საქმე №ას-64-2021 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ ა.ს–ო
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჯ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ - ა.ს–ოს (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, ნაწილობრივ (სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
2. კასატორის განმარტებით სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ბ.ჯ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა კასატორთან დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება თავად ურთიერთობის მანძილზე არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, საქმიანობის პერიოდში, დასაქმებულს არაერთხელ შეეცვალა უფლებამოსილება, ძირითად მოვალეობის შემსრულებელ ან დამხმარე პოზიციებზე ყოფნით.
3. კასატორის მტკიცებით ზემოაღნიშნულს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო შტატგარეშე მოსამსახურედ, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, რის გამოც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით განისაზღვრებოდა მისი სტატუსი.
4. კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა შრომითსამართლებრივ დავებში და განმარტა, რომ კომპენსაციის გამოთვლისას სასამართლოს მხარის მიერვე, იმავე თანამდებობაზე აღდგენაზე უარითა და გათავისუფლებიდანვე მალევე, ახალ სამუშაოზე დასაქმებით უნდა ეხელმძვანელა.
5. კასატორი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა და განმარტავდა, რომ მიუხედავად შესაგებელში ასეთი ფაქტის მიუთითებლობისა, მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდეგაც შეეძლო სასამართლოს გაეთვალისწინებინა მხარის მითითება, თუმცა, სასამართლომ სხდომაზევე მოუსპო ასეთი მსჯელობის საშუალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
9.1. მოსარჩელე 2014 წლის 15 ივლისიდან 2018 წლის 21 დეკემბრამდე დასაქმებული იყო სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ სხვადასხვა პოზიციებზე, ზეპირი და წერილობითი შრომის ხელშეკრულებებით, რომლებიც იდებოდა თანმიმდევრობით, გათვისუფლების დროისათვის მოსარჩელე იკავებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციას. მოსარჩელის დასაბეგრი ხელფასი შეადგენდა 1 200 ლარს.
9.2. დამსაქმებელმა, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, ზეპირი შეტყობინებით აცნობა მოსარჩელეს, რომ შრომითი ხელშეკრულება, ვადის გასვლის გამო შეწყდებოდა იმავე წლის 31 დეკემბერს.
9.3. დასაქმებულმა, 2018 წლის 28 დეკემბერს, წერილობით მოითხოვა მოსალოდნელი გათავისუფლების დადასტურება და ასევე მოითხოვა ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმით მოხდა შერჩევა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც ჩაერიცხათ 2018 წლის დეკემბრის თვის დანამატი. მოპასუხემ 2019 წლის 21 იანვრის წერილით აცნობა, რომ წერილს არ ერთვოდა შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობა, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. მოსარჩელემ 2019 წლის 24 იანვარს ხელმეორედ გაუგზავნა მოპასუხეს წერილი და მოითხოვა წინა წერილში მითითებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაცემა. დამსაქმებლის 2019 წლის 6 აგვისტოს წერილით (მოსარჩელეს ჩაბარდა 08.02.2019 წელს) მოპასუხემ განმარტა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები კერძოდ, დასაქმებული ორგანიზაციაში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ვადიანი კონტრაქტით არასაშტატო ერთეულზე. ცენტრში დასაქმებულებთან ყოველი კონტრაქტი იდება, ყოველი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წლის ბოლომდე რამეთუ შტატების და არასაშტატო ერთეულების ნუსხა განისაზღვრება კანონით, ყოველი მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტით. თანახმად ამ კანონის 25-ე მუხლისა საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. იმავე კანონის იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებას. დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით არ არის დამტკიცებული ცენტრის არასაშტატო მომსახურეთა ერთეულების ნუსხა და ხელშეკრულება გაფორმებული არ არის არცერთ შტატგარეშე თანამშრომელთან (მათ შორის არც მოსარჩელესთან). კითხვაზე აპირებს თუ არა მოპასუხე ორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას, დამოკიდებულია რიგ გარემოებებზე - ,,არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ნუსხის დამტკიცებაზე“, გარდა ამისა, როგორც სტატუსიდან ჩანს მოსარჩელე დასაქმებული იყო - არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად გათვალისწინებულ არასაშტატო ერთეულზე. ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებული საჯარო სამსახურებისათვის ერთიანი მომსახურების შესყიდვა (IT მომსახურების კუთხით), თავად ცენტრიც არ საჭიროებს სრულ საშტატო ერთეულს (შესაძლოა სრულადაც) ამ კუთხით, გარდა ამისა ხდება საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია მოწინავე ტექნოლოგიების მიხედვით და მოსალოდნელი შედეგების შესახებ დამსაქმებლის მხრიდან ობიექტურად ეცნობა დასაქმებულს. შესაბამისად დღეის მდგომარეობით არანაირი ბრძანება გათავისუფლების შესახებ არცერთ შტატგარეშე თანამშრომელთან (მათ შორის არც მოსარჩელესთან) არ არსებობს და ვერ მიაწვდის მოპასუხე მოსარჩელეს. ვინაიდან ხელშეკრულება არ არის გაფორმებული კონკრეტულ თანამშრომელთან (ანუ არ ითვლება დასაქმებულად) არც არანაირი ადმინისტრაციული წარმოებები (მათ შორის დისციპლინური) გახსნილი არ არის. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ 2018 წლის დეკემბრის თვეში გაცემულ სახელფასო დანამატებს, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, დამსაქმებელი ორგანიზაციის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და დამსაქმებელი ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის მქონე დავალების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის თანამშრომლის მიმართ ,,ცენტრის“ უფროსის მიერ წახალისების გამოყენება წარმოადგენს ,,ცენტრის“ უფროსის დისკრეციულ უფლებამოსილებას. წერილში ასევე მითითებულია, რომ გარდა ამისა, ცენტრის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჯილდოს (პრემიის სახით) გაცემას ითვალისწინებს სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის მქონე დავალების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის.
9.4. მოპასუხეს, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება, წერილობით არ გამოუვლენია.
9.5. დამსაქმებელ ორგანიზაციაში, 2019 წლის 26 აგვისტოს რეორგანიზაცია განხორციელდა. იმავე წლის 19 სექტემბერს დამსაქმებელ ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ სსიპ ა.ს–ო დადგინდა.
9.6. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტია.
10. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ დასაქმებული, უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელ ორგანიზაციაში. ამავე პერიოდში სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად, მისი დროებით გადაყვანა სხვადასხვა თანამდებობებზე კი ავტომატურად შრომითი ურთიერთობის არაერთჯერადობასა და დროებითობაზე არ მიუთითებს.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელმა წერილობითი ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ გამოსცა, ხოლო, საქმის განხილვისას განმარტა, რომ შრომითი უერთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“(დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.
13. საკასაციო პალატა, შრომით დავებში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციფიკურობის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს „საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.“ (იხ. სუსგ. ას-1483-2019, 2019 წლის 19 დეკემბერი).
14. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლების კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე სხვადასხვა პოზიციაზე, მიმდევრობით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და სშკ-ის მიხედვით გათავისუფლდა, რაც გამორიცხავს დამსაქმებელი ორგანიზაციის პრეტენზიებს შრომითი ხელშეკრულების ვადისა და მოსარჩელის სტატუსის თაობაზე, განსახილველი დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის კანონით გადაწყვეტის შესახებ.
17. ამდენად, მხარეთა შორის უვადოდ არსებული შრომითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში არ არსებობდა, შრომითი ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით შეწყვეტის წინაპირობები, ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ მიუთითებია აღდგენის შესახებ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, რის სანაცვლოდაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არალეგიტიმურობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის მიზნით მართლზომიერად მიეცა კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ კომპენსაციის გამოანგარიშების წესი არაა დადგენილი ნორმატიული წესით, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით გონივრული ოდენობითაა კომპენსაციია დაკისრებული.
18. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად ხანდაზმულობის შესახებ განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებისას, უფლება თავისთავად ნამდვილია და არსებობს, ანუ ასეთი შესაგებლის არსებობისას, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას უფლების შემწყვეტი ან გამომრიცხავი პასუხით არ უპირისპირდება, მეტიც შეიძლება პირდაპირ აღიარებდეს უფლების ნამდვილობას, თუმცა, მისი სასამართლოს მეშვეობით განხორციელებას აფერხებეს ხანდაზმულობაზე მითითებით). მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.
19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხოლო, კასატორს აღნიშნულის საპირისპირო დასაბუთებული არგუმენტი არ წარმოუდგენია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე არ ყოფილა მითითებული მხარის მიერ, არსებით სხდომაზე კი ახალი ფაქტების მითითება განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დასაბუთებული შესაბამისი არგუმენტებითა თუ მტკიცებულებებით, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ა.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ ა.ს–ოს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №00399, გადახდის თარიღი 2021 წლის 27 იანვარი და საგადახდო დავალება №00831, გადახდის თარიღი 2021 წლის 15 თებერვალი), 840 ლარის 70% - 588 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე