Facebook Twitter
საქმე №ას-902-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ა. მ-ი, მ. ა-ი, ფ. პ-ი, ტ. მ-ი (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა



დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „კ. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე), მ. ა-ის, ფ. პ-ისა და ტ. მ-ის (შემდგომ – თავდები მოპასუხეები) მიმართ მოპასუხეთათვის სოლიდარულად 11179,33 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6680 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 4192.54 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა – 225.45 აშშ დოლარი, თანხის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა (0,27%) – 41,34 აშშ დოლარი და ჯარიმა (5%/არანაკლებ 2 ლარისა) – 40 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 5 სექტემბერის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელ მოპასუხეს ასესხა 6680 აშშ დოლარი. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2,38%. სესხის ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 275 დღე ყოველ ვადაგადაცილებაზე). ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს მომსახურების გადახდასაც. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად.
3. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე, ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი. მსესხებელს აღნიშნულ სესხზე ჰყავს თავდებები, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს სესხის ძირითად თანხაზე – მაქსიმალურ 6680 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე – მაქსიმუმ 4500 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელზე – 500 აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენდეს 11680 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვადები და ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადახადა, ამჟამად კი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 4 ივლისის შემდეგ. მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო ქართულად, მასზე ხელმოწერის დროს მსესხებლისთვის შინაარსი სრულად ცნობილი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ყველა პირობას არ დათანხმდებოდნენ. სესხის საპროცენტო სარგებელი – 2.38% განისაზღვრა არასწორად და ის საგრძნობლად მაღალია. ასევე არასწორად განისაზღვრა პირგასამტეხლო – 0,27% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის და ისიც საგრძნობლად მაღალია.
6. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიას უხდიდა დაზღვევის თანხას. 2016 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულება მორგებულია მოსარჩელის ინტერესზე და დაცული არ არის არც მსესხებლის და არც თავდებების ინტერესები. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ ასევე თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვინაიდან ხელშეკრულება შედგენილი იყო ქართულ ენაზე და მათთვის არავის უთარგმნია მათთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე. მსესხებელს გაუჭირდა დავალიანების დაფარვა დოლარის ლართან მიმართებით გაძვირების გამო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეადგენს ახალ გრაფიკს და მოახდენს სესხის კორექტირებას, თანახმაა, გადაიხადოს დარჩენილი თანხის ოდენობა. მოპასუხეების მითითებით, მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ არსებული დავალიანების შესახებ. გაფრთხილება, რომელიც ბანკმა გაუგზავნა მათ, არ ყოფილა ნათარგმნი აზერბაიჯანულ ენაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6680 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2,38%.
10. სესხის ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 275 დღე ყოველ ვადაგადაცილებაზე).
11. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად.
12. თავდებმა მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, დაეფარათ სესხი იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელე არ შეეცდებოდა იძულებით აღსრულებას მოვალის მიმართ. ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო ეწინააღმდეგება კანონს, მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (28.07.2015წ. საქმე №ას-663-629-2015, საქმე №139-139-2018, საქმე №ას-897-837-2017, 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015, 2.11.2016წ. საქმე №ას-833-799-2016).
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოვალემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა არ შეასრულა და წარმოეშვა პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება. ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 4 ივლისამდე, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხარისხს, ხანგრძლივობასა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების რაიმე საფუძველი არ არსებობს.
15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ მათ დაზღვევის თანხა არ უნდა დაკისრებოდათ, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება სადაზღვევო თანხის გადახდის შესახებ. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებზე, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებაზე, დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, სიცოცხლის დაზღვევის საკრედიტო პირობებზე, სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანაზე 2014 წლის 28 ნოემბრის შეთანხმებით, სესხის ამონაწერზე და დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებაა სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდის თაობაზე.
16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. ხელშეკრულების 5.1, 5.2 და 5.3. პუნქტები შეიცავდა შემდეგ დათქმას: „გამსესხებლის“ და „მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ მცირე ბუკლეტი.
17. ამასთან, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხა მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
18. როგორც აპელანტები აღნიშნავენ ხელშეკრულების პირობები და შინაარსი მათთვის გასაგები არ ყოფილა, რადგან ხელშეკრულებები გაფორმდა ქართულ ენაზე, რომელსაც საერთოდ არ ფლობენ და ხელმოწერისას ხელშეკრულებები მათთვის გასაგებ ენაზე არ გადათარგმნილა.
19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს. (საქმე №ას-272-272-2018).
20. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
21. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულებები და ასევე თავდებების განცხადებები, რომლითაც მსესხებელი მოპასუხე თანახმაა, მიიღოს სესხი მოსარჩელისაგან, ხოლო თავდებები გამოხატავენ თანხმობას, მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად, ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებად დაუდგნენ მოვალეს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ აპელანტებისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და ის ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს, ამასთან, არ დგინდება, რომ მათთვის, ქართული ენის არცოდნის გამო, უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორების მითითებით, 2016 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელისაგან ისესხა 6680 აშშ დოლარი, თუმცა სესხის საპროცენტო განაკვეთი – 2,38% განისაზღვრა არასწორად და აღნიშნული პროცენტი საგრძნობლად მაღალია. ასევე არასწორად განისაზღვრა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმა – 5%, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% და აღნიშნული პროცენტი საგრძნობლად მაღალია.
24. კასატორები არ დაეთანხმნენ სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რადგან საქმეში მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიას უხდიდა დაზღვევის თანხას. თუკი დაზღვევის თანხა გადახდილია, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იყო, საქმეში წარმოედგინა ამის დამადასტრურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
25. 2016 წლის 5 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება სრულად მორგებულია მოსარჩელის ინტერესზე და დაცული არ არის მსესხებლისა და თავდების ინტერესები. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა ქართულ ენაზე, რომელსაც მოპასუხეები სათანადოდ არ ფლობდნენ და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის დროს იგი მათთვის გასაგებ ენაზე არ გადათარგმნილა.
26. სსკ-ის პირველი, მე-9, მე-10, 115-ე, 420-ე, 625-ე მუხლების, 868-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა მიიჩნიეს, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ის პუნქტები, სადაც განსაზღვრულია პროცენტის ოდენობა, სიცოცხლის დაზღვევის ოდენობა, ჯარიმა და პირგასამტეხლო აშკარად ეწინააღმდეგება კანონს. იმთავითვე ხელშეკრულებაში ჩაიდო ისეთი პირობა, რაც კასატორებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ხოლო მოსარჩელე იღებს იმაზე მეტ სარგებელს, რაც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6680 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2,38%.
31. სესხის ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 275 დღე ყოველ ვადაგადაცილებაზე).
32. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად.
33. თავდებმა მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, დაეფარათ სესხი იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელე არ შეეცდებოდა იძულებით აღსრულებას მოვალის მიმართ. ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
36. მოცემულ შემთხვევაში კასატორების პრეტენზია შეეხება სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
38. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
39. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
41. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
42. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
43. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
44. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
46. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
49. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქმე №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.)
50. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
51. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
52. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
54. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებული განმარტება, რომელიც ეყრდნობა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას (იხ. საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინეს სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ განსახილველ შემთხვევაში როგორც სარგებლის, ისე პირგასამტეხლოს ოდენობა სავსებით კანონშესაბამისია.
58. ასევე, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის არგუმენტი მოსარჩელის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოება დაადგინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების – სესხის ხელშეკრულების, დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, სიცოცხლის დაზღვევის საკრედიტო პირობების, სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანაზე 2014 წლის 28 ნოემბრის შეთანხმებისა და სესხის ამონაწერის შეფასების შედეგად, რაც ადასტურებს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო გარემოება დაადგინა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით.
59. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება, რომ სადავო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა ქართულ ენაზე, რომელსაც მოპასუხეები სათანადოდ არ ფლობდნენ და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის დროს იგი მათთვის გასაგებ ენაზე არ გადათარგმნილა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების ნამდვილობის შემოწმებას არ შეეხება, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი წინამდებარე საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ იქნება.
60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ფიზული პირიევის მიერ 2019 წლის 3 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 344,50 ლარის 70% – 241,15 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის, მ. ა-ის, ფ. პ-ისა და ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. მ-ს (პირადი №100010....), მ. ა-ს (პირადი №28001001397), ფ. პ-სა (პირადი №28001002...) და ტახირ მ-ს (პირადი №1000104...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ფიზული პირიევის მიერ 2019 წლის 3 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 344,50 ლარის 70% – 241,15 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ნ. ბაქაქური