Facebook Twitter
საქმე №ას-896-846-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,
თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე


საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.თ.ს.


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.თ.ჯ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება




ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


1. 2011 წლის 29 აპრილს ს.თ.ს–მ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი, აგრეთვე შემსყიდველი) შპს „ბ.თ.ჯ“-სთან (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი) დადო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №179 ხელშეკრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი}.
2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 90 დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული საქონელი {სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
3. ხელშეკრულება ითვალისწინებდა წინასწარი ანგარიშსწორების შესაძლებლობას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 70%-ის მოცულობით. ხელშეკრულება ასევე შეიცავდა დათქმას, რომლის თანახმადაც საქონლის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში {სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი}.
4. ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულება შეიცავდა ქონებრივი პასუხისმგებლობის წესისა და ფარგლების მომწესრიგებელ დებულებებს: მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტი). ავანსად მიღებული თანხის მიმართ დადგინდა პირგასამტეხლოს დაკისრების განსხვავებული წესი, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისაგან ავანსის მიღებისა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ავანსად მიღებული და ავანსიდან შეუსრულებელი თანხის 3%, ავანსის მიღების დღიდან თანხის ფაქტობრივად დაბრუნებამდე, ყოველ თვეზე {სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.
5. შემსყიდველმა მიმწოდებელს ავანსად ჩაურიცხა 100 488,50 ლარი, რომლის სანაცვლოდ მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა 86 310 ლარის ღირებულების საქონელი.
6. 2012 წლის 21 თებერვალს მოპასუხემ შეუსრულებელი ავანსის თანხიდან მოსარჩელეს დაუბრუნა 8000 ლარი, შესაბამისად, ასანაზღაურებელი დარჩა 6 178,50 ლარი.
7. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეასრულა {სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სსკ-ის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი}.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:
ა) ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, 8 900.41 ლარი, მოპასუხისათვის დაკისრება;
ბ) ხელშეკრულების 16.2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, ავანსად მიღებული და ავანსიდან მიუღებელი თანხის 3%-ის მოპასუხისათვის დაკისრება, ავანსის მიღების დღიდან თანხის ფაქტობრივად დაბრუნებამდე ყოველ თვეზე, რამაც 2014 წლის 8 დეკემბერის მონაცემებით შეადგინა 140 093.71 ლარი;
გ) ავანსის დარჩენილი ნაწილის, 6 178.50 ლარი, მოპასუხისათვის დაკისრება.
9. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, აღიარა წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული სასარჩელო მოთხოვნები, შესაბამისად ვალდებულების არსებობა 15 078.91 ლარის ფარგლებში, საიდანაც ავანსის თანხა შეადგენს 6 178.50 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო- 8 900.41 ლარს. რაც შეეხება ავანსზე დადგენილ პირგასამტეხლოს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ არასწორად დაუკავშირა მისი ოდენობა ავანსის მთლიან თანხას. იგი მიიჩნევდა, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოთვლილიყო ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლომ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა {სსკ-ის 420-ე მუხლი} და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, ნაცვლად მოთხოვნილი 140 093.71 ლარისა, დააკისრა 15 078,91 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მან დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, 316-317-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ასეთი გარემოებებია: მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესები.
11.2. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სწორად არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასამტეხლოს შემცირებას.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
13. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და სხვა.
14. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი. პალატამ დაასკვნა, რომ პირგასამტეხლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული საბოლოო ოდენობა 8 900.41 ლარი იყო გონივრული და არ ასებობდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მისი გაზრდის საფუძველი.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
15.1. სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირებისას არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქცია, თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმე, მოცულობა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხი; გ) ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი; დ) პირგასამტეხლოს ფუნქცია მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება; ე) როგორია ვალდებულებისა და მისი შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობითა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა მხარეთა მიერ შეთანხმებულ/მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან; ვ) მოვალის ქონებრივი მდგომარეობა. სასამართლოს არ გაუანალიზებია გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინება სამართლებრივი და იურიდიული თვალსაზრისით არასრულადაა დასაბუთებული.
15.2. საქმეზე დადგენილია მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, ასევე, ავანსის სახით მიღებული თანხის ნაწილის დაუბრუნებლობის ფაქტი, პირგასამტეხლოს განისაზღვრა თავად ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და განსახილველად იქნა მიღებული.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


17. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი (იხ.წინამდებარე განჩინების პ.1 -7 პუნქტები).
19.1. მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა 90 დღის ვადაში საქონლის შეთანხმებული რაოდენობის მიწოდება {სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
19.2. შემსყიდველმა მიმწოდებელს ავანსის სახით ჩაურიცხა 100 488,50 ლარი, რომლის სანაცვლოდ მან მიიღო 86 310 ლარის ღირებულების საქონელი.
19.3. მიუწოდებელი საქონლის ღირებულებამ შეადგინა 14 178,50 ლარი, ანუ დაირღვა ხელშეკრულება - ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა {სსკ-ის 361.2 მუხლი}. მხარეთა შორის ისე შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია დარჩენილი საქონლის მიწოდება. ავანსის ნაწილი, 8 000 ლარი, მოპასუხემ უკან დააბრუნა, დასაბრუნებელი დარჩა 6 178,50 ლარი.
20. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 140 093.71 ლარი, (2014 წლის დეკემბრის მონაცემებით ავანსად მიღებული და ავანსიდან მიუღებელი თანხის 3% ავანსის მიღების დღიდან თანხის ფაქტობრივად დაბრუნებამდე ყოველ თვეზე), სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს 15 078,91 ლარამდე შემცირების თაობაზე. სასამართლოს ამ დასკვნის უარსაყოფად კასატორის მიერ მოყვანილი გარემოებები საკმარისი და დამაჯერებელი არ არის.
21. კასატორის მოთხოვნა, რომ რადგანაც მიმწოდებელმა ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, ავანსის ნაწილი კი ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული და ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით შეთანხმებული მომეტებული ქონებრივი პასუხისმგებლობა, პირგასამტეხლო 140 093.71 ლარი, აშკარად ეწინააღმდეგება დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპს.
22. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული და შეთავაზებული მეორე მხარისათვის ხელშეკრულების იმ დებულების შინაარსი (პ.16.2.2.), რომლითაც პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ თვეზე ავანსიდან შეუსრულებელი თანხის 3%-ით განისაზღვრა, ავანსის მიღების დღიდან თანხის ფაქტობრივად დაბრუნებამდე, რაც წლიური 36%-ია.
მართალია, ამ შეთავაზებას მიმწოდებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“
ამ შემთხვევაში, კასატორი მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად. ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა ქონებრივი პასუხისმგებლობა არაპროპორციულია (არაექვივალენტურია). კერძოდ, კასატორმა საკუთარი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში (16.4 პუნქტი), პირგასამატეხლოს ზღვრული ოდენობა გადაუხდელი თანხის 2%-ით განსაზღვრა, რაც მიწოდებული საქონლის ღირებულების მთლიანად გადაუხდელობის შემთხვევაში, მისთვის მხოლოდ 2009.66 ლარი იქნებოდა (100 488-ის 2%=2009.66), მაშინ როდესაც, მოპასუხის (მიმწოდებლის) პასუხისმგებლობა შეუზღუდავია (პ.16.1.1. და 16.2.2.); აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ხელშეკრულების დადების დროს მიმწოდებლის ნება შეზღუდული იყო და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ხელშეკრულების ამ ნაწილში ესარგებლა სახელშეკრულებო თავისუფლებით, ანუ ზეგავლენა მოეხდინა ამ დებულებების შინაარსზე.
23. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: ამ ტიპის დავებზე ჩამოყალიბებულია მყარი სასასამართლო პრაქტიკა (შდრ.სუსგ.2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება). ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეოება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა“.
24. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ განახორციელა.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.



სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.თ.ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. ს.თ.ს. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.





მოსამართლეები მზია თოდუა



პაატა ქათამაძე



ეკატერინე გასიტაშვილი