¹ბს-955-541(კ-05) 18 მაისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ შპს ,,კ-ის" დირექტორი _ ა. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მესამე პირები: სს ,,ქ-ი"; შპს ,,ბ-ი"
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეკრულების დადების დავალება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,კ-ის" დირექტორმა ა. ც-ემ 2000 წლის 27 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირების _ სს ,,ქ-ისა" და შპს ,,ბ-ის" მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქ. ¹113ა-ში. აღნიშნული ქონება წარმოადგენდა პურის საცხობს, რომელიც განთავსებულია 153,38 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1995 წლის 3 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹03-3/05/1552 წერილით მიმართა პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციულმა კორპორაციამ სახელმწიფო გაერთიანება ,,პ-ში" შემავალი ობიექტების (16 ობიექტი) მიერ სააქციო საზოგადოება ,,ქ-ის” ჩამოყალიბების თაობაზე. წერილს თან ერთოდა გაერთიანება ,,პ-ში" შემავალი 16 ობიექტის (მათ შორის _ ¹...... და ¹....... მექანიკური საცხობების) შრომითი კოლექტივის თანხმობა ერთიანი სააქციო საზოგადოების შექმნისა და ქონების პრივატიზების შესახებ მათი წილის გათვალისწინებით.
1996 წლის 25 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო საწარმო ,,პ-ის" შრომითი კოლექტივის დროებით ამხანაგობას შორის გაფორმდა ქონების იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ფირმა ,,პ-ის" ბალანსზე რიცხულ ქონებაზე.
შრომითი კოლექტივის დროებითმა ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა ერთიანი საიჯარო საზოგადოება და პრივატიზება მოეხდინა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 აპრილის ¹252 ბრძანებულების შესაბამისად, იჯარა-გამოსყიდვის გეგმით. ერთიან საიჯარო საზოგადოებაში გაერთიანდნენ ¹..... და ¹...... საცხობებიც.
1996 წლის 25 სექტემბერს თბილისის დიდუბის სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა სს ,,ქ-ი", რომლის საწესდებო კაპიტალს შეადგენდა 31629 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში. გააჩნდა განცალკავებული ქონება, რომელშიც შედიოდა ¹....... და ¹....... მექანიკური საცხობები. ვინაიდან სს ,,ქ-მა" ვერ შეძლო ფუნქციონირება, საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი თანხის გადახდა, აქციონერთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციისა და მასში გაერთიანებულ საცხობებთან ცალ-ცალკე საიჯარო ხელშეკრულებების დადების თაობაზე. აღნიშნულს დაეთანხმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროც.
1998 წლის 15 აპრილს სს ,,ქ-ი" ნატურით გაიყო და მიიღო გადაწყვეტილება, რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი ერთეულების მათ ბაზაზე ქვემოიჯარით მომუშავე შპს-ებთან შეერთების თაობაზე.
შპს ,,კ-ი" რეგისტრაციაში გატარდა 1996 წლის 15 სექტემბერს. მისი დამფუძნებლები არიან სს ,,ქ-ის" ¹...... საცხობის თანამშრომლები. წესდების I მუხლში აღნიშნულია, რომ შპს შექმნილია სახელმწიფო კომერციული ფირმა ,,პ-ის” ¹....... საცხობის შრომითი კოლექტივის მიერ. შპს ,,ბ-ი" დაფუძნებული იყო ფიზიკურ პირ ი. ბ-ის და არა ¹....... საცხობის თანამშრომლების მიერ. წესდებაში არ იყო მითითებული, რომ იგი ¹...... საცხობის სამართალმემკვიდრეა.
1998 წლის 14 ივლისს შპს ,,კ-ის" დირექტორმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შპს ,,კ-ზე" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა, რადგან შპს ,,ბ-მა" ითხოვა აღნიშნულის შეჩერება და ¹...... საცხობის შპს ,,ბ-ის" საკუთრებად ცნობა.
შემდგომში შპს ,,კ-მა" სასამართალოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა:
ა) დავალებოდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს გაემიჯნა შპს ,,ბ-ის", ყოფილი ¹....... პურის საცხობის და შპს ,,კ-ის" ყოფილი ¹....... პურის საცხობის ქონება და შპს ,,ბ-ისათვის" განესაზღვრა 222,66 კვ.მ ფართობი, ხოლო შპს ,,კ-ისათვის" _ 153,38 კვმ ფართობი;
ბ) დავალებოდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს, რათა გამიჯნულ ქონებაზე იმავე სამინისტროს 1998 წლის 24 ნოემბრის ¹1-3/727 ბრძანების საფუძველზე დაედო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება;
გ) დავალებოდა ქონების მართვის სამინისტროს რათა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ გაეცა შპს ,,კ-ზე" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თბილისში, ......... ქ. ¹113ა-ში მდებარე ¹...... პურის საცხობის ქონებაზე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგი გარემოებებით: საწარმოო გაერთიანება ,,თ-ის" 1989 წლის 12 ოქტომბრის ¹96 ბრძანების §2-ის I-ლი პუნქტის შესაბამისად, ¹........ მექანიკურ საცხობს ცალკე ერთეულად გამოეყო ,,მ-ის" საამქრო სახელწოდებით ,,¹...... საცხობი". სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ს/გ ,,თ-ის" სამართალმემკვიდრე არის სააქციო საზოგადოება ,,ქ-ი", რომლის ბალანსზეც ირიცხება ¹...... და ¹....... საცხობები.
სააქციო საზოგადოება ,,ქ-ის" 1999 წლის 20 მაისის ¹3 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ¹....... საცხობს დაკავებული აქვს 222,66 კვ.მ, ხოლო ¹....... პურის საცხობს 153,33 კვ.მ ფართობი. ორივე საცხობის მიერ დაკავებული მიწის ფართობი შეადგენდა 895 კვ.მ. ამავე კომისიის დასკვნით, საჭირო იყო ზემოაღნიშნული საცხობების გამიჯვნა, რადგან არსებული ტექნიკური პასპორტების თანახმად, ეს ქონება არასწორად იყო მიკუთვნებული ,,ბ-ისათვის". შესაბამისად, საჭირო იყო ახალი ტექნიკური პასპორტების დამზადება. კომისიის დასკვნიდან დგინდებოდა, რომ სადავო ტერიტორიის მარჯვენა მხარეს განლაგებული შენობა-ნაგებობანი ეკუთვნოდა ¹....... საცხობს და წლების განმავლობაში მხარეთა შორის ამის თაობაზე უთანხმოება არ ყოფილა.
ამავე კომისიის დასკვნის საფუძველზე სს ,,ქ-მა" 1999 წლის 15 ივნისს მიმართა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს და მოითხოვა ¹....... და ¹....... საცხობების ქონების გამიჯვნა შემდეგნაირად: ¹...... საცხობისათვის დაემაგრებინათ 153 კვ.მ, ხოლო ¹...... საცხობისათვის 222 კვ.მ ფართობი. შესაბამისად, მოითხოვა შეედგინათ ახალი ტექნიკური პასპორტები, რაც განხორციელდა კიდეც.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ, რადგანაც სს ,,ქ-სა” და ,,ბ-ს" შორის არ დადებულა ¹....... საცხობის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, იგი ასეთ ხელშეკრულებას ვერც ქონების მართვის სამინისტროსთან დადებდა, ამიტომაც არ არსებობდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ,,ბ-ისათვის” გაცემის იურიდიული საფუძველი. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გრაფაში მითითებულია 1996 წლის 25 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ს/გ ,,თ-ს" შორის; კომისიის დასკვნით, საერთოდ არ არსებობს მხარეთა შორის ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ყოველივე ეს მოხდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს არასწორი მოქმედების შედეგად, რამაც გამოიწვია უთანხმოება ¹...... და ¹........ საცხობებს შორის.
მოსარჩელის განმარტებით, შემდგომში, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 13 მაისის ¹2-238 ბრძანებით გაუქმდა ს/გ ,,თ-თან" დადებული 1996 წლის 25 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება და ამავე ბრძანებით ეთხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოეხდინა ს/ს-ის რეორგანიზაცია.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 24 ნოემბრის ¹1-3/727 ბრძანებით იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა მოემზადებინა ახალი ხელშეკრულება იმ სუბიექტებთან, რომლებიც დარჩნენ ქონების ნატურით გაყოფის შემდეგ. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი სს ,,ქ-ში" შემავალი საცხობების პრივატიზაცია, თუმცა ეს არ მომხდარა.
ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა შპს ,,ბ-მა", რომლითაც მოითხოვა შპს ,,კ-ის" ლიკვიდაცია. სასამართლოს 23.03.2001 წლის განჩინებით შპს ,,ბ-ს" უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა შპს ,,კ-თან" გაეფორმებინა თბილისში, ........... ქ. ¹113ა-ში მდებარე, ყოფილ ¹...... საცხობის ბალანსზე რიცხული ქონების (153,38 კვ.მ) იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით - გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. თბილისში, ......... ქ. ¹113ა-ში მდებარე ყოფილი ¹........ საცხობის ბალანსზე რიცხულ შენობაზე, შპს ,,კ-ის" მოთხოვნა შპს ,,ბ-ისათვის" 222,6 კვ.მ ფართობის მიკუთვნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს/გ ,,თ-ის" 1989 წლის 12 ოქტომბრის ¹96 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ¹....... მექანიკურ საცხობს ცალკე საწარმოო ერთეულად გამოეყო ,,მ-ის" საამქრო, სახელწოდებით ¹....... საცხობი. ს/გ ,,თ-ის" სამართალმემკვიდრე იყო სს ,,ქ-ი", რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ¹...... და ¹........ საცხობები. არსებული ტექნიკური პასპორტების მიხედვით ორივე საცხობი მიეკუთვნებოდა შპს ,,ბ-ს".
სს ,,ქ-ის" 1999 წლის 20 მაისის ¹3 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ¹...... და ¹........ საცხობების ტექნიკური პასპორტები არასწორად იყო შედგენილი, რადგან აღნიშნული პასპორტის მიხედვით ისინი მიეკუთვნებოდა შპს ,,ბ-ს". ¹....... საცხობს ეკავა 222,66 კვ.მ, ხოლო ¹...... საცხობს 153,38 კვ.მ ფართობი. კომისიის აზრით საჭირო იყო ამ საცხობების მიერ დაკავებული ფართობების გამიჯვნა, რის შემდეგაც უნდა შემდგარიყო ახალი ტექნიკური პასპორტები. საბოლოოდ, კომისიამ დაადგინა, რომ მარჯვენა მხარეს განლაგებული შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდა ¹....... საცხობს და მხარეთა შორის ამ საკითხზე დავა არ ყოფილა.
სს ,,ქ-მა" 1999 წლის 15 ივნისს წერილით მიმართა მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, რათა დასკვნის შესაბამისად გაემიჯნათ საცხობებს შორის ქონება, კერძოდ: ¹........ საცხობისათვის დაემაგრებინათ 143,38 კვ.მ, ხოლო ¹........ საცხობისათვის 222,66 კვ.მ ფართობი და შეედგინათ ახალი ტექნიკური პასპორტები. ბიურომ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს ,,ბ-ს" სს ,,ქ-თან” არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ¹....... საცხობის იჯარა-გამოსყიდვის თაობაზე და ასეთი ხელშეკრულება არც ქონების მართვის სამინისტროსთან იყო დადებული.
საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის გრაფაში ,,ხელშეკრულება” მითითებულია 1996 წლის 25 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და ს/გ ,,თ-ს" შორის; მოწმობაში არ არის მითითებული მხარეთა შორის ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საქვეიჯარო ხელშეკრულებები. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 13 მაისის ¹2-239 ბრძანებით გაუქმდა 1996 წლის 25 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება და ეთხოვა ქონების მართვის სამინისტროს განეხორციელებინა სს ,,ქ-ის" რეორგანიზაცია, ხოლო ამ უკანასკნელმა იურიდიულ დეპარტამენტს 1998 წლის 24 ნოემბრის ¹1-3/727 ბრძანებით დაავალა მოემზადებინა ახალი ხელშეკრულება ქონების ნატურით გაყოფის შემდეგ დარჩენილ სუბიექტებთან. კონტროლის პალატის 2000 წლის 5 იანვრის წერილით ირკვევოდა, რომ ,,ქ-ის" ქონების გაყოფის შედეგად დარჩენილ საცხობებთან ქვეისაჯარო ხელშეკრულებების დადება გაჭიანურდა და ქონების მართვის სამინისტროს მიეთითა, დაეჩქარებინა ეს პროცესი. შპს ,,კ-თან" ხელშეკრულება არ იყო დადებული სარჩელის სასამართლო განხილვის დღისთვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ ¹....... საცხობზე რიცხული ქონების შეფასების აქტის ¹9 დანართში პრივატიზაციის განხორციელების მიზნით შეფასებული იყო მხოლო ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა და მას ხელს აწერდა მხოლოდ ი. ბ-ი, კომისიის სხვა წევრების ხელმოწერა გაურკვეველი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისია საერთოდ არ შექმნილა და დარღვეული იყო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული დებულება სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.
ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა 1999 წლის 4 ივნისს შპს ,,ბ-ზე" გასცა ¹....... საკადასტრო რუკა, რომლითაც ¹..... საცხობის მფლობელობაში მოექცა ......... ქ. ¹113ა-ში მდებარე მთლიანი ეზო, 868 კვ.მ ფართობით. მაგრამ თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 1999 წლის ¹499-99 წერილით დადასტურებული იყო, რომ მათ სს ,,ქ-ის" თხოვნის საფუძველზე დაუმაგრეს შპს ,,ბ-ს" 222,66 კვ.მ, ხოლო შპს ,,კ-ს" 153,38 კვ.მ ფართობი. ამავე წერილის მიხედვით, შპს ,,ბ-ი" არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ხოლო საკადასტრო რუკა წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-149-ე და 170-172-ე მუხლების საფუძველზე შპს ,,კ-ს", როგორც ქონების მესაკუთრეს, ჰქონდა საკუთარი ქონების სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება და ამის საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნია დაევალებინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის შპს ,,კ-თან" იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
შპს ,,ბ-თვის" 222,66 კვ.მ ფართობის ნაგებობის მიკუთვნებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად მიეთითა იმ გარმოებაზე, რომ თვით ,,ბ-ს" ამგვარი მოთხოვნა არ ჰქონდა დაყენებული.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ბ-ის" დირექტორმა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,კ-ის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ბ-ის" სააპელაციო საჩივარი, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება შპს ,,კ-ის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა სამართლის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად და მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 24 ნოემბრის ¹1/727 ბრძანება, ვინაიდან ეს უკანასკნელი სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს ავალებდა მხოლოდ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას სს ,,ქ-ის" ნატურით გაყოფის შემდეგ წარმოქმნილ ახალ სუბიექტებთან, რაც შპს ,,კ-ისათვის" სადავო ქონების პრივატიზაციის უფლების მინიჭების ტოლფასი არ იყო.
რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილდა რა შპს ,,კ-ის" სარჩელი და დაავალა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მასთან სადავო ქონებაზე იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. სასამართლომ მხოლოდ იმით დაასაბუთა, რომ შპს ,,ბ-ს" ამ ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნდა, თუმცა ეს გარემოება თავისთავად არ განაპირობებდა თბილისში, .......... ქ. ¹113ა-ში მდებარე ყოფილ ¹....... საცხობის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (153,38 კვ.მ) იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების მოსარჩელესთან დადებას.
უფრო მეტიც, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ამ ფართობის ნაწილი 27 კვ.მ, რომელიც არსებითად წარმოადგენდა დავის საგანს, 1999 წლის 27 მაისის ¹701 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, შპს ,,ბ-ის" საკუთრება იყო. მართალია მასში არ იყო მითითებული შენობა-ნაგებობის ფართობი, მაგრამ ეს დაკონკრეტებული იყო ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2000 წლის ¹24-2399 ცნობაში. ამასთანავე, მოწმობაში ფართობის მიუთითებლობა ახსნილია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის ¹70/69/5-3 წერილით, რომლითაც გამოირიცხა სადავო 27 კვ.მ-ზე შპს ,,ბ-ის", როგორც მესაკუთრის, უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
შპს ,,ბ-ის" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაუქმებული არ იყო და მოსარჩელეს ამგვარი მოთხოვნა არც ჰქონდა დაყენებული. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის შპს ,,კ-თან" სადავო ქონებაზე იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადების დავალებით სასამართლომ ფაქტობრივად უგულებელყო ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მოთხოვნები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ქონების (აქციების, წილის გარდა) იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაცემა კონკურსის საფუძველზე ხდება და არსებითად დაადგინა ქონების პირდაპირი წესით მიყიდვა ამ ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ყველა მოთხოვნისა და პირობის გაუთვალისწინებლად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნორმატიულ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე მითითება, ვინაიდან მითითებული ნორმები განსაზღვრავს მესაკუთრის უფლებამოსილებას, თუმცა სადავო ქონების მიმართ შპს ,,კ-ი" მესაკუთრეს არ წარმოადგენდა და სწორედ ამ სტატუსის მოპოვება იყო სასარჩელო მოთხოვნის საგანი. უსაფუძვლო იყო რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან 172-ე მუხლი აწესრიგებს რა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთას, მიმართულია არამართლზომიერი მფლობელის წინააღმდეგ და მესაკუთრის უფლებათა დაცვის გარანტიაა. მოცემულ შემთხვევაში კი ქონების მესაკუთრეს იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნებოდა ასეთად მიჩნეული, ქონების მართვის სამინისტრო თუ შპს ,,ბ-ი", ამგვარი მოთხოვნა არ დაუყენებია.
სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო განცხადებაში დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე, კერძოდ, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა ქონების მართვის სამინისტროსათვის შპს ,,ბ-ის" ყოფილი ¹....... პურის საცხობის და შპს ,,კ-ის" ყოფილი ¹....... პურის საცხობის ქონების _ მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების გამიჯვნის დავალება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “კ-ის" დირექტორმა ა. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად კონკურსით, აუქციონით და პირდაპირი მიყიდვით პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის ფორმდება სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი _ საიჯარო ხელშეკრულება.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო სამართლის ნორმების უხეში დარღვევითაა გამოტანილი. საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს შპს “ბ-ი" საქართველოს ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილის შესაბამისად ჩართული იქნა მესამე პირად, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, არ ჰქონდა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება. კასატორის განმარტებით, რაიონულ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, დასაშვები იყო თუ არა შპს ,,ბ-ის” სააპელაციო საჩივარი, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდებოდა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, უნდა მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც არ შესრულებულა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არსებითად სადავო ფართობის ნაწილი 27 კვ.მ. 1999 წლის 27 მაისს ¹701 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად “ბ-ის” საკუთრებაა, არასწორია და არც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. ამ დასკვნამდე მისულმა სააპელაციო სასამართლომ კასატორის აზრით, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა _ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კასატორის მითითებით, არსებობს 1998 წლის 19 მარტის ქონების მართვის სამინისტროს 313/185 ბრძანება შეფასების აქტების ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო გასაყიდი, საპრივატიზებო ქონების დადგენა და მისი შეფასება.
კასატორის აღნიშვნით მათი მხრიდან სადავოდ არის გამხდარი შპს “ბ-ის" მიერ პრივატიზებული 1 ერთეული ერთსართულიანი შენობა და არა შპს “ბ-ის" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბითებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,კ-ის” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი. გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით. კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს აღნიშვნას სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, მტკიცებულებებსა და იმ მოსაზრებებზე, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს და შეამოწმოს გადაწყვეტილების კანონიერება.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფართის ნაწილი 27 კვ.მ, რომელიც არსებითად წარმოადგენს დავის საგანს, 1999 წლის 27 მაისის ¹701 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, წარმოადგენს შპს ,,ბ-ის” საკუთრებას.
შპს ,,ბ-ზე” გაცემული საკუთრების მოწმობა, როგორც ამას თავად სააპელაციო სასამართლოც ადასტურებს, არ შეიცავს მითითებას შენობა-ნაგებობების თაობაზე. საკუთრების მოწმობაში საუბარია მხოლოდ ფირმა ,,ქ-ის” ¹....... საცხობზე. საგულისხმოა, რომ ფართის დამდგენ და საკუთრების მოწმობის შემავსებელ დოკუმენტად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მიჩნეულია ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობა და ქონების მართვის სამინისტროს წერილი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულების სახით მოხმობილ ამ უკანასკნელ დოკუმენტს და აღნიშნავს, რომ მისი გაზიარებისას სასამართლოს მიერ დარღვეულია მტკიცებულებათა შეფასების კანონით დადგენილი წესი, კერძოდ, წერილი შპს ,,ბ-ის” კუთვნილი ფართის განსაზღვრისას ეყრდნობა 1995 წლის ტექნიკურ პასპორტს, რომელიც საქმეში წარმოდგენილი და მოძიებული არ არის. ამასთან, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო საწარმო ,,პ-ის” შრომითი კოლექტივის დროებით ამხანაგობას შორის გაფორმებული 1996 წლის 25 ივნისს, რაც, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს მითითებული პასპორტის არსებობასა და აღნიშნული წერილის მტკიცებულების სახით გამოყენების შესაძლებლობას.
რაც შეეხება საქმეში დაცულ ტექპასპორტს, როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე მიღებული დადგენილებით დასტურდება (ტ.3. ს.ფ.683-685), შპს ,,ბ-ზე” გაცემული ტექპასპორტი გაყალბებულია, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე გამორიცხავს მისი მტკიცებულების სახით გამოყენების შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ემყარება არასრულყოფილად გამოკვლეულ საქმის მასალებს.
სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმეში წარმოდგენილი გამყოფი ბალანსები, ქონების ოდენობის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებები, არ განუსაზღვრავს რა ოდენობის შენობები ირიცხებოდა ¹...... და ¹........ საცხობებზე.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა მოპასუხის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პოზიციას. მოპასუხე აცხადებს, რომ შპს ,,კ-ზე” საკუთრების მოწმობის გაცემა შეფერხებულია მხოლოდ სადავო 27 კვ.მ ფართის საკითხის განსაზღვრამდე, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ადასტურებს მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობას. სააპელაციო სასამართლომ ისე გამორიცხა ქონების მართვის სამინისტროსა (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს) და შპს ,,კ-ს” შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, რომ არ მიუთითა, რის საფუძველზე მივიდა აღნიშნულ მოსაზრებამდე და არ გაარკვია, რას ეფუძნებოდა მოპასუხის მოსაზრება საკუთრების მოწმობის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას თავად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი არ იძლევა სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.