№ას-1238-2022 4 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.გ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - მ.ს–ნი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.გ–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ა.გ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) და მ.ს–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
- მოსარჩელის კუთვნილ ½ ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე ა.გ–სა და პირველ მოპასუხეს შორის 10.01.2017 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება;
- მოსარჩელის კუთვნილ ½ ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 13.03.2019 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ლარში 7500 ევროს ეკვივალენტი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 10.01.2017 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში; 13.03.2019 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7500 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 158-167). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 292-307). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა/პირველმა მოპასუხემ.
4. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების ეტაპზე კასატორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო რომ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
6. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 292-307). განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა/პირველმა მოპასუხემ. საქმე საკასაციო სასამართლოში განაწილდა 27.09.2022 წელს (იხ.: საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ს.ფ.320).
8. 03.10.2022 წელს საკასაციო სასამართლოს წერილობით მომართა კასატორმა, რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და დაადასტურა, რომ აღარ აქვს საკასაციო საჩივრის განხილვის ნება (ს.ფ.323,324).
9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-712-2020, 04.03.2021 წელი).
10. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2022 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე