Facebook Twitter
საქმე №ას-1076-996-2017 19 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – შპს „ა-ი 1“ (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ო“ (მოპასუხე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-ი 1-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, გამყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ-ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, მყიდველი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 8 224,30 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მოსარჩელემ და 2015 წლის 2 მარტს მასთან მოპასუხემ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში _ ნასყიდობის ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც 2015 წლის 31 დეკემბრამდე მყიდველისათვის გამყიდველს უნდა მიეწოდებინა ავეჯის აქსესუარები _ დამლაგებლის მრავალფუნქციური ურიკა 20 ერთეული. გამყიდველმა საქონელი დაუკვეთა და სრული ოდენობით შეისყიდა თურქეთის რესპუბლიკაში. შეძენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შემსყიდველმა მიიღო 6 ერთეული საქონელი, ხოლო დანარჩენი, მისი განმარტებით, უნდა მიეღო ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე. შეთანხმებული ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე გამყიდველმა მიმართა მყიდველს საქონლის მიღების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხემ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა იმ მიზნით, რომ აღარ ესაჭიროებოდა ურიკები. მან ვალდებულება არც დამატებით ვადაში შეასრულა, კერძოდ, არ მიიღო საქონელი და არც მისი ღირებულება აანაზღაურა, რის შედეგადაც გამყიდველს ადგება ზიანი საქონელში გადახდილი საზღაურის - 8 224,30 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის მაქსიმალურ თანხაზე, რომლის ფარგლებშიც შეიძენდა საავადმყოფო საქონელს საჭიროების გათვალისწინებით, შესაბამისად, ზიანის მიყენებასა და ურიკების დარჩენილი ოდენობის ღირებულების გადახდაზე საუბარი დაუსაბუთებელია, რადგანაც ხელშეკრულებით მხოლოდ თანხისა და საქონლის ოდენობის განსაზღვრა არ ავალდებულებს მყიდველს, ჯამური თანხის ფარგლებში მიიღოს ნივთი. ის ფაქტი, რომ გამყიდველმა წინასწარ შეიძინა საქონელი, მყიდველის მხრიდან ზიანის მიყენების წინაპირობად არ უნდა იქნას განხილული. მყიდველმა შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე მოსარჩელის წერილი მას გადაეცა მას შემდეგ, რაც გამყიდველმა შეიტყო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 224,30 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ღირებულების მყიდველისათვის დაკისრების წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს და პრეტენზიას აცხადებს შემდეგზე:
1.1.1. სააპლაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტზე და იმ მოტივით, რომ გამყიდველს ზიანი არ მისდგომია, უარყო სარჩელი, თუმცა, სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი ვალდებული იყო, მიეღო ნივთი. გარდა ამისა, იკვეთება შემძენის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მისთვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო, რომ სპეციალური დანიშნულების მქონე საქონელი გამყიდველმა იმ ოდენობითა და მიზნით შეიძინა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 407-ე, 411-ე და 412-ე მუხლები, თუმცა არ გაითვალისწინა მოსარჩელისათვის ზიანის წარმოშობის ფაქტი, რადგანაც მას, როგორც გამყიდველს, დარჩა საქონელი ისე, რომ ვერ მიიღო მისი საფასური. ამ მსჯელობისას სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ საქონლის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მის რეალიზაციას გამყიდველი ვერ განახორციელებს, ამასთან, გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო ბრუნვის საწინააღმდეგო იმგვარი დასკვნაც, თითქოს მხარეს ყოველთვის შეუძლია, შეიძინოს ნივთი და უარი განაცხადოს მის მიღებაზე, ხოლო მიყენებულ ზიანზე არ აგოს პასუხი. ნიშანდობლივია, რომ ნასყიდობის საგანი კასატორს დასაწყობებული აქვს, რაც დამატებით ხარჯს და შესაბამისად, ზიანის ოდენობას ზრდის. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ასევე, ნასყიდობის საგანი არის სპეციალური დანიშნულების მქონე ნივთი, თუმცა, მიუხედავად ამისა, უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე. გარდა ხსენებულისა, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე აპელირებით სასამართლო ადგენს, რომ სწორედ მოსარჩელე წარმოადგენს ნასყიდობის საგნის მესაკუთრეს, თუმცა, ხსენებული ნორმის წინააღმდეგ, საგნის თვისებიდან გამომდინარე, არ მსჯელობს იმაზე, რომ მესაკუთრეს არ შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო ნივთით;
1.1.2. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მითხოვნის ოდენობა არა მხოლოდ ურიკების შესაძენად მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხისგან, არამედ იმ მიუღებელი შემოსავლისგანაც შედგება, რომელსაც მხარე მიიღებდა მოპასუხესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად. მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, უარი განეცხადებინა საქონლის მიღებაზე, ხოლო მისი მსჯელობა, თითქოს სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას განაპირობებდა, არასწორია, რადგანაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მყიდველს შეეძლო, მოეთხოვა ქონების გადაცემა. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მოპასუხემ არ დაიცვა ხელშეკრულებიდან გასვლის კანონით დადგენილი წესი.
1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2015 წლის 12 თებერვალს მოპასუხემ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ავეჯის აქსესუარების (20 ერთეული დამლაგებლის მრავალფუნქციური ურიკის) მიწოდებაზე, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე, შესაბამისად, 2015 წლის 2 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #56 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავეჯის აქსესუარების (დამლაგებლის მრავალფუნქციური ურიკა გორგოლაჭებზე) მიწოდება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 11 749 ლარს და აღნიშნული ფასი წარმოადგენდა 20 ერთეული ურიკის ღირებულებას (თითოეული ურიკის საფასური განისაზღვრა 587,45 ლარით). ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის მითითებული საქონელი უნდა მიეწოდებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 დღის განმავლობაში;
1.2.2. მოსარჩელემ 7 562,45 ლარად თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი სრული ოდენობით (20 ცალი);
1.2.3. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 31 მარტს მოპასუხემ მიიღო საქონლის ნაწილი _ 6 ერთეული ურიკა და გადაიხადა მისი ღირებულება 3 524.7 ლარი, დარჩენილი 14 ურიკის მიღებაზე კი, უარი განაცხადა;
1.2.4. სარჩელით გამყიდველმა მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებასა და მოპასუხის მიერ მიღებული 6 ურიკისთვის გადახდილი თანხის სხვაობის _ 8 224,30 ლარის ანაზღაურება;
1.2.5. დარჩენილი საქონელი _ 14 ურიკა გამყიდველის მფლობელობაშია.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევითაა გამოტანილი, შესაბამისად, იურიდიულად არ არის დასაბუთებული. ხსენებული გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.
1.3.2. კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის ფაბულაზე _ მოსარჩელეს სურს მიიღოს იმ ოდენობით თანხა, რაც მას მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში გადაეცემოდა, თანხის ანაზღაურების წინაპირობად კი, მხარე მიიჩნევს მყიდველის მხრიდან საქონლის მიღებაზე უარს. მართალია, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას მოიაზრებს (სკ-ის 394-ე, 408.1, 411-ე, 412-ე მუხლები), თუმცა, თანხის მოთხოვნას მოპასუხე ძირითადად იმ არგუმენტს უპირისპირებს, რომ მან ხელშეკრულებით განსაზღვრა შესაძენი საქონლის სავარაუდო მოცულობა საჭიროების მიხედვით, მისი განმარტებით სწორედ ამას ემსახურებოდა ხელშეკრულების დათქმა მიწოდების წესთან დაკავშირებით (მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემოდა მოპასუხეს ნასყიდობის საგანი).
1.3.3. დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეთა მიერ გამოთქმული პოზიციების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულების შესრულებას (ე.წ. პირველადი მოთხოვნა) და არა მოვალის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას (ე.წ. მეორადი მოთხოვნა). ამ მხრივ მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია დაუსაბუთებელია, თუმცა ეს ვერ გახდება სარჩელის უარყოფის საფუძველი. ამგვარი მიდგომა, რომელსაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, გამომდინარეობს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან, რომლის თანახმადაც, მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებული პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი) საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ეგები: №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, ასევე, სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
1.3.4. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტით დადგენილ გარემოებას და მიიჩნევს, რომ 2015 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სრულად შეესაბამება ხელშეკრულების დადებისათვის სამოქალაქო კოდექსის 327-ე (I) (II) მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ). ამ მხრივ არც მხარეებს მიუთითებიათ და არც საქმის მასალებით დადგენილა იმგვარი გარემოებები, რომელთა შეფასება სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ ხელშემკვრელ მხარეთა ნება სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ წინარე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებას შეეხებოდა. თავის მხრივ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #54 ხელშეკრულება შინაარსობრივად ნასყიდობის ხელშეკრულებაა და მასზე სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად საჭიროა, შეფასდეს თავად ნასყიდობის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება: სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
1.3.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების კონსესუალური ბუნებიდან გამომდინარე, იგი დადებულად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან და რელატიურ, იურიდიულ ძალას იძენს, კერძოდ, მხარეებს შეთანხმების მომენტიდანვე წარმოეშობათ ურთიერთმოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ დაადგინა, რომ მყიდველი გავიდა ხელშეკრულებიდან და ნასყიდობის საგანი დარჩა გამყიდველთან, რომლის სპეციფიკური ბუნების მიუხედავად, იგი შეიძლება რეალიზაციას დაექვემდებაროს და ეს გარემოება გამორიცხავს ზიანის არსებობას. საკასაციო სასამართლო უარყოფს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოშლის ინსტიტუტებს, რომელთა შორის უმთავრესი სხვაობა მხარეთა პოსტსახელშეკრულებო მდგომარეობაა. ხელშეკრულების/ვალდებულების შეწყვეტის უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ მხარეები ინარჩუნებენ მიღებულ სიკეთეს, მაგალითად, ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები შეიძლება, იყოს კრედიტორის სასარგებლოდ შესრულება ან სხვა შესრულება (დაწვრილებით იხ. სკ-ის 427-ე-454-ე მუხლები). რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გასვლას, შეწყვეტისაგან განსხვავებით, ამ დროს კანონი ითვალისწინებს მხარეთა რესტიტუციის შესაძლებლობას (იხ. სკ-ის 352-ე-359-ე მუხლები) და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგების მისაღწევად სავალდებულოა გასვლის წინაპირობების შემოწმება (მოვალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევა). უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, ზემოხსენებული სამართლებრივი კონსტრუქციის გარდა, შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც სახეზეა შეცვლილი გარემოებები. ასეთ დროს, გასვლა დასაშვებია არა მოვალის მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევის, არამედ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის წინაპირობების არსებობისას (თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა), შეცვლილი გარემოებების პირობებში კანონისმიერი მოთხოვნაა, რომ მხარეებმა სცადონ ხელშეკრულების მისადაგება ამ გარემოებებისადმი და, თუკი მისადაგება შეუძლებელი აღმოჩნდება, მხარეებს უფლება აქვთ, გავიდნენ ხელშეკრულებიდან (სკ-ის 398.3 მუხლი: მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე). ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხზე მსჯელობისას, რა საფუძვლითაც არ უნდა ხდებოდეს იგი, შესამოწმებელია, ხომ არ არსებობს გასვლის გამომრიცხველი წინაპირობები (რომელთა ჩამონათვალი მოცემულია თავად მატერიალურ კანომდებლობაში, მაგალითად, სკ-ის 358-ე, 442-ე-447-ე მუხლები, ასევე, 316.2 მუხლი და სხვა). რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლას, სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმათა ანალიზი, რომლებიც ხსენებულ საკითხს არეგულირებენ, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მას ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია (მოშლის ინსტიტუტის რეალიზაცია თავისთავად უკავშირდება სკ-ის 352-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს _ პირთა რესტიტუციას, იხ მაგ: სკ-ის 491-ე, 492-ე მუხლები და სხვა).
1.3.6. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება არ დაურღვევია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით შეიძინა ნასყიდობის საგანი და ვადაში შესთავაზა მოპასუხეს მისი მიღება, მყიდველმა ნასყიდობის საგანი ნაწილობრივ მიიღო კიდეც, თუმცა დარჩენილი ნაწილის მიღებაზე უარი განაცხდა. ამ უკანასკნელს არც შესაგებელში მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ არის დადგენილი იმგვარი წინაპირობები, რომლებიც სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა, უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის დათქმულ ვადაში ეტაპობრივად უნდა მიეწოდებინა, არ შეიძლება, შეფასდეს მხარეთა გრძელვადიან ურთიერთობად (მაგ: ქირავნობა, იჯარა და სხვა), თუმცა, საპირისპირო ვითარებაშიც კი, მყიდველს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მიზნებისათვის ჩაითვლება გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე უარის თქმის პატივსადებ მიზეზად. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და არ არსებობს მისი მოშლილად მიჩნევის საფუძველი.
1.3.7. ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილების პირობებში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს, რომელიც გამყიდველის უფლებადამცავი ნორმაა და ადგენს მყიდველის ვალდებულებას, მიიღოს საქონელი და გადაიხადოს ფასი. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საქონლის მიღების დავალდებულებას არ მოითხოვს, არამედ მხოლოდ ფასის ანაზღაურებაა მოთხოვნის საგანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამ ფარგლებს ვერ გასცდება, თუმცა, ეს გარემოება მოპასუხის მდგომარეობას არ გააუარესებს, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას არ დაუკარგავს უფლება, გამყიდველს მოსთხოვოს ქონების გადაცემა.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას: ვინაიდან მხარეთა შორის უდავოა, რომ მყიდველმა საქონლის დარჩენილი ნაწილის მიღებაზე უარი დაუსაბუთებლად განაცხადა, ამასთანავე, ამ საქონლის ღირებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 8 224,30 ლარია, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2. პროცესის ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 657,95 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ა-ი 1-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. შპს „ქ-ოს“ (ს/კ #2-...) შპს „ა-ი 1-ის“ (ს/კ #4-...) სასარგებლოდ დაკისროს 8 224,30 ლარის გადახდა.
2.2. შპს „ქ-ოს“ (ს/კ #2-...) შპს „ა-ი 1-ის“ (ს/კ #4-...) სასარგებლოდ ასევე დაკისროს პროცესის ხარჯის სახით 657,95 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. ალავიძე




მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი




ზ. ძლიერიშვილი