Facebook Twitter
საქმე №010210013395985
საქმე №ას-459-438-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


საჩივრის ავტორი – შპს „ბ. პ.-ა“ (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „M.-e“ (მოსარჩელე)


გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება


საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება


დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


შპს „M.-e-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. პ.-ას“ მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი მშენებარე ფართის ღირებულების – 459 000 აშშ დოლარის, „ბეს“ ორმაგი ოდენობის – 20 000 აშშ დოლარის, მშენებარე ფართის ღირებულების გადასახდელად ბანკიდან მიღებული კრედიტის პროცენტის სახით ზიანის – 61 310 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის – 118575 აშშ დოლარის (წელიწადში 22950 აშშ დოლარი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თვეში – 1912.5 აშშ დოლარი), პირგასამტეხლოს – 41 310 აშშ დოლარისა და იმ შემოსავლის ანაზღაურება, რომელსაც მოპასუხე უსაფუძვლოდ იღებს მისი კუთვნილი ქონების გამოყენებით (გაქირავებით) 2010 წლის იანვრიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, კერძოდ, 384 000 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში – 8000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 30 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის №... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ბ. პ.-ას“ მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ. ბ.-ში, ჭ.-ის ქ.№..-ში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის პირველ სართულზე, მე-6 და მე-8 ღერძებს შორის არსებული კომერციული ფართი (170 კვ.მ.) ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, რაზეც უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულება.
ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მყიდველს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამყიდველისათვის „ბეს“ სახით უნდა გადაეხადა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რაც ჩაითვლებოდა ნასყიდობის საგნის საფასურში, ხოლო დარჩენილი თანხა – 449 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადახდილიყო შემდეგი გრაფიკის შესაბამისად: 24 000 აშშ დოლარი – არა უგვიანეს 2008 წლის 12 მაისისა; 52250 აშშ დოლარი – არა უგვიანეს 2008 წლის 12 ივნისისა; 52250 აშშ დოლარი – არა უგვიანეს 2008 წლის 12 ივლისისა; 52250 აშშ დოლარი – არა უგვიანეს 2008 წლის 12 აგვისტოსი; 52250 აშშ დოლარი – არაუგვიანეს 2008 წლის 12 სექტემბრისა. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 25 ივლისისათვის.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მშენებარე ფართის ღირებულება – 459 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სრულად გადაიხადა. მოპასუხემ კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობა არ დაასრულა, 2010 წელს მშენებლობის დასრულების შემდგომაც მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული აშენებული ფართი არ გადასცა და არც მოსარჩელეს მშენებლობის დასრულების შესახებ არ შეატყობინა, რითაც დაარღვია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-10 მუხლის მოთხოვნები.
მხარის მითითებით, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადებისას, კომერციულ ფართს, პროექტის შესაბამისად, გააჩნდა შესასვლელები, როგორც ჭ.-ის, ისე ბერიძის ქუჩიდან, ფოიე – მე-5 და მე-6 ღერძებს შორის და ფოიეს ზევით მე-2-3 სართულების დონეზე – ღია სივრცე, რაც კომერციული ფართის უნიკალური მახასიათებელია და მოსარჩელის მხრიდან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადების მთავარი ინტერესი იყო, ვინაიდან შეძენილ ფართში მოსარჩელეს დაგეგმილი ჰქონდა ერთ-ერთი ბრენდის – „KIGLI-ის“ მიერ წარმოებული მამაკაცის ტანსაცმლით ვაჭრობის ექსკლუზიური პრესტიჟული ობიექტის მოწყობა. მოპასუხის მიერ №... კომერციული ფართის ფაქტობრივი მესაკუთრის (მოსარჩელის) თანხმობის გარეშე და ამ უკანასკნელის ინტერესების საზიანოდ გააუქმა ფართში შესასვლელი ბერიძის ქუჩიდან, გააუქმა აგრეთვე საერთო სარგებლობის ფოიე და მის თავზე არსებული სივრცე იქ მოპასუხის მიერ დამატებითი კომერციული ფართების მოწყობით, რითაც მოსარჩელის კომერციულმა ფართმა დაკარგა თავისი პირვანდელი სახე და დანიშნულება, პოტენციურ მომხმარებელს შეეზღუდა ობიექტში თავისუფლად მოხვედრის, გამოფენილი ნიმუშების დათვალიერების შესაძლებლობა და სარეკლამო სივრცე. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი დღეის მდგომარეობით მდებარეობს გასართობი ცენტრის სარგებლობაში არსებულ ერთიან ფართში და არ შეესაბამება ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულს. მოპასუხის მიერ განხორციელებული გადაკეთების შედეგად, მოსარჩელეს მოესპო შეძენილი კომერციული ფართის საუკეთესო და ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა (კომპანია „KIGLI-მ“ შეწყვიტა ხელშეკრულება მოსარჩელესთან).
მოსარჩელემ განმარტა, რომ მშენებარე ფართის ღირებულებას იხდიდა სს „პროკრედიტ ბანკიდან“ კრედიტის სახით მიღებული თანხით. კრედიტის მიღებისათვის პროცენტის სახით გადახდილმა თანხამ შეადგინა 61310 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ვერ მიიღო 459 000 აშშ დოლარის სარგებელი, რასაც მიიღებდა მინიმალური წლიური 5%-იანი საბანკო პროცენტის სახით 2008 წლის სექტემბრიდან დღემდე და წელიწადში შეადგენს 22950 აშშ დოლარს, ხოლო სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტისათვის – 118575 აშშ დოლარს. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს „ბეს“ სახით გადახდილი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 459 000 აშშ დოლარის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 459 აშშ დოლარი – 90 დღის განმავლობაში, რაც ჯამში 41 310 აშშ დოლარია.
2010 წლის იანვრიდან მოპასუხე სხვადასხვა სუბიექტებზე, მათ შორის უცხო ფირმებზე (ინდოელებზე) აქირავებდა ფართს, ამჟამად კი ფართი გრძელვადიანი იჯარით გადაცემული აქვს შპს „წითელსა და შავს“. საიჯარო თანხა პირველ ეტაპზე შეადგენდა თვეში 8000 აშშ დოლარს, შემდგომში ზრდის პერსპექტივით. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე მის ხარჯზე სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე 384 000 აშშ დოლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპლექსი „ბ. პ.-ა“ შედგება ე.წ კომერციული და საცხოვრებელი ბლოკებისაგან.
მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება შეეხებოდა კომერციულ ბლოკში განთავსებულ უძრავ ქონებას.
კომერციულ ბლოკში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში – 2009 წლის 25 ივლისისათვის, ხოლო კომპლექსის შიდა სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები მთლიანად დასრულდა 2010 წელს და ამავე წელს ექსპლუატაციაში შევიდა კომერციული ბლოკი.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია არა მშენებლობის დასრულების შესახებ მყიდველისათვის ინფორმაციის მიწოდება, არამედ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების შესახებ მზაობის დაფიქსირება.
მოპასუხის მითითებით, მოსარჩელისათვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მშენებარე კომპლექსში უძრავი ქონების შემძენისათვის, ცნობილი იყო სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესისა და მისი დასრულების ფაქტი. მისთვის ცნობილი იყო მოპასუხის მზადყოფნაც, დადებულიყო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისიდან. მიუხედავად მოსარჩელის არა ერთი გაფრთხილებისა, გაფორმებულიყო ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება, მოსარჩელე თავიდანვე ცდილობდა, თავი აერიდებინა ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ყოველთვის ცდილობდა წერილებში დაეფიქსირებინა არარსებული ფაქტები. ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის განმავლობაში მოსარჩელისათვის გადასაცემი უძრავი ქონება სრულად შეესაბამებოდა, როგორც ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მე-9 მუხლით, ისე პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა ითვალისწინებს არა ხელშეკრულების შეწყვეტამდე უძრავი ქონების მდგომარეობას, არამედ მისი ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის (2013 წლის 14 ივლისის) არსებულ მდგომარეობას. მხარეებს შორის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება შეწყდა სწორედ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
მოპასუხემ მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან არ ირკვევა სესხის სწორედ კომპლექს „ბ. პ.-აში“ არსებული უძრავი ქონების შესაძენად გაცემის ფაქტი. ამასთან, როგორც წესი, უძრავი ქონების შესაძენად აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იტვირთება შესაძენი უძრავი ქონება და შპს „ბ. პ.-ა“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ფარგლებში კლიენტის სესხის უზრუნველსაყოფად ყოველთვის იპოთეკით ტვირთავდა ჯერ კიდევ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.
მხარის მოსაზრებით, მოსარჩელეს 459 000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს უძრავი ქონების შეძენის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და სარგებლის მიღება. მოსარჩელისათვის, როგორც ხელშეკრულებით, ასევე მისთვის გაგზავნილი წერილებიდან ცნობილია მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პირობები.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, „ბე“ რჩება გამყიდველს და დარჩენილი თანხა დაუბრუნდება მყიდველს ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის მიყიდვის შემდეგ. ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასზე ნაკლებ ფასად მიყიდვის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს გადაუხადოს სხვაობა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მყიდველის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ჯერ არ წარმოშობილა, რადგან მესამე პირს უძრავი ქონება არ შეუძენია. უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაარღვია სწორედ მოსარჩელემ, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მას ეკისრება. საქმის მასალებით არ დასტურდება იჯარით ქონების გადაცემის ფაქტი, სარჩელზე თანდართული იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 2012 წლის 1 ნოემბერს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „M.-e-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის – 459 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 41 310 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელი მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ბ. პ.-ას“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის – 39652,5 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის შეტანის მომენტისათვის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან – 2013 წლის 26 დეკემბრიდან ყოველთვიურად – 1912,5 აშშ დოლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პირგასამტეხლოს – 28 917 აშშ დოლარის გადახდა.
„M.-e-ის“ დირექტორმა მურმან ბაკურიძემ 2015 წლის 17 მარტს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რათა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს „ბ. პ.-ას“ ქ.ბათუმში, ჭ.-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავ ქონებას, ასევე, შპს „ბ. პ.-ას“ (ს/კ ...) 67% წილს შპს „ბ. ს. დ.-ში“ (ს/კ ...), 74,93377000% წილს შპს „კ.-ში“ (ს/კ ...), შპს „ბ. პ.-ას“ (ს/კ ...) ყველა საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიშებს, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოური ვალუტით, მათ შორის სს ბანკი „ქ.-ს“ ბათუმის ფილიალში ბანკის კოდით ..., ა/ა №....
განმცხადებელმა განმარტა, რომ 2014 წლის 15 ივლისს შპს „ბ. პ.-ამ“ გაასხვისა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით შპს „M.-e-სათვის“ გათვალისწინებული №... ფართი 400 000 აშშ დოლარად მ. ხ.-ზე. შპს „ბ. პ.-ამ“ 2014 წლის 5 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით გაყიდა 15 ერთეული უძრავი ქონება, იმავე წლის 9 ოქტომბერს – 1 ერთეული უძრავი ქონება, ხოლო 2015 წლის 6 მარტს – კვლავ 1 ერთეული უძრავი ქონება. აღნიშნული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხით შპს „ბ. პ.-ას“ განმცხადებლისათვის დავალიანება არ გადაუხდია. მითითებული უძრავი ნივთების შპს „ბ. პ.-ასათვის“ კუთვნილება საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება.
განმცხადებელმა მიმართა რეესტრის სამსახურს შპს „ბ. პ.-ას“ სახელზე რეგისტრირებული ქონების დასადგენად. ამ სამსახურის 2015 წლის 24 თებერვლის წერილით ეცნობა, რომ შპს „ბ. პ.-ას“ საკუთრებაში ერიცხება ქ.ბ.-ში, ჭ.-ის ქ.№..-ში 12 საკადასტრო ერთეული კომერციული, არასაცხოვრებელი ფართი და ტექნიკური სათავსები, აგრეთვე ის არის შპს „ბ.-ის“ კაპიტალში 2,02% წილის მესაკუთრე, შპს „ბ. ს. დ.-ის“ კაპიტალის 67% წილის მესაკუთრე, შპს „კ.-ს“ კაპიტალში – 74,93377% წილის მესაკუთრე. ზემოთ მითითებული 12-ვე უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, ადევს საგადასახადო იპოთეკა. ამასთან, 2007 წლის 3 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკარია სს „ბანკი ქ.-“, მესაკუთრე – შპს „ბ. პ.-ა“, მსესხებელი – „ბ. ს. ჯ.-ი“. იპოთეკით უზრუნველყოფილია 22 000 000 აშშ დოლარი. 2011 წლის 1 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით გაფორმებული შპს „ბ. პ.-ასა“ და „ლ. კ. პ.-ები ბ.ვ-ს“ შორის იპოთეკით უზრუნველყოფილია 11 387 819 აშშ დოლარი. რაც შეეხება შპს „ბ. პ.-ას“ 2,02% წილს „ბ.-ში“ და 74,93377% წილს შპს „კ.-ში“, აღნიშნულს ადევს ასევე საგადასახადო გირავნობა.

ამდენად, განმცხადებელმა მიუთითა, რომ შპს „ბ. პ.-ას“ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება გამოყენებულია მის მიერ აღებული სოლიდური ფულადი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ქონებას ადევს ასევე საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შპს „ბ. პ.-ას“ ვალდებულებები აღემატება მისი ქონების ღირებულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განჩინებით შპს „M.-e-ის“ დირექტორ მურმან ბაკურიძის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს „ბ. პ.-ას“ უძრავ ქონებას ქ.ბ.-ში, ჭ.-ის ქ. 5-ში: 450.00 კვ.მ, სართული 2, №S 2/1 ს/კ №..., 728,00 კვ.მ, სართული 3, №B 3/1 ს/კ №..., 640.00 კვ.მ კომერციული ფართი, ბლოკი „C“, №S 1/1 ს/კ №..., 1097.00. სართული 1, №S 1/1 ს/კ №..., 170.00 სავაჭრო ცენტრი, სართული 1, S 1/5/1 ს/კ №.... ასევე ყადაღა დაედო შპს „ბ. პ.-ას“ (ს/კ ...) 67% წილს შპს „ბ. ს. დ.-ში“ (ს/კ ...), 74,93377000% წილს შპს „კ.-ში“ (ს/კ ...), შპს „M.-e-ის“ განცხადება შპს „ბ. პ.-ას“ (ს/კ ...) ყველა საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიშებს, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით, მათ შორის სს ბანკი „ქ.-ს“ ბათუმის ფილიალში ბანკის კოდი ..., ა/ა №..., სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
2015 წლის 15 აპრილს შპს „M.-e-ის“ წარმომადგენელმა ა. გ.-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა 2015 წლის 17 მარტის განჩინებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, განჩინებაში და შემდეგ მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში არასწორად არის მითითებული ორი დაყადაღებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რის გამოც დაბრკოლება შეიქმნა საჯარო რეესტრში. მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დართული იყო ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სადაც მითითებულია ამ ქონებების ზუსტი კოდები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს „M.-e-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებაში ყველგან, სადაც მითითებულია „ფართი 170.00 სავაჭრო ცენტრი სართული 1, S 1/5/1 ს/კ №...“ გასწორდა და მიეთითა ფართი 170.00 სავაჭრო ცენტრი სართული 1, S 1/5/1 ს/კოდი №...1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებაში ყველგან, სადაც მითითებულია „ფართი 1097.00. სართული 1, №S 1/1 ს/კ №...“ გასწორდა და მიეთითა „ფართი 1097.00. სართული 1, №S 1/1 ს/კოდია ....“
ანალოგიურად გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ბ. პ.-ამ“, მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების დაცვა აღუსრულებლობისაგან, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ყადაღა ვერ გამოდგება უზრუნველყოფის მთავარი მიზნისათვის –გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან აღსრულების შეუძლებლობისაგან თავის დასაცავად, რადგან დაყადაღებული უძრავი ქონებიდან რამდენიმე რეალურად არ არსებობს და საჯარო რეესტრმა შეცდომით გასცა რეესტრის ამონაწერი შემდეგ უძრავ ქონებაზე: ფართი 1097 სართული 1, №S 1/1 ს/კ №.... მითითებული მონაცემები შეიცავს შეცდომას, უნდა იყოს ს/კ №..., ფართი 170 სავაჭრო ცენტრი სართული 1, S 1/5/1 ს/კ №.... შეცდომაა და უნდა იყოს ს/კ №...1.
მხარის მითითებით, „ბ. პ.-ას“ ფართის თავდაპირველი განშლა დამტკიცდა შპს „ბ. პ.-ას“ 2007 წლის 9 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმით, რომელიც ერთიანად დასარეგისტრირებლად წარედგინა საჯარო რეესტრს. შემდეგ მასშიც ცვლილება იქნა შეტანილი პარტნიორთა კრების 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით არსებულ განშლებში და ჩამოყალიბდა ახალი სახით. შესაბამისად, საკადასტრო კოდებში შეცდომებია და რეესტრის სამსახურს იგი ძველი საკადასტრო კოდით არ უნდა გაეცა. კომპლექსში 1097 კვ.მ აღარ არსებობს და მისგან 640 კვ.მ დარჩა. აღნიშნული დარღვევების შესახებ მხარემ აცნობა რეესტრის სამსახურს და მოხდება მისი გასწორება. ამდენად, დაყადაღებული ქონებიდან ორს სხვა მესაკუთრე ჰყავს და იგი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ამ ქონების დაყადაღება ვერ მოახდენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილი ინტერესების დაცვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „ბ. პ.-ას“ საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეს არ მოუთხოვია. ამდენად უდავოა, რომ სარჩელი დაცული არ იყო და განმცხადებელს გააჩნდა სარჩელის დაცვის ღირსი ინტერესი. მან წარადგინა მოპასუხის დასაყადაღებელი ქონების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებაც – აუდიტის დასკვნა, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საიდანაც დგინდებოდა, რომ შპს „ბ. პ.-ამ“ მოახდინა მისი კუთვნილი ფართის გასხვისება. ამასთან, ფართი დატვირთული იყო იპოთეკით, ანუ ქონების გასხვისების საფრთხე დასაბუთებული იყო. „ბ. პ.-ას“ ვალები აღემატება მისი ქონების ღირებულებას, ასეთ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვეღარ აღსრულდება სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან უძრავი ქონება, რომლითაც მოპასუხემ პასუხი უნდა აგოს, მის საკუთრებაში აღარ იქნება ან/და თავდაპირველად დაკმაყოფილდება სხვა იპოთეკარის მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. განმცხადებელმა კი, შეძლო დაესაბუთებინა ასეთი აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილებულია დაახლოებით 527,569,5 აშშ დოლარის ფარგლებში. შესაბამისად, იგი ამ ფარგლებში იქნა დაცული.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაკავშირებულია უმაღლესი ხარისხის ალბათობასთან, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. გარდა ამისა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს უნდა არსებობდეს ვარაუდი, რომ შესაძლებელია, სარჩელი დაკმაყოფილდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას შეუქმნის სირთულეებს, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ბ. პ.-ა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს ნაწილობრივ, კერძოდ, შემდეგ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: 1097 კვ.მ, სართული 1, №S 1/1 ს/კ №.... და 170 კვ.მ სავაჭრო ცენტრი, სართული 1, S 1/5/1 ს/კ №....
საჩივრის ავტორის მიერ განჩინების ნაწილობრივ გაუქმების ძირითად მოტივად მითითებულია ის, რომ დაყადაღებული ორი უძრავი ქონება არ არსებობს მის საკუთრებაში და ქონების საკადასტრო კოდები შეცდომით არის მითითებული.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია და განმარტა, რომ „M.-e-მა“ უსწორობის გასწორების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით დაშვებული უსწორობები გასწორდა როგორც თავად განჩინებაში, ისე – მასზე ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში და ამოიწერა ახალი სააღსრულებო ფურცელიც. ამდენად, დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ ყადაღა დაედო შპს „ბ. პ.-ას“ საკუთრებაში არარსებულ ქონებას.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მოცემულ შემთხვევაში ჩანაწერის უზუსტობა ან უსწორობა დადგენილი არ არის. სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობა კი, 2015 წლის 17 აპრილს განჩინებით გამოსწორებულია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულ არცერთ გარემოებას არ შეიცავს, შესაბამისად, იგი უსაფუძვლოა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. პ.-ას“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით „M.-e-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ბ. პ.-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის – 459 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 41 310 აშშ დოლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით კი, შპს „ბ. პ.-ას“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის – 39652,5 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის შეტანის მომენტისათვის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან – 2013 წლის 26 დეკემბრიდან ყოველთვიურად – 1912,5 აშშ დოლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პირგასამტეხლოს – 28917 აშშ დოლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის 2015 წლის 17 მარტისა და 27 აპრილის განჩინებების დასაბუთებას, რომელთა თანახმად დაკმაყოფილდა „M.-e-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება, მხედველობაში მიიღო დავის საგნის მოცულობა, ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებდა დასაყადაღებელი ქონების ღირებულების შესაბამისობას სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხასთან მიმართებით, სადავო ქონების შპს „ბ. პ.-ასათვის“ კუთვნილების ფაქტს, მოპასუხის ქონებაზე იპოთეკის არსებობას და იმ გარემოებას, რომ შპს „ბ. პ.-ას“ ვალები აღემატება მისი ქონების ღირებულებას.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს განმცხადებლის მიერ მითითებულ იმ გარემოებებსაც, რომელთა უარყოფა საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით არ მოუხდენია, რომ 2014 წლის 15 ივლისს შპს „ბ. პ.-ამ“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით შპს „M.-e-სათვის“ გათვალისწინებული №... ფართი 400 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მ. ხ.-ს. შპს „ბ. პ.-ამ“ 2014 წლის 5 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით გაყიდა 15 ერთეული უძრავი ქონება, იმავე წლის 9 ოქტომბერს – 1 ერთეული უძრავი ქონება, ხოლო 2015 წლის 6 მარტს – კვლავ 1 ერთეული უძრავი ქონება, თუმცა აღნიშნული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხით შპს „ბ. პ.-ას“ განმცხადებლისათვის დავალიანება არ გადაუხდია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია მიზანშეწონილად სარჩელის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განცხადებაში მითითებული ქონების სრული ჩამონათვალის მიმართ. ამასთან, მოპასუხის საკუთრების უფლების გაუმართლებლად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, ნაცვლად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებისა – ყადაღისა, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა ქონების გასხვისებისა და იპოთეკით (გირავნობით) დატვირთვის მოპასუხეთათვის აკრძალვის გამოყენება, რაც ამსუბუქებს შპს „ბ. პ.-ას“ მდგომარეობას და მოპასუხის კანონიერი უფლებების გამართლებულ შეზღუდვას წარმოადგენს.
სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება შპს „ბ. პ.-ას“ არგუმენტი, რომ იმ ქონების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებში, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა კანონით დადგენილი შეზღუდვა, დაშვებული იყო შეცდომები.
აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს „M.-e-ის“ განცხადების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებასა და მასზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობანი, კერძოდ კი, სწორედ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების მონაცემებში არსებული შეცდომები გასწორდა. ამდენად, მითითებული უსწორობები მომავალში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ დააბრკოლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ. პ.-ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2014 წლის 17 მარტისა და 27 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი



მოსამართლეები: ბ. ალავიძე



ნ. ბაქაქური