საქმე №ას-372-2023 6 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ღ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ - პირველი ბანკი) უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ღ–ძისა (შემდგომ – თავდები მოპასუხე) და მ.გ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ: 2016 წლის 28 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 8465,83 ლარის გადახდა, საიდანაც 4936,37 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1129,46 ლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2400 ლარი - პირგასამტეხლო; 2016 წლის 28 აპრილის №000610454 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 17 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 4936,37 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16,22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 66,72 ლარს; თავდები მოპასუხის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 13 000 ლარით; მოპასუხეს: 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 1565,42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 889,99 ლარი, პროცენტი - 235,43 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 440 ლარი; 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 889,99 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10,38 ლარს; 2016 წლის 3 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 1184,42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 695,96 ლარი, პროცენტი - 148,46 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 340 ლარი; 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 3 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 695,96 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 13,47% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7,81 ლარს; 2017 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 281,53 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 191,53 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 90 ლარი; 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 2359,64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 859,64 ლარი, ხოლო შემცირებული ჯარიმა - 500 ლარი; 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 19 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 1000 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 აპრილს სს „ბ.რ–სა“ (შემდგომ - მეორე ბანკი) და მოპასუხეს შორის დაიდო №000610454 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი - 10 300 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.22%-ით, კრედიტის ვადა - 4 წლით, კრედიტის დაფარვის ვადად კი - 2020 წლის 28 აპრილამდე პერიოდით (გრაფიკის შესაბამისად). ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადი 10 ლარი, ასევე, 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. საბანკო კრედიტის №000610454 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წლის 28 აპრილს ვალდებულების უზრუნველსაყოფად მეორე ბანკსა და თავდებ მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა მსესხებელ მოპასუხესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხად განსაზღვრა 13 000 ლარი.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს და 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ თანხა არ გადაუხდიათ.
5. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს, №000610454 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებათ დავალიანება, სულ - 12 928.12 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 4936.37 ლარი, პროცენტი - 1129.29 ლარი, ხოლო ჯარიმა - 6862.46 ლარი.
6. 2016 წლის 30 ივნისს იმავე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება ოვერდრაფტის სახით, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 890 ლარის საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა წლიური 14%-ით. ოვერდრაფტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდი. ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სრულად დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ლიმიტიდან თანხის პირველად ათვისების თარიღის მომდევნო თვის იმავე თარიღში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ, მიუხედავად საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებული თანხის დაფარვის თარიღისა, ათვისებულ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლო დღეს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდი.
7. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაერიცხა დავალიანება - 1711.85 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 889.99 ლარი, პროცენტი - 235.43 ლარი და ჯარიმა - 586.43 ლარი.
8. 2016 წლის 3 აგვისტოს იმავე მხარეებმა გააფორმეს №000648984 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2250 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.47%-ით, კრედიტის ვადა - 3 წელი. კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 3 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი და კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ თანხა არ გადაუხდია. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს, №00648984 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 2459.42 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 695.96 ლარი, პროცენტი - 148.46 ლარი და ჯარიმა - 1615 ლარი.
10. 2017 წლის 25 სექტემბერს პირველ ბანკსა და მოპასუხეს შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა №1872909-9214761 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი 718.32 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 458 დღე (15 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვის 27 რიცხვში 49.39 ლარის გადახდით, რაც უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 27 ოქტომბერს და დამთავრებულიყო 2018 წლის 27 დეკემბერს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 20 ლარის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 0,5%.
11. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 30 აგვისტოს შემდგომ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თანხა არ გადაუხდია. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, 2017 წლის 25 სექტემბრის №1872909-9214761 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 726,86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 191,53 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 535.33 ლარი.
12. 2018 წლის 19 მარტს იმავე მხარეებს შორის დაიდო №1872909-9710043 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 19 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 19 რიცხვში. ხელშეკრულებით ასეთ გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13. 2018 წლის 30 აგვისტოს შემდგომ, არაერთი გაფრთხილების მუხედავად, მოვალეს თანხა არ გადაუხდია. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №1872909-9710043 გამომდინარე, მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 4338.90 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი 859.64 ლარი და პირგასამტეხლო - 2479.26 ლარი.
14. 2017 წლის 18 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად პირველი ბანკი წარმოადგენს მეორე ბანკის უფლებამონაცვლეს (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 2-12).
მოპასუხის პოზიცია:
15. თავდებმა მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, შესაბამისად, ხელშეკრულება ბათილია. ასევე დარღვეულია სსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება დადგინდეს გარიგების შინაარსი. კრედიტორს თავდებისათვის არ განუმარტავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. გარდა აღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. თავდებისათვის უცნობი იყო, გადააცილა თუ არა მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვადებს. ამასთან, მოპასუხეს აქვს შემოსავალი, ერიცხება ფიქსირებული ხელფასი და შეეძლო ვალდებულების შესრულება (იხ. ტ.1.ს.ფ. 123-127).
16. მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოსათვის არ წარუდგენია, თუმცა გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო, და განმარტა, რომ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, 2016 წლის 28 აპრილის №000610454 სესხისა და №791863-000610454 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 6699,11 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4936,37 ლარი, პროცენტი - 1129,29 ლარი, პირგასამტეხლო - 633,45 ლარი; 2020 წლის 17 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2016 წლის 28 აპრილის №000610454 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 4936,37 ლარზე წლიური 16.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 66,72 ლარს; თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13 000 ლარით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 889,99 ლარი, პროცენტი - 235,43 ლარი და პირგასამტეხლო - 58,64 ლარი; 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 17 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 889,99 ლარზე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10,38 ლარს; 2016 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 695,96 ლარი, პროცენტი - 148,46 ლარი და პირგასამტეხლო - 161,5 ლარი; 2016 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 17 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 695,96 ლარზე წლიური 13,47% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7,81 ლარს; 2017 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 191,53 ლარი, პირგასამტეხლო - 53,53 ლარი; 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 1000 ლარი, პროცენტი - 859,64 ლარი და პირგასამტეხლო - 247,93 ლარი; 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 17 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 1000 ლარზე წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12,5 ლარს.
18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო თავდები მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი თავდები მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 28 აპრილს მეორე ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №000610454, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 10 300 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16.22%; კრედიტის ვადა - 4 წელი; ყოველთვიური შენატანი - 294 ლარი. კრედიტის დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 28 აპრილი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად - 10 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
21. 2016 წლის 28 აპრილს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული N000610454 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წლის 28 აპრილს ვალდებულების უზრუნველსაყოფად მეორე ბანკსა და თავდებ მოპასუხეს შორის დაიდო №791863-000610454 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა, ძირითად მსესხებელთან - მოპასუხესთან ერთად, იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
22. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, თავდებმა მსესხებელთან ერთად იკისრა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 3.3 მუხლის მიხედვით, ბანკს გააჩნდა უფლებამოსილება, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უშუალოდ თავდებისაგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. 4.1 მუხლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა წინამდებარე შემადგენელი ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების მიმართ გადახდევინების მიქცევისათვის, თუ მსესხებელი არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებიდან ან მის საფუძველზე დადებული ნებისმიერი შემადგენელი ხელშეკრულებიდან) წარმოშობილ რომელიმე ვალდებულებას. ხელშეკრულებით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 13 000 ლარით.
23. მოპასუხის მიერ 2016 წლის 28 აპრილს გაფორმებული №000610454 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 31 ოქტომბერს. ვალდებულება არ შესრულებულა არც თავდები მოპასუხის მიერ. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, №000610454 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება - 12 928.12 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4936.37 ლარი, პროცენტი - 1129.29 ლარი, ჯარიმა - 6862.46 ლარი.2016 წლის 30 ივნისს მეორე ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო №22291-30/06/2016 ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 890 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%; ოვერდრაფტით სარგებლობის ვადა - 2017 წლის 30 ივნისი; ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სრულად დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ლიმიტიდან თანხის პირველად ათვისების თარიღის მომდევნო თვის იმავე თარიღში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ, საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებული თანხის დაფარვის თარიღის მიუხედავად, ათვისებულ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლო დღეს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებული დღისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის.
24. 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ მოპასუხე აღარ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მას საკრედიტო ბარათით (ოვერდრაფტით) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ჯამში 1711.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 889.99 ლარი, პროცენტი - 235.43 ლარი და ჯარიმა -586.43 ლარი.
25. 2016 წლის 3 აგვისტოს იმავე მხარეებს შორის დაიდო №000648984 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 2250 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13.47%, კრედიტის ვადა - 3 წელი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ასევე ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
26. მოპასუხეს 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მას, №00648984 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2459.42 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 695.96 ლარი, პროცენტი - 148.46 ლარი და ჯარიმა - 1615 ლარი.
27. 2017 წლის 25 სექტემბერს პირველ ბანკსა და მოპასუხეს შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1872909-9214761, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო 718,32 ლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 458 დღე (15 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 49.39 ლარის გადახდით და 2017 წლის 27 ოქტომბერს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 20 ლარის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 0.5% (არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა).
28. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 30 აგვისტოს შემდგომ სესხი არ გადაუხდია. 2017 წლის 25 სექტემბრის №1872909-9214761 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 726.86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 191.53 ლარი, პირგასამტეხლო - 535.33 ლარი,
29. 2018 წლის 19 მარტს პირველ ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო №1872909-9710043 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი - 1000 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 19 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 19 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
30. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 30 აგვისტოს შემდგომ სესხი არ დაუფარავს. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს, 2018 წლის 19 მარტის №1872909-9710043 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 4338.90 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 859.64 ლარი და პირგასამტეხლო - 2479.26 ლარი.
31. მსესხებელმა დაარღვია 2016 წლის 20 ივლისის N000643161 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაბრუნების ვალდებულება და 2017 წლის 30 ნოემბრის შემდეგ კრედიტორის სასარგებლოდ გადახდა არ განუხორციელებია.
32. მოსარჩელე წარმოადგენს პირველი ბანკის უფლებამონაცვლეს.
33. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების მხარეთა მიერ ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომ - სსსკ) ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, ამავე კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.
34. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
35. განსახილველ შემთხვევაში თავდებმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში თავი დაიცავა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რა პირობებით დაიდო ხელშეკრულება ბანკსა და მოპასუხეს შორის. ამასთან, მისთვის ბანკის წარმომადგენელს არ განუმარტავს თავდები პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
36. სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა თავდებობის, როგორც უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალების სამართლებრივი ბუნება. თავდებობა (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად სსკ-ის 891-ე მუხლი) მიეკუთვნება მოთხოვნის უზრუნველყოფის პიროვნულ საშუალებას და არის აქცესორული ხასიათის, ვინაიდან პირდაპირ არის დამოკიდებული ძირითადი ვალდებულების არსებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მონაწილენი არიან, ძირითადი ვალდებულების კრედიტორი და თავდები. თავდებობისათვის, აქცესორულობის გარდა, ასევე დამახასიათებელია ის, რომ თავდები მხოლოდ სუბსიდიარულად აგებს პასუხს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ეს პრინციპი გამოხატული და დაფიქსირებულია სკ-ის 894-ე მუხლში. ამ დანაწესის მიხედვით, კრედიტორი, პირველ რიგში, უნდა ეცადოს, რომ ძირითადი ვალდებულების მოვალეს აგებინოს პასუხი და შესაბამის შემთხვევაში წამოიწყოს იძულებითი აღსრულება მის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ სუბსიდიარული თავდები კრედიტორის წინაშე, მხოლოდ როგორც მომდევნო რიგის მოვალე, ისე აგებს პასუხს (იხ: სსკ-ის 894-ე მუხლის კომენტარები GCCC.GE).
37. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართოს თავდებს, თუ მან ძირითადი მოვალის მიმართ არ სცადა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოსადმი მიმართვის გზით შეეცდება,დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, მას უფლება აქვს მიმართოს თავდებს ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (საქმე №ას-559-2019 04 დეკემბერი, 2019 წელი), თუმცა სსკ-ის 894-ე მუხლიდან დაიშვება გამონაკლისები. მთავარი გამონაკლისი მოწესრიგებულია სსკ-ის 895-ე მუხლში, ე.წ. „სოლიდარული თავდებობის“ სახით. სოლიდარული თავდებობა ანიჭებს კრედიტორს უფლებას, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, პირდაპირ თავდებს მოსთხოვოს გადახდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სახეზე იყოს თავდების თანხმობა, პირდაპირ, 894-ე მუხლის გვერდის ავლით პასუხისგებაზე (იხ: სკ-ის 895-ე მუხლის კომენტარები GCCC.GE).
38. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავდებობის მარეგულირებელი ნორმები ძირითადად დისპოზიციურ ხასიათს ატარებს, ამიტომაც ხელშეკრულების მხარეებს ხელეწიფებათ მათი მოდიფიცირება და კანონისმიერი დანაწესებისათვის ატიპიური ელფერის მინიჭება. ამასთან, სახელშეკრულებო პრაქტიკაში უკვე ჩამოყალიბდა თავდებობის ატიპიური ფორმები (მათ შორის, სოლიდარული თავდებობა, თავდებობა „პირველი მოთხოვნისთანავე“, მოვალის გამოთიშვის თავდებობა; მომდევნო რიგის თავდებობა/„თავდების თავდები“ და ა.შ). იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც თავდებობის კისრება თავდებისათვის შეიცავს, სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი შეთანხმების შინაარსის კონტროლს, იქნება ეს 54-ე მუხლის საზომით, თუ სტანდარტული პირობების მომწესრიგებელი დანაწესების მიხედვით (იხ: სსკ-ის 891-905-ე მუხლების კომენტარები GCCC.GE).
39. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე, როგორც პირველი ბანკის უფლებამონაცვლე, არის საბანკო დაწესებულება და მის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას სარგებლიანი სესხების გაცემა წარმოადგენს, რა დროსაც მოსარჩელე ცალმხრივად, ხელშეკრულების წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს. იურიდიულ დოქტრინაში გაზიარებულია მოსაზრება, რომ მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. გარიგების ერთ-ერთ მხარედ საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობისას, მისი სავაჭრო ძალაუფლების, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, მეორე მხარე მასთან არათანაბარ პირობებში იმყოფება და იგი ერთგვარად „სუსტ მხარეს“ წარმოადგენს.
40. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ხელშეკრულების „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის არსებობა „აღიარებულია“ კერძო სამართლით, რომელიც „სუსტი“ მხარის ინტერესების დაცვას სპეციალური საკანონმდებლო კონტროლით უზრუნველყოფს.
41. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 343-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე, 346-ე მუხლებით მიიჩნია, რომ სტანდარტული პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმებისას, „ძლიერ“ მხარეს კანონი, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, დამატებით ავალდებულებს, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, სადავოდ გამხდარი სტანდარტული პირობის ბათილად ცნობის საფუძველია.
42. აღსანიშნავია, რომ ასეთსავე სტანდარტს ადგენს ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივა, რომელიც მომხმარებლის საბანკო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობას აწესრიგებს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფა ევალება, რაც სწორედ „სუსტი“ მხარის დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარეობს. საკრედიტო დაწესებულების მიერ ინფორმირების შესახებ ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება მსესხებელს შესაძლებლობას აძლევს, თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების „ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
43. სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით (UNIDROIT PRINCIPLES), კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული. (Surprising terms).
44. სსსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, უჩვეულოდ ითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც კლიენტს, მისთვის მოულოდნელად, დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და კლიენტს მათი გათვალისწინება არ შეეძლო.
45. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, „სუბსიდიალური თავდებობასა“ და „სოლიდარულ თავდებობას“ შორის სამართლებრივი განსხვავების ცოდნა სცდება არაიურისტი, საშუალოდ მოაზროვნე ადამიანის ცოდნისა და „გონივრული განსჯის“ ფარგლებს და ჩვეულებრივი გონიერი მომხმარებლისთვის ნაკლებად შესაძლებელია ამ ორ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობას შორის არსებითი განსხვავების ცოდნა.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე თავდებობის ხელშეკრულების 2.2 და 3.3 მუხლები, რომლებიც ადგენს თავდები მოპასუხის სოლიდარულ თავდებობას, წარმოადგენს სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო პირობას, ვინაიდან მათ საფუძველზე გაფართოებულია თავდების პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბანკი აღჭურვილია უფლებამოსილებით, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უშუალოდ თავდები პირისაგან ისე, რომ ძირითადი მსესხებლის მიმართ არ აწარმოოს იძულებითი აღსრულების რაიმე ღონისძიება, რაც თავდების პირისათვის არის მოულოდნელი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, „სუბსიდიალური თავდებობასა“ და „სოლიდარულ თავდებობას“ შორის არსებითი განსხვავების ცოდნა ცდება ჩვეულებრივი გონიერი მომხმარებლის შემეცნების ფარგლებს.
47. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები, როგორც უჩვეულო, სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, არ იქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად და არ არის ნამდვილი, თუ შემთავაზებელი (მოსარჩელე) არ გააქარწყლებს მოულოდნელობის ეფექტს კვალიფიციური მითითების მეშვეობით. იმისათვის, რომ შემთავაზებელმა გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი, აუცილებელია მკაფიო მითითება და ინფორმირება ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულებაზე.
48. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სახელდება, როგორც „საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულება“. ამგვარად, უშუალოდ ხელშეკრულების დასახელებიდან თავდები მოპასუხისათვის ვერ გახდებოდა ცნობილი, რომ მხარეთა შორის ე.წ. „სოლიდარული თავდებობის“ ხელშეკრულება იდებოდა. ამავდროულად, თავდებობის ხელშეკრულება შესრულებულია წვრილი შრიფტით, ხოლო ხელშეკრულების 2.2-ე, 3.3-ე და 4.1-ე მუხლებში მითითებული დებულებები, რომლითაც დათქმულია მოპასუხის სოლიდარული ვალდებულება და ბანკის უფლებამოსილება, მოთხოვნა უშუალოდ თავდებისაგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც დაიკმაყოფილოს, არ არის გამუქებული ან რაიმე ნიშნით განსხვავებულად წარმოჩენილი, რაც უდავოდ ართულებს მის აღქმადობას ხელშეკრულების მონაწილე პირის მიერ და აძლიერებს აპელანტის იმ პოზიციას, რომ იგი არ იყო ინფორმირებული სოლიდარული თავდებობის შესახებ.
49. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში თავდები მოპასუხე იმთავითვე უთითებდა, რომ იგი არ იყო ინფორმირებული თავდებობის ხელშეკრულების შესახებ, რომ მას არ მიუღია კვალიფიციური განმარტება ბანკის შესაბამისი წარმომადგენლის მხრიდან. აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების სტანდარტის თანახმად, მოსარჩელე მხარეს აკისრებდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთს, რომ მან უზრუნველყო 2.2-ე და 3.3-ე, მუხლებით გათვალისწინებული უჩვეულო პირობის შესახებ „სუსტი“ მხარის ინფორმირება და რომ აღნიშნულ პირობაზე თანხმობა თავდები მოპასუხის გააზრებულ ნებას წარმოადგენდა, თუმცა მოსარჩელემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
50. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება, რომ ე.წ. „სოლიდარული თავდებობისა“ და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაცია თავდებისთვის განსაკუთრებული წესით იყო ხელმისაწვდომი ან/და განმარტებული. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, თავდებ მოპასუხესა და ბანკს შორის გაფორმებული 2016 წლის 28 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულების 2.2-ე და 3.3-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, სსკ-ის 344-ე, 346-ე მუხლების თანახმად, ბათილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე არ არის არც ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული თავდებობის წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არ არსებობს თავდები მოპასუხის, როგორც სოლიდარული თავდების მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
51. აქვე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს 2016 წლის 28 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების 2.2-ე და 3.3-ე პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების დასკვნის შესაბამისად (233 პუნქტი), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება (იხ. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში, საქმე №ას-121-117-2016).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
52. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება თავდები მოპასუხის მიმართაც შემდეგი საფუძვლებით:
53. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და კანონის არც ერთ ნორმას არ ეფუძვნება. გაურკვეველია, რომელ ფაქტებზე დაყრდნობითაც მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება და გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თავდები მოპასუხის ნაწილში, მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ფაქტებზე მითითებას და არ არის გამყარებული არც ერთი სამართლებრივი ნორმით, რაც შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სწორი სამართლებირივი საფუძველი გამხდარიყო.
54. აღნიშნულ შემთხვევაში აპელანტის პრეტენზია იმაში მდგომარებოდა, რომ სოლიდარულმა მოვალემ სადავოდ გახადა მის მიმართ თანხის დაკისრების სამართლიანობა და მიზეზად მიუთითა ის ფაქტი, რომ მისთვის არ განუმარტავთ თავდებობის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შესაბამისად, მას, როგორც იურიდიული განათალების არმქონეს, არ შეიძლება სცოდნოდა ამის თაობაზე.
55. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2016 წლის 18 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების 2.2 და 3.3 მუხლები, რომლებიც ადგენს თავდები მოპასუხის სოლიდარულ თავდებობას, წარმოადგენს სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო პირობას, მისი სამართლებრივი ბუნების გამო, და საჭიროებს ხელშეკრულების დადებისას ყურადღების გამახვილებას. სადავო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სახელდება, როგორც (თავდებობის) ხელშეკრულება, ამიტომ უშუალოდ ხელშეკრულების დასახელებიდან გამომდინარე, თავდები მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ სოლიდარულად იღებდა ვალდებულებას ძირითად მოვალესთან ერთად. აღნიშნული სასამართლოს დასაბუთება კასატორისათვის სრულიად მოკლებულია ლოგიკას და რეალურად გამოდის, რომ ხელშეკრულების დამდებმა მხარემ ხელშეკრულების შინაარსი უნდა გაიგოს მხოლოდ სათაურის წაკითვით. ასევე, გაუგებარია იმაზე მითითება, რომ ხელშეკრულება დაწერილია წვრილი შრიფტით და 2.2 და 3.3 მუხლები არ არის გამუქებული.
56. კასატორის მოსაზრებით, სასაამრთლოს ზემოაღნიშნული ლოგიკით, ნებისმიერ მსესხებელს, ძირითადი მოვალე იქნება ეს თუ სოლიდარული, შეუძლია სადავოდ გახადოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტი, რადგან ხელშეკრულება თანაბარი შრიფტით არ არის შედგენილი. ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა მნიშვნელოვანია, ყველა წინადადება შეიძლება დაკავშირებული იყოს სამართლებირივი შედეგის დადგომასთან, საქმეს მტკიცებულების სახით ერთვის როგორც ძირითადი ხელშეკრულება, ისე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და თითოეული ხელშეკრულების პუნქტი მკაფიოდ წაკითხვადი და აღქმადია. ნებისმიერი კონტრაჰენტისათვის ცნობილია, რომ, როდესაც ხელშეკრულებას დებს საბანკო დაწესებულებასთან, მისი ინტერესია, სრულყოფილად გაეცნოს მის შინაარსს. ის ფაქტი, რომ ძირითად შემთხვევაში არ ხდება ხელშეკრულების სრულყოფილად წაკითხვა, მხარეც მხოლოდ ხელშეკრულების პირველ გვერდს ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტს, აღნიშნული ფაქტი თავად კლიენტის რისკია და არა კრედიტორის, რადგან ხელშეკრულების დადების მომენტში ყველაფერი ნათელია და არაფერი არ არის დამალული.
57. კასატორი დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც, მხარის მითითებით, სააპელაციო პალატისაგან განსხვავებით, ეფუძნება სამართლებრივ ნორმებს და არა ტექნიკურ დეტალებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, თავდები მოპასუხის მიერ ხელმოწერილი თავდებობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა, მსესხებელთან ერთად, იკისრა პასუხისმგებლობა, შეესრულებინა №791864-000610454 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. წერილობითი გარიგების დადებისას, მხარე ნების გამოვლენას ადასტურებს დოკუმენტზე ხელის მოწერით და ივარაუდება, რომ მხარისათვის ცნობილია გარიგების შინაარსი, შესაბამისად, ხელმოწერით თანხმობას აცხადებს სამართლებრივი შედეგების დადგომაზე.
58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თავდები მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს დაუსაბუთებლობის გამო, რადგან არ დადგინდეს იმგვარი პრაქტიკა, რა პირობებშიც ნებისმიერი კონტრაჰენტი შეძლებს, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, სადავოდ გახადოს მის მიერ ხელმოწერილი სრულიად ადეკვატური ხელშეკრულების არსებითი პირობები.
59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
60. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
61. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
62. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია:
63. 2016 წლის 28 აპრილს მეორე ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №000610454, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 10 300 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16.22%; კრედიტის ვადა - 4 წელი; ყოველთვიური შენატანი - 294 ლარი. კრედიტის დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 28 აპრილი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად - 10 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
64. 2016 წლის 28 აპრილს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული N000610454 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წლის 28 აპრილს ვალდებულების უზრუნველსაყოფად მეორე ბანკსა და თავდებ მოპასუხეს შორის დაიდო №791863-000610454 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა, ძირითად მსესხებელთან - მოპასუხესთან ერთად, იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
65. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, თავდებმა მსესხებელთან ერთად იკისრა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 3.3 მუხლის მიხედვით, ბანკს გააჩნდა უფლებამოსილება, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უშუალოდ თავდებისაგან, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. 4.1 მუხლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა წინამდებარე შემადგენელი ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების მიმართ გადახდევინების მიქცევისათვის, თუ მსესხებელი არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებიდან ან მის საფუძველზე დადებული ნებისმიერი შემადგენელი ხელშეკრულებიდან) წარმოშობილ რომელიმე ვალდებულებას. ხელშეკრულებით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 13 000 ლარით.
66. მოპასუხის მიერ 2016 წლის 28 აპრილს გაფორმებული №000610454 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 31 ოქტომბერს. ვალდებულება არ შესრულებულა არც თავდები მოპასუხის მიერ. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, №000610454 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება - 12 928.12 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4936.37 ლარი, პროცენტი - 1129.29 ლარი, ჯარიმა - 6862.46 ლარი.
67. 2016 წლის 30 ივნისს მეორე ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო №22291-30/06/2016 ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 890 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%; ოვერდრაფტით სარგებლობის ვადა - 2017 წლის 30 ივნისი; ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სრულად დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ლიმიტიდან თანხის პირველად ათვისების თარიღის მომდევნო თვის იმავე თარიღში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ, საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებული თანხის დაფარვის თარიღის მიუხედავად, ათვისებულ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლო დღეს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებული დღისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის.
68. 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ მოპასუხე აღარ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მას საკრედიტო ბარათით (ოვერდრაფტით) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ჯამში 1711.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 889.99 ლარი, პროცენტი - 235.43 ლარი და ჯარიმა -586.43 ლარი.
69. 2016 წლის 3 აგვისტოს იმავე მხარეებს შორის დაიდო №000648984 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 2250 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13.47%, კრედიტის ვადა - 3 წელი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ასევე ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
70. მოპასუხეს 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდგომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მას, №00648984 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2459.42 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 695.96 ლარი, პროცენტი - 148.46 ლარი და ჯარიმა - 1615 ლარი.
71. 2017 წლის 25 სექტემბერს პირველ ბანკსა და მოპასუხეს შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშკრულება №1872909-9214761, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო 718,32 ლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 458 დღე (15 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 49.39 ლარის გადახდით და 2017 წლის 27 ოქტომბერს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 20 ლარის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 0.5% (არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა).
72. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 30 აგვისტოს შემდგომ სესხი არ გადაუხდია. 2017 წლის 25 სექტემბრის №1872909-9214761 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 726.86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 191.53 ლარი, პირგასამტეხლო - 535.33 ლარი,
73. 2018 წლის 19 მარტს პირველ ბანკსა და მოპასუხეს შორის დაიდო №1872909-9710043 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა კრედიტი - 1000 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 19 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 19 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
74. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 30 აგვისტოს შემდგომ სესხი არ დაუფარავს. 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს, 2018 წლის 19 მარტის №1872909-9710043 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 4338.90 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 859.64 ლარი და პირგასამტეხლო - 2479.26 ლარი.
75. მსესხებელმა დაარღვია 2016 წლის 20 ივლისის N000643161 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაბრუნების ვალდებულება და 2017 წლის 30 ნოემბრის შემდეგ კრედიტორის სასარგებლოდ გადახდა არ განუხორციელებია.
76. მოსარჩელე წარმოადგენს პირველი ბანკის უფლებამონაცვლეს.
77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
78. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
79. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
80. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში თავდებმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში თავი დაიცავა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რა პირობებით დაიდო ხელშეკრულება ბანკსა და მოპასუხეს შორის. ამასთან, მისთვის ბანკის წარმომადგენელს არ განუმარტავს თავდები პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
81. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია, რაც მითითებულია ამავე განჩინების პპ: 37-51 შია მითითებული, იმაში მდგომარეობს, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება, რომ ე.წ. „სოლიდარული თავდებობისა“ და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაცია თავდებისთვის განსაკუთრებული წესით იყო ხელმისაწვდომი ან/და განმარტებული. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, თავდებ მოპასუხესა და ბანკს შორის გაფორმებული 2016 წლის 28 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულების 2.2-ე და 3.3-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, სსკ-ის 344-ე, 346-ე მუხლების თანახმად, ბათილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე არ არის არც ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული თავდებობის წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არ არსებობს თავდები მოპასუხის, როგორც სოლიდარული თავდების მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
82. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და კანონის არც ერთ ნორმას არ ეფუძვნება. გაურკვეველია, რომელ ფაქტებზე დაყრდნობითაც მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება და გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თავდები მოპასუხის ნაწილში, მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ფაქტებზე მითითებას და არ არის გამყარებული არც ერთი სამართლებრივი ნორმით, რაც შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სწორი სამართლებირივი საფუძველი გამხდარიყო. აპელანტის პრეტენზია იმაში მდგომარებოდა, რომ სოლიდარულმა მოვალემ სადავოდ გახადა მის მიმართ თანხის დაკისრების სამართლიანობა და მიზეზად მიუთითა ის ფაქტი, რომ მისთვის არ განუმარტავთ თავდებობის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შესაბამისად, მას, როგორც იურიდიული განათალების არმქონეს, არ შეიძლება სცოდნოდა ამის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2016 წლის 18 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების 2.2 და 3.3 მუხლები, რომლებიც ადგენს თავდები მოპასუხის სოლიდარულ თავდებობას, წარმოადგენს სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო პირობას, მისი სამართლებრივი ბუნების გამო, და საჭიროებს ხელშეკრულების დადებისას ყურადღების გამახვილებას. სადავო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სახელდება, როგორც (თავდებობის) ხელშეკრულება, ამიტომ უშუალოდ ხელშეკრულების დასახელებიდან გამომდინარე, თავდები მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ სოლიდარულად იღებდა ვალდებულებას ძირითად მოვალესთან ერთად. აღნიშნული სასამართლოს დასაბუთება კასატორისათვის მოკლებულია ლოგიკას და რეალურად გამოდის, რომ ხელშეკრულების დამდებმა მხარემ ხელშეკრულების შინაარსი უნდა გაიგოს მხოლოდ სათაურის წაკითვით. ასევე, გაუგებარია იმაზე მითითება, რომ ხელშეკრულება დაწერილია წვრილი შრიფტით და 2.2 და 3.3 მუხლები არ არის გამუქებული. კასატორის მოსაზრებით, სასაამრთლოს ზემოაღნიშნული ლოგიკით, ნებისმიერ მსესხებელს, ძირითადი მოვალე იქნება ეს თუ სოლიდარული, შეუძლია სადავოდ გახადოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტი, რადგან ხელშეკრულება თანაბარი შრიფტით არ არის შედგენილი. ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა მნიშვნელოვანია, ყველა წინადადება შეიძლება დაკავშირებული იყოს სამართლებირივი შედეგის დადგომასთან, საქმეს მტკიცებულების სახით ერთვის როგორც ძირითადი ხელშეკრულება, ისე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და თითოეული ხელშეკრულების პუნქტი მკაფიოდ წაკითხვადი და აღქმადია. ნებისმიერი კონტრაჰენტისათვის ცნობილია, რომ, როდესაც ხელშეკრულებას დებს საბანკო დაწესებულებასთან, მისი ინტერესია, სრულყოფილად გაეცნოს მის შინაარსს. ის ფაქტი, რომ ძირითად შემთხვევაში არ ხდება ხელშეკრულების სრულყოფილად წაკითხვა, მხარეც მხოლოდ ხელშეკრულების პირველ გვერდს ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტს, აღნიშნული ფაქტი თავად კლიენტის რისკია და არა კრედიტორის, რადგან ხელშეკრულების დადების მომენტში ყველაფერი ნათელია და არაფერი არ არის დამალული. კასატორი დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც, მხარის მითითებით, სააპელაციო პალატისაგან განსხვავებით, ეფუძნება სამართლებრივ ნორმებს და არა ტექნიკურ დეტალებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, თავდები მოპასუხის მიერ ხელმოწერილი თავდებობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა, მსესხებელთან ერთად, იკისრა პასუხისმგებლობა, შეესრულებინა №791864-000610454 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. წერილობითი გარიგების დადებისას, მხარე ნების გამოვლენას ადასტურებს დოკუმენტზე ხელის მოწერით და ივარაუდება, რომ მხარისათვის ცნობილია გარიგების შინაარსი, შესაბამისად, ხელმოწერით თანხმობას აცხადებს სამართლებრივი შედეგების დადგომაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თავდები მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს დაუსაბუთებლობის გამო, რადგან არ დადგინდეს იმგვარი პრაქტიკა, რა პირობებშიც ნებისმიერი კონტრაჰენტი შეძლებს, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, სადავოდ გახადოს მის მიერ ხელმოწერილი სრულიად ადეკვატური ხელშეკრულების არსებითი პირობები (იხ. საკასაციო საჩივარი).
83. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი იქნა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].
84. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის, როგორც თავდები პირისთვის საკრედიტო დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები.
85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
86. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
87. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ კრედიტის გამცემი ყოველთვის საკრედიტო დაწესებულებაა - ბანკი, რომლის საქმიანობა რეგულირდება კანონით (შდრ: სუსგ №ას-647-67-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წ; იხ. რომან შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტ. II, მუხლი 867, გვ.194, თბილისი, 2001 წ; ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ. 198-224). „ბანკის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი) (შდრ: სუსგ-ები: №ას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013 წ.; №ას-131-2021, 02 ივლისი, 2021 წ.).
88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხ. დამატებით: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბილის, 2014 წ., გვ.546.), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ.).
89. თავდებობა, როგორც კრედიტის უზუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება შესაძლოა ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ).
90. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; № ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი. (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; შდრ: სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.).
91. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, იგი სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე, მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი) ( იხ. სუსგ-ები: №ას-1338-2021, 18 ივლისი, 2022 წ.; №ას-4-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წ.; №ას-1801-2019, 28 მაისი, 2020 წ.).
92. ეს მოთხოვნები სწორედ თავდები პირის უფლებას იცავს, რადგან სსკ-ის 891-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე საკრედიტო დაწესებულებების პრაქტიკაში უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც თავდებობის კისრების მომენტში ვალდებულება წარმოშობილიც კი არ არის (იხ.ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017 წ., გვ. 210). აქცესორულობის პრინციპიდან გამომდინარე, თავდები ამ შემთხვევებში მხოლოდ მას შემდეგ აგებს პასუხს, რაც ძირითადი ვალდებულება წარმოიშობა და გახდება ვადამოსული (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - gccc.tsu.ge, 893-ე მუხლის კომენტარი, ველი 7);
93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა თავდები პირის სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაითვალისწინა, როდესაც დაადგინა თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითების სავალდებულობა. ამ დამცავი ნორმის ფუნქცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თავდებმა იცის მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა (სსკ-ის 892 მუხლი) და თავდებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ძირითადი მოვალის მიერ თავდებობის ხელშეკრულების შემდეგ კრედიტორთან გარიგების დადება ვერ მოახდენს გავლენას თავდები პირის იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მან წინასწარ, კრედიტორის მიერ მოვალისათვის კრედიტის სამომავლოდ გაცემამდე იკისრა, რადგან მისი პასუხისმგებლობა უკვე შემოფარგლულია მის მიერ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორთან სწორედ იმ ზღვრული (მაქსიმალური) თანხით, რაც თავდებობით იკისრა; თავდების პასუხისმგებლობა ვრცელდება კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალისათვის თავდებობის ფარგლებში გაცემული მაქსიმალური თანხის ფარგლებში გასაცემ ყველა კრედიტზე (შესაძლოა არაერთი გარიგების ფარგლებში), რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა და ამ ფარგლებში მოვალისათვის გაცემულ თითოეულ კრედიტზე აღარ არსებობს დამატებით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება (შდრ: სუსგ №ას-1033-2022, 28 აპრილი, 2023 წ.).
94. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდებობა შეიძლება იყოს სუბსიდიური და სოლიდარული. სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართოს თავდებს, თუ მან ძირითადი მოვალის მიმართ არ სცადა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოსადმი მიმართვის გზით შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, მას უფლება აქვს მიმართოს თავდებს ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სუბსიდიური თავდებობა, თანამედროვე საქმიან ურთიერთობებში არაპრაქტიკულად მიიჩნევა და შესაბამისად ნაკლები დაინტერესებით გამოირჩევა.
95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები, განსაკუთრებით საფინანსო ინსტიტუტები, ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ თავდებობის ისეთი ფორმა, რომელიც სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად იქცევა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას წარმოადგენს. ამ დროს კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნით მიმართოს როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდებსაც ან/და რამდენიმე თავდებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
96. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სოლიდარული თავდებობა და თანათავდებობა. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავდებს მოთხოვნა წაეყენოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშე. რაც შეეხება ე.წ თანათავდებობას, ის ხასიათდება მხოლოდ ძირითად მოვალესა და რამდენიმე თავდებს (სოლიდარული მოვალეები) შორის წარმოშობილი ურთიერთობით. ეს ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე თავდები ერთიანდება ერთი და იმავე ვალდებულების უზრუნველყოფის გარშემო. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ისინი ამ ურთიერთობაში ერთობლივად ჩაებნენ თუ დამოუკიდებლად. სახეზე მაინც სოლიდარული ვალდებულება გვექნება და კრედიტორი უფლებამოსილი იქნება, შესრულება თითოეული მათგანისგან მოითხოვოს.
97. იმ შემთხვევაში, თუ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები წინასწარ იქნება განსაზღვრული და ის ძირითად ვალდებულებაზე ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ საქმე გვაქვს არა სოლიდარულ, არამედ წილად ვალდებულებასთან. შესაძლებელია, რამოდენიმე სოლიდარულმა თავდებმა იკისროს ძირითადი ვალდებულების ნაწილის უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება ექნება, ნებისმიერი თავდებისგან მოითხოვოს იმ ოდენობის შესრულება, რაც მათ თანათავდებობით იკისრეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების სრულ ღირებულებასთან მიმართებაში საქმე გვაქვს წილობრივ პასუხისმგებლობასთან, თანათავდებების მიერ ვალდებულების ნაკისრი წილის ფარგლებში, საქმე გვაქვს სოლიდარულ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019 წ.).
98. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს მოვალის მაგივრად კრედიტორის წინაშე, თუმცა კანონმდებელი თავდებს კრედიტორის მოთხოვნისაგან თავდაცვის საშუალებებსაც ანიჭებს. ასეთ საშუალებად გვევლინება შესაგებლის წარდგენის უფლება. შესაგებელი, მატერიალური სამართლის თვალსაზრისით, მოვალის შემხვედრი უფლებაა, რომელიც შესრულებაზე დროებით, ანდა ხანგრძლივად უარის თქმის უფლებას იძლევა. თავდები უფლებამოსილია, კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც მასა და კრედიტორს შორის არსებული თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ასე მაგალითად, თავდებს შეუძლია კრედიტორს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ფორმის ნაკლს ეფუძნება. გარდა ამისა, თავდებს შეუძლია უარი განაცხადოს კრედიტორის დაკმაყოფილებაზე და წარუდგინოს მას შესაგებელი სსკ-ის 894-ე მუხლიდან გამომდინარე. კანონმდებელი თავდებს, სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე ყველა იმ შესაგებლის წარდგენის უფლებას ანიჭებს, რომელიც ძირითად მოვალეს ეკუთვნის. აღნიშნული რეგულირების საფუძვლად თავდებობის აქცესორული ბუნება გვევლინება. კანონმდებელი აღნიშნული რეგულირებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავდებობა სხვისი ვალის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდების მიმართ უფლების განხორციელების თვალსაზრისით იმაზე კარგი უფლებები არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე მას მოვალის მიმართ აქვს. ნორმა მოვალის ყველა არსებულ შესაგებელს მოიცავს. (შდრ: სუსგ №ას-1329-2019, 12 აპრილი, 2019 წ.).
99. თავდებობის ხელშეკრულების კონტრაჰენტებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ამ დამოუკიდებელი ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების წარმოსაჩენად, ისე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი დავის ფარგლებში მხარეთა შედავების დასაბუთებულობის შემოწმების კუთხით. თავდები პირის შეცილების უფლება ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით შესაძლოა ეფუძნებოდეს იმას, რომ თავდებმა ნება გამოავლინა საცილო გარიგებებისათვის დამახასიათებელი რომელიმე საფუძვლის პირობებში (შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით), ამასთან, მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ თავდების მიერ ნების გამოვლენის ნამდვილობაზე გავლენას ახდენდა ხელშეკრულების კონტრაჰენტი - კრედიტორი. იმ შემთხვევაში, თუ მოტყუება მესამე პირისაგან (ძირითადი მოვალისაგან) მომდინარეობს, თავდებს შესაძლოა ჰქონდეს კრედიტორთან შეცილების უფლება იმის დადასტურების შემთხვევაში, რომ მესამე პირისაგან თავდების მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა კრედიტორს, თუკი, სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, მესამე პირად სწორედ ძირითადი მოვალე შეიძლება იქნეს მიჩნეული სსკ-ის 83.1-ე მუხლის თანახმად (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - gccc.tsu.ge, 891-ე მუხლის კომენტარი, ველი 10).
100. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად სამართალში და ყოველ კონკრეტულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის კვლევის დროს მნიშვნელოვანია პრეზუმფციებზე მსჯელობა გონივრული შეფასების სტანდარტით, მით უფრო, როდესაც საუბარია თავდები პირის მიერ ე.წ. გაუმართლებელი და გაუცნობიერებელი ეკონომიკური/ფინანსური ტვირთის კისრებაზე, რაც შესაძლოა უთანასწორობაში ამყოფებდეს პირს კრედიტორთან შედარებით, რომელიც ამ შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარატვს, რომ „...მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს“ (იხ. სუსგ-ები: №ას-571-879-09, 30 აპრილი, 2010წ; №ას-1029-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ; №ას-647-647-2018, 21 ოქტომბერი, 2019. პ.26.6).
101. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამართლის სუბიექტთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპზე, რომელსაც ყველა მართლწესრიგი ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს და წარმოაჩენს მას თანამედროვე სამართლისა და ბიზნესის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპად. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ-სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.
102. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
103. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ხდება უფლების ბოროტად გამოყენება. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2015, 29 ივნისი, 2015; №ას-221-213-2012; №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011). კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
104. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
105. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში ეყრდნობოდა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებას, კერძოდ, თავდებობის ხელშეკრულება არღვევს კეთილსინდისიერად მოქმედების სტანდარტს, ამორალურია თავისი შინაარსით, ასევე ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (იხ. შესაგებელი, ტ.1.ს.ფ.125). შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილებისა და სამართალში პრეზუმციის მოქმედების შედეგად, წარმოიქმნა ვარაუდი მოსარჩელის სასარგებლოდ მასზე, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელე მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ამ ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებზე, მოპასუხეს უნდა მიეთითებინა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უფლების ხელყოფასთან ერთად მხარემ უნდა მიუთითოს კრედიტორის აშკარა არაკეთილსინდისიერების თაობაზე, რომელთა დასამტკიცებლადაც მხარემ უფრო მაღალი მტკიცების სტანდარტი უნდა დასძლიოს, ვიდრე ეს მხოლოდ სადავო ფაქტებზე მითითებაა.
106. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო (შდრ: სუსგ-ები: №ას-878-2018, 29 აგვისტო, 2018 წელი, პ.14.2.; სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015წ.).
107. სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ შეფასების ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით: „... სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ... სამოქალაქო ბრუნვის გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებში მოქცევა, სამოქალაქო კოდექსის გარდა, აღიარებულია კონსტიტუციური სამართლის დოქტრინაში - „საქართველოს კონსტიტუციამ მთავარ ღირებულებად ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება აღიარა და მას წარუვალი და უზენაესი მნიშვნელობა მიანიჭა“ (იხ. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, თბილისი, 2013, გვ. 7). რაც მთავარია, „კონსტიტუციით განმტკიცებული ძირითადი უფლებების მთავარი ღირებულებითი საფუძველი ადამიანია და აღნიშნული უფლებების განმარტებისა და შეფარდების პროცესში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ ( იხ. Starck, Der Demokratische Verfassungsstaat, 1995, S.161 ff; Huber, Des Menschenbild im Grundgesetz, Jura 1998, S.505 ff).
108. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, როცა სამოქალაქო ბრუნვის ნორმატიულად დადგენილი პირობები არღვევს ბრუნვის მონაწილეების ინტერესთა ბალანსს, მაშინ ურთიერთობათა კერძოსამართლებრივი მოწესრიგება შესაძლებელია განიხილებოდეს კონსტიტუციური უფლებების ჭრილში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის №1/1/374,379 გადაწყვეტილება). ანალოგიურ მიდგომას იზიარებს საერთო სასამართლოების პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-970-928-2013, 26 ნოემბერი, 2013 წ.).
109. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება წარმოადგენს ძირითადი უფლებებით დაცულ სიკეთეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ამ უფლების შინაარსი ძალზე ფართოა და „იგი მოიცავს ადამიანის არაერთ უფლებასა და თავისუფლებას, რომლებიც პიროვნების თავისუფალი განვითარების რეალიზაციის საშუალებად შეიძლება წარმოვიდგინოთ“ (იხ. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, თბილისი, 2013, გვ. 89). აღნიშნული უფლება, დაცვის სფეროს მოხედვით, ორ ძირითად უფლებას აერთიანებს, რომელთაგან საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება გულისხმობს „ყველაფრის კეთების უფლებას, რაც კი კანონით აკრძალული არ არის“ (იქვე, გვ. 91).
110. კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება არ წარმოადგენს შეუზღუდავ უფლებას. ის ყოველთვის განსაზღვრულ ფარგლებში ხორციელდება. კერძო ავტონომიის ფარგლები, რომლებიც, როგორც წესი, კანონით განისაზღვრება, ან გარიგების ფორმას ეხება ან გარიგების შინაარსს ან სხვა გარემოებები უდევს საფუძვლად (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წ., გვ. 94). უმთავრესი მოტივი ის გახლავთ, რომ ხელშეკრულება უზრუნველყოფს მატერიალური სიკეთის არა უბრალოდ განაწილებას, არამედ ამ განაწილების სამართლიანობასაც. სწორედ ამიტომ, „ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით“ ხელშეკრულების თავისუფლება გარკვეულ შეზღუდვებს განიცდის. სახელშეკრულებო თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან.
111. სახელშეკრულებო წონასწორობა არის თანასწორობის პრაქტიკული გამოვლინება. იგი მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების სამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს და წარმოიშობა მაშინ, როცა კონტრაჰენტები თანაბარი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელნი არიან. როგორც კი, ირღვევა უფლება-მოვალეობათა ეკვივალენტურობა, სახელშეკრულებო წონასწორობას საფრთხე ექმნება.
112. ძირითადი უფლებების დაცვის და ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების, დაცვის პრობლემა აქტუალურია იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებიც განსაკუთრებული რისკის მატარებელია ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიმართ. თავდებობის ხელშეკრულებაში უმთავრესია თავდების მიერ გამოხატული ნება, რომ იგი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. „თავდებობის შემთხვევაში საქმე ეხება ძირითადი ვალდებულებისაგან გასამიჯნ, თავდების მიერ ცალმხრივად ნაკისრი შესრულების ვალდებულებას. თავდები შესრულებით ასრულებს სკუთარ ვალდებულებას, რის შემდეგადაც ძირითადი მოთხოვნა გადადის მასზე სსკ-ის 905 მუხლის მიხედვით, ამიტომაც თავდები და ძირითადი მოვალე ვერ ჩაითვლებიან სოლიდარულ მოვალეებად“ (იხ. გ.რუსიაშვილი, აქცესორულობის პრინციპი იპოთეკისა და თავდებობის მაგალითზე, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 3/2019, გვ.15.).
113. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულება წარმოუდგენელია თავდებისათვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. იგი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მოვალის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ თავდებს არ გააჩნია არანაირი ფიქსირებული ქონება ან შემოსავალი, მასთან დადებული ხელშეკრულება ვერ იქნება ცნობილი ბათილად მის მიერ გამოხატული ნების გამო. ის გარემოება, რომ ბანკის მიმართ ვალდებულება ვერ შესრულდება, რადგან თავდები ნებაყოფლობით უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო მას არ გააჩნია შემოსავალი ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად, წარმოადგენს კრედიტორის მიერ გაწეულ, თუ გასაწევ რისკს და იგი ცალკე აღებული, ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
114. ისეთ დროს, როდესაც პირი გაცნობიერებულად იღებს საკრედიტო დაწესებულების წინაშე ვალდებულებას, ასევე ისეთ დროსაც კი, როდესაც კრედიტორი გაუცნობიერებლად, სამოქალაქო დაუდევრობის გამოჩენის პირობებში, ხელშეკრულებას შინაარსის გაუცნობლად აწერს ხელს, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს, დადგეს ადეკვატური სამართლებრივი შედეგი.
115. მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (შდრ: სუსგ-ები: №ას-1152-2021, 31 იანვარი, 2022წ.; №ას-1329-2019, 12 აპრილი, 2022 წ.)
116. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ საფუძველს (იხ: ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია,
სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2003წ., გვ.67).
117. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
118. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
119. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
120. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.
121. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. კერძოდ, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
122. აღნიშნული ნორმის დანაწესი არ შეიცავს გულისხმიერების ვალდებულებათა ჩამონათვალს და არ აზუსტებს მის შინაარს. კანონმდებელი მხოლოდ ამ ვალდებულების აუცილებელ ნიშან-თვისებებზე მითითებით შემოიფარგლება, კერძოდ: ა) გულისხმიერების ვალდებულება გამომდინარეობს ვალდებულებითი ურთიერთობის ბუნებიდან, მიუხედავად იმისა, შეთანხმდნენ თუ არა მასზე მხარეები (naturalia negotii); ბ) გულისხმიერების ვალდებულება მიმართულია მოვალის ქონებრივი და არაქონებრივი status quo-ს შენარჩუნებაზე (განსხვავებით შესრულების ვალდებულებისაგან, რომელიც status quo-ს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად); გ) გულისხმიერების ვალდებულება ეკისრება ვალდებულების ორივე მხარეს.
123. გულისხმიერების ვალდებულება, როგორც ბუნებრივი ვალდებულება, ახასიათებს ყველა ვალდებულებით ურთიერთობას, რომელშიც ამ ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ის გარემოება, რომ კანონმდებელი არა ჩვეულებრივ, არამედ „განსაკუთრებულ“ გულისხმიერებაზე მიუთითებს, მეტყველებს იმაზე, რომ სსკ-ის 316 II-ე მუხლით დადგენილი ქცევის სტანდარტი იმაზე მაღალია, ვიდრე სსკ-ის 992-ე მუხლის სტანდარტი. სტანდარტის სიმკაცრე, თავის მხრივ, დამოკიდებულია ვალდებულების ხასიათზე. იგი მით უფრო მაღალია, ა) რაც უფრო მაღალია ობიექტური ნდობის ხარისხი კონტრაჰენტთან მიმართებაში ბ) მაღალია დაინტერესებული მხარის ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები. რაც შეეხება ობიექტურ ნდობას, იგი განსაკუთრებით ინტენსიურია საბანკო და სადაზღვევო ურთიერთობებში (შდრ: №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019, პპ: 187-189) და ამ თვალსაზრისით, ყურადღებაა გასამახვილებელი ხელშეკრულების დებულებათა სიცხადის აუცილებლობაზეც.
124. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის ფარგლებში სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას, ისე საკანონმდებლო მოწესრიგების ასპექტში. სამართლიანობა ბოჭავს კანონმდებელს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებლის მიზანს კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში კი ასეთია სახელშეკრულებო თანასწორობა და სახელშეკრულებო სამართლიანობა, რომელიც ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელშეკრულებო თანასწორობის დარღვევა გამოიწვევს სახელშეკრულებო სამართლიანობის დარღვევას. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვით გონივრულ ფარგლებს უწესებს მის მონაწილე მხარეებს და ამით სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენისკენ დგამს ნაბიჯს (მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტანდარტული პირობებით შედგენილი ხელშეკრულება). (შდრ: Di Fabio U., Form und Freiheit, DNotZ, Heft 5, Verlag C.H. Beck, München, 2006, S. 346.).
125. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავისუფლება და სამართლიანობა - ეს ორი პრინციპი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც, თავისუფალი რეალიზების ფარგლებში, სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი. იგი ემსახურება პირთა თანასწორობის მიზანს. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებით, სახელშეკრულებო სამართლიანობა სსკ-ის ნორმებით წესრიგდება. სახელშეკრულებო სამართლიანობა, უპირველეს ყოვლისა, კერძო ავტონომიის უმთავრეს არსს ეფუძნება: მხარეთა შორის კონკრეტული კერძოსამართლებრივი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებით განხორციელდეს, ხოლო მათ შორის არსებული შეთანხმება შეესაბამებოდეს სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპს. ასეთი დანაწესის არარსებობამ შეიძლება სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა მიმართ უსამართლო შედეგები გამოიწვიოს, ვინაიდან იგი შეუსაბამობაში მოვა კერძო სამართლის არსთან - მის მონაწილე ინდივიდებს გააჩნდეთ თანასწორი უფლებები კერძოსამართლებრივ ურთიერთობის საწყისზე.
126. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში, ერთ-ერთ გამოვლინებად სტანდარტული პირობები განისაზღვრა. სტანდარტული პირობების მთელ არსს კონკრეტული ხელშეკრულების ხშირი გამოყენება წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. ფორმულარი ხელშეკრულება, რომელსაც სტანდარტული პირობებით იყენებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი დოკუმენტი „ტიპობრივ სახელშეკრულებო ფორმულარადაცაა“ მოხსენიებული. მისი გამოყენება აიოლებს და ორმაგად აჩქარებს თანამედროვე ეპოქაში არსებულ ტენდეციას - ხელშეკრულება შედგენილ იქნეს სწრაფად და მისმა მონაწილე პირებმა დრო არ დაიკარგონ, ცალკე ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ასეთი პრაქტიკული დანიშნულება და საჭიროება წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლებისთვის სსკ-ში ცალკე მომწესრიგებელი ნორმების აუცილებლობას.
127. საქართველოში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ევროპული კერძო სამართლის რეცეფციის შედეგს წარმოადგენს. სსკ-ის 342-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი წინაპირობები: ა) იგი უნდა იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული; ბ) გამიზნული უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის; გ) ერთი მხარე უნდა ადგენდეს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის და დ) აღნიშნულის მეშვეობით კანონით დაგდენილი ნორმებისგან განსხვავებული ან უნდა მოხდეს მათი შემვსები წესების დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მრავალჯერად დასადებ ხელშეკრულებებთან მიმართებით გამოიყენება.
128. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები. ეს დებულება გულისხმობს, რომ სტანდარტული პირობები ყოველთვის წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს, ანუ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს. სტანდარტული პირობები არ განიხილება ხელშეკრულებისაგან განცალკევებულ პირობებად, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია სტანდარტული პირობები ტექნიკურად არსებობდეს ხელშეკრულებისაგან განცალკევებულად (მაგ., შესაძლებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით, მაგრამ, თუ შემთავაზებელს საკუთარი სარეწის ფარგლებში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული აქვს სტანდარტული პირობები, ეს პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ დებულებებად განიხილება).
129. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები. რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები. მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა გულისხმობს სტანდარტული პირობების არაერთჯერად ხასიათს, ანუ შემთავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისათვის საერთოა. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს, თუ შემთავაზებელმა ჩამოაყალიბა სტანდარტული პირობა, მისი მრავალჯერადი გამოყენება არის სავალდებულო და სხვა შემთხვევაში არ შეიძლება პირობა ჩავთვალოთ სტანდარტულად. აღნიშნული დათქმა გულისხმობს არა პირობის მრავალჯერადად გამოყენების ვალდებულებას, არამედ მრავალჯერადი გამოყენებადობის შესაძლებლობას, ანუ პირობა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს არაერთჯერადად, ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ.
130. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაასის ფორმულირებაზე. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ სსკ-ის 345-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ტექსტის ბუნდოვანებისას მისი განმარტება ხდება მეორე მხარის სასარგებლოდ. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. სტანდარტული პირობების კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამ პირობაში, რა თქმა უნდა, მოიაზრება კანონის დისპოზიციური ნორმები და ნებისმიერი სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმას, არის ბათილი.
131. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენება თანამედროვე ბაზრის განვითარების ერთ-ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს. იგი გამოიყენება უამრავ სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგალითად, საბანკო სახელშეკრულებო ურთიერთობებისას. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების თავისუფლების ბუნებაში ჩარევის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია (იხ: Schmidt H., Einbeziehung von AGB im unternehmerischen Geschäftsverkehr, NJW, Heft 46, Verlag C.H. Beck, München, 2011, 3330.).
132. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სტანდარტული პირობები ყოველდღიურად ვითარდება. აღნიშნულის დასტურია ელექტრონული ხელშეკრულება, რომელსაც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე დებენ. ამგვარი საშუალებით უფრო მარტივია ხელშეკრულების დადება, შეკვეთის გაკეთება და სხვ. ელექტრონული საშუალებით დადებული სტანდარტული პირობის მქონე ხელშეკრულების უმთავრეს მომწესრიგებლად სამოქალაქო სამართალში არსებული დათქმები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული (შდრ: Paal P.B., Internetrecht – Zivilrechtliche Grundlagen, JuS, Heft 11, Verlag C.H. Beck, München, 2010, 956.) ელექტრონული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ქართულ კანონმდებლობაში ცალკეული მუხლებით არ წესრიგდება და გამოიყენება სსკ-ის სტანდარტული პირობების წესები.
133. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეზღუდვის საფუძველი და ამასთანავე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ იარსებებს, თუ მხარე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს მხოლოდ კონკრეტული, მის მიერ განსაზღვრული პირობებით გაწერილ ხელშეკრულებას შესთავაზებს. აღნიშნულით მხარის თავისუფლება არ იბოჭება. კერძოდ, ასეთის არსებობისთვის საჭიროა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება მრავალჯერადი გამოყენებისთვის იყო გამიზნული.
134. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა და ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე მსჯელობისას უნდა გამოვყოთ ის ძირითადი პრინციპები, რაც საკანონმდებლო დონეზე დასახელებულ სამართლებრივ ინსტიტუტს აწესრიგებს: ა) კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა და ბათლობის სამართლებრივი წინაპირობა; ბ) შინაარსის კონტროლი; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტი.
135. კონკრეტული გამონაკლისების გარდა, სტანდარტულ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები უმეტეს შემთხვევაში ბათილ ნორმებს არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც, სტანდარტული პირობები მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას იწვევს. მაგალითად, როდესაც დომინირებული მდგომარეობის მქონე საწარმო მის მომხმარებელს ხელშეკრულების არათანაბარ პირობებს სთავაზობს და სხვ. ასეთის არსებობისას, უმეტეს შემთხვევებში, ბათილი ნორმები ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და ხელშეკრულების მონაწილე ერთ მხარეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.
136. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სამართლიანობის მოთხოვნათა დაცვა უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამ თვალსაზრისით, კეთილსინდისიერების პრინციპი შესაძლებელია კონკრეტული პირობის გონივრულად განსაზღვრის საკითხს ეფუძნებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ეხება (მაგალითად, იმ გულისხმიერების ვალდებულებას, რაც მხარეს ასეთ შემთხვევაში გააჩნია). ასევე, მხარეთა მიერ თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებით არ უნდა გაიწეროს კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობა და სხვ. დაცვის თითოეული ასეთი მექანიზმი მიმართულია როგორც ხელშეკრულების მხარის უფლებების რეალიზების, ასევე, პრაქტიკისა და ეკონომიკური საქმიანობის სწორად წარმართვისკენ (შდრ: Lakies T., AGB-Kontrolle von Vertragstrafenvereinbarungen, ArbR Aktuell, Heft 13, Verlag C.H. Beck, München, 2014, ველი 313 .).
137. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შინაარსის კონტროლზე საუბრისას უნდა შევეხოთ სამ უმთავრეს დამახასიათებელ საკითხს: ა) მის დანიშნულებას, ბ) ნორმათა კონკურენციას სსკ-ის სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან მიმართებით და გ) შინაარსის თავისუფლებისა და შინაარსის კონტროლის ურთიერთმიმართებას (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2016 წ., გვ. 189.).
138. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსის კონტროლი სამართლებრივი შედეგებისთვისაა სარგებლის მომტანი. მისი უმთავრესი დანიშნულებაა, დაიცვას იმ პირთა მიმართ კერძო ავტონომიის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყიდულობენ მომსახურებას, პროდუქტს, და სხვ. აღნიშნული კი გამოიხატება ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის დასაშვებობაში, რაც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სამართლებრივ დონეზე მოწესრიგებული მაკონტროლებელი ინსტრუმენტი. მართალია, შინაარსის კონტროლის მიზანს პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს, სსკ-ის სხვა მომწესრიგებელი ნორმები ასეთ დროს არ გამოიყენება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები საერთოდ არ გამოიყენება და საკითხის გადაჭრისთვის მხოლოდ სსკ-ის ცალკეულ ნორმებზეა სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული. ამგვარი მსჯელობა აბსოლუტურად მისაღები და სამართლებრივად დასაბუთებულია. შედარების თვალსაზრისით შესაძლებელია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოყვანა, სადაც სტანდარტული პირობების ბათილობის შემთხვევაში გამოიყენება გსკ-ის ზოგადი ნორმებით განსაზღვრული დათქმები, რომლებიც ნორმის ბათილობას ეხება. აღნიშნული, პირველ რიგში, ეფუძნება შინაარსის კონტროლის მიზანს (შდრ: Hellwege P., Allgemeine Geschäftsbedingungen, einseitig gestellte Vertragsbedingungen und die allgemeine Rechtsgeschäftslehre, Verlag Mohr Siebeck, Tübingen, 2010, S.138.).
139. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის უმთავრეს წინაპირობას შინაარსის კონტროლი წარმოადგენს, როდესაც ჩარევა (ზემოქმედება) ხდება უშუალოდ ხელშეკრულების შინაარსზე. სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ჩარევა მრავალჯერადი გამოყენების ხელშეკრულებათა შინაარსის შეზღუდვისკენაა მიმართული. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების რეალიზაცია იმავე დოზით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია შესაძლებელი, სტანდარტული პირობებისას არ გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამართლის პრინციპი: რაც კანონით აკრძალული არაა, ყველაფერი დაშვებულია, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შეზღუდული სახით გამოიყენება, რაც შინაარსის კონტროლის აუცილებლობასა და მისი არსებობის ფარგლებს განამტკიცებს (შდრ: Schade F., Wirtschaftsprivatrecht: Grundlagen des bürgerlichen Rechts sowie des Handels- und Wirtschaftsrechts, 2. Auflage, Verlag A. Kohlhammer GmbH, Stuttgart, 2009, Rn. 178-181.).
140. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების განმარტებას დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ვინაიდან განმარტება ყოველთვის სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარეობს, მის სამართლებრივ საფუძველს ე.წ. „ობიექტური განმარტება“ უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული არის არა მხარეთა ინდივიდუალური შეხედულებები და წარმოდგენები საკითხზე, არამედ, კონკრეტული, სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის ჩამოყალიბებული ობიექტურ გარემოებებზე დამყარებული აღქმა. სასამართლოც საქმეთა განხილვისას სწორედ „ობიექტური განმარტებიდან“ უნდა ამოვიდეს. ამგვარი განმარტება ხელს უწყობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სტანდარტული პირობების განსაზღვრის საკითხს და ამასთანავე, იგი ადგენს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლების მოქმედების ფარგლებს, რომლის მიზანიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კეთილსინდისიერების პრინციპსა და ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სახელშეკრულებო პირობების სტანდარტულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებაა (შდრ: Krampe C., Auslegung und Inhaltskontrolle, Inhaltskontrolle im nationalen und europäischen Privatrecht, Schriften zum europäischen und internationalen Privat-, Bank- und Wirtschaftsrecht, Band 33, Reisenhuber K. und Karakostas I.K. (Hrsg.), De Gruyter Rechtswissenschaften Verlags- GmbH, Berlin, 2009, 22.
141. განსახილველ საქმეზე საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. იმავეს ადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც, კერძოდ, სტანდატული პირობა თუნდაც აკმაყოფილებდეს კანონმდებლის მოთხოვნებს, იგი ვერ გადაიქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მეორე მხარისათვის ასეთი პირობების არსებობა მოულოდნელი იყო (შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.2). ეს წესი თანაბრად მოქმედებს როგორც მომხმარებლის, ისე მეწარმისათვის წაყენებული სტანდარტული პირობების შემთხვევაში, რადგან მეწარმესაც არ ეკისრება ფაკულტატური ვალდებულება სტანდარტული პირობების სრულად წაკითხვისა თუ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებისა. (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი 2.). ამით შემთავაზებლის კონტრაჰენტის უჩვეულო და მოულოდნელი პირობებისაგან დაცვის მიზნით შექმნილია ე.წ. ნეგატიური ჩართვის წინაპირობა - პირობა არ უნდა იყოს უჩვეულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. სსკ-ის 344-ე მუხლი გვევლინება სტანდარტული პირობების სამართალში მოქმედი სიცხადის პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებად.
142. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა (სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი( სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო. რაც შეეხება სსკ-ის 346-ე მუხლის დანაწესს, „ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა”. ( შდრ: სუსგ №1585-2022, 12 ივნისი, 2023 წ., პ.41.7.5.).
143. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთი მხრივ სსკ-ის 344-ე და, მეორე მხრივ 346-348-ე მუხლების (ჩართვის ნეგატიური კონტროლი) წინაპირობების შემოწმება შეიძლება მოხდეს პარალელურად, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. არა ყოველი პირობა, რომელიც უჩვეულოა, არის იმავდროულად ( და მხოლოდ ამის გამო) შინაარსობრივად დაუშვებელი და პირიქით. სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში იდენტურია: ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი რჩება ძალაში და უჩვეულო თუ შინაარსობრივად დაუშვებელ პირობას ანაცვლებს კანონისმიერი დისპოზიციური დანაწესები.
144. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უჩვეულოდ ჩაითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც ხეშეკრულების მეორე მხარეს, მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და ხელშეკრულების მხარეს მათი გათვალისწინება არ შეეძლო (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.190.).
145. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, აუცილებელია შედარება “ჩვეულ“ რეგულაციასთან, რაც წამოჭრის საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი თვალსაწიერიდან უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება „ჩვეულ“ წესად. ნების გამოხატვის შინაარსის დადგენისას, გადამწყვეტია არა შემთავაზებლის, არამედ მიმღების თვალსაწიერი.( შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.14). მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული მეორე მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოლოდინს. სსკ-ის 344-ე მუხლის ამოქმედებისათვის, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულება უნდა იყოს იმავდროულად მოულოდნელი ანუ უნდა ჰქონდეს ე.წ. „მოუმზადებლად თავზე დატყდომის ეფექტი“. ასევე გაასთვალისწინებელია გარემოებები, რომლებშიც იდება ცალკეული ხელშეკრულება შემთავაზებლის ქცევის ჩათვლით (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი18.).
146. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემთავაზებელს აქვს შესაძლებლობა, გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია პირობის რეგულაციური შინაარსის ახსნა ან კანონისმიერი თუ ტიპიური სახელშეკრულებო ალტერნატიული რეგულაციის მკაფიოდ აღწერა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კონტრაჰენტს, გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა პირობის ხელშეკრულებაში ჩართვა. მოულოდნელობის მომენტი არ არის სახეზე, როცა მხარეებმა უჩვეულო დებულება ხელშეკრულების დადებამდე დეტალურად განიხილეს. მკაფიო მითითებისა და განმარტების ვალდებულება აქვს შემთავაზებელს და არცერთ შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარეს. უჩვეულო და მოულოდნელი სტანდარული პირობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არქცევის შემთხვევაში, დგება შემდეგი სამართლებრივი შედეგი: ხელშეკრულება დადებულად ითვლება ამ პირობის გარეშე. ის რეგულაციური ვაკუუმი, რაც გამოწვეულია უჩვეულო სტანდარტული პირობის ხელშეკრულებაში არჩართვით, უნდა ამოივსოს კანონის დისპოზიციური ნორმებით. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი ძალაში რჩება (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001წ., მუხლი 344, გვ.192.).
147. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიღმა დარჩენილ სტანდარტულ პირობას ანაცვლებენ კანონის დისპოზოციური ნორმები. პირობის ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი (სსკ-ის 344-ე მუხლი) და შინაარსის კონტროლი (სსკ-ის 356-348-ე მუხლები), მიზნად ისახავს, დაიცვას ხელშეკრულების კონტრაჰენტი შემთავაზებლის მიერ ხელშეკრულების შინაარსის ცალმხრივად განსაზღვრისაგან. ცალმხრივად ფორმულირებული პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გამართულობაზე პასუხისმგებელია მხოლოდ შემთავაზებელი. ის ატარებს იმ რისკს, რომ მის მიერ ფორმულირებული პირობა ვერ გაუძლებს მოსამართლის მხრიდან (სსკ-ის 344-ე, 346-348-ე მუხლების საფუძველზე) შემოწმებას და შემთავაზებელი ამ რისკისაგან არ უნდა გათავისუფლდეს. შემთავაზებელი ვერ გადააბიჯებს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ინტერესთა მორიგების ჩარჩოებს. თუმცა, მეორეს მხრივ, მოსამართლე არ არის „ხელშეკრულების არქიტექტორი“, რომელმაც სტანდარტული პირობის „უჩვეულობის“ საბაბით თავად უნდა მისცეს მას ახალი და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი სახე. ამგვარად, დაუშვებელია უჩვეულო პირობის მოქმედების შემანარჩუნებელი რედუქცია ანუ პირობის დაუშვებელი შინაარსის დასაშვებ მაშტაბამდე დაყვანა და მისი ამ ფორმით შენარჩუნება (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი 31.).
148. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
149. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.
150. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.
151. სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ №000610454 საკრდიტო ხელშეკრულების შემადგენელი თავდებობის ხელშეკრულებას №791863-000610454 (იხ. ტ.1.ს.ფ.31-35), რომლის ხუთივე გვერდი ხელმოწერილია თავდების მიერ, ნათლად არის განსაზრვრული ხელშეკრულების საგანი, აგრეთვე თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და თავდების პასუხისმგებლობის სახე (სოლიდარული თავდებობა). შესაბამისად, გასაზიარებელია კასატორის პრეტენზია, რომ არ არსებობს თავდებობის ხელშეკრულების 2.2 და 3.3 პუნქტების, როგორც თავდებობის ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტული პირობების, სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველი.
152. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ თავდები მოპასუხე შესაგებელში არ უთითებს, კეთილსინდისიერად და მართლზომიერად მოქმედებდა თუ არა გამსესხებელი კრედიტის გაცემისას, კერძოდ, იყო თუ არა კრედიტუნარიანი მსესხებელი და არსებობდა თუ არა სესხის გაცემის წინაპირობები (კრედიტი არის საკრედიტო დაწესებულების მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, სასყიდლიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული თანხა). თუ მოსარჩელე მიუთითებდა და შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურებდა, რომ მსესხებელს საბანკო კრედიტის მიღების დროს არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავლები (ხელფასის ან სხვა შემოსავლების სახით), მაშინ, ცხადია, რომ გამსესხებელი მხოლოდ თავდებობის იმედად რჩებოდა და, შესაბამისად, მის მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.
153. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება).
154. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე თავდები შესაგებელში აგრეთვე უთითებდა, რომ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, შესაბამისად, ხელშეკრულება ბათილია. გარდა აღნიშნულისა, თავდებისათვის უცნობი იყო, გადააცილა თუ არა მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვადებს. (იხ. ტ.1.ს.ფ. 123-127).
155. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს, დადგეს ადეკვატური სამართლებრივი შედეგი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა - თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებითა და სათანადო გარემოებებზე მითითებით.
156. საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს მოპასუხის პოზიცია, კერძოდ, იგი გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვს მოტყუების საფუძველზე. სსკ-ის 81-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება შეცილების ადრესატის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის დადასტურება, ხომ არ ამტკიცებს მოსარჩელე გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს და ამ საფუძვლით ხომ არ ეცილება ხელშეკრულებას, ასევე, უნდა შემოწმდეს გარიგების კონკრეტული საფუძვლით შეცილების ნამდვილობა, რამეთუ საცილო გარიგების მიმართ არანამდვილი შეცილების განხორციელება ამ გარიგებას იურიდიული ძალმოსილებით აღჭურავს (შდრ: სუსგ №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017).
157. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. ამიტომ ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებისა და და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს (შდრ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი5, თბილისი, 2017 წ.). ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახულ სამართლებრივი შედეგის დადგომას. გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია, ამიტომ გარიგების ბათილობის მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები, გარიგების ნაკლის გამოსწორების ჩათვლით, კანონით განისაზღვრება. ამის შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდება ბათილი გარიგების სახეები.
158. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (შდრ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი12, თბილისი, 2017 წ.).
159. საკასაციო პალატა მიუთითებს, როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სარჩელსა და შესაგებლში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შესაფასებელია, მხარეთა შორის ურთიერთობა მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებად.
160. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის, არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული. შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. შეცდომა ვიწრო გაგებით არ არის მოცემული მაშინ, როდესაც ნების გამომვლენ პირს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. ფართო გაგებით, წარმოდგენის არქონა შესაძლებელია ასევე შეფასდეს როგორც შეცდომა.
161. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: №ას-182-171-2014,16 ივნისი, 2014 წ; 20.01.2016წ.; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წ.;№1126-2021, 29 მაისი, 2023 წ.). ის, ვინც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, მისი არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის.
162. საკასაციო სასამართლო მოპასუხის შედავების ფარგლებში ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე სსკ-ის 902-ე მუხლის დანაწესზე, კერძოდ, „1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. 2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.” საგულისხმოა, რომ ნორმის წინაპირობა მოითხოვს იმის დამტკიცებას, რომ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და კრედიტორს არ უცნობებია ამის შესახებ თავდებისათვის, ან ამ უკანასკნელმა მიმართა კრედიტორს მოთხოვნით ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ და არ მიიღო ინფორმაცია. ამ მოქმედებების შეუსრულებლობა კრედიტორისათვის საზიანო შედეგებს იწვევს სსკ-ის 902.2-ე მუხლის საფუძველზე ( შდრ: სუსგ №ას-1585-2022, 12 ივნისი, 2023 წ).
163. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
164. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხე თავდების მიერ შესაგებელში მითითებულ სსკ-ის 81-ე და 902-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებებისა და წინაპირობების შესახებ, ამიტომაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წინაპირობები და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად, განსაზღვროს უფლების საკითხი.
165. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ (სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ი“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე