Facebook Twitter
საქმე №ას-189-2020 20 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.კ.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2018წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.კ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.


2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 30.12.2013წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №991 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველის სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებაზე.

2.2. ხელშეკრულების 15.1 პუნქტით, მიმწოდებელს მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულების (კერძოდ: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) გამო ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა.

2.3. 05.02.2014წ. №911-3 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს. ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.03.2014 წლის - სინჯის (ნიმუშის) აღების შესახებ აქტითა და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის 11.04.2014წ. #00161214 დასკვნით.

2.4. 22.05.2014წ. №911-4 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს; ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი აქტზე ხელმოწერით.

2.5. 22.05.2014წ. №911-5 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს; ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი აქტზე ხელმოწერით.

2.6. 22.05.2014წ. №911-6 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს; ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი აქტზე ხელმოწერით.

2.7. 22.05.2014წ. №911-7 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს; ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი აქტზე ხელმოწერით.

2.8. 22.05.2014წ. №911-8 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს; ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი აქტზე ხელმოწერით.

2.9. 27.06.2014წ. №911-9 აქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 000 ლარს; ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.05.2014 წლის №1003046614 - სინჯის (ნიმუშის) აღების შესახებ აქტითა და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის 12.06.2014წ. №002965814 დასკვნით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. 05.02.2014წ. №911-3 აქტი უსაფუძვლო, ხოლო მის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო - შეუსაბამოდ მაღალია. ექსპერტის დასკვნაში მითითებულ ზოგ ნიმუშს საკვლევად წარდგენის დროს შენახვის ვადა ამოწურული ჰქონდა. ინგრედიენტები მუშავდება წყლით, რომელიც შესაძლოა, იყოს დაბინძურების წყარო. სინჯები აიღო მოპასუხის პერსონალმა არასტანდარტულ ქილებში, რომელთა სტერილიზაცია მიმდინარეობს კუსტარულად, რაც ასევე შესაძლებელია, იყოს ნიმუშის დაბინძურების მიზეზი.

3.2. 22.05.2014წ. №911-4 აქტი უსაფუძვლოა, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო - შეუსაბამოდ მაღალი. კარაქი საკვებად არ გაიცა შეგნებულად. გეგმური ლაბორატორიული შემოწმებით გამოვლინდა, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადებით მოთხოვნილ სპეციფიკაციებს. პროდუქტის ჩანაცვლება დაკავშირებული იყო ვადებთან, რის შესახებ მოსარჩელე წერილობითი ფორმით იყო ინფორმირებული. მოპასუხემ №911-8 აქტთან დაკავშირებით იდენტური გარემოებები და დასაბუთება მიუთითა;

3.3. 22.05.2014წ. №911-5 აქტი უსაფუძვლოა, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო - შეუსაბამოდ მაღალი. არმიის დღე სპეციფიკური (პროფესიული) დღესასწაულია და არა საყოველთაო დღესასწაული, იგი არ არის აღნიშნული არცერთ კალენდარში, არც შრომის კანონმდებლობაში. მოპასუხისათვის ამ დღესასწაულის თარიღი უცნობი იყო, არც თავად მოსარჩელის უფლებამოსილ პირებს შეუტყობინებიათ ამ დღესასწაულის შესახებ, არც სადღესასწაულო მენიუ არ მოუთხოვიათ და ყოველკვირეული მენიუ ჩვეულებისამებრ შეთანხმდა სამხედრო ბაზების მეთაურებთან, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით. რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოთქმულა. 22.05.2014წ. №911-6 და №911-7 აქტები ასევე არმიის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო მენიუს მოუმზადებლობის ფაქტს უკავშირდება და მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები და დასაბუთება იდენტურია.

3.4. 27.06.2014წ. №911-9 აქტი უსაფუძვლოა, დაკისრებული პირგასამტეხლო - შეუსაბამოდ მაღალი. კ–ის სასწავლო ცენტრის საწვრთნელი ბაზის ,,ა–ი “ სასადილო არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია სურსათისა და მზა კერძების უვნებლობის მოთხოვნების დაცვისათვის. გასათვალისწინებელია, რომ სასადილოში მზადდება სალათები, რომელთა ინგრედიენტები მხოლოდ ირეცხება და საჭმელად გაიცემა თერმული დამუშავების გარეშე. სამზარეულო ჭურჭელი ირეცხება წყლით, სინჯის ასაღები ჭურჭელი კი - იხარშება. შესაბამისად, წყლის დაბინძურების გამო კერძებისა და სინჯების გაჭუჭყიანების ალბათობა მაღალია.

3.5. ე.წ. დარღვევების საფუძველზე პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე დაანგარიშება არასწორია, უნდა დაფიქსირებულიყო მხოლოდ ერთ აქტში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2018წ. გადაწყვეტილებით:
4.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
- №911-3 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა;
- №911-4 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა;
- №911-8 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა;
- №911-9 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა;
4.3. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ:
- №911-3 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- №911-4 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- №911-8 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- №911-9 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- №911-5 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- №911-6 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- №911-7 აქტში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე -მოპასუხემ:

5.1. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5.2. მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2018წ. განჩინებით - მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. 30.12.2013წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №911 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება.

6.2. ხელშეკრულების 8.1.4 და 8.1.5 პუნქტების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ჯანსაღი საკვებით ორგანიზების (მომსახურების) და საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება 6.1.1. პუნქტში მითითებული პირების მეშვეობით. პირად შემადგენლობაზე მომზადებული საკვების გაცემამდე ერთი საათით ადრე ქვედანაყოფის ექიმი უფლებამოსილი იყო, შეემოწმებინა საკვების ხარისხი და გაეკეთებინა შესაბამისი ჩანაწერი კონტროლის წიგნში.

6.3. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, 01.02.2006წ. №31 და 20.06.2013წ. №629 ბრძანებებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული მენიუ-განწილვის ფორმის შესაბამისად წარედგინა შემსყიდველისათვის ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, რომელსაც ამტკიცებდნენ 6.1.1. პუნქტში მითითებული პირები.

6.4. ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - 10 000 ლარი.

6.5. №911-4 და №911-8 აქტებთან მიმართებით პალატამ მიუთითა ხელშეკრულების მე-13 პუნქტზე, რომელიც განამტკიცებს ხელშეკრულების შესრულების შეფერხების დროს მხარეთა ქცევის წესს (შეფერხების შეტყობინებასა და პასუხის გაგზავნას). 13.2 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით. მხოლოდ ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში არ დაეკისრებოდა მოპასუხეს პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა მხარეთა შორის კარაქის მოწოდების ვადის გაგრძელების შესახებ რაიმე შეთანხმების არსებობა.

6.6. №911-3 და №911-9 აქტებთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2014წ. და 12.06.2014წ. დასკვნებით დადასტურდა კონკრეტული ნიმუშების დადგენილ პარამეტრებთან შეუსაბამობა, ისინი უვარგისი იყო საკვებად მოხმარებისთვის. ნიმუშები აიღო მოპასუხემ, რაც მას მიწოდებული პროდუქტის ხარისხზე გარანტიის დასადასტურებლად ესაჭიროებოდა. ხარისხის კონტროლისათვის მოპასუხე სისტემატიურად იღებდა სინჯებს და მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ამ სინჯებზე შეიძლება ჩატარებულიყო კვლევა. შესაბამისად, მოპასუხისათვის ნათელი იყო მისი წარმომადგენლების მიერ კონკრეტული მოქმედების (სინჯების აღების) საჭიროება და მიზანი. უხარისხო პროდუქციის გამოვლენის შემდგომ იმაზე მითითება, რომ მას არ გააჩნდა სათანადო სტერილიზაციის მექანიზმები, არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას.

6.7. №911-5, №911-6, №911-7 აქტებთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძების მოუმზადებლობით მოპასუხეს არ დაურღვევია №911 ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების 8.2.9 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, წარედგინა შემსყიდველისთვის ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, რომელსაც ამტკიცებდნენ 6.1.1. პუნქტში მითითებული პირები. 8.2.10 პუნქტის შესაბამისად კი, მომდევნო ერთკვირიანი მენიუ-განწილვა შესათანხმებლად უნდა წარდგენილიყო არაუგვიანეს წინა კვირის ოთხშაბათისა. ამდენად, მხარეები ერთი კვირით ადრე თანხმდებოდნენ შემდგომი კვირის მენიუს შესახებ. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ყველა დღესასწაულის წინ იგზავნებოდა სადღესასწაულო მენიუს შესახებ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. სადავო კვირის მენიუ (არმიის დღე) სათანადო წესითა და დადგენილი ვადების დაცვით (ერთი კვირით ადრე) იქნა შეთანხმებული სამხედრო ბაზების მეთაურებთან და მოსარჩელის მხრიდან მენიუსთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოთქმულა. ისეთ ვითარებაში, როდესაც მენიუ შეთანხმებული და დადასტურებული იყო კონკრეტული უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, მოსარჩელე მხარის მითითება, ამ ნაწილში მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

6.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძველი.

6.9. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობის შესახებ მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (ტ.2, ს.ფ.235-252).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

8.1. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ არმიის დღე არ არის ოფიციალური დღესასწაული, რომელიც აღნიშნული იქნებოდა კალენდარზე. არმიის დღე დაწესებულია საქართველოს პარლამენტის 30.04.1996წ. №198 დადგენილებით და მიმწოდებელი ვალდებული იყო, სცოდნოდა ამ დღის შესახებ. მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისთანავე იკისრა არმიის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მენიუს მიწოდების ვალდებულება. მოპასუხეს უნდა ემოქმედა კეთილსინდისიერად, არმიის დღის თარიღის გარკვევის მიზნით მიეღო ზომები და ყოველ დღესასწაულზე არ უნდა დალოდებოდა უფლებამოსილი პირების შენიშვნასა და კონტროლს.

8.2. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლოზე შეთანხმება მოხდა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, რაც პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, რაც უპირობოდ გულისხმობს ხელშეკრულების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას.

8.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელი და არასრულია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 25.02.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. წინამდებარე საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

10.1. 30.12.2013წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო №911 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება.

10.2. ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს - 10 000 გადახდა.

11. კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2018წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოპასუხის მიერ შემდეგი ვალდებულებების დარღვევა:

11.1. აქტები - №911-4 და №911-8: სამხედრო მოსამსახურეებზე მენიუს მიხედვით გათვალისწინებული პროდუქტის, კერძოდ, კარაქის გაუცემლობა;

11.2. აქტები - №911-3 და №911-9: უხარისხო პროდუქტების გამოყენება (11.04.2014წ. ექსპერტის დასკვნის თანახმად, საკვები სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ობიექტები №1, №4, №6, №7, №10, №11 არ შეესაბამება განსაზღვრულ პარამეტრებს და უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის; 12.06.2014წ. ექსპერტის დასკვნის თანახმად, ობიექტები №2, №5, №6, №7 არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს და უვარგისია საკვებად);

მოპასუხეს დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით თითოეული დარღვევისათვის, შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებაზე.

12. №911-5, №911-6, №911-7 აქტებით დაფიქსირებულია მოპასუხის მიერ ისეთი ვალდებულებების დარღვევა, როგორიცაა - არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის ე.წ. სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძების მოუმზადებლობა, რაც არ გაიზიარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა. ამ ნაწილში დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

12.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №911 ხელშეკრულების 8.2.9 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო წარედგინა შემსყიდველისთვის ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, რომელსაც ამტკიცებდნენ ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტში მითითებული პირები 8.2.10 მუხლის შესაბამისად - არაუგვიანეს წინა კვირის ოთხშაბათისა. ამდენად, მხარეები ერთი კვირით ადრე თანხმდებოდნენ შემდგომი კვირის მენიუს შესახებ.

12.2. ყველა დღესასწაულის წინ იგზავნებოდა სადღესასწაულო მენიუს შესახებ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. იმ კვირის მენიუ, რომელშიც შედიოდა არმიის დღე, სათანადო წესითა და დადგენილი ვადების დაცვით (ერთი კვირით ადრე) შეთანხმდა უფლებამოსილ პირებთან და მოსარჩელის მხრიდან მენიუსთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოთქმულა.

შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, რამდენად შეიძლება შეფასდეს აღნიშნული გარემოებები მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევად და, შესაბამისად, არსებობს თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-1601-2018, 11.03.2021წ.).

14. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

15. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაშია. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის ე.წ. სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძების მოუმზადებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, კერძოდ:

16.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

16.2. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

16.3. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.102,103). მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), ჟ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (მაგ.: ინფორმაციის გაცემისა და ზრუნვის ვალდებულება). კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. თუ უფლება იმდაგვარად გამოიყენება, რომ მხარეთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების ვალდებულება (მოთხოვნა) ირღვევა, უფლების ასეთი გამოყენება ბოროტ განზრახვად უნდა დაკვალიფიცირდეს (Christian Eckl, Treu und Glauben im spanischen Vertragsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2007, 34, მითითებულია ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118). შეზღუდვის ფუნქცია მოქმედებს ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაშიც, კერძოდ, როდესაც მხარე მოქმედებს საკუთარი ადრინდელი ქცევის საწინააღმდეგოდ (მაგალითად, კრედიტორს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, თუ მან მანამდე მოვალეს შეუქმნა ნდობა, რომ იგი ვადის გადაცილებას ნეგატიურ სამართლებრივ შედეგებს არ დაუკავშირებდა) (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.118). რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).

16.4. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე მოპასუხის შესაგებელი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ, რადგან არმიის დღე არ არის შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღე, მისთვის უცნობი იყო ეს თარიღი და შესაბამისი კვირის მენიუს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოსარჩელის უფლებამოსილ პირებთან განსაზღვრულ ვადაში შეთანხმების დროს ამაზე რომ ყოფილიყო მითითება, ის სადღესასწაულო მენიუს შესაბამის კერძებს მოამზადებდა (ტ.1, ს.ფ.105-116).

16.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოპასუხემ არმიის დღის შესაბამისი კვირის მენიუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურის სრული დაცვით წინასწარ შეათანხმა მოსარჩელის უფლებამოსილ სუბიექტებთან და მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია, შემდგომ, სადღესასწაულო სუფრის მოუმზადებლობის საფუძვლით, ვალდებულების დარღვევაზე მითითება და პირგასამტეხლოს მოთხოვნა ვერ შეფასდება მოსარჩელის კეთილსინდისიერ ქცევად და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

17. რაც შეეხება №911-4, №911-8 (მენიუს მიხედვით გათვალისწინებული პროდუქტის, კერძოდ, კარაქის არგაცემა) და №911-3, №911-9 (უხარისხო, დადგენილი პარამეტრების შეუსაბამო, საკვებად უვარგისი პროდუქტების გამოყენება) აქტებით განსაზღვრულ დარღვევას, როგორც აღინიშნა, ამ ნაწილში საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე - 1 000 ლარამდე შემცირების მართლზომიერებაზე.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

19. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ.-ებები: №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

20. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ასევე, იმავე მხარეებს შორის მსგავს დავებზე სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით (სუსგ №ას-197-197-2018, 04.05.2018წ.; №ას-1244-1164-2017, 22.12.2017წ.; №ას-294-278-2017, 15.02.2018წ.; №ას-217-217-2018, 18.05.2018წ.; №ას-1411-2018, 19.06.2019წ.) საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ №911-4 და №911-8 აქტებში დაფიქსირებული დარვევის (მენიუს მიხედვით გათვალისწინებული პროდუქტის, კერძოდ, კარაქის გაუცემლობა) ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია. რაც შეეხება აქტებით №911-3, №911-9 (უხარისხო, დადგენილი პარამეტრების შეუსაბამო, საკვებად უვარგისი პროდუქტების გამოყენება) განსაზღვრულ დარღვევას, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არაგონივრულია ერთი და იმავე პირგასამტეხლოს განსაზღვრა მენიუთი გათვალისწინებული პროდუქტის მიუწოდებლობის (მოპასუხემ შეძენილი პროდუქცია არ გასცა იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადებით მოთხოვნილ სპეციფიკაციებს) და საკვებად უვარგისი პროდუქტის (რაც დასტურდება ექსპერტის დასკვნებით) მიწოდებისათვის. უსაფრთხოა პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას. მოპასუხის მიერ საკვებად მიწოდებული პროდუქტების ნაწილი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №911 ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება და გამოყენებული პროდუქტი იქნებოდა ხარისხიანი, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და უვნებელი. პალატას მიაჩნია, რომ აქტებით №911-3, №911-9 დაფიქსირებული დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 5000 ლარი. როგორც აღინიშნა, სარჩელი დაკმაყოფილებულია თითოეული ამ დარღვევისათვის 1000 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის დამატებით უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, თითოეულ შემთხვევაში - 4000 ლარის გადახდა.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხეს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 960 ლარის გადახდა (სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2018წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2018წ. გადაწყვეტილება აქტში #911-3 და აქტში #911-9 დაფიქსირებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს ,,ქ.კ.კ–ას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს :
3.1. 08.05.2014 წლის აქტში #911-3 დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო - დამატებით 4000 ლარის გადახდა;

3.2. 27.06.2014 წლის აქტში #911-9 დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო - დამატებით 4000 ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2018წ. განჩინება დარჩეს უცვლელად.

5. შპს ,,ქ.კ.კ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 960 ლარის ოდენობით.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე



მოსამართლეები: მირანდა ერემაძე



ზურაბ ძლიერიშვილი