის მიზნით მათ არ წარუდგინა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 16 მაისის შპს «ლ.-ს» დაფუძნებისა და 2002წ. 27 დეკემბრის შპს «ლ.-ს» წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ დადგენილებები, დაეყრდნო მხოლოდ წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 9 იანვარს მასზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, წყალტუბოს ნოტარიუსის ი. ქ.-ის მიერ 1995წ. 10 ოქტომბერს დამოწმებულ სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას და 2002წ. 30 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს ¹... ...-ის ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ. თავის მხრივ, საჯარო რეესტრის სამსახურმა ისე, რომ არ გადაამოწმა განცხადებაში მითითებული გარემოებები, არ გამოითხოვა ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, თ. ა.-ის საკუთრებად გააფორმა შპს «ლ.-ს» კუთვნილი ქონება, რითაც დაირღვა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 44-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ასეთ შემთხვევაში აღნიშნული კანონის შესაბამისად, საზოგადოების არ ჰქონდა პარტნიორის წილის გასხვისების უფლება, მით უფრო, პარტნიორის წილის გასხვისების უფლება არ ჰქონდა სხვა პარტნიორს, მიუხედავად მის საკუთრებაში არსებული წილის ოდენობისა.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ «მეწარმეთა შესახებ» კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე, რაც არასწორი იყო, რადგან კანონის აღნიშნული ნორმა განსაზღვრავდა მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს, რაც განასხვავებდა მას სხვა მეწარმე სუბიექტებისაგან. იგი არ განსაზღვრავდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და მიღების წესებს, მათი ბათილობის საფუძვლებს, სანოტარო აქტების მომზადებისა და ხელშეკრულებების დამოწმების წესებს, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისა და მისი სხვა პირებზე გადასვლის, საჯარო რეესტრის მიერ ჩანაწერების განხორციელებისა და საკუთრების უფლების აღიარების წესებს. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 183-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით, გამსხვისებელი ითვლებოდა მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბ. ქ.-მა ¹... ...-ის შენობა შეიძინა თ. ა.-ისგან, რომელიც რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში ამ ქონების მესაკუთრედ. აღნიშნულის თაობაზე მან წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის შემდეგ ბ. ქ.-მა სკ-ის 289-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დადო იპოთეკის ხელშეკრულება სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალთან. ნოტარიუსების _ ნ. ლ.-ისა და ი. ქ.-ის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტები შესრულებული იყო «ნოტარიატის შესახებ» კანონისა და «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» იუსტიციის მინისტრის 2002წ. 30 ოქტომბრის ¹753 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ბ. ქ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტის განმარტებით, 1998 წელს იგი სიტყვიერად გაურიგდა თ. ა.-სა და თ. ა.-ის მეუღლე დ. ბ.-ეს მათ საკუთრებაში არსებული ყოფილი კურორტვაჭრობის ¹... ...-ის გადაცემის თაობაზე. აპელანტისათვის ცნობილი იყო, რომ თ. ა.-სა და დ. ბ.-ეს ამ ...-ეში მოდავე ან მოწილე არავინ ჰყავდათ. 1998წ. თებერვლის თვიდან იგი შეუდგა თითქმის დანგრეული შენობის სარდაფისა და პირველი სართულის კაპიტალურ შეკეთებას. 2002წ. 31 დეკემბერს ბ. ქ.-მა და თ. ა.-მა სათანადო დოკუმენტები წარადგინეს წყალტუბოს საჯარო რეესტრის სამსახურში და გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რის შემდეგაც აპელანტი გახდა სადავო შენობისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. 2003წ. 8 იანვარს აპელანტმა სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალიდან გამოიტანა სესხი და ზემოაღნიშნული ...-ე და მიწის ნაკვეთი სხვა ქონებასთან ერთად დატვირთა იპოთეკით. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი აგებული იყო თ. ა.-სა და ჯ. ჯ.-ს შორის დადებულ დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე. სასამართლო საქმის განხილვის დროს არ დაინტერესებულა, გაერკვია, სამართლებრივად რამდენად სწორ დოკუმენტს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული დამფუძნებელი ხელშეკრულება, არასწორი შეფასება მისცა კურორტვაჭრობის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის შექმნის და დაფუძნების წესს კანონთან შესაბამისობაში, არ გამოარკვია, ჰქონდა თუ არა თ. ა.-ს, როგორც შრომითი კოლექტივის წევრს, კონკურსში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, არასწორი შეფასება მიეცა და არ დადგინდა ის გარემოება, რამდენად კანონიერად იქნა დარეგისტრირებული სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში შპს «ლ.-», რა ქონება იქნა ჩადებული საწესდებო კაპიტალში, იყო თუ არა პარტნიორთა მიერ წილობრივი შენატანის დამადასტურებელი საბანკო ჩეკები, ჰქონდა თუ არა თ. ა.-ს უფლება, შპს «ლ.-ს» საწესდებო კაპიტალში ჩაედო ჯერ კიდევ მის საკუთრებაში არსებული ¹... ...-ის შენობა. არც 1996წ. 16 მაისის სასამართლოს დადგენილებაში (საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე) და არც საწარმოს წესდებაში არ იყო აღნიშვნა იმის თაობაზე, რომ თ. ა.-მა მის საკუთრებაში არარსებული ¹... ...-ე ჩადო შპს «ლ.-ს» საწესდებო კაპიტალში, რომელიც 2500 აშშ დოლარს შეადგენდა. აპელანტი მიუთითებდა იმასაც, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მასზე, როგორც კეთილსინდისიერ მყიდველზე, რის გამოც სრულიად უუფლებოდ დატოვა მის მიერ შეძენილ ქონებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა აგრეთვე თ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ 1995წ. 10 ოქტომბერს მან ერთპიროვნულად შეისყიდა ¹... ...-ე, რისთვისაც 1995წ. 18 სექტემბერს გადაიხადა ობიექტის საწყისი ფასი _ 1621 აშშ დოლარის შესაბამისი კუპონი. 1995წ. ¹103 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით მან მოიპოვა ამ ობიექტზე საკუთრების უფლება. 1998წ. 9 იანვრის საკუთრების მოწმობით სადავო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენდა მხოლოდ თ. ა.-ი. გარდა ამისა, აპელანტი მიუთითებდა, რომ შპს «ლ.-ს» საწესდებო კაპიტალში აღნიშნული არ ყოფილა სადავო ...-ე, რადგან მასზე საკუთრების მოწმობა გაიცა 1998 წელს, ხოლო რეგისტრაციაში გატარდა 2002 წელს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ც. ზურაბიანი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალის, ბ. ქ.-ისა და თ. ა.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 იანვრის გადაწყვეტილება, ჯ. ჯ.-სა და ნ. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995წ. 10 ოქტომბერს წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოსა და თ. ა.-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ¹103, რომლითაც თ. ა.-მა ქონების მართვის სამმართველოსაგან შეისყიდა კურორტვაჭრობის ¹... ...-ე 1621 აშშ დოლარად; ამავე 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით ¹... ...-ე ჩაიბარა თ. ა.-მა; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 1998წ. იანვარში თ. ა.-ის სახელზე გაიცა ¹... ...-ეზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; 2002წ. 30 დეკემბერს ¹... ...-ე თ. ა.-ის სახელზე გატარდა საჯარო რეესტრში; ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ¹... ...-ე წარმოადგენდა თ. ა.-ის საკუთრებას. მართალია, მოსარჩელეთა მითითებით, 1995წ. 10 ოქტომბრის დამფუძნებელი ხელშეკრულებით, ამხანაგობა შეიქმნა ¹... ...-ის შესყიდვის მიზნით, მაგრამ შემდეგში ¹... ...-ე შესყიდულ იქნა თ. ა.-ის მიერ, მასთან გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა და რეგისტრაციაში გატარდა თ. ა.-ის სახელზე. 1995წ. 10 ოქტომბერს წყალტუბოს ქონების მართვის განყოფილების საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ¹... ...-ის შესაძენად შევიდა მხოლოდ ერთი _ თ. ა.-ის განცხადება და მანვე შეისყიდა ეს ობიექტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიუთითებდნენ შპს «ლ.-ს» დაფუძნებაზე, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 16 მაისის დადგენილებით. მართალია, ამ დადგენილების თანახმად, შპს «ლ.-ს» დამფუძნებლები იყვნენ თ. ა.-ი, ჯ. ჯ.-, დ. ბ.-ე და ნ. ჯ.-ი, მაგრამ შპს «ლ.-» რეგისტრაციაში გატარდა 1996წ. 16 მაისს, ე.ი. თ. ა.-ის მიერ ობიექტის პრივატიზაციის შემდეგ. ამასთან, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი იყო 2560 აშშ დოლარის ეკვივალენტი და არა ¹... ...-ის შენობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ¹... ...-ე წარმოადგენდა თ. ა.-ის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა. ვინაიდან ¹... ...-ე წარმოადგენდა თ. ა.-ის საკუთრებას, ამდენად, სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მას სრული უფლება ჰქონდა, განეკარგა აღნიშნული საკუთრება შეხედულებისამებრ. სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ 2002წ. 31 დეკემბერს თ. ა.-მა ბ. ქ.-ს მიჰყიდა ¹... ...-ე, რაც დამოწმდა სანოტარო წესით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლებოდა გამოყენებულიყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იპოთეკა წარმოიშობოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ...-ე ბ. ქ.-ის საკუთრება გახდა, იგი იპოთეკით დაიტვირთა სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალის მიერ, რაზეც გაფორმდა ხელშეკრულება 2003წ. 8 იანვარს და გატარდა საჯარო რეესტრში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ¹... ...-ე თ. ა.-თან ერთად მოსარჩელეებმაც შეისყიდეს, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები კი ვერ გამოდგებოდა მოსარჩელეთა მიერ ¹... ...-ის საკუთრების უფლებით შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ჯ.-მ და ნ. ჯ.-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად გადაცემა.
კასატორთა მითითებით, საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდებოდა მათ მიერ სარჩელში მოყვანილი გარემოებები. 1995წ. 10 ოქტომბერს ჯ. ჯ.-მ და თ. ა.-მა წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹... ...-ის შესყიდვის მიზნით შექმნეს ამხანაგობა ობიექტის მთლიან ღირებულებაში, რაც აუდიტის შეფასებით შეადგენდა 1621 აშშ დოლარს. ამხანაგობის თითოეული წევრი მისი შენატანების შესაბამისად ითვლებოდა ობიექტის მესაკუთრედ. ორივეს წილი განისაზღვრა 50%-ით, რაც შეადგენდა 810,5 აშშ დოლარს. ამხანაგობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა თ. ა.-ი. დამფუძნებელი ხელშეკრულება 1995წ. 23 ოქტომბერს დამოწმდა წყალტუბოს ნოტარიუსის ი. ქ.-ის მიერ. 1995წ. 10 ოქტომბერს ჩატარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტის კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო თ. ა.-მა, როგორც ამხანაგობის წარმომადგენელმა, რის გამოც მასთან დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც 1995წ. 23 ოქტომბერს დამოწმდა წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ.-ის მიერ. ქონება მყიდველს გადაეცა 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იყო და საიდანად გარკვევით ჩანდა, რომ თ. ა.-ი აქტზე ხელს აწერდა და ქონებას იბარებდა, როგორც ამხანაგობის წარმომადგენელი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო, «მეწარმეთა შესახებ» კანონის თანახმად, ერთი თვის ვადაში შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით გატარებულიყო რეგისტრაციაში და დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა გამყიდველისათვის, რის შემდეგაც გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 1996წ. 30 იანვარს ჯ. ჯ.-მ, თ. ა.-მა, დ. ბ.-ემ და ნ. ჯ.-მა დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შექმნეს შპს «ლ.-», დაამტკიცეს წესდება, რომლის თანახმად საწარმოს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 3200 ლარით, რაც წარმოადგენდა წყალტუბოს ...-ის შენობის პარტნიორთა მიერ დათქმულ ღირებულებას, რომელიც თანაბარი წილობრივი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ პარტნიორებს. წესდება დამოწმდა სანოტარო წესით.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა თ. ა.-ი, გამომდინარეობდა საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ გარკვეული ნაწილის შეფასებიდან. ამ შემთხვევაში თ. ა.-მა ბოროტად ისარგებლა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, წყალტუბოს ტექნიკური აღრიცხვისა და საჯარო რეესტრის სამსახურებს დაუმალა და რეგისტრაციისათვის არ წარუდგინა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996წ. 16 მაისის შპს «ლ.-ს» დაფუძნებისა და 2002წ. 27 დეკემბრის შპს «ლ.-ს» წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ დადგენილებები, ისარგებლა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1998 წელს მის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, 1995წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით და შპს «ლ.-ს» ქონება, რომელიც 1995 წელს შეიძინა, როგორც ამხანაგობის წარმომადგენელმა და 1996 წელს ჩაიდო შპს «ლ.-ს» საწესდებო კაპიტალში, 2002წ. 31 დეკემბერს გაასხვისა, როგორც საკუთარი. აღნიშნულით მან დაარღვია კონსტიტუციის 21-ე მუხლით, სკ-ის 170-ე, 171-ე, 173-ე, 183-ე მუხლებით და «მეწარმეთა შესახებ» კანონით დაცული მოსარჩელეთა უფლებები.
კასატორთა მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის რეგისტრატორის მიერ დარღვეული იყო სკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი. წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹53/157-კ არ იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი. ამასთან, იგი გაცემული იყო 1998წ. 9 იანვარს, რის გამოც არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერს თ. ა.-ის 2002წ. 30 დეკემბრის განცხადებით. გარდა ამისა, რეგისტრატორს ევალებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, მოეთხოვა მიწაზე და შესაბამისად, მის განუყოფელ ნაწილზე _ შენობა-ნაგებობაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, რეგისტრატორმა არ გადაამოწმა თ. ა.-ის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ 1995 წელს შეძენილი ქონება 2002წ. 27 დეკემბრამდე არსად იყო რეგისტრირებული, არ გამოითხოვა ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან და ერთ დღეში შპს «ლ.-ს» კუთვნილი ქონება დაარეგისტრირა როგორც თ. ა.-ის საკუთრება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვისას, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 20 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა საკასაციო წარმოება კასატორის _ ნ. ჯ.-ის გარდაცვალების გამო, მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინებით გარდაცვლილი კასატორის _ ნ. ჯ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ. ჯ.-, საქმეზე განახლდა წარმოება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ემყარება საქმის მასალებს, საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, მათ ადეკვატურ შეფასებას, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის ამოსავალია, გაირკვეს, თუ ვინ მოახდინა ¹... ...-ის პრივატიზება _ თ. ა.-მა პირადად, თუ ¹... ...-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ, რომელსაც წარმოადგენდა თ. ა.-ი. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების კონკურსით გაყიდვის შესახებ» დებულების 1 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების შესაძენად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღება სხვა პირებთან ერთად შეეძლოთ როგორც საქართველოს მოქალაქებს, ისე საწარმოს მუშაკებს, რომლებიც ამ მიზნით ქმნიდნენ ამხანაგობას და სარგებლობდნენ კანონით დაშვებული შეღავათებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია, დადგინდეს პრივატიზების გარიგებაში მონაწილე მხარეთა ნამდვილი ნების შინაარსი აღნიშნული ნების გამოვლენის შეფასების გზით.
სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ¹... ...-ის პრივატიზება მოახდინა თ. ა.-მა პირადად და არა როგორც ამხანაგობის წარმომადგენელმა, ვინაიდან 1995წ. 10 ოქტომბრის წყალტუბოს ქონების მართვის განყოფილების საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით ¹... ...-ის შესაძენად შევიდა მხოლოდ ერთი _ თ. ა.-ის განცხადება; 1995წ. 10 ოქტომბერს წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოსა და თ. ა.-ს შორის დაიდო ¹103 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოსაგან კურორტვაჭრობის ¹... ...-ე 1621 აშშ დოლარად შეისყიდა თ. ა.-მა; ამავე 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით ¹... ...-ე ჩაიბარა თ. ა.-მა; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 1998წ. იანვარში ¹... ...-ეზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა თ. ა.-ის სახელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ემყარებოდეს საქმის მასალებს და შეიცავდეს მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოტანილ თანმიმდევრულ დასკვნებს (მუხ. 105, 249). აღნიშნული, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს საქმის ვითარებისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას საქმეში არსებული ადეკვატურად ამსახველი მტკიცებულებების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ვითარება არ არის საქმის მასალების ადეკვატური.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული დასკვნის გამოტანისას მხედველობაში არ მიიღო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენისათვის აუცილებელი შემდეგი გარემოებები: 1995წ. 10 ოქტომბერს წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹... ...-ის კოლექტივის წევრებს _ თ. ა.-სა და ჯ. ჯ.-ს შორის ობიექტის შესყიდვის მიზნით დაიდო სადამფუძნებლო ხელშეკრულება ამხანაგობის შექმნის თაობაზე, რომლის თანახმად, ამხანაგობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა თ. ა.-ი; აღნიშნული სადამფუძნებლო ხელშეკრულება თან ერთვის ¹... ...-ის საპრივატიზებო საქმეს, როგორც ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი შესაბამისი დოკუმენტი; 1995წ. 10 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დაიდო წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოსა და თ. ა.-ს შორის, მიეთითა, რომ ქონება მყიდველს გადაეცემოდა 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; 1995წ. 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, კურორტვაჭრობის ¹... ...-ის ქონება გადაეცა მყიდველს _ წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹... ...-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ა.-ს. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თ. ა.-მა აღნიშნული ქონება ჩაიბარა და მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა როგორც ¹... ...-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელმა; 1998წ. 9 იანვარს კურორტვაჭრობის ¹... ...-ეზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თ. ა.-ის სახელზე, ამასთან, ამავე საკუთრების მოწმობაში მიეთითა, რომ მოწმობა ძალაში იყო ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა თ. ა.-ის მიერ სადავო ...-ის ერთპიროვნულად პრივატიზების შესახებ გამოტანილია სადამფუძნებლო ხელშეკრულების, სახელმწიფო ქონების ¹103 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ერთობლიობაში შეფასების გარეშე, მაშინ‚ როდესაც სადავო ობიექტის პრივატიზების განმხორციელებელი სუბიექტის გამოსავლენად გადამწყვეტი იყო სწორედ აღნიშნული დოკუმენტების, როგორც ძირეული საპრივატიზებო დოკუმენტების ერთობლიობაში შეფასება. ამასთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია, რომ არც პრივატიზების ხელშეკრულებისა და არც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის შინაარსი არ იძლეოდა მათი შინაარსის ერთობლიობაში შეფასების გარეშე და მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსის გაუთვალისწინებლად სწორად გაგების შესაძლებლობას.
«საქართველოს რესპუბლიკაში საწარმოთა პრივატიზების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1991წ. 9 აგვისტოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ საწარმოზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემოდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. იგივე წესს ითვალისწინებდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების კონკურსით გაყიდვის შესახებ» დებულების მე-7 მუხლის 36-ე პუნქტის მე-3 აბზაცი. 1995წ. 10 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დაიდო წყალტუბოს ქონების მართვის სამმართველოსა და თ. ა.-ს შორის, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა სანოტარო წესით მისი დამტკიცებისა და გამყიდველის მიერ მისი რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმდა 1995წ. 23 ოქტომბერს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო ობიექტზე საკუთრების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 1995წ. 10 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიტანა შპს «ლ.-ს» სადამფუძნებლო დოკუმენტების სრული იგნორირების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში თ. ა.-ის შესაბამისი ნამდვილი ნების გასარკვევად იმის თაობაზე, ¹... ...-ის შენობას მიიჩნევდა პირადად შეძენილად თუ მის მიერ როგორც ამხანაგობის წარმომადგენლის მიერ შეძენილად, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ მნიშვნელოვან გარემოებასაც, რომ სადავო ობიექტზე საკუთრების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის _ ¹103 ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმების შემდგომ ამ ობიექტის ბაზაზე დააფუძნდა შპს «ლ.-» ამხანაგობის წევრებისა და მათი მეუღლეების მიერ. შპს-ს საწესდებო კაპიტალში ჩაიდო ¹... ...-ის შენობა არა როგორც თ. ა.-ის პირადი წილობრივი შენატანი, არამედ როგორც დამფუძნებელი პარტნიორების ერთობლივი შენატანი, მათი ერთობლივი საკუთრების სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკურია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ თ. ა.-ის საკუთრებაში ¹... ...-ის არსებობას ადასტურებდა შპს «ლ.-ს» რეგისტრაციაში გატარება 1996წ. 16 მაისს, თ. ა.-ის მიერ ობიექტის პრივატიზაციის შემდგომ, ამასთან, შპს-ს საწესდებო კაპიტალი იყო 2560 აშშ დოლარის ეკვივალენტი და არა ¹... ...-ის შენობა. აღნიშნული დასკვნა გამოტანილია საქმეზე დართული, შპს «ლ.-ს» სარეგისტრაციო საქმეში არსებული დოკუმენტების უგულებელყოფის საფუძველზე. შპს «ლ.-ს» საწესდებო კაპიტალის არაფულადი შენატანის მიღება-ჩაბარების 1996წ. 30 აპრილის აქტში, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით, დამფუძნებელი პარტნიორები _ ჯ. ჯ.-, მისი მეუღლე ნ. ჯ.-ი, თ. ა.-ი და მისი მეუღლე დ. ბ.-ე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ პარტნიორებს საწესდებო კაპიტალში შეაქვთ ¹... ...-ის შენობა, რომელიც წარმოადგენს დამფუძნებელი პარტნიორების თანაბარწილობრივ საკუთრებას. შპს «ლ.-ს» წესდებაში (2.6 პუნქტი), რომელიც ასევე დამოწმებულია ნოტარიულად, დამფუძნებელი პარტნიორები ასევე ადასტურებენ, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალს შეადგენს წყალტუბოს ...-ის შენობის ღირებულება, რომელიც თანაბარი წილობრივი საკუთრების უფლებით ეკუთვნის პარტნიორებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ¹... ...-ის ღირებულება განსაზღვრულია აუდიტორული სამსახურის 1996წ. 25 აპრილის აქტის საფუძველზე და არა ობიექტის საპრივატიზებო ღირებულების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ გამოარკვია, რომ პრივატიზებულ ...-ეს ამხანაგობის წევრები, მათ შორის, თავად თ. ა.-ი, განიხილავდნენ არა როგორც ამხანაგობის მიერ პრივატიზებულ ობიექტს, არამედ როგორც თ. ა.-ის მიერ ერთპიროვნულად პრივატიზებულ ქონებას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სწორად უნდა შეაფასოს საქმის მასალები და გამოიტანოს ადეკვატური დასკვნა იმის თაობაზე, რეალურად, ვინ მოახდინა კურორტვაჭრობის ¹... ...-ის პრივატიზება. სწორედ აღნიშნული გარემოების სწორად დადგენაზეა დამოკიდებული სარჩელის სწორად გადაწყვეტა. საკასაციო სასამართლო მხოლოდ სააპელაციო სასამრთლოს მიერ სწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებშია უფლებამოსილი იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებითად კანონიერება-დასაბუთებულობაზე ან თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად არის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი მოსარჩელის მოთხოვნები, რომლებიც არ უკავშირდება პრივატიზების საკითხების გამორკვევას (მოთხოვნები თ. ა.-სა და ბ. ქ.-ს შორის დადებული ¹... ...-ის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სს «... ბანკსა» და ბ. ქ.-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში შპს «ლ.-ს» კუთვნილი ქონების თანამესაკუთრეებად თ. ა.-ის და ჯ. ჯ.-ს ცნობისა და და მათი წილის განსაზღვრის შესახებ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.