№050210015782275
საქმე №ას-1189-1119-2015 23 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ- ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ- ჩ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები
1. გ- ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე პ- ჩ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 2,550 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2010 წლის 23 ნოემბერს ქ.ოზურგეთში მოპასუხისაგან შეიძინა ავტომანქანა, რაშიც გადაუხადა 2,550 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ 23 ნოემბერი იყო დასვენების დღე, გ-- ა--ემ იმავე დღეს ვერ დაირეგისტრირა ავტომანქანა თავის სახელზე. თუმცა 2,550 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს და დაეუფლა ავტომანქანას. 2014 წლის 22 იანვარს ავტომანქანა ჩამოართვეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც განუმარტეს, რომ ავტომანქანა იყო დაყადაღებული. მოსარჩელემ რამდენჯერმე უშედეგოდ მოსთხოვა მოპასუხეს თანხის დაბრუნება.
II. მოპასუხის პოზიცია
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, 2010 წლის აგვისტოს თვეში მისმა მარწმუნებელმა მოსარჩელეს ავტომობილი გადასცა დოკუმენტაციასთან ერთად. მოსარჩელეს განემარტა, რომ მოპასუხისათვის სხვა პირს უნდა გადაეფორმებინა ავტომანქანა, ვინაიდან იგი სხვის სახელზე იყო რეგისტრირებული, რაზედაც მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
5. 2010 წლის სექტემბრის თვეში, მოსარჩელე შეხვდა გ- ს--ეს - ავტომანქანის ადრინდელ მფლობელს, რომელმაც ასევე განუმარტა მას ავტომანქანის გადაფორმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ. თუმცა გ- ა-ემ მასაც უარი განუცხადა ნივთის უკან დაბრუნებაზე.
6. ასევე, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე პ-- ჩ--ეს დაეკისრა მოსარჩელე გ- ა--ის სასარგებლოდ 2,550 აშშ დოლარის ანაზღაურება.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
8. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პ- ჩ--ემ, რომელმაც მოითხოვა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად ოზურგეთის რაიონული სასამართლოსათვის.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ-- ჩ--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ- ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილ, წინასაგამოძიებო შემოწმების შედეგად შედგენილ მასალებზე, რომლიდანაც გ--- ა-ის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული იყო, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს, გ--- ა--ემ პ- ჩ--ისაგან 2550 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა - ოპელ ასტრა. ვინაიდან, 23 ნოემბერი იყო დასვენების დღე, იმ დღესვე მანქანის გადაფორმება ვერ მოხერხდა. პ-- ჩ--ემ აცნობა, რომ ავტომანქანა იყო პირველი მფლობელის, ქ.რუსთავში მცხოვრები ნ- ყ–ის სახელზე რეგისტრირებული, მაგრამ აღნიშნული ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენდა და 10 დღეში ავტომანქანას გადაუფორმებდა. 10 დღის შემდეგ მიაკითხა პ-- ჩ-ეს, რომელმაც აცნობა, რომ ნ- ყ–ი ადგილზე არ იმყოფებოდა და მოკლე დროში მოახერხებდა ავტომანქანის გადაფორმებას. პ- ჩ-ეს მოსთხოვა ნ-ყამარულის ტელეფონის ნომერი, რათა პირადად დალაპარაკებოდა და მოეთხოვა მანქანის გადაფორმება. როდესაც დაურეკა და ნ- ყ-ს მოსთხოვა გადაფორმება, მან აცნობა, რომ აღნიშნული მანქანა მისგან იყიდა გ- ს-ემ, რომელსაც მისაცემი ჰქონდა თანხის ნაწილი და თანხის სრულად გადახდის შემდეგ გადაუფორმებდა ავტომანქანას. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, 4 წლის განმავლობაში პ-- მხოლოდ ჰპირდებოდა, რომ მანქანას გადაუფორმებდა. 2014 წლის 22 იანვარს საპატრულო პოლიციამ ჩამოართვა ავტომანქანა, რაც აუქციონის წესით გასხვისდა. (ტ.1.ს.ფ.60-62).
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილ, წინასაგამოძიებო შემოწმების შედეგად შედგენილ მასალებზე, რომელშიც გ- ს--ის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული იყო, რომ 2009 წლის ზაფხულში, ნ- ყ–ისაგან შეიძინა ავტომანქანა ოპელ-ასტრა, რომლის თანხა 2-3 დღის ვადაში სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც მანქანა მის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ნ- ყ-მა მანქანა არ გადაუფორმა, შემდეგ კი საერთოდ ვეღარ მოახერხა მისი მოძებნა. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში, პირადად სარგებლობდა ავტომანქანით, შემდეგ კი, მიყიდა პ- ჩ--ეს იმ მოტივით, რომ დარწმუნებული იყო მანქანას პრობლემა არ შეექმნებოდა და ადრე თუ გვიან ნ--ს მოძებნიდა. (ტ.1.ს.ფ.75-77).
12. სააპელაციო პალატის მითითებით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილ, წინასაგამოძიებო შემოწმების შედეგად შედგენილ მასალებში, პ- ჩ--ის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია, რომ 2010 წელში, ა- ჟ--იას მეშვეობით შეიძინა ოპელ-ასტრა ფურგუნი, რომელსაც მეპატრონე ჰყიდდა 1100 აშშ დოლარად. ავტომობილი იყო დაშლილ მდგომარეობაში. ავტომანქანა შეიძინა იმ მოტივით, რომ ააწყობდა და შემდეგ გაყიდდა. ავტომანქანის შეძენისას საპატრულო პოლიციიდან აიღო ცნობა, რომ მანქანაზე არანაირი ჯარიმა, ან ყადაღა არ არსებობდა. შეძენიდან სამ დღეში გ---- ს-ეს უნდა გადაეფორმებინა ავტომობილი, რომელიც ნ- ყ–ის სახელზე იყო რეგისტრირებული. დაახლოებით ორი თვის ვადაში მოახერხა ავტომანქანის სრულად აწყობა. ავტომანქანა გაყიდა 2550 აშშ დოლარად. ავტომანქანის გაყიდვისას არ იცოდა, რომ პრობლემა შეექმნებოდა გაფორმებაზე.(ტ.1.ს.ფ.63-64)
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2015 წლის 11 მაისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ- ა-ის მეუღლე ეთერ გოგიტიძემ განმარტა, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს ოზურგეთში შეიძინეს ავტომანქანა, თუმცა იმავდროულად გაფორმება ვერ მოხდა, ვინაიდან დასვენების დღე იყო. იმავე დღეს გადაამოწმეს, რომ მანქანა არ იყო უფლებრივად დატვირთული. 10 დღეში მიმართეს პ-- ჩ-ეს მანქანისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით. მას შემდეგ, ყოველთვეში ამოწმებდნენ, მანქანაზე ყადაღა ხომ არ იქნა დადებული, როდესაც მანქანა ჩამოართვეს დაუკავშირდნენ პ-ჩ-ეს და მოსთხოვეს თანხა, შემდეგ კი, აუქციონზე მანქანის შესყიდვაში დახმარება, თუმცა უშედეგოდ. მანქანის შესყიდვის თარიღი ახსოვს იმდენად, რომ წინა დღეს შეეძინათ შვილიშვილი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2015 წლის 11 მაისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეს შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა გ- ა-ის ახლობელმა, ნ- გ-ემ განმარტა, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს პ- ჩ-ეს გადაუხადეს ავტომანქანის საფასური და შეთანხმდნენ, რომ დღესასწაულის შემდეგ, მანქანას გადააფორმებდნენ. 10 დღის შემდეგ ისევ ახლდა გ- ა--ეს პ-ჩ--ესთან და მოითხოვეს მანქანის გადაფორმება, ან თანხის დაბრუნება. მოპასუხე ყველა შეხვედრაზე ჰპირდებოდა გაფორმებას. ამ მოთხოვნით გ- თვეში რამდენჯერმე ჩადიოდა პ--სთან (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
15. სააპელაციო პალატის მითითებით 2015 წლის 11 მაისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა პ--გ.-ლმა აჩვენა, რომ პ-- ჩ-ე დაპირდა გ- ა-ეს, რომ ავტომანქანას გადაუფორმებდა 10 დღეში. როცა ვეღარ შეძლო გადაფორმება, ტელეფონით დაურეკა და შესთავაზა მანქანა დაებრუნებინათ და თანხა უკანვე მიეღოთ, რაზედაც უარი განუცხადეს ამ ზარის განხორციელებისას პ--სთან ერთად იმყოფებოდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
16. სააპელაციო პალატამ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ პ- ჩ--ისაგან შეძენილი და ნ- ყ-–ის სახელზე რეგისტრირებული ოპელ მარკის სადავო ავტომანქანა, 2014 წლის 22 იანვარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ჩამოერთვა გ- ა-ეს და ნ- ყ–ის ვალდებულების შესრულების მიზნით, აუქციონის წესით გასხვისდა.
17. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ავტომანქანის ჩამორთმევისა და ნ-ყ–ის ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი აუქციონის წესით გასხვისების დროისათვის, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, გ-- ა-ეს სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავს.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად.
19. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერობა გამომდინარეობდა 2010 წლის 23 ნოემბერს, ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რა დროსაც, გამყიდველმა პ-ჩ-ემ გ- ა-ეს პირდაპირ მფლობელობაში გადასცა ნასყიდობის საგანი, მოძრავი ნივთი-ავტომანქანა ოპელ ასტრა, ხოლო მყიდველმა - გ- ა--ემ გადაიხადა შეთანხმებული საფასური და მიიღო ნაყიდი ქონება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი პ- ჩ--ე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფდა ავტომანქანის მყიდველის, გ-ა--ის სახელზე გადაფორმებას.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე და 489-ე, 491-ე მუხლების თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება. მყიდველს შეუძლია, ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, გ- ა-ე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთის მიყიდვას უკავშირებდა.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, სუსგ №ას-914-954-2011 და №ას-658-625-2014, რომლითაც დადგენილია შემდეგი: „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“.
ვინაიდან, 2010 წლის 23 ნოემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და გ--- ა--ის მიერ ავტომობილის შეძენის დროისათვის ნივთზე პრეტენზია არავის გააჩნდა, მასზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა არ არსებობდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნივთი უფლებრივად უნაკლოს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ- ჩ-ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება-10 დღის ვადაში გადაეფორმებინა მყიდველისათვის ავტომობილი, არ შეასრულა და არც დამატებით დაწესებულ ერთთვიან ვადაში არ განახორციელა გაყიდული ავტომობილის გ- ა--ის სახელზე რეგისტრაცია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის საგნის საფასურის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებულია.
21. ამასთან, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა მოძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა სამ წელს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითა და მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი, წინასაგამოძიებო შემოწმების შედეგად შედგენილი მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ- ა-ემ პ- ჩ--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმების შეუძლებლობის თაობაზე შეიტყო 2014 წლის 23 ნოემბრიდან 10 დღეში - 2010 წლის 3 დეკემბრისათვის. შესაბამისად, აღნიშნა, რომ გ-- ა-ეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულების თაობაზე, ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2010 წლის 2 დეკემბერს და არა 2014 წლის 22 იანვარს, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელი შეეძლო წარედგინა სამი წლის ვადაში - 2013 წლის 2 დეკემბრამდე. მ გ. ა-----ემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2014 წლის 07 აგვისტოს - სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
22. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ-- ა-ეს ზიანი მიადგა 2014 წლის 22 იანვარს, როდესაც საპატრულო პოლიციის მიერ ჩამოერთვა ავტომობილი და ნ---- ყ-–ის ვალდებულების შესრულების მიზნით აუქციონის წესით გასხვისდა.
იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 22 იანვრისათვის გასული იყო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად საფუძვლიანი იყო, თუმცა ამავე კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმული, რაც გამორიცხავდა ამ საფუძვლით გ-- ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
23 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ- ა--ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
24. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მართებულად დაადგინა მოთხოვნის წარმოშობის თარიღად 2014 წლის 22 იანვარი, მაშინ, როდესაც საპატრულო პოლიციამ კასატორს ჩამოართვა მანქანა და მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებას რეალური საფრთხე დაემუქრა. ამ დრომდე არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ავტომანქანა ან მის სახელზე გადაფორმებულიყო, ან მასში გადახდილი თანხა მისთვის დაებრუნებინათ. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 23 თებერვალს - გარიგების დადების დროისათვის, მყიდველისათვის ცნობილი იყო უფლებრივი ხარვეზი და ბუნებრივია მას უნდა ევარაუდა, რომ რეგისტრირებული პირი რაიმე სახით მოახდენდა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთის განკარგვას.
ასევე, კასატორმა აღნიშნა რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ კასატორმა მრავალჯერ მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს მანქანის გადაფორმების ან თანხის დაბრუნების მოთხოვნით (2 550 აშშ დოლარი), მაგრამ მან არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მანქანის გაყიდვიდან ერთი წლის თავზე მოწინააღმდეგე მხარემ კასატორს შეატყობინა, რომ მანქანის გადაფორმებასთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა, რის გამოც, იგი მზად იყო დაებრუნებინა კასატორისთვის ფული მანქანის სანაცვლოდ, რაც, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ მომენტამდე კასატორს არ შეეძლო ევარაუდა, რომ მანქანის გადაფორმება მასზე ვერ მოხერხდებოდა.
მას შემდეგ, რაც 2014 წლის 22 იანვარს კასატორს ჩამოერთვა მანქანა საპატრულო პოლიციის მიერ და მისთვის ცნობილი გახდა მანქანის დაყადაღების შესახებ, მან მიმართა ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს განცხადებით, რომ დაწყებულიყო გამოძიება თაღლითობის ფაქტზე პ- ჩ--ის მიმართ. მას აცნობეს, რომ გამოსაკითხი პირის გ-- ს--ის ადგილსამყოფელის დადგენისა და ნ- ყ–ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოხდებოდა მისი განცხადების განხილვა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რის შემდგომაც, კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ კასატორს არ გაუშვია ხანდაზმულობის ვადა.
25. კასატორის განმარტებით, იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს ავტომობილის შეძენის დროისათვის ავტომობილზე რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობდა და ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო. უფრო მეტიც, მას შემდეგ, კასატორმა რამდენჯერმე გადაამოწმა და დარწმუნდა რომ ავტომობილზე ყადაღა არ იყო დადებული და იგი შეძლებდა მის გადაფორმებას, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ ჰქონდა. ამიტომ, კასატორი არ ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა წარმოიშვა 2010 წლის 02 დეკემბერს და არა 2014 წლის 22 იანვარს, ვინაიდან, როგორც კასატორმა მიუთითა, მისთვის საკუთრების უფლების შელახვის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 22 იანვარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გ- ა--ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
27. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
29. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- გ- ა--ემ პ- ჩ--ისაგან 2550 აშშ დოლარად იყიდა ავტომანქანა „ოპელ ასტრა“.
- გამყიდველს გადაეცა ნასყიდობის საფასური - 2550 აშშ დოლარი, ხოლო მყიდველს - ზემოთ მითითებული ავტომანქანა. გამყიდველს მყიდველისათვის ავტომანქანა არ გადაუფორმებია. მხარეთა შეთანხმების მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში, პ- ჩ--ეს უნდა უზრუნველეყო ავტომანქანის გადაფორმება გ--- ა--ის სახელზე.
- სადავო ავტომანქანა „ოპელ ასტრა“ რეგისტრირებული იყო ადრინდელი მესაკუთრის - ნ- ყ-ის სახელზე.
- 2014 წლის 22 იანვარს, გ- ა-ეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩამოერთვა პ- ჩ-ისაგან შეძენილი და ნ- ყ–ის სახელზე რეგისტრირებული „ოპელ მარკის“ ავტომანქანა.
- მოგვიანებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა აუქციონის წესით გასხვისდა ნ- ყ–ის ვალდებულების შესასრულებლად.
- გ- ა-ეს, ნ- ყ–ის ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი მოძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების დროისათვის, ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
31. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ ხანდაზმულობის ვადის დენა არასწორად დაუკავშირა 2010 წლის 02 დეკემბერს - დღეს, როდესაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიტყო ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმების შეუძლებლობის შესახებ (იხ., გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ტ.2. ს.ფ. 190).
32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიის (კასაციის მიზეზების) საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სასარჩელო მოთხოვნის არსს, მისგან გამომდინარე იურიდიულ შედეგთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადის გავრცელების მართებულობასთან კავშირში.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით სავალდებულოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა მოძრავი ნივთის (ავტომანქანა „ოპელ ასტრა“) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორმხრივი, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში. მითითებული ნორმის დანაწესით, გამყიდველის მოვალებას წარმოადგენს მყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, მასთან დაკავშირებული საბუთებისა და ნივთის მიაწოდება. ხოლო მყიდველის მოვალეობას კი - გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდისა და ნაყიდი ნივთის მიღება.
დადგენილია, რომ მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის შეთანხმებული საფასური და მფლობელობაში მიიღო ნაყიდი ქონება.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი პ-- ჩ-ე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფდა ავტომანქანის მყიდველის, სახელზე გადაფორმებას, რაც გამყიდველმა ვერ უზრუნველყო. 2014 წლის 22 იანვარს კი, გ- ა--ეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩამოერთვა პ- ჩ-ისაგან შეძენილი და ნ-- ყ-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით, აუქციონის წესით გასხვისდა ნ- ყ-ისსავე ვალდებულების შესასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეზე ავტომანქანის ნასყიდობის საფასურის - 2250 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენს.
მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთის მიყიდვა წარმოადგენს, ხოლო იურიდიული შედეგი კი, ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარეობს. თავის მხრივ, ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი მოწესრიგება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული ნორმა ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ამ საგამონაკლისო უფლების გამოყენება გვაქვს სახეზე.
საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ კი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ხელშეკრულების მხარის მიერ გასვლის უფლების გამოყენებას და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარის (მყიდველის) უფლება გავიდეს ხელშეკრულებიდან მართლზომიერია თუმცა, ხანდაზმული (იხ., გასაჩივრებული გადაწყვეტილება ს.ფ. 190-192).
34. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები).
ამდენად, საქმის განხილველი სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის სამართლებრივი დასკვნა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების ხანდაზმულობასთან მიმართებით, რაც ამავე სასამართლოს მოსაზრებით, საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების სწორი სამართლებრივი განმარტებიდან.
35. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე არ უმსჯელია, სარჩელი აღძრულია თუ არა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, სახელდობრ, სასამართლოს არ უმსჯელია წარმოადგენდა თუ არა პ-- ჩ-ე სათანადო მოპასუხეს, რამდენადაც მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად:
- სადავო ავტომანქანა „ოპელ ასტრა“ რეგისტრირებული იყო ადრინდელი მესაკუთრის - ნ- ყ–ის სახელზე.
- 2014 წლის 22 იანვარს, გ- ა-ეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩამოერთვა პ- ჩ--ისაგან შეძენილი და ნ- ყ–ის სახელზე რეგისტრირებული „ოპელ მარკის“ ავტომანქანა.
- მოგვიანებით კი, ზემოაღნიშნული ავტომანქანა აუქციონის წესით გასხვისდა ნ-ყ-–ის ვალდებულების შესასრულებლად.
36. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს, თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია რა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ასევე, მოძრავი ნივთის შემძენის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის ფაქტი, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ გ- ა-ესა და პ- ჩ-ეს შორის შეთანხმება წარმოადგენდა ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებას.
გ- ა-ე სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთის მიყიდვას უკავშირებს.
ნასყიდობის საგანზე უფლებრივი ნაკლის არსებობის გარკვევის მიზნით, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - 2014 წლის 22 იანვარს, როდესაც საპატრულო პოლიციის მიერ გ-- ა-ეს ჩამოერთვა ავტომანქანა, ნ- ყ–ი წარმოადგენდა მოძრავი ნივთის მესაკუთრეს?
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ კითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ავტომანქანა „ოპელ ასტრა“ პ-ჩ-ის მიერ გადაცემული იყო გ- ა-ეს მფლობელობაში. ასევე დადგენილია ნივთის ღირებულების გადახდის ფაქტი, რაც მოწმობს, რომ ნ- ყ–ს 2010 წლის 23 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ავტომანქანა გ- ა-ეს გადაეცა, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ნივთი კვლავ ნ- ყ-ის სახელზე ირიცხებოდა.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 27 ოქტომბრის Nას-914-954-2011 განჩინებით განმარტა შემდეგი: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“. იგივე მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-658-625-2014.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს, როგორც მოძრავი ნივთის მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, მიემართა სასამართლოსათვის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა ეს საკითხი წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს და საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს მას.
მართალია, გ- ა-ეს, ნ- ყ–ის ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი მოძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების დროისათვის, ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც თავის დროზე, შესაძლებელს გახდიდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო წარმოების პირობებში, დავის სხვაგვარ გადაწყვეტას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მოსარჩელეს არ წარმოეშვა სხვა მატერიალური უფლება. ამ უფლების მართებულობის შესაფასებლად კი, პირველ რიგში, სათანადო მოპასუხეთა წრეა დასადგენი. ამ პროცესუალურ საკითხზე კი სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რისი ვალდებულებაც მას გააჩნდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე უნდა იმსჯელოს სათანადო მოპასუხის დადგენის თაობაზე და შეფასება მისცეს მოსარჩელის მოთხოვანას მის მიმართ.
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ- ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2 გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე