Facebook Twitter
საქმე №ას-1174-1104-2015 11 მარტი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი _ შპს „გ-ი“ (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ე-ა“ (მოპასუხე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება


დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „გ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე-ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 2014 წლის ენერგეტიკული მომსახურების ღირებულების _ 7 751,70 (1 კვტ/სთ-ზე 0,2 თეთრი) ლარის დაკისრების, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან, მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის შეწყვეტამდე, თმენისათვის კომპენსაციის (1 კვტ/სთ) 0,5 თეთრით განსაზღვრის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში _ სემეკი) 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების ამოქმედებით არალიცენზიანტი პირის ქსელით სარგებლობისათვის ახალი ტარიფი განისაზღვრა, რის თაობაზეც, მხარეები, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა შეთანხმებულიყვნენ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, ამასთანავე, მხარეთა შორის გაფორმებული ენერგეტიკული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ძალაში დატოვების შემთხვევაშიც, #15 დადგენილების ამოქმედებიდან მოპასუხეს არ ეკისრება 0,2 თეთრის გადახდა ყოველ გატარებულ 1 კვტ/სთ-ზე. მოპასუხე გადახდას არ ახორციელებს არა იმიტომ, რომ ვალდებულებას არიდებს თავს, არამედ, მოსარჩელეს არ სურს სემეკის ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად დაანგარიშებული თანხის მიღება. რაც შეეხება ამ საკითხის თაობაზე მანამდე არსებულ სასამართლო პრაქტიკას, ვინაიდან #15 დადგენილებით სემეკმა მოაწესრიგა არალიცენზიანტის ქსელით სარგებლობისას კომპენსაციის საკითხი, ამ კომპენსაციის ოდენობა სწორედ მითითებული დადგენილების შესაბამისად უნდა იქნას გამოთვლილი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 751,70 ლარის ანაზღაურება, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის თმენის კომპენსაცია გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით, 1 კვტ/სთ-ზე - 0,5 თეთრი, 2015 წლის 1 იანვრიდან ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის შეწყვეტამდე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური ტარიფით ერთ კვტ.საათზე დაეკისრა 0.0016 თეთრის ოდენობით, ხოლო ელ.გადამცემი ხაზით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია 6-კილოვატიანი ძაბვის 2.7კვ.მ ელექტროგადამცემი ხაზი და მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზეც განთავსებულია შპს „გ-ის“ ბალანსზე რიცხული ელექტროდანადგარები (ელექტროქვესადგური, ტრანსფორმატორი, გამანაწილებელი კარადები და სხვა).
5.1.2. მოპასუხე წარმოადგენს რა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 6-კილოვატიანი ძაბვის 2,7 კმ. ელექტროგადამცემი ხაზით, ასევე, ელექტროდანადგარებით, რომლებიც განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ქონებას მოვლა-პატრონობას უწევს და შესაბამის ხარჯებს ფარავს მოსარჩელე, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტი.
5.1.3. 2013 წლის 1 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ენერგეტიკული მომსახურების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოპასუხე უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა საკუთარი აბონენტების ელექტოენერგიით მომარაგება მოსარჩელის კუთვნილი ენერგეტიკული მოწყობილობების მეშვეობით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ენერგეტიკული მომსახურების ღირებულება ყოველ გატარებულ კვტ/სთ -ზე განისაზღვრა 0,2 თეთრით. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, მხარეებმა დათქვეს შემდეგი: „მიუხედავად 4.1. პუნქტში მოცემული პირობისა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გაანგარიშების შესახებ მიღებული იქნება განსხვავებული გადაწყვეტილება და/ან დადგენილება, მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელდება სემეკის მიერ მიღებული შესაბამისი მეთოდოლოგიის და/ან ტარიფის მიხედვით, რომელიც გავრცელდება სემეკის მიერ ამგვარი დადგენილების და/ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან“, ანუ, მხარეთა შეთანხმება 0,2 თეთრის გადახდასთან დაკავშირებით ძალაში იყო ამ საკითხის ნორმატიულად დარეგულირებამდე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, „4.2. პუნქტში მოცემული პირობის დადგომის შემთხვევაში მხარეები წერილობით შეიტანენ შესაბამის ცვლილებას წინამდებარე ხელშეკრულებაში, ამგვარი გარემოების წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს ენერგო-პროს მიერ კონტრაქტორისადმი ცალმხრივად გაკეთებული შეტყობინებით“.
5.1.4. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით სემეკმა დაამტკიცა „მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“. ეს დადგენილება ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან და ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი) დაადგინა, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან პარალელურად ამოქმედდა მოდავე მხარეთა შორის 2013 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტები.
5.1.5. ახლად შემოღებული რეგულაციების თანახმად და მხარეთა შორის უკვე არსებული სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით 2014 წლის 10 იანვარს აპელანტმა მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა შემდეგს: „გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დარეგულირებულ იქნა მესამე პირების მფლობელობაში არსებული ქსელში ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ შორის არსებული 2013 წლის 1 მარტის #... ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. და 4.3. პუნქტების საფუძველზე, გთხოვთ, კომპანიაში წარმოადგინოთ სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (თქვენი კუთვილი ქსელის იმ ფრაგმენტების საბალანსო, ისტორიული ღირებულება, ქსელის გამტარუნარიანობა), რათა მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს ხელშეკრულება“. აღნიშნული წერილის პასუხად, 2014 წლის 24 თებერვალს, მოსარჩელემ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. წერილის შინაარსი კი ასეთია: „გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ განხილულ იქნა თქვენი წერილი, რომელშიც ითხოვთ 2013 წლის 1 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დოკუმენტების წარმოდგენას, წარმოგიდგენთ აღნიშნულ დოკუმენტებს ... დანართი 4 ფურცლად“. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების შესაბამისად, ენერგოკომპანიამ დაიანგარიშა სადავო ქსელში ელექტროენერგიის გატარების საკომპენსაციო ტარიფი და დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი გადამცემი ხაზით სარგებლობისათვის ეს ტარიფი 0.0016 თეთრს შეადგენდა. ტარიფის სწორად დაანგარიშებას (ფორმულის სწორად მისადაგებისა და მათემატიკური გაანგარიშების თვალსაზრისით) მოსარჩელე არ შედავებია.
5.1.6. აპელანტი სარგებლობს რა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზითა და ელექტროდანადგერებით, მის მიერ 2013 წლის 1 მარტის #... ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია მხოლოდ 2013 წლის ბოლომდე, ხოლო დარჩენილ პერიოზე (2014 წლის იანვარ-დეკემბერი) არ გადაუხდია გატარებული ელექტო ენერგიის საფასური.
5.1.7. სასამართლოს დასკვნით, ის, რომ ელ.ენერგიის გატარება თავის თავში მოიცავს ქსელით სარგებლობისათვის გარკვეული სამუშაოების გაწევას, დგინდებოდა თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გონივრული განმარტებითაც (მუხლი 2). ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღონისძიება, რისი ვალდებულებაც ხელშეკრულებითა და კანონის ამ სამართლებრივ ურთიერთობაში ქსელის არალიცენზიანტ მესაკუთრეს აკისრია, არის ის, რომ სრულ წერიგში ჰქონდეს ელ.გადამცემი ხაზები და ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა. რაიმე სხვა დანიშნულებით ქსელის გამოყენება შეუძლებელია, მისი ერთადერთი დანიშნულება შეიძლება იყოს მასში ელ.ენერგიის გატარება, რაშიც მომხმარებელი იხდის კიდეც საზღაურს კანონით დადგენილი წესით. თმენისათვის კომპენსაციის ცალკე გადახდა, პალატის მოსაზრებით, ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მესაკუთრისათვის, რომელიც ითმენს სხვა მესაკუთრის ზემოქმედებას მის საკუთრებაზე და ეს ზემოქმედება აღემატება მისი საკუთრების ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობასა და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ელექტროენერგიის გატარებაა და სხვა არაფერი, რაც ეკონომიურად დასაშვები ფარგლებია მასზე ზემოქმედებისა. პალატის მოსაზრებით, სწორედ ამგვარადაა აღნიშნული საკითხი დარეგულირებული და გაგებული კანონმდებლის მიერ სამოქალაქო კოდექსის როგორც 180-ე, ისე 175-ე მუხლით, რამეთუ ფაქტია, რომ ელ.ენერგიის მესაკუთრე მოპასუხეა, ხოლო, ამ ელ.ენერგიის გადამცემი ხაზისა - მოსარჩელე. ცხადია, ელ.ენერგიის განაწილება და, შესაბამისად, ელ.ხაზებში გატარება ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა, როგორც მიმწოდებლის, ასევე ხაზების მესაკუთრის მხრივაც. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის აღწერილობაში ნაკვეთის მესაკუთრეზეა საუბარი და არა ელ.გადამცემი ხაზების მესაკუთრეზე, მაგრამ როცა მოსარჩელე თმენის კომპენსაციას ითხოვს, სწორედ ზემოაღნიშნული რეგულაციების ფარგლებში (როგორც 180-ე, ისე 175-ე მუხლები) უნდა გაეცეს პასუხი მისი მოთხოვნის მართებულობას.
5.1.8. პალატის დასკვნით, 2015 წლიდან თმენის საკომპენსაციოდ განსხვავებული ტარიფის დადგენა, ვიდრე ეს 1 კვტ/სთ ელ.ენერგიის გატარებისთვის დაადგინა სემეკმა, სრულიად კანონშეუსაბამო და უსაფუძვლოა, რაც შეეხება 2014 წელს, სასამართლომ ჩათვალა, რომ საფასურის ოდენობა გაანგარიშებული უნდა ყოფილიყო არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით, არამედ სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დამტკიცებული წესების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 2014 წლის ელ.ენერგიის გატარების საფასურის დაკისრებას, ხოლო, 2015 წლიდან იგი განცალკევებით გამოჰყოფდა და ითხოვდა ქსელით სარგებლობის გამო თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელ საფასურს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ელ.ენერგიის გატარების საფასური მოიცავს ელ.ენერგიის ქსელით სარგებლობის თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელ საფასურს და სხვა ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულ მომსახურებას.
5.1.9. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექის 316-ე, 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 361-ე მუხლით და აღნიშნა შემდეგი: მხარეთა შორის არსებობს მოსარჩელის კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროხაზებით ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და კანონის თანახმად, ელექტროხაზების მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი ქსელით სარგებლობისათვის მომსახურების საფასურის გადახდა. პალატამ ასევე მიუთითა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების პირველი მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებზე, მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნა, რომ სემეკის დადგენილებით დადგენილ ტარიფში (საკომპენსაციო თანხაში) შედის სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი, მაგრამ ეს მომსახურების თანხა დადგენილია ლიცენზიის მფლობელი პირებისათვის და ივარაუდება, რომ მათ მიმართ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რაც აუცილებელია ელექტროენერგიის გატარებისათვის. არალიცენზიანტი მფლობელის თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ანალოგიურ ურთიერთობის მიმართ სემეკის მიერ სატარიფო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას. საკომპენსაციო თანხა შეიძლება იყოს იმავე ოდენობის, რაც ტარიფის სახით სემეკის მიერ დადგენილია ლიცენზიანტებს შორის ან ამ ტარიფზე ნაკლები. ამაზე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი. ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. პალატის მითითებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საწარმოს ხელმძღვანელის ან მესაკუთრის ვალდებულება ელექტროსადგურებისა და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის თაობაზე. თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის კანონიერებასთან დაკავშირებით, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან განაწილების ლიცენზიანტები, ყურადსაღებია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესიც, რომლის თანახმადაც, ქსელის არალიცენზიანტი მფლობელი, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ელ.ქსელებით სარგებლობს აპელანტი, ხოლო მოსარჩელის, როგორც არალიცენზიანტი მფლობელის, ამ სარგებლობის მიმართ თმენის ვალდებულება განსაზღვრულია სპეციალური სამართლებრივი აქტებით. სამოქალაქო კოდექსის გამოყენება განპირობებულია ამ სამართლებრივ აქტებში მითითებების საფუძველზე, სარგებლობის მიმართ თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისათვის. მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის, როგორც 180-ე, ისე 175-ე მუხლების ნორმატიული აღწერილობები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, განვმარტოთ ამ ნორმებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის შინაარსისა და მისი მოცულობის სამართლებრივი კრიტერიუმები.
5.1.10. სასამართლოს მოსაზრებით, თმენის, კომპენსაციას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში, რა დროსაც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი. ამ თვალსაზრისით, პალატამ მიუთითა საქწართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმეზე #ას-803-762-2013), რომლის თანახმადაც, საქმის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იმავე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით). მითითებული საკითხის გარკვევისათვის საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ წესები. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები არეგულირებენ ლიცენზიანტებს შორის არსებულ სატარიფო სისტემას, მისი გამოყენება ატარებს სახელმძღვანელო ხასიათს, რომელიც გვეხმარება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრაში. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ შპს „გეოპლანტ ინგირის“ საკუთრებას წარმოადგენს 6-კილოვატიანი ძაბვის 2,7 კმ. ელექტროგადამცემი ხაზი, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით, გარდა იმისა, რომ გაატაროს ელექტროენერგია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი. საკასაციო პალატის განმარტებით (მსგავსი კატეგორიის საქმეზე) დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული წესები. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ელ.ენერგიის გატარების ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის (სემეკის 2008 წლის 18 სექტემბერი #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი). ამდენად, მითითებული წესის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. სემეკის, 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით, დამტკიცებული „მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ მიხედვით, ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის ტარიფი 1 კვტ საათზე - 0.0016 თეთრით განისაზღვრა. ამდენად, პალატის დასკვნით, გადაწყვეტილებაში უკვე მიმოხილულ გარემოებათა გამო, 2014 წელს გატარებული ელ.ენერგიის მომსახურებისთვის 1 კვ.ტ/სთ ელ.ენერგიაზე უნდა განისაზღვროს 0.0016 თეთრის ოდენობით, ხოლო მოთხოვნას 2015 წლიდან თმენის საკომპენსაციოდ 0.2 თეთრის დაკისრებაზე, ზემოხსენებულ გარემოებათა გამო, სამართლებრივი წინაპირობები არ გააჩნია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (რაც, რასაკვირველია, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, მოითხოვოს ელ.ენერგის გატარების საფასური).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული ელ.ენერგიის გატარების მომსახურების საფასურისა და თმენის კომპენსაციის გამიჯვნის ნაწილში, ასევე ხელშეკრულების არსებობის პირობებში ქსელით მოსარგებლის ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში, ასევე, ხელშეკრეულების შეწყვეტის შემდგომ თმენის კომპენსაციის განსაზღვრისას აქტივების ისტორიული ღირებულებისა და შემადგენლობის განსაზღვრის ნაწილში. გარდა აღნიშნულისა, დარღვეულია მტკიცებულებათა შეფასებისა და მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე საპროცესო წესები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან, სასამართლომ არასწორად გაიგო სემეკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაცია.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება და სემეკის 2008 წლის 18 სექტემბერის #20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, 2015 წლიდან თმენის კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი იმიტომ ეთქვა, რომ სასამართლოს აზრით, იგი შედიოდა გატარების საფასურში, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია. სწორედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის წინადადებითაა ნებადართული ქსელის მფლობელის უფლება, მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა, ხოლო, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბის #20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თმენის კომპენსაცია გაიცემა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. კასატორის განმარტებით, ქსელის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის შეიძლება არსებობდეს სამი სახის ურთიერთობა: ა) როდესაც ელ.ენერგიის გატარების მომსახურების გაწევა ხდება ხელშეკრულების საფუძველზე და ხარჯებს წევს მესაკუთრე; ბ) მესაკუთრის თმენის ვალდებულების საფუძველზე, ხელშეკრულების გარეშე ხორციელდება გატარება და ხარჯების გაწევა ხდება მესაკუთრის მიერ; გ) ხელშეკრულების გარეშე, მესაკუთრის თმენის ხარჯზე ხორციელდება გატარება და და ხარჯების გამწევია მოსარგებლე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხორციელდება კასატორის ქსელით სარგებლობა ამ უკანასკნელის იმ კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე, რომ ითმინოს ქსელით სხვის მიერ სარგებლობა, შესაბამისად, საკითხი უნდა დამდგარიყო იმგვარად, რომ მფლობელს შეეძლო, მოეთხოვა თმენის კომპენსაციის გადახდა და გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რასაც სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა.
6.1.3. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში, პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2014 წლის ენერგეტიკული მომსახურების ღირებულების _ 7 751,7 ლარის დაკისრება (1 კვტ/სთ-ზე 0,2 თეთრი) . სასამართლომ მიუთითა, რომ სემეკის მიერ გატარების მომსახურების გაანგარიშების წესის დადგენის შემდგომ ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო გაანგარიშება, მიუხედავად იმისა, შეტანილი იქნებოდა თუ არა ცვლილება მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში და მითითებული დადგენილებიდან გამომდინარე, სასამართლომ ტარიფად მიიჩნია 1 კვტ/სთ ელ.ენერგიის გატარებაზე 0,0016 თეთრი. სწორედ ეს გარემოება ასახა სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში. აღნიშნულით სასამართლომ დაადგინა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება იმ განსხვავებით, რომ ტარიფი გამოიანგარშებოდა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების შესაბამისად. ამ დასკვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა და ერთმანეთისაგან არ გამიჯნა ხელშეკრულების შეწყვეტამდე და შეწყვეტის შემდგომი პერიოდი. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდთან დაკავშირებით სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით უკვე არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ჩარევა არ მომხდარა და ამ პერიოდისათვის მოქმედებდა მხარეთა შეთანხმებული ტარიფი. ამასთან, მთავარია იმის განსაზღვრა, როდესაც მხარე უარს აცხადებს ხელშეკრულებაზე და იგი უკვე შეწყვეტილია, უნდა მოხდეს ზემოხსენებული #15 დადგენილების გამოყენება, თუ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თმენის კომპენსაცია. დადგენილების გამოყენება, კასატორის მოსაზრებით, მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მხარეები დადებენ ხელშეკრულებას გატარების მომსახურების გაწევაზე და იგი არ გამოიყენება თმენის კანონისმიერი ვალდებულებისას. კასატორმა მიუთითა ზემოხსენებული #15 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მომსახურების გაწევა აქტიური ქმედებაა, ხოლო თმენა _ პასიური, პირველი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, ხოლო მეორე _ კანონისმიერი ვალდებულების. #15 დადგენილების პრეამბულის თანახმად, „წესები“ დადგენილია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე და შეეხება გატარების მომსახურების გაწევისას გატარების საფასურის გაანგარიშებას და არა თმენის კომპენსაციას. ამდენად, #15 დადგენილების თანახმად, კომპენსაციის ოდენობა საშუალო მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკითაა მოწესრიგებული.
6.1.4. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება. მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად, სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა, რომ ტარიფი შეადგენდა 0,0016 თეთრს. #15 დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაანგარიშებაში მონაწილეობა უნდა მიეღო ქსელის ყველა იმ ელემენტის ღირებულებას, რომელიც ჩართულია ელ.ენერგიის გატარებაში. სასამართლოს არ გამოუკვლევია გაანგარიშებაში მონაწილე აქტივების შემადგენლობა, რადგანაც მან სადავო ნორმა იმგვარად განმარტა, რომ ტარიფი მხოლოდ გადამცემი ხაზის ღირებულებით უნდა იქნას გამოანგარშებული. მითითებულ გაანგარიშებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მაღალი ძაბვის ხაზი, მაშინ, როდესაც ელ.ენერგიის გატარებაში მონაწილეობს ისეთი აქტივები, როგორიცაა: ელ.ქვესადგურის შენობა, ტრანსფორმატორი, გამანაწილებელი კარადა, მაღალი და დაბალი ძაბვის ბადეები, გადამცემი ხაზის ბოძები, მიწის ნაკვეთი და სხვა, თანახმად ამ დადგენილების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა. პალატას არ შეუფასებია გაანგარიშებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ღირებულება, შედეგად სასამართლომ არასწორად გაიზიარა ის, რომ 1 კვტ/სთ-ზე გატარების ღირებულება 0,0016 თეთრს შეადგენდა. ამ გარემოების უსწორობას ადასტურებს ის, რომ #15 დადგენილების დარღვევით გამოანგარიშებული ტარიფის თანახმად, 125-ჯერ შემცირდა კასატორის კუთვნილი თანხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების/საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სემეკის დადგენილების ამოქმედების შემდგომ ქსელის მფლობელ არალიცენზიანტსა და ელ.ენერგიის მესაკუთრეს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების კანონიერების განსაზღვრა, როგორც სახელშეკრულებო, ისე საკუთრებით სარგებლობის კანონისმიერი შეზღუდვის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელის კუთვნილ ელ.ქსელში გატარებული ყოველი 1 კვტ/სთ ელ.ენერგიისათვის უნდა დაკისრებოდა 0,0016 თეთრის გადახდა, რაც შეეხებოდა 2015 წლის 1 იანვრიდან ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისათვის კომპენსაციის 0,5 თეთრით განსაზღვრას, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, დამოუკიდებლად მოეთხოვა ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურება. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და პრეტენზიას გამოთქვამს, როგორც მისი მატერიალურ-სამართლებრივი დასაბუთების, ისე საპროცესო წესების დარღვევისა და ამ გზით სადავო გარემოებების არასწორად დადგენასთან მიმართებით. საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია 6-კილოვატიანი 2,7 კმ ელექტროგადამცემი ხაზი, მიწის ნაკვეთი და ელექტროდანადგარები.
1.1.2. ქსელის მესაკუთრე არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიანტს, იგი საკუთარი ხარჯით უვლის სადავო ქონებას.
1.1.3. მოპასუხე განაწილების ლიცენზიანტია, სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი ელ.ქსელითა და ელ.დანადგარებით.
1.1.4. 2013 წლის 1 მარტს შპს „გ-სა“ და სს „ე-ას“ შორის გაფორმდა ენერგეტიკული მომსახურების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, კასატორის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული მოწყობილობების გამოყენებით, სს „ე-ა“ უფლებამოსილი იყო, საკუთარი აბონენტები მოემარაგებინა ელექტოენერგიით.
1.1.5. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა მომსახურების ტარიფი _ ყოველ გატარებულ კვტ/სთ-ზე 0,2 თეთრი.
1.1.6. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად განსაზღვრული ტარიფისა, იმ შემთხვევაში, თუ სემეკი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გაანგარიშების შესახებ მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას და/ან დადგენილებას, მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა სემეკის მიერ მიღებული შესაბამისი მეთოდოლოგიის და/ან ტარიფის მიხედვით, რომელიც გავრცელდებოდა სემეკის მიერ ამგვარი დადგენილების და/ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან. 4.3. პუნქტის თანახმად კი, ზემოხსენებული პირობის დადგომის შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეიტანენ შესაბამის ცვლილებას ხელშეკრულებაში ამგვარი გარემოების წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეიძლებოდა ნებისმიერ დროს შეეწყვიტა სს „ე-ას“ კონტრაქტორისადმი ცალმხრივი შეტყობინებით.
1.1.7. 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით სემეკმა დაამტკიცა „მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რომელიც 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნულმა დადგენილებამ ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი) დაადგინა.
1.1.8. 2014 წლის 10 იანვარს მოპასუხემ კასატორს წერილობით აცნობა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების ამოქმედების თაობაზე და 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. და 4.3. პუნქტების საფუძველზე, მოსთხოვა ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (კუთვნილი ქსელის იმ ფრაგმენტების საბალანსო, ისტორიული ღირებულება, ქსელის გამტარუნარიანობა) წარდგენა, რათა მომხდარიყო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მოითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას. 2014 წლის 24 თებერვალს, ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, მოსარჩელემ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
1.1.9. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ენერგოკომპანიამ 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების შესაბამისად დაიანგარიშა საკომპენსაციო ტარიფი და შპს „გ-ის“ მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საკომპენსაციო თანხამ 0,0016 თეთრი შეადგინა.
1.1.10. მოწინააღმდეგე მხარე სარგებლობს კასატორის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით და ელექტროდანადგარებით. 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ელ.ენერგიის გატარების საფასური გადახდილია მხოლოდ 2013 წლის ბოლომდე, დარჩენილ პერიოზე (2014 წლის იანვარ-დეკემბერი) მოპასუხეს არ გადაუხდია გატარებული ელექტოენერგიის საფასური.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, შპს „გ-ი“, ერთი მხრივ, ითხოვს 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის _ ყოველ გატარებულ 1 კვტ/სთ ელ.ენერგიაზე 0,2 თეთრის გადახდას 2014 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო, მეორე მხრივ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდისათვის (2015 წლის 1 იანვრიდან), მოპასუხის მიერ ქსელით სარგებლობის გამო, თმენის კომპენსაციის განსაზღვრას 1 კვტ/სთ ელ.ენერგიაზე 0,5 თეთრის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ძირითადად იმ საფუძვლით არ ცნო, რომ სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების ამოქმედებითა და მხარეთა სახელშეკრულებო პირობების, ასევე, ახალ რეგულაციაზე შეუთანხმებლობის გათვალისწინებით (ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტები), 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულება შეწყდა. მოპასუხე არ უარყოფს საკუთარ ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე, თუმცა ანგარიშსწორების განუხორციელებლობას უკავშირებს იმას, რომ სემეკის ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად, გამოანგარიშებული საფასურის მიღებაზე მოსარჩელე არ არის თანახმა (იხ: შესაგებელი, ასევე, სააპელაციო საჩივარი). კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ენერგეტიკული მომსახურების ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტებიდან გამომდინარე, რადგანაც 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება, 2014 წელს მოპასუხის მიერ განხორციელებული ელ.ენერგიის გატარების საფასური განისაზღვრება ამ დადგენილების შესაბამისად. საკასაციო საჩივრის თანახმად, პალატამ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, მათ შორის, მხარეთა განმარტებები ხელშეკრულების შეწყვეტის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის ამ არგუმენტს და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში (იგულისხმება 2014 წელს განხორციელებული გატარების საფასურის განსაზღვრა) სასამართლოს დასკვნები არ ემყარება საქმის გარემოებების ყოველმხრივ შეფასებას, შესაბამისად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
1.4. იმისათვის, რათა სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს სადავო სამართალურთიერთობას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მხარეთა სახელშეკრულებო და კანონის ძალით წარმოშობილი ურთიერთობანი. ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემური შეფასება მიეცეს არალიცენზიანტი მესამე პირის ქსელით სარგებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს: „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (შემდგომში _ „წესები“ ან #20 დადგენილება) მე-15 მუხლისა და 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ (შემდგომში #15 დადგენილება) მე-4 მუხლის თანახმად, ქსელის მფლობელ არალიცენზიანტთან (შემდგომში _ მესამე პირი) განაწილების ლიცენზიანტს შეიძლება აკავშირებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც სპეციალური აქტებით (სემეკის შესაბამისი დადგენილება) განსაზღვრული მაქსიმალური ფარგლების გათვალისწინებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სკ-ის 327-ე მუხლი). ასეთ დროს კონტრაჰენტებს სრული უფლება გააჩნიათ, განსაზღვრონ ხელშეკრულების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სემეკის მიერ ლიცენზიანტისათვის დადგენილ ტარიფს (იხ. სემეკის #15 დადგენილების 4.5 პუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ გვექნება საკუთრებით სარგებლობის ბოჭვის სახელშეკრულებო წინაპირობა, ქსელის მესაკუთრე მესამე პირის უფლებადამცავ დანაწესად გვევლინება სემეკის #15 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგია. აღნიშნული მსჯელობის პარალელურად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა შორის 2013 წლის 1 მარტს გაფორმებული ენერგეტიკული მომსახურების ხელშეკრულების 4.1. პუნქტს, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს, მოსარჩელის ქსელით სარგებლობის გამო, ეკისრებოდა 0,2 თეთრის ანაზღაურება ყოველ გატარებულ კვტ/სთ ელ.ენერგიაზე (ეს ოდენობა არ აღემატება სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტარიფს). მოპასუხე, როგორც აღინიშნა, ადასტურებს ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს, რაც სადავოდ არც მოსარჩელეს გაუხდია, უფრო მეტიც, ეს გარემოება პირდაპირ დაადგინა რაიონულმა სასამართლომ და ამ კუთხით სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა პრეტენზიას. მითითებული საკითხი მნიშვნელოვანია 2014 წლის განმავლობაში გატარებული ელ.ენერგიის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს კი, არ განუსაზღვრავს 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული თარიღი (იხ. ქვემოთ). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედებით (#15 დადგენილება) 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოიშვა საფასურის ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გადახდის ვალდებულება და მიიჩნევს, რომ ამგვარი მსჯელობა გამართლებულია მხოლოდ იმ პერიოდისათვის, რაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა. საკასაციო სასამართლოს მითითებული დასკვნა ემყარება შემდეგს: ენერგეტიკული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.2. პუნქტი, მართალია, შეიცავს იმპერატიულ დათქმას სემეკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების/დადგენილების ამოქმედების შემთხვევაში ამ დადგენილების შესაბამისად საფასურის განსაზღვრის თაობაზე სემეკის აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუმცა ამავე მუხლის 4.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესზე, რომელიც დადგენილების/გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში 2 კვირის ვადაში უნდა განხორციელებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში სს „ე-ამ“ დაიტოვა უფლება, ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება კონტრაქტორისადმი ცალმხრივად გაკეთებული შეტყობინებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით და ეს ნება ნამდვილია მას შემდეგ, რაც იგი მეორე მხარეს მიუვა (სკ-ის 51.1 მუხლი), ამდენად, 2014 წლის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის სწორად განსაზღვრის მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ როდის შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ზემოხსენებული დებულებები არ უნდა განიმარტოს დამოუკიდებლად და მხარეთა მითითება იმის თაობაზე, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება სემეკის დადგენილების/გადაწყვეტილების შესაბამისად ამ აქტის ძალაში შესვლის დღიდან, უნდა გაანალიზდეს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტთან ერთობლიობაში. ხელშეკრულების მითითებული დათქმა ანგარიშსწორების საფუძვლად მრიცხველის ჩვენების აღებას ადგენს საანგარიშო თვის ბოლო დღის 24 საათის მდგომარეობით და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ითვალისწინებს, ე.ი. თუკი სემეკის მიერ მიღებული დადგენილების/გადაწყვეტილების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებოდნენ ანგარიშსწორების ახალ წესზე, ეს შეთანხმება უნდა მიღწეულიყო სემეკის აქტის ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში, რაც საფუძვლად დაედებოდა საანგარიშო თვის ბოლო დღის 24 საათზე ფიქსირებულ გატარებული ელ.ენერგიის მონაცემის ახალი წესით გამოანგარიშებას. უდავოა, რომ ამგვარი შეთანხმება მხარეთა შორის არ მიღწეულა, ამ კუთხით სააპელაციო პალატამ დაადგინა კიდევაც ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე მხარეთა წერილობითი მოლაპარაკების პერიოდი, თუმცა არ განუსაზღვრავს მხარეები რამდენ ხანს მოქმედებდნენ ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული ტარიფის შესაბამისად და როდის მიუვიდა ადრესატს (მოსარჩელეს) ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ნება, რა დროიდანაც ანაზღაურება უკვე ნორმატიულად განსაზღვრული წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გატარებული ელ.ენერგიის საფასურის განსაზღვრის ნაწილში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი.
1.5. რაც შეეხება 2015 წლის 1 იანვრიდან მოპასუხის მიერ ქონებით სარგებლობის შეწყვეტამდე თმენის ვალდებულების საკომპენსაციო თანხის განსაზღვრას, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) და არ გამომდინარეობს სწრაფი და რაციონალური მართლმსაჯულების პრინციპიდან, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, ელ.ენერგიის გატარება თავის თავში მოიცავს ქსელით სარგებლობისათვის გარკვეული სამუშაოების გაწევას. ამ თვალსაზრისით სასამართლომ სრულიად მართებულად იმსჯელა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კონტრაქტორის ვალდებულებებზე. სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების ამოქმედების შემდგომ პერიოდში ელ.ქსელის არალიცენზიანტი მესაკუთრის მოთხოვნის ფარგლების განსაზღვრის მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე ნორმის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია გატარების საფასურის გაანგარიშების წესი და იგი დგინდება კომისიის დადგენილებით. ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოხმობილი ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიანტის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიანტის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ცდილობს, დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია იმგვარად, რომ გატარების საფასური და თმენის კომპენსაცია სხვადასხვა კატეგორიაა, თუმცა მას პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების ამოქმედებით აღმოიფხვრა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა ქსელის მფლობელ ლიცენზიანტებსა და არალიცენზიანტებს შორის. #15 დადგენილების ამოქმედებამდე საკითხი რეგულირდებოდა ზემოხსენებული (ზოგადი ხასიათის) ნორმითა და სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების“ ანალოგიის გზით გამოყენებით. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის #ას-803-762-2013 განჩინების თანახმად (რომელსაც იშველიებს კასატორი და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან), ელ.ქსელის არალიცენზიანტ მესაკუთრეს ამ ქსელის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ელ.ენერგიის გასატარებლად და სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული წესები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ არა, როგორც პირდაპირი გამოყენების წყარო, არამედ - სახელმძღვანელო. საკასაციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით დაშვებულია პრეზუმფცია, რომ სემეკის #33 დადგენილებით ლიცენზიანტებისათვის განსაზღვრული ტარიფი მოიცავდა, როგორც თმენის, ისე ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის კომპენსაციას. მოცემულ შემთხვევაში კი, სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დარეგულირდა ეს საკითხი და მსგავსად ლიცენზიანტებისა, კომისიამ განსაზღვრა არალიცენზიანტი მესაკუთრეების კომპენსაციის გამოანგარიშების მეთოდოლოგია, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ ეს უკანასკნელი დადგენილება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული და სასამართლომ თმენის კომპენსაცია გონივრული განსჯის შედეგად უნდა დაადგინოს, ასევე ის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან უსაფუძვლოა. პალატა მიუთითებს სემეკის #20 დადგენილებით დამტკიცებულ „წესებში“ განხორციელებულ ცვლილებაზე, რომელიც წინამდებარე შემთხვევაზე ვრცელდება (1.2. მუხლი) და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილების (სპეციალური რეგულაცია) ამოქმედების შემდგომ („წესებში“ მართალია, მოგვიანებით განხორციელდა ცვლილება, თუმცა სემეკის დადგენილებათა სწორი განმარტების შესაბამისად ეს ცვლილება ხელს არ უშლის სადავო პერიოდში არალიცენზიანტის კუთვნილ ქსელში ელ.ენერგიის გატარების საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშებას), „წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით კომისიამ გაათანაბრა „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ გადასახადი და მისი ანაზღაურების მანამდე არსებული წესისაგან განსხვავებით (კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად), დაადგინა შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სემეკის #15 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის გამოანგარიშების მეთოდოლოგია (მსგავსად ლიცენზიანტებს შორის მანამდე არსებული რეგულაციისა) მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ არალიცენზიანტის კუთვნილ ქსელში ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ მომსახურებისთვის არის დადგენილი. თავის მხრივ, ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ელ.ქსელის გამოყენება, გარდა ელ.ენერგიის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია, არალიცენზიანტი მესაკუთრის თმენის ვალდებულებაც სწორედ ახალი რეგულაციის ფარგლებში უნდა შეფასდეს. თავად სემეკის #15 დადგენილების 2.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კომისიამ განსაზღვრა, რომ გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით დაწესებულია ქსელის მფლობელი არალიცენზიანტის ვალდებულება, ერთი მხრივ, (მოთხოვნის შემთხვევაში) ქსელში გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციის შემოღებითა (30.12.2013წ. #15 დადგენილება) და სპეციალურ ნორმაში ცვლილების განხორციელებით (18.09.2008წ. #20 დადგენილების 15.2 მუხლი) თმენის კომპენსაციის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა გაუქმდა და იგი მთლიანად მოაწესრიგა სემეკის #15 დადგენილებამ, ანუ გატარების მომსახურება და თმენის კომპენსაცია, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში გაიგივდა და თუ სახეზე არ გვაქვს მხარეთა განსხვავებული შეთანხმება, იგი სემეკის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება.
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სემეკის #15 დადგენილების შესაბამისად საკომპენსაციო თანხის ოდენობის არასწორად განსაზღვრის თაობაზე. მართალია, შპს „გ-ი“ აღნშნავს, რომ მოპასუხემ ახალი დადგენილებით განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით ტარიფის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხოლოდ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონაცემები და მას არ უხელმძღვანელია აქტივების ისტორიული ღირებულებით, თუმცა, ეს გარემოება დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება განხილული, რადგანაც კასატორს არ მიუთითებია იმ კონკრეტულ დოკუმენტზე, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მის ამ მტკიცებას, ამასთანავე, მას არც თავად წამოუდგენია საქმეში იმგვარი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა გამოანგარიშების შედეგად განსხვავებული ტარიფის მიღებაზე და მისი შინაარსობრივი შეფასება მიგვიყვანდა მოპასუხის მიერ ტარიფის ოდენობის არასწორად დადგენამდე.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის განმავლობაში გატარებული ელექტროენერგიის გამო მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით და წინამდებარე გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საჭიროა სწორედ მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. ამ საფუძვლიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, 2014 წლის საკომპენსაციო თანხის ოდენობის ნაწილში თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას 2015 წლის 1 იანვრიდან ქონებით სარგებლობის შეწყვეტამდე თმენის ვალდებულებისათვის თანხის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატა თვლის, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, არალიცენზიანტი მესაკუთრის ქსელით სარგებლობის კომპენსაცია, სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული რეგულაციიდან გამომდინარე, შპს „გ-ის“ კუთვნილ ელ.ქსელში ყოველ გატარებულ 1 კვტ/სთ-ზე 0,0016 თეთრით უნდა განისაზღვროს.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
2.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საკასაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა ბაჟი 587,59 ლარი. პალატა მხედველობაში იღებს შპს „გ-ის“ მოთხოვნას 2015 წლის იანვრიდან ქონებით სარგებლობის შეწყვეტამდე ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციო თანხის 0,5 თეთრით განსაზღვრის თაობაზე. ამ მოთხოვნის ნაწილში მხარემ დავის საგნის ღირებულება 4 000 ლარით განსაზღვრა (სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი), რაც გაიზიარა საკასაციო სასამართლომაც, ხოლო მოთხოვნის ღირებულების გამო (სსსკ-ის 39-ე მუხლი) სახელმწიფო ბაჟის სახით პირველსა და საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 320 (120+200) ლარი. წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „გ-ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა რა 0,000008%-ით, მოპასუხისათვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც უნდა განისაზღვროს ამ მოთხოვნის გამო გაღებული ხარჯის შესაბამისი პროპორციით _ 0,0000256 ლარის ოდენობით, რაც შეეხება 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული გატარების ღირებულების გამოთვლას, რადგანაც ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, სასამართლო ხარჯების საკითხიც, მოთხოვნის ღირებულების პროპორციულად უნდა გადაწდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „გ-ის“ სარჩელი სს „ე-ას“ მიმართ 2015 წლის 1 იანვრიდან ქონებით სარგებლობის შეწყვეტამდე თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. სს „ე-ას“ შპს „გ-ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის ყოველ გატარებულ 1 კვტ/სთ ელ.ენერგიაზე დაეკისროს 0,0016 თეთრის გადახდა.
5. 2014 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გატარებული ელექტროენერგიის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (0,000008%) სს „ე-ას“ შპს „გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (120+200) 0,0000256 ლარის გადახდა.
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. ალავიძე


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ნ.ბაქაქური