№110210014685600
საქმე №ას-121-117-2016 17 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე)
მზია თოდუა (მოსამართლეები)
მიხეილ ჩინჩალაძე
პაატა სილაგაძე
ნუგზარ სხირტლაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა- ნ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უბედური შემთხვევის შესახებ აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
1. ა- ნ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს-ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ 2014 წლის 15 თებერვალს შედგენილი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის (შემდგომში „აქტი“) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელე 2007 წლიდან მუშაობდა მოპასუხის დაქვემდებარებაში არსებულ სადგურ ზესტაფონის ტექნიკური აღრიცხვის ოპერატორად. 2013 წლიდან იგი გადაიყვანეს მატარებლის შემადგენლად.
3. 2014 წლის 12 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან მიიღო ტრავმა, კერძოდ, ელმავლის დაშვებულ ნორმაზე მეტად აჩქარების გამო, რყევისა და რაციის გაუმართაობის მიზეზით, მას ფეხი ჩაუვარდა ლიანდაგზე და შედეგად დასჭირდა მარცხენა წვივის ამპუტაცია.
4. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელეს განესაზღვრა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი უვადოდ შრომისუნარიანობის 70%-ის დაკარგვით.
5. მისი მითითებით, 2014 წლის 15 თებერვალს მოპასუხემ შეადგინა აქტი, რომლითაც არასწორად უარყო საკუთარი ბრალეულობა მომხდარში და აღნიშნა, რომ ა- ნ-ემ დაარღვია დაცვისა და უსაფრთხოების წესები, კერძოდ, სამანევრო შემადგენლობის გადაადგილების დროს, ვაგონის საფეხურზე დგომისას ვერ შეიმაგრა თავი და ჩავარდა ვაგონიდან ლიანდაგზე.
6. მოსარჩელემ განმარტა, რომ უბედურ შემთხვევამდე 10 დღე იგი მუშაობდა, როგორც საკუთარი ისე, მის გვერდით მომუშავე ზ. ბ–ის ნაცვლად. შესაბამისად, ორმაგი დატვირთვის გამო, გადაღლილი იყო. იგი იმყოფებოდა სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში. მხარის სამუშაო ძირითადი ატრიბუტი - რაცია იყო გაუმართავი. ფაქტობრივად, უბედური შემთხვევა გამოიწვია ვაგონის გადაჭარბებულმა რყევამ.
მან აგრეთვე მიუთითა, რომ უბედური შემთხვევის წინა დღეს, მას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ჩააბარა სათანადო გამოცდა თავის საქმიანობაში, რაც დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ შედგენილი აქტით.
7. სარჩელის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელემ მიუთითა, ზიანის ანაზღაურება, სახელდობრ, განმარტა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.11.2014წ.-ის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რა დროსაც, სასამართლო დაეყრდნო 15.02.2014წ.-ის წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ სადავო აქტს.
II. მოპასუხის პოზიცია
8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი (მისი ბრალის არარსებობა ზიანის დადგომაში) და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (სადავო აქტის გასაჩივრების ვადის დარღვევა) შესაგებელი.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 22.05.2015წ.-ის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 15.02.2014წ.-ის აქტი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
IV. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 05 ოქტომბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობის გამო, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 22.05.2015წ.-ის გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების შემდგომ მიღებულ იქნა წარმოებაში და მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, რომელიც 12.09.2015წ.-ს ჩაბარდა მის სრულწლოვან ოჯახის წევრს (ადრესატის მეუღლე).
12. ასევე დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებლით ან სხვა რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, სასამართლოსათვის უცნობი იყო შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოობის შესახებაც.
13. ზემოთმითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში შესაგებლის (პასუხი) წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ-ის“) 372-ე, 2321 მუხლებისა და 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არ აბრკოლებდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ პირობას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის – აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა შეადგენდა. არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მეორე პირობაც, რაც, ამავე კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ მართებულობაში მდგომარეობდა.
15. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით; უშუალოდ აქტის შინაარსი აბსოლუტური სიზუსტით ასახავდა უბედური შემთხვევის ადგილზე მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად ჩამოთვლიდა დაზარალებულის მიერ დაცვისა და პირადი უსაფრთხოების წესების დარღვევას; აქტში აღნიშნული იყო ინსტრუქცია, რომლის დაუცველობამაც გამოიწვია დამდგარი შედეგი - სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, აღნიშნული კი, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის უარყოფის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
V. საჩივრის საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა შეიტანა საჩივარი. საჩივრის ძირითადი პრეტენზია სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების სათანადო წესით მისთვის ჩაუბარებლობაში მდგომარეობდა. სახელდობრ, მასში მითითებული იყო, რომ გზავნილი გადაეცა ადრესატის ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც 6 თვეზე მეტია, განქორწინებულია და ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. სასამართლო ვალდებული იყო დაკავშირებოდა მას საქმეში არსებულ ტელეფონის ნომერზე და უზრუნველეყო გზავნილის პირადად ჩაბარება.
VI. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება:
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2015წ.-ის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით. სახელდობრ, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითება, თითქოს გზავნილის ადრესატი 6 თვეზე მეტია განქორწინებულია მეუღლესთან და ყოფილმა მეუღლემ მას არ გადასცა დოკუმენტები. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული საჩივრის ავტორის ის არგუმენტიც, რომ გზავნილის ადრესატი მეუღლესთან განქორწინების გამო, საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან და გაგზავნილ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ განცხადებაზე (ს.ფ.133), რომლითაც ირკვეოდა, რომ 15.06.2015წ.-ს (დაახლოებით, 5 თვის წინ) ა. ნ-ე იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, სადაც ჩაიბარა გადაწყვეტილება. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა და ეკისრებოდა ვალდებულება განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის და მიეთითებინა შეცვლილი მისამართი, რაც მან არ განახორციელა.
19. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მერვე ნაწილისა და 76-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც 2015 წლის 12 სექტემბერს ჩაბარდა სრულწლოვან ოჯახის წევრს – მეუღლეს (ს.ფ. 166). გზავნილით მას განემარტა, როგორც შესაგებლის ხუთი დღის ვადაში წარმოდგენის ვალდებულების, აგრეთვე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის საპროცესო-სამართლებრივი შედეგების შესახებ.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობები, კერძოდ: 1) მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები, ამომწურავად განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; 2) მოპასუხემ უნდა დაარღვიოს შესაგებლის შემოტანისათვის განსაზღვრული ვადა. აგრეთვე, სახეზე უნდა იყოს, მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
21. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დაცული იყო ყველა ზემოთდასახელებული წინაპირობები, სახელდობრ, მხარეს ჩაბარებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით, იგი გაფრთხილებული იყო შესაგებლის წარმოდგენის ვადისა და წარმოუდგენლობის შედეგების შესახებ. გარდა ამისა, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
VI. კასაციის საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
23. კასატორი ასაჩივრებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, როგორც კანონდარღვევით მიღებულ სასამართლო აქტს და სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მისთვის ჩაბარებას.
24. სადავოა სააპელაციო საჩივრის იურიდიული მართებულობის საკითხიც, რაც, კასატორის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ აპელაციის ეტაპზე საქმის განხილვის მიმდინარეობისას, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენება მიზანშეუწონელია.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა ვალდებული იყო გამოერკვია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მხარეთა დასწრებით გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამართლებდა თუ არა აპელანტის მოთხოვნას.
კასატორი საწარმოო ტრავმის გამო, გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დაკარგა კიდური (მარცხენა ფეხი) და აღნიშნული არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით. შესაბამისად, მან სადავოდ გახადა სს „ს-ის“ მიერ ფარულად, ყოველგვარი წესის დარღვევით შედგენილი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის კანონიერება. მას საქმისადმი ინტერესი არ დაუკარგავს და კანონით დადგენილ წესით შეტყობინების შემთხვევაში, შესაგებელს სასამართლოში შეიტანდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით, ხოლო ამავე სასამართლოს 04.03.2016წ.-ის განჩინებით კი, წინამდებარე სამოქალაქო საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.10.2015წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 04.12.2015წ.-ის განჩინების გაუქმების შესახებ განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას საერთო სასამართლოების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 391¹ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე. ამავე განჩინებით გადაწყდა, რომ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე
27. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი გარემოებების გამო:
28. დადგენილია, რომ ა. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ მიმართ 15.02.2014წ.-ს შედგენილი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი უბედური შემთხვევის შესახებ სადავო აქტი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შესაგებლის წარუდგენლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება დაასაბუთა სსსკ-ის 372-ე მუხლზე, 387-ე მუხლისა და 233-ე მუხლის მესამე ნაწილებზე მითითებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ა. ნ--ის საჩივარი 2015 წლის 05 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
29. კასატორმა სადავოდ გახადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.10.2015წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 04.12.2015წ.-ის განჩინების კანონიერება, როგორც პროცედურული წესების დარღვევაზე (სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მისთვის ჩაუბარებლობა) ისე, საქმის აპელაციის ეტაპზე განხილვის მიმდინარეობისას, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე მითითებით.
30. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაჭრის საკვანძო საკითხს სწორედ აპელაციის ეტაპზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენების მიზანშეწონილობა წარმოადგენს. შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის/კასატორის მიერ პროცედურული წესების დაცულობის (სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით ჩაბარება) კვლევას, საკასაციო პალატა აღარ შეუდგება, რამდენადაც მიაჩნია, რომ კასატორის მეორე პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროცედურული წესების დაცულობას, მოცემულ საქმეზე შედეგობრივი თვალსაზრისით, გავლენა ვერ ექნება.
31. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 232¹ მუხლით. დიდ პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა წარმოადგინა სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 372-ე მუხლისა და 387-ე მუხლის მესამე ნაწილის არასწორ გამოყენებასა და განმარტებაში, რასაც საბოლოოდ უკავშირდება სააპელაციო ინსტანციაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მიზანშეუწონლობა.
32. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი:
სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
დიდი პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს, სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
ამდენად, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსამართლეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
33. მოცემულ შემთხვევაში, დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც თუ, სააპელაციო სასამართლო სათანადო პროცესუალური საფუძვლით დაუშვებს აპელანტის მიერ ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო პროცესუალური საფუძვლით დაშვებული ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს სხდომას, რომელზედაც მოწინააღმდეგე მხარისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მხოლოდ მის სამართლებრივ მოსაზრებებს ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
დიდი პალატის მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ყურადღებაა გასამახვილებელი შესაგებლისთვის დამახასიათებელ იმგვარ თავისებურებებზე, რომლებიც განპირობებულია უშუალოდ სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტისა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ქართული მოდელის თავისებურებით.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ განსახვავებენ აპელაციის ორ ძირითად სახეს, როგორიცაა, სრული (შეუზღუდავი) აპელაცია და არასრული (შეზღუდული) აპელაცია.
სრული (შეუზღუდავი) აპელაციის შემთხვევაში, მხარეებს შეუზღუდავად შეუძლიათ მიუთითონ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე და წარმოადგინონ ახალი მტკიცებულებები, რომლებიც არ ჰქონიათ წარმოდგენილი საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში. სრული აპელაციის დროს სააპელაციო სასამართლო ხელმეორედ იხილავს საქმეს და, როგორც წესი, არასდროს არ აბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში. სრული აპელაცია უარყოფით გავლენას ახდენს პირველი ინსტანციიის სასამართლოზე, რომელმაც არ იცის რას მოიმოქმედებენ მხარეები სააპელაციო სასამართლოში, რომელ ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს წარუდგენენ სააპელაციო სასამართლოს და რა სამართლებრივი ბედი ეწევა პირველი ინსატანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ამ სახის აპელაცია მართალია, უზრუნველყოფს მხარეთა აქტიურობას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ამას პირველი ინსტანციიის სასამართლოში საქმის განხილვისას, რადგან სრული (შეუზღუდავი) აპელაციის დროს მხარეები მთელ თავის იმედებს ამყარებენ სააპელაციო სასამართლოზე. ამიტომ, ხშირად, ტაქტიკური თუ სხვა მოსაზრებებით არ უთითებენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებზე, არ წარუდგენენ პირველი ინსტანციიის სასამართლოს მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს და ა.შ. ასეთი ვითარება, საბოლოოო ჯამში, იწვევს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქციის შესუსტებას, ასევე, საქმის გადაწყვეტის უზომოდ გაჭიანურებას. შესაბამისად, სრული (შეუზღუდავი) აპელაცია - ესაა პირველი ინსტანციიის სასამართლოს გამეორება და არა გაგრძელება.
არასრული (შეზღუდული) აპელაციიის შემთხვევაში კი, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას (პატივსადები მიზეზები).
დიდი პალატა ყურადღებას ამახვილებს 2004 წლის 24 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ შემუშავებული N6 დასკვნის 98-ე და 135-ე პარაგრაფებზე, რომლის თანახმად, „უნდა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები ყოველი მხარისათვის წარმოადგინოს ახალი მტკიცებულება ან ახალი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. აპელაცია არ უნდა იყოს და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობა შესწორებების შეტანისა ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებში, რომელთა წარდგენაც მხარეს შეეძლო და უნდა წარედგინა პირველი ინსტანციიის სასამართლოში. შეუზღუდავი აპელაცია აკნინებს პირველი ინსტანციის მოსამართლის როლს და ამ ფაქტმა შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს პირველი ინსტანციიის მოსამართლის მიერ საქმის მართვის არამიზანშეწონილობის დღის წესრიგში დაყენება. მხარეები უფლებამოსილნი არიან მათი მოთხოვნისა თუ დაცვის „სამართლიან სასამართლო მოსმენაზე, რომელიც უნდა დასრულდეს გონივრულ მისაღებ ვადაში“ და არა განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე. ეს განსაკუთრებით ეხება მეორე ინსტანციიის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას“.
34. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია არასრული (შეზღუდული) აპელაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პატივსადები მიზეზების არსებობისას.
დიდი პალატა განმარტავს, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში კანონით ნებადართულია. რაც შეეხება შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ასეთი დაშვებულია სსსკ-ის 2321 მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას. მსგავსი შინაარსის ნორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მომწესრიგებელ ნორმებში არ მოიპოვება.
35. დიდი პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, საჭიროა გავაანალიზოთ სააპელაციო ინსტანციაში წარსადგენი შესაგებლის არსი, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ ბუნებასთან კავშირში.
სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თუ საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტი ან მისი მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, შესაძლებელია თუ არა განსახილველი ნორმის (სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გავრცელება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავახასიათოთ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი მისი შინაარსისა და მოქმედების ფარგლების მიხედვით. ამისათვის კი, აუცილებელია დადგინდეს ის მიზანი, რომელიც წარმოადგენს სამართლის ნორმის საფუძველს. არ შეიძლება სამართლის ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც შეეწინააღმდეგება კანონის ნებას და იმ მიზნებს, რომელთა მიღწევას უზრუნველყოფს გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმა. ამ მიზნის დადგენა ხშირ შემთხვევაში, მოითხოვს მის წაკითხვას სხვა ნორმებთან კავშირში, რომლებთან ერთადაც იგი წარმოადგენს სამართლებრივი მოწესრიგების მექანიზმს.
36. სააპელაციო სამართალწარმოებაში ვხვდებით ძირითადად სპეციალურ საპროცესო ნორმებს, რომლებიც მიზნად ისახავენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას. აღნიშნულის გათვალისწინებით სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის განმარტება შეუძლებელია იმ ნორმებისაგან იზოლირებულად, რომლებიც განსაზღვრავენ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციურობის თავისებურებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმების ფართოდ გამოყენებას, შესაძლებელია მოჰყვეს პირველი ინსტანციის გამეორება სააპელაციო სასამართლოში, რაც ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს ქართული მოდელის არსს.
37. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოში სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც განიხილავს მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავე დროს იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები.
ამდენად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს სსსკ-ის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს.
38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საყურადღებოა სსსკ-ის 372-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, ამ ნორმაში გათვალისწინებული ტერმინები „ცვლილებებითა” და „დამატებებით” მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, რომელთა შეცვლა დაუშვებელია და მხოლოდ ამ თავისებურებების გათვალისწინებით (და არა მათი უგულებელყოფით) არის შესაძლებელი პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვა.
39. დიდი პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლი განსაზღვრავს პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების გამოყენების ფარგლებს, ე.ი. ამ წესების გამოყენება არ ატარებს შეუზღუდავ ხასიათს, არამედ შეზღუდულია სააპელაციო სასამართლოს მიზნებით, სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების თავისებურებებით. მაშასადამე, სსსკ-ის 387-ე მუხლის 3-ე ნაწილი სისტემურ-ლოგიკურ კავშირშია სსსკ-ის 372-ე მუხლთან.
შესაბამისად, სსსკ-ის 372-ე მუხლის გათვალისწინებით სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის განმარტება უნდა მოხდეს შემდეგნაირად: პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები გამოიყენება ყველა სხვა შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ეს ცვლილებები და დამატებები, ე.ი. ის თავისებურებები, რომლებიც დამახასიათებელია სააპელაციო საქმისწარმოებისათვის, ასევე ვლინდება უშუალოდ განსახილველი ნორმის სტრუქტურაში, რომლის გარკვევის გარეშე, შეუძლებელია მისი ანალიზი და შეფარდება.
40. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიძლება დავყოთ ორ კომპონენტად: ფაქტობრივი ნაწილი, რომელიც ივარაუდება ამ ნორმით და სამართლებრივი შედეგი, რომელიც მოჰყვება ფაქტობრივ ქცევას. განსახილველ მუხლში მოცემულია პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს იურიდიული შედეგი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პირობებს, გარემოებებს, რომელთა არსებობისასაც შეიძლება იქნეს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, წარმოადგენს საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის (აპელანტი, მისი მოწინააღმდეგე მხარე) გამოუცხადებლობა და გამოცხადებული მხარის (აპელანტი, მისი მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოსადმი თხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი ავსებს და არ „აუქმებს“ პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილ წესს. ის პირობები, გარემოებები, რომელიც დადგენილია პირველი და მეორე ნაწილებით (საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობა და ა.შ.), ნაგულისხმევია სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ამ ნორმაში მითითებული სიტყვები „სხვა შემთხვევაში” გაგებული უნდა იქნეს ზუსტად ის შემთხვევები, რომლებიც საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობასთან ერთად იწვევენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც არ არის მითითებული სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მაგალითად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას; ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები; დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ა.შ.).
41. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა და საქმის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობა სხვადასხვა პირობებია, რომლებიც გათვალისწინებულია სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი სპეციალური ხასიათისაა, მის მე-3 ნაწილში მითითებული სიტყვების „სხვა შემთხვევაში” ფართო განმარტება არ შეიძლება იმ შეზღუდვების გაუთვალისწინებლად, რაც დადგენილია სსსკ-ის 372-ე მუხლით.
42. დიდი პალატა მიუთითებს, რომ საჭიროა შევადაროთ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შესაგებლის წარუდგენლობა და მხარეთა გამოუცხადებლობა, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
დიდი პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება, შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეებად: სარჩელის უარყოფა (არცნობა), საპროცესო შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი.
შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის (არცნობის), როგორც შესაგებლის სრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა (არცნობა), მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს. ზუსტად ეს გარემოება (სარჩელის უარყოფა (არცნობა) განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შედის მტკიცების საგანში. სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას), ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. ამ პროცესუალურ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის, რაც, შესაბამისად, განაპირობებს მტკიცებულებითი საქმიანობის სწორად განხორციელებას. სწორედ საქმის მომზადების მიზანს ემსახურება სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომელიც მხოლოდ პირველ ინსტანციის სასამართლოსათვის არის დამახასიათებელი და ითვალისწინებს შესაგებლის იმ სახეს, რომელიც მიუთითებს სარჩელის უარყოფაზე (არცნობაზე), რომლის წარუდგენლობა, ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან და აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ის, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილში კანონმა გაითვალისწინა შესაგებლის ისეთი სახე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა (არცნობა) აიხსნება, ასევე იმით, რომ ასეთი შესაგებლის წარმოდგენა ვერ შეფასდება როგორც შესაგებლის წარუდგენლობა (ქართული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ცალკე არ გამოყოფს სარჩელის უარყოფასა და ფორმალურ შესაგებელს), რადგან, ამ ტიპის შესაგებელს მოჰყვება იურიდიული შედეგი - სარჩელში მითითებული ფაქტები იძენენ სადავო ხასიათს და ამდენად, ეს ფაქტები შედიან მტკიცების საგანში. სხვა საქმეა, თუ რამდენად საფუძვლიანია ეს შესაგებელი. აღნიშნული სახის შესაგებელი, შესაძლებელია შეფასდეს როგორც დაუსაბუთებელი, რაც სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედების სტადიაზე არ იხილება.
ამდენად, საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოსამართლე არ იხილავს საქმეს არსებითად, არამედ მხოლოდ ამზადებს მას არსებითი განხილვისათვის, შესაბამისად, ამ სტადიაზე წარმოდგენილი შესაგებელი შეიძლება მიუთითებდეს იმ ფაქტზე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოა. მომზადების ეტაპზე მოსამართლე განსაზღვრავს ფაქტების წრეს (მტკიცების საგანი), მტკიცებულებებს, რომელთა საშუალებით მხარეები ადასტურებენ ამ გარემოებებს, სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც უნდა მოხდეს ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. ამისათვის მხარეები ახორციელებენ პროცესუალურ მოქმედებებს, რაც აუცილებელია მოთხოვნის (შესაგებლის) დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად.
შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზედაც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. ზუსტად ეს მტკიცებითი საქმიანობაა შეზღუდული სააპელაციო სასამართლოში (ქართული მოდელის თანახმად), სადაც ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია, გარდა სსსკ-ის 380-ე და 382-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მაშასადამე, სსსკ-ის 380-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იშვიათ შემთხვევაში, არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში.
43. ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობა ხელს არ უშლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები სარგებლობენ ფართო საპროცესო უფლებებით და წარადგენენ საქმისთვის საჭირო ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც მიიჩნევენ მნიშვნელოვნად თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაცავად, შესაბამისად, სარჩელსა თუ შესაგებელში, ასევე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებებით ნათლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რაც სრულად მოცემულია საქმის მასალებში.
აღნიშნული არ ნიშნავს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ აკისრია სასამართლოს დავალებების შესრულების ვალდებულება. სსსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ იგი ვალდებულია საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივარზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მხარის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება არ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
44. დიდი პალატა აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებითი საქმიანობა სააპელაციო სასამართლოში შეზღუდულია, შესაბამისად, შესაგებელი, რაც წარმოადგენს მტკიცებითი საქმიანობის განხორციელების პროცესუალურ შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოში პოულობს მტკიცებულებითი საქმიანობის განხორციელების ადეკვატურ ასახვას. სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებითი საქმიანობის განხორციელების თავისებურებების გათვალისწინების გარეშე არ შეიძლება სწორი შეფასება მიეცეს სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ წარსადგენ შესაგებლის ინსტიტუტს და, შესაბამისად, მისი წარმოუდგენლობის შედეგების სწორად განსაზღვრას. მისი არსებობა ნაკარნახევია სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტით, რომელიც დამახასიათებელია სააპელაციო სასამართლოს ქართული მოდელისათვის.
45. დიდი პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ უფრო დეტალურად გამოვკვეთოთ სააპელაციო შესაგებლის მნიშვნელობა და საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მისი წარუდგენლობის შედეგები, უნდა განვიხილოთ სააპელაციო საჩივრის არსი, როგორც სააპელაციო სასამართლოს ინსტანციურობის გამომხატველი პროცესუალური საშუალება.
სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების (განჩინების) შემოწმების მოცულობის მიხედვით, შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეებად: სააპელაციო საჩივარი, რომელიც ეხება პირველ ინსტანციაში მითითებულ ფაქტებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს; სააპელაციო საჩივარი, რომელიც უთითებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე; სააპელაციო საჩივარი, რომელიც ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, შესაბამისად, სააპელაციო შესაგებელს ახასიათებს ყველა ის ნიშან-თვისება, რაც - ზოგადად პროცესუალურ თავდაცვის საშუალებას იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ თავდაცვისათვის.
46. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი პროცესუალური ნორმებით არ არის დიფერენცირებული ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრების სახეების მიხედვით შესაგებლების თავისებურებები. სსსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნულია სააპელაციო შესაგებლის ზოგადი მახასიათებლები ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრის სახეების წინააღმდეგ.
47. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ სააპელაციო შესაგებელი, რომელიც მიმართულია იმ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ, რომელიც ეხება პირველ ინსტანციაში მითითებულ ფაქტებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს. სააპელაციო საჩივარი, (შეგებებული სააპელაციო საჩივარი), რომელიც მიუთითებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე (სსსკ-ის 380-ე და 382-ე მუხლები) წარმოადგენს გამონაკლისს იმ საერთო წესიდან, რომელსაც ასახავს სააპელაციო სასამართლოს ქართული მოდელი.
საერთო წესის შესაბამისად, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის (მხოლოდ პირველ ინსტანციაში მითითებულ ფაქტებსა და წარდგენილი მტკიცებულებების, სამართლებრივი ნორმის გამოყენება-განმარტებასთან და ა.შ. მიმართებაში სააპელაციო საჩივრის) წინააღმდეგ შესაგებლის წარდგენა შეიძლება მიუთითებდეს უკვე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცების საგნის კონსტატაციაზე და არა - მის განსაზღვრაზე. ეს თვისება ახასიათებს შეზღუდულ (არასრულ) აპელაციას, როდესაც ხდება არა პირველი ინსტანციის გამეორება, არამედ გაგრძელება, შესაბამისად, პირველ ინსტანციაში სარჩელის წინააღმდეგ შეტანილი შესაგებლით დარღვეული პრეზუმფცია ინარჩუნებს თავის იურიდიულ მნიშვნელობას სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო საჩივარი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას. შესაგებლის ზოგადი სახეები, რომელზეც უკვე იქნა გამახვილებული ყურადღება, ასევე ეხება სააპელაციო შესაგებელსაც. სააპელაციო საჩივრის უარყოფა (არცნობა) წარმოადგენს სააპელაციო შესაგებლის ერთ-ერთ სახეს, რომლის გარეშე არ არსებობს ზოგადად შესაგებელი, როგორც თავდაცვის პროცესუალური საშუალება. სსსკ-ის 373-ე მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის მომზადებასთან დაკავშირებული საპროცესო ურთიერთობები, ადგენს სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარდგენის წესს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას, ე.ი. წარსულში უკვე შედავებულ და გამოკვლეულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობას არ მოჰყვება პირველ ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები - ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ ტიპის შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს. შესაბამისად, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფართო განმარტება, ნორმის გვრცელება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უცხოა სააპელაციო სამართალწარმოებისათვის, დაუშვებელია.
48. ამდენად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას, რასაც ადგილი არა აქვს სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში (ეს ფაქტები უკვე შედავებულია, ამ შემთხვევაში კი იხილება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი ან მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლებით უკვე გამოკვლეული ფაქტებისა და მტკიცებულებების ფარგლებში. გამონაკლისს წარმოადგენს სსსკ-ის 380-ე და 382-ე მუხლები). ხოლო საქმის არსებითი განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ (არგამოცხადებულმა მხარემ) ვერ დაადასტურა საპირისპირო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადგილი აქვს არა მარტო უარყოფას, არამედ - ამ უარყოფის დადასტურებას, რაც შეიძლება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას და არა სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედების სტადიაზე, რაც განასხვავებს ერთმანეთისაგან ამ ორ პრეზუმფციას.
49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ საქმის მომზადების მიზნით პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესები თითქმის მთლიანად ეხება სააპელაციო სასამართლოსაც, სააპელაციო შესაგებელს გააჩნია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსათვის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც პირველ რიგში ვლინდება მტკიცებით საქმიანობაში. სააპელაციო შესაგებელი, როგორც მტკიცებითი საქმიანობის განსახორციელებელი საპროცესო საშუალება, არ შეიძლება გავაიგივოთ სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელთან. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან თავისუფლდება მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტი შეიძლება იყოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას საქმის მომზადების ეტაპზე, როგორც იურიდიულ ფაქტს, არ შეიძლება მოჰყვეს ისეთივე შედეგები, რადგან აპელაციაში მტკიცებითი საქმიანობის განხორციელების თავისებურებიდან გამომდინარე იხილება იგივე სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ფაქტები და მტკიცებულებები, ხოლო ამ სტადიაზე შესაგებლის წარუდგენლობით არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი.
50. სააპელაციო საქმისწარმოების მომწესრიგებელი ნორმებით შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლობა, წარმოადგენს ე.წ. კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილს. ზუსტად ეს პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის განმარტებისას, რომელიც არა დესკრეციულ, არამედ ნორმატიულ ფაქტობრივ შემადგენლობას მოიცავს, რაც თავისთავად ითვალისწინებს არა უპირობოდ პირველ ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ წესების „გადმოღებას“, არამედ მისი ნორმატიული ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო საქმისწარმოების შეფასების გზით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობების სწორ დიფერენცირებას.
51. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლს (1997 წლის 14 ნოემბრის რედაქცია) არც 2007 და არც 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებია და მისი გავრცელება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ საფუძველზე - შესაგებლის წარუდგენლობაზე, საკანონმდებლო ტექნიკითაც სპეციალური დათქმის გარეშე დაუშვებელია.
დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენებაზე დათქმის არარსებობა კანონის ხარვეზს არ წარმოადგენს და ამით კანონმდებელმა სწორად და საფუძვლიანად გააანალიზა სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის სპეციფიკა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი.
52. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, გარდა პირველ ინსტანციაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტურად გამოყენებული უფლების დაცვის საშუალებებისა, გამყარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც წარმოადგენს უფლების დაცვის შესახებ მიღებულ მართლმსაჯულების აქტს. სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ მხარეთა კანონიერი ნდობის მომენტი ბუნებრივად განაპირობებს საქმეში მონაწილე მხარეთა რწმენას გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე. ასეთ პირობებში, მხარე, რომელიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, ლოგიკურად და მართებულადაც ასკვნის, რომ სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მოტივაცია საკმარისს უნდა წარმოადგენდეს სააპელაციო სასამართლოში მისი უფლებების დასაცავად და პოზიციის გამოსახატავად.
53. დიდი პალატა ზემოთჩამოყალიბებული მსჯელობების საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საქმის წარმოებისას სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია.
54. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 393-ე მუხლი, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
55. დიდი პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს აგრეთვე აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზეც.
56. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება.
დიდი პალატა განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს.
დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.
აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.
დიდი პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
დიდი პალატა სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდ პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ პირველ რიგში, უნდა იქონიოს მსჯელობა რამდენადაა შესაძლებელი ცალკე სასარჩელო წარმოებით იქნას განხილული სხვა დავაში დასადგენი ერთ-ერთი სამართლებრივი წინაპირობის ნამდვილობა არანამდვილობის საკითხი და რამდენად შეეძლო მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელი აღეძრა მაშინ, როდესაც მის მიერ უკვე აღძრულ მიკუთვნებით სარჩელზე პარალელულად მიმდინარეობს დავა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა შეეხება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რომელიც სამოქალაქო სამართალში წარმოადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევას.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა მხოლოდ იმ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, რომლითაც კასატორი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3911 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა- ნ--ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 04 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე
მოსამართლეები: მზია თოდუა
მიხეილ ჩინჩალაძე
პაატა სილაგაძე
ნუგზარ სხირტლაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
მომხსენებელი - ზურაბ ძლიერიშვილი
ბესარიონ ალავიძე
პაატა ქათამაძე