Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ას-281-266-2017 19 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ. ლ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ი, ს. ლ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2013 წლის 6 ნოემბრიდან, უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ. მესამე შესახვევის N19, საკადასტრო კოდით 0.. ირიცხება ვ. ლ-ვის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) საკუთრებად. რეგისტრაციის საფუძველია - სამკვიდრო მოწმობა N131135413, დამოწმების თარიღი 04.11.2013 წ.
2. აღნიშნული ქონება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1968 წლიდან ირიცხებოდა მ. ლ-ას (ქორწინებამდელი გვარი: დ-ი; შემდეგში: მოპასუხის დედა) სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1989 წლის 5 ოქტომბერს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ შვილები; ვ. ლ-ი (შემდეგში: მამკვიდრებელი ან პირველი მოსარჩელის მეუღლე) და მოპასუხე. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2011 წლის 13 დეკემბერს ქ. ქუთაისში. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - ს. ლ-ი (შემდეგში: მამკვიდრებლის მეუღლე ან პირველი მოსარჩელე) და შვილები: ა. და ქ. ლ-ები.
3. დედის გარდაცვალების დროისათვის, 1989 წელს, ამ უკანასკნელთან ერთად მოპასუხე. ის საქართველოდან გაემგზავრა 1993 წელს რუსეთში. რაც შეეხება მეორე შვილს (პირველი მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მეუღლეს) იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და მხოლოდ 2007 წელს დაბრუნდა დედისეულ სახლში, სადაც გარდაიცვალა 2011 წელს.
4. პირველი მოსარჩელე და მისი მეუღლე (აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი) ესწრებოდნენ დედამთილისა და დედის დასაფლავებას (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).
5. 2013 წლის 29 ოქტომბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა N131135413, რომლის საფუძველზეც გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ჩ-ის მესამე შესახვევი N19, მემკვიდრეობით მიიღო მოპასუხემ (გარდაცვლილის შვილი).

6. სარჩელის საფუძვლები
6.1. პირველმა მოსარჩელემ და მისმა შვილმა ა. ლ-მა (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) 2015 წლის 30 ოქტომბერს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მიუთითეს, რომ აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი დაიბადა ქ. ქუთაისში და სიკვდილამდე ცხოვრობდა სახლში, რომელიც ირიცხებოდა ამ უკანასკნელის დედის სახელზე. დედის გარდაცვალების შემდეგ (იხ. მე-3 პუნქტი) გაიხსნა სამკვიდრო, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მამკვიდრებლის შვილები (იხ. 1-3 პუნქტები). მემკვიდრეობის მიღება ვერ გაფორმდა, რადგან სამკვიდრო ქონება უნებართვო იყო. აწ გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა და მისმა ოჯახმა გასწიეს დედის დაკრძალვის ყველა ხარჯი, საფლავის მოწყობის ჩათვლით, აიღეს და დააბინავეს ბაღში მოწეული მოსავალი. პირველი მოსარჩელის მეუღლემ დაიტოვა დედის კუთვნილი ოქროს სამაჯური და რგოლის ბეჭედი, რითაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო ქონება, იქ გააგრძელა ცხოვრება, სადაც ცხოვრობდნენ მოსარჩელეებიც და 2014 წლის 14 დეკემბერს მამკვიდრებელი იქვე, დედისეულ სახლში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვისა და ორმოცის ხარჯები გაიღეს მოსარჩელეებმა, გააკეთეს საფლავი.
6.2. 2015 წლის 27 ოქტომბერს, მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის 29 ოქტომბერს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დედის მემკვიდრეობა, მხოლოდ მოპასუხემ დაირეგისტრირა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შვილს- პირველი მოსარჩელის მეუღლესაც ჰქონდა მიღებული სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.

7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი აწ გარდაცვლილი ძმა და პირველი მოსარჩელე დაქორწინდნენ 1979 წელს ქ.კიევში. საქართველოში ჩამოვიდნენ 2007 წელს და დასახლდნენ ქ. თბილისში. ამ პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2007 წელს, მოპასუხის ძმა მისმა მეუღლემ (პირველმა მოსარჩელემ) გამოაგდო სახლიდან და იგი 2011 წლამდე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, დედისეულ სახლში. აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელს არ მიუღია დედის მემკვიდრეობა, ამ უკანასკნელის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულებები.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მათგან მე-3 და მე-4 პუნქტებში ასახული გარემოებები არ იყო სადავო მხარეთა შორის.
8.3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების შეფასებისას, რომ აწ გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა დედის გარდაცვალების შემდეგ თბილისში ჩაიტანა ამ უკანასკნელის ოქროს ნივთები, სასამართლომ მოწმეთა - ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ: მოწმის სახით მიწვეულმა პირველი მოსარჩელის ახლობელმა კ. ო-მა განმარტა, რომ იგი პირველი მოსარჩელის დედამთილის დაკრძალვაზე თბილისიდან იყო ჩასული ქ. ქუთაისში, სადაც პირველი მოსარჩელის მეუღლე დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩა გარკვეული პერიოდი, იქიდან დაბრუნებულმა კი თბილისში ჩაიტანა გარდაცვლილის კუთვნილი ოქროს ნივთები - რგოლის ბეჭედი, საყურეები და სამაჯური (იხ. მე-3 პუნქტი); მეორე მოწმემ - ს. ა-ამ კი განმარტა, რომ მან პირველი მოსარჩელისაგან გაიგო ოქროს ნივთების შესახებ, კერძოდ, პირველი მოსარჩელის მეუღლემ დედის გარდაცვალების შემდეგ, ძმასთან შეთანხმებით წამოიღო ოქროს ნივთები - საათი თავისი ”ბრასლეტით“, ბეჭედი და საყურეები.
8.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების განმარტება, რომ პირველი მოსარჩელის მეუღლემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო ქონება და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მასთან ერთად ცხოვრობდა მხოლოდ ერთი შვილი - მოპასუხე, ხოლო ეს ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება პირველი მოსარჩელის მეუღლეს, ის ცხოვრობდა ქ. თბილისში, ოჯახთან ერთად და დედის გარდაცვალების გამო ჩავიდა ქ. ქუთაისში.
8.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა განმარტებები მათი წინააღმდეგობრივობის გამო, ისინი სხვადასხვა ოქროს ნივთებს ასახელებდნენ, სასარჩელო განცხადებაში კი სხვა ნივთებზე იყო მითითება და საყურე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.
8.6. სასამართლომ იმაზეც მიუთითა, რომ გაურკვეველი იყო, როგორ შეძლეს მოწმეებმა იმის ამოცნობა, რომ ნივთები ნამდვილად გარდაცვლილის კუთვნილება იყო, მაშინ როცა ვერ დაასახელეს ვერც ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
8.7. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს იმის მტკიცებულებები, რომ მათ მიერ მითითებული ოქროს ნივთები შედიოდა სამკვიდრო მასაში და ეკუთვნოდა მოსარჩელეთა დედამთილსა და ბებიას.
8.8. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება იმის თაობაზე, ოქროს ნივთები საერთოდ წარმოადგენდა თუ არა სამკვიდრო მასას და ეკუთვნოდა თუ არა გარდაცვლილს. შესაბამისად, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და ორივე მხარის მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოსარჩელის მეუღლეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია.
8.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1319-ე, 1320-ე, 1336-ე და 1421-ე, 1424-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო ქონება მდებარე, ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ. მესამე შესახვევის N19-ში ირიცხებოდა მოპასუხის დედის საკუთრებად, რომელიც გარდაიცვალა 1989 წლის 5 ოქტომბერს, შესაბამისად, მითითებულ ქონებაზე ამ დროს გაიხსნა მემკვიდრეობა.
8.10. გარდაცვლილს ანდერძი არ დაუტოვებია, მაგრამ მას დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე, შვილები: პირველი მოსარჩელის მეუღლე (აწ გარდაცვლილი) და მოპასუხე, რომელთაც დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავთ, თუმცა სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მოპასუხე, რომელიც იმ პერიოდში და შემდგომაც 1993 წლამდე მითითებულ სახლში ცხოვრობდა. პირველი მოსარჩელის მეუღლეს არ მიუღია ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო, ხოლო ოქროს ნივთების ამ უკანასკნელის დედისადმი კუთვნილება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
8.11. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად, მემკვიდრეობის მიღებისათვის, მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობდა იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელი იყო იურიდიული მოქმედების განხორციელება- მემკვიდრეობის მიღება.
8.12. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს: მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას, როგორც საკუთარისა.
8.13. სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს: კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის, მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა.
8.14. იმისათვის, რომ დადგინდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8.15. მოსარჩელეთა მტკიცებით, მათმა მამკვიდრებელმა სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, ამასთან, კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული საქმეში მოთავსებული მასალებით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელეთა მამკვიდრებელი 1989 წლის 5 ოქტომბერს გარდაცვლილი დედის ქონების მესაკუთრედ ვერ იქნებოდა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ვერც მამკვიდრებლის მემკვიდრეები (მოსარჩელეები) მიიღებდნენ სამკვიდროს სამკვიდრო მასის არარსებობის გამო.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
9.1.1. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ პირველი მოსარჩელე მეუღლესთან ერთად დაესწრო დედის დასაფლავებას;
9.1.2. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, პირველი მოსარჩელის მეუღლე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ქუთაისში და თითქმის 3 თვის შემდეგ, ახალი წლის პერიოდში ჩავიდა თბილისში. ამ ხნის განმავლობაში, მან გასწია მიცვალებულის დაკრძალვის, გარდაცვალებიდან ორმოცი დღის აღსანიშნავი და საფლავის მოწყობის ხარჯები, შეასრულა საშემოდგომო სამუშაოები მამკვიდრებლის მიწის ნაკვეთზე, ასევე - გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებული მოქმედებები და რიტუალები;
9.1.3. სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ წარდგენილი მამკვიდრებლის ოქროს ნივთები პირადად ამოიცნო მოწმე კ. ო-მა და კითხვაზე, საიდან იცოდა, რომ ეს ნივთები მამკვიდრებელს ეკუთვნოდა, განმარტა, რომ ის ძალიან ხშირად, ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე იმყოფებოდა მოსარჩელეთა ოჯახში და მ. ლ-ი ხშირად ჩამოდიოდა შვილთან და მის ოჯახთან მოსანახულებლად. აღნიშნული ოქროს ნივთები მას ყოველთვის თან ეკეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადოდ რომ შეფასებულიყო მოწმეთა განმარტებები, სასამართლო სხვა დასკვნას გააკეთებდა;
9.1.4. საქმის მასალებშია ქ. ქუთაისის ,,ავტოქარხნის" ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 23.10 N1699 ცნობა, რომელიც აღებულია თვით მოპასუხის მიერ და წარდგენილია სანოტარო ბიუროში. ამ ცნობის საფუძველზე მიიღო მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნულ ცნობაში წერია, რომ მამკვიდრებლის სახლში 1991 წლამდე ცხოვრობდა მოპასუხე და მისი ძმა (პირველი მოსარჩელის მეუღლე). ცნობის აღებისას მოპასუხეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია და ვერც გახდიდა, რადგან ფაქტობრივად ასე იყო.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი; ცვლილება შევიდა მოპასუხის სახელზე 2013 წლის 29 ოქტომბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის # 1311353413) და მოსარჩელეები ცნობილი იქნენ ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ, მესამე შესახვევის # 19-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ (სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლები, 394-ე მუხლის ე1მუხლი).
10.2. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა განმარტებებისა და საქმის მასალებში მოთავსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებისას, ყურადღება გაამახვილა ცნობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო 04.11.2013 წ. სამკვიდრო მოწმობას N131135413 (იხ. 9.1.4 ქვეპუნქტი; ასევე - ს.ფ.107).
10.3. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირველი მოსარჩელის მეუღლის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო 2007 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქუთაისში, სადავო საცხოვრებელ სახლში. თბილისში, მის სახლში ამ დრომდე ცხოვრობენ მოსარჩელეები - მისი პირველი რიგის მემკვიდრეები.
10.4. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა მემკვიდრეობითსამართლებრივი ურთიერთობიდან. აპელანტთა (მოსარჩელეთა) მითითებით, ისინი წარმოადგენენ აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო, პირველი რიგის მემკვიდრეებს, რაც გამოიხატა დედის კუთვნილი ოქროს ნივთებისა და ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქუჩა (ყოფილი ტ-ის) მესამე შესახვევი N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ დაუფლებაში. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი, პირველი რიგის მემკვიდრეთა საკუთრებაა.
10.5. მოპასუხის მტკიცებით, მისი ძმა დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს არ დაუფლებია, ასევე, მოსარჩელეები არ დაუფლებიან მამკვიდრებლის (ვ. ლ-ის) სამკვიდროს, რაც გამორიცხავდა სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების არსებობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
10.6. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 54-ე, 170-172-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1424-ე მუხლები. სსკ-ის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
10.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით და სხვა).
10.8. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტთა მოთხოვნების საფუძვლიანობისა და მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად უნდა გამოკვლეულიყო:
10.8.1. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში პირველი მოსარჩელის მეუღლე ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა, დედის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და მის ოქროს ნივთებს, როგორც სამკვიდრო ქონებას;
10.8.2. მოსარჩელეები წარმოადგენენ თუ არა, აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის მემკვიდრეებს და მისი სამკვიდროს მიმღებ პირებს (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები) ;
10.8.3. სწორი იყო თუ არა, ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ. მესამე შესახვევის №19-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, 2013 წლის 29 ოქტომბერს, მოპასუხის დედის დანაშთ სამკვიდროზე, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
10.9. სადავო საკითხის დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ით დადგენილი მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს ეკისრებოდათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
10.10. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეები, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები არ დაუფლებიან გარდაცვლილი მამკვიდრებლის (მეუღლისა და მამის) სამკვიდროს - მოპასუხეს ეკისრებოდა. იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე დედის გარდაცვალებიდან 6 თვეში დაეუფლა დედის სამკვიდროს, მოსარჩელის ვალდებულება იყო.
10.11. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მამკვიდრებლის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი, სადაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა და მის სახლში ამ დრომდე ცხოვრობენ მოსარჩელეები - პირველი რიგის მემკვიდრეები, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო, რადგანაც, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია; სასამართლომ არ გაიზიარა ამ უკანასკნელის მითითება მოსარჩელეთა მოთხოვნის უფლების არარსებობის თაობაზე.
10.12. აპელანტმა (პირველმა მოსარჩელემ) სადავო საცხოვრებელ სახლში მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლის ცხოვრების ფაქტის და დედის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები და ქალაქ ქუთაისის მერიის ,,ავტოქარხნის" ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები; ასევე - 9.1.4. ქვეპუნქტი).
10.13. სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების განმარტებებით, ასევე ქალაქ ქუთაისის მერიის ,,ავტოქარხნის" ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით (იხ. ამ განჩინების 8.3 და 9.1.4 ქვეპუნქტები) დასტურდებოდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში ცხოვრობდა ასევე მოპასუხის ძმა- პირველი მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე, რომელიც სახლში ცხოვრების გარდა, ასევე დაეუფლა მამკვიდრებლის ოქროს ნივთებს, რაც ადასტურებდა პირველი მოსარჩელის მეუღლის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების ფაქტს;
10.14. მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის - ვაჟა ბუზალაძის განმარტების შეფასებისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელის ჩვენება ვერ აქარწყლებდა ზემოხსენებულ მტკიცებულებებს და ეწინააღმდეგებოდა სამკვიდროს მისაღებად თავად მოპასუხის მიერ მოპოვებულ წერილობით მტკიცებულებაში (იხ. 9.1.4 ქვეპუნქტში მითითებული ცნობა) ასახულ ფაქტებს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ დედის გადაცვალების დროს სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში მოპასუხესთან ერთად ცხოვრობდა მისი ძმა.
10.15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა. განსახილველ შემთხვევაში დასტურდებოდა, რომ მოპასუხესთან ერთად მისი ძმაც (პირველი მოსარჩელის მეუღლე) დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით გარდაცვლილი დედის სამკვიდროს, ასევე - აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებიც (მოსარჩელეები) დაეუფლნენ სამკვიდროს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები, სსკ-ის 1421-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად მიუთითებდა, თავდაპირველად გარდაცვლილი დედის, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, პირველი მოსარჩელის მეუღლის დანაშთი სამკვიდროს 1/2 ნაწილის მოსარჩელეთა მიერ მიღებას და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები დასტურდებოდა.
10.16. სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მოსარჩელის მეუღლემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის დანაშთი სამკვიდროდან 1/2 წილი, იგი გახდა ამ ქონების მესაკუთრე, შესაბამისად, მოპასუხის სახელზე მთელ სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა არასწორი იყო; აღნიშნული კი მოპასუხის სახელზე 2013 წლის 29 ოქტომბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის №131135413) ცვლილების შეტანის მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მიუთითებდა და, შესაბამისად, აპელანტები (მოსარჩელეები) ცნობილ იქნენ ქ. ქუთაისში, ჩ-ის ქ. მესამე შესახვევის №19-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ საკუთარი მსჯელობის განვითარებისას მიუთითა მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზეც (იხ. სუსგები: # №ას-572- 543-2014, 19.03.2015წ; №ას-555-526-2014, 10.10.2014წ.).

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა იმ დასაბუთებით, რომ:
11.1.1. მოსარჩელეებს არ მიუღიათ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით, არც ნოტარიუსისთვის მიუმართავთ;
11.1.2. მოპასუხის ძმას დედის გარდაცვალების შემდეგ არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მისაღებად;
11.1.3. მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს მოპასუხის დედის გარდაცვალების შემდეგ პირველი მოსარჩელის მეუღლის მიერ დედის კუთვნილი ოქროს ნივთების დაუფლების ფაქტი, სამკვიდრო მასაში შევიდა თუ არა ოქროს ნივთები, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ ვერ წარუდგინა სასამართლოს;
11.1.4. მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოპასუხის ძმის (მოსარჩელეთა მამკვიდრებლის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილია თბილისში და ამ ბინაში მოსარჩელეთა ცხოვრება ადასტურებს მოპასუხის დედის გარდაცვალების შემდეგ პირველი მოსარჩელის მეუღლის მიერ მისი დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღებას, ამასთან, მოსარჩელეები ქუთაისში ჩავიდნენ არა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, არამედ მისი დაკრძალვის დღეს; მოსარჩელეთა თბილისში ცხოვრება არ ადასტურებს ამ უკანასკნელთა მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტს, რადგან პირველი მოსარჩელის მეუღლის საკუთრება არასდროს ყოფილა თბილისში არსებული ბინა (იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 291-302).

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მთავარი სადავო საკითხი ეხება იმას, მოპასუხის დედის გარდაცვალების შემდეგ მისი ძმა (პირველი მოსარჩელის მეუღლე) კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა თუ არა სამკვიდრო ქონებას, შესაბამისად, დედის გარდაცვალების შემდეგ პირველი მოსარჩელის მეუღლის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდრო მისი გარდაცვალების შემდეგ გადავიდა მისი პირველი რიგის მემკვიდრეებზე- მეუღლესა და ვაჟზე.
18. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (იხ. ამ განჩინების 10.8-10.16), შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დასძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები.
19. სსკ-ის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. სსკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება. სსკ-ის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი, კოდექსის 1424-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
20. საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ: სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან და არც ამ თვალსაზრისით არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა (იხ. ამ განჩინების 10.16 ქვეპუნქტში მითითებული სუსგ-ები).
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ლ-ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ვ. ლ-ვს (პასპორტის ნომერი 7..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ბ-ის (პ/ნ 6..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N547, გადახდის თარიღი 2017 წლის 8 თებერვალი), 70% – 350 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. თოდუა


მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი


პ. ქათამაძე