Facebook Twitter
საქმე №ას-960-909-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ვ. ე-ი (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღუარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:
ვ. ე-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ აწ გარდაცვლილი მეუღლის _ ლ. ტ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების _ 328,85 ლარისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით განმარტა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რადგანაც იგი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3-წლიან ვადაში არ ყოფილა აღძრული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალქალაის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ტ-ი 2006 წლამდე მუშაობდა შპს „ს-ის“ ახალქალაქის რაიონის სოფელ კარტიკამის ფილიალში.
5.1.2. შპს „ს-ას“ ლ. ტ-ის მიმართ გაუცემელი დარჩა 2004 წლის სახელფასო დავალიანება 237,36 ლარი; 2005 წლის სახელფასო დავალიანება _ 66,96 ლარი; 2006 წლის სახელფასო დავალიანება _ 24,53 ლარი; სულ _ 328,85 ლარი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას მოპასუხე კომპანიას ლ. ტ-ისათვის არ გადაუხდია არსებული სახელფასო დავალიანება.
5.1.3. ლ. ტ-ი გარდაიცვალა 2012 წლის 14 მაისს. მოსარჩელე არის ლ. ტ-ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე.
5.1.4. მხარეთა შორის სადავო სარჩელის ხანდაზმულობის საკითხია. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლომ, სამოქალქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ასევე, სამ წელს შეადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, თანახმად, ამავე ამავე ნორმის მე-2 ნაწილისა. სასამართლოს დასკვნით, სადავო არ იყო, რომ ლ. ტ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2006 წელს და წარმოეშვა საბოლოო ანგარიშსწორების უფლება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ლ. ტ-ისათვის სწორედ ამ დროიდან იყო ცნობილი უფლების დარღვევის შესახებ. წინამდებარე სარჩელი აღძრული იყო მხოლოდ 23.02.2015წ, ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.
5.1.5. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. აპელანტის მიერ მითითებული განცხადებები, პალატის დასკვნით, ვერ შეფასდებოდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დასრულების შემდეგ მისი შეწყვეტა დაუშვებელია.
5.1.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 144-ე მუხლის პირველი ნაწილით, 145-ე მუხლით და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. კასატორის მეუღლე 2004-2006 წლებში მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. 2006 წელს შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა არ მიუღია არც ხელფასი და არც საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელებულა. მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მოთხოვნას გააქარწყლებდა. კოლეგიური შემადგენლობის სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც ის ითხოვდა დავალიანების ანაზღაურებას. სასამართლომ ასევე არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ის დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა სხვა პირებთან ერთად მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორისადმი 29.03.2010წ. მიმართვა 2004-2006 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. კასატორმა ასევე მიუთითა მის 04.04.2011წ; 06.08.2012წ; 03.07.2013წ. მიმართვებზე შპს „ს-ის“ ხელმძღვანელი პირებისადმი, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. 17.07.2013წ. საჩივრით მიმართა, ასევე, საქართველოს მთავარ პროკურორს, რომლის მეშვეობითაც 12 მუშაკმა მიიღო ანაზღაურება.
6.1.2. კასატორის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო პალატამ, რადგანაც სხდომაზე იმყოფებოდა რუსული ენის თარჯიმანი, ხოლო აპელანტმა იცის არა რუსული, არამედ სომხური ენა, აღნიშნულით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი.
6.1.3. 11.06.2015წ. 11:00 საათზე დაინიშნა სასამართლო სხდომა და მგზავრობისათვის კასატორმა გადაიხადა 120 ლარი. იმ დღეს ეცნობა, რომ სხდომა არ შედგებოდა, ხოლო ახალი სხდომა დაინიშნა 16.07.2015წ. 10:00 საათზე.
6.1.4. სასამართლომ თავად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც აპელანტს წარდგენილი ჰქონდა მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა 10 წეილია, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დარღვეული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ აწ გარდაცვლილი ლ. ტ-ი შპს „ს-იდან“ გათავისუფლდა 2006 წელს, სახელფასო დავალიანების მოთხოვნით სარჩელი კი, 2015 წლის 23 თებერვალსაა აღძრული, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რაც მოცემულ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეს არ დაუცავს, შესაბამისად, პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 144-ე-145-ე მუხლებით და სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან მიმართებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამასთანავე, ნორმით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს. საქმეში წარმოდგენილი მიმართვებით, რომელთა შეფასაბასაც სადავოდ ხდის კასატორი, ნორმის შემადგენლობა არ დასტურდება.
1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი პოზიცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს ხდომის ოქმის შესწავლით დასტურდება აპელანტის ჯეროვანი კომუნიკაცია სასამართლო სხდომაზე, ამ მხრივ მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც დაუსაბუთებელს ხდის მხარის შედავებას.
1.6. რაც შეეხება სასამართლო სხდომის გადადებასა თუ გარკვეული ხარჯების გაწევას, მას პალატა ვერ შეაფასებს, ვინაიდან საქმის განხილვის გადადება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები).
1.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, ვ.ე-ს უნდა დაუბრუნდეს ისინი 11 (თერთმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.70-80).
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. ვ.ე-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 11 (თერთმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.70-80).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. ალავიძე




მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი




ნ. ბაქაქური