№აs-934-899-2016 14 თებერვალი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს "გ.", გ.გ., უ.ა. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.რ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სს „ბ.რ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი ან კრედიტორი) და შპს „გ–ს“ (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) შორის 2008 წლის 17 სექტემბერს, 10 წლის ვადით (2018 წლის 17 სექტემბრამდე) დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ # ... გენერალური ხელშეკრულება (შემდეგში: გენერალური ხელშეკრულება), რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით (ან მისი ექვივალენტი კონვერტირებადი ვალუტით), შემადგენელი ხელშეკრულების შესაბამისად, წლიურ საპროცენტო განაკვეთად დადგინდა მაქსიმუმ 48 % {აქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე, 623-ე მუხლები}.
2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2008 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულება, კერძოდ:
2.1. №... საკრედიტო ხელშეკრულების (შემდეგში: საკრედიტო ხელშეკრულება) თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 300 000 აშშ დოლარი 72 თვით, 2014 წლის 19 სექტემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 20 %-ის დარიცხვით {იხ. საკრედიტო ხელშეკრულება, ტ.1. ს.ფ. 30-31; სესხის დაფარვის გრაფიკი - ტ.1. ს.ფ. 33-35}.
2.2. №.... რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების (შემდეგში: პირველი რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულება) მიხედვით, მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა კრედიტი - 110 000 აშშ დოლარი 18 თვით, 2010 წლის 19 მარტამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 20 %-ის დარიცხვით {იხ. ტ.1. ს.ფ. 40-42}.
2.3. №.... რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების (შემდეგში: მეორე რევოლვერული ხელშეკრულება) თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 190 000 აშშ დოლარი, 18 თვით, 2010 წლის 19 მარტამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 20 %-ის დარიცხვით {იხ. ტ.1. ს.ფ. 48-50}.
3. გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2008 წლის 22 სექტემბერს, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლისა და გ.გ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, იპოთეკის საგნის მესაკუთრე ან პირველი თავდები პირი) კუთვნილი რამდენიმე უძრავი ქონება, მდებარე:
3.1 ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი ... (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....;
3.2. ქ. რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....;
3.3. ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელი, ნაკვეთის №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....,
3.4. ქ. თბილისში, ...... ნაკვეთის წინა ნომერი ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....., დადგინდა იპოთეკა {სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი და 311-ე მუხლის პირველი ნაწილები}.
4. 2008 წლის 19 სექტემბერს, მოსარჩელემ პირველ თავდებ პირსა და უ.ა–სთან (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მეორე თავდები პირი) გააფორმა სოლიდარული თავდებობის წერილობითი ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი {2008 წლის 19 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება, ტ.1. ს.ფ. 24-29, სსკ-ის 891.1-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე და 898-ე მუხლები}.
5. ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. მან მსესხებელს საკუთრებაში გადასცა 2008 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები {იხ. ტ.1, ს.ფ. 32, 43-45, 52-54}.
6. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, მან არ დააბრუნა სესხი:
6.1. 2016 წლის 15 მარტის ცნობის მიხედვით, მოპასუხის დავალიანებამ ბანკის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, როგორც სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის, ასევე, 2010 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, 248 573,81 აშშ დოლარი შეადგინა (ძირითადი თანხა - 234749,18 აშშ დოლარი, პროცენტი - 13341,34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 483,29 აშშ დოლარი).
6.2. პირველი რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, უშუალოდ მსესხებელმა ფულადი ვალდებულება ბოლოს 2009 წლის 21 სექტემბერს შეასრულა; საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ მსესხებელმა ფულადი ვალდებულება უკანასკნელად 2009 წლის 21 დეკემბერს შეასრულა; მეორე რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელს თანხა არ გადაუხდია {მოპასუხის საბანკო ანგარიშების ამონაწერი, ტ.1. ს.ფ. 260-261; 262-265; 266-267}.
7. 2013 წლის 7 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა:
7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება;
7.2. მოპასუხეთათვის ბანკის სასარგებლოდ, პირველი რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 147 178.44 აშშ დოლარის, მეორე რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 254 330.15 აშშ დოლარისა და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 339.845.29 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;
7.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, მსესხებლისა და თავდები პირების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა;
7.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
8. მოპასუხეებს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სადავოდ არ გაუხდიათ. მათ წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, ხანდაზმულობის გამო, განხორციელებადი არ იყო.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 128-130-ე, 137-138-ე, 144-ე, 153-ე, 286-ე, 291-ე, 316-317-ე, 867-868-ე, 891-892-ე და 895-ე მუხლები.
10. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ პირველი თავდები პირის ანგარიშიდან უაქცეპტოდ განხორციელდა 4 719,34 აშშ დოლარის ჩამოჭრა 2010 წლის 28 ოქტომბერს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების დასაფარად, ვინაიდან, მან (პირველმა თავდებმა) 2010 წლის 2 სექტემბერს პირად ანგარიშზე 5000 აშშ დოლარი შეიტანა (დანიშნულებით - შემოსავალი პირად ანგარიშზე). 2010 წლის 28 ოქტომბერს ზემოხსენებული თანხით საკრედიტო ხელშეკრულების სესხზე დარიცხული თანხა დაიფარა, დანიშნულებაში კი, მითითებულია სესხზე ჯარიმის ჩამოჭრა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება;
10.2. პირველმა თავდებმა პირად ანგარიშზე თანხის შეტანითა და თანხმობის განცხადებით გამოხატა ნება ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე, შესაბამისად, სსკ-ის 130-ე და 137-ე მუხლების თანახმად, ბანკს მოთხოვნა წარმოეშობოდა 2014 წლის 16 მაისიდან, ამდენად, სარჩელი სასამართლოში ხანდაზმულობის ვადის დაცვით არის შეტანილი (2013 წლის ნოემბერი);
10.3. საკრედიტო ხელშეკრულება 2008 წლის 19 სექტემბერს 72 თვის ვადით დაიდო (2014 წლის 19 სექტემბრამდე), შესაბამისად, არც გენერალური ხელშეკრულების და არც მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ამოწურული არ იყო;
10.4. ამას გარდა, მოპასუხეები წარმოდგენილი შესაგებლით ხანდაზმულობას სადავოდ ხდიდნენ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ისინი სასამართლო სხდომებზეც ამბობდნენ, რომ ორივე რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულება ხანდაზმული იყო, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებულ დავალიანებასთან მიმართებით მზად იყვნენ მორიგებაზეც. ამასთან, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ საკრედიტო ხელშეკრულებაზე 4719.34 აშშ დოლარის ჩამოჭრის სამართლიანობა, რაც სასამართლო სხდომის ოქმებითაც დასტურდება. მხარეები სადავოდ მხოლოდ 2014 წლის 16 მაისს ჩამოჭრილ თანხას ხდიდნენ, თუმცა ეს შემთხვევაც არ შეიძლება უკანონო ქმედებად ჩათვლილიყო, ვინაიდან ბანკს პირველი თავდები პირისაგან მიღებული ჰქონდა თანხმობა, საკრედიტო ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების მიზნით მისი პირადი ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერის თაობაზე;
10.5. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 130-ე, 137-ე, 138-ე მუხლები. მას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 139-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის დანაწესით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბანკის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ სამივე საკრედიტო ხელშეკრულებზე 2014 წლის 16 მაისს წარმოიშვა;
10.6. ბანკმა 2013 წლის 22 აპრილს, მიმართა „თბილისის სააუქციონო სახლს“ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, რათა ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით მოსარჩელის დავალიანება დაეფარა. აუქციონი დასრულდა 2013 წლის 3 ივნისს და მისი დასრულებისთანავე შეიტანა პირველმა თავდებმა სარჩელი „თბილისის სააუქციონო სახლის“ მიერ გაცემული განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2014 წლის 24 აპრილს, ბანკმა კი, სარჩელი საკრედიტო დავალიანების დაკისრების მოთხოვნით შეიტანა 2013 წლის ნოემბერში. შესაბამისად, სსკ-ის 138-ე მუხლიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილია 2013 წლის 22 აპრილიდან (სააუქციონო სახლისათვის მიმართვის დღიდან).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, ბანკის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეწყვეტილად იქნა აღიარებული მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული გენერალური ხელშეკრულება; მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 248 573,81 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა წინამდებარე განჩინების პ.3-ში მითითებული იპოთეკის საგნების იძულებითი რეალიზაცია (სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 268-ე მუხლის 11 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
11.1. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, პირველი და მეორე რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი;
11.2. პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოსარჩელის მოთხოვნების სრული მოცულობით ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე არასწორი იყო. პალატამ განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უნდა განხილულიყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნად და მის მოსაწესრიგებლად უნდა გამოყენებულიყო სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი.
12. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი არგუმენტებით:
12.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა ხანდაზმულობასთან დაკავშირებული საკითხები, მან არ გაითვალისწინა ის, რომ ანგარიშიდან თანხის ჩამოწერაზე პირველ თავდებს ბანკისათვის თანხმობა არ მიუცია;
12.2. მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება უკანასკნელად 2009 წლის 21 დეკემბერს შეასრულა, შესაბამისად, მითითებული ანგარიშსწორების მომდევნო კალენდარული თვიდან (გადახდის გრაფიკის შესაბამისად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად) ბანკმა ჩათვალა, რომ მოსარჩელის უფლება დაირღვა, ამდენად, მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე;
12.3. პირველმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვის მიზნით პირველი თავდები პირის ანგარიშიდან 2010 წლის 28 ოქტომბერს უაქცეპტოდ ჩამოჭრილი თანხა, ვერ იქნებოდა ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ გარემოებად მიჩნეული, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ პირველი თავდები პირის ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის უფლებამოსილების შესახებ მხარეთა შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა;
12.4. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტად ვერ იქნებოდა მიჩნეული სარჩელის წარდგენის შემდეგ, 2014 წლის 16 მაისს, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, პირველი თავდები პირის ანგარიშიდან ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, ამ უკანასკნელის ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ვალდებულების დასაფარად მიმართვა;
12.5. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა გასულია, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში.
12.6. სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და ისე მიაქცია გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ვინაიდან, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, ამასთან, პალატამ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში სამართლებრივად ვერ დაასაბუთა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391 მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
17.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნები სსკ-ის 867-ე, 623-ე, 868.1-ე, 891-ე, 893-ე, 895-ე, 898-ე და 301.1 მუხლებიდან გამომდინარეობს. მოთხოვნების წარმომშობი ფაქტობრივი წინაპირობები მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მათ არც მოთხოვნების შემწყვეტ გარემოებებზე მიუთითებიათ და არც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენიათ. ისინი სადავოდ ხდიან მოთხოვნის განხორციელებას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ხანდაზმულია სსკ-ის 128.1-ე, 129.1-ე, 130-ე, 145-ე მუხლებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, უარი თქვან შესრულებაზე სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
18.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორებს, რომ განსახილველი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე ხანდაზმულობა გავრცელდება, რადგანაც ისინი არ წარმოადგენენ იმ სახის მოთხოვნის უფლებებს, რომლებზედაც ხანდაზმულობა არ ვრცელდება {სსკ-ის 128-ე მუხლის მეორე ნაწილი და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები}.
18.2. პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
18.3. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
18.4. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ, თვეში ერთხელ 72 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-1432 –1351- 2012, 2013 წლის 20 მაისის განჩინება).
18.5. პალატა მიუთითებს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება ისაა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეულისთვის ცალ-ცალკე იწყება.
19. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართებულად ჩათვალა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი არ იყო ხანდაზმული და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 72 თვე, კერძოდ, 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2014 წლის 19 სექტემბრამდე, ბანკმა სარჩელი აღძრა 2013 წლის 7 ნოემბერს, ანუ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 248 573,81 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მართებულად არ მიიჩნია ხანდაზმულად, ვინაიდან 2013 წლის 7 ნოემბრამდე სამი წლით წინა პერიოდზე საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისიწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხები და ამ თანხებზე მოთხოვნის უფლება მსესხებლის ბოლო გადახდას არ უკავშირდებოდა.
20. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებს, ვინაიდან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება კერძო საჩივრით გასაჩივრებას. მოცემულ შემთხვევაში ამ ნაწილში, მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რაზეც საკასაციო სასამართლომ სრულად და ამომწურავად უპასუხა მითითებულ პრეტენზიებს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით (საქმე # ას-934-899-2016).
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები Nას-1432 –1351- 2012, 2013 წლის 20 მაისის განჩინება; N ას-160-153-2013, 2013 წლის 1 ივლისის განჩინება; N ას-491-471-2016, 2016 წლის 24 ივნისის განჩინება).
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დაადგინა
1. შპს "გ–ს", გ.გ–სა და უ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1800 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი