Facebook Twitter
საქმე №340210014415770
საქმე №ას-146-142-2016 23 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – სს „ს.-ა“ (მოსარჩელე, აპელანტი)


მოწინააღმდეგე მხარე – ა. რ.-ე (მოპასუხე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


1. სს „ს.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. რ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების – 6960 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ პ. დ.–ი, მ. მ.–ი და ე. გ.-ი.
3. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 6 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა №... ხელშეკრულება სიმინდის თესლის ნასყიდობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა 6960 ლარის ღირებულების სიმინდის თესლი. ნასყიდობის საგანი მოპასუხეს მიეწოდა ხელშეკრულების პირობების დაცვით, შეთანხმებული ხარისხისა და რაოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილზე.
4. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს დავალიანება უნდა დაეფარა 7 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს 2011 წლის 27 ნოემბრისა. ფინანსური პრობლემების გამო, მოპასუხემ ვერ შეძლო დავალიანების სრულად დაფარვა, ამიტომ მოსარჩელემ თანხის მოთხოვნის ვადა რამდენჯერმე, საბოლოოდ კი – არაუგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა გადაუვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა სააღსრულებო წარმოება მოპასუხის წინააღმდეგ.
5. მოპასუხე არაერთხელ გამოცხადდა კორპორაციის ადმინისტრაციულ მისამართზე და მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულის განსახორციელებლად არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და მოსარჩელის მხრიდან მიიღო უარი.
6. მოპასუხისაგან თანხის გადახდაზე საბოლოო უარის მიღების შემდგომ მოსარჩელემ მის მიმართ დაიწყო სააღსრულებო გამარტივებული წარმოება დავალიანების გადახდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხემ უარი განუცხადა თანხის გადახდაზე, რის გამოც სააღსრულებო წარმოება შეწყდა.
7. მოსარჩელის განმარტებით, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მის მიერ სულ რეალიზებულ იქნა 3.847.092 ლარის ღირებულების სიმინდის თესლი, საიდანაც ამ დროისთვის დაფარულია 3.496.025 ლარი.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2011 წლის აპრილში მოსარჩელისგან ნამდვილად შეიძინა 6960 ლარის ღირებულების პიონერის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის სათესლე მასალა. იმავე თვეში სიმინდი დათესა 29 ჰა ტერიტორიაზე, რისთვისაც გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი. სიმინდის თესლი წარმოადგენდა ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულ პროდუქციას, რომლის პროპაგანდას მოსარჩელე ტელევიზიითა და სხვადასხვა ბროშურების გავრცელებით ეწეოდა, რითაც ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი მიიზიდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, სიმინდი შეგუებული იყო საქართველოში არსებულ კლიმატურ პირობებს, ახასიათებდა გვალვაგამძლეობა, არ იყო აუცილებელი მცენარის დამატებითი დატენიანება, სასუქის შეტანა და სიმინდის მინიმალური მოსავალი ერთ ჰექტარზე უნდა ყოფილიყო 8-10 ტონა. რეკლამის მიუხედავად, მან ჩაატარა ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ მიეღო კარგი მოსავალი, თუმცა სიმინდი აღმოჩნდა უხარისხო, რის გამოც, 1ჰა-ზე 8-10 ტონის ნაცვლად, მიიღო ერთ ტონამდე მოსავალი. აღნიშნული პიონერის ჯიშის სიმინდის უხარისხობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სიმინდი არ არის რეგისტრირებული „საქპატენტში“ სელექციონერის უფლებით, არ არის გამოცდილი და გასავრცელებლად დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს მის კლიმატთან და ნიადაგთან შეგუებას და არ არის გაცემული შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა.
9. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულ ჯიშს ესაჭიროება განსაკუთრებული კლიმატური პირობები, მოსარჩელეს იგი საქართველოში არ უნდა შემოეტანა, თუ ნიადაგთან და კლიმატთან ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში არ მიიღება ისეთი მოსავალი, როგორიც სხვა ქვეყანაში, იგი ჩვეულებრივი სარგებლობის მოსალოდნელ შედეგს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ნაკლოვანებით სათესლე მასალის კომერციული მიზნით შეთავაზება წარმოადგენს ნივთობრივ ნაკლად, რის გამოც მოპასუხემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე.
10. მესამე პირები ასევე არ დაეთანხმნენ სარჩელს და მიუთითეს, რომ არიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაზარალებული პირები, მოსარჩელისაგან მათაც შეიძინეს სიმინდის თესლი, რაც ნაკლის მქონე, უხარისხო აღმოჩნდა და, მოპასუხის მსგავსად, მათაც ვერ მიიღეს იმ ოდენობის მოსავალი, რის პროპაგანდასაც მოსარჩელე ტელევიზიითა და სხვადასხვა ბროშურების გავრცელებით ეწეოდა.
11. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. 2011 წლის 6 აპრილს მხარეთა შორის დაიდო „პიონერ ჰაი ბრენდის“ მიერ მოწოდებული სიმინდის სათესლე მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი – სათესლე მასალა მიაწოდა 2011 წლის 27 აპრილს, ხოლო ნასყიდობის ფასი – 6960 ლარის ოდენობით არ გადაუხდია.
14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხემ ვერ მიიღო მოსავალი, რომელიც გათვალისწინებული იყო სიმინდის თესლის მოსავლიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული იქნენ ი. რ.-ე და გ. მ.-ი, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხის მეზობლებს და უშუალოდ იყვნენ ჩართულები სახნავ-სათეს, სასუქით მომარაგების და მორწყვის სამუშაოების წარმოებაში. მოწმეებს უშუალოდ აქვთ ნანახი და იციან მოსავლის მიუღებლობის თაობაზე არსებული ფაქტობრივი გარემოება, რაც მათი განმარტებით არ წარმოადგენს მითითებულ სათესლე მასალასთან მიმართებით მხოლოდ მოპასუხე მხარის პრობლემას და საგამონაკლისო შემთხვევას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ მათთვის უცნობია, მიიღო თუ არა მხარემ მოსავალი, ხოლო თუკი მოსავალი ვერ მიიღო, შესაძლებელია, აღნიშნული მისი მხრიდან გარკვეული ჩასატარებელი სამუშაოების არასათანადო წარმოებას გამოეწვია.
17. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება, რომ სიმინდის მოსავლის მიუღებლობა შეიძლება, გამოეწვია რაიმე სახის სამუშაოების დარღვევას, რადგან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, მოპასუხემ საქმეზე წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებებით დაადასტურა მისი საწინააღმდეგო განმარტებების საფუძვლიანობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეს არ მიუთითებია, კონკრეტულად რა მოქმედება უნდა განეხორციელებინა მოპასუხეს, რა სამუშაო უნდა ჩაეტარებინა, რის გარეშეც შეიძლებოდა დამდგარიყო მსგავსი შედეგი.
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული სათესლე მასალა არ იყო სათანადო ხარისხის.
19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის გადასაწყვეტად არსებითია, დადგინდეს, აკმაყოფილებდა თუ არა სიმინდის თესლის ხარისხი იმ მოსალოდნელ შედეგს, რაც ტელევიზიით და სხვადასხვა ბროშურების მეშვეობით ვრცელდებოდა, რამაც განაპირობა მოპასუხის ინტერესი ამ სათესლე მასალის მიმართ და რაც ვარგისიანობას განაპირობებდა.
20. საქმეში წარმოდგენილია შპს „მ.-ის“ ლაბორატორიისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ნ. ე.-ის კვლევა, სადაც მითითებულია გამოსაკვლევად წარდგენილი სიმინდის თესლის უხარისხობაზე და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობაზე. თესლის სიწმინდეზე ჩატარებული აღრიცხვებით დადგინდა, რომ ის არ შეიცავს გარეშე მინარევებს. მავნებელ დაავადებათა გავრცელება არ აღინიშნება. მარცვალი სიდიდისა და მოცულობის მიხედვით, მეტად განსხვავებულია ერთმანეთისაგან (დაუკალიბრებელია), 1000 მარცვლის აბსოლუტური წონა შეადგენს 260 გრ. თესლის გაღვივების ენერგიისა და უნარებზე ჩატარებული აღრიცხვიანობით დადგინდა, რომ გაღვივების ენერგია შეადგენს 22-25%-ს, ხოლო გაღვივების უნარი 23-25%-ს და არ შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ლაბორატორიის პირობებში წარმოდგენილი თესლის გარკვეული ნაწილი ჩაითესა სავეგეტაციო ქოთნებში მომზადებულ ნიადაგში. ამ შემთხვევაში ნიადაგში ჩათესილი მარცვლის 8% აღმოცენდა. ჩატარებული ცდებისა და დაკვირვების შედეგები საფუძველს იძლევა დადასტურდეს, რომ დამკვეთის მიერ წარდგენილი სიმინდის მარცვალი არ შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამდენად, მისი სათესლედ გამოყენება დაუშვებელია.
21. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კვლევით არ დასტურდება შემოწმებული სიმინდსა და მოპასუხის კუთვნილ სიმინდს შორის კავშირი, შენახვის წესების დაცვა.
22. როგორც წარმოდგენილი კვლევით დგინდება, შპს „მ.-ს“ თესვითი ხარისხის შესამოწმებლად მასალა გადაეცა „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის“ თავმჯდომარე ე. ფ.-ქ.-ის მიერ. საკვლევად წარდგენილ იქნა სათესლე სიმინდის „პიონერი“ (PR35F38) ჰიბრიდის ნიმუში. განსახილველ შეთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მითითებული კვლევა ჩატარებულია საქართველოში შემოსულ თესლის ნიმუშზე და ალბათობის მეტი ხარისხით იძლევა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თესლის ვარგისიანობის თაობაზე პასუხს. განსხვავებით, საქმეში არსებული სერტიფიკატებისა, რომლის თანახმად სათესლე მასალა შემოწმდა რუმინეთის რესპუბლიკაში, თუმცა მისი კავშირი საქართველოში წარმოდგენილ, შემოსულ თესლთან ცალსახად არ იკვეთება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას მართებულად იხელმძღვანელა ნასყიდობის ხელშეკრულებებით, საინფორმაციო ბროშურებით, სარეკლამო რგოლის შინაარსით, შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატებით, სიმინდის თესლის ანალიზის შედეგებით, საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეული პირებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სწორად მიიჩნია დადგენილად ნასყიდობის საგნის – სათესლე მასალის არავარგისიანობის ფაქტი.
24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს.
25. მოსარჩელის 2013 წლის 11 დეკემბრის განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება. მოსარჩელის 2013 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე იმ საფუძვლით, რომ რესპოდენტის მიერ მოთხოვნა უარყოფილ იქნა სრულად.
26. სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზედაც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ დაიდება. ხელშეკრულების არსებით პირობებს შეიძლება მიეკუთვნოს ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების მხარეები, მხარეთა მიერ განსახორციელებელი შესრულება და ა.შ. განსახილველ შემთხევაში ასეთ არსებით პირობას წარმოადგენდა სათესლე მასალის ვარგისიანობა და იმ მიზნის მიღწევა, რასაც მოპასუხე მითითებული სათესლე მასალის თაობაზე არსებული სარეკლამო შეთავაზებების და მოსარჩელე მხარის მითითებით უხმოსავლიანობას (ხუთმაგი ოდენობის) უკავშირებდა. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსავალი ვერ მიიღო და დგინდება აღნიშნულის მიზეზად ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ნაკლი – მისი უხარისხობა.
27. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ 487-ე მუხლით, 488-ე მუხლის პირველი ნაწილით, 491-ე მუხლის პირველი ნაწილით, 352-ე მუხლით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვარგისი, უხვიმოსავლის მომცემი სათესლე მასალის მყიდველისათვის მიწოდება, რომელიც არ შესრულებულა. ვინაიდან ნივთის ნაკლი აღმოჩნდა მისი გადამუშავების შემდეგ, აღნიშნული მოპასუხეს აძლევს უფლებას, უარი თქვას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებაზე.
28. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სსკ-ის 495-ე მუხლზე დაყრდნობით მყიდველის მხრიდან ნივთის ნაკლზე პრეტენზიის უფლების დაკარგვის თაობაზე.
29. კანონი მყიდველს არ ავალებს ნივთის ყიდვისას დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთის ხარისხი, ამ მხრივ გამონაკლისია დაწესებული იმ მყიდველისთვის, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კანონმდებლობა მეწარმეს ავალებს ნივთის ყიდვისას დაუყოვნებლივ შეამოწმოს იგი. მეწარმე ვალდებულია ან თვითონ შეამოწმოს ნივთი, ან უზრუნველყოს მისი შემოწმება სიტუაციის შესაბამისად მაქსიმალურად მოკლე დროში. თუ მყიდველი ნაკლს აღმოაჩენს შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას (რეკლამაციას) მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულადაა აღნიშნული, ნაკლთან მიმართებით შემოწმების ვალდებულება მხოლოდ იმ ვითარებაში უნდა მოხდეს, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მეწარმე სუბიექტია ან/და ნასყიდობის საგანი მისი სამეწარმეო საქმიანობის სფეროს უკავშირდება და, შესაბამისად, მისი კომპეტენცია, გამოცდილება ამ სფეროში სხვა რიგითი ფიზიკური პირისაგან განსხვავებულია.
30. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მოპასუხე რეგისტრირებულია და წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმე სუბიექტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მონაწილეობს როგორც ფიზიკური პირი და არსად არ ფიქსირდება მისი მეწარმის სტატუსი. არ დასტურდება არც მისი სამეწარმეო საქმიანობის შემხებლობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგნის მიმართ და, შესაბამისად, სსკ-ის 495-ე მუხლის მოთხოვნა მოპასუხეზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ასევე ნასყიდობის საგნის სპეციფიკა, რაც სპეციალური კვლევის გარეშე შეუძლებელს ხდის სათესლე მასალის ვარგისიანობის დაუყოვნებლივ შემოწმებას.
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დავის სამართლებრივად შეფასებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილი იყო, ეთქვა უარი ღირებულების გადახდაზე, რადგან ნივთის ნაკლი აღმოჩნდა მისი გარდაქმნის ან გადამუშავების დროს.
33. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები და აღნიშნული გარემოება, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაასაბუთა, რაც იწვევს ეჭვს საქმის განხილვის ობიექტურობაში. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შპს „მ.-ის“ წერილსა და დასკვნაზე, რითაც დასტურდება, რომ სიმინდის თესლის ნაკლოვანების დადგენა შესაძლებელია 15 დღის განმავლობაში და არ საჭიროებს მის გარდაქმნას ან გადამუშავებას. ასევე, არ შეაფასა სსკ-ის 495-ე მუხლის დანაწესი. ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს, დადასტურდა როგორც ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან, ისე ცნობით შემოსავლების სამსახურიდან, თუმცა ეს ორი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
34. კასატორის მოსაზრებით, მისი პოზიციის გაზიარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანია ქართული სამართლის განვითარებისთვის, რადგან ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი პრაქტიკა იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეულ სფეროში საქმიანობენ, ირიცხებიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას შეცდომით ან მიზანმიმართულად მხარედ დაფიქსირდებიან ფიზიკური პირის სახით. საგულისხმოა, ასეთი მხარე უნდა ჩაითვალოს მეწარმე სუბიექტებად, რადგან: ა) ის არის მეწარმე სუბიექტი; ბ) ის საქმიანობდა კონკრეტულ სფეროში; გ) აკმაყოფილებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; დ) აღნიშნული ემსახურება მის მიერ გარკვეული ვალდებულებებისგან თავის დაღწევას.
35. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოწინააღმდეგე მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ვერ მიიღო მოსავალი, რაც გათვალისწინებული იყო გავრცელებული ინფორმაციით. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოწმე ი. რ.-ის განმარტების თანახმად, რომელიც დიდი ალბათობის მოპასუხის ნათესავია. ასევე, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმე დაბეჯითებით ყვება 4 წლის წინანდელ მოვლენებს.
36. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ აღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლის დანაწესს. გაურკვეველია, კასატორს რა მტკიცებულება უნდა წარმოედგინა 2011 წელს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე საინტერესოა, რომ კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზია ცნობილი გახდა ბოლო პერიოდში, როდესაც მოსარჩელემ მოითხოვა ნივთის ღირებულების ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე ასაბუთებს გარემოებებს, რაც სამართლის ფართო და გონივრული გაგებით არ საბუთდება.
37. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი დასაბუთების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორმა გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი, წარმოადგინა ყველა დოკუმენტაცია, რაც გამყიდველს შეიძლება წარმოედგინა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, ხარისხის სერტიფიკატები (ორი ერთეული), ნივთის შეძენის დოკუმენტაცია. სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არ იმსჯელა, შეაფასა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიის დასკვნა, რომელიც, მისი მოსაზრებით, უარყოფს კავშირს კასატორის მიერ რეალიზებულ სიმინდთან და ამის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ სიმინდის თესლი იყო უხარისხო, რადგან ერთ-ერთმა ლაბორატორიამ შეამოწმა სრულიად სხვა სიმინდი. აღნიშნული ლოგიკით საქართველოში რეალიზებული ყველა სიმინდი უხარისხოა, რადგან შპს „მ.-მა“ სიმინდი შეამოწმა. სიმინდი არის მარცვლეულის სახეობა, რომელიც იყოფა ჯიშებად, ჰიბრიდებად და სხვა. ის ფაქტი, რომ შპს „მ.-მა“ შეამოწმა, გაურკვეველი წარმომავლობის სიმინდი და თვითონვე უარყო კავშირი კასატორის სიმინდთან, სააპელაციო სასამართლოსთვის მაინც არ იყო სარწმუნო და კასატორის წარმოდგენილი ნივთის უნაკლოების დამადასტურებელ მტკიცებულებათა კომპლექსის კონტრმტკიცებულებად გაიზიარა ზემოთ აღნიშნული ლაბორატორიის დასკვნა, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საქმის ობიექტურ განხილვას.
38. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა სსკ-ის 488-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ სიმინდის ხარისხზე და მოგვიანებით მოხდა შეთანხმებული ხარისხის ნივთის გადაცემა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნივთის ნაკლის არარსებობას.
39. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ჩაატარა სიმინდის მოსაყვანად აუცილებელი სამუშაოები თუმცა მაინც ვერ მიიღო მოსავალი და მოწინააღმდეგე მხარისთვის მიწოდებული სათესლე მასალა არ იყო სათანადო ხარისხის. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია.
40. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა ხარისხის სერტიფიკატების აპოსტილით დამოწმებაზე, რასთან დაკავშირებითაც კასატორმა წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს წერილი და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან ამოღებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქვეყნის პრაქტიკა უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს ჰააგის კონვენციიდან. აღნიშნული წერილი იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მშრალი წერილის კონტრმტკიცებულება.
41. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კასატორი ვალდებული იყო, განეხორციელებინა მის მიერ რეალიზებული სიმინდის თესლის კონტროლი, რასთან მიმართებით მოიყვანა გარემოება, რომ სხვა პირებიც იყვნენ უკმაყოფილო სიმინდის თესლით. ასევე გამოიყენა კანონი („ცხოველთა და მცენარეთა ახლი ჯიშების შესახებ“), სადაც საერთოდ არ არის საუბარი, თუ რა სახის კონტროლი უნდა განახორციელოს მხარემ, სანამ მოახდენს ნივთის რეალიზებას.
42. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილს, სადაც საუბარია, რომ სიმინდის ხარისხობრივი კონტროლის არანაირი რეესტრი არ არსებობს და არც ერთი კანონიერ ძალაში მყოფი ნორმატიული აქტი არ მიუთითებს, რომ საქართველოში შემოტანილი სიმინდის თესლი საჭიროებს გარკვეულ კვლევას.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 6 აპრილს მხარეთა შორის დაიდო „პიონერ ჰაი ბრენდის“ მიერ მოწოდებული სიმინდის სათესლე მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი – სათესლე მასალა მიაწოდა 2011 წლის 27 აპრილს, ხოლო მოპასუხემ ნასყიდობის ფასი – 6960 ლარის ოდენობით არ გადაუხდია.
46. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ, მართალია, მოპასუხე რეგისტრირებულია და წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმე სუბიექტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მონაწილეობდა როგორც ფიზიკური პირი და არსად არ ფიქსირდება მისი, როგორც მეწარმის სტატუსი.
47. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხემ ვერ მიიღო მოსავალი, რომელიც გათვალისწინებული იყო სიმინდის თესლის მოსავლიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
48. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოპასუხის სამართლებრივ სტატუსს და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება დადო ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის ფარგლებში. ამავდროულად, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სსსკ-ის 105-ე მუხლის დარღვევით, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
51. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას არ ქმნის კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის მიმართ უნდა გაევრცელებინა სსკ-ის 495-ე მუხლით გათვალისწინებული პროდუქციის შესყიდვისას მისი ხარისხის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება, როგორც ეს მეწარმე სუბიექტების მიმართ ხდება.
52. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტი მხარის ყველა სამართალურთიერთობაში ცალსახად მეწარმედ მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს. მხარის სტატუსის დადგენისას მნიშვნელოვანია მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზნის განსაზღვრა. მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმის სახით გარიგებას დებს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება მიმართულია მისი სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე მიზნის მისაღწევად.
53. განსახილველ შემთხვევაში სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მონაწილეობს როგორც ფიზიკური პირი და არსად არ ფიქსირდება მისი მეწარმის სტატუსი. არ დასტურდება არც მისი სამეწარმეო საქმიანობის შემხებლობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგნის მიმართ და, შესაბამისად, სსკ-ის 495-ე მუხლის მოთხოვნა მოპასუხეზე ვერ გავრცელდება.
54. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა თავად ნასყიდობის საგნის სპეციფიკაზეც, რომელიც სპეციალური კვლევის გარეშე სათესლე მასალის ვარგისიანობის დაუყოვნებლივ შემოწმებას შეუძლებელს ხდის.
55. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა მოწმეთა ჩვენებებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად, ყოველმხრივ და ერთობლიობაში სსსკ-ის 105-ე მუხლის დაცვით შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები – შპს „მ.-ის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, მოწმეების – ი. რ.-ის, გ. მ.-ის, მესამე პირებისა და თავად მოპასუხის განმარტებები, ასევე ის ფაქტიც, რომ სათესლე სიმინდის ხარისხთან დაკავშირებული ანალოგიური პრობლემის სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა. მითითებულ ფაქტორთა ერთობლიობაში გაანალიზება იძლევა იმ სადავო გარემოებების სწორად დადგენის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქტი.
56. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
57. მითითებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
58. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
59. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა და მოპასუხის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს ნასყიდობის საგნის ხარისხთან დაკავშირებით, საკუთარი მსჯელობის გარდა, რაიმე საპირწონე მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.
60. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგან ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 11 თებერვალს №0269 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 375 ლარის 70% – 262,5 ლარი.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 11 თებერვალს №0269 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 375 ლარის 70% – 262,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ნ. ბაქაქური