საქმე №ას-1166-2019 6 აპრილი 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,კ.-ს. ...-ის“უფლებამონაცვლე შპს „კ.“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,... P.” (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ თანხის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელი), სამუშაოს შესასარულებლად გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება (შეგებებული სარჩელი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,კ.-ს. ...-ის“-მა (შემდეგში - მენარდე ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს ,,... P.”-ის (შემდეგში - შემკვეთი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფასურის გადაუხდელი ნაწილის 11 450 ლარის დაკისრება.
2. სარჩელში მითითებულია, რომ მხარეებს შორის 2016 წლიდან არსებული ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულებით, მოსარჩელემ იკისრა მოპასუხის საკუთრებაში არსებული კოტეჯებისთვის ელექტროფიკაციის ქსელის პროექტის შექმნის ვალდებულება, რისთვისაც შემკვეთს უნდა გადაეხადა 16 250 ლარი. შემკვეთმა მენარდის საბანკო ანგარიშზე წინასწარ გადარიცხა ხელშეკრულების ღირებულებიდან (16 250 ლარი) 4800 ლარი. 2016 წლის აპრილში მენარდემ ვალდებულება შეასრულა, თუმცა, შემკვეთმა დარჩენილი საფასური არ გადაიხადა. მენარდის არაერთი შეტყობინების მიუხედავად შემკვეთმა თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მენარდემ სარჩელი დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629.1 ნაწილს.
3. მოპასუხემ თავდაცვის საპროცესო საშუალებად გამოიყენა, როგორც შესაგებელი ისე, შეგებებული სარჩელი. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ დაასტურა მენარდისათვის ავანსის - 4800 ლარის გადახდა. იმავდროულად, მოპასუხემ უარყო სამუშაოს არათუ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, არამედ სასამართლოში დავის წარმოების დროისათვისაც კი, შესრულების ფაქტი. აქვე მოპასუხემ განმარტა, რომ არც მოსარჩელე მიუთითებდა კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დასტურდებოდა მენარდის მხრიდან სამუშაოს შესრულება და შემკვეთისათვის მიღების შეთავაზება; მხოლოდ მოსარჩელის მითითება 2016 წლის 17 აპრილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებაზე, ვერ ჩაითვლებოდა რელევანტულ მტკიცებულებად, რადგან, მასში მენარდე მხოლოდ ატყობინებდა შემკვეთს სამუშაოს დასრულების სამომავლო თარიღის შესახებ.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მოითხოვა ავანსის სახით გადახდილი 4800 ლარის უკან დაბრუნება. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას კი, მოპასუხე იმით ასაბუთებდა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისისა. ვინაიდან, მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა, მოპასუხე იძულებული შეიქნა მსგავსი ხელშეკრულება სხვა პირთან დაედო, რომლის შექმნილი პროექტით დამონტაჟდა ელექტრო გაყვანილობა.
5. შეგებებული სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 450 ლარი. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.
7. თელავის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის იანვრიდან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის საკუთრებაში არსებული კოტეჯებისათვის შეექმნა ელექტროფიკაციის ქსელის პროექტი, რისთვისაც დამკვეთს უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური - 16 250 ლარი. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადაზე, კერძოდ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის სამუშაოები უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2016 წლის 01 მაისისა.
8. 2016 წლის 1 თებერვალს შემკვეთმა მენარდეს ჩაურიცხა თანხის ნაწილი - 4 800 ლარი.
9. 2016 წლის 17 აპრილს მენარდემ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა შემკვეთს, რომ იმავე წლის 24 აპრილს ნაკისრი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნებოდა, პროქტი - დამზადებული და შეახსენა მათ მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილის - 11450 ლარის გადახდის შესახებ.
10. 2016 წლის აპრილის თვიდან მენარდის მიერ განხორციელებული არაერთი შეხსენების მიუხედავად, შემკვეთმა დარჩენილი თანხა არ გადაიხადა.
11. მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო - კოტეჯების ელექტროფიკაციის ქსელების პროექტი - დაასრულა 2016 წლის 24 აპრილს. შესაბამისად, უარყოფილი იქნა შემკვეთის პოზიცია იგივე სამუშაოს სხვა კომპანიისათვის დაკვეთის აუცილებლობის შესახებ.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და სარჩელი 11 450 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 ლარის გადახდა.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ გარემოებებსა და მოსაზრებებს:
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 7, 8, 9- ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
16. სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მენარდის მიერ სამუშაოს მხარეთა შეთანხმებულ ვადაში შესრულება წარმოადგენდა შემკვეთის განსაკუთრებულ ინტერესს, რამდენადაც შემკვთი მიუთითებდა, რომ იგი სოფ. ჯუღაანში ახორციელებს მრავალმილიონიანი კომპლექსის მშენებლობას და ვინაიდან, მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, შემკვეთი იძულებული შეიქნა მსგავსი ხელშეკრულება სხვა პირთან დაედო, რომლის შექმნილი პროექტით დამონტაჟდა ელექტრო გაყვანილობა (იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ.4.2; ასევე, ამ განჩინების პ.4.)
17. ასეთ შემთხვევაში, სამუშაოს დროული შესრულების მტკიცების ტვირთი დაეკისრა მენარდეს, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში, ვერ დაადასტურა მითითებული ფაქტოვბრივი გარემოება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ელ.ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილის შინაარსზე, სადაც მოსარჩელე მოპასუხეს ატყობინებს, რომ პროექტი დათქმული დროისთვის მზად ექნება და დამკვეთმა უნდა გადარიცხოს პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილი. სააპელაციო სასამართლოს თქმით, წერილის შინაარსში მითითებულია ინფორმაცია არა ვალდებულების შესრულებაზე, როგორც უკვე დამდგარ შედეგზე, არამედ, სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებაზე. აღნიშნული კი, ვერ გახდება ვალდებულების დროული შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. ვალდებულების დროულად შესრულების ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად არც მოსარჩელის მიერ 2016 წლის 06 ივლისს გაგზავნილი წერილი - რომლითაც მენარდე დამკვეთს ატყობინებს, რომ პროექტი გამზადებულია და ითხოვს დავალიანების დაფარვას - იქნა მიჩნეული. რამდენადაც პროექტის შემკვეთისათვის 01 მაისამდე ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.
18. დამატებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის პოზიცია, რომ პროექტის მომზადების თარიღი ნამდვილად 2016 წლის 24 აპრილია, რადგან ის დატანილია მომზადებული პროექტის ელექტრონულ დისკზე, მაინც დაუდასტურებელ გარემოებად რჩება შემსრულებლის მიერ პროექტის დამკვეთისათვის გადაცემა, გაგზავნა, ჩაბარება ან მომზადება, რადგან აღნიშნულს შემკვეთი უარყოფს, ხოლო მენარდეს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება, როგორიცაა მიღება-ჩაბარების აქტი, შემკვეთის ინფორმირება ელ.ფოსტის მეშვეობით და სხვა იმგვარი მტკიცებულება, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლო დარწმუნებულიყო სადავო გარემოების არსებობაში.
19. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა გადაწყვიტა სსკ-ის 352.1, 399-ე და 405.2 მუხლების საფუძველზე.
20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების არსებით პირობას ვალდებულების დადგენილ ვადაში - არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისისა - შესრულება წარმოადგენდა (სსკ-ის 327-ე მუხლი). ამ გარემოებას ამყარებდა ასევე, ავანსის წინასწარ გადახდის ფაქტიც, რომელიც უდავოა. უდავო იყო განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობა და აუცილებლობა, აგრეთვე ის, რომ პროექტის ვადაში განუხორციელებლობა აფერხებდა შემკვეთის მიერ წარმოებულ სამშენებლო პროცესს.
21. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, შემკვეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების შესრულების დადგენილ ვადაში მიღება, ამიტომ განხორციელებულად მიიჩნევა სსკ-ის 405.2.„ბ“ მუხლით განსაზღვრული წინაპირობა, რაც თავის მხრივ, შემკვეთს წარმოუშობდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლებით სარგებლობას. ამ უფლებით სარგებლობის სამართლებრივ შედეგს კი, ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, წარმოადგენს, რაც ავანსის სახით, მენარდისთვის გადახდილი თანხის - 4800 ლარის შემკვეთისათვის დაბრუნება წარმოადგენს.
22. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ სააპელაციო შესაგებლით და ასევე, შეგებებული სარჩელით, დაასაბუთა მოთხოვნების მართლზომიერება, შესაბამისად, მოსარჩელემ ნამდვილად დაარღვია ხელშეკრულების ძირითად პირობად არსებული შესრულების ვადა, რაც მოპასუხეს წარმოუქმნის შესაძლებლობას ისარგებლოს ხელშეკრულებიდან გასვლით და მოითხოვოს ავანსის სახით გადახდილი თანხის უკუქცევა.
23. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და თელავის რაიონული სასამართლოს 15 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
24. საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
25. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ 2016 წლის 17 აპრილის წერილზე, რომლის მიხედვით, მენარდეს პროექტი მზად ექნებოდა 24 აპრილისთვის.
26. კასატორის მოსაზრებით, აუცილებელი იყო სასამართლოს გამოეკვლია დისკზე არსებული ფაილების დათარიღებები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თარიღები არ ცდება 24 აპრილს, რის გამოც, აღნიშნული დისკით ცალსახად დასტურდება ვალდებულების დროული შესრულება, რაც სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა.
27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შეფასებისას დაუშვა ფაქტობრივი შეცდომა, არ გამოიკვლია რა შემკვეთის მტკიცება სხვა კომპანიასთან ახალი ხელშეკრულების დადების შესახებ, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მან ახალ კომპანიასთან გააფორმა იმავე სახის ხელშეკრულება, თუმცა ამის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, გარდა ერთი წერილისა, სადაც არ ჩანს რა პირობებით დაიდო ხელშეკრულება.
28. კასატორი სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლების დარღვევას, კერძოდ, მიაჩნია, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილით მოწინააღმდეგე მხარის ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერებაზე მსჯელობა, რაც შესაბამისად გამოიწვევდა ორმხრივ რესტიტუციას, არ წარმოადგენდა აპელანტის პოზიციას. შემკვეთი საერთოდაც არ აღიარებდა ხელშეკრულებაში შესვლის ფაქტს. ასევე სასამართლომ განავითარა მსჯელობა მოვალისთვის ვადის მიცემის შეუძლებლობაზე, რადგან მოპასუხემ დაკარგა შესრულებისადმი ინტერესი დროის გადაცილების გამო, თუმცა, მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც რამოდენიმე თვე მიმდინარეობდა, თუნდაც, რამდენიმე დღით დაგვიანებული შესრულება რატომ უნდა ჩათვლილიყო მისთვის ინტერესის დაკარგვად, ასევე, უგულებელყოფილია სსკ-ის 355-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მხარის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას აუცილებელია მეორე მხარისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გაგზავნის ვალდებულება.
29. კასატორის მოსაზრებით, 2016 წლის 24 აპრილს კასატორს უკვე ჰქონდა შესრულებული საკუთარი ვალდებულება, რაც დასტურდება არსებული პროექტის ელექტრონული ფაილებით, თუმცა, აღნიშნული სიღრმისეულად არ გამოკვლეულა. მენარდე რამდენიმე კვირა ცდილობდა დაკავშირებოდა შემკვეთს რომ გადაეცა მისთვის შესრულებული სამუშაო, თუმცა, შემკვეთი შესრულებას არ იღებდა და არც საპასუხო ინფორმაციას აწვდიდა შემკვეთს. 2016 წლის 7 ივლისს ოფიციალურად მიწერილი წერილით მენარდემ მოითხოვა შესრულებული ვალდებულების ჩაბარება და ხელშეკრულების დარჩენილი ფასის გადახდა, თუმცა, აღნიშნული წერილიც დარჩა უპასუხოდ. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები კასატორს აფიქრებინებს, რომ შემკვეთს აღარ სურდა შესრულებული სამუშაოს მიღება. აქვე შემსრულებელი აცხადებს, რომ შემხვედრი ვალდებულების შესრულება აღმოჩნდებოდა რისკის ქვეშ თუ კი შემსრულებელი დროულად შეასრულებდა ვალდებულებას, მაგრამ დააყოვნებდა მის გადაცემას, ამიტომ შესრულებული სამუშაოს დროული გადაცემის ინტერესიც დიდი ჰქონდა შემსრულებელს, რადგან ასევე დროულად მიეღო საპასუხო შესრულება.
30. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შემკვეთს არ მიუღია შესრულება, რასაც კასატორიც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ შემკვეთმა არა თუ მენარდის ბრალეული ქმედების გამო, ვერ მიიღო შესრულება, არამედ, თავად შემკვეთმა განაცხადა უარი შესრულების მიღებაზე. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ შემსრულებელი ცდილობდა გადაეცა შესრულება შემკვეთისთვის.
31. კასატორი ასევე მიუთითებს ავანსის მოთხოვნის საკითხზეც და აღნიშნავს, რომ შემკვეთმა მხოლოდ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ავანსის დაბრუნება. თუ მენარდემ დაუგვიანა პროექტის ვადაში დასრულება და ამის გამო, მან ინტერესი დაკარგა, საინტერესოა თუ რატომ არ მოითხოვა შემკვეთმა ავანსის დაბრუნება უფრო ადრე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კასატორის - შპს ,,კ.-ს. ...-ის“-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა შპს „კ.“ (სსსკ-ის 92.1 მუხლი) (შემდეგში - კასატორი) და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
34. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
35. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ. 7,8,9,15):
36. 2016 წლის იანვრიდან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის საკუთრებაში არსებული კოტეჯებისათვის შეექმნა ელექტროფიკაციის ქსელის პროექტი, რისთვისაც დამკვეთს უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური - 16 250 ლარი. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადაზე, კერძოდ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის სამუშაოები უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2016 წლის 01 მაისისა.
37. 2016 წლის 1 თებერვალს შემკვეთმა მენარდეს ჩაურიცხა თანხის ნაწილი - 4 800 ლარი. 2016 წლის 17 აპრილს მენარდემ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა შემკვეთს, რომ იმავე წლის 24 აპრილს ნაკისრი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნებოდა, პროქტი - დამზადებული და შეახსენა მათ მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილის - 11450 ლარის გადახდის შესახებ.
38. მხარეებს შორის სადავოა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დადგენილ ვადაში.
39. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მენარდის მიერ ვალდებულების იმგვარი დარღვევა, რაც სსკ-ის 405.2.„ბ“ მუხლის მიხედვით შემკვეთს წარმოუშობდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლებას და მაშასადამე, სარჩელის უარყოფას და პირიქით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ 2016 წლის 17 აპრილის წერილზე, რომლის მიხედვით, მენარდეს პროექტი მზად ექნებოდა 24 აპრილისთვის. თუმცა, საფუძლიანად არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლითაც დასტურდება, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო - კოტეჯების ელექტროფიკაციის ქსელების პროექტი - დაასრულა 2016 წლის 24 აპრილს. კასატორი აღნიშნავს, რომ შემკვეთმა არა თუ მენარდის ბრალეული ქმედების გამო, ვერ მიიღო შესრულება, არამედ, თავად შემკვეთმა განაცხადა უარი შესრულების მიღებაზე. შესაბამისად, შემკვეთის პოზიცია იგივე სამუშაოს სხვა კომპანიისათვის დაკვეთის აუცილებლობის შესახებ, არ არსებობდა. აღნიშნული კი, კასატორის მოსაზრებით, გამორიცხავდა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის მიზანშეწონილობას.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით.
42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
43. ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.
44. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორისათვის გასამრჯელოს მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. ( იხ. ჰ.ბოელინგი , ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსაზღვრული სამართლებრივი მიზნის შესაძლო მიღწევისას, როდესაც ერთი მოთხოვნა განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით წარმოიშობა, არსებობს მოთხოვნის საფუძველთა კონკურენცია. მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის დროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მოცემულია კანონის იმ ნორმებში, რომელთა თანახმად ერთ პირს მეორისაგან შეუძლია განსაზღვრული მოქმედების შესრულება ან ასეთი მოქმედებისაგან თავის შეკავება, ერთი და იგივე მოთხოვნის განხორციელება სხვადასხვა სამართლებრივი საშუალებით არის შესაძლებელი. ამ დროს უფლებამოსილ პირს ეკუთვნის თეორიულად ერთმანეთის თანაბარი, ერთი და იგივე ინტერესის დაცვისათვის გამიზნული ალტერნატიული სამართლებრივი საშუალებების ერთობლიობა. მოთხოვნათა კონკურენციისაგან განსხვავებით, სადაც მოსარჩელის უფლებამოსილებაა მოთხოვნათა შორის არჩევა, მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის დროს, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთაგან ერთ-ერთის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაა. (იხ. დამატებით: ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, 132; ბიოლინგი ჰ.,/ლუტრინგჰაუსი პ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი-ბრემენი, 2004-2009, 14; ქოჩაშვილი ქ., მოთხოვნის საფუძველთა კონკურენცია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას, თბ,, 2012, 280; ჩაჩავა ს., მოთხოვნების და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, თბ., 2011, 39; ჰენშელი ს., სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, თბ., 2009, 84 ).
52. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1-2 კასატორის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I და 648-ე მუხლების საფუძველზე.
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
54. ნარდობის ხელშეკრულების ცნება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის I ნაწილში, კერძოდ, ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. აღნიშნული ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება.
55. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა). შესაძლებელია კომბინირებული მეთოდიც (მაგალითად, საზღაურის ნაწილი გადახდილი იქნეს ფულადი სახით, ნაწილი – ნივთის სახით).
56. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა.
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფორმა ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. სსკ-ის 69-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმზეც ვრცელდება.
58. როგორც წესი, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არაა.ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები ყველა არსებით პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ზოგადად მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი.თუმცა, აღნიშნული პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. მაშასადამე, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
59. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო, ანუ ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით.
60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა.
61. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი ღებულობს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაში (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები; და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით. ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.
62. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.
63. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
64. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება.
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.
66. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.
67. არ არის გამორიცხული ისეთი შემთხევვაც, როდესაც სამუშაოს შესრულების ვადას განსაზღვრავს შემკვეთი. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილია მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ვადა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ სამუშაოს შესრულებისათვის დაწესებული ვადა მეორე მხარის ინტერესებსაც უნდა შეესაბამებოდეს. დავის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.
68. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. “გონივრული ვადა” წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.
69. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვს.
70. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.
71. მნიშვნელოვანია, რომ შემკვეთმა ვადამოსულობის შემდეგ იმგვარი მოქმედება განახორციელოს, რომელიც მენარდეს შესრულების ვალდებულებას შეახსენებს და მის შესრულებას ვადაგადაცილებულად აქცევს. კანონით გათვალისწინებულ ასეთ მოქმედებას მენარდის გაფრთხილება წარმოადგენს.(400-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). გაფრთხილების შედეგად ფაქტობრივად ვადის გადაცილება (დაყოვნება) სამართლებრივ ვადის გადაცილებად იქცევა.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გაფრთხილება ვალდებულების შესრულების უპირობო და არაორაზროვან მოთხოვნას წარმოადგენს. გაფრთხილება იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ გამორიცხავდეს ყოველგვარ ეჭვს კრედიტორის ინტერესში მიიღოს დროული შესრულება. კრედიტორი არ არის ვალდებული განუმარტოს მოვალეს, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მოთხოვნის დაკმაყოფილების მეორად საშუალებებს მიმართავს. თუ ეს ვალდებულების ხასიათს არ ეწინააღმდეგება, კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნა და გაფრთხილება ერთდროულად, ერთი აქტის მეშვეობით განახორციელოს. თუმცა ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე გაკეთებულ გაფრთხილებას სამართლებრივი ძალა არა აქვს ( 400-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), მაშინაც კი თუ იგი უპირატესად ვადის დაზუსტებას ისახავს მიზნად. გაფრთხილება არ გულისხმობს გარკვეული ვადის დადგენას.თუმცა კრედიტორს შეუძლია დაადგინოს დამატებითი ვადა ( 394-ე მუხლის II ნაწილი), რომლის ამოწურვამდეც ვადა არ ჩაითვლება გადაცილებულად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომლის განმავლობაშიც კრედიტორი მეორადი მოთხოვნის დაყენების უფლებაში იზღუდება. კრედიტორს ასევე უფლება აქვს, დამატებითი ვადა ვალდებულების დროულად შესრულების პირობით დააწესოს, რა შემთხვევაშიც, თუ მოვალე ვალდებულებას დამატებითი ვადის განმავლობაში არ შეასრულებს, ვადა გადაცილებულად ჩაითვლება გაფრთხილების მომენტიდან (ex tunc).
73. ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, როცა შესრულების დაყოვნება თავად შემკვეთის ბრალითაა გამოწვეული ან მან არ განახორციელა ის ქმედება, რომელიც მას ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შეესრულებინა ( სსკ-ის 369-ე, 633-ე I მუხლები).
74. დამატებითი ვადის დაწესების აუცილებლობა არ არსებობს ე.წ. “აბსოლუტურად ფიქსირებული” (absolutes Fixgeschäft) ვალდებულების შემთხვევაში, როდესაც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულად შეუსრულებლობა, როგორც წესი, შესრულების შეუძლებლობას იწვევს (მაგალითად, საქორწილო კაბის შეკერვა ქორწილის შემდეგ; საკონდიტრო ნაწარმის დამზადება დაბადების დღის შემდეგ და ა.შ.) ასეთ შემთხვევაში, შემკვეთს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (405-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტი).
75. საკასაციომ პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.
76. ნარდობის ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს მენარდისათვის ავანსის ან ბეს გადახდა. ავანსის ცნება მართალია კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუმცა ამ სამართლებრივ ინსტიტუტს ფართო გამოყენება აქვს პრაქტიკაში. ავანსი არის ფულადი თანხის გადახდა, რომელიც ხორციელდება უკვე დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად, მაშინ როდესაც ბე ადასტურებს ხელშეკრულების დადებას. ავანსი არ ატარებს აგრეთვე იმ უზრუნველყოფის საშუალების ფუნქციას, რომელიც დამახასიათებელია ბესთვის. (იხ. დამატებით: ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ.252.). ავანსი ძირითადად ემსახურება მენარდის ინტერესებს, მაშინ როდესაც ბე უზრუნველყოფს, როგორც მენარდის, ისე შემკვეთის ინტერესებს ( შდრ. Busche, in MüKo.BGB, Band 4.,5.Aufl. §632 a, Rn.2 ).
77. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
78. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებით სსკ-ის 648-ე მუხლისაგან, რომელიც განსაზღვრავს საზღაურის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტს, სსკ-ის 649-ე მუხლი არ არის იმპერატიული და არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მხარეთა შეთანხმებით საზღაური გადახდილ იქნეს სამუშაოს შესრულების შემდეგ, მაგრამ მის გადაცემამდე. თუ შემკვეთი არ ღებულობს მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოს, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს შესრულების მიღების პრეზუმფცია.
79. შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური.
80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
81. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
82. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შეგებებულ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგი დასაბუთებით:
83. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამართლებული იყო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და რესტიტუციის ფარგლებში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ არ არსებობს კანონის ნორმა, საიდანაც გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მხარეს სურს ან თუკი ვერ იქნება დადასტურებული ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
84. საკასაციო პალატამ არაერთი სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის დროს აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე შეადრ: სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-1747-2019).
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ნორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდანაა გადმოღებული და ბევრად ეხმაურება ევროგაერთიანების სამართალს. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება აღმჭურველი უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სსკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ, შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი, მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენი - ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.
87. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. ხელშეკრულებიდან გასვლის პირობა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაა. თუ მოვალემ ვალდებულება შეასრულა ან კრედიტორმა შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შესრულება მიიღო, კრედიტორი ხელშეკრულებიდან ვერ გავა. კრედიტორს ასევე ეზღუდება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ მოვალემ წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარმოადგენს პრეტენზიას (შესაგებელს). ანალოგიური წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოვალეს შეუძლია ვალდებულების გაქვითვა და იგი ამ უფლებას კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის დაყენებისთანავე გამოიყენებს.
88. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. რაც განამტკიცებს ფაქტს, რომ მისთვის მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის.
89. ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების ანულირება. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცემა დამატებითი ვადა, ამ დროს კრედიტორი სარგებლობს შეზღუდული უფლებით გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მოვალის ინტერესები კი გარკვეულწილად დაცულია (ანალოგიურადაა საკითხი გადაწყვეტილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 323-ე პარაგრაფით). ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია მხარეთა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებისათვის და განსაზღვრავს ამ უფლების განხორციელების სამართლებრივ მართებულებას. სსკ-ის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით. ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინება ძალაშია მას შემდეგ, რაც განსაზღვული წინაპირობები იქნება დაკმაყოფილებული. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს (ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებზე საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობა მოცემულია საქმეში №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017 წელი).
90. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის საკუთრებაში არსებული კოტეჯებისათვის შეექმნა ელექტროფიკაციის ქსელის პროექტი და სამუშაოები დაესრულებინა არაუგვიანეს 2016 წლის 01 მაისისა.
91. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მენარდემ დათქმულ ვადაში სამუშაოები ვერ დაასრულა და ამ გარემოების დასტურად არ გაიზიარა, მენარდის მიერ წარმოდგენილი წერილი, რამდენადაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წერილის შინაარსში მითითებულია ინფორმაცია არა ვალდებულების შესრულებაზე, როგორც უკვე დამდგარ შედეგზე, არამედ, სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებაზე; არც მოსარჩელის მიერ 2016 წლის 06 ივლისს გაგზავნილი წერილი, რომლითაც მენარდე დამკვეთს ატყობინებს, რომ პროექტი გამზადებულია და ითხოვს დავალიანების დაფარვას, არ იქნა მიჩნეული, რელევანტურ მტკიცებულებად. ხოლო ვინაიდან, მენარდემ დაარღვია სამუშაოს დროული შესრულების ვალდებულება, შემკვეთი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობების მტკიცების ტვირთი, შემკვეთს ეკისრება.
93. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპებზე.
94. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის
95. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
96. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
97. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადასწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
98. მაშასადამე, სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლის ძალით, გარემოებათა სათანადოდ დაუდასტურებლობის მატერიალურსამართლებრივი შედეგის მატარებელი ხდება ის მხარე, რომელსაც ამ გარემოების დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა.
99. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორი) არგუმენტი, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერებასთან მიმართებით (დამატებითი ვადის მიცემის ან გაფრთხილების გარეშე), საკასაციო პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია.
100. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან მიმართებით, რომ შემკვეთი, სოფ. ჯუღაანში ახორციელებს კომპლექსის მშენებლობას და ვინაიდან მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, შემკვეთი იძულებული შეიქნა მსგავსი ხელშეკრულება სხვა პირთან დაედო, რომლის შექმნილი პროექტით დამონტაჟდა ელექტრო გაყვანილობა (იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ.4.2; ასევე, ამ განჩინების პ.4.), გაუმართლებელს ხდის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების (დამატებითი ვადა, გაფრთხილება და ა.შ) დაუცველად.
101. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ სამუშაოს დასრულების და შემკვეთისათვის ჩაბარების თარიღი იყო არაუგვიანეს 2016 წლის 01 მაისისა, პროექტი რეალურად მომზადდა და 2016 წლის 06 ივლისს მოსარჩელემ გაუგზავნა წერილი და დამკვეთს შეატყობინა, რომ პროექტი გამზადებულია, სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის მოსაზრებას რომ ვინაიდან, მოსარჩელეს არ ჰქონდა დათქმულ ვადაში შესრულებული პროექტი, რის გამოც, მოპასუხემ პროექტის შერულება სხვა კომპანიას დაუკვეთა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიმე ინფორმაცია, რომ მენარდე არ აპირებდა ვალდებულების შესრულებას, მოპასუხეს არ ჰქონდა. პირიქით, 2016 წლის 17 აპრილის წერილით მოსარჩელე ატყობინებს შემკვეთს, რომ 2016 წლის 24 აპრილს უკვე შესრულებული ექნება პროექტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემკვეთმა ვერ დაადასტურა, რომ ობიექტურად აუცილებელი იყო დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლების გამოყენება.
102. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია.
103. ვინაიდან დადგენილია, რომ შემკვეთს არ გააჩნდა სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლება, ავანსის სახით, მენარდისთვის გადახდილი თანხის - 4800 ლარის უკუქცევას, შემკვეთი ვერ მოითხოვს.
104. საპროცესო ხარჯი:
105. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას ეთქვა უარი, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
106. პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილია 493.50 ლარი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებაზე გადახდილი თანხის 4% შეადგენს 458.00 ლარს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია 812.5 (572.5+240) ლარი. ამდენად, კასატორს უნდა აუნაზღაურდეს სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო ხარჯი 1764 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე და 53-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „კ.“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს „კ.“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,... P.”-ს (ს/კ:43116...) შპს „კ.“ (ს/კ:40195...) სასარგებლოდ დაეკისროს 11 450 ლარი;
5. ძალაში დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,... P.”-ის საბანკო ანგარიშს №GE39TB7676536080100002, 11 450 ლარის მოცულობით სს „თ. ბ.“;
6. შპს ,,... P.”-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. შპს ,,... P.”-ს (ს/კ:4311...) შპს „კ.“ (ს/კ:4019....) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება 1764 ლარის ოდენობით;
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე