Facebook Twitter
საქმე №ას-813-764-2015 28 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ.-ი (მოსარჩელე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა


დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა


აღწერილობითი ნაწილი:


II. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები

1. ი. კ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 13 დეკემბრის ნასყიდობის N1-2196 ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე ი. კ.-ს, ძველად ი. გ.-ი საკუთრებაში ჰქონდა სახლი მდებარე წ.-ი, კ.-ას ქუჩა N57-ში, რაც დასტურდება ტექბიუროს და საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტებით. ი. კ.-ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ხოლო მის საკუთრებაში არსებული წ.-ს სახლი დატოვებული ჰქონდა დაკეტილ მდგომარეობაში. ისე, რომ ის არავისზე არ ჰქონდა მიბარებული. 2004 წლის 19 სექტემბერს, რუსეთში დავით გრიგორიადისმა თავისი მეუღლის სახელზე ყალბი ბეჭდის გამოყენებით დაამზადა ყალბი მინდობილობა, რომლის სიყალბეც შემდგომში დადასტურებულია პროკურატურისა და ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 18.12.2007წ.-ის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. სწორედ ამ ყალბი მინდობილობით ვითომდა ი. გ.-მა, დ.გრიგორიადისის მეუღლეს ლუდმილა თ.-ვილს გადასცა (გენერალური) მინდობილობა, რომელიც ვითომდა ნოტარიულად დამოწმებული იყო რუსეთში. 2004 წლის 13 დეკემბერს ლუდმილა თ.-ვილმა ყალბი მინდობილობის გამოყენებით მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე წ.-ი, კ.-ას ქ.N57 მიჰყიდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტებისათვის გადასაცემად. სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადაუხადა 2,200 აშშ დოლარი. ამის გამო მართალია, დ.გრიგორიადისი გასამართლებულ იქნა, თუმცა მოსარჩელის ქონება მას უკან არ დაბრუნებია. ქონება დღესაც იმყოფება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე (მესაკუთრე - სახელმწიფო). სარჩელის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 13 დეკემბრს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება მის საცხოვრებელ სახლზე, მდებარე წ.-ი, კ.-ას ქუჩა N57-ში.

III. მოპასუხის პოზიცია

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

IV. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 13 დეკემბრის N1-... ნასყიდობის ხელშეკრულება.

V. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

6. გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

VI. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2004 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელე ი. კ.-ს, ძველად ი. გ.-ი (იხ. გვარის შეცვლის დოკუმენტი) საკუთრების უფლებით გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქალაქ წ.-ი, კ.-ას ქუჩა N...-ში.

9. 2007 წლის 18 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დავით გრიგორიადისმა, თავისი მეუღლის ლ. თ.-ვილის სახელზე, ყალბი ბეჭდის გამოყენებით დაამზადა რუსულენოვანი ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსარჩელე ი. გ.-ი (ი. კ.-ი) ქ. წ.-ი მდებარე თავის კუთვნილ უძრავ ქონებას გაყიდვის უფლებით ანდობდა ლ. თ.-ვილს.

10. 2004 წლის 13 დეკემბერს ი. გ.-ის (ამჟამად, ი. კ.-ი) არაუფლებამოსილ წარმომადგენელს (რუსულენოვანი ყალბი მინდობილობის გამოყენებით) ლ. თ.-ვილსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის, სანოტარო წესით, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N1-... წ.-ს რაიონში, კ.-ას ქუჩა N...-ში ი. გ.-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სახელმწიფოს მიერ შესყიდვის თაობაზე.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2004 წლის 13 დეკემბერის N1-2196 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 2200 აშშ დოლარი გადასცა ლ. თ.-ვილს, რომელმაც თავის მხრივ მათ ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა წ.-ს რაიონში, კ.-ას ქ.N...-ში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.

12. 2014 წლის 16 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ წ.-ი, მ.კ.-ას ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო.

13. კანონიერ ძალაში შესული 2007 წლის 18 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით გრიგორიადისი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო.

14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკუთრების უფლების შინაარსიდან გამომდინარე, მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული ქონების განკარგვა.

15.სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

16. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

17. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. ამავე კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

18. ამდენად, თუ გარიგება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშეა დადებული, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ წარმოდგენილი პირი დაეთანხმება აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, თუ ი. კ.-ი დაეთანხმებოდა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ლ. თ.-ვილს (როგორც ი. კ.-ის წარმომადგენელს) შორის დადებულ ხელშეკრულებას, ეს უკანასკნელი დადებულად ჩაითვლებოდა.

19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის მინდობილობის გაფორმებისას მესაკუთრე ი. კ.-ს ნება არ გამოუვლენია. მას არც შემდგომში გამოუხატავს ნება ხელშეკრულების დადებაზე. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნასყიდობის საგნის მესაკუთრეს არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ გამოუვლენია ნება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე.

20. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

21. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. უცილოდ ბათილად ითვლება ყოველგვარი გარიგება, რომელიც არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირთათვის. არარა გარიგება მისი დადების მომენტიდან ბათილია და ამდენად, მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც მხარეთა ნება და ვერც სასამართლო გადაწყვეტილება.

22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია იგი იზიარებდა პოზიციას საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის თაობაზე შემძენის სასარგებლოდ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული არ საჭიროებდა შეფასებას, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხის კეთილსინდისიერების ფაქტი სადავო ნასყიდობის გარიგების დადების მიმართ გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო აქტის ნაკლის მიმართ უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა. სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს წინდახედულების უფრო მაღალი სტანდარტი მოეთხოვება გარიგებების დადებისას (მიუხედავად რეესტრის ჩანაწერის სისწორისა), რაც მას არ გამოუყენებია.

VII. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

24. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ცნოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის, ვინაიდან კეთილსინდისიერი შემძენის თაობაზე სხვადასხვა საქმეებში უზენაესი სასამართლოს მიერ გამოთქმული განმარტებები და დადგენილი პრინციპები მოცემულ შემთხვევაში, არც სააპელაციო და არც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა.

25. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 107 (1)-ე, 111(1)-ე, 170(1) და 477-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ნასყიდობა გაფორმდა რა გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე, სახეზე არ არის მესაკუთრის ნამდვილი ნება. ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა, მოცემულ შემთხვევაში, სამინისტრო რამდენად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერი შემძენის კრიტერიუმებს და რატომ არ უნდა მოქცეულიყო ის იმ სამართლებრივი ნორმების დაცვის ქვეშ, რომელიც გარიგებაში მონაწილე კეთილსინდისერი შემძენის ინტერესებს იცავს. არადა ის ფაქტი, რომ კასატორის მიერ უძრავი ნივთის შესყიდვა განხორცილედა უძრავი ნივთის ნასყიდობის პირობების სრული დაცვით, სადავოდ არ გაუხდია არც მოწინააღმდეგე მხარეს და არც სასამართლოს. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ იგი გაფორმდა წერილობითი ფორმით, დამოწმებული იქნა სანოტარო წესით და შემდგომში, მოქმედი კანონმდებლობის დაცვითვე, მოხდა შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

26. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმციიდან გამომდინარე, რომელსაც განამტკიცებს როგორც „საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამინისიტროს საკამრისი საფუძველი ჰქონდა ეჭვი არ შეეტანა ი. გ.-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერში, რომლის თანახმად, მისი მარწმუნებელი წარმოადგენდა წ.-ს რაიონში, კ.-ას ქ.№57-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს.

27. ასევე, კასატორმა მიუთითა, რომ ლ. თ.-ვილის მიერ წარმოდგენილ მინდობილობას გააჩნდა ყველა ის საჭირო ფორმა და რეკვიზიტი, რაც მისი ნამდვილობისთვის არის საჭირო და ამასთან, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დამხარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვეციის მე-13 მუხლის საფუძველზე, რომელსაც საქრთველო 2004 წელს მიუერთდა, სამინისტრო არ იყო ვალდებული თავად შეემოწმებინა გამოყენებული მინდობილობის ნამდვილობა და ამის არც ფაქტობრივი შესაძლებლობა არ გააჩნდა. საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტისაგან განსხვავებით, რომლის შემოწმებაც დღეის მდგომარეობით შესაძლებელია სანოტარო რეესტრის მეშვეობით, რუსეთის ფედერაციაში ასეთი სანოტარო რეესტრი არ არსებობდა არც გარიგების დადების დროს (2004წ.) და არც დღეს. რის გამოც, ამ დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრება, რომ სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამდასტურებელი სანოტარო აქტის ნაკლის მიმართ უფრო მეტი წინდახედულობა უნდა გამოეჩინა, სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით უკანონო და დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

28. კასატორმა განმარტა, რომ ვინაიდან იგი კეთილსინდისერი შემძენია, მით უფრო, როდესაც გარიგება დადებულია ისეთ პირობებში, რომ პირს კეთილსინდისიერად მიაჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა, მაშინ მისი ბათილობა დაუშვებელია. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუ წარმომადგენელი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.


სამოტივაციო ნაწილი:


VIII. საკასაციო პალატის დასკვნები

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ნასყიდობის სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, როგორც შემძენის კეთილსინდისიერებას ემყარება.

32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კეთილსინდისიერებისთან მიმართებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

33. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.

34. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი მაშინ, როდესაც სადავოდ არის გამხდარი მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულებაა კეთილსინდისიერია ანუ, საქმე გვაქვს ისეთ გარემოებასთან, როდესაც შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო.

36. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის დებულებანი იცავენ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავ ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან, ან არ არის სრულყოფილი, რისი არ ცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად.

37. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (საკასაციო პალატის მოცემული მსჯელობა შესაბამისობასია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან იხ., სუსგ 21.07.2014წ. საქმე №ას-355-334-2014; სუსგ 14.07.2014წ. საქმე №ას-375-352-2014).

38. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2004 წლის 13 დეკემბერს ი. გ.-ის (ამჟამად, ი. კ.-ი) არაუფლებამოსილ წარმომადგენელს (რუსულენოვანი ყალბი მინდობილობის გამოყენებით) ლ. თ.-ვილსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის, სანოტარო წესით, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N1-2196 წ.-ს რაიონში, კ.-ას ქუჩა N57-ში ი. გ.-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სახელმწიფოს მიერ შესყიდვის თაობაზე.

39. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ქონება გასხვისდა არა საჯარო რეესტრში ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ, არამედ მისი მინდობილი წარმომადგენლის მიერ. შესაბამისად, შემძენი ენდობოდა არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისწორეს, არამედ ისინი ენდობოდნენ მინდობილობას, რომლის სიყალბეც დადგინდა საქმის მასალებით, ხოლო მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას კი, კანონდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმეზე N3კ/624-02), რომელშიც დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას: სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტის არსებობას. უფლებამოსილება უნდა იყოს ნამდვილი. აგრეთვე იხ., სუსგ საქმეზე Nას-706-669-2013, 22 ოქტომბერი, 2013წელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებების გაფორმებისას უძრავი ნივთის ნამდვილ მესაკუთრეს, მოსარჩელე ი. კ.-ს, არ გამოუვლენია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების ნება.

40. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად კი, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

41. საკასაციო პალატის განმარტებით, საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.

42. სამოქალაქო კოდექსის 111-ე, 170-ე მუხლების თანახმად, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. კერძოდ, მან შეიძლება გაასხვისოს, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთოს ან მოგების მიღების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იგი სხვა პირს.

43. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც 2004 წლის 13 დეკემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ნივთის ნამდვილ მესაკუთრეს, ი. გ.-ის, არ გამოუვლენია წ.-ი, კ.-ას ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გასხვისების ნება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები ვერ დაიცავდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინტერესებს.

44. საკასაციო პალატის განმარტებით ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რომლის იგნორირებამაც შეიძლება ბრუნვის მონაწილე არაკეთილსინდისიერ მონაწილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომელმაც სადავო გარიგებით შეიძინა უძრავი ქონება ეკოემიგრანტებისათვის. აღნიშნული კი, წარმოშობს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული მსჯელობის საფუძველს მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასყიდლიანი გარიგებების გაფორმება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების აუცილებლობა, მათ შორის, უფლებრივი ნაკლის გამორიცხვა უცხო არ უნდა ყოფილიყო. სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს წინდახედულების უფრო მაღალი სტანდარტი მოეთხოვება გარიგებების დადებისას (მიუხედავად რეესტრის ჩანაწერის სისწორისა), რაც მას არ გამოუყენებია. შესაბამისად, მისთვის უძრავი ქონება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო აქტის ნაკლის მიმართ უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა.

45. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

46. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც მოხმობილია მოცემულ განჩინებაში და რომელიც შეეხება გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე ნივთის შემძენის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემას.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

51. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი



მოსამართლეები: ნ. ბაქაქური



ბ. ალავიძე