Facebook Twitter
№010210014605262

საქმე №ას-23-23-2016 09 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ- ჯ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით ლ- ჯ-ძის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამფუძნებელი პარტნიორის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ- ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 26 აგვისტოს №ს-504 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის აღდგენა შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” დირექტორის თანამდებობაზე, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. მოპასუხისათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება 2014 წლის 26 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად, 500 ლარის ოდენობით.


II. მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით გაუქმდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 26 აგვისტოს №ს-504 ბრძანების მე-2 პუნქტი და მე-6 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც შპს „ბ--ის ნ-- ქარხნის” დირექტორ ლ- ჯ-ძის მიერ 2013 სამეურნეო წელს გაწეული საქმიანობა ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად და მისგან გამომდინარე იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. მოსარჩელეს უარი ეთქვა შპს „ბ--ის ნ-- ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურებაზე.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. ლ- ჯ--ძის სააპელაციო მოთხოვნას წამოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების დარეგისტრირება. აგრეთვე, მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის სახით, 2014 წლის 26 აგვისტოდან, სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნას კი - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ- ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „ბ-ის ნ- ქარხანა” წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილის მფლობელ საზოგადოებას, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

7. 2012 წლის 19 დეკემბრის №521 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” დირექტორის თანამდებობაზე და იმავე წლის 20 დეკემბერს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც პარტნიორსა და ლ-ჯ-ძეს, როგორც შპს „-ქარხნის” დირექტორს, შორის გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ამ ხელშეკრულებით პარტნიორი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო დირექტორი სათანადო სამუშაო პირობებით, ხოლო დირექტორი - ვალდებულებას გაძღოლოდა საწარმოს კეთილსინდისიერად. დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 500 ლარით.

ხელშეკრულების მე-7 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორი უფლებამოსილი იქნებოდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეეწყვიტა ხელშეკრულება და გაეთავისუფლებინა დირექტორი თანამდებობიდან.

8. 2014 წლის 26 აგვისტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება №ს-504 შპს „ბ--ის ნ-ქარხნის” 2013 წლის სამეურნეო საქმიანობის შედეგების, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებისა და დირექტორის ცვლილების შესახებ.

აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს „ბ-ის ნ-ქარხნაში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის მიერ ჩატარებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტორული ანგარიში (2010 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე). ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” 2013 წლის 01 იანვრიდან - 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ლ-- ჯ--ძეს შორის, 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულება. ასევე, მოქალაქე ნ-თ----ის განცხადება.

აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ბ--ის ნ-ქარხნის” დირექტორ ლ- ჯ--ძის მიერ 2013 სამეურნეო წელს გაწეული საქმიანობა ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად საფინანსო და საანგარიშო დისციპლინის დაცვისა და სამეურნეო საქმიანობაში არსებული შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანებისათვის, რაც გამოიხატა:

1) 2013 წლის წლიური შედეგების დაგვიანებით წარდგენაში;
2) შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე ქონებისა და მოგების გადასახადის დეკლარაციების რემოდენიმეჯერ დაკორექტირებაში; საგადასახადო ვალდებულებების არასათანადოდ აღრიცხვაში;
3) არაეფექტური, არამიზნობრივი და უკანონო ხარჯების გაწევაში; წინასწარ შემუშავებული დებულების გარეშე პრემიის გაცემაში;
4) შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის გარეშე იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის საწვავის ხარჯვაში;
5) 2013-2014 წლების ბიზნეს-გეგმის წარუდგენლობაში;
6) საშტატო დისციპლინის გაუმჯობესებისათვის ქმედითი ზომების მიუღებლობაში;
7) დებიტორული დავალიანებების ამოსაღებად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიუღებლობაში;
8) ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპოტო საშუალების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საზოგადოების სახელზე რეგისტრაციისათვის ქმედითი ზომების მიუღებლობაში;
9) შემოსავლების ზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით გაცემული წერილობითი ნებართვის ფარგლებში, ბალანსზე რიცხული ქონების იჯარით გაცემაზე შესაბამისი არუმენტაციის გარეშე ზომების მიუღებლობაში;
10) სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის ძირითად ნაწილზე შესაბამისი დოკუმენტაციის შეუდგენლობაში;
11) დამფუძნებელ პარტნიორთან შეუთანხმებლად ქონების მართვის წესების უგულვებელყოფით ნავთობ-პროდუქტების მიღება-გაცემისათვის საჭირო მოწყობილობა-ნაგებობების განთავსებაში (ე.წ. წერო);
12) დამფუძნებელი პარტნიორის უფლებამოსილებების განმახორციელებელ ორგანოსთან არაკოორდინირებულ, არაკომუნიკაბელურ და არასინქრონულ მუშაობაში.

9. ბრძანების მე-6 პუნქტით, 2013 წლის სამეურნეო საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ლ-ჯ-ძეს შორის 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” დირექტორი ლ-- ჯ-ძე გათავისუფლებლდა დაკავებული თანამდებობიდან.

10. შპს „ბ---ის ნავთობგადადამამუშავებელი ქარხნის” დირექტორის თანადებობაზე ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით დაინიშნა ნ- თ----ე.

11. ამავე ბრძანებით, პარტნიორის მიერ აღიარებული იქნა, რომ საზოგადოებამ სამეურნეო წელი დაასრულა ფინანსური მოგებით, მაშინ როცა წინა წლები სრულდებოდა ყოველთვის ზარალით. ასევე, საზოგადოების პარტნიორის მიერ დამტკიცდა საზოგადოების წესდება ახალი რედაქციით, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა ჯერ კიდევ 2005 წლის რედაქციით.

12. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-14 დავალებისა და შპს „ბ--ის ნ-- ქარხნის დირექტორის 2014 წლის 23 იანვრის №14 წერილის საფუძველზე, შპს „ბ------ის ნ-ქარხანაში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა 2013 წლის 01 იანვრიდან - 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდის აუდიტორული შემოწმება, რაზედაც შედგა აუდიტის ანგარიში, რომლის მიხედვით:

13. დამფუძნებლის მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ქარხანას არ გააჩნდა 2013 წლის მოსალოდნელი შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების საგეგმო საპროგნოზო მაჩვენებლები - ბიზნეს-გეგმა და ქარხნის ძირითადი საქმიანობის ანალიზი განხილული იყო მხოლოდ ფაქტიური მონაცემებით.

14. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში, ქარხანას არ ჰქონდა შემოსავლები და იგი დაკავებული იყო, მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებით, სრულიად გაუმართლებელს წარმოადგენდა 2013 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში დირექტორის მიერ საშტატო განრიგის მიხედვით 33 საშტატო ერთეულის დამტკიცება 12600 ლარის ხელფასის ფონდით თვეში, მით უმეტეს რეალიზაციიდან ფულადი შემოსავლების მთავარი ობიექტი შპს „ს--ჯ--პ--ი“ არ საჭიროებდა თანმდევ მომსახურეობას.

15. 2013 წლის აგვისტოს თვეში დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი 34 კაცზე 26 საშტატო ერთეული 10255 ლარის ხელფასის ფონდით თვეში.

16. 2013 წლის 1 ივლისიდან მომსახურების ხელშეკრულების სახით წლის ბოლომდე აყვანილია სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი თვეში 625 ლარის ანაზღაურებით, მაშინ როცა დირექტორის ხელფასი 500 ლარია.

17. საშტატო განრიგით დამტკიცდა შესყიდვების სპეციალისტის ნახევარი განაკვეთი, ანალოგიური სახის ხელშეკრულებებით 2013 წლის 1 დეკემბრიდან ერთი თვით აყვანილია ნავთობპროდუქტების, ჩამომსხმელი საამქროს უფროსი და ამავე საამქროს უბნის უფროსი, შესაბამისად 470 და 440 ლარის ანაზღაურებით. თუ მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტი, იგი უნდა დამტკიცდეს საშტატო განრიგით. ამასთან, საშტატო განრიგით დამტკიცდა ისეთი საშტატო ერთულები, რომლებიც სპეციფიკური თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ იტვირთებოდა სრულყოფილად ან იმ პერიოდისათვის საჭიროც არ იყო (არქივარიუსი, ლაბორანტი).

სწორედ აღნიშნული გარემოებები გახდა მიზეზი იმისა, რომ 2013 წელში გაწეული დანახარჯების ყველაზე მეტი ხვედრითი წილი მოდიოდა შრომის ანაზღაურებაზე -151,782 ლარი.

18. თანამშრომელთა და მომუშავეთა დასაქმების სწორი მენეჯმენტითა და ეფექტური გამოყენების გზით შესაძლებელი იყო დანახარჯების ხელფასის მუხლში 45259 ლარის ეკონომიის განხორციელება, რაც არაეფექტურ და არამიზნობრივ ხარჯებს წარმოადგენდა.

19. დირექტორის 2013 წლის 26 დეკემბრის 80 ბრძანებით, წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგების მიხედვით, საახალწლოდ ძირითად და მომსახურების ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე დარიცხული იყო პრემია, სულ - 10895 ლარი, 6 თვეზე მეტი ხნით მომუშავეებზე ხელფასის 100% და ნაკლები ხნით მომუშავეებზე კი 50%. მათ შორის, 500 ლარი დარიცხული იყო აგრეთვე დირექტორ ლ. ჯ--ძეზე, ისე, რომ პარტნიორთან შეთანხმებული არ იყო, რასაც მოითხოვდა საწარმოს დებულება.

20. რესპუბლიკის საკუთრებიდან ქარხნის ქონების ავტონომიურ საკუთრებაში გადმოცემის დღიდან, პარტნიორის შესაბამისი ბრძანებითა და აუდიტორული დასკვნებით, 2012-2013 წლებში საწესდებო კაპიტალი შევსებული იყო (გადმოცემული) 1279770 ლარის ქონებით. ხოლო, ამავე პერიოდში გასული იყო (გამოტანილი) 1355384 ლარის ქონების ღირებულება და 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 12846769 ლარს. აღსანიშნავი იყო, რომ ქონების არც მიღებისა და არც გადაცემის დოკუმენტაციას არ ახლავდა მიღება-ჩაბარების აქტები.

21. რიგ შემთხვევებში, იკვეთებოდა პარტნიორსა და საზოგადოების ხელმძღვანელს შორის შეუთანხმებლობის ფაქტები, კერძოდ, სამინისტრომ 2013 წლის 5 ივნისის ს-143 ბრძანებით სხვა საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, თანხმობა მისცა ქარხნის ხელმძღვანელობას, რათა განეხორციელებინა ძირითადი საშუალებების იჯარით გაცემა საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. გარდა ამისა, დაინტერესებული მხარის, შპს „ს--ჯ-------- პ--ის“ წინადადები, კერძოდ 3 რეზერვუარის იჯარით წლიურად 200000 ლარის ღირებულებით სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნილების საფუძველზე სამინისტრომ წერილით მიმართა ქარხნის დირექტორს ზემოაღნიშნული საკითხის დაინტერესების გამოხატვის თაობაზე შემდგომი რეაგირების მიზნით აუქციონის გამოცხადებისათვის, რომლის საპასუხოდ 5 დამკვეთ სუბიექტებთან 2013 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით, დირექტორმა წარმოადგინა საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები და აუქციონის გამოცხადების სანაცვლოდ, მოითხოვა სამინისტროს შუამდგომლობა სსიპ „ქონების მართვის სააგენტოსა“ და სს „საქართველოს რ--ის“ წინაშე, სახელმწიფო საკუთრებასა ან სარგებლობაში გადმოცემის თაობაზე. აღნიშნული ქმედებით არ უზრუნველყო აუქციონის გამოცხადება.

22. 2013 წლის აგვისტოს თვეში, შპს „ჯ---ნ ე---ე“ ჩარიცხული იყო 1590,55 ლარი, რომელიც წარმოადგენდა პოლონეთის რესპუბლიკაში საანალიზოდ გაგზავნილი 38 კილოგრამი ბიტუმოვანი ნარევის ტრანსპორტირება-ექსპორტის თანხას და პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯების სახით, 2013 წლის ოქტომბრის თვეში, შპს „ხ-----ე“ ჩარიცხული რესტორნის ხარჯები - 419,50 ლარი. იმასთან დაკავშირებით, რომ ქარხნის ბალანსზე არ ირიცხებოდა 31 ჰექტარი ბიტუმოვანი ნარევებით გაჟღენთილი მიწის ფართობები, ზემოთაღნიშნული მიზეზებით ჩარიცხული თანხები 2010,05 ლარი უნდა მიჩნეულიყო უკანონოდ გაწეულ ხარჯად.

23. საწარმოში, ექსპლოატაციაში გადაცემული მასალების ჩამოწერა ხორციელდება არასრულყოფილი პირველადი დოკუმენტაციებით ან უკვე გახარჯული მასალები შესაბამისი დოკუმენტების არ არსებობის გამო ისევ ირიცხებოდა მასალების ანგარიშზე. პირველყოვლისა, შესასრულებელ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე 1-2 შემთხვევის გარდა, არ იყო შედგენილი პროექტები და ხარჯთაღრიცხვები ცალკეულ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხოლო მცირე ღირებულების მიმდინარე სარემონტო სამუშოებზე კი, დეფექტური აქტები; ასევე, არასრულყოფილადაა შედგენილი ობიექტების მიხედვით შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტები, მათ აქვთ მასალების ჩამოწერის აქტის სახე. სწორედ ამ ფაქტორების მიზეზითაა დარჩენილი მაღალი ძაბვის ელექტრო სადენების 61343 ღირებულება ისევ მასალების ექსპლოატაციის ანგარიშზე, საცვლად, უკვე აშენებული მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზის, როგორც ძირითადი საშუალების შემოსავალში აღებისა.

24. ქარხანაში წლის ბოლოსათვის დიდი ოდენობის დებიტორული დავალიანების 95-98% მოდის 1994-2010წწ.-ში წარმოშობილ დავალიანებებზე, რომლებიც ძირითადად ხანდაზმულობისა და სხვა ფაქტორების გამო უიმედოა, რადგანაც დავალიანების მქონე რიგი ორგანიზაციები და პირები დღეისათვის შეიძლება აღარ არსებობდნენ.

25. 2013 წელი საზოგადოებამ დაასრულა ფინანსური მოგებით, მაშინ როცა 2012 წელი საზოგადოებამ დაასრულა 152281 ლარის ზარალით. წლის დასაწყისთან შედარებით 191367 ლარის კრედიტორული დავალიანების შემცირება გამოწვეულია წინა პერიოდების ძველი ბიუჯეტის საგადასახადო ვალდებულებების 165000 ლარის დაფარვით, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 ნოემბრის 1781 განკარგულებით სსიპ შემოსავლების სამსახურსა და ქარხანას შორის 2013 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული 615-2ს საგადასახადო შეთანხმების აქტის საფუძველზე.

26. წესდების 5.2. მუხლის თანახმად, შპს „ბ------ის ნ--ქარხნის“ პარტნიორს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საწარმოს სამეურნეო საქმიანობასა და მართვაში; მოითხოვოს საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, გაეცნოს მათ პირადად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით, გააკეთოს დოკუმენტის პირები, თავისივე დადგენილი წესით და ფორმით მოითხოვოს ინფორმაცია დირექტორისაგან; მიიღოს მონაწილეობა საწარმოს მოგების ან სხვა საკუთრების განაწილებაში.

ამავე წესდების მე-6 და მე-7 მუხლის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოებია პარტნიორთა კრება და გენერალური დირექტორი. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ასევე დამატებით საწარმოს განვითარების ბიზნეს-გეგმის დამტკიცება, საწარმოს ქონების შეძენა, გასხვისება, განკარგვა (ჩვეულებრივი საქმიანობის გარდა); გენერალური დირექტორის ანგარიშების დამტკიცება; შრომის ანაზღაურება და მისთვის ხარჯების განსაზღვრა; გენერალური დირექტორის წინადადებების მიღება ან უარყოფა, მოგების გამოყენების შესახებ შეუთანხმებლობის შემთხვევაში წმინდა მოგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47.7 მუხლის საფუძველზე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებად ითვლება სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ ბრძანება.

ამავე წესდების მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად, გენერალური დირექტორი ადგენს წლიური და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს. ასევე, წმინდა მოგების განაწილების წინადადებას და წარუდგენს პარატნიორთა კრებას დასამტკიცებლად. სულ ცოტა, სამ თვეში ერთხელ გენერალური დირექტორი აკეთებს ანგარიშს პარტნიორთა კრების წინაშე, მათ შორის, საწარმოს ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

27. დადგენილია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისადმი 2013 წლის 15 თებერვლის №19 წერილით შპს „ბ------ის ნავთობგადაამუშავებელი ქარხნის” დირექტორმა მოითხოვა ქარხნის საწესდებო კაპიტალში უძრავი და მოძრავი ქონების შეტანა, ასევე არ იქნა გამოყენებული დისკრიმინაციული პოლიტიკა რეგიონში არსებული მომხმარებლის მიმართ.

28. 2013 წლის 11 ივლისის №70 წერილით შპს „ბ------ის ნ--ქარხნის” დირექტორმა მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, სადაც აღნიშნა, რომ შპს „ბ------ის ნ- ქარხანაში” დირექტორად დანიშვნის დღიდან ქარხანაში ჩაატარა რიგი სამუშაოები, მოახდინა იმ რეზერვუარების გაწმენდა-აღდგენა, რომელიც სამინისტროს 2012 წლის 5 სექტემბრის 240 ბრძანებით აუქციონზე ჰქონდა გატანილი ქარხნისთვის პრაქტიკულად კაბალური პირობებით, კერძოდ, სარგებლობის 25 წლიანი ვადით, წლიური 22700 ლარის ღირებულებით, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ამ დროისათვის ქარხანას ჰყავდა პოტენციური მომხმარებელი, რომელიც გამოთქვამდა მზადყოფნას დარჩენილი რეზერვუარებით სარგებლობისათვის წლიურად გადაეხადა 220000 ლარი. სამწუხაროდ, აღნიშნულზე მინისტრთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ქარხანას გაუჩნდა რა შემოსავალი, მისი სახელფასო ფონდის 6000 ლარით განსაზღვრა არაგონივრულად იქნა მიჩნეული, რადგან რკინიგზის ხაზს ყოველთვიურად დამატებით 35000 ლარამდე შემოსავლის მოტანა შეეძლო, რაზედაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, არსებობდა ქარხნის შემოსავლების მნიშვნელოვანი გაზრდის პერსპექტივა ნავთობპროდუქტებით გაჟღენთილი ქარხნის ყოფილი კუთვნილი ტერიტორიის გასუფთავება გადამუშავებით. აღნიშნულის განხორციელებისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული მიწის ნაკვეთები და გამოცხადდებულიყო აუქციონი ნავთობპროდუქტების ნარჩენების გასუფთავებასა და გადამუშავებაზე, რაც სავარაუდოდ სოლიდურ შემოსავალს მოუტანდა ქარხანას.

ქარხნის დირექტორის ინტერესს წარმოადგენდა ქარხნის პოტენციალის გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებულთა შრომის ღირსეული ანაზღაურება, არსებული საბიუჯეტო დავალიანების გასტუმრება, რომელზედაც შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამიტომ ამ დროისათვის ითხოვს:

1) სახელფასო ფონდი განისაზღვროს 30000 ლარით;
2) საწესდებო კაპიტალში დააბრუნონ 31 ჰა მიწის ნაკვეთი და 2012 წლის ბოლოს კაპიტალიდან გატანილი 3 ერთეული ანგარი;
3) დაბრუნდეს ქარხნის ბალანსზე რიცხული ორი სარკინიგზო ვაგონი;
4) ნება დაერთოს დირექტორს გამოაცხადოს ტენდერი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობპროდუქტების ნარჩენების მაღალი ტექნოლოგიებით გაწმენდისა და გადამუშავების ერთობლივ საქმიანობაზე. (ტ.1.ს.ფ.28-30).

29. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს წერილით №70 და 76 წერილების პასუხად შპს „ბ-ის ნ-- ქარხნის” დირექტორ ლ---- ჯ--ძეს ეცნობა, რომ წერილში მითითებული საკითხების დიდი ნაწილი განხორციელდა უშუალოდ სამინისტროს ხელშეწყობით.

შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” სტრუქტურა, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდის/განაკვეთების საკითხი განხილული უნდა იქნეს საწარმოს ფინანსური საშუალებების ფარგლებში, ვალდებულებების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მიზნობრივი პროექტების შესაბამისი დასაბუთებიდან გამომდინარე. წარმოდგენილი საშტატო განრიგი საჭიროებს დამატებით დასაბუთებულობას დასახული ბიზნეს-გეგმის და ეკონომიკური საქმიანობის წარმართვიდან გამომდინარე შემოსული თანხების რაციონალურად, მომჭირნეობის და მიზნობრივი ხარჯვის პრინციპით.

საწესდებო კაპიტალში აქტივების შეტანა განხორციელდება კონკრეტული საჭიროების დადგომის შემთხვევაში, იგივე წესით, როგორც განხორციელდა რეზერვუარების და მასთან დაკავშირებული აქტივების და სარკინიგზო ხაზის საწესდებო კაპიტალში დაბრუნება ამ აქტივების განკარგვაზე დაგეგმილი სხვა პროექტების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საწარმოს უჩნდება დამატებითი ხარჯები ცვეთის და ქონების გადასახადის სახით. საზოგადოების ბალანსზე არსებული ორი ვაგონის დაბრუნების ხელშეწყობასთან დაკავშირებით სამინისტრო ჩართულია მოლაპარაკებებში, რაზედაც წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, მომზადებულია საექსპერტო დასკვნა.

ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე არსებული ნავთობპროდუქტების ნარჩენების გაწმენდითი ჩატარება საჭიროებს მნიშვნელოვან წინასწარ მოკვლევას, თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული ნარჩენები, როგორი წესით მოხდება გაწმენდით სამუშაოების ჩატარება, რა საგადასახდო ვალდებულებები და ეკოლოგიური პრობლემები წარმოიშობა და როგორი იქნება ეკონომიკური ეფექტი, რაზედაც ქარხნის მიერ მიმდინარეობდა წინასაპროექტო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

30. საზოგადოებას მიმდინარე და დაგროვილი საბიუჯეტო დავალიანების ყოველთვიურ გადახდაზე შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება (სამწლიანი გრაფიკის თანდართვით 314 185 ლარზე, ყოველთვიურად 10000 ლარამდე ფარგლებში). მისი დათქმულ ვადებში გადახდა აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ შენარჩუნებული იქნას საზოგადოების საბანკო ანგარიში.

31. 2013 წლის 01 სექტემბრის №89 წერილით შპს „ბ------ის ნ- ქარხნის” დირექტორმა მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, სადაც აღნიშნა, რომ კერძო კომპანიებიდან ქარხანაში შესულია რამდენიმე კერძო კომპანიის მოთხოვნა ნავთობპროდუქტების შენახვა-გაცემის ტექნიკური ოპერაციების საწარმოებლად ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რეზერვუარების ჩადგმის და სხვა საჭირო მოწყობილობების მონტაჟზე, ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვისა და ბ------ისა და ფოთის პორტებში საექსპედიტორო მომსახურეობის საქმიანობის განსახორციელებლად. აღნიშნული შეთავაზებების გაზიარების შემთხვევაში, ქარხანას გაუჩნდება დამატებითი ფინანსური შემოსავალი, გაფართოვდება და დასაქმდება გაცილებით მეტი ადამიანი. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ქარხნის საწესდებო კაპიტალში დაბრუნებული უნდა იქნეს სამინისტროს 2012 წლის 14 დეკემბრის №305-ე ბრძანებით გატანილი თაღური ანგარებისა და მიწის ნაკვეთები.

32. 2013 წლის 01 სექტემბრის №90 წერილით შპს „ბ---ის ნ-- ქარხნის” დირექტორმა მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, სადაც აღნიშნა, რომ შპს „ბ------ის ნ- ქარხანას” გააჩნია რკინიგზის ესტაკატის ჩიხი, რომელიც საჭიროებს საფუძვლიან რემონტს, რათა განხორციელდეს ვაგონ-ცისტერნების უსაფრთხო მიწოდება-გაყვანა. აღნიშნული კი, აუცილებელია ტვირთ-ბრუნვის გაზრდისა და დამატებითი შემოსავლის მიღებისათვის. რ-------ის ჩიხის აღდგენა-რემონტი ქარხანას საკუთარი ძალებით არ შეუძლია, საჭირო რაოდენობის მუშა-სპეციალისტების არ ყოლის გამო და ეს სამუშაოები უნდა შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა ორგანიზაციამ აღნიშნული მომსახურების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 4600 ლარს შეადგენს, რაც შპს „ბ--ის ნ--ქარხანას” გათალისწინებული აქვს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში გამარტივებული შესყიდვის ფორმით.

33. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2013 წლის 17 სექტემბრის წერილით №89 და 90 წერილების პასუხად შპს „ბ----ის ნ--- ქარხნის” დირექტორს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია, რ-------ის ჩიხთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იქნეს რემონტის წინასწარი და სრულყოფილი ხარჯთაღრიცხვა, სადაც გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო მომსახურეობის, რომელიც ზოგადი და სავარაუდო ღირებულებით არის წარმოდგენილი, არამედ სამშენებლო მასალების და სხვა ხარჯების კომპონენტები.

აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და სამი ერთეული ანგარის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანასთან დაკავშირებით საჭიროა წარმოდგენილი იქნას დასაბუთებული ბიზნეს-გეგმა, თუ რა კონკრეტულ შედეგებთანაა დაკავშირებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. შესაბამისად, რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული პროცესები შპს „ბ------ის ნ-ქარხანას”, ვინაიდან ძირითადი საშუალებების საწესდებო კაპიტალში შეტანით საზოგადოებას გაეზრდება ხარჯები. ამდენად, საჭიროა შემოსავლების შესაძლო შემოსავლის და შესაბამისად მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის დეტალური ანალიზი. ამასთან, ერთად დასაზუსტებელია დახურული სასაწყობო მეურნეობის ექსპლოატაციის პირობები (ერთ-ერთი პირობაა-ანგარის დემონტაჟი და მონტაჟი) და ფინანსური ეფექტი.

34. 2013 წლის 11 დეკემბერს №121 წერილით შპს „ბ------ის ნ- ქარხნის” დირექტორმა მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, სადაც აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ქარხანას შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება არ გააჩნია, ქარხნის ანგარიშზე ირიცხება 95778 ლარი და ყველა არსებული რესურსის გამოსავლენად საჭიროა კოლექტივის მატერიალური სტიმულირება, რისთვისაც უნდა გადაწყდეს მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის ზრდისა და მათი პრემიების საკითხი.(ტ.1.ს.ფ.39).

35. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის წერილით №117, №120 და №121-ე წერილების პასუხად შპს „ბ------ის ნ- ქარხნის” დირექტორს ეცნობა პარტნიორის მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ეცნობა, რომ მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოთხოვნისა საზოგადოების მხრიდან კვლავ არ წარმოდგენილა საწარმოს განვითარების ბიზნეს გეგმა, რის გამოც, საზოგადოების ხელმძღვანელობის მხრიდან სამინისტროში წარმოდგენილი მოთხოვნები და მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ან არასრულყოფილია და საჭიროებს პერიოდულად მნიშვნელოვან კორექტირებებს.

36. ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლების დანიშვნის საკითხი წყდებოდა სათანადო გათვლების და სამინისტროს ინფორმირების გარეშე. გარდა ამისა, 22 საშტატო ერთეულზე თანამშრომლების დატვირთვა არ არის სათანადოდ დასაბუთებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების გაზრდის ან პრემირების მოთხოვნის საკითხი დაუსაბუთებელია.

თანამშრომელთა პრემირების საკითხის დაყენების შემდეგ, კვლავ თვითნებურად იქნა გადაწყვეტილი მისი გაცემა, შესაბამისად, დარიცხვა-გაცემის პრინციპი სამინისტროსთვის უცნობია.

სამინისტროსთან შეუთანხმებლად, ქონების მართვის წესების უგულვებელყოფით არის გაკეთებული გამცემი წერტი (ე.წ.წერო) აჭარის ა/რ საკუთრებაში (და არა შპს „ბ------ის ნ- ქარხნის”) არსებული მიწის ნაკვეთზე. საწარმოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით აღნიშნულზე ხარჯები ფაქტიურად მათ არ გაუწევიათ, თუმცა ფულადი თანხების მოძრაობა ხორციელდებოდა საზოგადოების ანგარიშსწორების ანგარიშიდან.

37. ქარხნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, იჯარის წესით განკარგვას ექვემდებარებოდა 3 ერთეული რეზერვუარი და სხვა მასთან დაკავშირებული ქონება, რაზედაც მიმდინარეობდა აუქციონის წესით იჯარით გაცემის პროცესები. ამ ვითარებაში, საწარმოს მხრიდან სამინისტროსთან სათანადო შეთანხმების გარეშე გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულებები, სავარაუდოდ 6 კომპანიასთან ესტაკადიდან ახალი წეროს მეშვეობით ნავთობპროდუქტების გადატვირთვაზე. მათ შორის, წინასწარი ინფორმაციით სარგებლობაში მომსახურების პირობით გაცემულია რეზერვუარიც. აღნიშნული მიზეზების გამო, ფერხდება ელექტრონული აუქციონის წესით ზემოაღნიშნული ობიექტის იჯარაზე გაცემის გამოცხადების საკითხი, რაც მოკლე ვადაში საჭიროებს შესრულებას. უფრო მეტიც, მიუხედავად მოთხოვნისა დირექტორის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო გათვლებით ამ საკითხთან დაკავშირებული დასაბუთებული პოზიცია.

38. შპს „ბ------ის ნ- ქარხნის” დირექტორ ლ---- ჯ-------ძის 2013 წლის 26 დეკემბრის №80 ბრძანებით დადგენილი იქნა ქარხანაში დასაქმებულ პერსონალზე, სპეციალისტებზე, მომსახურების ხელშეკრულებით აყვანილ პირებზე, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ სამუშაოზე აყვანიდან 6 კალენდარული თვე. ასევე, დირექტორზე 100% პრემიის გაცემა, ხოლო ყველა დანარჩენზე 50%-ის ოდენობით.

39. შპს „ბ--ის ნ- ქარხანაში” დასაქმებულ პირებზე 2013 წლის დეკემბერში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით პარტნიორის მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

40. აჭარის ა/რ პროკურორისადმი ლ- ჯ--ძის მიერ გაგზავნილ იქნა მოთხოვნა ქარხნის საფინანსო-სამეურნეო საქმიანაობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით.

41. 2014 წლის 23 იანვარს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს №14 წერილით მიმართა შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” დირექტორმა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე თავისი მოსაზრებები დააფიქსირა, მათ შორის, აღნიშნა შემდეგი:

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩემი სპეციალობის, სხვადასხვა დროს ქარხანაში, სხვადასხვა სტატუსით მუშაობის გამოცდილებისა და (სავარაუდოდ) ყოფილი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისათვის ბრძოლაში შეტანილი გარკვეული წვლილისათვის, 2012 წლის 19 დეკემბერს დავინიშნე საზოგადოების დირექტორად, ჩავიბარე 137ტ. ჯართად შეფასებული საზოგადოება, რომლის ანგარიშზეც ირიცხებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან ამოღებული 4200 ლარი. დღეისათვის, ძირითადი საშუალებების იჯარითა და ნავთობპროდუქტების მიღება-შენახვა-მიწოდებაზე მომსახურეობით, საზოგადოებას გაუჩნდა შემოსავალი. ამ დროისათვის, ანგარიშზეა 100 000 ლარზე მეტი. გასტუმრებული გვაქვს სოლიდური საბიუჯეტო და ყველა სახის სხვა დავალიანება (300 ათას ლარამდე). პერსპექტივაში კი, მოქმედი ხელშეკრულებებით საზოგადოებას აქვს 800 ათასი ლარის წლიური გარანტირებული შემოსავალი. დასაქმებულია 37 ადამიანი ანუ, შემოსავლის წყარო გაუჩნდა იმდენივე ოჯახს რომლებიც ახალწელს შეხვდნენ მართალია მწირი შემოსავლით, მაგრამ გარკვეული იმედებით. მიუხედავად ყოველივე, აღნიშნულისა ვერ შევძელი თქვენთან და თქვენს სამსახურებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება, მთელ ამ დროში, მოუცლელობის მიზეზით, ერთხელაც ვერ მოხერხდა თქვენთან შეხვედრა. სამინისტროს საწარმოთა მართვის სამსახურების თანამშრომლებისაგან კი, ვიმყოფები მუდმივი, უსაგნო კონტროლის ქვეშ. ასე მაგალითად, ორი თვის წინ, ერთ დღეში ორჯერ შემიმოწმეს საზოგადოების თანამშრომელთა სამუშაოზე ყოფნის მდგომარეობა და ეს მაშინ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გადაუწყვეტელი საკითხები თავზე საყრელად გვაქვს. დირექტორად საქმიანობის პერიოდში ხშირად ვსაქმიანობ როგორც მუშა, უმეტესად არანორმირებულად-დღითა და ღამით. მიუხედავად ამისა, თქვენი ხელმოწერით, საზოგადოებაში მიღებულ წერილებში მუდმივად იგრძნობა საყვედურები, შეფარული მუქარები განთავისუფლებაზე, დაუსაბუთებელი შენიშვნები და მითითებები, რის გამოც, მიჩნდება ვარაუდი, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა, რადგან გახლავართ მ.პ.გ. ,,ქ- ო–ოს” თანადამფუძნებელი და აქტიური წევრი და 2012 წლამდე, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მხარდამჭერებთან, ღრმა კონფრონტაციაში ვიყავი თქვენთან და თქვენს სხვა თანამშრომლებთან, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მათ მდგომარეობას არავინ შეხებია, მაინც ვერ გამოდიან ერთგვარი ,,ბოროტი დაძაბულობის’’ რეჟიმიდან. თქვენთვის თავდაპირველად გადმოგზავნილი ყველა წერილი თუ ხელშეკრულება, რომლის დაუსაბუთებლობაში და არასრულყოფილებაში მადანაშაულებთ, შედგენილია სამინისტროს თანამშრომლების მიერ, სადაც ერთი სიტყვის შეცვლის უფლებასაც არ მაძლევდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საწარმოთა მართვის სამსახური, თუ როგორ მიკრძალავდა ინიციატივების დაყენებას ასევე ხელშეკრულებებში ჩემი მოსაზრებების გაუთვალისწინებლობით მოგვიანებით შექმნილ პრობლემებზე ინფორმირებას და საჭირო დახმარების აღმოჩენაზე თქვენთვის თხოვნით მომართვას. საზოგადოების მენეჯმენტი შეიმუშავებს და მოგაწოდებთ საზოგადოების განვითარების ბიზნეს გეგმას, თუკი გაგვანდობთ საწესდებო კაპიტალში ძირითადი საშუალებების დაბრუნებაზე თქვენეულ გეგმებსა და ხედვას. შეუთანხმებლობის მუდმივი თემაა საშტატო განრიგი, სახელფასო განაკვეთების ზრდისა და პრემიების საკითხები. თქვენი უფლებაა არდათანხმება, რაზედაც გთხოვთ წერილობით პასუხს. სხვა შემთხვევაში, პასუხის გაუცემლობა მიჩნეული იქნება დასმულ საკითხზე თანხმობად და რეალიზებული იქნება წარმოდგენილი საკითხი. სრულიად უსაფუძვლოა ბრალდება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გაურკვეველი იყო ე.წ. ,,წეროს” დამონტაჟებაზე გაწეული ხარჯის 3 ათასი ლარის წარმომავლობის საკითხი. რაც შეეხება ქონების მართვის წესდების დაუცველად ნავთობის გამცემი წერტის ,,წეროს” ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე ჩადგმას, იგი ნებადართული იყო სამინისტროს საწარმოთა მართვის სამსახურის მიერ შპს ,,-ო”-სთან იგივე ფრეგოსთან მომსახურების გაწევის თაობაზე საკითხის შეთანხმების პარალელურად.

არ ვეთანხმები იმ არასწორ პრაქტიკას, როცა მეუბნებით, რომ ჯერ საქმე უნდა გაჩვენოთ, საწესდებო კაპიტალში ქონების გადმოცემის საკითხს კი შემდეგ გადაწყვეტთ. ასე იყო, როცა 7 თვის განმავლობაში იმ რეზერვუარებს ვაწესრიგებდით, რომელიც არ ირიცხებოდა ჩვენს ბალანსზე, მაგრამ საწესდებო კაპიტალში დაგვიბრუნეთ აუქციონის წინ. ვიმედოვნებთ, რომ მომსახურებისათვის საჭირო ამ ტექნიკური დანადგარის მოწყობისათვის 200 კვ. მეტრამდე გამოყენებულ მიწის ნაკვეთსაც, საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით აუცილებლად გადმოგვცემთ და მასზე განთავსებული ტექნიკა დარჩება საზოგადოების შემოსავლის ზრდის საშუალებად. ბოლო ათი დღეა თქვენი სამსახურისგან განვიცდი მძიმე ზეწოლას, რათა მოვშალო მომსახურებაზე სხვა კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები და რეზერვუარებზე გამოვაცხადო აუქციონი. რეზერვუარები ორჯერ უკვე გასულია აუქციონზე, რომელშიც მონაწილეობის სურვილი არავის გამოუხატავს. აღნიშნულის შემდეგ კი თქვენს სამსახურებთან შეთანხმებით სამივე რეზერვუარი გაცემულია იმ კომპანიებზე, ვინც იგი მოინდომა და ვის მიერაც შემოთავაზებული პირობები საზოგადოებისთვის იყო ხელსაყრელი. რეზერვუარების სარგებლობისა და მომსახურების წლიური ღირებულება ჯამში იმაზე მეტია, რაც რეზერვუარის განკარგვისათვის აუქციონზე გამოსაცხადებელი საწყისი ღირებულება. 2013 წლის 2 სექტემბერს გადმოგზავნილი წერილით გატყობინებდით ჩემს მიერ მოაზრებული ბიზნეს-გეგმის ერთ ნაწილს, კერძოდ გთხოვდით რომ განგეხილათ და გადაგეწყვიტათ საზოგადოების მიმდებარე მე-17 ნაკვეთში ორი წლით, სამი რეზერვუარის ჩადგმის თაობაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავალს მისცემდა საზოგადოებას. მოგვიანებით გავიგე, ნავთობშლამზე და მჟავე გუდრონზე პოლონეთიდან მოლაპარაკების დასრულება იმ დროს არ შედიოდა თქვენს ინტერესებში, რადგან ერთი კვირით ადრე, ანუ 2013 წლის 29 ოქტომბერს სამინისტროში დარეგისტრირებული წერილით კონსულტაციებში იყავით შესული წარსულში, ამ საკითხებთან მიმართებაში საეჭვო რეპუტაციის შპს ,,ი- - ე-ი”-სთან დამფუძნებლის გამო, იგივე შპს ,,ბ- თან”. ბატონო მინისტრო ჩვენ სერიოზულ წინააღმდეგობაში ვართ ერთმანეთთან, თქვენ ცდილობთ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით და წვრილი კომპანიების ბაზრიდან განდევნით შპს ,,ს - ჯ- პ--ზე” ხელშეწყობას, მე კი ვცდილობ ნავთობპროდუქტების რეალიზატორი იმ მცირე კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენებას, რომლებიც შემოსავალს უქმნიან საზოგადოებას, ახალი ხელისუფლების პირობებში ცდილობენ მონოპოლიური სქემის დაშლას და მანკიერი რეალობის დაძლევით ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას და რადგანაც თქვენი პოზიცია ამ მიმართებით საგანგაშოა, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის წევრი ვალდებული ვარ საქმის კურსში ჩავაყენო ყველა, ვის მოვალეობაშიც შედის აღნიშნულის შეფასება, ანუ მივიღო ადეკვატური გადაწყვეტილება რათა კვლავ არ მოხდეს ერთი კომპანიის ინტერესებში შესვლა ან ამ ინტერესების ახალ რეალობაზე მორგება და სახელისუფლებო გავლენებით მისი გაგრძელება. მეორე მხრივ, კი ამის შედეგად ბაზრიდან იმათი განდევნა რომელთა აქტივობამ და ბაზარზე დამკვიდრებამ უნდა შეცვალოს ქვეყანაში ბიზნეს გარემო და სოციალური და პოლიტიკური ვითარება“.

42. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით.

კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, 46-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით.

მე-9 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

43. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” წესდების საფუძველზე პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, მათ უფლება ჰქონდათ ნებისმიერ დროს მოეთხოვათ დირექტორისათვის საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა სამუშაოდან.

44. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოების დირექტორობიდან პირის გათავისუფლებისას შრომის კოდექსის ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლებაში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ ვითარებაში, შრომის სამართლის იმ ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავს (წინასწარი გაფრთხილება გათავისუფლების თაობაზე და სხვა) მიზანშეუწონელია. ამდენად, საზოგადოების დირექტორთა სპეციფიკური სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მათი მუშა-მოსამსახურეებთან გათანაბრება გაუმართლებელია. საზოგადოებას და დირექტორს შორის შრომითი ურთიერთობა მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.

შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორისა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, ხოლო დირექტორი წარმოადგენს მეწარმეს და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ კანონით.

45. მხარეთა შორის სადავო იყო საზოგადოების დირექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა, ასევე საწარმოს დირექტორის გათავისუფლების თაობაზე პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

მოსარჩელე არ ეთანხმებოდა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე პარტნიორის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე იყო ვალდებული ემტკიცებინა ბრძანებაში დაფიქსირებული ფაქტებისა და გარემოებების ნამდვილობა.

საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნისა და მხარეთა შორის არსებული მიმოწერების (წერილების) შეფასების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული აუდიტის დასკვნაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (იხ., წინამდებარე განჩინების 13-25 პუნქტები).

46. აუდიტის დასკვნითა და მხარეთა წერილებში გამოხატული ნების განმარტების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული შემდეგი:

- დირექტორმა ლ.ჯ---ძემ 2013-2014 წლებში პარტნიორს (სამინისტროს) არ წარუდგინა ბიზნეს-გეგმა, რაც საწარმოს წესდების 5.2 მუხლისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 და 47-ე მუხლების შესაბამისად, მის ვალდებულებას წარმოადგენდა.

- სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბიტუმოვანი ნარევის კვლევისათვის განახორციელა არაეფექტური, არამიზნობრივი და უკანონო ხარჯების გაწევა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის დაწყებამდე, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორის მიერ მითითებები ჰქონდა მიღებული.

- პარტნიორთან წინასწარი შეთანხმებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაამტკიცა შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” გაზრდილი საშტატო განრიგი, მაშინ როდესაც პარტნიორის მოთხოვნით სახელფასო ფონდის/განაკვეთების საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო საწარმოს ფინანსური საშუალებების ფარგლებში, ვალდებულებების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ მიზნობრივი პროექტების შესაბამისი დასაბუთებიდან გამომდინარე, მომჭირნეობის და მიზნობრივი ხარჯვის პრინციპით.

- წინასწარ შემუშავებული დებულების გარეშე, ყოველგვარი დასაბუთებისა და პარტნიორთან შეთანხმების გარეშე, რაც საზოგადოების წესდებით ევალებოდა საწარმოს მუშაკებზე გასცა პრემიები.

- სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის ძირითად ნაწილზე არ იქნა შედგენილი პროექტები და ხარჯთაღრიცხვები.

- რ-ის ჩიხთან დაკავშირებით წარდგენილი არ იქნა რემონტის წინასწარი და სრულყოფილი ხარჯთაღრიცხვა, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა არა მარტო მომსახურეობის ზოგადი და სავარაუდო ღირებულება, არამედ სამშენებლო მასალების და სხვა ხარჯების კომპონენტები.

- დამფუძნებელ პარტნიორთან შეუთანხმებლად ქონების მართვის წესების უგულვებელყოფით განათავსა ნავთობ-პროდუქტების მიღება-გაცემისათვის საჭირო მოწყობილობა-ნაგებობება (ე.წ. წერო) სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშწორება განახორციელა საზოგადოების ანგარიშწორების ანგარიშის გამოყენებით.

მიუხედავად პარტნიორის მოთხოვნისა, კიდევ ერთხელ არ განახორციელა რეზერვუარების იჯარით გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარება და საწარმოს მხრიდან სამინისტროსთან სათანადო შეთანხმების გარეშე, რეზერვუარებთან დაკავშირებით გააფორმა მომსახურების ხელშეკრულებები.

მისი მოთხოვნების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, კერძოდ: სახელფასო ფონდი განისაზღვროს 30000 ლარით; საწესდებო კაპიტალში დააბრუნონ 31 ჰა მიწის ნაკვეთი და 2012 წლის ბოლოს კაპიტალიდან გატანილი 3 ერთეული ანგარი; დაბრუნდეს ქარხნის ბალანსზე რიცხული ორი სარკინიგზო ვაგონი და ნება დაერთოს დირექტორს გამოაცხადოს ტენდერი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ნავთობპროდუქტების ნარჩენების მაღალი ტექნოლოგიებით გაწმენდისა და გადამუშავების ერთობლივ საქმიანობაზე - არ შეასრულა პარტნიორის შემდეგი მითითებები:

ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე არსებული ნავთობპროდუქტების ნარჩენების გაწმენდითი ჩატარების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ჩატარდეს მნიშვნელოვანი წინასწარი მოკვლევა, თუ ვის საკუთრებაშია აღნიშნული ნარჩენები, როგორი წესით მოხდება გაწმენდით სამუშაოების ჩატარება, რა საგადასახდო ვალდებულებები და ეკოლოგიური პრობლემები წარმოიშობა და როგორი იქნება ეკონომიკური ეფექტი; 2) თანამშრომლების დატვირთვის შესწავლის შედეგად, სახელფასო განაკვეთების გაზრდის ან პრემირების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხი წარდგენილი ყოფილიყო დასაბუთებულად;

აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და სამი ერთეული ანგარის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანასთან დაკავშირებით არ წარდაგინა დასაბუთებული ბიზნეს-გეგმა, თუ რა კონკრეტულ შედეგებთან იქნებოდა დაკავშირებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, რა სარგებელს მოუტანსდა აღნიშნული პროცესები შპს „ბ--ის ნ- ქარხანას” და როგორი იქნებოდა შესაძლო შემოსავლის და შესაბამისად მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის დეტალური ანალიზი.

ამ ფაქტების უარყოფა მოსარჩელემ ვერ შეძლო, რაც გამორიცხავს მისი მითითების გაზიარებას, რომ დირექტორის ფუნქციების განხორციელებისას მისი მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

პალატამ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ლ. ჯ-ძეს დამფუძნებელი პარტნიორის უფლებამოსილებების განმახორციელებელ ორგანოსთან არაკოორდინირებული და არაკომუნიკაბელური დამოკიდებულება გააჩნდა. აღნიშნულს ადასტურებდა 2014 წლის 23 იანვარს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისადმი შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” დირექტორის, ლ-ჯ-ძის №14 წერილი (იხ., წინამდებარე განჩინების 41 პუნქტი), რომელში გამოვლენილი ნების შეფასების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ პარტნიორსა და დირექტორს შორის ადგილი ჰქონდა სერიოზულ უთანხმოებებს შპს „ბ-ის ნ- ქარხნის” მართვის საკითხებში, ლ- ჯ-ძე არ იზიარებდა მმართველი საზოგადოების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას სამეურნეო პოლიტიკაში და არ ემორჩილებოდა მითითებებს.

პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს შორის ურთიერთობა უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობას. დირექტორსა და პარტნიორს შორის უთანხმოების შემთხვევაში სამეწარმეო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საზოგადოების ხელმძღვანელთანაც კი, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელია.

მეწარმეთა შესახებ კანონის 47-ე მუხლისა და შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” წესდების თანახმად, საზოგადოების პარტნიორი ახორციელებს მმართველობით უფლებამოსილებას, ადგენს შპს სამეურნეო პოლიტიკის ზოგად პრინციპებს, რამეთუ სწორედ პარტნიორია შპს-ის ქონების მესაკუთრე და მის ინტერესს წარმოადგენს საზოგადოების ეკონომიური განვითარება. დირექტორი კი არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული სამეურნეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავარი ფიგურა, რომელიც ვალდებულია თავისი მოვალეობა შეასრულოს კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით.

კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ლ. ჯ-ძეს, როგორც შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” დირექტორს, უფლება არ ჰქონდა რაიმე სამეწარმეო და მმართველობით დაპირისპირებაში ყოფილიყო საზოგადოების პარტნიორებთან. ვინაიდან, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46.4 მუხლის თანახმად, პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, ისეთი მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორიც ლ. ჯ--ძის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება და დამფუძნებელ პარტნიორთან არაკოორდინირებული და არაკომუნიკაბელური დამოკიდებულება იყო, საკმარისს წარმოადგენდა პარტნიორის მიერ დირექტორის სამუშაოდან განთავისუფლებისათვის.

47. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული და სასამართლო სხდომაზე დამტკიცებული ყველა ფაქტს, შესაბამისად არ არსებობდა აღნიშული ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

48. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

49. კასატორი მივიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. „ე“ მუხლების მოთხოვნები, სახელდობრ, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად, განმარტა კანონი. ასევე, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ ლ. ჯ---ძის სააპელაციო საჩივარს არ მისცა სამართლებრივი შეფასება მასში მითითებული სამართლებრივი საფუძვლის მიხედვით.

50. კასატორის მოსაზრებით, შესაფასებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ჩამოყალიბებულ საწარმოში პარტნიორის ექსკლუზიური უფლება გაათავისუფლოს დირექტორი გულისხმობს, თუ არა მის უფლებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიწვიოს იგი.

51. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების 4.27 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ: 1. ლ- ჯ--ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2013 წლის წლიური შედეგების დაგვიანებით წარმოდგენას; 3. სრულიად გაუმართლებლად 2013 წლის იანვარ–თებერვლის თვეში დირექტორის მიერ 33 საშტატო ერთეულის დამატება. 4. 2013 წლის 1 ივლისიდან მომსახურების ხელშეკრულების სახით აყვანილია, სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი თვეში 625 ლარის ანაზღაურებით, მაშინ როცა დირექტორის ხელფასი 500 ლარია. 5. მუშა–მოსამსახურეთა ისე აყვანა (მაგალითად ლაბორანტი), რომ არ ხდებოდა მათი სრულყოფილად დატვირთვა და საჭიროებას არ წარმოადგენდა. 6. თანამშრომელთა და მომუშავეთა დასაქმების სწორი მენეჯმენტით და ეფექტური გამოყენების გზით შესაძლებელი იყო დანახარჯების ხელდფასის მუხლში 45 259 ლარის განხორციელება, რაც არაეფექტურ და არამიზნობრივ ხჟარჯს წარმოადგენდა. 7. საწარმოს დებულების საწინააღმდეგოდ, პრემიის გაცემა თანამშრომელებისათვის. 8. მიღება ჩაბარების აქტის გარეშე 2012–2013 წლებში საწესდებო კაპიტალში ქონების შევსება გადაცემა. 9. პარტნიორისა და საზოგადოების ხელმძღვანელის შეუთანხმებლობის ფაქტები, რაც გამოიხატა ლ-- ჯ-ძის მიერ აუქციონის გამოუცხადებლობაში. 10. არაკანონიერად გაწეული ხარჯები, კერძოდ შპს „ჯ---ნ ე- ზე“ ჩარიცხულია, 1590,55 ლარი და შპს „ხ-ე“ 419.50 ლარი, სარესტორნო მომსახურების ხარჯი.11. საწარმოში ექსპლოატაციაში გადაცემული მასალების ჩამოწერა ხორციელდებოდა არასრულყოფილი პირველადი დოკუმენტაციით ან უკვე გახარჯული მასალები შესაბამისი დოკმენტების არარსებობის გამო ისევ არ ირიცხება მასალების ანგარიშზე.

52. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ისე გაიზიარა გათავისუფლების საფუძვლად არსებული აუდიტის დასკვნაში მითითებული ფაქტები და იგი მიიჩნია დადგენილად, რომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება მათ, არ მიუთითა კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდებოდა შემდეგი: 1. თანამშრომელთა დანიშვნა და გათავისუფლება წარმოადგენს დირექტორის პრეროგატივას. აუდიტი აღნიშნავს, რომ კომპანია დაკავებული იყო მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებით. მოსამზადებელ სამუშაოთა მიმდინარეობას ადგენს დირექტორი და თავად იღებს გადაწყვეტილებას რა თანმიმდევრობით განახორციელოს იგი. ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა, რომ სამინისტრო ვალდებული იყო დაემტკიცებინა კომპანიის წლიური ბიუჯეტი – რაც მოიცავს შემოსავლებისა და ხარჯების დამტკიცებას. ხარჯების ნაწილი შედგება – ხელფასის, მასალების;, ელ.ენერგიის, ამორტიზაციის, 1000 ლარამზდე ღირებულების ძირითადი საშუალებების, კომუნიკაციის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯებს. სამინისტროს 2013 წლისათვის, რომ დაემტკიცებინა ასეთი ხარჯები, მაშინ ამ ხარჯებიდან გადახდა შეიძლებოდა ჩათვლილიყო არამიზნობრივ ხარჯად, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამინისტროს არ ჰქონდა დამტკიცებული კომპანიის ბიუჯეტი, მაშინ კომპანიის მიერ გაწეული ყველა ხარჯი, გარდა დირექტორის ხელფასისა უნდა ჩაითვალოს არა მიზნობრივ ხარჯად. აუდიტორი თვლის, რომ კომპანიის მიერ 2013 წელში გაწეული დანარჩენი ხარჯები მიზნობრივად არის გაწეული, მაშინ 45 ?%, ლარის ხელფასის ხარჯიც უნდა ჩაითვალოს მიზნობრივ ხარჯად, რადგანაც ისიც დირექტორის მიერ არის განსაზღვრული, ისე როგორც 2013 წელში გაწეული ყველა სხვა ხარჯი. ამ გარემოების გამო დირექტორის მიერ გაწეული 45 259 ლარის სახელფასო ხარჯი არ შეიძლება ჩაითვალოს არა მიზნობრივ ხარჯად.

53. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ისე ჩათვალა, თანამშრომელთათვის გაცემული ხარჯი არაეფექტურად და არამიზნობრივად, რომ საერთოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მუშა–მოსამსახურეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოები, მათი ფუნქცია მოვალეობები.

54. პალატას, საერთოდ არ უმსჯელია, რომელი მუშა–მოსამსახურის გამოკლებით ან მიმატებით იყო შესაძლებელი, უფრო ეფექტური შედეგის მიღება და შესაბამისად ეკონომიის გაკეთება. მაგალითად, იურისტს უნდა შეესრულებინა ლაბორანტის ფუნქცია–მოვალეობები, თუ პირიქით. ან/და რომელი თანამშრომლისთვის ხელფასის დაკლების გზით იქნებოდა შესაძლებელი ეკონომიის გაკეთება საწარმოში. სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია, მოცემული მომენტისათვის რომელი თანამშრომლის ფუნქცია–მოვალეობები იყო შეუსაბამო ან არა საჭირო საწარმოსთვის. გადაწყეტილების 4.27.5 ნაწილში სასამართლო მიუთითებს, რომ ლაბორანტი და არქივარიუსი ვერ იტვირთებოდა სრულყოფილად.

55. სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, სამსახურში მათი გამოცხადების გრაფიკი, მათი მუშაობის სპეციფიკა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ქარხანას არ ჰქონდა შემოსავალი, მიიჩნია საკმარის საფუძვლად მათი არასრულყოფილი დატვირთვისათვის, ასევე სასამართლოს მიერ შეფასებული და გამოკვლეული არ იქნა მოწმის დ. დ-ის ჩვენება და ახსნა–განმარტება მის სამსახურებრივ ფუნქციებთან დაკავშირებით, ის, რომ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო საწარმოს მუშაობა ლაბორანტის გარეშე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მუშა–მოსამსახურეები – თანამშრომლები სრულყოფილად ვერ იტვირთებოდნენ დაუსაბუთებელია.

56. დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ აუდიტის დასკვნის გაზიარება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერს ჰქონდა 625 ლარი, ხოლო დირექტორს 500 ლარი. არც შინაგანაწესში, არც საწარმოს წესდებაში არც სხვა სახის აქტში მითითებული და განსაზღვრული არ არის საწარმოს დირექტორისა და სხვა თანამშრომელს შორის პროცენტული ზღვარი ხელფასის ოდენობისა, ან ის, რომ სხვა თანამშრომელს არ შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე დირექტორს.

57. სასამართლოს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, უნდა შეეფასებინა შესყიდვების მენეჯერის, ფუნქცია მოვალდეობები, მათი დატვირთვა, მისი უნარ–ჩვევები და ემსჯელა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოცემულ პერიოდში, შესყიდვების მენეჯერის პოზიცია არ იყო საჭირო, მიზანშეწონილი და მასთან ხელშეკრულების გაფორმებით საწარმოს მიადგა ზიანი, აღნიშნული სახის მსჯელობას არც აუდისტის დასკვნა შეიცავს და არც სასამართლო გადაწყვეტილება.

ხარჯის ეფექტურობა – 45 259 ლარის ხელფასის ხარჯი არა ეფექტურობა აუდიტორის მოსაზრებაა და არ არის წარმოდგენილი მონაცემები, საიდანაც შეიძლება გაიანგარიშო ხარჯების ეფექტურობა. ასეთი მიდგომით შეიძლება ჩათვალოს, რომ არა ეფექტურია 55000 ლარის ან მეტი ან ნაკლები ხარჯი. აუდიტორის მიერ 45 259 ლარის ხელფასის ხარჯი არა ეფექტურობის განსაზღვრა უფრო პირობითია, ვიდრე რეალობიდან გამომდინარე, მას არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება, ისევე როგორც სასამართლოს მსჯელობაა ამ ნაწილში დაუსაბუთებელი.

58. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორმა, ყოველგვარი დასაბუთებისა და წინასწარი დებულების გარეშე გასცა პრემიები, რაც მას უნდა შეეთანხმებინა პარტნიორთან, რაც წესდებით ევალებოდა.

საწარმოს წესდების მე–7 მუხლის „ი“ ნაწილის თანახმად პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებჰას იღებს დირექტორის ხელფასისა „შრომის ანაზღაურების“ და ხარჯების განსაზღვრივს თაობაზე. ხოლო მითითება იმის თაობაზე, რომ საწარმოს დირექტორს წინასწარ უნდა შეემუშავებინა დებულება პრემიის გაცემის თაობაზე დაუსაბუთებელია, რადგან საწარმოს წესდება ამგვარ მითითებას არ შეიცავს. ხოლო რაც შეეხება დასაბუთებას, იგი პრემიიის გაცემის შესახებ ბრძანებაში მითითებული იყო.

59. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ პარტნიორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დადგენილი იქნა საშტატო განრიგი. ისე, რომ გათვალისწინებული არ იქნა საწარმოს ფინანსური საშუალებები, ვალდებულებები, მომჭირნეობისა და მიზნობრივი ხარჯის პრინციპი.

60. გაურკვეველია, საიდან მივიდა სააპელაციო სასამართლო იმ დასკვნამდე, რას წარმოადგენს თანამშრომელთა აყვანის დროს დადგენილი მომჭირნეობის პრინციპი.

61. სასამართლო გადაწყვეტილების 4.32 პუნქტში უთითებს, რომ დირექტორი ვალდებულია, თავისი მოვალეობა შეასრულოს კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებულია კაპიტალური საზოგადოებების მმართველობის ორგანოების ფორმირების წესი, რომელზეც არ ვრცელდება შრომის კოდექსის მოთხოვნები, საზოგადოების დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა, ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებით მოსაწესრიგებელ საკითხებს.

საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის სამეწარმეო და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე–9 მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად კი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარომოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით, მხოლოდ ის საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით, ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი (მაგ. სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ.).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი უფლება–მოვალეობის ჯეროვანი შესრულების საკითხი და საზოგადოებისათვის მმიყენებულ ზიანთან მიმართებით დირექტორის ბრალეულობა უნდა შემოწმდეს არა დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმებით, არამედ სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმებით.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოების (აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით, უდავოა, რომ შპს დირექტორს თავისი მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი – მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ. კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს – მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).

საზოგადოების დირექტორის ვალდებულებაა, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აანაზღაუროს საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვიროთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია).

დირექტორის მიერ, საწარმოს საქმიანობასთან მიმართებით არაკეთილსინდისიერად მოქცევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა, შესაბამისად ბუნებრივია ასახვა სასამართლო გადაწყვეტილებაში იმისა, რომ საწარმოს დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერი ქცევის ფაქტს წარმოდგენილი არ არის.

62. კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ლ- ჯ-ძეს, არ ჰქონდა წარმატებული კომუნიკაცია, საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან საქმის გარემოებებით არ დასტურდება. კანონი მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვონ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება. ან კიდევ შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უვფლების მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს სკ–ის 115–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქ. სკ–ის მერვე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით უფლება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტისადმი. მას უნდა სწამდეს, რომ მისი ქმედება სამართლიანია, არაა კანონსაწინააღმდეგო. იგი გარკვეულ ფაქტებს უნდა აფასებდეს ისე, როგორც ამას შეაფასებდა გარკვეული ურთიერთობის გარეთ მდგომი მესამე პირი, რომლის ინტერესებიც არაა ამ ურთიერთობაში გამოკვეთილი და, რომელიც ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას. საწარმოს დამფუძნებელს აქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ აწარმოოს საწარმოს მართვა და ამ მიზნით დანიშნოს ან გაათავისუფლოს საწარმოს ხელმძღვანელი პირი ან დადოს ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ უნდა ემსახურებოდეს სხვებისათვის ზიანის მიყენებას, მას უნდა ამოძრავებდეს საკუთარი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის სურვილი და კეთილსინდისიერად უნდა სწამდეს, რომ ამას არ აკეთებს სხვებისათვის მარტოოდენ ზიანის მიყენებისათვის. ცხადია, შეუძლებელია დამფუძნებელმა საკუთარი საწარმოს ხელმძღვანელი დანიშნოს ან გაათავისფლოს ისე, რომ მხოლოდ სხვისთვის სარგებელის მოტანა ამოძრავებდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მის მიერ დასახული მიზანი აღემატებოდეს სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარისხს. უფლების ბოროტად გამოყენება გამოდის უფლების ფარგლებიდან და წარმოადგენს უფლების გარეშე მოქმედებას. დამფუძნებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ არ ჩანს საწარმოს ხელმძღვანელის გათავისუფლების ინტერესი და მისი მოქმედებები მხოლოდ დასაქმებულისათვის ზიანის მიყენების მიზანს ემსახურება. არაა გამორიცხული, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენებისას, დამფუძნებლის ინტერესიც გვქონდეს სახეზე, მაგრამ იგი არათანაზომიერია იმ ზიანისა, რომელიც სხვებს ადგებათ, ასეთ დროს უფლების გამოყენებას ექნება ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია. ბოროტად გამოყენების შემთხვევა სახეზე გვექნება, თუკი მიყენებულ ზიანთან შედარებით არაა დამფუძნებლის ინტერესები უპირატესი და სხვაგვარად საწარმოს მართვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია. უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი უნდა დადგინდეს დამფუძნებლის ინტერესებისა და მიყენებული ზიანის პროპორციულობის გათვალისწინებით.

63. საქმის გარემოებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მისი დირექტორად ყოფნის პერიოდში საწარმოს მიადგა ზიანი არ დასტურდება და ასეთი სახის მტკიცებულება არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო წარმოების დროს არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საწარმოს მხრიდან მისი გამოწვევა, ისე რომ არ ჰქონია სამართლებრივი საფუძველი, რაც დადგენილი იქნა კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების კლასიკურ შემთხვევას.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 09 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

65 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

66. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 26 აგვისტოს №ს-504 ბრძანების მართლზომიერება და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები, როგორიცაა სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა.

67. საკასაციო პლატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. შრომის კოდექსზე კი, როგორც მოცემული დავის მარეგულირებელ ნორმებზე კასატორის მითითებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ საქმეში, შესაფასებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს-ს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს ინტერესებთან მიმართებით. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას. ხოლო დირექტორი კი, არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

აქედან გამომდინარე, დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეუსაბამობასა და დაპირისპირებაში ყოფნა კანონთან და ბუნებრივია, პარტნიორებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევეაზე, შრომის კოდექსის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია ურთიერთობა საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის, რომელიც ჩვეულებრივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით.

შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის ფუნქციათა თავისებურებებიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად საქართელოს შრომის კოდექსით ხელმძღვანელობა კანონმდებლობით ნაკარნახევი არ არის.

68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. (სუსგ 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3კ/259-01, სუსგ 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზე № ას-68-767-03;)

69. მხარეთა შორის სადავოა საზოგადოების დირექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა საწარმოს ინტერესებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2012 წლის 19 დეკემბრის №521 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა შპს „ბ---ის ნ-ქარხნის” დირექტორის თანამდებობაზე და იმავე წლის 20 დეკემბერს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც პარტნიორსა და ლ- ჯ-ძეს, როგორც შპს „-ქარხნის” დირექტორს, შორის გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ამ ხელშეკრულებით პარტნიორი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო დირექტორი სათანადო სამუშაო პირობებით, ხოლო დირექტორი - ვალდებულებას გაძღოლოდა საწარმოს კეთილსინდისიერად.
- ხელშეკრულების მე-7 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორი უფლებამოსილი იქნებოდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეეწყვიტა ხელშეკრულება და გაეთავისუფლებინა დირექტორი თანამდებობიდან.
- 2014 წლის 26 აგვისტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება №ს-504 შპს „ბ-ის ნ-ქარხნის” 2013 წლის სამეურნეო საქმიანობის შედეგების, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებისა და დირექტორის ცვლილების შესახებ. ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს „ბ-ის ნ-ქარხნაში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის მიერ ჩატარებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტორული ანგარიში (2010 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე). ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შპს „ბ-ის ნ-- ქარხნის” 2013 წლის 01 იანვრიდან - 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ლ-- ჯ-ძეს შორის, 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ბ--ის ნ- ქარხნის” დირექტორის მიერ 2013 სამეურნეო წელს გაწეული საქმიანობა ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად საფინანსო და საანგარიშო დისციპლინის დაცვისა და სამეურნეო საქმიანობაში არსებული დარღვევა - ნაკლოვანებისათვის.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით თითქოს საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლომ უალტერნატივოდ გაიზიარა აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპრცესო კოდექსის შეჯიბრებითობის ფუძემდებლური პრინციპითა და ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების წესიდან გამომდინარე, აუდიტის დასკვნა შეფასებულ იქნა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული და სასამართლო სხდომაზე დამტკიცებული ყველა ფაქტს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად კასატორისადმი გაგზავნილი მიწერილობაც ადასტურებდა დირექტორსა და პარტნიორებს შორის არსებულ შეუთანხმებლობას (იხ.,წინამდებარე განჩინების პ.35).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელს სადავო ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი - სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი (ბრძანება) თავისი არსით განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, სახეზეა კერძოსამართლებრივი და არა საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

71. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

72. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საწარმოს დირექტორის გათავისუფლების საფუძვლების შემოწმების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, იხ., სუსგ 3კ/259-01, 30 მარტი, 2001 წელი.

73. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ- ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ-ჯ--ძეს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 25 იანვარს №9150071 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი



მოსამართლეები: ბ. ალავიძე



ნ. ბაქაქური