Facebook Twitter
№ას-572-572-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.ი–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში აღრიცხვა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


1. ნ.ი–ი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, მჩუქებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელესა და მ.ი–ს (შემდეგში - მოპასუხე, დასაჩუქრებული) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, გაჩუქებული ნივთის კვლავ მჩუქებლის საკუთრებაში აღრიცხვისა და უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვის შესახებ მჩუქებლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 130-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ მოთხოვნის წარმოშობის დროდ მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო უფლების დარღვევის თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში კი, მან სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გაუუარესდა და უსახლკაროდ დარჩა. ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს, კასატორის განმარტებით, მისი მდგომარეობის გაუარესებას ვერ განჭვრეტდა და, ამდენად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა 1995 წლიდან, როდესაც ჩუქების ხელშეკრულება დაიდო, არასწორია, ვინაიდან კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ზიანს აყენებს მჩუქებელს.

2.2. კასატორის მტკიცებით, ის გარემოება, რომ მშობლების მოსავლელად მას მოუწია ვალის აღება, ხოლო მოგვიანებით დამატებით საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებამ უბიძგა საცხოვრებელი სახლის გაყიდვისკენ, სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე, ამართლებს დასაჩუქრებულისგან გაჩუქებული უძრავი ნივთის გამოთხოვას. კასატორის განმარტებით, ნივთს კვლავ დასაჩუქრებული განაგებს, ხოლო ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რა ვითარებაშიც ბოლო წლებში აღმოჩნდა, მისი ბრალით, ხელოვნურად არ არის გამოწვეული, შესაბამისად, გამოკვეთილია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გაჩუქებულ ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნების წინაპირობები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 1995 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ქ. გორში, ...... მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდით №......), (შემდეგში - სადავო ქონება) კუთვნილი - 1/2 წილი მოპასუხეს აჩუქა.

5.2.2. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დასაჩუქრებული ნაჩუქარი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. მოგვიანებით მან სხვა მესაკუთრეთაგან ქონების დარჩენილი ნაწილიც შეისყიდა და მითითებული უძრავი ნივთის ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა.

5.2.3. მოსარჩელე მშობლებთან ერთად ქ. გორში, ..... მდებარე საცხორებელ სახლში ცხოვრობდა. მოსარჩელეს ეს ქონება მამამ 2003 წელს აჩუქა. მოსარჩელემ იგი მოგვიანებით გაასხვისა.

5.2.4. 2014 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ საცხოვრებლად დაიქირავა ქ. გორში, ....... არსებული საცხოვრებელი სახლის სამეურნეო ფართი, თვეში 120 ლარად.

5.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის მიმართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

5.2.6. მოსარჩელე 2015 წლის 1 ივნისიდან ააიპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკ „ა.ბ–ში“ დასაქმდა. მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 250 ლარს შეადგენს.

5.2.7. მოსარჩელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 14 ივნისამდე 3000 (სამი ათასი) ლარი, ხოლო დაკავებულმა გადასახადმა 600 (ექვსასი) ლარი შეადგინა.

5.2.8. 2017 წლის 22 მარტს გაცემული ცნობის №48/257 თანახმად, მოსარჩელის ფინანსური ვალდებულება სს „ს.ბ–ში“ - №2750235 კრედიტზე 4 868.72 ლარს, ხოლო №816488 კრედიტზე - 700.72 ლარს შეადგენდა.

5.2.9. 2017 წლის 22 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის დავალიანება სს „კ.ბ–ის“ მიმართ 1095,72 აშშ დოლარს შეადგენდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ნივთის კვლავ მჩუქებლის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 530-ე (1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში), 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) დანაწესიდან გამომდინარეობს, ამასთან სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი შესრულებული იქნება ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები და დავაზე არ გამოიკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველი ან შემაფერხებელი გარემოებები.

7. ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შემდეგი წინაპირობები უნდა იყოს შესრულებული:

ა) ჩუქების შემდგომ მჩუქებელი ისეთ მძიმე მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, რომ მას არ შეეძლოს საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. ამასთან, მძიმე მდგომარეობა არ უნდა იყოს მჩუქებლის განზრახ ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული;
ბ) გაჩუქებული ნივთი რეალურად უნდა არსებობდეს და მას კვლავ დასაჩუქრებული უნდა განკარგავდეს;
გ) საჩუქრის დაბრუნებამ/უკუგამოთხოვამ დასაჩუქრებული არ უნდა ჩააყენოს მძიმე მდგომარეობაში;
დ) სახეზე უნდა იყოს დასაჩუქრებულის გამდიდრება მჩუქებლის ხარჯზე.

7.1. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მჩუქებელმა ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება, კერძოდ კი, ჩუქების შემდეგ მისთვის ისეთი მძიმე ეკონომიკური პირობების შექმნა, რაც დაადასტურებდა, რომ მას არ შეეძლო საკუთარი თავის რჩენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მჩუქებელი დასაქმებულია და აქვს საკუთარი შემოსავლის წყარო. მჩუქებელმა ამ სამართალწარმოების პროცესში დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, რომ ის ამ შემოსავლის მიუხედავად, ისეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რაც ჩუქების გაუქმების წინაპირობის არსებობის თაობაზე სასამართლოს საფუძვლიან ვარაუდს შეუქმნიდა. მჩუქებელმა საკუთარი მძიმე მდგომარეობის დასაბუთების მიზნით, ბანკის წინაშე ვალდებულებების არსებობაზე და, დაგროვილი ვალებისა და მშობლების მკურნალობაზე გაწეულის ხარჯების გამო, მის საკუთრებაში რიცხული ბინის გაყიდვის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. საკასაციო პალატის განსჯით, საბანკო ვალდებულებების არსებობა ცალკე აღებული არ ნიშნავს პირის ყოფის მკვეთრ გაუარესებას და ეს ფაქტი სხვა გარემოებებთან ერთობლობაში უნდა მიანიშნებდეს მომჩივანის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. როგორც აღინიშნა კასატორი მიუთითებს, რომ მას მშობლების მოვლა-პატრონობასა და მათ მკურნალობაზე გაწეული ხარჯების გამო დაუგროვდა დავალიანება, რამაც საცხოვრებელი სახლის გასხვისება აიძულა. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. მოსარჩელეს ამ დავის ფარგლებში საქმეზე არ წარმოუდგენია არც ბინის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის და არც მშობლების მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯებისა და ბინის გასხვისებამდე მისი ფინანსური ვალდებულებების ამსახველი დოკუმენტაცია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ერთი მხრივ, დეტალურად გამოეკვლია მჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების გარემოება და, მეორე მხრივ, თუკი გამოვლინებოდა მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, შეეფასებინა ამ გარემოების გამომწვევი მიზეზები, უფრო კონკრეტულად, ეს ვითარება ხომ არ იყო განპირობებული მჩუქებლის ბრალეული (განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით) მოქმედებით. შესაბამისად, მტკიცებულებათა უკმარისობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში ვერ დაადასტურა სსკ-ის 530-ე მუხლით განსაზღვრული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობების არსებობის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.

8. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო ჩუქების ხელშეკრულება 1995 წელს დაიდო, რომლის გაუქმების მოთხოვნით, მჩუქებელმა სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს, ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან 21 წლის შემდეგ მიმართა,რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს სარჩელის უარყოფის სხვა საფუძველიც, კერძოდ, მოთხოვნა ხანდაზმულია.

9. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, „სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა“. სამოქალაქო ურთიერთობების მთავარ ღირებულებას წარმოადგენს რა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებათა განხორციელება, კერძოდ, უფლების სასამართლო წესით დაცვა შეზღუდულია განსაზღვრული დროით. ეს ვადები განსხვავებულია იმისდა მიხედვით თუ რა სახის მოთხოვნას აყენებს მოსარჩელე, ხანდაზმულობის საერთო ვადა კი, 10 წელს შეადგენს. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია, გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.

10. სსკ-ის 530-ე მუხლი, რომელიც მჩუქებელს მისი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გათვალისწინებით, გაჩუქებული ნივთის უკუგამოთხოვის უფლებით აღჭურავს, ამგვარი მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე სპეციალურ ვადას არ განსაზღვრავს (განსხვავებით სსკ-ის 529-ე მუხლისგან), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მითითებული საფუძვლით ჩუქების გაუქმების მოთხოვნაზე სარჩელის ხანდაზმულობის ინსტიტუტი საერთოდ არ ვრცელდება და მჩუქებელს უფლება აქვს, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ ნებისმიერ დროს მოითხოვოს ჩუქების გაუქმება, თუკი მისი ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება (აღარ ექნება საცხოვრებელი და შემოსავალი). ამგვარი მიდგომა სამოქალაქო ურთიერთობების სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია და კანონმდებლის ნებიდან არ გამომდინარეობს. სამოქალაქოსამართლებრივი მიდგომის თანახმად, იმ მოთხოვნებზე, რომელთა მიმართ კანონმდებელი სპეციალურ ვადას არ განსაზღვრავს, ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მივიჩნევდით, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის მოწესრიგებას დაქვემდებარებულ ჩუქების გაუქმების შემთხვევაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, გაჩუქებულ ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნების სასარჩელო მოთხოვნაზე, მაინც გავრცელდებოდა ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა, ვინაიდან, საჩუქარზე საკუთრების უფლების უკუქცევა - ქონებაზე კვლავ მჩუქებლის საკუთრების უფლების დაბრუნება, შესრულების კონდიქციური ვალდებულების (სსკ-ის 976.1 "ა" ქვეპუნქტისა და 979.1. მუხლების) ფარგლებში მიიღწევა, ამ სახის ვალდებულებებიდან წარმოშობილ ურთიერთობებეზე კი, ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა ვრცელდება (შდრ. სუსგ. საქმე N 685-639-2017, 22 დეკემბერი, 2017 წელი, საქმე N ას-761-729-2016, 31.01.2017 წელი).

11. სარჩელის ხანდაზმულობის შეფასების მიზნებისთვის განმსაზღვრელია ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილი, ანუ ნორმის შემფარდებელმა რა მოვლენას უნდა დაუკავშიროს ხანდაზმულობის ვადის დენის საწყისი. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ვადის ფარგლები იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ჩუქების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულად იქნეს მიჩნეული, თუკი ნაჩუქარი ნივთის გადაცემიდან გასულია 10 წელი (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ზ.ძლიერიშვილი, 24 მაისი, 2016. http://www.gccc.ge/wpcontent/ uploads/2016/05/Artikel-530.pdf.სსკ-ის 530-ე მუხლის კომენტარი). საკასაციო პალატა იზიარებს, ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, რაც მჩუქებლის სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, მაშინაც კი, თუკი შესრულებული იქნებოდა სსკ-ის 530-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.

12. ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა საჩუქრის გადაცემიდან თავად სსკ-ის 530-ე მუხლში გაცხადებული დანაწესისა და მისი სამართლებრივი შედეგის სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მჩუქებლის ნამდვილი ნების საფუძველზე, მას სურს ნივთის დასაჩუქრებულისათვის გადაცემა, ხოლო შემდგომში ნივთის უკუგამოთხოვის მოთხოვნა განპირობებულია არა დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის უფლების ხელყოფით, არამედ მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის იმგვარი დამძიმებით, რაც ჩუქების უსასყიდლო ბუნების გათვალისწინებით, ამართლებს ნივთის მჩუქებლის საკუთრებაში დაბრუნებას, ისიც მაშინ, თუ გამოირკვევა, რომ ნივთის მჩუქებლისათვის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. სსკ-ის 130.1 მუხლი (ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.) ხანდაზმულობის ვადის ათვლას უფლების ხელყოფას და უფლების ხელყოფის თაობაზე კრედიტორის ინფორმირების დროს უკავშირებს, რაც სსკ-ის 530-ე მუხლის შემადგენლობას არ მიესადაგება. სსკ-ის 130.1 მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენის ბმა დროსთან, როდესაც პირმა შეიტყო უფლების დარღვევის თაობაზე, ემსახურება მიზანს - დამრღვევს ჰქონდეს მოლოდინი, რომ, თუკი ის არ შეასრულებს ვალდებულებას ან ხელყოფს სხვის რომელიმე სამოქალაქო უფლებას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი კრედიტორი უფლების დარღვევის თაობაზე შეტყობიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დაცვით სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იკვეთებოდეს ერთი პირის დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის წინააღმდეგ მეორე პირის მოქმედება ან უმოქმედობა. სსკ-ის 530-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში მჩუქებლისა და დასაჩუქრებულის სამართლებრივი მდგომარეობის წონასწორობისა და ბალანსის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მჩუქებლის განკარგვის სფეროდან ნივთის დასაჩუქრებულის განკარგვის სფეროში გადასვლას, ნივთის გადაცემას უნდა დაუკავშირდეს, ვინაიდან ნივთის გამოთხოვის მიზანი ემსახურება ნივთის გაჩუქებით განცდილი დანაკლისის უკუგებას მძიმე მატერიალური ყოფის ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავისი არსით, მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა ერთბაშად არ ხდება, ეს ხანგრძლივი პროცესია და ერთი კონკრეტული მომენტის განსაზღვრა ამ საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გასაუქმებლად ერთმნიშვნელოვნად განჭვრეტადი არაა, რაც კიდევ უფრო ასაბუთებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის სამართლებრივ კავშირს საჩუქრის გადაცემის აქტთან. ამასთან, გაუმართლებელია დასაჩუქრებულს მუდმივად ჰქონდეს მოლოდინი მჩუქებლის მდგომარეობის გაურესების შემთხვევაში საჩუქრის უკუგამოთხოვის თაობაზე.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ.თოდუა




მოსამართლეები: პ.ქათამაძე




ე.გასიტაშვილი