Facebook Twitter
¹ ბს-981-837-კ-04 17 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია

დავის სგანი: ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:
სს “ლ-მ” სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზარალის ანაზღაურების სახით 69617,33 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სს “ლ-ს”, თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი აგროსამრეწველო სამმართველოს და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო საბიუჯეტო სახაზინო სამმართველოს შორის 17.02.98წ. დაიდო ხელშეკრულება ¹18, რომლის თანახმად სს “ლ-ს”, როგორც ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, დაევალა ძალოვანი სტრუქტურებისათვის საჭირო ბამბეულის სხვადასხვა ნაწარმის დამზადება შეთანხმებული ასორტიმენტისა და ვადის დაცვით.
ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს წინასწარ უნდა ჩაერიცხა სს “ლ-ს” ანგარიშზე მთლიანი თანხის 25% ე.ი. 126 220 ლარი, ამის ნაცვლად ჩაირიცხა 63 200 ლარი, ე.ი. თანხის 12,5%. სს “ლ-მ” შეასრულა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულბები და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა საჭირო ასორტიმენტის მზა ნაწარმი, ხოლო მიწოდებული საქონლის ღირებულება ანაზღაურდა ვადის გადაცილებით, რის გამოც სს “ლ-მ” განიცადა მატერიალური ზარალი, საგადასახადო სამსახურის მიერ საჯარიმო სანქციებისა და საურავების დარიცხვის გამო.
თავდაცვის სამნისტროს მთავარმა სამმართველომ აღძრა შეგებებული სარჩელი სს “ლ-ს” მიმართ, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სს “ლ-სათვის” 166000 ლარის გადახდის დაკისრება. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით მათ მიერ მართლაც შეფერხდა სს “ლ-ს” მიერ მიწოდებული სამოსელის ღირებულების ანაზღაურება, თუმცა შეფერხება გამოწვეული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების დაგვიანებით, სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებულად არ ჩაითვლება თუ ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. შეგებებული სარჩელის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სს “ლ-მაც” დაარღვია, როცა არ მიაწოდა 207 500 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც დაარღვია ხელშეკრულების 2.3 მუხლით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო თავდაცვის სამინისტრომ 1998წ. 25 ნოემბრიდან 1999წ. 31 დეკემბრამდე განიცადა 166000 ლარის ზიანი, ანუ მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%, ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.04.2000წ. გადაწყვეტილებით სს “ლ-ს” სარჩელი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფლდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ლ-მ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო დამატებითი საპელაციო საჩივრით სს “ლ-მ” მოითხოვა მოპასუხისათვის, სავალუტო კურსის ინფლაციის გამო, ზიანის _ 43018 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება, სს “ლ-ს” მიმართ ნაკისრი ვალდბულების შეუსრულებლობისთვის 34. 587 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა სს “ლ-სათვის” ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის სახით 83 170 ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.06.03წ. გადაწყვეტილებით სს “ლ-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 04.04.2000წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ლ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 69 617. 33 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს “ლ-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.11.03წ. გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გადაჭრილა სასამართლოს წინაშე დასმული ყველა საკითხი, გადაწყვეტილება არ შეიცავდა რაიმე მითითებას შეგებებულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.07.04წ. გადაწყვეტილებით სს “ლ-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.04.04წ. გადაწყვეტილება სს “ლ-ს” მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ლ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სს “ლ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 34 808 ლარის გადახდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სს “ლ-ს” მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევას, ხოლო ხელშეკრულების სრულად შეუსრულებლობა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა წარმოადგენს სსკ-ის 417-418 მუხლებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ დამატებით საშუალებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ვალდებულებების შეუსრულებლობას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, რის გამო უსაფუძვლოა თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. სამინისტრო ვალდებულია სს “ლ-ს” წინაშე გადაიხადოს პირგასამტეხლო, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე იგი უნდა განახევრდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს “ლ-მ” და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
სს “ლ-მ” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა, სს “ლ-ს” სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის პირგასამტეხლოს სრული ოდენობით _ 69617 ლარის დაკისრება.
კასატორი თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს “ლ-ს” სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სს “ლ.” ასევე არღვევდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ სს “ლ-მ” ნაცვლად 504880 ლარისა მიაწოდა 297 380 ლარის ღირებულების პროდუქცია. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტთან, იმყოფება სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე და მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სათანადო დაფინანსების მიღების გარეშე. კასატორი თვლის, რომ სს “ლ.” თავდაცვის სამინისტოსთვის საურავების დარიცხვის მოტივით არ იყენებდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ წესს და არ ითხოვდა ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის _ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, ითხოვა მისი დაკმაყოფილება და სს “ლ-ს” საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სს “ლ-ს” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სს “ლ-ს” საკასაციო საჩივარს და ითხოვა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრების ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ლ-ს” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.04წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივ გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მხარეთა შორის 17.02.98წ. დადებული იქნა ¹18 ხელშეკრულება, რომლითაც სს “ლ-მ” იკისრა ვალდებულება 1998 წელს დაემზადებინა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჩაებარებინა სხვადასხვა სახის 504880 ლარის ღირებულების ბამბის ნაწარმი, თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, შემსრულებლის მიერ პროდუქციის მიწოდების ვადების დაუცველობის ან დამფინანსებელ-გადამხდელის მიერ ანაზღაურების დაგვიანების შემთხვევაში, მხარეებმა იკისრეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდა თანხის 0.2%-ის ოდენობით. ხელშეკრულებრის 3.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის 20.06.97წ. ¹317 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 დღის განმავლობაში სს “ლ-სათვის” წინასწარ უნდა გადაერიცხა წარმოების მოსამზადებლად და ნედლეული მასალების შესაძენად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო თანხის 25%. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება და ნაცვლად გათვალისწინებული 126220 ლარისა, სს “ლ-ს” ავანსის სახით 63200 ლარი გადაუხადა.
ხელშეკრულების 3.3 მუხლი, ანგარიშსწორების დროულად მოხდენის მიზნით, “შემსრულებელს” ავალდებულებდა ჩაბარებული პროდუქციის ყველა პარტიაზე სასაქონლო გასავლის ზედდებულის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლების ჩაბარებას და რეგისტრაციაში გატარებას, რაც ადასტურებს “დამკვეთის” ვალდებულებას ანგარიშსწორება მოეხდინა პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის დღესვე. ამასთანავე, სკ-ის 365-ე მუხლის თანახმად კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ურთიერთშედარების აქტების, ანგარიშსწორების ანალიზის, ცხრილის, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისათვის პროდუქციის შესყიდვების განთავსების საუწყებათაშორისო კომისიის სხდომის ოქმების, სამინისტროსადმი სს “ლ-ს” მიმართვის, დამოუკიდებელი აუდიტორის 15.06.04წ. დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სისტემატურად ირღვეოდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაფარვის ვადები, დამკვეთის მიერ მიწოდებული პროდუქციის ყოველი პარტიის ღირებულების მიწოდებისთანავე აუნაზღაურებლობის, საქართველოს პრეზიდენტის 20.06.97წ. ¹317 ბრძანებულების მე-4 და 17.02.98წ. ¹18 ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შეუსრულებლობის, კერძოდ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 დღის განმავლობაში ხელშეკრულების საერთო თანხის 25%-ის არ გადარიცხვის გამო, ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად საჯარიმო თანხამ ჯამში 69617 ლარი შეადგინა.
სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის გამო დაფინანსების შემცირებას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კასატორის დაუფინანსებლობა სამინისტროს, როგორც ხელშეკრულების მხარეს, არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, სკ-ის 397-ე მუხლის თანახმად, მოვალე (თავდაცვის სამინისტრო) პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი (ფინანსები) სხვა პირისაგან (სახელმწიფო ბიუჯეტისაგან) უნდა მიეღო და ვერ მიიღო. სკ-ის 24.4 მუხლის მიხედვით სახელმწიფო მისი უფლებამოსილი ორგანოების სახით სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, ამდენად სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის როგორც თანასწორუფლებიანი სუბიექტი ხელშეკრულების პარტნიორთან და მასზე, სზაკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, სრულიად ვრცელდება სკ-ის ნორმები. სკ-ის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ პირგასამტეხლო.
საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა კასატორ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება სს “ლ-ს” მიერ ¹18 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე. სს “ლ-ს” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის პროდუქციის მიწოდება ვერ იქნება მიჩნეული ხელშეკრულების დარღვევად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ავანსის თანხის არასრულად ჩარიცხვით და შემდეგ პროდუქციის ღირებულების ვადის გადაცილებით გადახდით. სკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე სს “ლ.” უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, ხოლო 405.1 მუხლის საფუძველზე შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “ლ.” მოქმედებდა ხელშეკრულებისა და სკ-ის შესაბამისად და მისი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების მიუხედავად სს “ლ-ს” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ცხადია არ გამორიცხავს მის უფლებას მოითხოვოს მის სასარგებლოდ კონტრაჰენტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის დაკისრება.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას თავდაცვის სამინისტროსათვის ¹18 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 2.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა წარმოადგენს მხარეთა მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დადგენილ პირგასამტეხლოს. სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სს “ლ-ს” მიერ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებულია კანონის საფუძველზე, განსახილველი საქმის გარემოებათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი გაორმაგების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდანირე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სს “ლ-ს” საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა, საოლქო სასამართლოს პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად არის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სს “ლ-ს” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.07.04წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1392 ლარის ოდენობით;
4. სს “ლ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1392 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.