საქმე №ას-1850-2018 4 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. გ-ე, ლ. გ-ე, ქ. ნ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „მ. ო. კ.“ (უფლებამონაცვლე სს „კ. ბ.“, შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის, ლ. გ-ისა და ქ. ნ-ის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, აპელანტები, კასატორები ან მოვალეები. პირველი მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც მსესხებელი, მეორე მოპასუხე _ იპოთეკის საგნის მესაკუთრე, ხოლო, მეორე და მესამე მოპასუხე ერთობლივად _ სოლიდარული თავდებები) მიმართ, მოპასუხეებისათვის 5 628,32 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით, დავალიანების ამოღების მიზნით კრედიტორმა ასევე მოითხოვა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქობულეთში, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #20.44...., შემდგომში _ იპოთეკის საგანი) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ვერ მოხერხდება, მოსარჩელემ ითხოვა თანხის ამოღება მოპასუხეების ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 22 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც ამავე დღეს მეორე მოპასუხესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. 2014 წლის 29 იანვარს პირველ მოპასუხესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა 6 200 აშშ დოლარი 36 თვის ვადით. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის პირველ რიცხვში 276,52 აშშ დოლარის ოდენობით და საბოლოო ჯამში უნდა დაებრუნებინა კრედიტორისათვის 10 007,90 აშშ დოლარი. 2014 წლის 29 იანვარს მეორე და მესამე მოპასუხესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა როგორც სესხის ძირი თანხით, ისე _ სარგებლით, სიცოცხლის დაზღვევითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლო ჯარიმების ოდენობით. მსესხებელი სისტემატიურად არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის თაობაზეც მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი, თუმცა, უშედეგოდ. მსესხებელმა საბოლოოდ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2015 წლის სექტემბრიდან. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მოპასუხეები ჯეროვნად გაფრთხილდნენ, როგორც თანხის გადახდის ვალდებულებაზე, ისე _ იპოთეკის საგნის შესაძლო რეალიზაციის საკითხზე. მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 5 628.32 აშშ დოლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია 218.05 აშშ დოლარი, ჯარიმა 0.27% - 909.89 აშშ დოლარი, საკომისიო 20.26 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეებმა მარტივი შედავება წარადგინეს, კერძოდ, არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს მხოლოდ ის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო აშშ დოლარის კურსის ცვლილებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5 628,32 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების ამოსაღებად სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგანი. თუ მისი რეალიზაციის შედეგად თანხის ამოღება ვერ მოხერხდება, დადგინდა აღსრულების გაგრძელება მოპასუხეთა ნებისმიერი ქონებით.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ (გადაუხდელი სარგებლის _ 867,35 აშშ დოლარის, დარჩენილი სადაზღვევო პრემიის _ 218,05 აშშ დოლარის, ჯარიმის _ 909,89 აშშ დოლარისა და საკომისიოს _ 20,26 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 22 იანვარს მხარეებს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი თანახმა იყო, პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. მსესხებელს გაუხსნა ფორმალური სესხის ხაზი, რომლის მაქსიმალურმა ოდენობამ შეადგინა 50 000 ლარი. მაქსიმალური თანხა შეიძლებოდა გაცემულიყო რამდენიმეჯერ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 240 თვეს _ 2034 წლის 22 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაზედაც კანონით დადგენილი წესით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
1.2.2. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 29 იანვარს პირველ მოპასუხესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა 6 200 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, საპროცენტო განაკვეთი გადმოცემულია სესხის გადახდის გრაფიკში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 3 288.52 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულებით და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 465,12 აშშ დოლარს და ყოველწლიური საკომისიო - 54,26 აშშ დოლარს. გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს საერთო ჯამში უნდა დაებრუნებინა 10 007.90 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 276,52 აშშ დოლარის გადახდის გზით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა ჯარიმები: მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირს დაერიცხებოდა ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება ჰქონდა, დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოეთხოვა მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა. გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ გადაეხადა დარჩენილი ძირი თანხა, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემია და ხელშეკრულების მოშლამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმები;
1.2.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 29 იანვარს მეორე და მესამე მოპასუხესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად (აიღეს ვალდებულება, თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ 2014 წლის 29 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე: სესხის ძირი თანხის _ 6200 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის - 3 288.75 აშშ დოლარის, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის - 465.12 აშშ დოლარის, მომსახურების ყოველწლიური საკომისიოს - 54.26 აშშ დოლარის გადახდაზე, რაც მთლიანობაში შეადგენდა 10 008.13 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს). თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა, რომ თავდები ვალდებულია, სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე და დაფაროს მსესხებლის დავალიანება მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას მსესხებლის მიმართ;
1.2.4. მსესხებელი სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, დაგვიანებით იხდიდა ყოველთვიურად გადასახდელ თანხებს. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ ვალდებულებების დარღვევის შესახებ და მიეცათ ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა, მათ რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ;
1.2.5. მოპასუხეთა დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს 5 628.32 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია - 218.05 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა, 0,27% - 909.89 აშშ დოლარი და საკომისიო _ 20.26 აშშ დოლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 627-ე, 403-ე, 417-ე, 891-ე, 895-ე, 286-ე, 301-ე მუხლები წარმოადგენს, ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სარჩელი ფორმალური თვალსაზრისით გამართულია, კერძოდ, მასში გადმოცემულია მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივ ნირმათა ყველა ელემენტი. რაც შეეხება სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებლებს, მათი ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეებს საქმის მომზადების ეტაპის დასრულებამდე პრაქტიკულად შედავება არ განუხორციელებით, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან და 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მათ შედავების უფლება დაკარგეს, რის გამოც, მოცემულ საქმეში სადავო გარემოებები არ არსებობს. ისეთ პირობებში კი, როდესაც სარჩელში მითითებული მოთხოვნის განმაპირობებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობა უდავოა, სარჩელი წარმატებულია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვილის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ვ. ლ-ას მიერ 19.12.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის, ლ. გ-ისა და ქ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ნ. გ-ეს (პ/#6100403...), ლ. გ-ესა (პ/#61004028...) და ქ. ნ-ს (პ/#610040...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ვ. ლ-ას მიერ 19.12.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური