Facebook Twitter
საქმე № 330210114604797
საქმე №ას-474-455-2016 7 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ბ. ბ.-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)


მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ.-ი, კ. ჩ.-ე (მოსარჩელე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება


დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა (ძირითად სარჩელში), თანასაკუთრების განკარგვით მიღებული სარგებლიდან წილის მიკუთვნება, თანასაკუთრების გაყოფა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. კ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გაყოფა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2014 წლის სექტემბრამდე. თანაცხოვრების დროს მათ შეიძინეს უძრავი ქონება და ავტომანქანა, რომლებზეც საკუთრების უფლება აღირიცხა მოპასუხის სახელზე. ამჟამად ქორწინება შეწყვეტილია.

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას ავტომანქანის მიკუთვნების ნაწილში. ამავდროულად, მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელისა და კ. ჩ.-ის (შემდგომში – მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) მიმართ რეალიზებული ქონების ღირებულების ნაწილის ანაზღაურებისა და შეგებებულ სარჩელში მოპასუხეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 52666 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 666 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, შეგებებული სარჩელის ავტორი ცნობილ იქნა მოსარჩელის სახელზე რიცხული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების 2/3-ის მესაკუთრედ, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1981 წლის 6 ივნისიდან 2014 წლის 17 სექტემბრამდე, თუმცა მეუღლეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა 2012 წლის ნოემბერში.
7. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მხარეთა მიერ შეძენილ იქნა და ძირითადი მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ.თბილისში, ს.-ა და ე.-ის ქუჩების გადაკვეთაზე №...-ში, მე-8 სართულზე მდებარე №... ბინა. ამავე დროს ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე ძირითადი მოსარჩელის სახელზე აღირიცხა იმავე მისამართზე არსებული ავტოფარეხი.
8. 2014 წლის 9 სექტემბერს ძირითად მოსარჩელესა და შეგებებულ სარჩელში მოპასუხეს შორის დაიდო ზემოაღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასად ხელშეკრულებით განისაზღვრა 135 000 აშშ დოლარი.
9. იმავე ნასყიდობის მხარეებს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს ავტოფარეხზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით აღირიცხა მყიდველის – შეგებებულ სარჩელში მოპასუხის სახელზე. ნასყიდობის ფასად ხელშეკრულებით განისაზღვრა 1000 აშშ დოლარი.
10. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს შეგებებული სარჩელის ავტორმა დააზიანა სადავო ბინა.
11. ნასყიდობის მხარეებს შორის 2014 წლის 18 ნოემბერს დაიდო შეთანხმება, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ. შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული ბინა და ავტოფარეხი შეძენის შემდეგ რამდენიმე დღეში მესამე პირის მიერ დაზიანდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ღირებულება. ამდენად, მხარეები თანხმდებიან, რომ 136 000 აშშ დოლარიდან გამყიდველმა მყიდველს დაუბრუნა 56 000 აშშ დოლარი. შეთანხმებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 19 ნოემბერს.
12. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 29 ოქტომბერს კ. ჩ.-ესა და მ. ი.-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ზემოთ მითითებული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ი.-ის სახელზე. გარიგების მიხედვით, ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 80 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
13. 2014 წლის 8 დეკემბერს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის შეგებებული სარჩელის ავტორთან გასაუბრების ოქმის შესაბამისად, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს აფექტის მდგომარეობაში ყოფნისას დააზიანა სადავო ბინა და სცადა თვითმკვლელობა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ გარიგება მოჩვენებითი ან თვალთმაქცურია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული შეთანხმების მიმართ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, მოქმედებს გარიგების კანონშესაბამისობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის არსებობის პირობებში, აღნიშნული მოთხოვნის მქონემ უნდა ამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის მიზნებისათვის საქმის მასალებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, მოჩვენებითი გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა განზრახვაში, თავიდან აიცილონ გარიგების სამართლებრივი შედეგები. ამასთან, უნდა არსებობდეს ორივე მხარის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად იკვეთება ერთობლივი მოქმედების მოტივი. მოჩვენებითი გარიგება სამართლებრივი სიმულაციაა, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მიზანს ემსახურება. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის კი დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინება №ას-1764-1744-2011)
17. თვალთმაქცური გარიგების ნორმატიულ შინაარსს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
18. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება.
19. მოცემულ შემთხვევაში ძირითადმა მოსარჩელემ 2014 წლის 18 ნოემბრის შეთანხმების წარმოდგენით დაადასტურა, რომ 136 000 აშშ დოლარიდან გამყიდველმა მყიდველს დაუბრუნა 56 000 აშშ დოლარი. თავის მხრივ, აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ ხელშემკვრელი მხარეები საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედებდნენ, რათა მხოლოდ მოსაჩვენებლად დაედოთ ხელშეკრულება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმების დადების ნამდვილი ნება. ასევე არ დატურდება სხვა გარიგების დაფარვის მიზნით, მითითებული გარიგების დადების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში შეთანხმებით დგინდება, რომ მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 136 000 აშშ დოლარიდან 56 000 აშშ დოლარი უკან მიიღო. საწინააღმდეგო სახის რაიმე მტკიცებულება კი აპელანტი მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება დადასტურებულად ითვლება.
20. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა 2014 წლის 13 სექტემბერს დააზიანა ბინა, რის შედეგად მისი საბაზრო ღირებულება 56 000 აშშ დოლარით შემცირდა.
21. სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ აპელანტს სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით არ განუხორციელებია მისი წილი მტკიცების ტვირთი, არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მის მიერ ბინის დაზიანების შედეგად მყიდველს მიადგა ბევრად უფრო ნაკლები ზიანი, ვიდრე ეს შეთანხმებით იქნა დადგენილი.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეგებებული სარჩელის ავტორმა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი შეგებებული სარჩელის ავტორს სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე. იმ პერიოდისათვის, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიტყო სადავო გარიგების არსებობის შესახებ, მისთვის ხელმიუწვდომელი იყო ბინაში ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან უძრავი ნივთი მეორეჯერ გაიყიდა და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მანამდე შეგებებული სარჩელის ავტორისათვის უცნობი იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური შეთანხმების არსებობა.
25. კასატორმა მიიჩნია, რომ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი პირს არ ეკისრება მით უმეტეს, როდესაც საგამოძიებო ორგანომ მის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ფაქტი და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანი არ მიუყენებია. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების ნამდვილობისა და კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება აღნიშნული გარიგების მხარეებს.
26. კასატორი არ დაეთანხმა არც იმ ოდენობას, რომელიც სადავო გარიგებითაა გათვალისწინებული, ვინაიდან 56 000 აშშ დოლარის ღირებულების ზიანი შეუსაბამოდ მაღალია და რეალურ მონაცემებს არ შეესაბამება.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1981 წლის 6 ივნისიდან 2014 წლის 17 სექტემბრამდე, თუმცა მეუღლეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა 2012 წლის ნოემბერში.
30. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მხარეთა მიერ შეძენილ იქნა და ძირითადი მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ.თბილისში, ს.-ა და ე.-ის ქუჩების გადაკვეთაზე №..-ში, მე-8 სართულზე მდებარე №.. ბინა. ამავე დროს ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე ძირითადი მოსარჩელის სახელზე აღირიცხა იმავე მისამართზე არსებული ავტოფარეხი.
31. 2014 წლის 9 სექტემბერს ძირითად მოსარჩელესა და შეგებებულ სარჩელში მოპასუხეს შორის დაიდო ზემოაღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასად ხელშეკრულებით განისაზღვრა 135 000 აშშ დოლარი.
32. იმავე მხარეებს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს ავტოფარეხზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით აღირიცხა მყიდველის – შეგებებულ სარჩელში მოპასუხის სახელზე. ნასყიდობის ფასად ხელშეკრულებით განისაზღვრა 1000 აშშ დოლარი.
33. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს შეგებებული სარჩელის ავტორმა დააზიანა სადავო ბინა.
34. ნასყიდობის მხარეებს შორის 2014 წლის 18 ნოემბერს დაიდო შეთანხმება, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ. შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული ბინა და ავტოფარეხი შეძენის შემდეგ რამდენიმე დღეში მესამე პირის მიერ დაზიანდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ღირებულება. ამდენად, მხარეები თანხმდებიან, რომ 136 000 აშშ დოლარიდან გამყიდველმა მყიდველს დაუბრუნა 56 000 აშშ დოლარი. შეთანხმებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 19 ნოემბერს.
35. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 29 ოქტომბერს კ. ჩ.-ესა და მ. ი.-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ზემოთ მითითებული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ი.-ის სახელზე. გარიგების მიხედვით, ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 80 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
36. 2014 წლის 8 დეკემბერს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის შეგებებული სარჩელის ავტორთან გასაუბრების ოქმის შესაბამისად, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს აფექტის მდგომარეობაში ყოფნისას დააზიანა სადავო ბინა და სცადა თვითმკვლელობა.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომლითაც სადავო შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ წარმოადგენს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებას.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
41. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.
42. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი.
43. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
44. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (სუსგ 11.11.2015, საქმე №ას-862-812-2015).
45. ამავდროულად, საკასაციო სასამართლომ განმარტა თვალთმაქცური გარიგების არსი და სამართლებრივი მახასიათებლები, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურებულ იქნეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
46. ამრიგად, კასატორი ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე, რაც უნდა შეეფასებენა და არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ (სუსგ 2.04.2008წ. №ას-863-1174-07 საქმე).
47. სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.
48. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე.
49. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ 23.01.2015წ. საქმე №ას-1142-1088-2014).
50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასაბუთებას არ ეწინააღმდეგება, ხოლო კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატებოდა სადავო გარიგების მოჩვენებითობა ან თვალთმაქცურობა.
51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 23.01.2015წ. საქმე №ას-1142-1088-2014).
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ნ. ბაქაქური