საქმე №200210014508320
№ას-1057-997-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ას-1057-997-2015-...ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „...ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. წ-ემ (შემდეგში – მოსარჩელემ) შპს „...ის“ (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა:
- მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 8 000 ლარის დაკისრება.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე არის აწ გარდაცვლილი ე. წ-ის (შემდეგში პაციენტის) შვილი;
- მოპასუხესთან (თელავის სამედიცინო ცენტრში) პაციენტზე გახსნილია ამბულატორიული სამედიცინო ბარათი №.... პაციენტი იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის” ბენეფიციარი და სარგებლობდა შესაბამისი სადაზღვევო ვაუჩერით;
- პროფესიული განვითარების საბჭოს 2014 წლის 24 იანვრის №1 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ამბულატორიული ბარათის მიხედვით, 2012-2013 წლებში პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელა 5 ვიზიტი, კერძოდ:
I. ვიზიტი – 11.05.12წ., დიაგნოზი: ,,არტერიული ჰიპერტენზია” (ექიმი თერაპევტი: ნ.ა ჟ-ი, სახ. სერტ. ,,შინაგანი მედიცინა”). ,,ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა” (ექიმი ოტორინოლარინგოლოგი: შ.პ-ი, სახ. სერტ. ,,ოტორინოლარინგოლოგია”;
II. ვიზიტი – 10.08.12წ., დიაგნოზი: ,,არტერიული ჰიპერტენზია - II სტადია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ-ი) პაციენტს ჩატარებული აქვს ლაბორატორიული კვლევა – სისხლის საერთო ანალიზი;
III. ვიზიტი – 02.07.13წ., ,,არტერიული ჰიპერტენზია, კლიმაქსური ნევროზი,
ცეფალგია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ-ი). პაციენტს ჩატარებული აქვს ნევროლოგის ბაბულია სიამაშვილის (სახ. სერტ. ,,ნევროლოგია” კონსულტაცია, დიაგნოზი: I 67 ,,დისციკულატორული ენცეფალოპათია”, რაც რეგისტრირებული ამბულატორიული პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალებში, თუმცა, ზემოაღნიშნული კონსულტაცის ჩანაწერი ექიმ ბ. ს-ის მიერ, ამბულატორიულ ბარათში არ არის გაკეთებული.
IV. ვიზიტი – 04.07.13წ., დიაგნოზი ,,არტერიული ჰიპერტენზია - II სტადია, გიდ. გუ. I ხ., ასთენია, სისხლში ედსის მომატება” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ-ი). პაციენტს ჩატარებული აქვს: სისხლის საერთო ანალიზი, შაქრი სისხლში, ეკგ. კარდიოლოგის კონსულტაცია;
V. ვიზიტი – 20.08.13წ. ექიმ-თერაპევტ ნ. ჟ-ის ჩანაწერის მიხედვით, ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ქოშინს ფიზიკურ დატვირთვაზე, გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობას. ავადაა დაახლოებით 3 კვირა. დაავადება დაეწყო ხველებით. იტარებდა თვითმკურნალობას მცენარეული ნაყენებით და ამოსახველებელი საშუალებებით. ერთ კვირაში ხველა შეუჩერდა, თავს კარგად გრძნობდა, თუმცა შემდგომში დაეწყო ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა. ობიექტურად: პ-რითმული, საშ. ავსებისა და დაჭიმულობის 100/, თ/A-120/80, Cor რტონები მოყრუებული, Pulmo - მარჯვნივ პერკუსიით ნათელი ხმიანობა, აუკულტაციით შუა და ქვემო წილებში, ბეჭის ძვლის ქვემოთ სუნთქვა არ ტარდება. Abdomen - მუცელი პალპატორულად უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისიჯება. თირკმელები ბიმალურად არ ისინჯება, პასტერნაცკის სიმპტომი უარყოფითი ორივე მხარეს. ავადმყოფს ესაჭირეობა: სისხლის ს/ა, გულმკერდის Ro-გრაფია, ეკგ, კარდიოლოგის კონსულტაცია, ფტიზიატრის კონსულტაცია. ვინაიდან, ავადმყოფს Ro-გრაფიით აღენიშნება მარცხენამხრივი ექსდაციური პლევრიტი, ერჩია სტაციონარული მკურნალობა, რაზეც უარი განაცხადა (ჩანაწერში არ ფიქსირდება პაციენტის ხელმოწერა შეთავაზებულ სატაციონარულ მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ, ზემოაღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ასევე, არ შევსებულა პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე). მას დაენიშნა: თრიახონი 1.0 კუნთებში 12სთ. ერთჯერ, Nimesili თითო პაკეტი 2-ჯერ ½ ჭიქა წყალში გახსნილი, პოლვიტამინი თითო აბი 2-ჯერ, Cardiomagnili 75 მგ 1-ჯერ, Leroni – სქემით. ესაჭირეობა ონკოლოგის კონსულტაცია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, დიაგნოზი: ,,დაუდგენელი ეტილოგიის ექსუდაციური პლევრიტი”. სამედიცინო ბარათში ჩაკრული კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, 2013 წლის 20 აგვისტოს პაციენტს ჩაუტარდა: 1.სისხლის საერთო ანალიზი; 2.გულმკერდის Ro-გრაფია (დასკვნა: ,,მარცხნივ წინა , IV ნეკნის დონიდან აღინიშნება ინტესიური დაჩრდილვა, სინუსი არ შუქდება (სავარაუდო სითხე). შუასაყარი ცდომილია მარჯვნივ”. (ექიმ- რეტგენოლოგი ცისმარი ხუციშვილი, სახ. სერტ. ,სამედიცინო რადიოლოგია”); 2013 წლის 21 აგვისტოს 23:50სთ. პაციენტი ეთერ წ-ე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა შპს ,,...ის” თელავის რეფერალურ საავადმყოფოში (მის: ქ.თელავი, ...ი) დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, გულის მწვავე უკმარისობა, შეგუბებითი”. 22.08.13წ. 00:30 საათზე პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების შეშუპებით გამოწვეული ღრმა ჰიპოქსიის გამო, პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, უკეთდებოდა ანტიკოაგულანტები, ჰორმონალური და ვაზოპრესორული საშუალებები. 01:10 საათზე განვითარდა ასისტოლია. ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო 01:40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზი უნდა ყოფილიყო გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. ამავე ოქმის შესაბამისად, პაციენტის ე.წ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ გადაეგზავნა შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს". რეცენზენტების დასკვით: ,,პაციენტის კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ ნეგატიური ტენდენციები იკვეთება 04.07.13-დან: სინუსური ტაქიკარდია, ედს-ს მომატება – ამ მიმართულებით ოჯახის ექიმს სათანადო ცვლილებები აქვს შეტანილი დანიშნულებაში. უკანასკნელი ვიზიტისას, რომელიც ამ ფაქტიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ განხორციელდა, კლინიკურად გამოვლინდა ექსუდაციური პლევრიტის ნიშნები, რაც დადასტურდა რენტგენოლოგიურადაც (მარცხნივ წინა მეოთხე ნეკნის დონიდან აღინიშნება ინტენსიური დაჩრდილვა, სინუსი არ შუქდება – სავაუდოა სითხე, შუასაყარი ცდომილია მარჯვნივ). ოჯახის ექიმის მიერ, ამჯერადაც იქნა დანიშნულებაში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები და მიეცა პაციენტს რეკომენდაცია ფტიზიატრის და ონკოლოგის კონსულტაციის ჩატარების თაობაზე. ასევე, განემარტა სტაციონარში მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა, რაზედაც პაციენტმა უარი განაცხადა. ამბულატორიულ ბარათში არ არის დაფიქსირებული ინფორმაცია იმის თაობაზე, განემარტა, თუ არა პაციენტს მოსალოდნელი გართულებები დეტალურად და მიეცა თუ არა რეკომენდაცია პლევრის ღრუდან სითხის ევაკუაციის თაობაზე“;
- რეცენზენტების დასკვნით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებულიყო არა 21.08.2013 წელს, არამედ წინა დღეს – 20.08.2013 წელს. პაციენტის საერთო მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში (დაახლოებით 32-36 საათი), იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც უარყოფითი დინამიკა ძალზედ სწრაფად განვითარდა და მიუხედავად მედპერსონალის ადეკვატური ქმედებისა, ეს უკანასკნელი უშედეგო აღმოჩდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაისვა საკითხი, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,...ი“ – თელავის სამედიცინო ცენტრის ექიმ-თერაპევტ, ნანა ჟუჟუუნაშვილის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ;
- პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით ექიმ ნანა ჟუჟუნაშვილს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ერთი თვის ვადით სპეციალობაში ,,შინაგანი მედიცინა“.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 46-ე პირველ პუნქტზე, „პაციენტთა უფლებების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლზე, მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და
განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს. ამ თუ იმ სავალდებულო სამკურნალო მოქმედების სათანადო განხორციელების დასადასტურებლად ექიმს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ იყო ნაწარმოები. პაციენტის ერთ-ერთი ვიზიტი ექიმთან შედგა 2013 წლის 20 აგვისტოს. კლინიკურად გამოვლინდა ექსუდაციური პლევრიტის ნიშნები, რაც რენტგენოლოგიურადაც დადასტურდა. პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის ოქმიდან დგინდებოდა, რომ ამბულატორიულ ბარათში არ დაფიქსირებულა ინფორმაცია იმის შესახებ, განემარტა თუ არა პაციენტს მოსალოდნელი გართულებების შესახებ დეტალურად და მიეცა თუ არა რეკომენდაცია პლევრის ღრუდან სითხის ევაკუაციის თაობაზე. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ პაციენტს ექიმმა მიაწოდა ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. სპეციალისტების დასკვნით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 20 აგვისტოს. პაციენტის საერთო მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში (დაახლოებით 32-36 საათი) უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც უარყოფითი დინამიკა საკმაოდ სწრაფად განვითარდა და, მიუხედავად მედპერსონალის ადექვატური ქმედებისა, ეს უკანასკნელი უშედეგო აღმოჩნდა. ამდენად, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ არაინფორმირებულობის შედეგად, სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პაციენტისათვის არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი. რაც შეეხებოდა მატერიალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა ანაზღაურებულიყო.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მატერიალური ზიანი გამოიხატა დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებში. ასეთი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას მოვალეს ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაზარალებულის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 1 000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სააპელაციომ მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ოდენობა აღნიშნულ დავაში 5000 ლარით განისაზღვრებოდა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სასამართლომ სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოების ფაქტი არამართებულად მიიჩნია ზიანის ანაზღაურების საფუძვლად. მოცემულ საქმეზე არ დგინდება მიზეზობრივი კავშირის, როგორც დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულო ელემენტის არსებობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (თელავის რაიონული პროკურატურის კორესპონდენცია; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს შეტყობინება; ე. წ-ის სამედიცინო მომსახურების შესახებ შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ რეცენზენტების დასკვნა) ცალსახად დასტურდება, რომ პაციენტის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ექიმის ქმედება, ასეთ მიზეზად მითითებულია გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობაზე;
- მოსარჩელის მხრიდან სააპელაციო მოთხოვნის შემცირების/დაზუსტების ფარგლები და ოდენობა არ დაფიქსირებულა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმგვარად დასრულდა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხის ოდენობა ციფრებში არ გაუჟღერებია. მითითებული გარემოება ცხაყოფს, რომ სასამართლომ უგულებელყო, როგორც დისპოზიციურობის, ასევე, შეჯიბრებითობის პრინციპები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პაციენტის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მოპასუხემ მისი ჰოსპიტალიზაცია დროულად არ განახორციელა. პაციენტის საერთო მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში (დაახლოებით 32-36 საათი), უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც უარყოფითი დინამიკა საკმაოდ სწრაფად განვითარდა და სამედიცინო პერსონალის შემდგომი ქმედებები უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც პაციენტი დაიღუპა.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მიზეზობრივი კავშირის არსებობის თაობაზე, რომელიც ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებას. საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ შეძლო.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე, 997-ე, 408.1 და 409-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ასაბუთებენ მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 10.10.2014, #ას-753-714-2013).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №1445583256, გადახდის თარიღი 23/10/2015) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „...ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №1445583256, გადახდის თარიღი 23/10/2015) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი