Facebook Twitter
საქმე №ას-215-2019 22 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კერძო საჩივრის ავტორი – ჰ. რ-ი (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „....“ (მოსარჩელე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება


კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად


დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „...მ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჰ. რ-ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან რამდენჯერმე მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2014 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე – 9759,41 აშშ დოლარის, 2014 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული 322,91 აშშ დოლარის გადახდა და გადახდევინება მიექცეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი 7000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, დარჩენილი თანხის გადახდაზე მარტივი შესაგებლით კი უარი განაცხადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 9759,41 აშშ დოლარისა და 2014 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული 322,91 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ იქნეს მიქცეული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რაც მოპასუხემ 3570 აშშ დოლარის მისთვის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით დაინიშნა ზეპირი განხილვა.
7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქმის ზეპირი განხილვა გადაიდო 2018 წლის 9 ოქტომბერს.
8. სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 9 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შინაარსი მისთვის უცნობა, ვინაიდან მან არ იცის სახელმწიფო ენა, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეადგინა ადვოკატმა უფასო იურიდიული დახმარების საშუალებით. შესაბამისად, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 16 მაისს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეესაბამება და გამოხატავს მის ნებას. სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ თუკი იგი მხარეს არ დაუჭერს სააპელაციო საჩივარს, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმის წარმოება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 9.10.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 14.52.43სთ; 14.55.21სთ; 15.07.04-15.08.21სთ; ტ. 2)
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-3 მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
11. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა განმარტა, რომ საქმის მასალებში მისი სახელით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შინაარსი მისთვის უცნობია და არ ასახავს მის ნებას, რის გამოც მან ფაქტობრივად სადავოდ გახადა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრის შინაარსი და მხარი არ დაუჭირა მას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, სსსკ-ის მე-4, მე-5, მე-9 მუხლები.
14. მხარის განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ესაჭიროებოდა სომხური ენის მცოდნე თარჯიმანი, სააპელაციო პალატამ კი მას წარუდგინა რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი იმ საფუძვლით, რომ სომხური ენის სპეციალისტი სააპელაციო სასამართლოს არ ჰყავდა. მართალია, აპელანტმა სხდომაზე დაადასტურა, რომ ესმოდა რუსული ენა, თუმცა აღნიშნული ენის სრულყოფილად ფლობის ფაქტი მას არ დაუდასტურებია. შესაბამისად, სომხურენოვანი თარჯიმნის რუსულენოვანით ჩანაცვლება მოხდა აპელანტის ნებისა და სურვილის გარეშე. ფაქტობრივად, აპელანტმა ვერ გაიგო რუსულად ნათარგმნი მოსამართლის შეკითხვები და განმარტებები. თარჯიმანმა ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის გადაცემა სასამართლოსათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე ხელმოწერის ნამდვილობა და ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივრის ფორმაზე ხელმოწერით მხარემ დაადასტურა მასში ასახული მოთხოვნის სისრულე და სინამდვილე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირი ვერ იქნა უზრუნველყოფილი თარჯიმნით, რომელიც მისთვის გასაგებ ენაზე უთარგმნიდა პროცესის მიმდინარეობას.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ, როგორც ეროვნული კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, სსსკ-ის 2-ე მუხლი), ისე საერთაშორისო აქტებით („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლი) უზრუნველყოფილია ყოველი პირის უფლება, მიმართოს სასამართლოს, რაც თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსათვის უშუალოდ პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლო წარმოების ნებისმიერი ეტაპის მხარისათვის ხელმისაწვდომობის გარანტირებას.
19. სსსკ-ის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.
20. კანონის აღნიშნული დანაწესი ავალდებულებს სასამართლოს, თარჯიმანი დაუნიშნოს ისეთ პირს, რომელიც სახელმწიფო ენას არ ფლობს და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს საქმის განხილვაში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღებას.
21. განსახილველ საქმეში კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ იგი არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანისას მიუთითა სააპელაციო პალატას, რომ საჭიროებდა სომხურენოვანი თარჯიმნის დახმარებას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ უზრუნველყო საქმის განხილვაში რუსული ენის მცოდნე თარჯიმნის მონაწილეობა.
22. თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებიდან ირკვევა, რომ აპელანტმა დაუდასტურა სააპელაციო სასამართლოს რუსული ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა, თუმცა მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა სააპელაციო სასამართლოსათვის სრულყოფილი კომუნიკაციის დასამყარებლად. რუსულენოვანმა თარჯიმანმა მხარეს გასაგებად ვერ გადასცა მოსამართლის შეკითხვების შინაარსი, შედეგად, სააპელაციო პალატას შეექმნა მცდარი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია. საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომის ოქმების გაცნობის შედეგად დასტურდება, რომ აპელანტი გარკვეულწილად ფლობს რუსულ ენას. კვალიფიციური თარჯიმანი უთარგმნის სააპელაციო სასამართლოს კითხვებს რუსულ ენაზე, თუმცა არც საქმეში და არც სხდომის ოქმებში წარმოდგენილი არ არის აპელანტის თანხმობა, ისარგებლოს რუსული ენის მცოდნე თარჯიმნის დახმარებით მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარში მხარემ მოითხოვა სომხურ ენაზე მოსაუბრე თარჯიმნის დანიშვნა (ტომი 1, ს.ფ 151).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მისთვის გასაგები –სომხური ენის მცოდნე თარჯიმნის დახმარებით, რათა მომხდარიყო სასამართლო ხელმისაწვდომობაზე მისი უფლების სრულყოფილად რეალიზება. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
25. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მოცემული საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის რაიმე სამართლებრივი წანამძღვრების არსებობაზე მხარემ ვერ მიუთითა.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჰ. რ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი




ბ. ალავიძე