Facebook Twitter
№ას-217-217-2018 18 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ს.თ.ს.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ქ.კ.კ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.თ.ს–ოსა (შემდეგში - შემკვეთი, შემსყიდველი, მოსარჩელე ან კასატორი) და შპს „ქ.კ.კ–ას“ (შემდეგში - მიმწოდებელი, მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2013 წლის 20 ივლისს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 412 ხელშეკრულება; იხ. ტ. 1. ს. ფ. 15-37), რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სხვადასხვა სამხედრო ნაწილის გაზრდილი კერძების რაოდენობითა და საკვების მრავალფეროვნებით, რამდენიმე სახეობის კერძის შეუზღუდავი რაოდენობის მიწოდება დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებითა (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით. ს.თ.ს–ოს, მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31, 2007 წლის 26 სექტემბრის №560, 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებისა და ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კვებითი მომსახურება უნდა შეეძინა. (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. ხელშეკრულების 15.1 პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის (კერძოდ: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმების არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა) განისაზღვრა პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) 10 000 ლარი (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

3. მოსარჩელის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრებმა, 2013 წლის 31 ივლისს, შეადგინეს აქტი #114, რომლის თანახმად, სოფელ გ–ში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ნ–ს სასწავლო ცენტრის სასადილოსა და საწყობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დაირღვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის N629 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ძეხვი და სოსისი უნდა გაიცეს ნორმის გარეშე. კვირის მენიუში კი, აღნიშნული პროდუქტები გაწერილია ხორცის ნორმაში. საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა დაობებული 8 კგ ვაშლის ჩირი, რომელიც დამზადებული იყო უხარისხო ვაშლისგან. აქტში მითითებულია, რომ დასახელებული ჩირისაგან მზადდება კომპოტი.

3.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე, 2013 წლის 5 სექტემბერს შედგა აქტი №411-01, რომლითაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა (იხ. ტ.1. ს.ფ. 38-39).

3.2. 2013 წლის 5 აგვისტოს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმდა სოფელ ნ–ში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ნ–ს სასწავლო ცენტრის სასადილო და სასადილოს საწყობი, რაზეც შედგა აქტი N118. შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ სადილისათვის მენიუ არ არის მეთაურთან შეთანხმებული. მენიუს მიხედვით, დილით საუზმეზე გაცემულია 40 გრ სოსისი. ამასთან, კვირის განმავლობაში გაწერილია საუზმის, ვახშამის ხორცის ნორმები ( 480 გრ) ძეხვი და სოსისი. საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა 24 კგ გაყინული ჯემი ღორის ხორცთან ერთად, ერთ მაცივარში. სასადილოს არ გააჩნია საჭირო რაოდენობის საყინულე და კარადა-მაცივრები, ხილი, ბოსტნეული, ძეხვი, სოსისი და ყველი, კვერცხი, საკონდიტრო ნაწარმი ინახება ერთ მაცივარში. სასადილო და სასადილოს საწყობი დროებით მოწყობილია სარემონტო შენობაში, სადაც შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. სასადილოს ესაჭიროება კარტოფილის საფცქვნელი, პურის საჭრელი.

3.2.1. აღნიშნული აქტის საფუძველზე შედგა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი N412-02, რის თანახმადაც, 2013 წლის 20 ივლისის N412 ხელშეკრულების 15.1 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო სულ 10 000 ლარი (იხ. ტ.1 ს.ფ. 40-41).

3.3. 2013 წლის 5 სექტემბერს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმდა სოფელ ნ–ში დისლოცირებადი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ნორიოს სასწავლო ცენტრის სასადილო და სასადილოს საწყობი, რაზეც შედგა აქტი N138. შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ სასადილოში პერსონალს არ აქვს უნიფორმა, არ მუშაობს გაცემის ცხელი ხაზი, მწყობრიდან არის გამოსული ხორცის გასატარებელი მანქანა, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეებს მენიუში არა აქვთ ორ თვეზე მეტია ხორცის ფარშისგან დამზადებული კერძები (გუფთა, კატლეტი). სასადილოს ბოსტნეულის საწყობში არ მუშაობს კონდიციონერი, რის გამოც ბოსტნეული და ძეხვეული ინახება ერთ მაცივარში.

3.3.1. აღნიშნული აქტის საფუძველზე შედგა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი N412-03, რის თანახმადაც, 2013 წლის 20 ივლისის N412 ხელშეკრულების 15.1 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - სულ 10 000 ლარის გადახდა (იხ. ტ.1 ს.ფ.42-43).

3.4. 2013 წლის 25 ივლისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმდა სოფელ ნ–ში დისლოცირებადი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის, ნ–ს სასწავლო ცენტრის სასადილო და სასადილოს საწყობი, რაზეც შედგა აქტი N107. შემოწმების შედეგების მიხედვით, ვინაიდან, მწყობრიდან არის გამოსული ხორცის გასატარებელი მანქანა (არ ექვემდებარება შეკეთებას), სადილზე ვერ მომზადდა ,,ტიფტელი“. რამდენიმე კვირაა სამხედრო მომსამსახურეები ვერ იღებენ ისეთ კერძებს, რომლებიც მზადდება გატარებული ხორცისგან (კატლეტი, გუფთა და სხვა). სამზარეულოში კერძების მომზადებისას და გაცემის ხაზზე მომსახურე პერსონალს არ აცვია სანიტარული ტანსაცმელი-უნიფორმა (არ აქვთ). იმის გამო, რომ კონდიციონერი გამოსულია მწყობრიდან ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, რითაც ირღვევა ბოსტნეულის შენახვის პირობები.

3.4.1. აღნიშნული აქტის საფუძველზე შედგა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი N412-04, რის თანახმადაც, 2013 წლის 20 ივლისის N412 ხელშეკრულების 15.1 პუნქტით მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარი ( იხ. ტ.1 ს.ფ. 44-46) .

3.5. 2013 წლის 26 ივლისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმდა სოფელ ნ–ში დისლოცირებადი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ნ–ს სასწავლო ცენტრის სასადილო და სასადილოს საწყობი, რაზეც შედგა აქტი N108. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სასადილოს არ გააჩნია საჭირო რაოდენობის ჭიქები (კათხა) ჩაისა და გამაგრილებელი სასმელებისათვის. მომსახურე პერსონალს არ აქვს უნიფორმები, სამრეცხაოში დასამონტაჟებელია სავენტილაციო სისტემები.

3.5.1. აღნიშნული აქტის საფუძველზე შედგა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი N412-05, რის თანახმადაც, 2013 წლის 20 ივლისის N412 ხელშეკრულების 15.1 პუნქტით მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 10 000 ლარი (იხ. ტ.1 ს.ფ. 47-48).

4. მოპასუხემ დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადა.

5. 2014 წლის 6 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტებს, მოითხოვა მათი გადასინჯვა და საწარმოს დაჯარიმების გაუქმება იმ არგუმენტებით, რომ მათი მხრიდან ხორცის ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა; რაც შეეხება საწყობში არსებულ დაობებულ ვაშლის ჩირს, მსგავსი ტიპის პროდუქტის არსებობა არ გულისხმობს მის საკვებად გაცემას, პროდუქტი ინახება გადარჩევის შემდეგ ჩამოწერამდე, რათა არ აირიოს ნაშთები, ხოლო კომპოტის მზადდება მხოლოდ გადარჩეული და საღი ჩირისგან. 2013 წლის 5 აგვისტოს მენიუში გაწერილი იყო საუზმეზე 40 გრ სოსისი, სადილზე შემწვარი ღორის ხორცი და 260 გრ, ხოლო ვახშამზე შემწვარი ქათმის ხორცი 250 გრ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის N31 ბრძანებით გათვალისწინებული ჩანაცვლების ნორმების საფუძველზე 50 გრ. ხორცი ჩანაცვლდა 40 გრ. სოსისით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შემთხვევაში ხორცის ნორმაში სოსისის საკვებად გაცემა არ არის დარღვევა. ამასთან, მენიუ თანხმდება ყოველკვირეულად, რასაც შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით. მ–ის სამხედრო ნაწილში მსახურობენ აზერბაიჯანელები, რომლებიც 5 აგვისტოს აღნიშნავენ ეროვნულ დღესასწაულს, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხედრო ნაწილის მეთაურის თხოვნით კვირის მენიუში შევიდა ცვლილება, რაც შეთანხმებულია მეთაურთან. რაც შეეხება შესაბამისი ინვენტარით, მაცივრებითა და სასაწყობო ფართით უზრუნველყოფას, თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებაა და მათ არაერთხელ მოითხოვეს. წერილს თან ერთვის კვირის მენიუ, რომელიც დამოწმებულია როგორც მათი, ისე სამხედრო ნაწილის ბეჭდებით, სადაც დაფიქსირებულია, რომ შეთანხმებულია საავიაციო ბრიგადის მეთაურთან. კომპანია არ არის ვალდებული იმუშაოს სპეციალური უნიფორმით. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ დარღვეულა. ამასთან, მოპასუხე კომპანია არაა ვალდებული ფარშირებული ხორცის პროდუქტები მიაწოდოს. ყოველკვირეული მენიუ წინასწარ თანხმდება სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირთან, რაზეც პრეტენზია აქამდე არ გამოთქმულა. შესაბამისად, ეს საკითხი არ შეიძლება, ჩაითვალოს დარღვევად. რაც შეეხება გაცემის ცხელი ხაზის, ხორცის საკეპი დანადგარებისა და კონდიციონერის გაუმართაობას, მათი შეკეთება შეუძლებელია, ხოლო ახალი დანადგარების/ინვენტარის შესყიდვა სამინისტროს ვალდებულებაა. სამზარეულოს ნივთებით აღჭურვის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ საჭირო რაოდენობის ჭიქებით, ასევე, სავენტილაციო სისტემით უზრუნველყოფა, 2013 წლის 20 ივლისის N412 ხელშეკრულების თანახმად, სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე-418-ე და 420-ე მუხლები.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

8.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის N31 ბრძანებით გათვალისწინებული ჩანაცვლების ნორმების საფუძველზე, 100 გრ ხორცი ჩანაცვლდა 80 გრ მოხარშული ძეხვით ან სოსისით, რაც არ არის დარღვევა. ის ფაქტი, რომ საწყობში განთავსებული უხარისხო ჩირი გამოყენებულ იქნა საკვებად, წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, რადგან აქტის თანახმად, მსგავსი გარემოება არ დასტურდება.

8.2. აპელანტის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ მენიუ არ იყო შეთანხმებული მეთაურთან, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება - მეთაურთან შეთანხმებული კვირის მენიუ, გადაგზავნილ იქნა 04.10.2013 წლის .№05/0410 წერილით სამინისტროში; დასახელებული მტკიცებულება ასევე წარდგენილ იქნა შესაგებელთან ერთად. რაც შეეხება სოსისის ხორცის ნორმით გაწერას, შესაგებელში განმარტეს, რომ 2013 წლის 5 აგვისტოს მენიუში შედიოდა საუზმეზე 40 გრ სოსისი, სადილზე შემწვარი ღორის ხორცი 260 გრ, ხოლო ვახშამზე - შემწვარი ქათმის ხორცი 250 გრ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის N629 ბრძანებას (ხორცის ნორმა 480 გრ); საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის N31 ბრძანებით გათვალისწინებული ჩანაცვლების ნორმების საფუძველზე, 50 გრ. ხორცი ჩანაცვლდა 40 გრ სოსისით. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებითაც უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასახელებული აქტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის საწინააღმდეგო არც თავად სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს (მეთაურს) არ ჰქონია, რადგან მენიუ წინასწარ იყო შეთანხმებული და პრეტენზია არ გამოთქმულა. რაც შეეხება ინვენტარის (მაცივარი, კარტოფილის საფცქვნელი მანქანა, პურის საჭრელი და ხორცის გასატარებელი დანადგარები, მიქსერი) ნაკლებობას, ს.თ.ს–ოსა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმებული N412 ხელშეკრულების 8.11 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მიმწოდებელი კვებისთვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა - დანადგარებით, რაც თავად მოსარჩელე მხარესაც არ გაუხდია სადავოდ. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, მათი არგუმენტაცია გამყარებულია შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით, რაც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გამოკვლეული და გათვალისწინებული. საკვების საგემოვნო თვისებები დამაკმაყოფილებელია, ხოლო ე.წ. დარღვევაზე, როგორიცაა, უნიფორმის მოხმარება, შესაგებელშიც და საქართველოს სამინისტროში გაგზავნილ წერილებშიც, განმარტებულია, რომ მოპასუხე კომპანიის პერსონალი არ არის ვალდებული იმუშაოს სპეციალური უნიფორმით. შესაბამისი სამართლებრივი ნორმის (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის .N173 ,,სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ" დადგენილება) გათვალისწინებით, ხოლო, მწყობრიდან გამოსული (რომელიც აქტების თანახმად, შეკეთებას არ ექვემდებარება) და არასაკმარისი რაოდენობის ინვენტარის გამო, სხვა ინვენტარით უზრუნველყოფა, საქართველოს სამინისტროსა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმებული N412 ხელშეკრულების 8.11 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ვალდებულებაა.

8.3. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობისას, მოპასუხე მეწარმე სუბიექტის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა; კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს ეს მსჯელობა არ არის მართებული, კერძოდ, მოპასუხე კომპანიის 100%–იანი წილის მესაკუთრეს (პარტნიორი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ტა“, რომელმაც მოპასუხე კომპანია დააფუძნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ივნისის N486 ბრძანების საფუძველზე, ხოლო, თავის მხრივ, დასახელებული იურიდიული პირი, 2014 წლის 10 მარტამდე (საქართველოს მთავრობის 10.03.2014წ. დადგენილება №217) შედიოდა ს.თ.ს–ოს შემადგენლობაში; აქედან გამომდინარე, მოპასუხე კომპანია ექვემდებარებოდა ს.თ.ს–ოს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის განკარგულებით, ასევე, მოგვარებულია მოპასუხე კომპანიის მოგების განაწილების საკითხი, რომლის თანახმად, კომპანიის წმინდა მოგება დღემდე ხმარდება (ფინანსდება) სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არანაკლებ არის დაინტერესებული კომპანიის მოგების მიღებაში. ზემოხსენებული გარემოებიდან კომპანიის მთავარ მიზანია შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ჯარისკაცების უწყვეტი და ხარისხიანი კვებითი მომსახურება.

8.4. აპელანტის მითითებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ ხუთივე აქტი შედგენილია 2013 წლის სექტემბერში, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 6 თებერვალს. ამ პერიოდისთვის სამინისტროსა და კომპანიას შორის მოქმედებდა სულ სხვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N911, ხოლო შუალედში 2013 წლის 20 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაიდო N579 ხელშეკრულება, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისთვის პრიორიტეტულ მიზანს არ წარმოადგენს ხარვეზის დროული აღმოფხვრა; მეტიც, სამინისტრომ სრულად მიიღო ე.წ ხარვეზიანი მომსახურება, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილი იყო, პირგასამტეხლოს არაერთგზის დარიცხვის შემთხვევაში, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება; მოსარჩელემ არათუ შეწყვიტა გარიგება, არამედ დღემდე იმყოფება მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ ამართლებს მიზანს და პირიქით, იგი მიმართულია კომპანიის დასუსტებისკენ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 8 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო პირობების (ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტი) თანახმად, დადგენილია, რომ სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარითა და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით უზრუნველყოფა მოსარჩელის, როგორც კვების მომსახურების შემსყიდველის ვალდებულებაა, შესაბამისად, შემსყიდველი საწარმოს მიმართ შემოწმების აქტებში ასახული ვითარების გამო პასუხისმგებლობის მომსახურების მიმწოდებელ საწარმოზე გადატანა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა არ დასტურდება.

10.1. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 4 ოქტომბრის წერილიდან ირკვეოდა, რომ მიმწოდებელი საწარმო არ ეთანხმება შემოწმების აქტში ასახულ ფაქტს, კვირის მენიუს უფლებამოსილ პირთან შეუთანხმებლობის თაობაზე, რასაც თან ერთვის კვირის მენიუ, რომელიც დამოწმებულია როგორც მოპასუხე კომპანიის, ისე სამხედრო ნაწილის ბეჭდით, იქვე მითითებულია, რომ შეთანხმებულია საავიაცო ბრიგადის მეთაურთან. შესაბამისად, მენიუს უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლობის ფაქტის გამოვლენა არ ეფუძნება რეალურ ვითარებას და აღნიშნულ ნაწილშიც საწარმო ვალდებულებას არ არღვევს. ამასთან, კვირის განმავლობაში საუზმესა და ვახშამზე გაწერილი ხორცის ნორმა გაიზარდა რა 480 გრამამდე, 100 გრამი ხორცის 80 გრამი ძეხვით და სოსისით ჩანაცვლება დასაშვებად იქნა მიჩნეული, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა კვირის მენიუში გაწერილი ხორცის ნორმირებული მოცულობა თვითნებურად, უსაფუძვლოდ შეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ნაწილშიც არ დასტურდება მიმწოდებელი საწარმოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

10.2. პალატამ აღნიშნა, რომ .,,სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესის და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების თანახმად, (14.1. მუხლი) მიმწოდებელი საწარმოს პერსონალს არ გააჩნდა ვალდებულება, შემოსილიყო უნიფორმით, ხოლო ჰიგიენურ-სანიტარული პრობლემები ზემოაღნიშნული აქტებით არ გამოვლენილა. მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულება აღნიშნულ საკითხშიც არ დაურღვევია.

10.3. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა დაობებული, უხარისხო ვაშლისაგან დამზადებული 8 კგ ვაშლის ჩირი, რომელიც საკომპოტედ იყო განკუთვნილი, პალატის მითითებით, მოპასუხე კომპანიამ ვერ დაამტკიცა, რომ საწყობში უვარგისი პროდუქტის არსებობის გამამართლებელი რაიმე საფუძველი არსებობდა, მაშინ, როცა ჩირი უნდა გამოყენებულიყო კომპოტისათვის, ხოლო მიმწოდებელი საწარმოს ვალდებულება იყო მხოლოდ ხარისხიანი და საკვებად ვარგისი პროდუქციით დაემზადებინა კერძები. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველეყო შემსყიდველი პირი, ხოლო უსაფრთხოების დაცვის მიზნით საწყობიდან არ დაეყოვნებინა ნარჩენი უხარისხო პროდუქტის გატანა.

10.4. სააპელაციო პალატამ დარღვევად მიიჩნია შემოწმების აქტებში გამოვლენილი შემდეგი ფაქტები: გაყინული 24 კგ ჯემი ინახება ღორის ხორცთან ერთად ერთ მაცივარში; ობიანი ვაშლის ჩირი, რომელიც დამზადებულია უხარისხო ვაშლისგან; ხილი, ბოსტნეული, ძეხვი, სოსისი და ყველი, კვერცხი, საკონდიტრო ნაწარმი ინახება ერთ მაცივარში; ბოსტნეული და ძეხვეული ინახება ერთ მაცივარში; მაღალ ტემპერატურაზე ირღვევა ბოსტნეულის შენახვის პირობები. პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 15.1 მუხლით დადგენილი პირგასამტეხლო 10 000 ლარი შემოწმების აქტების საფუძველზე გამოვლენილი დარღვევებისათვის უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე და მოპასუხეს ვალდებულების დარღვევისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა N114, N118, N138, N107 შემოწმების აქტში ასახული და სასამართლოს მიერ ვალდებულების დარღვევად მიჩნეული ფაქტების გამო, თითოეული აქტის მიხედვით 2 000 ლარი; სულ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 8000 ლარი (რაც შეეხება N108 შემოწმების აქტს, როგორც ზემოთ აღინიშნა, დასახელებული აქტით გამოვლენილი კონკრეტული ფაქტების მიმართ პასუხიმგებლობა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გააჩნდა უშუალოდ შემსყიდველს).

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

11.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ოდენობა და არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დასდებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას (მხარის ქონებრივი მდგომარეობა; დაზარალებულის ინტერესი).

11.3. კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ 24 კგ გაყინული ჯემი ინახებოდა ღორის ხორცთან ერთად, ერთ მაცივარში; საწყობში ინახებოდა ობიანი ვაშლის ჩირი, რომელიც დამზადებული იყო უხარისხო ვაშლისგან; ხილი, ბოსტნეული, ძეხვი, სოსისი და ყველი, კვერცხი, საკონდიტრო ნაწარმი ინახებოდა ერთ მაცივარში; ბოსტნეული და ძეხვეული ინახებოდა ერთ მაცივარში; მაღალ ტემპერატურაზე ირღვეოდა ბოსტნეულის შენახვის პირობები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობებიც დაარღვია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო შესყიდვის N412 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე თავად იყო ვალდებული, უზრუნველეყო მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარითა და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, შესაბამისად, ინვენტარის შეძენა, შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ #118, #138, #107 და #108 აქტში დაფიქსირებული დარღვევა, - სასადილოში საჭირო რაოდენობის საყინულე და კარადა-მაცივრების, კარტოფილის საფცქვნელის, პურის საჭრელის, ხორცის გასატარებელი მანქანის, საჭირო რაოდენობის ჭიქების (კათხების) ჩაისა და გამაგრილებელი სასმელებისათვის), სავენტილაციო სისტემების, გაცემის ცხელი ხაზის არარსებობა და კონდიციონერის გაუმართავობა, - მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა (8 000 ლარი) ადეკვატურ ოდენობად მიაჩნია. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას,კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება)“. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა, თითოეული აქტის მიხედვით, 2 000 ლარი, ჯამში - 8 000 ლარია.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.თ.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე პ. ქათამაძე





მოსამართლეები: ბ. ალავიძე





ზ. ძლიერიშვილი