საქმე №ას-1029-949-2017 23 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ლ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩლი აღძრა სასამართლოში შ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 7 000 აშშ დოლარისა და 8 970 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1996 წელს მოსარჩელემ სხვა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შპს „ბ-...“, სადაც 2002 წლიდან მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა მოპასუხე. 2011 წელს მოპასუხემ გამოატანინა მას კრედიტი ავტომაქანის შესაძენად, ხოლო თავად იკისრა თავდებობის ვალდებულება. იმავე წელს, მოსარჩელემ გამოიტანა 16 273 აშშ დოლარი, რომელიც გადასცა მოვალეს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, მას ასევე გააჩნია ვალი 8 970 ლარის ოდენობით, რაც აღიარებულ იქნა ხელწერილით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 30 000 აშშ დოლარის ოდენობით საბანკო კრედიტი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აიღო მოსარჩელემ, ისე, რომ მოპასუხისათვის არაფერი გადაუცია. მოპასუხეს არავითარი ვალდებულება არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ, მას არ წარმოუდგენია მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეეხება ხელწერილს, იგი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს, არ არის მითთებული შედგენის თარიღი და სხვა, ამდენად, სარჩელი დაუსაბუთებელია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს დაეკისრა 7 000 აშშ დოლარისა და 8 970 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ .
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2002 წლიდან მოპასუხე მუშაობდა შპს „ბ--ში“,რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსაც წარმოადგენს მოსარჩელე;
1.2.2. 2010 წლის 9 დეკემბერს სს „ს.“ და აპელანტს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ კრედიტის სახით მიიღო 30 000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. ამასთან, 2010 წლის 9 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში;
1.2.3. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით კრედიტორი ამტკიცებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება რეალურად ემსახურებოდა მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტით აღებული სესხის მოხმარებას, იგი პერიოდულად აძლევდა მოსარჩელეს კრედიტის დასაფარ თანხას, თუმცა, ბოლომდე არ მომხდარა კრედიტის დაფარვა. მოსარჩელე მხარე სარჩელის საფუძვლიანობას აყრდნობს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, სადაც ასახულია სარჩელში მოთხოვნილი თანხების დაანგარიშება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკმენტები ადასტურებს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ვალს მოსარჩელის მიმართ, ამასთან, ასეთი დოკუმენტი წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარებას, რაც საფუძველია სარჩელის ინტერესის გამართლებისთვის;
1.2.4. მოპასუხე უარყოფს რაიმე ვალდებულების არსებობას მოსარჩელის მიმართ და არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული თანხა რეალურად საკუთარ ინტერსებს ემსახურებოდა. თანხების დაანგარიშების ამსახველ დოკუმენტებს მიიჩნევს ვალის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამასთან, უარყოფს მოცემული დავის სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე (ვალის არსებობის აღიარება) დარეგულირების შესაძლებლობას, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს იმ არსებით პირობებს, რაც ვალის არსებობის აღიარებისათვის არის აუცილებელი;
1.2.5. თანხების დაანგარიშების შესახებ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერების თანახმად გაცხადებულია მოსარჩელის მიმართ 8 970 ლარის და 7 000 აშშ დოლარის ოდენობის ვალის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის ხელწერილისა და ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ციფრობრივი და ტექსტობრივი ჩანაწერები, განლაგებულია ცალხაზიანი რვეულის ფურცლის პირველ გვერდზე, პირველ ხაზზე: XII თვე 2010 წელი. „მ-იმ მასესხა 12300$+17% =1439$ მაქვს ვალი“ და ამავე ფურცელზე მინაწერი მარცხენა ზედა კუთხესთან „ე.ი სულ მ-ის ვალი მანქანის მაქვს 16273,0$“, შესრულებულია მოპასუხის მიერ. ექსპერტმა გამოკვლევაში აღნიშნა, რომ კვლევის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი თანადამთხვევები ხელის საერთო და კერძო ნიშნების მიხედვით, აღებული ერთობლივად არსებითია, მყარია და საკმარისია კატეგორიული დასკვნისათვის, იმის შესახებ, რომ გამოსაკვლევი ციფრობრივი და ტექსტობრივი ჩანაწერები შესრულებულია შ. ბ-ის მიერ (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 თებერვლის დასკვნის მე-3 პუნქტი).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც ვალის არსებობის აღიარების არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით უდავოა, რომ ბანკთან სასესხო ურთიერთობაში იმყოფება მოსარჩელე, კერძოდ, მან ისესხა თანხა, ხოლო მოპასუხემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის ინსტიტუტი გამორიცხავს ხელშეკრულების საგნით სარგებლობას. სხვა რაიმე ურთიერთობა კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის არ არსებობს და რაიმე ვალდებულება მათ შორის ვერც წარმოიშობოდა;
1.4.2. სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი: მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, ისე, რომ მას ამ მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა გაურკვეველი შინაარსის ჩანაწერებზე დაყრდნობით;
1.4.3. სასამართლომ სადავო ხელწერილის შეფასების მიზნით გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი და არასწორად განმარტა იგი: სასამართლოს დასკვნით კონკრეტული ხელწერილი წარმოადგენდა ვალის აღიარებას და შესაბამისად, დამოუკიდებელ გარიგებას, რაც სამართლის დოქტრინაში ასე არ განიმარტება, გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სადავო დოკუმენტზე მხოლოდ კასატორი აწერს ხელს და ეს საკითხიც გამორიცხავს ვალის აღიარებად ამ დოკუმენტის მიჩნევას;
1.4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან განსახვავებით (სუსგ #ას-334-686-07), საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი არ შეიცავს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას, ასევე (სუსგ #ას-559-562-2010), ხელწერილი არ პასუხობს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საკასაციო სამართაწარმოება შეზღუდულია კასატორის მითითებებით და გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც კასატორი ხდის სადავოდ, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი სადავოდ არ ხდის სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს, სადავო ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობას და სააპელაციო პალატის მხრიდან ახალი მტკიცებულების _ ექსპერტიზის დასკვნის მიღების კანონიერებას, პალატა ამ საკითხებს არ აფასებს, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ხელწერილის ის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია კასატორის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, შესრულებულია მოვალის მიერ.
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადების (თანხის გადაცემის), ხოლო მოპასუხეს _ ვადამოსული ვალდებულების შესრულების (თანხის დაბრუნება) მტკიცების ტვირთი. სესხის ხელშეკრულება ფორმათავისუფალ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა, მტკიცების თვალსაზრისით, მატერიალური კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს: სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ზეპირი ხელშეკრულება და ამ მხრივ წარმოდგენილი აქვს მის მიერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაზეც სოლიდარული თავდებობა იკისრა კასატორმა, ასევე, ანგარიშსწორების ხელწერილი, რომელიც შესრულებულია ასევე კასატორის მიერ. ამ ფაქტების ერთობლივი ანალიზი იძლევა საფუძველს, რომ თანხის მოპასუხისათვის გადაცემა დადასტურებულად იქნას მიჩნეული, მოპასუხეს არც ამ ფაქტის გამაქარწყლებელი და არც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოში.
1.5.3. რაც შეეხება ხელწერილის შეფასებას, პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლოს მსჯელობა განსხვავდება მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ხოლო დოკუმენტი არ პასუხობს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ დოკუმენტის კაუზალურ ბუნებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ხელწერილის შეფასების თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენასი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხი განსხვავებულადაა მოწესრიგებული სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე _ კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ... რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ანგარიშსწორების დოკუმენტი მართებულად მიიჩნია კაუზალურ აღიარებად, რომელიც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა დაბრუნებული ხელწერილში მითთებული თანხა, ამ გარემოების საპირისპირიდ კი, როგორც უკვე აღინიშნა, მოვალეს არ წარუდგენია ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. სკ-ის 429-ე მუხლი)
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. ც-ას მიერ 23.10.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 320 ლარის 70% _ 924 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შ. ბ-ეს (პ/#-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ც-ას მიერ 23.10.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 320 ლარის 70% _ 924 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი