Facebook Twitter
ბს-879-465(კ-05) 25 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:
რ. გ-ემ ქობულეთის რ-ის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1994წ. ოქტომბრიდან მუშაობდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში ...ის განყოფილების უფროსის ...ედ. 04.06.04წ. აღნიშნული საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათბირზე გამოუცხადა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 29.05.04წ. ¹22 დადგენილებით გამოცხადდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია, რის გამოც რ. გგ-ეს სამსახურიდან ანთავისუფლებდნენ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 15.06.04წ. წერილობით მიმართა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციას და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება, რაზეც უარი განუცხადეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია არ განხორციელებულა, აღნიშნული ორგანო მხოლოდ ერთი უწყებიდან მეორეს დაქვემდებარებაში გადავიდა, რის გამოც, მოსარჩელის აზრით, მისი განთავისუფლება უკანონოა. რ. გ-ემ მოითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოპასუხეებად ჩაბმული იქნენ ბათუმის საგადასახადო ინსპექცია და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. ქობულეთის რ-ის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 04.06.04წ. მის მიერ ჩამორთმეულ იქნა რ. გ-ისათვის სამსახურებრივი ფუნქციები და გადაეცა ზონალური ინსპექციის თანამშრომელს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 09.11.04წ. გადაწყვეტილებით რ. გგ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციას, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალათ აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 29.05.04წ. ¹22 დადგენილების საფუძველზე მიღებული აჭარის საგადასახადო მინისტრის 31.05.04წ ¹320 მომართვისა და ამ მომართვის საფუძველზე 2004წ. 4 ივნისიდან მოსარჩელის _ რ. გ-ის სამსახურში არ დაშვებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულების ბათილად ცნობა. რ. გ-ე აღდგენილ იქნა სამსახურში, მოპასუხეებს დაევალათ განაცდური ხელფასის _ 750 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 50 ლარის ანაზღაურება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 12.12.04წ. განჩინებით 09.11.04წ. გადაწყვეტილებაში “ქობულეთის საგადასახადო ინსპექცია” შეიცვალა “ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ქობულეთის განყოფილებით”, “აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტი” შეიცვალა “ბათუმის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციით” და რ. გგ-ეს განემარტა, რომ სამივე მოპასუხე სოლიდური მოვალეები არიან.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 09.11.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 21.02.05წ. განჩინებებით განუხილველად იქნა დატოვებული აპელანტ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები, რაზეც შეტანილ იქნა კერძო საჩივარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 28.03.05წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 27.04.05წ. განჩინებით ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 20.05.04წ. ¹42 დადგენილებისა და აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 20.05.04წ. ¹22 დადგენილების საფუძველზე ქობულეთის რ-ის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექცია გარდაიქმნა რ-ის ზონალურ საგადასახადო ინსპექციად, აღნიშნული ორგანოს ლიკვიდაცია არ განხორციელებულა. ორგანომ განიცადა რეორგანიზაცია და გააგრძელა იგივე საქმიანობა. რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირებისას, მუშაკთა განთავისუფლება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 108-ე მუხლების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ რ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება გამოცემული საერთოდ არ ყოფილა და იგი ფაქტობრივად სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე განთავისუფლდა სამსახურიდან.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორი აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ საპრეზიდენტო საბჭოს 29.05.04წ. დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტი და შესაბამისად მის სისტემაში შემავალი ქ. ბათუმისა და რ-ის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციები, მათ შორის, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაც. კასატორი თვლის, რომ რ. გ-ის განთავისუფლება განხორციელდა აჭარის ა/რ სამინისტროების და დეპარტამენტების სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 09.08.04წ. ¹93 ბრძანების საფუძველზე. კასატორი განმარტავს, რომ ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით 01.10.04წ. ფუნქციონირება შეწყვიტა ბათუმის საოლქო, ქობულეთის ზონალურმა და რაიონების ინსპექციებმა, მათ ნაცვლად შეიქმნა ბათუმის საგადასახდო ინსპექცია. ამავე ბრძანების შესაბამისად რაიონებში შექმნილია ბათუმის საგადასახადო ინსპექციის განყოფილებები, რომელთაც ხელმძღვანელობენ განყოფილების უფროსები ანუ რაიონებში საგადასახადო ინსპექციის მსგავსი წარმონაქმნები აღარ არსებობენ. კასატორი მიუთითებს, რომ ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსს, მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, მოადგილეებს და რაიონებში შექმნილ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის განყოფილების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი, ხოლო სხვა საჯარო მოსამსახურეებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ განჩინება გამოტანილია სამართლებრივი საფუძვლების შესწავლის გარეშე, ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით რ გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ პერიოდში მოქმედი ფინანსთა მინისტრის 28.05.03წ. ¹256 ბრძანებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების” I მუხლის I და II პუნქტების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც შედგებოდა ცენტრალური აპარატისგან, ავტონომიური რესპუბლიკების, მსხვილ გადამხდელთა, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციებისგან. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.02წ. ¹567 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, რომლის საფუძველზეც გამოიცა ფინანსთა მინისტრის 28.05.03წ. ¹256 ბრძანება, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მათი სტრუქუტრული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით. ამდენად, საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურის დამტკიცება, საგადასახადო ორგანოთა გარდაქმნა ან გაუქმება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. ფინანსთა მინისტრის 28.01.04წ. ¹38 ბრძანებით დადგინდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია, ფინანსთა მინისტრის 19.05.04წ. ¹336 ბრძანებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში შეიქმნა მითითებული უწყების ზოგიერთი ტერიტორიული ორგანო, მათ შორის ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, განისაზღვრა მათი სამოქმედო ტერიტორია და უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-4 მუხლის თანახმად, საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონის ნორმები. აღნიშნული კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. მითითებული მუხლის 97-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა,დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. გგ-ისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რ. გ-ეს 2004წ. ივნისში ეკავა შეგროვების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა. 04.06.04წ. ქობულეთის ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათბირზე განუცხადა მოსარჩელეს, რომ ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის გამო 30 ივნისიდან სხვა თანამშრომლებთან ერთად იგი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. 04.06.04წ. რ. გგ-ე ჩამოცილებულ იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილად არის ცნობილი, რომ ზემოაღნიშნული ქმედების შემდეგ რ. გგ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება საერთოდ არ ყოფილა გამოცემული. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლება უნდა გაფორმდეს ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. სამსახურიდან მოსამსახურის გათავისუფლების სხვა ფორმას, მათ შორის, სიტყვიერად სამსახურიდან გათავისუფლებას, კანონმდებლობა არ ცნობს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის IX თავი აწესრიგებს მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებას, რომელიც, კანონის 92.1 მუხლის შესაბამისად, ბრძანებით ან განკარგულებით ფორმდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. გ-ე თანამდებობიდან ოფიციალურად არ განთავისუფლებულა და სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისაგან უკანონოდ იქნა ჩამოცილებული.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 09.11.05წ. გადაწყვეტილებით, რომელიც ამჟამად გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული, რ. გ-ე აღდგენილ იქნა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით დადგინდა რ. გ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილებისგან უკანონოდ ჩამოცილების ფაქტი და მოპასუხეებს ფაქტობრივად მისი სამსახურში დაშვება დაევალათ.
საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ქობულეთის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ, დღეისათვის რაიონებში საგადასახადო ინსპექციების მსგავსი წარმონაქმნები აღარ არსებობენ, ამდენად შეუძლებელია რ. გ-ის უწინდელ თანამდებობაზე განმწესება. ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით დადგინდა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში საგადასახადო ინსპექციების, მათ შორის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქობულეთის განყოფილება. ამდენად, ქობულეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია სადღეისოდ გარდაქმნილია ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ქობულეთის განყოფილებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ რ. გგ-ის სამსახურში დაშვება ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ქობულეთის განყოფილებაში.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების” მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებში მოხელეთა დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ ფინანსთა მინისტრსა და მის გამგებლობაში შემავალ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს გააჩნიათ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაევალათ რ. გ-ის არა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ, მისი უწინდელ სამსახურებრივ უფლებამოსილებებში აღდგენა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა ამ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.
ყოველივე ზემოთაღიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.