ას-1733-2019 28 ივლისი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ს.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ო.ჩ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გაჩუქებული ნივთის დაბრუნება და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ჩ–ი (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, დასაჩუქრებული) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ო.ჩ–ის (შემდეგში მოსარჩელე, მჩუქებელი, ბებია) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული, ქ. თბილისში, გლდანის მასივში, ..... კორპუსში მდებარე N54 ბინის (ს/კ #.....) (შემდეგში - ჩუქების საგანი, სადავო ქონება) ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე აღდგა მჩუქებლის საკუთრების უფლება. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხესა და შპს "კ–ს" შორის 2016 წლის 23 დეკემბრისა და 2017 წლის 22 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლისათვის შეურაცხყოფის მიყენებისა და უმადურობის გამოჩენის ფაქტი, ვინაიდან მას მჩუქებლისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კასატორის განმარტებით, მას სურდა ნაჩუქარი ბინის გაყიდვა, რის გამოც კონფლიქტი მოუვიდა მამასთან. დაპირისპირებას შეესწრო მჩუქებელიც, რომელიც ნერვიულობის გამო შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. კასატორის მოსაზრებით, ქონების ჩუქების დროს დასაჩუქრებულს აქვს მოლოდინი, რომ ქონებას თავისუფლად განკარგავს, როგორც სრულუფლებიანი მესაკუთრე. შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა გაესხვისებინა სადავო ბინა. ამასთან, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ სარჩელის აღძვრამდე საკმაო დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ სურვილის შემთხვევაში ქონება გაესხვისებინა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ სურდა მისი ოჯახის წევრები დარჩენილიყვნენ ღია ცის ქვეშ, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავა. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარის მტიცება, რომ მას სურდა ოჯახის უსახლკაროდ დატოვება, საფუძველს მოკლებულია.
2.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა იმ მოწმეთა (დედის,დის, მამისა და ბიძის) ჩვენება, რომელთან ერთადაც ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობდა, ვინაიდან ამ პირებთან კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა და ისინი დაინტერესებული იყვნენ მოპასუხისათვის არასასურველი ჩვენების მიცემით. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენება (მამიდისა და მამიდაშვილის), რომლებიც ოჯახში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას პირადად არ შესწრებიან, თუმცა მოსარჩელესთან სატელოფონო კომუნიკაციის ფარგლებში ფლობდნენ ინფორმაციას მოპასუხის ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაციის თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2016 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დასაჩუქრებულის სახელზე აღირიცხა (ტომი 2, ს.ფ. 28-31).
5.2.2. 2016 წლის 23 დეკემბერს დასაჩუქრებულსა და შპს "კ–ს" შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად მიიღო 4500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჩუქების საგანი. 2017 წლის 22 თებერვალს დასაჩუქრებულმა დამატებით სესხად მიიღო 2500 აშშ დოლარი.
5.2.3. დასაჩუქრებული სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა საკუთარ მამას, მჩუქებლის შვილს, ამ უკანასკნელის თანდასწრებით. მჩუქებელი მწვავედ განიცდიდა მისი შვილის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მას სულიერ ტკივილს აყენებდა და მის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახებოდა. მჩუქებლის არაერთი თხოვნის მიუხედავად, დასაჩუქრებული აგრძელებდა მჩუქებლის შვილის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მჩუქებლის თანდასწრებით.
6. მოსარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების გამოთხოვაა იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებულმა მჩუქებლის ახლო ნათესავს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. ამ მოთხოვნის საფუძველს სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ), 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) წარმოადგენს.
7. მჩუქებლის უფლება უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინებას. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება კი არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (იხ. ზ.ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელვერსია (gccc.ge), მუხლი 529, ველი 1, 2).
8. სსკ-ის 529.1 მუხლის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათასავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასსა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ვალდებულებით სამართალურთიერთობას. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ შეურაცხყოფა შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ ქმედებაში, მაგალითად, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნაში, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფაში (იხ. ზ.ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელვერსია (gccc.ge), მუხლი 529, ველი 15, 17).
9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გაანალიზებისა და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განამაპირობებელი წინაპირობის არსებობა. კერძოდ, სამართალწარმოების პროცესში საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხული მოპასუხის დედის, დისა და მამის ჩვენებებით დასტურდება, რომ, ჩუქების საგნის მიღების შემდეგ, დასაჩუქრებულს მამასთან (მჩუქებლის შვილთან) მწვავე კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა, რასაც თან სდევდა ამ უკანასკნელის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მჩუქებლის თანდასწრებით. დადგენილია, რომ მჩუქებელი მწვავედ განიცდიდა მისი შვილის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მას სულიერ ტკივილს აყენებდა და მის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახებოდა. ამასთან, მჩუქებლის არაერთი თხოვნის მიუხედავად, დასაჩუქრებული აგრძელებდა მჩუქებლის შვილის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მჩუქებლის თანდასწრებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მის მიერ მოწვეული მოწმეების (მამიდისა და მამიდაშვილის) ჩვენებები, რომლებიც გამორიცხავდა ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს მის მიერვე მითითებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასახელებული მოწმეები ფაქტის თვითმხილველები არ იყვნენ და ინფორმაციას მხოლოდ მოპასუხისგან ფლობდნენ. ასეთ ვითარებაში, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, თუ რატომ უნდა მიენიჭებინა სასამართლოს უპირატესობა მოპასუხის მოწმეთა ჩვენებებისათვის, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მოწმეები ფაქტის უშუალო თვითმხილველები იყვნენ.
10. ზემოხსენებულ პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია დასკვნისათვის, რომ დასაჩუქრებულმა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მჩუქებლის ახლო ნათესავს (შვილს), რადგან სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის შვილის მიმართ არაერთგზის გამოვლენილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულია სსკ-ის 529.1 მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობა, რაც ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მჩუქებელს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნება. ამასთან, რაკი დადგენილია, რომ გაჩუქებული ქონება ისევ დასაჩუქრებულის საკუთრებაში იმყოფება (ანუ არსებობს დასაჩუქრებულის გამდიდრების ფაქტი), გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მჩუქებელს სწორად დაუბრუნდა საკუთრების უფლება ნაჩუქარ ნივთზე.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ, საქმე Nას-1011-954-2015,18.03.2016 წელი).
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო 2300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 09.01.2020;) 70% – 1610 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ს.ჩ–ს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 09.01.2020;) 70% – 1610 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი