საქმე №ას-1610-2019 7 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ. ბ. ე. ს.“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ერთი მხრივ, შპს „ჯ. ბ. ე. ს–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) და მეორე მხრივ, ნ.კ–ს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით #1/2016. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით დასაქმებული ინიშნება საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე გამოსაცდელი 6 თვის ვადით და განახორციელებს დამსაქმებლის და მისი კონტრაქტორებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების საოპერატორო-საკონსულტაციო მომსახურებას და შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1 სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დასაქმებული ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო 2.2 პუნქტი ავალდებულებს დროულად და სრულყოფილად შეასრულოს დამსაქმებლის დავალებები და მითითებები თავისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის ფარგლებში. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
2. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული #8/2016 შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 1 წლის ვადით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
3. 2016 წლის 22 მარტს მოსარჩელესა და შპს „მ.ჯ–ის“ შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება #03/2016-2. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების გამწევის მიერ კლიენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარირება/ანგარიშგების ყოველთვიური მომსახურების გაწევა 2016 ფისკალური წლის, რომელიც ემთხვევა კალენდარულ 2016 წელს, პერიოდზე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: „მომსახურების გამწევი ადასტურებს, რომ კლიენტის მომსახურება იწარმოებს კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, თუკი დადასტურდა, რომ მომსახურების გამწევის მიერ გაწეული მომსახურებისა და შესაბამისად გაცემული რეკომენდაციების განხორციელების შედეგად კლიენტს მიადგა მატერიალური ზიანი ან/და ზარალი, მხარე სრულად მიიღებს კომპენსაციას მიყენებული მატერიალური ზიანისა და/ან ზარალის ფარგლებში. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ კლიენტისთვის დაკისრებული სანქციებისა და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამური თანხა თუ არ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ კლიენტი არ მოითხოვს ამ ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ ზიანი უნდა ანაზღაურდეს აღნიშნული სანქციების და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამურ თანხას გამოკლებული 3 000 ლარის ოდენობით...“
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 20.02.2017წ. შედგენილი შპს „მ.ჯ–ის’’ საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს „მ.ჯ–ის’’ საგადასახადო ორგანოსგან დაერიცხა ჯარიმა 21 697 ლარის ოდენობით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „მ.ჯ–ის“ მიერ 2016 წლის აპრილის, მაისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში მითითებულია დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარის ოდენობით.
5. შპს „მ.ჯ“-ზე დარიცხული ჯარიმა სრულად აანაზღაურა მოპასუხემ მათ შორის, გაფორმებული შეთანხმების აქტიდან გამომდინარე.
6. მოპასუხის დირექტორის 2017 წლის 25 მაისის #3-05/2017 ბრძანებით მოსარჩელის საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტი მოპასუხე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის პირველი ივნისიდან.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზიანის - 18697 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
8. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 22 მარტს მოსარჩელე კომპანიასა და შპს „მ.ჯ“-ს შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ შპს „მ.ჯ“-ს გაუწევდა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარირება-ანგარიშგების ყოველთვიურ მომსახურებას 2016 ფისკალური წლის პერიოდში. აღნიშნული ასევე მოიცავდა საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან დეკლარირება/ანგარიშგებისა და სახელმწიფო საბიუჯეტო ანგარიშსწორების საკითხებზე ურთიერთობასა და წარმომადგენლობას შპს „მ.ჯ“-ს საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებულ დეკლარაციებსა და სახელმწიფო საბიუჯეტო ვალდებულებებზე. 2016 წლის 22 მარტს მოსარჩელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება №1/2016, გამოსაცდელი - 6 თვიანი ვადით, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე. მოპასუხე ახორციელებდა დამსაქმებლისა და მისი კონტრაქტორებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების საოპერატორო-საკონსულტაციო მომსახურებას და ასრულებდა ხელშეკრულების დანართი №1-ით დაკისრებულ ფუნქციებს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს დაევალა კონკრეტულად შპს „მ.ჯ“-ს საბუღალტრო მომსახურება, მათ შორის, ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება. თუმცა, შემდგომში გამოირკვა, რომ მოპასუხე სათანადოდ არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. კერძოდ, როგორც 2016 წელს ჩატარებულმა საგადასახადო შემოწმებამ გამოავლინა, 2016 წლის აპრილის, მაისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში არ იყო ასახული შესაბამისი თვის ანგარიშფაქტურები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ორგანოების მხრიდან შპს „მ.ჯ“-ს დაჯარიმება 21 697 ლარით. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.
9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში აღნიშნა, რომ იგი მოვალეობებს მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის მოთხოვნით და მისი ზედამხედველობისა და მითითებების ფარგლებში ასრულებდა. შესაბამისად, სწორედ კომპანიის დირექტორს ევალებოდა შესრულებული სამუშაოს კონტროლი. მოპასუხემ უარყო მასთან რაიმე სახის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაც.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. აპელანტმა მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს:
14. იმის დასადგენად ეკისრებოდა თუ არა მოპასუხეს ზიანის - 18 697 ლარის ანაზღაურების შესახებ ვალდებულება, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია თუ რისი შესრულება ევალებოდა ამ უკანასკნელს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების დანართზე #1, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი მოპასუხის ფუნქციები. დანართის 3.1 პუნქტის მიხედვით, დასაქმებული უშუალოდ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია დამსაქმებლის დირექტორის წინაშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულის თითოეული ვალდებულება მიბმულია დამსაქმებლის კონკრეტულ მოთხოვნაზე, შეასრულოს დასაქმებულმა (ოპერატორ-კონსულტანტმა) დამსაქმებლის მიერ მითითებული ვალდებულებები.
15. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ გარემოების დასადგენად შპს „მ.ჯ–თან“ არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე იყო თუ არა მოპასუხე ვალდებული აენაზღაურებინა ზიანი, უნდა დადასტურებულიყო, რომ დამსაქმებელმა კონკრეტულად მოპასუხეს დაავალა ზემოაღნიშნულ კლიენტთან ურთიერთობა და რომ სწორედ მოპასუხე იყო ერთპიროვნულად ვალდებული ეწარმოებინა შპს „მ.ჯ–ს“ ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე.
16. იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე კომპანიის მხრიდან შპს „მ.ჯ–თან“ დელეგირებული პირი მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე იყო მოპასუხე, მოსარჩელემ მიუთითა მის მიერ 2016 წლის 23 მარტით დათარიღებულ წერილზე (ს.ფ. 28), რომელიც, მისი განმარტებით, გაუგზავნა შპს „მ.ჯ–ს“ და რომლითაც აცნობა ხსენებული ფაქტის თაობაზე.
17. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ წერილით, რომლის კლიენტისათვის ჩაბარების დასტურიც კი არ იყო წარმოდგენილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ იქნებოდა მიჩნეული, რომ მოპასუხისთვისაც ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ მას ეკისრებოდა შპს „მ.ჯ“-თვის შპს „ჯ.ბ.ე.ს–ის“ მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და რომ რისკებიც მასზე გადადიოდა.
18. მოპასუხის განმარტებით, იგი არ იყო ბუღალტერი და მით უფრო, მთავარი ბუღალტერი, იყო მხოლოდ ოპერატორ-კონსულტანტი, რომლის საქმიანობის კონტროლიც ევალებოდა კომპანიის დირექტორს და რომელსაც ექვემდებარებოდა სამსახურებრივად. უფრო მეტიც, მოპასუხე განმარტავდა, რომ მასთან ერთად შპს „მ.ჯ–ის“ სასარგებლოდ ბუღალტრულ საქმიანობას ასრულებდა ნ. ჩ–იც. აღნიშნული გარემოება დადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა, თუმცა აღნიშნა, რომ ნ. ჩ–ს მოპასუხის დახმარება ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ მის ზეპირ განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს, მით უფრო, რომ პირიქით, სწორედ მასზე მოდის ამ ტიპის დავებში მტკიცების ტვირთი, რაც ვერ იქნა ჯეროვნად შესრულებული.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებელ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხის პირდაპირ და უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა შპს „მ.ჯ–ის“ ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება.
20. სააპელაციო სასამართლომ დავა სამართლებრივად მოაწესრიგა სშკ-ის 45-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
22. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხის მიმართ მოსარჩელის რეგრესული მოთხოვნის მართლზომიერება, რომლის სამართლებრივი საფუძველია დელიქტი და არა შრომითი ურთიერთობები, რომელზე დაყრდნობითაც სარჩელი სააპელაციო სასამართლომ უარყო. ამასთან, სასამართლოებს უდავო გარემოებად დადგენილი აქვთ სამსახურიდან მოპასუხის გათავისუფლების ფაქტი. გათავისუფლება განპირობებული იყო ამ კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, რომელიც შეფასდა უხეშ დარღვევად და მოცემულ დავაში, გათავისუფლების კანონიერება საერთოდ არ იხილება.
23. კასატორი არ ეთანხმება მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის მტკიცების ტვირთის ჯეროვნად განუხორციელებლობის შესახებ სასამართლოს დასკვნას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია, მოპასუხის აღიარება, კერძოდ, იმ საკითხის, რომ მოპასუხე თავად იყო ვალდებული შეესრულებინა ის კონკრეტული სამუშაო, რაც ზიანის დაკისრების საფუძველია. მიუხედავად მხარის მითითებისა, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უგულვებელყო და არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი და ამ მუხლზე სასამართლოს განმარტება (იხ., სუსგ №ას-1426-2018 2019 წელი 11 აპრილი, პუნქტები 35., 36., 37., 51., 52., 53., 54., 78-81). ასევე იხ., სუსგ №ას-64-58-2015, 08 აპრილი, 2015წ. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში დასაბუთება წარმოდგენილია, იმ კუთხით, რომ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში დასაქმებული პირი თავისუფლდება მატერიალური პასუხისმგებლობისგან. მართალია, სასამართლო უთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების განმარტებაზე, მაგრამ დასახელებული განმარტება მიუთითებს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების ბუნებაზე და არა იმაზე, რომ ასეთი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან. კასატორის მოსაზრებით, სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა შპს „მ.ჯ–ის" მიმართ გასაწევი მომსახურება. ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებდა ჯეროვნად მასზე დაკისრებულ მოვალეობას და სამუშაოს უდგებოდა გულგრილად, მართლწინააღმდეგობა ნებისმიერ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან არ შესრულდა სამუშაო, ხოლო სუბიექტი ვისაც უშუალოდ ბრალი მიუძღვის მასში, მისივე აღიარების საფუძველზე (მას ეკისრებოდა სამუშაოს შესრულება) არის თავად, მოპასუხე. სხდომის ჩანაწერების განხილვით ნათლად დგინდება, რომ სასამართლოების მიერ ერთი მხრივ, არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, მეორე მხრივ, სამართლის ნორმების გამოყენება და მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადანაწილება, რამაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა გამოსაცდელი ვადის პერიოდსა და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის კონტროლზე. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მოპასუხე თავად აღიარებს სამუშაოს შესრულების ვალდებულებას, გაუგებარია მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დეტალურად ახსნა სამუშაოს შესრულების სპეციფიკა, რაც მოპასუხეს ევალებოდა. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ ევალებოდა რაიმე რთული საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებიდან გამომდინარე ოპერაციების განხორციელება, მას უნდა ეწარმოებინა უკვე არსებული აპრობირებული დათვლის სისტემით საგადასახადო ვალდებულებების დაანგარიშება. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი სასამართლოს მსჯელობა დირექტორის მიერ დასაქმებულის კონტროლზე უადგილოა, ვინაიდან ერთია შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მეორეა დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში გადაგზავნის გაკონტროლება. დასაქმებულს ჰქონდა თავის პროფესიაში არსებული ყველაზე მარტივი დავალება შესასრულებელი, შესასრულებელი დავალებების ზედამხედველობა ხორციელდებოდა უშუალო კომუნიკაციით, კერძოდ, შესრულდა თუ არა დაკისრებული სამუშაო, ანუ განხორციელდა თუ არა მარტივი გამოანგარიშება და მოხდა თუ არა საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება, რაზეც დადებითი პასუხი ფიქსირდებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ხოლო საკითხი თუ დირექტორის მიერ, რატომ არ მოხდა ელექტორნულ სისტემაში გადამოწმება გაიგზავნა თუ არა დოკუმენტი კასატორის მოსაზრებით, უადგილოა, ვინაიდან თუკი დირექტორს დაეკისრება ასეთი მცირე დეტალების გაკონტროლების ვალდებულება და ამ ვალდებულების არ შესრულების მიუხედავად მასზე გადავა ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა, მაშინ კომპანიას ათეულობით დირექტორი უნდა ყავდეს და საერთოდაც ასეთი განმარტებით იურიდიული პირის არსებობის იდეას ეჭქვეშ ვაყენებთ. ამასთან მოწინააღმდეგე მხარეს, მხოლოდ სამი თვის დეკლარაცია არ ჰქონდა გადაგზავნილი, კერძოდ, 2016 წლის აპრილის მაისის და ივლისის თვეების, ხოლო შემდგომი პერიოდი 2017 წლის მაისამდე ჩვეულებრივად იგზავნებოდა დეკლარაციები. აღნიშნული გარემოება, პირიქით ამძიმებს მოწინააღმდეგე მხარის მდგომარეობას, ვინაიდან იგი შემდგომ პერიოდში ყოველთვე შედიოდა სისტემაში, საიდანაც იგზავნება დეკლარაცია და ამ პერიოდის განმავლობაში მალავდა ამ ინფორმაციას. დასაქმებულის მიერ იმის თქმა დამსაქმებლისთვის, რომ მას დაავიწყდა გადაგზავნა დეკლარაციების, საფუძველი გახდებოდა დაზუსტებული დეკლარაციის გადაგზავნის და ჯარიმა სრულად იქნებოდა თავიდან აცილებული. ასეთი დამოკიდებულება მიუთითებს არაკეთილსინდისიერ და გულგრილ დამოკიდებულებაზე, რაც სამოქალაქო ურთიერთობებში არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს, ვინაიდან ასეთი დამოკიდებულელები არღვევს სამოქალაქო სტაბილურობას.
25. იმ გარემოების გასარკვევად, რომ მოპასუხეს დავალებული ჰქონდა შპს „მ.ჯ–თვის" მომსახურების გაწევა კასატორი მიუთითებს 2019 წლის 1 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერზე (11.49:14-27სთ.), სადაც მოპასუხემ განმარტა - "გადარიცხვებს ვაკეთებდი მე ინტერნეტ ბანკინგით, დიჯიპასი მე მქონდა, მე ვასრულებდი". კიდევ შემდგომი დროის მითითებით იგი განმარტავს, რომ იგი ახორციელებდა გადარიცხვებს (ევალებოდა გადარიცხვების განხორციელება თუმცა რეალურად არ განუხორციელებია იმ პერიოდში ნაკისრი ვალდებულება, როდესაც მოხდა დაჯარიმება). მიუხედავად ასეთი პოზიციების, რომელიც ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოზეც გაჟღერდა სასამართლომ 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში დაასაბუთა, რომ მოპასუხეს საერთოდაც არ ეკისრებოდა შპს „მ.ჯ–ის" დეკლარაციების წარმოება. სწორედ ეს ერთი გარემოება გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ხოლო სააპელაციო სასამართლო ამ სხდომის მოსმენის შემდგომ სამწუხაროდ ვერ ხედავს პირს, რომელსაც დავალების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს. ამასთან, ცნობილია, რომ დიჯიპასი არის ბანკის მიერ გაცემული ისეთი მოწყობილობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია განახორციელო საბანკო გადარიცხვა, აღნიშნული მოწყობილობა ჰქონდა ნ.კ–ს გადაცემული, შესაბამისად კვლავ საკითხავია, ვის უნდა შეესრულებინა ეს გადარიცხვა. სხდომის ოქმი 11.51:07-11.51:48 დროის ამ მონაკვეთში მოსამართლე ცდილობს დაადგინოს რა გახდა საფუძველი დეკლარაციების არ გადაგზავნის, კვალიფიკაციის ნაკლებობა ხომ არ იყო სახეზე, სადაც მოპასუხე პასუხობს, რომ დათვლის პრობლემა არ ყოფილა, საქმე იყო რაოდენობრივად ბევრი და ვერ მოესწრო. ამ პოზიციის დაფიქსირების მერე, მაშინ როდესაც დგინდება, რომ მოპასუხეს მხოლოდ ამ კომპანიის მიმართ ჰქონდა დავალებული სამუშაოს შესრულება, რაშიც თვეში 4 სამუშაო დღეში, იღებდა 350 ლარს. 4 თვის განმავლობაში (დეკლარაციები წარდგენილი არ არის აპრილი, მაისი და ივლისი) ნუთუ არ აღმოჩნდა დრო იმისათვის, რომ ეს სამუშაო შესრულებულიყო. მოცემული გარემოებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ამ დროის განმავლობაში საერთოდ არაფერს არ აკეთებდა და სამსახურში მისი გამოცხადება იყო ფორმალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საქმე იყო ბევრი შეიძლება დეკლარაცია გვიან გადაგზავნილიყო, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, არათუ დაგვიანებით წარდგენა არამედ საერთოდ არ მომხდარა წარდგენა, შესაბამისად სამუშაოს შესრულება. სხდომის ოქმი 11.51:40-46 მოცემულ მომენტში საუბარია იმაზე, თუ ვის უნდა შეესრულებინა სამუშაო, სადაც მოწინააღმდეგე ცდილობს სხვას გადაბაროს პასუხისმგებლობა, თუმცა შემდგომ ამბობს, რომ სამუშაო მას უნდა შეესრულებინა. სასამართლო სხდომის 11.47:50-11.52:51 დროის მონაკვეთის მოსმენისას, სადაც მოპასუხე სასამართლოს აძლევს ახსნა განმარტებას საკითხის მიმართ, კარგად ჩანს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების არასწორი საშუალებების გამოყენება, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირება.
სამოტივაციო ნაწილი:
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ზიანის (18697 ლარი) ანაზღაურების დაკისრებაზე უარის შესახებ და საკასაციო პრეტენზიას იმ მოსაზრებით ამყარებს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება.
29. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის შესწავლის მიზნით ყურდღებას ამახვილებს მოპასუხის ვალდებულების იდენტიფიკაციის პრობლემაზე და კვლევის საგნად მიიჩნევს, თუ რისი შესრულება ევალებოდა მოპასუხეს მოსარჩელესთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი, საკასაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იმსჯელოს მოპასუხე იყო თუ არა ერთპიროვნულად ვალდებული ეწარმოებინა შპს „მ.ჯ–ს“ ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე.
30. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს რა კასატორის პრეტენზიაზე, რომელიც აგებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს სხდომაზე მიცემული მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე - 11:51:46სთ. - აღნიშნავს, რომ მოსამართლის შეკითხვაზე, თუ ვის უნდა ენახა, რომ ნულოვანი დეკლარაცია იყო გაგზავნილი, მოპასუხე პასუხობს: „დეკლარაციის წარდგენაზე მე არ ვიყავი პასუხისმგებელი. მე არ ვიყავი მთავარი ბუღალტერი, მე ვიყავი ოპერატორ-კონსულტანტი. დეკლარაცია იმიტომ არ იქნა წარდგენლი დროულად, რომ მონაცემები არ იყო სრულად დამუშავებული, მოსაწესრიგებელი იყო ბაზა“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის ზემოთმითითებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს იმის აღიარებას სსსკ-ის 131-ე მუხლის მიზნებისათვის, რომ მოპასუხემ აღიარა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დაუდასტურებელ გარემოებად მიაჩნია, რომ მოპასუხის პირდაპირ და უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა შპს „მ.ჯ–ს“ ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
34. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
35. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკმარისი იქნებოდა მოპასუხისათვის საქარტველოს სამქოალაქო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობილად მიჩნევისათვის.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ზიანი ანაზღაურების საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „ჯ.ბ.ე.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ.ბ.ე.ს–ს“ (პ.ნ .....) უკან დაუბრუნდეს 19.09.2019-ში საგადასახადო დავალება N767 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (934.85 ლარის) 70% – 654.39 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე