Facebook Twitter
ბს-548-131-კს-03 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტება.

აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონის გამგეობას ბ. ბ.-ის, ი. შ.-ისა და სხვათა, 10 მოსარჩელის, სასარგებლოდ, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა სულ 62240 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, საჩხერის რაიონის გამგეობის, მიერ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
მოპასუხე საჩხერის რაიონის გამგეობამ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების საფუძველზე ცნო სარჩელი, ვინაიდან პროცესში მოპასუხედ ჩაბმული სს “ს.-ა” არ წარმოადგენდა საწარმოთა გაერთიანება “ს.-ის” სამართალმემკვიდრეს, ვის დაქვემდებარებაშიც მუშაობდნენ მოსარჩელეები. მოპასუხე სარჩელის ცნობის მოტივად მიუთითებდა ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად: “იმ შემთხვევაში, თუ უფლაბამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინებით გაიცემა ტერიტორიული ერთეულების გამგეობების (მერიების) მიერ სოციალური დახმარებების სამსახურების მეშვეობით”. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის მიხედვით კი, თუ უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები გაითვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში ტერიტორიული ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებში.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და თითოეულ მოსარჩელეზე (კრედიტორზე) გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2003წ. 11 მარტს საჩხერის რაიონის გამგეობამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და სსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება დაფინანსების წყაროს მითითებით. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა “... ბანკის” საჩხერის ფილიალში წარადგინა საინკასო დავალება საჩხერის რაიონის გამგეობის ანგარიშიდან 66597 ლარის გადახდევინების თაობაზე. ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტის წყაროებისა და ხარჯების საფუძვლები მოცემულია “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” ორგანულ კანონსა და “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონში, რომელთა შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში მუხლობრივად არის გათვლილი პედაგოგების, საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები და სხვა აუცილებელი ხარჯები, ამიტომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 66597 ლარის ჩამოწერა ანგარიშიდან გამოიწვევს საჩხერის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის პარალიზებას, რის გამოც საჩხერის რაიონის გამგეობამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება, თუ დაფინანსების რომელი წყაროდან უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით საჩხერის რაიონის გამგეობის ანგარიშზე 2003წ. 3 თებერვალს წარმოდგენილი საინკასო დავალების მოქმედება შეჩერებულია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინებით საჩხერის რაიონის გამგეობის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ განმარტების გზით გადაწყვეტილების აღსრულების დაფინანსების წყაროს განსაზღვრა გამოიწვევდა გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, რამეთუ მითითებული გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის გადახდა. ამასთან, განხილული დავის საგანს არ წარმოადგენდა თანხის დაფინანსების წყაროს განსაზღვრა.
გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საჩხერის რაიონის გამგეობის მიერ, რომელმაც განჩინების გაუქმებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა გადახდის წყაროს განსაზღვრით. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იგი არ ითხოვს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, არამედ სურს გადაწყვეტილების აღსრულებისას საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების შესაბამისი პუნქტების გამოყენების მითითება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ნოემბრის განჩინებით საჩხერის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად შემდეგი საფუძვლით გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში:
სააპელაციო პალატის აზრით, კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან იგი შემოტანილია გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს, საჩხერის რაიონის გამგეობას, ჩაბარდა 2003წ. 27 ოქტომბერს, ხოლო კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2003წ. 17 ნოემბერს, ე.ი. 12 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სააპელაციო პალატა კერძო საჩივარს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ თვლის, რადგან მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების განმარტების გზით დაფინანსების წყაროს განსაზღვრა გამოიწვევს სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, რაც დაუშვებელია.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაშვებობის შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის რაიონის გამგეობის კერძო სჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას საჩხერის რაიონის გამგეობის კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ. საფოსტო გზავნილის მიხედვით დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ საჩხერის რაიონის გამგეობას ჩაბარდა 2003წ. 27 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ საჩხერის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განჩინებაზე ფოსტაში ჩააბარა 2003წ. 7 ნოემბერს, ე.ი. გაჩინების მიღებიდან მე-11 დღეს, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს საჩხერის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი ფოსტით ჩაბარდა 2003წ. 17 ნოემბერს.
სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: “საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდააოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდააოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება”. ვინაიდან საჩხერის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განჩინებაზე საჩხერის ფოსტაში ჩააბარა 2003წ. 7 ნოემბერს, ე.ი. გასაჩივრებული განჩინების მიღებიდან მე-11 დღეს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვადის გადაცილების გამო, კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრება არასწორია და კერძო საჩივარი დასაშვებია, რადგან იგი შეტანილია სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში;
2. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არ დააკმაყოფილა საჩხერის რაიონის გამგეობის განცხადება ამავე სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, ვინაიდან განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელე ფიზიკური პირების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ზიანის ანაზღაურებისათვის წყაროს განსაზღვრა სასამართლოში დავის საგანი არ გამხდარა. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას დაფინანსების წყაროს განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ამგვარი განმარტება არსებითად გამოიწვევს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, რაც სსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია. ამასთან, საყურადღებოა, რომ საჩხერის რაიონის გამგეობას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება, ზიანის ანაზღაურების თანხების დაფინანსების წყაროს განსაზღვრის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო პალატა, მართალია, უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრების ვადის გადაცილების მოტივით საჩხერის რაიონის გამგეობის კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, მაგრამ მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად უთხრა გამგეობას უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისისა და 21 ნოემბრის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჩხერის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისისა და 21 ნოემბრის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.