№ას-877-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ვ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2016 წლის 31 მარტს, ზ.ბ–სა (შემდეგში გამყიდველი) და რ.გ–ძეს (შემდეგში - მყიდველი ან თავდაპირველი მოსარჩელე) შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 14, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მყიდველმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ბ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
3. 2017 წლის 23 მაისს, მყიდველმა უძრავი ქონება ვ.გ–ძეს (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი ან დასაჩუქრებული) აჩუქა (სსკ-ის 524-ე, 525.2 და 3111.1 მუხლები).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე - მყიდველი, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - დასაჩუქრებულით, რომლის სარჩელიც იმავე სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა 2016 წლის 31 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2017 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ მყიდველისა და დასაჩუქრებულის მიმართ გამყიდველის სარჩელზე (საქმე #2/11479-18) მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი სარჩელის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა გამყიდველის სარჩელი, მას და მყიდველს შორის სადავო უძრავ ქონებაზე 2016 წლის 31 მარტს დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამ სარჩელით სადავო იყო, 2017 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. პალატამ განმარტა, რომ ამ ნორმაში ნაგულისხმევი გარემოება წარმოადგენდა ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მიიჩნევს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და, ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მას შემდეგში შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დავა გადაწყდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის აუცილებელ ერთ-ერთ წინაპირობას, მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნას, გამოეცლებოდა საფუძველი, რაც გავლენას მოახდენდა დავის შედეგზე.
9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არსებობს საქმისწარმოების შეჩერების წინაპირობები, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა განსახილველ საქმეს არაფრით უკავშირდება. დავა ეხება გამყიდველის მიერ აღძრულ სარჩელს, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ხოლო განსახილველი დავა მიმდინარეობს მას და მოპასუხეს შორის, რომელიც მოსარჩელის ქონებას არამართლზომიერად ფლობს. მის მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, გამოვლენილია უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისათვის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრული ყველა წინაპირობა და გაურკვეველია საქალაქო სასამართლოში განსახილველი დავის ფარგლებში მოცემულ საქმესთან დაკავშირებული რა გარემოების დადგენაა დამატებით საჭირო. გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა, თუმცა თავისი საკუთრებით ვერ სარგებლობს მოპასუხის უკანონო მფლობელობის გამო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
12. გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა 2016 წლის 31 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2017 წლის 23 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ გამყიდველის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, #ას-551-519-2012, 11.06.2012წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს: ა. განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თავის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას; ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება სადავო ქონების გამყიდველის სარჩელი, სადაც ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებულია მოცემული საქმის მოსარჩელე. აღნიშნული სარჩელით სადავოა გამყიდველსა და მყიდველს შორის 2016 წლის 31 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, მოცემული საქმის მოსარჩელესა და მყიდველს შორის 2017 წლის 23 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე დარეგისტრირდა (ტ. ს.ფ. 73-74, 328-329).
15. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ საქმეებს შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რის გამოც შეუძლებელი იქნება წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა და გადაწყვეტა, კერძოდ, წინამდებარე საქმის მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს. ამდენად, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ამდენად, არსებობს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა - მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. მართალია, მის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ, პირველ რიგში, აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სადავო ნივთზე საკუთრების აღდგენას მოითხოვს ყოფილი მესაკუთრე და არა ამ ნივთის ამჟამინდელი მფლობელი (მოპასუხე). გარდა ამისა, სასამართლოში სარჩელის შეტანა არ გამორიცხავს სსსკ-ის 312.1 მუხლით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას (რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა), ვინაიდან ეს მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი კი, სასამართლომ უნდა დაადგინოს. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოფილი მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას ეს უკანასკნელი აღიდგენს და არა მოპასუხე. მოპასუხის მფლობელობა კი, ყოფილი მესაკუთრის ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილება, დამოუკიდებლად (ყოფილი მესაკუთრის ნების გარეშე), მოპასუხის მფლობელობის საფუძველი ვერ გახდება.
16. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის განხილვის შეუძლებლობის თაობაზე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია საქმის წარმოების შეჩერებაც.
17. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი