Facebook Twitter
საქმე №ას-971-2019 28 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - თ.ჩ–ძე; მ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ–ე“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - ვ.თ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2014 წლის 23 ივნისს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, ააპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან გამგეობა) შპს „ტ–ეს“- თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან მიმწოდებელი) შორის გააფორმა წერილობითი შეთანხმება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 138 ხელშეკრულება; იხ. ტ. 1. ს. ფ. 16-21), რომლის საგანი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ..... (ვ–ის დასახლება), საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 492 699 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა - 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

1.2. შეთანხმების მე-7 მუხლის მიხედვით, სამუშაო უნდა მიღებულიყო ეტაპობრივი ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაფორმებით; შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე, ხარჯს მიმწოდებელი გაწევდა. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველეყო მიმწოდებელს. შემსყიდველი ვალდებული იყო, საბოლოო შემოწმების შედეგები, ოპერატიულად, წერილობით ეცნობებინა მიმწოდებლისათვის დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. ობიექტი დასრულებულად მიიჩნეოდა საექსპერტო ან შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე; მიმწოდებელს უნდა წარედგინა სამუშაოს ამსახველი ფოტომასალები (დაწყებამდე, მიმდინარე და საბოლოო) და ფარული სამუშაოების აქტები. მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაო ჯეროვნად, საპროექტო დოკუმენტაციის, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებული სტანდარტებისა და შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად შეესრულებინა. წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, არ მიეღო სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენებინა ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

1.3. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის, ფორმა #2-ის, ფარული სამუშაოების შესრულების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახდო დოკუმენტაციისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით - მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა (იხ. ხელშეკრულების 8.3. პუნქტი).

1.4. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა განისაზღვრა სამუშაოს მიღებიდან სამი წლით (იხ. შეთანხმების 1-.2. პუნქტი).

1.5. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო საჯარიმო სანქციები, სახელდობრ: თუ მიმწოდებელი გადააცილებდა შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0,1% (იხ. ხელშეკრულების 16.2 პუნქტი).

1.6. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გვერდულების მოწყობისათვის (ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გასაშუალებული სისქით 20 სმ. სიგანით 1 მ.) - 13 807.78 ლარის, ხოლო ბეტონის საფრის განივი (ყოველ 3 მ.) და გრძივი გაჭრისათვის - 7729.701 ლარის სამუშაოები იყო გათვალისწინებული, რაც ჯამურად - 21537.481 ლარის სამუშაოა (იხ. ხარჯთაღრიცხვა, ს.ფ. 22-23. ტ.1).

2. 2014 წლის 17 ივნისს სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი ან გარანტი) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცა საბანკო გარანტია - 24 635 ლარის ფარგლებში (იხ. ს.ფ. 45. ტ.1).

3. 2014 წლის 14 აგვისტოს, მენარდემ შემსყიდველს წერილობით აცნობა, რომ, ვინაიდან სარეაბილიტაციო საავტომობილო გზაზე ათეული წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შედეგად, ქვიშა-ხრეშის ფენის ბუნებრივი ვიბრაციით საფუძველი იმდენად მტკიცე იყო, რომ მისი ხელახლა გაფხვიერებითა და დატკეპნით, არსებული სიმტკიცის ნახევარსაც ვერ მიიღებდნენ, აპირებდნენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პირობის ნაწილობრივ შესრულებას, კერძოდ, გზის საფარი გაფხვიერებულიყო 20 სმ სისქის გამაფხვიერებელი საშუალებით და მოახდენდნენ საფუძვლის ორმოულ მოსწორებას 40 მმ-იანი ღორღის ფენის მოსაწყობად (იხ. წერილი, ს.ფ 130. ტ.1).

4. აღნიშნულის საპასუხოდ შემკვეთმა მენარდეს სამუშაოების შეწყვეტა მოთხოვა და განახლების შემთხვევაში, მისი ინფორმირება დაავალა (იხ. წერილი, ს.ფ 130. ტ.1).

5. 2014 წლის 27 აგვისტოს მიმწოდებელმა შემკვეთს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და სამუშაოს ღირებულების - 106948.182 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (იხ. წერილი, ს.ფ 132. ტ.1).

6. 2014 წლის 1 სექტემბერს მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ სამუშაოები 10 დღით შეჩერდა, რასაც შესაძლოა, ობიექტის დროულად ჩაბარება დაეყოვნებინა. შემსყიდველს, ხელშეკრულების პირობებისა და პროექტის შესაბამისად, სამუშაოების განახლების თაობაზეც ეცნობა (იხ. წერილი, ს.ფ 133. ტ.1).

7. მენარდემ 2014 წლის 9 სექტემბერს შემსყიდველს აცნობა, რომ კლიმატური პირობები (300-400) მაღალი სიმტკიცის ბეტონის საფარის დაგებას შეუძლებელს ხდიდა, შესაბამისად, იძულებული იყვნენ სამუშაოები შეეჩერებინათ (იხ. წერილი, ს.ფ 134-135. ტ.1).

8. 2014 წლის 11 სექტემბერს მიმწოდებელმა შემკვეთს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა და მისი ღირებულების - 106498,493 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (იხ. წერილი, ს.ფ 114. ტ.2).

9. 2014 წლის 19 სექტემბრის საპასუხო წერილით, შემკვეთმა მენარდეს პირველი ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის წარდგენა მოსთხოვა, ამასთან ხელშეკრულების ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე შემკვეთის თხოვნა უარყოფილ იქნა (იხ. ს.ფ. 137; 140. ტ.1).

10. მენარდემ შემსყიდველს 2014 წლის 1 ოქტომბერს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებისა და ექსპერტიზის უახლოეს დღეებში ჩატარების შესახებ წერილობით აცნობა (იხ.წერილი, ს.ფ. 68. ტ.1).

11. გამგეობის ინსპექტირების ჯგუფმა სხვადასხვა დროს შეამოწმა შესრულებული სამუშაოები და დადგინდა, რომ იგი დასრულებული არ იყო (იხ. 2014 წლის 2, 6, 8 და 10 ოქტომბრის აქტები, ს.ფ. 7-73. ტ.1), მხოლოდ 2014 წლის 15 ოქტომბრის შემოწმებისას დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა (იხ. აქტი, ს.ფ. 42. ტ.1).
12. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებამ შეადგენდა - 22 დღე.
13. მიუხედავად სამუშაოების მიღებისა, შემკვეთმა 2014 წლის 21 ოქტომბრის წერილით მენარდეს აცნობა, რომ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის თაობაზე სამუშაოები დასრულებული არ იყო, კერძოდ: გზის საფარი დაუჭრელი, ჭრილები ბიტუმის ემულსიით დაუმუშავებელი და გვერდულების მოწყობაც დაუსრულებელი იყო. მენარდეს ეთხოვა მითითებული სამუშაოების დასრულების თაობაზე შემკვეთის ინფორმირება (იხ. წერლი, ს.ფ. 75. ტ.1).
14. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება - 466 596.31 ლარია. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ობიექტი დაათვალიერეს და აზომეს, ხილული სამუშაოებიც ფაქტიურად აზომეს, სხვა სამუშაოები ჩათვლილ იქნა როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი. ფარული სამუშაოების მოცულობის დაზუსტება და ჩათვლა დამკვეთს ევალება. სამუშაოების ღირებულების დასადგენად გამოყენებული შესრულებული სამუშაოების აქტები საბაზრო მონაცემებთან შესაბამისია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი ექსპერტიზის დასკვნა), (იხ დასვნა, ს.ფ. 32-37. ტ.1).
15. 2014 წლის 18 ნოემბერს მიმწოდებელმა შემკვეთს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ფარული სამუშაოს აქტი, ბეტონის ნიმუშის გამოცდის შედეგები, სამუშაოს ამსახველი ფოტომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა (იხ. წერილი, ს.ფ 74. ტ.1).

16. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 2014 წლის 26 ნოემბერს სამუშაოები დაათვალიერეს, შედეგად დადგინდა, რომ გზაზე აღინიშნებოდა ხილული ბზარები, რომელიც, მიუხედავად მოთხოვნისა, არ გამოსწორებულა (იხ. აქტი. ს.ფ. 77. ტ.1).
17. შემკვეთის 2014 წლის 8 დეკემბრის წერილით, მიმწოდებელს ეცნობა და განემარტა, რომ სამუშოები შესრულებული იყო ხარვეზით, მოეთხოვა მათი გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მიიღებოდა (იხ. წერილი, ს.ფ 78-79. ტ.1).

18. 2014 წლის 22 და 26 დეკემბერს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გზაზე აღინიშნებოდა ბეტონის რღვევა და ხილული ბზარები. ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაოები. მათ მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს შედგენილი აქტის თანახმად, ხარვეზი არ აღმოფხვრილა (იხ, აქტები, ს.ფ. 80;81;82.ტ.1).

19. 2014 წლის 31 დეკემბერს შემსყიდველმა მიმწოდებელს მოსთხოვა რკინა-ბეტონის საფრის დაზიანების მიზეზის დადგენა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა (იხ. ს.ფ. 40-41.ტ.1).

20. იმავე დღეს მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ დაზიანების მიზეზისა და დაწუნებული სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა შემსყიდველის ფუნქცია იყო. ამასთან, კვლავ ითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 89.ტ.1).

21. 2014 წლის 31 დეკემბერს გამგეობამ სს „თ.ბ–ს“ საბანკო გარანტიის თანხის (24635 ლარის), გადარიცხვის მოთხოვნით მიმართა. წერილში მიეთითა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები უხეშად დაარღვია, კერძოდ, სამუშაოები დადგენილ ვადაში არ დაასრულა, ნაწილი კი, არაჯეროვნად შეასრულა. აღნიშნული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ბანკმა გამგეობას გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა - 24635 ლარი, რომელიც 2015 წლის 6 თებერვალს მენარდის ანგარიშიდან მოხსნა (იხ. ს.ფ. 45.ტ.1).

22. 2015 წლის 8 იანვარს მიმწოდებელმა შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება, საბოლოო შემოწმების შედეგების, დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და მიზეზის შესახებ დასკვნის მიწოდება მოსთხოვა (იხ. ს.ფ. 45.ტ.1).

23. შემსყიდველმა 2015 წლის 12 იანვრის საპასუხო წერილით, მენარდეს აცნობა, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მიხედვით არ დასრულებულა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არაჯეროვნად შესრულდა და, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ხარვეზი არ აღმოფხვრილა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს. მიმწოდებელი კიდევ ერთთხელ გაფრთხილდა უმოკლეს ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სანქციის გამოყენების თაობაზე და პირველი ეტაპის სამუშაოების ჩაბარების, თანხის ანაზღაურებისა და დაზიანების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის წარდგენა მოეთხოვა (იხ. ს.ფ. 83-84; 86-88. ტ.1).

24. 2015 წლის 5 თებერვალს ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა შესრულებული სამუშაოები და დაადგინა, რომ მენარდე ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა გზის საფარზე შეიმჩნეოდა ხილული ბზარები (იხ. ს.ფ. 93.ტ.1).

25. შპს „ს–ოს“ 2015 წლის 24 მარტის #06 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა სწორად შერჩეული მეთოდითა და ტექნოლოგიით, ამიტომ აღდგენილი მონაკვეთების საექსპლუატაციო ვადა გაუტოლდება პროექტის შესაბამის ხანგრძლივობას და მისი ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 116-122. ტ. 1).

26. გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის 2015 წლის 16 აპრილს აქტის მიხედვით, მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, ბეტონის გზის საფარზე შეიმჩნეოდა ხილული ბზარები (იხ. აქტი. ს.ფ. 98-107. ტ.1).

27. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 23 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ №1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცე ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა, საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 90-96. ტ.4).

28. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 აპრილს #31 496 ბრძანებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეწყდა და მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (492699) 0.1% - 106915,683 ლარი (იხ. ბრძანება, ს.ფ. 184. ტ.1).

29. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 3 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საავტომობილო გზის ბეტონის საფრის მოწყობის სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციას არ შეესაბამებოდა. არსებული გზის საფარი (ქვიშა-ხრეშოვანი) არასრულად გაფხვიერდა სისქით 20 სმ. პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 395998,65 ლარია. შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭიროა პროექტი, სადაც განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, ღირებულება და გზის შემდგომი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობაც. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოცდილი ნიმუშების სიმტკიცე იცვლება B15-დან B25 კლასამდე, ამოჭრილი კერნების სისქე 12-დან 20 სმ-მდე. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო „არსებული გზის საფარის (ქვიშა-ხრეშოვანი) გაფხვიერება გამაფხვიერებლით, მოცულობით 3241 კბ.მ, ფაქტ–რივად შესრულებულია 2250 კბმ. ჩატარებული საინჟინრო კვლევისას ამოკვეთილი იქნა 7 ცალი ნიმუში, რომელთაგან მხოლოდ ორი ცალი არის B25 კლასის და ოთხი ნიმუშის სისქე მერყეობს 12-15 სმ-მდე“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 7-38. ტ. 3).

30. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2015 წლის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, საავტომობილო გზის გამოკვლეულ პიკეტებში ბეტონის საშუალო სიმტკიცე იცვლება დიაპაზონში - 325,7:397,5 კგძ/სმ2, (B25:B30). გამოკვლეულ შვიდივე პიკეტზე მოწყობილი ბეტონის საფრის სიმტკიცე კუმშვაზე აკმაყოფილებს მის საპროექტო მაჩვენებელს და შეესაბამება B25 (32.7 მპ). დასკვნის მიხედვით, სადავო საავტომობილო გზის საპროექტო დოკუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, იგი შესრულებულია არაკვალიფიციურად, დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 194-238. ტ. 1).

31. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 4 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ბეტონის გზის საფრის ხარისხის გამოკვლევის მიზნით კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილებში ამოკვეთილი 5 ცილინდრის ნიმუშის სიმტკიცეებიდან 2 ნიმუშის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო (B25 კლასი) მოთხოვნას, ხოლო 3 ნიმუში - არა. ბეტონის საფრის საპროექტო სისქეა 16 სმ, ამოკვეთილი ნიმუშებიდან 4 ნიმუში აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს, ხოლო 1 ნიმუში -არა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 67-87. ტ. 4).

32. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 4 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული ბეტონის დაშლისა და ახალი ბეტონის საფრის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება - 737189.17 ლარია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეექვსე ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 145-156. ტ.3).

33. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საავტომობილო გზის მონაკვეთის კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფრის სისქე და ბეტონის მარკა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის საფრიდან ამოკვეთილი ნიმუშის სიმტკიცე იცვლება 34.22 მპა-დან (342.2 კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41.72 მპა-მდე (417.2 კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30). ბეტონის საფრიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16.75 სმ, სულ შემოწმდა 12 ნიმუში. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ იზღუდება კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაცია და ფაქტ–რივად გზა გახსნილია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეშვიდე ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 2-51. ტ.5).

34. 2019 წლის 25 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2016 წლის 4 იანვარს, ექსპერტიზისას გზებზე იყო ბზარები, გვერდულები დაზიანებული, ხოლო გზის სიმტკიცე დაბალი. 2017 წლის 9 ოქტომბერს კი, დაზიანებული გვერდულები გამოსწორებული იყო, დაზიანებული ადგილები - აყრილი და თავიდან დაგებული, გზის სიმტკიცეც გამოსწორებული, რამაც განაპირობა ექსპერტიზის დასკვნებს შორის წინააღმდეგობა/სხვაობა (იხ. სხდომის ოქმი, 13:22-14:09; 14:20-14:30 სთ).

35. 2015 წლის 28 აპრილს მენარდემ სარჩელი აღძრა შემკვეთის მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

35.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. 2015 წლის 7 ივლისს წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მენარდისათვის პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

35.2. შეგებებულმა მოპაუხემ სარჩელი არ ცნო.

36. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 466 596.31 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 10839.38 ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ; ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა;

37. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

38. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, შემკვეთის საკასაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, ხოლო მენარდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს - 10 839.38 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მენარდეს - 473.82 ლარის გადახდა დაეკისრა შემკვეთის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

38.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ - 466 596.31 ლარის სამუშაოს შესრულების ფაქტი. პალატის განსჯით, ის ხარვეზები, რაც დაშვებული იყო მუშაობისას, საგარანტიო ვადაში გამოვლენილი იყო და მოგვიანებით გამოსწორდა კიდეც, რასაც ადასტურებდა მეშვიდე ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტთა განმარტებები და ის გარემოება, რომ საავტომობილო გზა ამჟამად გამოყენებისთვის ვარგისი იყო.

38.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაც ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

38.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, რადგან, მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, სამუშაოები 22 დღის დაგვიანებით დასრულდა, მოპასუხეს ჰქონდა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ამიტომ, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ (ბენეფიციარმა) საბანკო გარანტიის თანხა გარანტისგან სამართლებრივი საფუძვლით მიიღო, რომელიც მოგვიანებით მოსარჩელის (პრინციპალის) ანგარიშიდან ჩამოიჭრა.

38.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტ–რივი სამართლებრივი საფუძვლებიც არსებობდა, რადგან ვალდებულება ვადადარღვევით შესრულდა, მაგრამ არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გაანგარიშების ნაწილში და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით უნდა დაანგარიშებულიყო, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია.

38.5. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემკვეთის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ შემკვეთი/აპელანტი თავის პოზიციას მეექვსე ექსპერტიზის დასკვნას აფუძნებდა მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დგინდებოდა, რომ საავტომობილო გზის მონაკვეთის კვლევების თანახმად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. გზის საფრის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და საავტომობილო გზა ვარგისია საექსპლუატაციოდ, არ გამოვლენილა გზის საფარის დაშლისა და ახლის მოწყობის საჭიროება.

39. გადაწყვეტილება გამგეობამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

39.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, ააპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან გამგეობა) საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

39.2. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან მენარდეს სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ შეუსრულებია, შემკვეთის მიერ მენარდისათვის საზღაურის გადახდის ვალდებულებაზე მითითებაც უსაფუძვლოა.

39.3. კასატორი თავის პოზიციას ამყარებს მესამე და მეოთხე ექსპერტიზის დასკვნებზე და მიუთითებს, რომ მეშვიდე ექსპერტიზის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად გზის ექსპლუატაციის საკითხზე, ანუ ხილულ სამუშაოებზე და არა ფარულ სამუშაოებზე, მაშინ როდესაც მესამე ექსპერტიზის დასკვნით რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბეტონის ძლიერი სიმტკიცე დასახელდა - საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით, სწორედ ფარული სამუშაოების არასწორად მოწყობამ განაპირობა პროექტის გადახვევით სამუშაოების შესრულება და ბეტონის დახეთქვა. სააპელაციო სასამართლომ კი, წინააღმდეგობრივი დასკვნები არასწორად გაანალიზა.

39.4. კასატორი მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, თითქოს მენარდემ სამუშაოები ჯეროვნად შეასრულა, დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 1-ლი ექსპერტიზის დასკვნაზე, საიდანაც დგინდება, რომ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 466 596.31 ლარია და აღნიშნა, რომ, თუ შემკვეთი არ ეთანხმებოდა მითითებულ დასკვნას, თავად უნდა დაედგინა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს, შემკვეთისთვის ნივთობრივად უნაკლო ნივთი არ მიუწოდებია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სამუშაოების ჯეროვანი შესრულება არასწორად დაადგინა.

39.5. კასატორის მტკიცებით, მეექვსე ექპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული ბეტონის დაშლისა და ახალი ბეტონის საფარის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება - 737189.17 ლარია. მოცემულ შემთხვევაში, მენარდემ შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა გამაფხვიერებელი სამუშაოები და უარის შემდეგ, პროექტის შესაბამისად გააგრძელა მუშაობა. მის მიერ გზის საფარი არასრულად გაფხვიერდა, რამაც საგარანტიო ვადაში გზის დაბზარვა და რღვევა გამოიწვია. სწორედ პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების ჯამმა შეადგინა - 395998,65 ლარი. გზის საფარზე გაჩენილი ბზარები გამოიწვია უხარისხო დაბალი მარკიანობის ბეტონმა, რის შედეგადაც გამგეობას - 740358,07 ლარის ზიანი მიადგა.

39.6. კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ მენარდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 22 დღის დაგვიანებით დასრულდა, საქალაქო სასამართლომ შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ნაცვლად მოთხოვნილი -106915.68 ლარისა მოპასუხეს 10 839.38 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კი, დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო და არა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისი ღირებულებიდან.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

41. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

43. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტ–რივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტ–რივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტ–რივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

44. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებები, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტ–რივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება საბანკო გარანტიის საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნებას, მოპასუხემ (ბენეფიციარმა) იგი გარანტისგან სამართლებრივი საფუძვლით მიიღო (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სსკ-ის 879-ე მუხლი).

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტ–რივ საფუძველს, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თაობაზე ინსპექტირების ჯგუფის 2014 წლის 15 ოქტომბრის აქტი და პირველი საექსპერტო დასკვნა წარმოადგენს, რომლის მიხედვით, სადავო საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება - 466 596.31 ლარია. რაც შეეხება შემდგომ გამოვლენილ ხარვეზებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ეს ხარვეზები, საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზი იყო, რაც მოგვიანებით გამოსწორდა კიდეც.

46. კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ ექსპერტიზის დასკვნები არასწორად შეაფასა დაუსაბუთებელია, კერძოდ, დადგენილია, რომ საავტომობილო გზა სრულფასოვნად დატვირთული და ექსპლუატაციისათვის ვარგისია, კასატორს ამის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

47. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტ–რივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. #ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; #ას-581-2019, 31.07.2019წ).

48. საკასაციო სასამრთლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეგებებული სარჩელის უარყოფის თაობაზე და აღნიშნავს, რომ, სსკ-ის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია იმავე კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ის ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების შექმნამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა.

49. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16). ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ აშკარაა ზიანი, მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (შდრ. სუსგ №ას-1851-2018, 02.05.2019). განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საჭიროა სადავო საავტომობილო ბეტონის გზის დაშლა და ახალი ბეტონის საფრის დაგება, შესაბამისად, არ დასტურდება მისთვის ზიანის - როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტიც.

50. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-442-414-2017, 24.05.2017).

51. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
53. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები : მზია თოდუა





პაატა ქათამაძე





ეკატერინე გასიტაშვილი