საქმე №ას-186-2021 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 2152,63 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №718 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიეწოდებინა სხვადასხვა საკვები პროდუქტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 ოქტომბრისა.
3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ: საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 12 დეკემბერს, 50 კალენდარული დღის დაგვიანებით; საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით; საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით; წ–ის ბაზაზე, საკვები პროდუქტები 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 4 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო თანხის – 1 423,70 ლარის 1,8%-ის ოდენობით, რაც, თანხობრივად, შეადგენს 2152,63 ლარს (1423,70*1,8% * (50+11+11+12). მოპასუხეს ამ დრომდე დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის პროდუქტის მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. რ–ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 148.06 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №718 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 ოქტომბრისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტები მიეწოდებინა.
9. მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაირღვა, კერძოდ, საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 12 დეკემბერს, 50 კალენდარული დღის დაგვიანებით; საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით; საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით; წ–ის ბაზაზე, საკვები პროდუქტები 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 4 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით.
10. შესაბამისად, ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის მოპასუხე მხარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო თანხის – 1 423,70 ლარის 1,8%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება დაეკისრა, რაც 2152,63 ლარს შეადგენდა. მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ მომხდარა.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულების შესრულება 52 დღის დაგვიანებით განახორციელა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივად ნასყიდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 477-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ აპელანტი სადავოდ ხდიდა მოპასუხის მიერ, შემკვეთის ბრალეული მოქმედების გარეშე, ვალდებულების შესრულების ვადის 82 დღით გადაცილებასა და აღნიშნული ვადაგადაცილების რ–ის საქალაქო სასამართლოს მიერ 52 დღემდე არასწორად შემცირებას.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნული პრეტენზია არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №718 ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხეს საკვები პროდუქტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მიეწოდებინა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად კი, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, პროდუქტის ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა წარმოედგინა.
15. საქმის მასალებში არსებული შპს „ე–ის“ დირექტორის ცნობიდან ირკვევა, რომ ტომატპასტისა და ტყემლის საწებელის სრული ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად 12-14 კალენდარულ დღე, ხოლო ძმარის, წიწაკისა და საკაზმ-სანელებლების ლაბორატორიული კვლევისთვის 6-7 კალენდარული დღეა საჭირო.
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო დათქმა, რომელიც არაორაზროვნად მიუთითებდა ლაბორატორიული დასკვნის მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენის თაობაზე და, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების 5-დღიანი ვადა, რომელიც ლაბორატორიული კვლევის დადგენილ დროზე ნაკლებია, ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის მისაწოდებელ პროდუქციაზე, სავალდებულო წესით ლაბორატორიული კვლევის ჩატარების ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.
17. ფაქტობრივი გარემოება, რომ შემსრულებელმა პროდუქტის მიწოდება ნამდვილად განხორციელა, საქმის მასალებში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებითა (ელ-03374244...) და ავტომანქანის UU6.... მძღოლის განმარტებითაა დადასტურებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ და იმის დასადასტურებლად, რომ შემსრულებელს ვალდებულება დათქმულ დროს არ შეუსრულებია, აპელანტი მიუთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რაიონული სამმართველოს რ–ის განყოფილებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 19 ოქტომბრიდან ავტომანქანის UU6.... მძღოლის ბაზაზე შესვლისა და გამოსვლის 4 ფაქტი ფიქსირდება, თუმცა შესვლა-გასვლის დროის ზუსტი დაფიქსირება ჟურნალში არ მომხდარა.
18. ის გარემოება, რომ აპელანტი ვერ განმარტავს, თუ რატომ და რა მიზნით მოხდა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანისა და მისი მძღოლის ხელშეკრულების შესრულების ადგილზე მისვლა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლის მისვლის თარიღი სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის პერიოდში განხორციელდა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქმნის პრეზუმფციას, რომ ამ დროს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება მოხდა, თუმცა, ლაბორატორიული დასკვნის არარსებობის გამო, აპელანტმა შესრულების მიღება არ განახორციელა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგინდა, რომ ხელშეკრულებით მხარეთა შორის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების ვალდებულება არ იყო გათვალისწინებული და დადგინდა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ 5-დღიან ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულების შესრულება სცადა, სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის დასკვნას, რომ ვადაგადაცილების ის პერიოდი, რომელიც მხარეს არასავალდებულო ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად დასჭირდებოდა ვადადარღვევად ვერ შეერაცხება და მის გამო პასუხისმგებლობაც ვერ დაეკისრება.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, მას შემდეგ, რაც მოპასუხითვის ცნობილი გახდა, რომ ლაბორატორიული ანალიზის გარეშე პროდუქტების მიწოდებას ვერ განახორციელებდა, მან მოსარჩელეს პროდუქტები მიაწოდა არა იმ ვადაში, რასაც ლაბორატორიული ანალიზი საჭიროებდა (მაქსიმუმ 14 დღე), არამედ ამ ვადაზე გაცილებით გვიან, კერძოდ, მოპასუხემ რ–ის ბაზაზე პროდუქტები 2017 წლის 12 დეკემბერს - 43 დღის დაგვიანებით, ა–ში და ც–ის ბაზაზე 2017 წლის 3 ნოემბერს - 4-4 დღის დაგვიანებით და წ–ის ბაზაზე 2017 წლის 4 ნოემბერს - 5 დღის დაგვიანებით მიაწოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სწორედ ეს პერიოდია ის ვადა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევად უნდა განისაზღვროს.
20. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 148,06 ლარამდე მართებულად შემცირდა.
21. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
22. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიუწოდებლობისათვის, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო თანხის 1,8%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.
23. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების საერთო თანხიდან გამოთვლა არ ეწინააღმდეგება კანონს და სასამართლოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან გამოანგარიშების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
24. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა სტანდარტულ სასესხო ვალდებულებით გამოწვეული პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევისგან განსხვავებულია და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებულ გარიგებას წარმოადგენს, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე http://www.procurement.gov.ge/News/recomendacia-pirgasamtexlo.aspx.) რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა რიგ შემთხვევებში არაპროპორციულად მაღალია. ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი უნდა დაიცვან და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, გაითვალისწინონ იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ობიექტურ რისკებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე მცირდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მყარი სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული (იხ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე №ას-896-846-2015, http://prg.supremecourt.ge/, შდრ. სუსგ. 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება). შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სააგენტომ შემდეგი სახის რეკომენდაცია გასცა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციას: შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
25. სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
26. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის და ხელშეკრულების სრული ღირებულების 1,8%-ის ოდენობითაა შეთანხმებული. ამასთან, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არა მხოლოდ, რეკომენდაციების შეუსაბამოა, არამედ ამგვარი ოდენობით განსაზღვრის შედეგად მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც სადავო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1423,70 ლარი იყო, ხოლო მოპასუხისთვის ვადის გადაცილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ 2152,63 ლარი შეადგინა, რომლის არაგონივრულობაც შინაარსობრივი კვლევის გარეშეც კი ნათელია. ამიტომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა რ–ის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის განმავლობაში უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით გადახდა, რაც, ნაცვლად 1,8%-ისა, 0,2%-ის ოდენობით უნდა განისაზღვროს და 52 დღეზე უნდა გამრავლდეს (სულ 148, 06 ლარი).
27. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის მცირე ვადა, ასევე მოგების ის მარჟა, რომელსაც მოპასუხე კომპანია ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში იღებდა, ამასთან, გაეცნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
28. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
29. სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა და პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი გააჩნდა, თუმცა, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა მხოლოდ 52 დღის ვადით დადგინდა. ასევე საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გამოთვლილიყო 82 დღის დაგვიანებისთვის და პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1,8%-ით უნდა განსაზღვრულიყო.
30. მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით, შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა მხარემ ვერ გასწია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესს. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი. მოცემულ შემთხვევაში სუბიექტურ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ გაცნობიერებულად ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადასახდელ ოდენობას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულის 1,8%-ის ოდენობით. ობიექტურ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ მოპასუხე ვერ აწვდიდა მოსარჩელეს საკვებ პროდუქტებს.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
36. 2017 წლის 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №718 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 ოქტომბრისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტები მიეწოდებინა.
37. მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაირღვა, კერძოდ, საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 12 დეკემბერს, 50 კალენდარული დღის დაგვიანებით; საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით; საკვები პროდუქტები, 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით; წ–ის ბაზაზე, საკვები პროდუქტები 2017 წლის 23 ოქტომბრის ნაცვლად, მიაწოდა 2017 წლის 4 ნოემბერს, 11 კალენდარული დღის დაგვიანებით.
38. შესაბამისად, ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის მოპასუხე მხარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო თანხის – 1 423,70 ლარის 1,8%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება დაეკისრა, რაც 2152,63 ლარს შეადგენდა. მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ მომხდარა.
39. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულების შესრულება 52 დღის დაგვიანებით განახორციელა.
40. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული და სათანადოდ არ გამოიკვლია პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
43. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
44. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების, ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
45. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
46. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
47. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
48. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
51. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
52. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
53. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
54. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით (სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით) აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
55. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
56. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020).
60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
61. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომელიც შეეხება მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების პერიოდის შემცირებას.
62. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
65. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი