საქმე №ას-671-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ლ.ს.ც–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ს–იმ“ (შემდეგში - მიმწოდებელი, მენარდე, მოსარჩელე, პირველი აპელანტი) სარჩელი აღძრა შპს „ლ.ს.ც–ის“ (შემდეგში - შემსყიდველი, შემკვეთი, მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი)მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით: 1) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 933 042,56 ლარის გადახდა; 2) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაცვის მუშაკებზე გაცემული თანხის 8 250 ლარის გადახდა; 3) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის საბანკო გარანტიებზე დარიცხული თანხის 57 588,92 ლარის გადახდა; 4) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ექსპერტიზის ღირებულების 20 622 ლარის გადახდა; 5) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულების გარანტიის თანხის 478 570 ლარის, შესრულების გარანტიაზე დარიცხული პროცენტის 3 273 ლარისა და ჯარიმის 47,8 ლარის გადახდა; 6) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საავანსო გარანტიაზე დარიცხული პროცენტის 11 597 ლარისა და ჯარიმის 301,6 ლარის გადახდა; 7) დაეკისროს მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილების გარანტიებზე დარიცხული თანხის 11 929,7 ლარის გადახდა; 8) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 348 432,65 ლარის გადახდა; 9) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებლის სახით 751 515,01 ლარის გადახდა.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 18 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ((შემდეგში - ხელშეკრულება) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ, რომლის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შეადგენს 4 099 023,04 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 08 დეკემბერს.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თავდაპირველად, გადმორიცხული იქნა ავანსის სახით 1 229 706,91 ლარი, რის შემდეგაც ყოველთვიურად უნდა მომხდარიყო შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო თანხების გადმორიცხვა, რასაც გამოაკლდებოდა წინასწარ გადმორიცხული ავანსის ჩასათვლელად 30%.
4. პირველ თვეში გაწერილი სამუშაოები შესრულდა სრულად, ისე რომ არ გადმორიცხულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო თანხა; სამუშაოები ავანსის ხარჯზე აწარმოა მოსარჩელემ. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 831 565,8 ლარი; 2013 წელს დამატებით შესრულდა 72 158 ლარისა და 29 318,76 ლარის სამუშაოები.
5. დამკვეთმა არ შეასრულა ვალდებულება და არ გადმორიცხა მშენებლობისათვის საჭირო თანხა, რითაც მოსარჩელეს გაუჩნდა საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მსგავს პირობებში მშენებლობა გაგრძელდებოდა ავანსის ამოწურვამდე და შეწყდებოდა, რითაც მოსარჩელეს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
6. შემსრულებელმა დაარღვია არა მარტო ჩატარებული სამუშაოების დროულად ანაზღაურების პირობები, არამედ მთელი რიგი საჭირო დოკუმენტაციების წარდგენის ვალდებულებები, კერძოდ, კანონით დადგენილი წესით არ იქნა მოწოდებული დროულად საპროექტო დოკუმენტაცია. რამოდენიმეჯერ მოხდა ხარჯთაღრიცხვის მოცულობების კორექტირება, ხოლო საბოლოოდ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული სამუშაოთა მოცულობების ერთეულის ფასი რამოდენიმე სახის სამშენებლო მასალაზე იყო საგრძნობლად შემცირებული, რამაც გამოიწვია ხარჯთაღრიცხვის ჯამური ღირებულების არსებითი ცვლილება; ნახაზში მოცემული სამუშაოთა მოცულობები არ შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ მოცემულობებს და საჭიროებდა დაზუსტებას საპროექტო ჯგუფის მიერ, რომლის გარკვევამდეც შეუძლებელი იყო სამუშაოების გაგრძელება. მოსარჩელემ არაერთი წერილობითი მიმართვით მოითხოვა პრობლემების სასწრაფო გადაწყვეტა რომ არ შეფერხებულიყო სამუშაოების წარმოება.
7. შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო მიეღო მინიმალური განაკვეთის სახით სარგებელი 8,6% (კომერციულ ბანკებში იურიდიული პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით). დაგეგმილი ფულადი სახსრების მიუღებლობით, მოსარჩელე კომპანიამ დაკარგა სარგებელი.
8. ამასთან, მოსარჩელეს ბენეფიციარისათვის წარდგენილი აქვს საავანსო და შესრულების გარანტიები სს ,,თ.ბ–იდან“. მოსარჩელე კომპანიას პროცენტისა და ჯარიმის სახით ერიცხება თანხა, ჯამში დარიცხული საპროცენტო და საჯარიმო თანხა მოპასუხის სასარგებლოდ გადაცემულ გარანტიებზე შეადგენს 27 147,1 ლარს. ხოლო 2013 წლის საბანკო გარანტიებზე დარიცხული თანხა 57 588,92 ლარს.
9. ხელშეკრულებების შეუწყვეტლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს ექნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 165 980,44 ლარის ღირებულების შესასრულებელი სამუშაოები, საიდანაც მინიმალური მისაღები მოგება იქნებოდა 348 432,65 ლარი.
10. 2012 წლის 14 სექტემბერს სს ,,თ.ბ–ი“-ს მიერ 478 570 ლარზე გაიცა ხელშეკრულების შესრულების გარანტია. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 4 836 847,19 ლარით, შესაბამისად გარანტიის მაქსიმალური სახელშეკრულებო თანხა (სამუშაოთა სავარაუდო ღირებულების 5%) 241 842,36 ლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ სრულად გამოითხოვა საბანკო გარანტია 478 570 ლარის ოდენობით.
11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ აქვს მითითებული სარჩელის მოთხოვნის განმაპირობებელი გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ, ვერ ასაბუთბს რომ: ხელშეკრულების პირობები მოპასუხემ დაარღვია; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივად შესრულებული ქმედებების მიმართ მოპასუხეს გააჩნდა რაიმე ინტერესი ან ამით მიიღო რაიმე სარგებელი; მოთხოვნები ზიანსა და მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით არის მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგი.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების და ექსპერტიზის ხარჯის ნაწილში დაკმაყოფილდა; სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 933 042,56 ლარის ოდენობით გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯი - 20 622 ლარის ოდენობით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი. პირველმა აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა: გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს; მეორე აპელანტმა (მოპასუხე) მოითხოვა: გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელი უარყოფილი იქნეს.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, მენარდემ (მიმწოდებელმა, მოსარჩელემ) იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად ქ. ლაგოდეხში, არსებულ მიწის ნაკვეთზე ს.კ: .......; .........; ....... სავაჭრო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ლაგოდეხის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება.
16. 2012 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები.
17. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს სრულად არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა.
18. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისად და შეადგენდა 4 099 023,04 ლარს დღგ-ს გარეშე.
19. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
20. ხელშეკრულების სპეციალური პირობების 8.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
21. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია, ხსენებული საექსპერტო დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაუფორმოს მიმწოდებელს ან შეატყობინოს მიმწოდებელს მისი არ გაფორმების მიზეზი. ამ ვადებში საფუძვლიანი პრეტენზიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამუშაოები ჩაითვლება მიღებულად, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშეც. შესაბამისად ამ ვადის გასვლის შემდგომ შემსყიდველს წარმოეშობა შესრულებულ სამუშაოთა გადახდის ვალდებულება.
22. დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბერში შესრულებულ სამუშაოთა აქტების ნაკრების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს შპს ,,CMC“-ის უფლებამოსილი პირი, მოპასუხე კომპანიის დირექტორი ლ.ხ–ძე და მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ს.გ–ია, დასტურდება, რომ 2012 წლის ოქტომბერში, შესრულებული სამუშაოების ჯამი შეადგენს 398 821,94 ლარს.
23. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, ხოლო 2013 წლის მაისის შემდეგ, მას ფაქტიურად აღარ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა.
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს სრულად არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა. მხარეებმა თავად განსაზღვრეს ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომელსაც მბოჭავი ხასიათი გააჩნია. ხელშეკრულების ვადის გათვალისწინების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აღნიშნულ ვადაში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და წარმოადგინოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა იყოს მიღება- ჩაბარების აქტი ან სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა კონკრეტული ვადა და თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები (ექსპერტიზის დასკვნა, სამუშაოს შესრულების აქტები) ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობას, მიუთითებს მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტზე.
25. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალქო კოდექსის (შემდეგში) სსკ-ის 636-ე მუხლით (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი). სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებზე.
26. სააპელაციო სასაართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-17 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ 17.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს სამუშაო ან მისი ნაწილი.
27. 2013 წლის 14 იანვრიდან შემკვეთმა (მოპასუხე) ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის თაობაზეც მენარდეს (მოსარჩელეს) ეცნობა 2013 წლის 14 იანვრის წერილით.
28. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 31 დეკემბრისათვის. ვინაიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებისათვის შესასრულებელი იყო სამუშაოების უმეტესი ნაწილი 80% (831565,8*100/831565,8), სახეზე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, რადგან მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, ხოლო 2013 წლის მაისის შემდეგ, მას ფაქტიურად აღარ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა. მოსარჩელეს გააჩნდა ხელშეკრულებიდან გასვლის პატივსადები საფუძველი. მას არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების გაგრძელება, რადგან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების ძალაში დატოვების პერსპექტივები.
29. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას, მოცემულ შემთხვევაში, ვერ გამოიყენება, ვინაიდან სახეზეა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც, შესრულებულის უკან დაბრუნება ვერ მოხდება განგრძობითი ურთიერთობიდან გამომდინარე. ნარდობის ხელშეკრულების მოშლის პირობებში სასამართლომ უნდა შეაფასოს მოშლის პერიოდისთვის არსებული მდგომარეობა და შემკვეთს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
30. უარყოფილი იქნა მეორე აპელანტის (მოპასუხე, შემკვეთის) პოზიცია, რომ უკვე შესრულებულმა სამუშაომ მისთვის ინტერესი დაკარგა, ვინაიდან მოპასუხის პარტნიორმა შემდეგი წლის პროექტებში არ გაითვალისწინა ლ.ს.ც–ის მშენებლობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მენარდემ ხარჯი გასწია, ხოლო შესრულებული სამუშაო შემკვეთმა მიიღო. შესაბამისად, შემკვეთმა უნდა აანაზღაუროს გაწეული ხარჯი. ამასთან, მოპასუხე კომპანია (შემკვეთი) მიუხედავად მისი დაფუძნებისა და პარტნიორებისა, წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. შესაბამისად, მისი საქმიანობა, პასუხისმგებლობა და კრედიტორების დაკმაყოფილება არ შეიძლება ყოველწლიურად დამოკიდებული იყოს პარტნიორთა გადაწყვეტილებასა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე. მეწარმე იურიდიული პირი სამოქალაქო ურთიერთობებში გამოდის როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, იძენს უფლებებს და კისრულობს ვალდებულებებს. ამასთან, უკვე შესრულებული სამუშაო, როდესაც შემკვეთმა იგი მიიღო, ხოლო არ ანაზღაურებს შესრულებას, ვინაიდან ინტერესი დაკარგა, გამოიწვევს შემკვეთის უსაფუძვლო გამდიდრებას და მხარეთა შორის დაარღვევს თანასწორობის პრინციპს.
31. შემკვეთმა მიუთითა, რომ 2013 წელს შესრულებული სამუშაოები ჩატარდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, რაც მისი მოსაზრებით, მენარდის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებას წარმოადგენს.
32. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოების გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების სპეციალური პირობების მე-5 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. 5.1. პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია, როგორც სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მათი დასრულების შემდგომ, ნებისმიერი დროს, განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ხარისხისა და ვადების კონტროლი, გარკვეულ შემთხვევაში იმ მომსახურებათა და მოწყობილობების კონტროლი, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოთა შესრულებასთან. სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის კონტროლს განახორციელებს შემსყიდველის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ფიზიკური ან იურიდიული პირები - ზედამხედველი ან/და ექსპერტი. ამავე ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.
33. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებდა შპს ,,C.“; საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის ოქტომბერში შესრულებულ სამუშაოთა აქტების ნაკრები, რომელსაც ხელს აწერს შპს ,,C.“-ის უფლებამოსილი პირი, შპს ,,ლ.ს.ც–ი“-ს დირექტორი ლ.ხ–ძე და შპს ,,ს–ი“-ს დირექტორი ს.გ–ია. მითითებული აქტით დასტურდება, რომ 2012 წლის მე-2 კვარტალში, შესრულებული სამუშაოების ჯამი შეადგენს 398 821,94 ლარს.
34. მოსარჩელემ 2012 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში შესრულებული სამუშაოების დადასტურების მიზნით წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც 2012 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში მენარდის მიერ ქ. ლაგოდეხში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო-სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ლაგოდეხის ნაპირსამაგარი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 831 565,8 ლარს. ექსპერტის მიერ აღნიშნული ობიექტი ადგილზე იქნა შესწავლილი.
35. შემკვეთის (მოპასუხე) მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოების შესრულების ფაქტსა და მისი შესრულებისათვის საჭირო თანხაზე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ნუსხა. აღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ შემკვეთმა (მოპასუხე) სხვა გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა. შემკვეთი არ დავობდა შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, ღირებულებაზე, მისი პოზიცია მდგომარეობდა შესრულებულის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა.
36. საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 251-255). აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს აგრეთვე საბანკო გარანტიების ვადის გაგრძელების მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან. 2013 წლის მაისში შესრულებული სამუშაოების ღირებულების უწყისით დასტურდება, რომ განხორციელდა მდ. ლაგოდეხის ხევის მარცხენა სანაპიროზე (ხიდის ზემოთ) ნაპირდამცავი ნაგებობის (გაბიონის) მოწყობა, ღირებულებით 29318,76 ლარი. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 26 მაისის ელექტრონული მიმოწერის შინაარსით დასტურდება, რომ შემკვეთის (მოპასუხის) უფლებამოსილ პირს ჰქონდა მოლოდინი მითითებული გაბიონის მშენებლობის დასრულებისა, სადაც იგი მენარდეს (მოსარჩელეს) აცნობებს, რომ მაის-ივნისის თვეებში გახშირებული წვიმების შედეგად ლაგოდეხში არსებობს წყალდიდობის რისკი, რაც დაუმთავრებელი გაბიონის პირობებში დიდ რისკს უქმნის პროექტს. (ს.ფ. 253). მითითებული გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია იმგვარ მტკიცებულებებად, რამაც უკუაგდო შემკვეთის პრეტენზია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემკვეთთან შეუთანხმებლობის თაობაზე, რაც მოპასუხის (შემკვეთის) მოსაზრებით, მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა.
37. შესაბამისად, საფუძვლიანი იყო სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების 933 042,56 ლარის დაკისრების შესახებ, საიდანაც 831 565,8 ლარი შეადგენდა 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 101 476,76 ლარი - 2013 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.
38. რაც შეეხება საექსპერტო მომსახურების ხარჯს, შესრულებული სამუშაოების დადასტურების მიზნით ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა მოსარჩელეს ხელშეკრულებით არ ევალებოდა. მან საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის გაიღო 20 622 ლარი, რომელიც მოპასუხის 2013 წლის 14 იანვრის მოთხოვნის საფუძველზე იქნა ჩატარებული, ხოლო ამ უკანასკნელს წარედგინა 2013 წლის 16 აპრილს მოსარჩელის წერილით. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.
39. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
40. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს დადგენილად, რომ 2012 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შესრულებული სამუშაოების ჯამი შეადგენს 831,565,8 ლარს, საიდანაც 398 821.94 ლარი წარმოადგენს ოქტომბრის თვის შესრულებას. სასამართლომ მომსახურების შესრულების ფაქტი დადგენილად ჩათვალა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით და არ ჩანდა ხელმოწერის თარიღი. გარდა ამისა, რომც დადასტურებულიყო ეს გარემოება, კასატორს ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად წარმოეშობოდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსარჩელე მოპასუხეს წარუდგენდა ზედამხედველის მიერ გაცემული დადებითი დასკვნას; მიღება-ჩაბარების აქტს და საგადასახადო ანგარიშფაქტურას. სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო 2012 წლის ნოემბრის თვის შესრულების სამუშაო აქტებს, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. მოპასუხის მთავარი არგუმენტაცია შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ნაწილში, როგორც ოქტომბრის, ასევე ნოემბრის თუ სხვა პერიოდებში ის იყო, რომ მოპასუხემ დაკარგა ინტერესი შესრულების მიმართ და მას რაიმე სარგებელი არ მიუღია.
41. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას 2013 წლის მაისის თვის 101,476.76 ლარის ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო 2013 წლის ელექტრონულ მიმოწერაზე (გვ.25), მაშინ როცა სასამართლომ გადაწყვეტილებაში თვითონ მიუთითა, რომ 2013 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა. ასევე ის გარემოება, რომ ნარდობის ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეს არ დაურღვევია. ის გარემოებაც, რომ 2013 წლის 14 იანვრის შემდგომ მხარეები ერთმანეთთან შევიდნენ ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოლაპარაკების პროცესში, რომელიც არ შედგა. სააპელაციო სასამართლო აპელირებას აკეთებს მაისის თვეში განხორციელებულ გაბიონის მოწყობაზე, ღირებულებით 29318,76 ლარი. მხარეთა შორის დაწყებული ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში, 2013 წლის მაისის მიმოწერით მოპასუხე კომპანიის დირექტორი არათუ დავალებას აძლევს მოსარჩელეს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, არამედ აფრთხილებს მოსალოდნელი ზიანთან დაკავშირებით.
42. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია ექსპერტიზის ხარჯის დაკისრება მოპასუხისათვის და აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2013 წლის 14 იანვარს შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკებები აღნიშნული ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობის დასაწყებად. იმისათვის, რომ კასატორ კომპანიას მოეძებნა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, დაეთანხმა მოსარჩელის ინიციატივას, რომ საბანკო გარანტიის ამოქმედების და სავაჭრო ცენტრის მფლობელ კომპანიაში წილის (არაუმეტეს 49%) სანაცვლოდ, მოსარჩელე ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელებდა სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, სწორედ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები არ შედგა.
43. კასატორი შუამდგომლობს დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოდავე მხარეებმა შეაჯერეს პოზოიციები, რომელიც ბოლო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ უარყოფილი იქნა. ( იხ. საკასაციო საჩივარი)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
45. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
46. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებებისარასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
47. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, მენარდემ (მიმწოდებელმა, მოსარჩელემ) იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად ქ. ლაგოდეხში, არსებულ მიწის ნაკვეთზე ს.კ: ......; ......; ..... სავაჭრო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ლაგოდეხის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება. 2012 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს სრულად არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა.
48. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისად და შეადგენდა 4 099 023,04 ლარს დღგ-ს გარეშე.
49. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
50. ხელშეკრულების სპეციალური პირობების 8.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
51. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია, ხსენებული საექსპერტო დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაუფორმოს მიმწოდებელს ან შეატყობინოს მიმწოდებელს მისი არ გაფორმების მიზეზი. ამ ვადებში საფუძვლიანი პრეტენზიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამუშაოები ჩაითვლება მიღებულად, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშეც. შესაბამისად ამ ვადის გასვლის შემდგომ შემსყიდველს წარმოეშობა შესრულებულ სამუშაოთა გადახდის ვალდებულება.
52. დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბერში შესრულებულ სამუშაოთა აქტების ნაკრების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს შპს ,,C“-ის უფლებამოსილი პირი, მოპასუხე კომპანიის დირექტორი ლ.ხ–ძე და მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ს.გ–ია, დასტურდება, რომ 2012 წლის ოქტომბერში, შესრულებული სამუშაოების ჯამი შეადგენს 398 821,94 ლარს.
53. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, ხოლო 2013 წლის მაისის შემდეგ, მას ფაქტიურად აღარ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა.
54. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს სრულად არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა. მხარეებმა თავად განსაზღვრეს ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომელსაც მბოჭავი ხასიათი გააჩნია. ხელშეკრულების ვადის გათვალისწინების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აღნიშნულ ვადაში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და წარმოადგინოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა იყოს მიღება- ჩაბარების აქტი ან სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა კონკრეტული ვადა და თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები (ექსპერტიზის დასკვნა, სამუშაოს შესრულების აქტები) ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობას, მიუთითებს მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტზე. სააპელაციო სასაართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-17 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ 17.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს სამუშაო ან მისი ნაწილი. 2013 წლის 14 იანვრიდან შემკვეთმა (მოპასუხე) ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის თაობაზეც მენარდეს (მოსარჩელეს) ეცნობა 2013 წლის 14 იანვრის წერილით.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ. Nას-1529-1443-2012, Nას-973-1208-04; Nას- 664-635-2016).
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
57. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I, 636-ე და 648-ე მუხლების საფუძველზე.
58. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებულისამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).
60. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. (შდრ: სუსგ №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10).
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.
64. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. “გონივრული ვადა” წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.
66. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვს. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. შემკვეთი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.
67. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესზეც, რომლის მიხედვით: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“.მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები. (შდრ: სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წ.;) „სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.“ (შდრ:სუსგ-ები: №ას-203-2021, 08 აპრილი, 2021 წ.; №ას-275-2020, 16 ნოემბერი, 2021წ.; №ას-779-2021, 24 დეკემბერი, 2021 წ.). „სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-1634-2019, 04 მარტი, 2019 წ.; №ას-1187-2020, 16 ივნისი, 2021 წ.; №ას-601-2020, 13 აპრილი, 2022 წ.; №ას-925-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.). „სსკ-ის 636-ე მუხლი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო დანაწესია, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.თუმცა, ამავე ნორმის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშობა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (იხ. №ას-901-851-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-981-926-2015, 11 მარტი, 2016 წელი).
68. საკასაციო პალატა იზაარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესის გამოყენების თაობაზე.
69. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა კანონიერება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 933 042,56 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ხარჯი 20 622 ლარის ოდენობით, რასაც სააპელაციო საჩივარსა და განსახილველ საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის კასატორი (შემკვეთი).
70. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი 933 042,56 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრების ნაწილში მიიჩნევს, რომ სასამართლომ მომსახურების შესრულების ფაქტი დადგენილად ჩათვალა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით და არ ჩანდა ხელმოწერის თარიღი. გარდა ამისა, რომც დადასტურებულიყო ეს გარემოება, კასატორს ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად წარმოეშობოდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსარჩელე მოპასუხეს წარუდგენდა ზედამხედველის მიერ გაცემულ დადებით დასკვნას, მიღება-ჩაბარების აქტს და საგადასახადო ანგარიშფაქტურას. სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო 2012 წლის ნოემბრის თვის შესრულების სამუშაო აქტებს, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. მოპასუხის მთავარი არგუმენტაცია შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ნაწილში, როგორც ოქტომბრის ასევე ნოემბრის თუ სხვა პერიოდებში ის იყო, რომ მოპასუხემ დაკარგა ინტერესი შესრულების მიმართ და მას რაიმე სარგებელი არ მიუღია.
71. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რადგან მოცემულ საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული და კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზიით ვერ შეარყია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 22, 30, 34-38-ში და რომლის თანახმად დგინდება, რომ 2012 წლის ოქტომბერში შესრულებულ სამუშაოთა აქტების ნაკრების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს შპს „C“-ის უფლებამოსილი პირი, მოპასუხე კომპანიის დირექტორი ლ.ხ–ძე და მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ს.გ–ია, დასტურდება, რომ 2012 წლის ოქტომბერში, შესრულებული სამუშაოების ჯამი შეადგენს 398 821,94 ლარს.
72. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ შემკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსარჩელე მოპასუხეს წარუდგენდა ზედამხედველის მიერ გაცემული დადებითი დასკვნას, მიღება-ჩაბარების აქტს და საგადასახადო ანგარიშფაქტურას (იხ., პ.41-ში საკასაციო პრეტენზია).
73. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს, რომ სამუშაოების შესრულების ფაქტსა და მისი შესრულებისათვის საჭირო თანხაზე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ნუსხა. აღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ შემკვეთმა (მოპასუხე) სხვა გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა. ამასთან, მოსარჩელემ 2012 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში შესრულებული სამუშაოების დადასტურების მიზნით წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც 2012 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში მენარდის მიერ ქ. ლაგოდეხში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო-სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ლაგოდეხის ნაპირსამაგარი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 831 565,8 ლარს. ექსპერტის მიერ აღნიშნული ობიექტი ადგილზე იქნა შესწავლილი.
74. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ამ განჩინების პპ:35,36-ში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
75. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
76. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, რომ მომსახურების/ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, 2012 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში მენარდის მიერ შესრულებულია ქ. ლაგოდეხში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო-სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ლაგოდეხის ნაპირსამაგარი სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 831 565,8 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სსკ-ის 636-ე მუხლების საფუძველზე, შემსყიდველს წარმოეშვა მიღებული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულება. ამავე საფუძვლით უარსაყოფია კასატორის პრეტენზია, რომ უკვე შესრულებულმა სამუშაომ მისთვის ინტერესი დაკარგა. როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერაა დადგენილი, მოპასუხის პარტნიორმა შემდეგი წლის პროექტებში არ გაითვალისწინა ლ.ს.ც–ის მშენებლობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელემ (მენარდე) ხარჯი გასწია სამუშაოების შესასრულებელად, ხოლო შესრულებული სამუშაო შემკვეთმა (მოპასუხე) მიიღო. აღნიშნული გარემოებები, რომ შემკვეთს წარმოუშობს ვალდებულებას აანაზღაუროს მენარდის მიერ გაწეული ხარჯი. ვინაიდან, უკვე შესრულებული სამუშაო, როდესაც შემკვეთმა მიიღო, ხოლო უარზეა აანაზღაუროს შესრულება ინტერესის დაკარგვის მოტივით, გამოიწვევს შემკვეთის უსაფუძვლო გამდიდრებას და მხარეთა შორის დაარღვევს თანასწორობის პრინციპს. შესაბამისად, საფუძვლიანი იყო სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების 933 042,56 ლარის დაკისრების შესახებ, საიდანაც 831 565,8 ლარი შეადგენდა 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.
77. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას არც 101 476,76 ლარის ნაწილში, რომელიც შეეხება - 2013 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას და მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ განჩინების პ: 32 დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების სპეციალური პირობების მე-5 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. 5.1. პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია, როგორც სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მათი დასრულების შემდგომ, ნებისმიერი დროს, განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ხარისხისა და ვადების კონტროლი, გარკვეულ შემთხვევაში იმ მომსახურებათა და მოწყობილობების კონტროლი, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოთა შესრულებასთან. სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის კონტროლს განახორციელებს შემსყიდველის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ფიზიკური ან იურიდიული პირები - ზედამხედველი ან/და ექსპერტი. ამავე ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში. საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერით დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 251-255). აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს აგრეთვე საბანკო გარანტიების ვადის გაგრძელების მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან. 2013 წლის მაისში შესრულებული სამუშაოების ღირებულების უწყისით დასტურდება, რომ განხორციელდა მდ. ლაგოდეხის ხევის მარცხენა სანაპიროზე (ხიდის ზემოთ) ნაპირდამცავი ნაგებობის (გაბიონის) მოწყობა, ღირებულებით 29318,76 ლარი. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 26 მაისის ელექტრონული მიმოწერის შინაარსით დასტურდება, რომ შემკვეთის (მოპასუხის) უფლებამოსილ პირს ჰქონდა მოლოდინი მითითებული გაბიონის მშენებლობის დასრულებისა, სადაც იგი მენარდეს (მოსარჩელეს)აცნობებს, რომ მაის-ივნისის თვეებში გახშირებული წვიმების შედეგად ლაგოდეხში არსებობს წყალდიდობის რისკი, რაც დაუმთავრებელი გაბიონის პირობებში დიდ რისკს უქმნის პროექტს. (ს.ფ. 253). მითითებული გარემოებები, საფუძვლიანს ხდის მოთხოვნას 101 476,76 ლარის - 2013 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილშიც.
78. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა (იხ., ტ.1. ს.ფ. 81-151).
79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი, პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის (შემკევთის მხარეზე გადაინაცვლა). შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა).
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
82. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ თავის მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ.
83. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით, კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს არა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებითაც. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე, მაგრამ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-770-737-2014, 29 მაისი, 2015 წელი; №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017წ; №ას-215-2022, 20 ოქტომბერი, 2022 წ).
84. რაც შეეხება საექსპერტო მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილ კასატორის პრეტენზიას (იხ., ამ განჩინების პ.42.), აღნიშნული საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგან საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის გაიღო 20 622 ლარი, რომელიც მოპასუხის 2013 წლის 14 იანვრის მოთხოვნის საფუძველზე იქნა ჩატარებული, ხოლო ამ უკანასკნელს წარედგინა 2013 წლის 16 აპრილს მოსარჩელის წერილით. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.( იხ. წინამდებარე განჩინების პ.38).
85. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს კასატორის შუამდგომლობაზე, დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით.
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საქმის დამთავრება მორიგებით სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. ზოგჯერ მორიგება უკეთესი ალტერნატივაა, თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით- თუ მორიგების შეთავაზება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოსამართლის განტვირთვას, მისი მუშაობის შემსუბუქებას, არამედ მხარეთა შორის დავის საგანზე წარმოშობილი კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებას.
87. სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება ემყარება მიზანს, მოწესრიგდეს და აღმოიფხვრას საზოგადოებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი კონფლიქტი, საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილეებმა ხელშეშლის გარეშე, მათთვის ხელსაყრელ და სასურველ პირობებში, შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო სამართლებრივი საშუალება მოდავე მხარეთა შორის მორიგებაა.
88. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში - ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება. მხარეთა შორის წამოჭრილი დავის მორიგებით დამთავრება ყოველთვის ითვლებოდა და დღესაც ითვლება ამ დავის გადაწყვეტის ყველაზე საუკეთესო საშუალებად. სწორედ ამიტომ ევალება სასამართლოს მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა მხარეთა მორიგებისათვის, საქმის მშვიდობიანად დამთავრებისათვის.
89. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორიგების ძირითადი პრინციპებია: ა) მორიგება მხოლოდ სასამართლოს პირობებში ხორციელდება, როგორც საქმის განხილვის, ისე აღსრულების ეტაპზე; ბ) მორიგების კანონიერების უზრუნველყოფა სასამართლოს ვალდებულებაა; გ) მორიგების აქტი მტკიცდება სასამართლოს განჩინებით; დ) მორიგებით დასრულებულ საქმეზე ხელახალი განხილვისათვის სასამართლოსთვის მამართვა, გამონაკლისის გარდა, დაუშვებელია; ე) მორიგების პირობების შეუსრულებლობა ექვემდებარება იძულებით აღსრულებას.
90. მორიგების აქტი მხარეების სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების განკარგვის შესახებ წერილობითი დოკუმენტია (ხელშეკრულება). ის მოდავე მხარეთა მიერ გაფორმებულ სამართლებრივ შეთანხმებას წარმოადგენს. მორიგების აქტში აღინიშნება მხარეთა ნება, რომელიც თავისი შინაარსით ითვალისწინებს ორმხრივ დათმობებს საერთო, სასარგებლო მიზნის მისაღწევად.
91. მორიგების პირობებში ასახვას ჰპოვებს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, ისე, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეებს განუსაზღვროს მორიგების კონკრეტული პირობა. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა ნებით და იგი მათ მიერ გამოვლენილი ნების განმარტებას არ ახდენს. სასამართლოს ევალება მორიგების აქტის კანონიერების კონტროლი. სასამართლოს მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტისას, პირველ რიგში ევალება გაარკვიოს მხარეების შეთანხმება ხომ არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ხომ არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ანუ ადგილი ხომ არ აქვს მართლსაწინააღმდეგო ან ამორალურ მორიგებას. ამასთან, სასამართლო ასევე უნდა დარწმუნდეს, ხომ არ არის აღნიშნული მორიგების საფუძველი მოტყუება, იძულება ან შეცდომა. ამდენად, აუცილებელია მორიგება სამართლიან ხასიათს ატარებდეს და ემყარებოდეს კანონსა და მორალს.
92. მორიგების თაობაზე მხარეთა შეთანხმების შემდეგ, მათი უფლებები და მოვალეობები სწორედ მორიგებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით განისაზღვრება და არა მორიგებამდე არსებული ვალდებულების მიხედვით. მორიგების აქტის შინაარსი სადავო საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მხარეები მხოლოდ დავის საგნის ირგვლივ უნდა შეთანხმდნენ, დავის საგანს არ უნდა გასცდნენ. მიღებული მორიგების აქტი მიმართული უნდა იყოს დავის გადაწყვეტისაკენ და თითოეული მხარის მიერ წამოყენებული მორიგების პირობა მეორე მხარის ინტერესსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. საქმის წარმოების სასურველი შედეგით დასრულების მიზნით აუცილებელია მხარეთა პოზიციების ურთიერთდათმობა. მორიგებისას თითოეული მხარე თმობს საკუთარ პოზიციას მეორე მხარის სასარგებლოდ. შესაძლოა რომელიმე მხარეს ნაკლებად მომგებიანი პოზიცია ჰქონდეს საქმის წარმოებისას, თუმცა მორიგების დროს შეძლოს მეორე მხარისთვის ისეთი სამართლებრივი სიკეთის შეთავაზება, რაც არსებულ კონფლიქტს დააბალანსებს და დაარეგულირებს.
93. თავის მხრივ, მორიგებითი შეთანხმების შესახებ განჩინება უტოლდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხარეების მიერ შეუსრულებლობისას ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. მორიგების შედეგად მხარეთა ინტერესების შეთანხმება ხდება. სამართალი ხელს უწყობს განსხვავებული ინტერესების შერიგებას და ასრულებს კონფლიქტის მოწესრიგების ფუნქციას. აუცილებელია ორივე მხარის ინტერესები თავიდანვე სწორი სიზუსტით იყოს განსაზღვრული, რადგან მორიგება ხდება სწორედ მოდავე მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების შეჯერების საფუძველზე. ინტერესთა მორიგება გულისხმობს ორმხრივი ინტერესების ურთიერთშეთანხმებას. ინტერესი საერთო-სასარგებლო მიზნის მიღწევაში გამოიხატება. მხარეთა უმთავრესი მიზანი არსებული დავის საბოლოო და შედეგიანი გადაწყვეტაა. მორიგებით დავის გადაწყვეტამ „რეალური შედეგი“ უნდა მისცეს მხარეებს, რამაც თავისთავად უნდა გამორიცხოს სასამართლოსადმი ხელახლა მიმართვის სურვილი. მორიგებით საქმის წარმოების დამთავრება მოდავე მხარეების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომლითაც მხარეები განკარგავენ კანონით მინიჭებულ უფლებას - საქმე მორიგებით დაასრულონ.
94. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელზე, სადაც იგი უარს აცხადებს დავის მორიგებით დასრულებაზე. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ დავის მორიგებით დასრულება შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
95. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
96. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
97. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
98. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლ.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ლ.ს.ც–ს“ (ს.კ:.....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 13/06/2023-ში N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე