საქმე №ას-551-522-2015 14 აგვისტო, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
მზია თოდუა, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.მ.
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.ფ.“, შპს „რ.ფ.“, შპს „რ.ი.ჯ.“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტისა და 6 აპრილის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათლად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ე.მ–მა (შემდგომში მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ქ.ფ–ის“, შპს „რ.ფ–ისა“ და შპს „რ.ი.ჯ–ის“ (შემდგომში მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა: სს „ქ.ფ–სა“ და შპს „რ.ფ–ს“ შორის 27.12.2011წ. დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების; სს „ქ. ფ–სა“ და შპს „რ.ი.ჯ–ს“ შორის 27.12.2011წ. დადებული წიდის ნასყიდობისა და შპს „რ. ი. ჯ–სა“ და შპს „რ.ფ–ს“ შორის 27.12.2011წ. დადებული წიდის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომაროების აღდგენა და სადავო გარიგებებით გასხვისებული ქონების სს „ქ.ფ–თვის“ დაბრუნება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ იმგვარ გარემოებაზე, როგორიცაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო გარიგებების მართლზომიერება, ამასთანავე, აღნიშნეს, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ, გაუმართლებელი იყო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო გარიგებები და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით შპს „რ.ფ–ის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმეს დაერთო ნოტარიუს მ.ე–ის 2015 წლის 17 მარტის სანოტარო აქტი (ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება) და ნოტარიუს მ.ე–ის 2015 წლის 18 მარტის წერილი, ხოლო შპს „რ.ფ–ს“ უარი ეთქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
5.1. გასაჩივრებული საოქმო განჩინების დასაბუთება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე, 382-ე მუხლების, 215-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებები შედგენილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ და ასახავდა იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დადგა. მხარეს ამ დოკუმენტების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამასთანავე, ამ მტკიცებულებებს მნიშვნელობა გააჩნდათ საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის. სასამართლოს შეფასებით, რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი სს „ქ.ფ–ის“ მე-6 რიგის კრედიტორ ე.მ–ს უფლება ჰქონდა, სადავო გაეხადა სს „ქ.ფ–ის“ მიერ დადებული გარიგებები, ხოლო, რადგანაც დავის საგანს აღიარებითი მოთხოვნა წარმოადგენდა და არა თანხის მიკუთვნება, არსებობდა დავის საგანი და არ იკვეთებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, პალატამ განმარტა ისიც, რომ შპს „რ.ფ–ის“ მიერ ე.მ–ის მოთხოვნის შესაბამისი თანხის დეპონირების შედეგად დაეკარგა თუ არა მოსარჩელეს მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო საჩივრებზე შეწყდა სამართალწარმოება.
6.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქ.ფ–სა“ და შპს „რ.ი.ჯ–ს“ შორის დაიდო ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ქ.ფ–ის“ საკუთრებაში არსებული ნაყარი წიდისა და ნაცრის სრული ოდენობა 3 916 418 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „რ.ი.ჯ–ს“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „რ.ი.ჯ.“ ნასყიდობის ფასს გადაიხდიდა საკუთრების უფლების გადაცემიდან მომდევნო 7 წლის თავზე, ანუ მე-7 წლის ბოლო დღეს. ამავე დღეს, 2011 წლის 27 დეკემბერს, შპს „რუსთავის ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ სს „ქ.ფ–გან“ 3 916 418 ლარად შეძენილი ნაყარი წიდა და ნაცარი 256 178 000 ლარად გაასხვისა შპს „რ.ფ–ზე“. შპს „რ.ი.ჯ–ს“ და შპს „რ.ფ–ს“ შორის დადებული ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რ.ფ–ს“ 256 178 000 ლარი უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ოქტომბრისა;
6.1.2. 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქ.ფ–ს“ და შპს „რ.ფ–ს“ შორის დაიდო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „რ.ფ–ს“ 77 846 000 ლარად გადაეცა სს „ქ.ფ–ის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური სიკეთე ხელშეკრულებაზე თანდართული დანართების მიხედვით, გარდა ნაყარი წიდისა და ნაცრისა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „რ.ფ.“ ნასყიდობის ფასს სრულად გადაიხდიდა საკუთრების უფლების გადაცემიდან მომდევნო 7 წლის თავზე, ანუ მე-7 წლის ბოლო დღეს;
6.1.3. სს „ქ.ფ–ის“ კრედიტორთა რეესტრის მიხედვით, შპს „მ.ი“ რეგისტრირებული იყო მე-6 რიგის კრედიტორად მოთხოვნით - 4553.48 ლარი;
6.1.4. შპს „მ–სა“ და ე.მ–ს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს „მ–მმა“ სს „ქ.ფ–ის“ მიმართ 4 553.48 ლარის მოთხოვნა დაუთმო ე.მ–ს;
6.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით სს „ქ.ფ–ის“ მე-6 რიგის კრედიტორად, შპს „მ–ის“ უფლებამონაცვლედ, დაშვებულ იქნა ე.მ;
6.1.6. სააპელაციო სასამართლოში შპს „რ.ფ–ის“ მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებით _ ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების შესახებ 2015 წლის 17 მარტის სანოტარო აქტით დგინდებოდა, რომ შპს „რ.ფ–ის“ დირექტორმა მოჰამად ფ.უ.ს–მა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა 4 553.48 ლარი ე.მ–ის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით;
6.1.7. 2015 წლის 18 მარტს ნოტარიუსმა მ.ე–მა წერილი გაუგზავნა ე.მ–ს და აცნობა, რომ 2015 წლის 17 მარტს მის სასარგებლოდ შპს „რ.ფ–ის“ დირექტორმა მ.ფ.უ.ს–მა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 4 553.48 ლარი;
6.1.8. ე.მ–ს აღნიშნული თანხა არ მიუღია.
6.1.9. პალატამ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენდა აღიარებითი ხასიათის სარჩელს, და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 180-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილ იურიდიული ინტერესს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა.
6.1.10. განსახილველი აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, გასხვისებული ქონება დაუბრუნდებოდა სს „ქ.ფ–ს“, რის შემდეგაც მოსარჩელეს მიეცემოდა შესაძლებლობა, რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი სს „ქ.ფ–ის“ კრედიტორთა რიგში დაეკმაყოფილებინა 4 553.48 ლარის მოთხოვნა და ეს თანხა მას რეაბილიტაციის რეჟიმში წინა რიგის კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდეგ მიეცემოდა.
6.1.11. პალატის შეფასებით, მოსარჩელეს მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი სახეზე იყო სარჩელის აღძვრის და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის პერიოდში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე აპელანტ შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენელმა მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „რ.ფ–მა“ მოსარჩელეს სს „ქ.ფ–ის“ ნაცვლად შეუსრულა 4 553.48 ლარის ვალდებულება ნოტარიუსთან დეპონირების გზით. იმავე სხდომაზე აღნიშნულ შესრულებას დაეთანხმა რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს მმართველი მ. ა.
6.1.12. მოსარჩელის განმარტებით, იგი უარს აცხადებდა შესრულების მიღებაზე, რადგან ასეთი შესრულება ეწინააღმდეგებოდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობას. მას გააჩნდა ობიექტური მოლოდინი იმისა, რომ ვალდებულების ამგვარი შესრულებით მოსარჩელე მიიღებდა ნაკლიან შესრულებას, რამუთუ მეექვსე რიგის კრედიტორის უპირატესად დაკმაყოფილება შესაძლოა სადავო გამხდარიყო რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი, მოვალის სხვა კრედიტორების მხრიდან.
6.1.13. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელია არსებობდეს შემდეგი ელემენტები: შესასრულებელი ვალდებულება; აღნიშნული ვალდებულების თავისებურებიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს იგი; მესამე პირის ნება, შეასრულოს აღნიშნული ვალდებულება კრედიტორის დასაკმაყოფილებლად და უნდა გამოირიცხოს ამგვარ შესრულებაზე მოვალის წინააღმდეგობა. მითითებული ნორმა მესამე პირს აძლევს შესაძლებლობას, მოვალის ნაცვლად იტვირთოს ვალდებულების შესრულება. მითითებული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც მესამე პირი შეასრულებს მოვალის ვალდებულებას, ამ უკანასკნელსა და კრედიტორს შორის წყდება ურთიერთობა. იმ მოცემულობაში კი, როდესაც სახეზე იყო მოვალის თანხმობა მესამე პირის მხრიდან მისი ვალდებულების შესრულებაზე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შესრულების მიღებაზე კრედიტორის მიერ უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შესრულება მიღებულად და ვალდებულება შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო.
6.1.14. მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, რომ ამგვარი შესრულება გადახდისუუნარობის მარეგულირებელ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა, სასამართლომ მიუთითა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-8 პუნქტზე, 46-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ რეაბილიტაციის გეგმისგან გადახვევა, შესაძლებელია, მხოლოდ კრედიტორთა თანხმობით. კრედიტორთა თანხმობაა ასევე საჭირო მოვალის ვალებისგან სრულად ან ნაწილობრივ გასათავისუფლებლად.
6.1.15. კონკრეტულ შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეაბილიტაციის კრედიტორთა თანხმობის ობიექტი იყო არა მესამე პირის - შპს „რ.ფ–ის“ მიერ სს „ქ.ფ–ის“ ვალდებულების შესრულება, არამედ, ამ შესრულების გამო, რაიმე ცვლილება, რამაც მოვალის აქტივების ან პასივების სრული ან ნაწილობრივი შემცირება შეიძლება გამოიწვიოს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავა, მართალია, მჭიდროდაა დაკავშირებული გადახდისუუნარობის საქმის სამართალწარმოებასთან, თუმცა ამ ორი დავის ფარგლებში განსახილველ საკითხთა წრე უნდა გაიმიჯნოს.
6.1.16. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შპს „რ.ფ–ის“ მიერ ნოტარიუსთან დეპონირების გზით ვალდებულების შესრულების შემდეგ მოსარჩელის მხრიდან შესრულების მიღებაზე უარი იმაზე მითითებით, რომ მის მიერ მოცემული დავის ფარგლებში 4 553.48 ლარის მიღება ეწინააღმდეგებოდა „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რადგან მის ინტერესს წარმოადგენდა უშუალოდ რეაბილიტაცის პროცესში გეგმის მიხედვით თანხის მიღება.
6.1.17. მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მხოლოდ კანონიერი გზით 4 553.48 ლარის მიღება. რაც შეეხებოდა სხვა კრედიტორთა ინტერესებს, სასამართლოს განმარტებით, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს რეაბილიტაციის მმართველი წარმოადგენდა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაეთანხმა მესამე პირის მხრიდან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს ვალდებულების შესრულებას. თუ კრედიტორები მიიჩნევდნენ, რომ რეაბილიტაციის მმართველის მოქმედებით (კონკრეტულ შემთხვევაში მესამე პირის შესრულებაზე მოვალის სახელით დათანხმებით) შეილახა მათი უფლებები, აღნიშნული უფლებების დაცვა შესაძლებელი იყო რეაბილიტაციის საქმის წარმოების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებით მოხდებოდა რეაბილიტაციის გეგმისგან გადახვევა და კრედიტორები მიიჩნევდნენ, რომ გეგმის ცვლილება ეწინააღმდეგებოდა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესს, მათ დასაბუთებული პრეტენზია რეაბილიტაციის წარმოების ფარგლებში შეეძლოთ წაეყენებინათ რეაბილიტაციის მმართველისათვის, თანახმად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა.
6.1.18. მოცემული სასარჩელო წარმოების ფარგლებში მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულება არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო ნაკლიან შესრულებად, რამეთუ სასარჩელო წარმოების ფარგლებში ამგვარი შესრულების აკრძალვას კანონმდებელი არ აწესებდა, ამასთან, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლით გათვალისწინებული დეპონირების გზით ვალდებულების შესრულების წინაპირობა. ამგვარ შესრულებას კანონმდებელი უკავშირებდა კრედიტორის მხრიდან შესრულების მიღების დაყოვნებას ან ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალისთვის კრედიტორის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „რ.ფ–მა“ შესთავაზა მოსარჩელეს მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულება. თუმცა, აღნიშნულ შეთავაზებაზე ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა უარი განაცხდა.
6.1.19. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მხარეს ობიექტურად გაუჩნდა მოლოდინი, რომ ვალდებულების შესრულების მიღებაზე მოსარჩელე კვლავ უარს განაცხადებდა, შესაბამისად, ვალდებულების დეპონირებით შესრულება კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
6.1.20. სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა.
6.1.21. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც სარჩელი დაუშვებლად იქნა მიჩნეული (რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის განუხილველად დატოვებაში გამოიხატებოდა), პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განხილვის ობიექტიც. ეს გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო საჩივრებზე სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
7. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტისა და 6 აპრილის განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
7.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. 2015 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატამ აპელანტის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები ისე დაურთო საქმეს, რომ არ გამოუკვლევია, რატომ არ წარადგინა აღნიშნული მტკიცებულებები შუამდგომლობის ავტორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში და რა საპატიო მიზეზი გააჩნდა მას აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის მხრივ, საპატიო მიზეზი არც შუამდგომლობის ავტორის მიერ იქნა მითითებული.
7.1.2. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 31 მარტის განჩინებაში აღნიშნა, რომ დეპონირების გათვალისწინებით, იურიდიული ინტერესი რომც არ ჰქონოდა მოსარჩელეს, პროცესუალური თვალსაზრისით საქმის წარმოებას ვერ შეწყვეტდა, ხოლო 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, სააპელაციო პალატამ სარჩელი დატოვა განუხილველად და საქმის წარმოება შეწყვიტა. სასამართლო დაეყრდნო პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით საქმეზე დართულ მტკიცებულებებს და დაასკვნა, რომ სახეზე არ იყო დავის საგანი, შედეგად კი საქმის წარმოება შეწყვიტა. მისივე მითითებით, 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით სასამართლო წინააღმდეგობაში მოვიდა 2015 წლის 31 მარტის განჩინების სამართლებრივ შეფასებასთან, რომ სახეზე არ იყო საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობა.
7.1.3. 2015 წლის 6 აპრილის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსარჩელეს არ აქვს ინტერესი, შესრულება მიიღოს კანონის დარღვევით, არამედ მისი სურვილი და კანონიერი ინტერესია, მიიღოს დაკმაყოფილება რეაბილიტაციის დამტკიცებული გეგმის რიგითობის საფუძველზე, რათა კრედიტორებს არ ჰქონდეთ თუნდაც ჰიპოთეტური უფლება, თანხის მიღების ლეგიტიმურობაში შედავებისა.
7.1.4. სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლით, რადგან მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება შეიძლება გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მხარეთა ნებას თავისუფალი სამართალურთიერთობების პირობებში და არა საწარმოს გადახდისუუნარობის რეჟიმში, რაც სპეციალური წარმოებაა და განსაზღვრული მიზნები გააჩნია. ასეთი სახით მოსარჩელის მართლზომიერ დაკმაყოფილებას ასევე გამორიცხავს ის ფაქტობრივი ვითარებაც, რომ შპს „რ.ფ–ს“ გააჩნია 70 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება სს „ქ.ფ–ის“ მიმართ, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი ყოველი თანხა ჯერ უნდა შევიდეს სამეურვეო მასაში და შემდეგ განაწილდეს რიგითობით კრედიტორებზე. ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია სხვა კრედიტორთა პოზიცია, ეთანხმებოდნენ თუ არ ეს უკანსაკნელნი ვალდებულების ამგვარ შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინებების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. ვინაიდან სპეციალური კანონით არ არის რეგულირებული ზემდგომ სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის წესები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.3. საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე:
1.3.1. 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქ.ფ–სა“ და შპს „რ.ი.ჯ–ს“ შორის დაიდო ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 3 916 418 ლარად სს „ქ.ფ–ის“ საკუთრებაში არსებული ნაყარი წიდისა და ნაცრის სრული ოდენობა საკუთრებაში გადაეცა შპს „რ.ი.ჯ–ს“. მხარეთა შეთანხმებით, შპს „რ.ი.ჯ.“ ნასყიდობის ფასს გადაიხდიდა საკუთრების უფლების გადაცემიდან მომდევნო 7 წლის თავზე. ამავე დღეს, 2011 წლის 27 დეკემბერს, შპს „რ.ი. ჯ–მა“ სს „ქ.ფ–ისაგან“ 3 916 418 ლარად შეძენილი ნაყარი წიდა და ნაცარი 256 178 000 ლარად გაასხვისა შპს „რ.ფ–ზე“. შპს „რ.ი.ჯ–სა“ და შპს „რ.ფ–ს“ შორის დადებული ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რ.ფ–ს“ 256 178 000 ლარი უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ოქტომბრისა;
1.3.2. 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქ.ფ–სა“ და შპს „რ.ფ–ს“ შორის დაიდო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „რ.ფ–ს“ 77 846 000 ლარად გადაეცა სს „ქ.ფ–ის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური სიკეთე ხელშეკრულებაზე თანდართული დანართების მიხედვით, გარდა ნაყარი წიდისა და ნაცრისა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „რ.ფ.“ ნასყიდობის ფასს სრულად გადაიხდიდა საკუთრების უფლების გადაცემიდან მომდევნო 7 წლის თავზე, ანუ მე-7 წლის ბოლო დღეს;
1.3.3. სს „ქ.ფ–ის“ კრედიტორთა რეესტრის მიხედვით, შპს „მ.“ რეგისტრირებული იყო მე-6 რიგის კრედიტორად, მოთხოვნით - 4553.48 ლარი;
1.3.4. შპს „მ–სა“ და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს „მ–მა“ სს „ქ.ფ–ის“ მიმართ 4 553.48 ლარის მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს;
1.3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით სს „ქ.ფ–ის“ მე-6 რიგის კრედიტორად, შპს „მ–ის“ უფლებამონაცვლედ, დაშვებულ იქნა მოსარჩელე;
1.3.6. სააპელაციო სასამართლოში შპს „რ.ფ–ის“ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებით _ ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების შესახებ 2015 წლის 17 მარტის სანოტარო აქტით დადგინდა, რომ შპს „რ.ფ–ის“ დირექტორმა მ.ფ.უ.ს–მა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა 4 553.48 ლარი მოსარჩელის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით;
1.3.7. 2015 წლის 18 მარტს ნოტარიუსმა მ.ე–მა წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2015 წლის 17 მარტს მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „რ.ფ–ის“ დირექტორმა მ.ფ.უ.ს–მა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 4 553.48 ლარი;
1.3.8. მოსარჩელეს დეპოზიტზე განთავსებული თანხა არ მიუღია.
1.4. ზემოაღნიშნული გარემოებები კერძო საჩივრის ავტორის მიერ შედავებული არ არის და მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ საკასაციო პალატისათვის, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
1.5. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის 2015 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დასაშვებად ცნო შპს „რ.ფ–ის“ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები: სანოტარო აქტი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შესახებ და ნოტარიუსის წერილი კრედიტორისადმი, რომლითაც მას დეპონირების გზით მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე ეცნობა. გარდა აღნიშნულისა, მითითებული საოქმო განჩინების გაუქმებას მხარე იმ საფუძვლითაც მოითხოვს, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტ შპს „რ.ფ–ის“ შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს მტკიცებულებათა არასწორად დაშვების თაობაზე და განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეზღუდული აპელაციის პრინციპს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა, ნორმის ეს დანაწესი არ არის აბსოლუტური და 380-ე მუხლით მოწესრიგებულია სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის საკითხი. ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ასევე საპატიო მიზეზის ცნებას და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გვთავაზობს მის არასრულ ჩამონათვალს: მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსაკუთრებული ობიექტური გარემოების ფართო ცნებიდან და მისი შეფასებითი ბუნებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ნორმაში ჩამოთვლილ სხვა მიზეზთაგან განსხვავებით, ობიექტური გარემოების მტკიცებისათვის სპეციალურ სტანდარტს არ გვთავაზობს კანონმდებელი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს მიზეზის საპატიოობა და შესაბამისად გადაწყდეს შუამდგომლობის ბედიც.
1.8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სანოტარო აქტი, რომლითაც მესამე პირმა შეასრულა მოსარჩელის მიმართ ვალდებულება, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შემდეგაა შექმნილი, ანალოგიურად უნდა შეფასდეს ნოტარიუსის წერილი მოსარჩელის მიმართ. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს იმ განსაკუთრებულ ობიექტურ მიზეზს, რის გამოც შპს „რ.ფ–ის“ შუამდგომლობა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.
1.9. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგანაც 2015 წლის 31 მარტს სასამართლომ უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტაზე, ხოლო 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით შეწყვიტა იგი, ვერც აღნიშნულს გაიზიარებს პალატა და განმარტავს, რომ პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საქმის წარმოების შეწყვეტასა და აღიარებითი სარჩელის იურიუდიული ინტერესის არარსებობის გამო, სარჩელის განუხილველად დატოვებას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. საქმის წარმოების შეწყვეტა რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და კანონმდებელი გვთავაზობს კონკრეტულ ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება დაედოს საფუძვლად ამ საპროცესო მოქმედებას, მათ შორისაა ნორმის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავის საგნის არარსებობა, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ანალოგიურ დათქმას არ ითვალისწინებს 278-ე მუხლი, არამედ ნორმა დასაშვებად მიიჩნევს იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულმა პირმა კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით. ამასთანავე, განსხვავებულია 275-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები, რომელიც არ არის ამომწურავი და სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლად საპოცესო კოდექსი ასევე მიიჩნევს 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესის არარსებობას (სსსკ 186-ე მუხლი).
1.10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების გამო, მოსარჩელეს არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მოთხოვნის მიმართ, პროცესუალური თვალსაზრისით, მან სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით და სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის გამო, მართებულად დატოვა განუხილველად სარჩელი, შესაბამისად, სწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ხოლო სააპელაციო საჩივრის საგნის არარსებობის მოტივით შეწყვიტა წარმოება სააპელაციო საჩივრებზე.
1.11. სააპელაციო პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე წარდგენილი პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
1.11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სს „ქ.ფ–ის“ დირექტორ ი. მ–ის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ქ.ფ–ის“ მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, ხოლო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა სს „ქ.ფ–ის“ კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება რეაბილიტაციის მმართველად მ.ა–ის დანიშვნის შესახებ. მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილული და მოწონებული რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცებულ იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ.
1.11.2. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს მე-6 რიგის კრედიტორ შპს „მ–ის“ უფლებამონაცვლეს.
1.11.3. წინამდებარე საქმეზე აღძრული დავის საგანია რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს მიერ დადებული გარიგებების, ასევე ამ გარიგებებით განკარგული სიკეთის თაობაზე მესამე პირთა შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობა.
1.11.4. საკასაციო პალატა მითითებულ გარემოებათა სწორი სამართლებრივი შეფასების მიზნით განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი სამართალწარმოების სპეციალურ წესებს გვთავაზობს, რომლებიც ემსახურება მთავარ მიზანს _ მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერ დაცვას, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კანონის რეგულირების სფეროდან მნიშვნელოვანია მე-11 მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც აღიარებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირის უფლება, მიმართოს სასამართლოს საერთო სასარჩელო წესით. მოცემულ შემთხვევაში, ე.მ–ის აღიარებითი სარჩელი, სწორედ კანონის მე-11 მუხლის ფარგლებშია აღძრული და მიმართულია გარიგებების ბათილად ცნობის გზით, მისი, როგორც კრედიტორის ინტერესების დაცვისკენ, რათა მას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, მიიღოს კუთვნილი თანხა.
1.11.5. როგორც წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.6. და 1.3.7. პუნქტებშია აღნიშნული, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე, მესამე პირმა შეასრულა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, რამაც განსახილველ სარჩელს იურიდიული ინტერესი დაუკარგა.
1.11.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი დანაწესი საერთო სასარჩელო წესით სადავოდ გამხდარი ვალდებულების მესამე პირის მიერ შესრულებას არ გამორიცხავს, კანონი არ ითვალისწინებს რაიმე აკრძალვას, რომლის საწინააღმდეგოდაც შეიძლება განვიხილოთ მესამე პირის ქმედება. შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი შემადგენლობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის გამოყენება კანონიერია, ამასთან, სახეზე არ გვაქვს შესრულების მიღების ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემაფერხებელი წინაპირობა. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების მესამე პირის მიერ შესრულებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა არ დარღვეულა.
1.12. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებები მატერიალური და საპროცესო ნორმების სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ დასაბუთებულ შედავებაზე, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესეო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტისა და 6 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: მ. თოდუა
ე. გასიტაშვილი