საქმე №130210017001916142
საქმე №ას-189-189-2018 23 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ჩ.-ი“ (შპს „ჩ.–ი“) (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.-ი, თ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.-მა და თ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ.-ის“ (შპს „ჩ.–ის“) (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 15 194,81 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მათ თანასაკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აშენებს სარკინიგზო გვირაბს. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 იანვრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მრავალჯერადი აფეთქებებით. შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას.
4. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 15 194,81 ლარს, ვინაიდან ინდივიდუალური მეწარმის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით აღნიშნული ოდენობის თანხაა საჭირო მოსარჩელეთა სახლის რეაბილიტაციისათვის.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. გარდა ამისა, გასულია დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან, საექსპერტო დასკვნების მიხედვით, დაზიანებები 2012 წელს უკვე არსებობდა. აღნიშნულის შესახებ იცოდა წინა მესაკუთრემაც, რომელსაც პრეტენზია აღნიშნულზე არ განუცხადებია. სარჩელი კი 2017 წლის მაისში აღიძრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის 8000 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი ეთქვა უარი.
7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ – სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მოსარჩელეებმა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით არც მოსარჩელეების და არც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 956 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეთა თანასაკუთრებაა.
10. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლი დაზიანებულია, რაც მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით არის გამოწვეული. სახლის დაზიანებები მარტოოდენ აფეთქებითი სამუშაოებით არ არის განპირობებული. აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ესპერტიზის დასკვნას.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სახლი სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა და მისი ზოგი პარამეტრი სეისმურ ნორმებს არ შეესაბამება.
12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით არ არის განპირობებული.
13. მოსარჩელეთა უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 15 194 ლარი და 81 თეთრი.
14. მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი. სახლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა დაკვირვების პირობებში. ამდენად, ზიანის ოდენობა სწორედ თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს, შესაბამისად, ზიანის დადგომაში მოსარჩელისა და მოპასუხის ბრალეულობა თანაბრად უნდა განისაზღვროს, ვინაიდან, ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი მტკიცების განხორციელება არცერთ მხარეს არ უწარმოებია. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 415-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამ მიმართებით კი მხარეთა მხრიდან მტკიცება არ განხორციელებულა, კერძოდ, ექსპერტს არ შეუფასებია, თუ როგორი იქნებოდა აფეთქებების შედეგად შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, მას სეისმომედეგობის მაჩვენებელი ნორმაში რომ ჰქონოდა. ექსპერტულად არც ის გამოკვლეულა, თუ რა ზეგავლენა მოახდინა სახლის სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობამ აფეთქებებთან კომბინაციაში სახლისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამდგარი ზიანის მიმართ მოსარჩელე და მოპასუხე თანაბრალეულია, კერძოდ, საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ სახლის დაზიანება აფეთქებებმა გამოიწვია, თუმცა, ამავდრულად, სახლის დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ის გარემოებაცაა, რომ მოსარჩელეთა სახლი სეისმურ ნორმებს არ შეესაბამება. ამდენად, არსებობს დამდგარ ზიანში მოსარჩელისა და მოპასუხის თანაბრალეულობა, თუმცა სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით ბრალის ხარისხი დამდგარ ზიანში არ დასტურდება. უფრო მეტიც, აღნიშნული მტკიცების საფუძვლად მოსარჩელესა და მოპასუხეს შესაბამის ფაქტებზეც არ მიუთითებიათ. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის 50%-იანი თანამონაწილეობა მიზანშეწონილი, სსკ-ის 415-ე მუხლის კონტექსტში, დასაბუთებული და გამართლებულია.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული“ დასკვნის გაქარწყლების ფაქტობრივ წინაპირობად არ გამოდგება, ვინაიდან „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება კონკრეტულ სოფელში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (..) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობება არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმო-მედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
16. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომ უძრავი ნივთის დაზიანებები 2012 წლამდეა წარმოშობილი და მას შემდეგ ის აღარ დაზიანებულა. არც მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები დასრულდა და ახლა აღარ მიმდინარეობს. შესაბამისად, აფეთქებითი სამუშაოების დენადი ხასიათის გათვალისწინებით და მისი ამოწურვის ვადის დადგენის შეუძლებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
17. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა, კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა აფეთქებების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და, შესაბამისად, წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.
18. გარდა ამისა, სსკ-ის 1008-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა 2017 წლის 19 მარტიდან – ექსპერტიზის დასკვნის შედგენის მომენტიდან დაიწყო, ანუ იმ დროიდან, როდესაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით, მოსარჩელე მხარემ შეიტყო, რომ დაზიანებები, დიდწილად, მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგი იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის მოთხოვნა. მან, ისე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სრულად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები და ისე დაადგინა, რომ მოსარჩელეთა სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია კასატორის ბრალით, თუმცა საქმის მასალებიდან გამომდინარე, ასეთი არ დასტურდება.
21. მხარის მოსაზრებით, მას სადავო ზიანის მიყენებაში ბრალი რომც მიუძღოდეს, დაუდგენელია რის საფუძველზე დააკისრა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს 8000 ლარის გადახდა.
22. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მაგრამ არ დაუდგენია და დაუსაბუთებია, თუ რატომ დაეკისრა მოპასუხეს თანხის კონკრეტული ოდენობა. სააპელაციო პალატამ თავად აღიარა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სხვა ფაქტორებითაც. ზიანის დიდი ნაწილი, თუ მთლიანად არა, გამოწვეულია თავად მოსარჩელის მიზეზით.
23. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნით დგინდება აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დინამიური დატვირთვების შედეგად მოპასუხის ბრალით სადავო უძრავი ქონების დაზიანების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარადგინა და აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება №9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის.
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ ჩათვალა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სათანადო კვლევისა და მონიტორინგის მასალების შესწავლაზე დაყრდნობით გაცემული აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ე.-ის" მიერ გაცემული 2017 წლის 20 ივლისის №0717.1. დასკვნა, რომელიც აპელაციის სტადიაზე იქნა წარდგენილი და დაშვებული სასამართლოს მიერ. ამასთან, სააპელაციო პალატამ დასაშვებად არ ცნო ამავე კომპანიის მიერ ზემოხსენებული დასკვნის კვლევებზე დაყრდნობით, უშუალოდ მოსარჩელეთა სახლის მიმართ 2017 წლის 1 სექტემბერს გაცემული №0717.1.008 დასკვნა მაშინ, როცა განჩინებაში მიუთითა, რომ ასეთი ვერ წარადგინა. მითითებული დასკვნაც მოგვიანებითაა მოპოვებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი წარდგენა მხარეს არ შეეძლო.
25. აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქებასაშიში ზონის გარეთ, მშენებარე №9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამხრეთით. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 167 მეტი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი – 130 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან. აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
26. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა სავარაუდოა და მათი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს, არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. დასკვნა არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ექსპერტი არ მიუთითებს, რომ წარმოქმნილი დაზიანებები გამოწვეულია №9 გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად, რასაც არცერთმა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია და, პირიქით, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნის ზოგად ხასიათზე მიუთითა. აფეთქებით გამოწვეული დინამიური დატვირთვების შესახებ ექსპერტი ახსენებს მხოლოდ კვლევით ნაწილში, მაგრამ არა დასკვნის გამოტანის დროს.
27. დასკვნის შედგენის დროს ექსპერტმა უგულებელყო კანონის მოთხოვნა და ექსპერტიზის ჩატარების წესი დასკვნის გაცემასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და დასაბუთებულ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულ დასაბუთებულ პასუხებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აბსოლუტურად იგნორირებულია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.
28. სამუშაოების გავლენის შეფასება სადავო რეგიონში საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია „ე.--მა“ იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაოების წარმოებისას ყველა სახლი შესწავლილი იყო და მიმდინარეობდა აფეთქებების მონიტორინგი სათანადო მოწყობილობების გამოყენებით. კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა.
29. ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომპანიის 2017 წლის 20 ივლისის 0717.1. დასკვნით კასატორმა დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტი, რომ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში. ამ დასკვნით, დამატებითი კვლევის გარეშეც, მითითებული გარემოება ზუსტად დგინდება. იგი დასაბუთებულია დანართებით, რომლებითაც შესწავლილია: სამუშაოების მასშტაბები, რომელიც მოიცავს: ა) მონიტორინგის პერიოდს გვირაბის აფეთქებითი სამუშაოების განმავლობაში; ბ) ვიბრაციის მონიტორინგსა და ანალიზს; გ) ვიბრაციის მონიტორინგის ქსელს; დ) მონიტორინგის მონაცემებსა და ჩანაწერებს; ე) ვიბრაციის მონიტორინგის მონაცემების შეფასებას დინ 4150 ზიანის რისკის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; ვ) ვიბრაციის მონიტორინგის კავშირს მანძილთან; ზ) ბზარის საზომი ციფრული მოწყობილობის მონაცემების შეფასებას; თ) ზემოქმედების ზონასა და დაზიანებების რისკს ზედაპირზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე და სწორედ ამ მონაცემების შესწავლით დადგენილია თითოეულ შენობაზე აფეთქების შედეგად გამოწვეული მიწისქვეშა ბიძგების ანუ იგივე ვიბრაციის მაჩვენებლები და მისი ზემოქმედება მიწის ზემოთ არსებულ ობიექტებზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, დასკვნაში განხილულია ასევე ჰაერში ვიბრაციის დონეც კი და მოცემულია დეტალურად დასკვნითი ნაწილი, აფეთქების ვიბრაციის რხევის გავლენა გარემო ძალების და სტრუქტურული პირობების წინააღმდეგ. ყველა დებულება ახსნილია და ეფუძნება შესაბამის გაანგარიშებებს და საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომელთა ჩამონათვალიც დასკვნას თან ერთვის და რომელთა შესახებაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაში მათი არსებობის შესახებაც კი არ არის მითითებული.
30. სამხარაულის ექსპერტი სპეციალობით კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტია. მას არანაირი შეხება არ გააჩნია აფეთქებით სამუშაოებთან და, როგორც მისი სპეციალობის დასახელებიდან ირკვევა, იგი შეისწავლის შენობების სეისმომედეგობას და არა აფეთქების შედეგად გამოწვეულ დაზიანებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს.
31. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არის დადგენილი, რომ სადავო ქონება დაზიანდა 2012 წლამდე და არა შემდეგ, ასევე, რომ აფეთქებითი სამუშაოები ამჟამად აღარ მიმდინარეობს. კასატორმა მიიჩნია, რომ დასახელებულ გარემოებებს მნიშვნელობა არა აქვს საქმისათვის, ვინაიდან კომპანია „ე.-ის“ დასკვნით, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელეების ქონების დაზიანებაში.
32. კასატორმა ასევე მოითხოვა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და მტკიცებულების სახით კომპანია „ე.-ის“ 2017 წლის 1 სექტემბრის 0717.1.014 დასკვნის საქმეზე დართვა.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 956 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეთა თანასაკუთრებაა. სახლი დაზიანებულია, რაც, ერთი მხრივ, მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებითაა გამოწვეული, მეორე მხრივ კი, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ესპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ სახლის დაზიანებები მარტოოდენ აფეთქებითი სამუშაოებით არ არის განპირობებული.
36. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას.
37. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. სახლი სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა და მისი ზოგი პარამეტრი სეისმურ ნორმებს არ შეესაბამება.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოებულ სამუშაოებს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო კომპანიის „ე.--ის“ 2017 წლის 20 ივლისის 0717.1. დასკვნით, ასევე, დამატებითი მტკიცებულებით, რომელიც სააპელაციო პალატამ არასწორად ცნო დაუშვებლად და საოქმო განჩინებით საქმეს არ დაურთო.
39. ამავდროულად, კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნა მისი არასაკმარისი დასაბუთებულობისა და ექსპერტის არასაკმარისი კომპეტენტურობის გამო.
40. კასატორი არ დაეთანხმა არც მისთვის სააპელაციო პალატის მიერ დაკისრებული ზიანის ოდენობას იმ მოტივით, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა კონკრეტული ოდენობის მიღების საფუძველი.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
43. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
45. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
46. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.
47. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 18.10.2017წ. საქმე №ას-1127-1047-2017, 15.02.2018წ. საქმე №ას-72-72-2018).
48. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ განახორციელა მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების – ექსპერტების დასკვნების წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა და მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანების ხარისხი. მოპასუხემ კი წარადგინა ზოგადი შინაარსის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ აქარწყლებს მოსარჩელეთა არგუმენტებს.
49. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 15 194, 81 ლარი, გარდა ამისა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით; შენობა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა, თუმცა, დაზიანებების მიუხედავად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და ვარგისია ექსპლუატაციისათვის შემდგომი დაკვირვების პირობით.
50. ყოველივე ზემოაღნიშნულის შეფასების გზით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაკისრებოდა 8000 ლარი. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მოსარჩელეების საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო.
51. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ ახალ მტკიცებულებას და შუამდგომლობას საქმეზე მისი დართვის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა ამ შემთხვევაშიც მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტი, რომელიც მოითხოვს იმ საპატიო მიზეზის სარწმუნოდ დადასტურებას, რამაც ხელი შეუშალა მხარეს მტკიცებულების დროულად წარდგენაში.
52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ გარემოებაზე კასატორს არ მიუთითებია, რის გამოც მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
53. ამდნეად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
58. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 13 თებერვალს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 400 ლარის 70% – 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ.-ის“ (შპს „ჩ.–ის“) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჩ.-ს“ (შპს „ჩ.-ის მუდმივმოქმედ ფილიალს“) (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 13 თებერვალს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 400 ლარის 70% – 280 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი