საქმე №ას-1511-2018 26 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ს.კ.“, სს „ა.დ.“ (მოპასუხეები)
წარმომადგენლები - ე.ბ–ძე, ნ.ლ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან გამგეობა) და შპს „ს.კ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) შორის 2015 წლის 22 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №63 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, კომპანიას უნდა უზრუნველეყო სოფელ გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე №2 საბავშვო ბაღთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბავშვო ბაღი) მისასვლელ ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება 299 999.00 ლარით განისაზღვრა.
2. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ურთიერთობა და მოეთხოვა მიმწოდებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების ვადა 2015 წლის 24 აგვისტომდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა.
3. 2015 წლის 21 მაისს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს.კ.ა.ჯ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გარანტი, მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე მოწინააღმდეგე მხარე, მეორე კომპანია ან სადაზღვევო კომპანია) გასცა საბანკო გარანტია (№FRI/...) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი საბანკო გარანტია) რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთისთვის აენაზღაურებინა დარღვევით მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანი საგარანტიო თანხის - 30 000 ლარის ფარგლებში.
4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 27 მაისს მეორე მოპასუხემ გასცა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია (№FRI/15-..) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე საბანკო გარანტია ან საავანსო საბანკო გარანტია), რომლის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ გამგეობის (ბენეფიციარი) წინაშე იკისრა ვალდებულება, ამ უკანასკნელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაებრუნებინა საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის - პირველი მოპასუხისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრულ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში. გარანტიის თანხა 89 999 ლარით, ხოლო მისი მოქმედების ვადა 2015 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა.
საბანკო გარანტია შეიცავდა დათქმას, რომლის მიხედვითაც, გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად (იხ. ტ.1, ს.ფ. 26).
5. 2015 წლის 4 ივნისს, საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, შემკვეთმა მენარდეს წინასწარ გადაურიცხა საავანსო თანხა - 89999 ლარი.
6. 2015 წლის 15 ივლისს შემკვეთმა მენარდეს 66 708 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება დაუდასტურა (იხ. შუალედური მიღება-ჩაბარების №1 აქტი და ფორმა №2).
7. გამგეობამ 2015 წლის 21 მაისს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან (66 708 ლარი) მენარდეს აუნაზღაურა 46.695 ლარი, ანუ ფაქტობრივად მიწოდებული სამუშაოს 70%, ხოლო 30 % - 20 013.32 ლარი გამოაკლდა საავანსო თანხას. სხვაობამ 69 985.68 ლარი შეადგინა.
8. 2015 წლის 26 აგვისტოს შემკვეთმა მენარდეს დამატებით 25568.15 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება დაუდასტურა (იხ. შუალედური მიღება-ჩაბარების №2 აქტი და ფორმა №2).
9. გამგეობამ 2015 წლის 2 სექტემბერს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან - (25 568.15 ლარი), მენარდეს გადაუხადა 17.897.00 ლარი, ანუ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს 70%, ხოლო 30%, 7671.15 ლარი გამოაკლდა საავანსო თანხას. სხვაობამ 62 314.53 ლარი შეადგინა.
10. 2015 წლის სექტემბერში შემკვეთმა ჩაატარა შემოწმება, რომლის შედეგადაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა არა 92 276.15 ლარი, როგორც ეს შუალედური სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებში იყო მითითებული, არამედ 95 468.80 ლარი. შესაბამისად, პირველი მოპასუხის მიერ შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ - 204 530.20 ლარი შეადგინა.
11. გამგეობამ მენარდეს მთლიანობაში აუნაზღაურა 154 591 ლარი, მათ შორის ავანსად გაცემული 89 999 ლარი, ასევე, შუალედური აქტების საფუძველზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 70% - 64 592 ლარი (46695 + 17897).
12. გამგეობამ 2015 წლის 25 სექტემბერსა და იმავე წლის 1 ოქტომბერს წერილობით აცნობა პირველ და მეორე მოპასუხეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ და მოითხოვა, პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 30 000 ლარის ანაზღაურება, ასევე, საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, საავანსოდ გადარიცხული თანხიდან დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების - 59 122.2 ლარის გადახდა.
13. 2015 წლის 22 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანიამ გამგეობას წერილობით განუცხადა უარი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღემატებოდა საავანსო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოცულობას, მან ასევე უარი განაცხადა პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბენეფიციარისთვის პირდაპირი ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდებოდა, ამასთან, მოთხოვნა საგარანტიო პირობებთან შეუსაბამო იყო.
14. 2015 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა:
14.1. პირველი მოპასუხისათვის (მენარდე) ზიანის - ზედმეტად გადახდილი 59122.2 ლარისა და პირგასამტეხლოს - 98999.67 ლარის დაკისრება;
14.2. მეორე მოპასუხისათვის (გარანტი), პირველი მოპასუხისთვის დაკისრებული თანხიდან საავანსო საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, 59.122.2 ლარისა და შესრულების (პირველი საბანკო გარანტია) გარანტიიდან გამომდინარე 30 000 ლარის (პირგასამტეხლო) დაკისრება.
14.3. მოსარჩელე წინამდებარე გადაწყვეტილების 1-13 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით, ამტკიცებდა, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ შეასრულა 204.430.2 ლარის ღირებულების სამუშაოები. გამგეობამ მენარდეს აუნაზღაურა 154 591 ლარი, საიდანაც 89 999 ლარი საავანსო თანხაა, ხოლო 64 592 ლარი შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 70%-ია, რაც აუნაზღაურდა შემსრულებელს, ხოლო 30% გამოაკლდა ავანსად გაცემულ თანხას. სხვაობამ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებასა და ანაზღაურებულ თანხას შორის შეადგინა 59 122.2 ლარი, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეებს უნდა დაჰკისრებოდათ. გარდა ამისა, მოსარჩელეს 204.430.2 ლარის სამუშაოების შეუსრულებლობით მიადგა პირდაპირი ზიანი, რის გამოც მენარდეს სამუშაოთა შესრულების 33 დღის ვადაგადაცილებისათვის უნდა გადაეხადა ასევე პირგასამტეხლო - 98 999.67 ლარი, საიდანაც 30 000 ლარი, პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მეორე მოპასუხეს (გარანტს) უნდა გადაეხადა, ხოლო დარჩენილი თანხა - პირველ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
15. პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მეორე მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 59 122.2 ლარის გადახდის ვალდებულება მას არ გააჩნდა, რადგანაც პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება აღემატებოდა საავანსო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოცულობას. გარდა ამისა, რადგანაც, პირგასამტეხლო არ წარმოადგენს პირდაპირ ზიანს, უსაფუძვლო იყო სარჩელი პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 30 000 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან ის არ შეესაბამებოდა მოთხოვნის საგარანტიო პირობებს. მეორე მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.
16. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადაზღვევო კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ, მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საავანსო ანგარიშსწორების თანხის - 59 122.2 ლარის გადახდა დაეკისრა; პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 19 799.93 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361.2, 629-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 879-ე, 880-ე, 885-ე და 887-ე მუხლები გამოიყენა.
17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ. მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - პირველი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მის ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც სადაზღვევო კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ, მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საავანსო ანგარიშსწორების თანხის - 59122.20 ლარის ანაზღაურება დაეკისრა და ამ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
18.1. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ რადგანაც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ გადააჭარბა ავანსის სახით გაცემულ თანხას, არ არსებობდა საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტისთვის თანხის დაკისრების წინაპირობები;
18.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ დარღვევის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე.
19. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და პირველი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ, საავანსო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით:
19.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საავანსოდ გადარიცხული თანხის - 89 999 ლარის გარდა, ნარდობის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დამატებით აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 70% (64 592 ლარი), ხოლო ავანსი და, შესაბამისად, საავანსო საბანკო გარანტიაც შემცირდა 30% - 30 876.80 ლარით. 59 122.2 ლარის ავანსის ფარგლებში ვალდებულება დარჩა შეუსრულებელი, შესაბამისად, ხსენებული თანხის გადახდაზე ვალდებული პირი სადაზღვევო კომპანია (გარანტი) იყო.
19.2. სააპელაციო პალატას პრიორიტეტი უნდა მიენიჭებინა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საავანსო ანგარიშსწორების დებულებებისათვის და საავანსო თანხის კლების დაანგარიშება ხსენებული ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულებული იყო;
19.3. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუკი გარანტს არ დაეკისრება საავანსო საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 59 122.20 ლარის გადახდა, აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მენარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ შეძლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;
19.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 98 999.67 ლარი, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმის ოდენობა სრულად შეესაბამებოდა დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონიც, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
22. საკასაციო სასამართლო, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), ხოლო საბანკო გარანტიით განსაზღვრული ფულადი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს. მართალია, საბანკო გარანტიის გაცემა და მისი ნამდვილობა სადავო არ არის, მაგრამ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მაინც ვერ მიიღწევა, რადგან სახეზეა მოთხოვნის გამომრიცხველი ის გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 887.1 (გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს) მუხლით, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამება საბანკო გარანტიის პირობებს.
23. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ საავანსო საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა არასწორად განსაზღვრა პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
24. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს საავანსო საგარანტიო თანხის შემცირება უნდა განეხორციელებინა ნარდობის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად და პრიორიტეტი საბანკო გარანტიის სახელშეკრულებო პირობისათვის არ უნდა მიენიჭებინა.
24.1. საბანკო გარანტია წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით (არააქცესორულობით), რაც გულისხმობს, იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია უნდა შესრულდეს გაცემული პირობების ფარგლებში. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად იდება ორი გარიგება, კერძოდ, გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი ხელშეკრულებაა და წარმოადგენს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ. ამდენად, მოცემული ინსტიტუტის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ხელშეკრულება და თვით საბანკო გარანტია განხილულ უნდა იყოს, როგორც ორი დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც, როგორც წესი, ერთ-ერთი მათგანის პირობები შესაძლოა, განსხვავდებოდეს მეორე გარიგებაში მოცემული პირობებისაან. საბანკო გარანტიის პირობები შესაძლოა, გავლენას არ ახდენდეს გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემაზე შეთანხმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ვალდებულებებზე და პირიქით.
24.2. საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ხასიათისაა, მაშინ, როდესაც, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, როგორიცაა: იპოთეკა, გირაო და ა.შ. აქცესორული ხასიათისაა. საბანკო გარანტია სასწრაფო და უპირობო ხასიათს ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია. ამდენად, საბანკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. საბანკო გარანტიის მიმართ კრედიტორის ინტერესი ისაა, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში და ამავე დროს, მაქსიმალურად ნაკლები ზარალი განიცადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კანონმდებელმა სწორედ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე. ამდენად, საბანკო გარანტია პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა (შდრ. სუსგ №ას-950-886-2017, 3.11.2017).
24.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარანტის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით და ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული შეთანხმებით და ნარდობის ხელშეკრულების დებულებები სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის.
24.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საავანსო საბანკო გარანტიის პირობა გულისხმობდა გარანტიის თანხის შემცირებას პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა, თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. უდავოა, რომ მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასცა საავანსო საბანკო გარანტია 89 999 ლარის ოდენობით. ასევე, უდავოა, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 95 468.80 ლარის ღირებულების სამუშაოები შეუსრულა, რაც აღემატებოდა საგარანტიო თანხას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი საავანსო თანხის ღირებულების სამუშაოების შესრულება თავისთავად გამორიცხავს გარანტისადმი რაიმე მოთხოვნის წაყენების შესაძლებლობას.
25. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
25.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
25.2. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).
25.3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მენარდის სახელშეკრულებო ვალდებულების არსზე, სახელდობრ, ამ უკანასკნელს უნდა განეხორციელებინა საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული ვალდებულება პირველმა მოპასუხემ უხეშად დაარღვია, კერძოდ, 299 999 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან პირველმა მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ 95 468. 80 ლარის სამუშაოები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და მიყენებული ზიანის მოცულობის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში, 50 000 ლარი მიაჩნია, რაც პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, პირველი მოპასუხისთვის ზიანის სახით ზედმეტად გადახდილი 59122.2 ლარის დაუკისრებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს უფლება აქვს ცალკე სასარჩელო წარმოებით იდავოს, ვინაიდან ეს მოთხოვნა განხილვის საგანი არ ყოფილა.
27. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
28. სსსკ-ის 55.1 მუხლის მიხედვით, მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე , 257.1, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს "ს.კ–თვის" პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შპს "ს.კ–ას" დაეკისროს პირგასამტეხლოს, 50 000 ლარის, გადახდა;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. შპს "ს.კ–ას" სახელმწიფო ბაჟის სახით 2500 ლარი დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი