საქმე №ას-866-2023 13 ოქტომბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს "ნ.ქ–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ნ.ქ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან მენარდე) სარჩელი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე, დეპარტამენტი ან შემკვეთი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე კომპანიასა (ყოფილი შპს “ე.....“) და მოპასუხე დეპარტამენტს შორის, 2013 წლის 3 ივლისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება - ე.ტ. N72-13, მესტია-უშგულის საავტომობილო გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც 2015 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების 2.18 მუხლის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ორი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა დეფექტების გამოსწორებამდე არ აუნაზღაურდებოდა;
3.2. მოსარჩელემ მოპასუხესთან გაფორმებული N72-13 ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები; საავტობომილო გზის შესაბამის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2015 წლის ივნისის თვეში გაფორმებული შესრულებული სამუშაოების მიღების აქტით (ფორმა N2). საქმეზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დეპარტამენტისთვის ბოლო მიწოდება 2015 წლის 9 ივლისს განხორციელდა;
3.3. მხარეთა შორის, 2018 წლის 11 აპრილს, შედგა ურთიერშედარების აქტი, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დეპარტამენტს კომპანიის მიმართ გააჩნია 786 836.51 ლარის დავალიანება. მხარეთა შორის გაფორმებული აქტის შენიშვნაში მითითებულია, რომ 786 836.51 ლარის კრედიტორული დავალიანების გადახდა გადავადებულია ხელშეკრულების პირობების საბოლოო შესრულებამდე;
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, მენარდის (კომპანიის) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ 88 160.75 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად;
3.5. მოპასუხე დეპარტამენტის ბრძანებით მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ლოტი I კმ141-კმ154 (12.37კმ) სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, დაინიშნა დასრულებული სამუშაოების მიმღები კომისია; მიმღებმა კომისიამ საზედამხედველო ორგანიზაციის შპს “გ–სა“ და მენარდე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, 2015 წლის 18-19 აგვისტოს ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი და დააფიქსირა ხარვეზები, რაზედაც შესაბამისი აქტი შედგა. 2015 წლის 17 აგვისტოს N146 ბრძანების საფუძველზე, დაფიქსირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის წარმოსადგენად, კომპანიას გაუგრძელდა ვადა ჯერ ერთი თვით 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ ორი თვით - 2015 წლის 1 დეკემბრამდე;
3.6. საგზაო სამუშაოების კომისიამ 2015 წლის 18-19 აგვისტოს ადგილზე დაათვალიერა დეპარტამენტთან 03.07.2013წ. გაფორმებული N72-13, ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდის მიერ საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ობიექტის ვიზუალურად დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა შემდეგი სახის ხარვეზები: ზოგიერთ ადგილებში გასაწმენდია კიუვეტები და მილების სათავსოები, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გვერდულებზე დასამატებელია ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, ა/პავილიონებში პკ57+20 და პკ63+15 მოსაწყობია ხის სკამები, პკ5+15 - პკ5+25, პკ20+55 - პკ20+80, პკ25+40 - პკ25+90 განვითარებულია მეწყრული პროცესი და სავალი ნაწილი დამჯდარი და დეფორმირებულია, პკ48+42 - პკ48+62 სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ბეტონის ფილა ღერძთან დაწეულია, პკ76+86 - პკ76+96, პკ109+80 - პკ110+50 მარჯვენა მხარე დაწეულია და სავალი ნაწილი დეფორმირებულია, პკ67+18 - პკ67+38 (60მ2) და პკ90+15 - პკ90+25 (30მ2) სავალი ნაწილის ზედაპირი დაზიანებულია, პკ14+63 -პკ14+68, პკ44+50 - პკ44+70, პკ51+20 - პკ51+40 სავალ ნაწილზე შეიმჩნევა ტრანსპორტის ღრმა ნაკვალევი, პკ68+60 - პკ80+40 (ორივე მხარე) და პკ80+40 - პკ86+00 (მარჯვენა მხარე) ცემენტ ბეტონის საფარი დაგებულია ხელით და მთელი ეს მონაკვეთი დეფორმირებული და უსწორმასწოროა; საქმეში წარმოდგენილ 19.08.2015 წლის აქტს ხელს აწერენ ორივე მხარის - დამკვეთისა და მენარდის წარმომადგენლები;
3.7. მოსარჩელეს, როგორც მენარდეს, მხარეთა შორის 03.07.2013 წელს გაფორმებული ე.ტ. N72-13 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია. მენარდის მიერ არ არის გამოსწორებული სამუშაოს მიღების კომისიის მიერ ობიექტის დათვალიერების შედეგად 19.08.2015 წელს შედგენილ აქტში მითითებული და, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 04.10.2016 წლის დასკვნაში საკვლევი ობიექტის შეფასების საფუძველზე გამოკვეთილი ხარვეზები.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შემკვეთის მიერ დაკავებული თანხის კანონიერებაა მხარეთა შორის სადავო (იხ. ამ განჩინების 3.1 ქვეპუნქტი), რის გადასაწყვეტადაც, უპირველესად, უნდა შეფასდეს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულებათა ჯეროვანი, უხარვეზო შესრულების საკითხი.
5. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები შესრულებული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, კერძოდ:
5.1. უპირველესად, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მიმწოდებლის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2015 წლის ივლისში. ორივე მხარის წარმომადგენლების, სპეციალისტების მიერ 2015 წლის აგვისტოში (სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვის ვადაში) შემოწმდა ჩატარებული სამუშაოები და აღმოჩნდა გარკვეული სახის ხარვეზები, რაც დეტალურადაა მითითებული დათვალიერების შედეგად 19.08.2015 წელს შედგენილ აქტში, რასაც ორივე მხარე დაეთანხმა ხელმოწერით. მოპასუხე მხარის განმარტებით, აქტში ჩამოთვლილთაგან, გამოსწორებულია მხოლოდ ერთი - ა/პავილიონებში პკ57+20 და პკ63+15 მოეწყო ხის სკამები, ხოლო შემსყიდველის მტკიცებით, დანარჩენი ხარვეზები დღემდე არ არის აღმოფხვრილი. აღნიშნული გარემოების მამტკიცებელი საწინააღმდეგო მტკიცებულება, მოსარჩელე მხარის (მენარდის) მიერ წარმოდგენილი არ არის;
5.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მენარდე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა 2015 წლის 9 ნოემბერს, ხოლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესვლის თარიღად მითითებულია 2015 წლის 13 ნოემბერი. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთის, ლოტი N1 კმ141-154 (12.37 კმ) რეაბილიტაციის დროს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ხილული ნაწილის მოცულობები რიგ შემთხვევაში განსხვავდება წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2-ში) ნაჩვენებ სამუშაოთა მოცულობებისგან, აღნიშნული სხვაობების გათვალისწინებით მოხდა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) დაკორექტირება და დადგინდა, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ნაცვლად წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოების აქტში ნაჩვენები 12 889 230.61 ლარისა, შეადგენს 12 863 314.27 ლარს, რაც შესრულებული სამუშაოების აქტში მოცემულ სამუშაოთა ღირებულებაზე 25 916.33 ლარით ნაკლებია. ამასთან, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე არსებული სახიდე გადასასვლელებიდან აღებული ასფალტის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ გზაზე მოწყობილი ასფალტის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. მენარდის მიერ უხარისხოდ, სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 13 562 ლარს დღგ-ის გარეშე;
5.3. გარდა ამისა, საკვლევი ობიექტის ვიზუალური შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი სახის ხარვეზები (შეუსაბამობები): მოწყობილი ცემენტობეტონის გზის ზოგიერთ მონაკვეთზე საფარის ზედაპირზე ფიქსირდება განივი და დიაგონალური მიმართულების სხვადასხვა სიგრძისა და სისქის ბზარები, საფარის ზედაპირი უმეტეს შემთხვევაში ტალღოვანია და არის ადგილები, სადაც შესამჩნევია ბეტონის ზედაპირის სეგრეგაცია (ფიქსირდება ე.წ. “ნიჟარები“ და “ფუჭვილები“). ამასთანავე, სავალი ნაწილის გაგანიერების ადგილებში ხშირ შემთხვევაში განივი გადაბმის ადგილები გახსნილია (ბეტონის საფარი დაშორებულია ერთმანეთს). ასევე, რამდენიმე ხელოვნურ ნაგებობაზე აღინიშნება ბეტონის განშრევებები და ბზარები. პკ5+15 და პკ20+500-ზე სავალი ნაწილის მარცხენა ზოლი დეფორმირებულია (დაწეულია), რაც გამოწვეულია აღნიშნულ მონაკვეთებზე, ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების მოქმედებით, რომლებიც დღეის მდგომარეობითაც დინამიკაშია. გამოსაკვლევი გზის ზედა ფერდობის ქანობებზე მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, შედეგად ქანობები განიცდის დახრამვებს და ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებულია მცირე ზომის მეწყერები და ხშირ შემთხვევაში გადაადგილებული გრუნტი, გადმოსულია გვერდულზე ან აწვება გაბრიონის ზედა საყრდენ კედლებს, რის გამოც ერთ ადგილზე დეფორმირებულია გაბრიონის კედელი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებული მასალების ხარისხი, კერძოდ, ცემენტობეტონის საფარის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნას. ზემოთ აღნიშნული ხარვეზები (შეუსაბამობები) გამოწვეულია დაგების (მოწყობის, ჩასხმის) ტექნოლოგიების დარღვევით. ასევე, ნაგებობის განთავსების ადგილებში განვითარებული გეოლოგიური პროცესების ზეგავლენით. მოსარჩელე კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებული საგზაო სამუშაოების მოცულობების კოორდინატები ძირითადად არ შეესაბამება საპროექტო დავალებით განსაზღვრულ კოორდინატებს. პროექტში არსებულ განივ ჭრილებში მითითებული სიმაღლეები ასევე არ შეესაბამება ფაქტიურად მოწყობილი გზის საფარის სიმაღლეებს. პროექტით გათვალისწინებული გზის მონაკვეთზე, რიგ ადგილებში მოწყობილია ლითონის ელ. გადამცემი ანძები. ასევე არსებობს რიგი მონაკვეთები, რომლებზეც პროექტით გათვალისწინებული მდებარეობის მიხედვით გზის მოწყობა გამოიწვევდა გარკვეულ სირთულეებს (კლდოვანი ქანების გაცილებით დიდი რაოდენობით მოჭრას);
5.4. ამდენად, სააპელაციო სასამართლომაც მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების არსებობა, რაც მენარდის მიერ არ არის გამოსწორებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, ხარისხის დაცვის მიზნით, შემკვეთის მიერ დაკავებული თანხიდან დასკვნაში მითითებული 13 562 ლარის დაქვითვის თაობაზე, ვინაიდან ამ თანხით შეფასებულია მხოლოდ სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამო სამუშაოების ღირებულება, თუმცა გარდა ამისა, საკვლევი ობიექტის ვიზუალური შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა სხვა სახის ხარვეზების არსებობაც, რომლის გამოსწორებისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. მხარეთა შორის არსებული მიმოწერით დასტურდება, რომ დეპარტამენტმა არაერთხელ შეატყობინა მენარდე კომპანიას, რომ 2015 წლის 18-19 აგვისტოს ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილ აქტში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებამდე, შემკვეთი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, აანაზღაუროს ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხა. მოპასუხის მითითებით, აქტში დაფიქსირებულ ხარვეზთაგან - მენარდემ ა/პავილიონებში მოაწყო ხის სკამები. სხვა ხარვეზების გამოსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი. ერთ-ერთ წერილში მენარდე აღნიშნავს, რომ ხარვეზები აღმოფხვრილია, თუმცა ამას შემკვეთი არ ადასტურებს და მიუთითებს, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში დღემდე არ აქვთ მიღებული სწორედ მითითებული ხარვეზების არსებობის გამო. სადავო გარემოებების მტკიცებისათვის სარწმუნო მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 16.12.2017 წლის ოქმი, რომელზეც ხელს აწერენ მხოლოდ შპს “გ–ს“ ტექნიკური ზედამხედველი და მიმწოდებლის - მოსარჩელის წარმომადგენლები. აღნიშნულ ოქმში მითითებული სამუშაოების შესრულების ფაქტი და ამით დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა, შემკვეთის - დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ არ არის დადასტურებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა 23.05.2019 წლის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ როგორც შემკვეთის, ისე მენარდის წარმომადგენლები და ტექნიკური ზედამხედველი და ამ აქტში, რომელიც 2017 წლის შემდგომაა შედგენილი, ნათლადაა მითითებული, რომ ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დამტკიცებულ პროექტთან მიმართებით დაფიქსირებულია ხარვეზები, რაც გამოსწორებული არ არის.
6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის ივნისის მდგომარეობით მხარეთა მიერ ხელმოწერილი სამუშაოების მიღების აქტს (ფორმა N2) და რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბოლო მიწოდება განხორციელდა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადასტურდა 2015 წლის 9 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული სამუშაოების მიღების აქტით (ფორმა N2), რომელიც მხარეთა მიერ ხელმოწერილია, დასტურდება არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ამ ხარისხით მოპასუხის (შემკვეთის) მიერ სამუშაოს მიღების ფაქტი, არამედ ეს დოკუმენტი მიუთითებს შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და შეთანხმებული ღირებულების მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლისა და შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ (მენარდე კომპანიამ) ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთს, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის 03.07.2013 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გათვალისწინებული სამუშაოები ჯეროვნად შეასრულა. მოცემულ საქმეზე არ დასტურდება სამუშაოს მიმღები კომისიის მიერ ობიექტის დათვალიერების შედეგად 19.08.2015 წელს შედგენილ აქტში მითითებული და, ასევე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.10.2016 წლის დასკვნაში საკვლევი ობიექტის შეფასების საფუძველზე გამოკვეთილი ხარვეზების მენარდის მიერ გამოსწორების ფაქტი. ასევე, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ გამოვლენილი ხარვეზებიდან გარკვეული ნაწილი გამოწვეულია არა მენარდის მიერ სამუშაოების დეფექტური შესრულებით, არამედ - გარემო კლიმატური პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის 03.07.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არ არსებობს მენარდისათვის შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხის - 644 461.53 ლარის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. დამატებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტს (მენარდე კომპანიას) პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებული შეფასებების საწინააღმდეგოდ რაიმე სამართლებრივად წონადი მტკიცება არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ ყველა ის არგუმენტი, რასაც აპელანტი უთითებდა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დეტალურადაა განხილული და დასაბუთებული პასუხი აქვს გაცემული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჯეროვნად არ შეუსრულებია, კერძოდ, არსებობდა მრავალი ხარვეზი, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი მენარდეს განსახილველ საქმეზე არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის (შემკვეთის) მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ხარვეზების უარყოფა მოსარჩელე მხარემ (მენარდე კომპანიამ) საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო, რაც მოსარჩელის მტკიცების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მენარდე კომპანიასთან არ გაუფორმებია შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, შემკვეთს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ექსპლუატაციაში არ მიუღია. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით და ანალიზით არ დასტურდება ობიექტის - ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად მზადყოფნის შესახებ გარემოება. მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთზე მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შემკვეთის მიერ საბოლოო მიღებას და ექსპლუატაციაში გასაშვებად მზადყოფნას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი საგარანტიო ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საგარანტიო ვადა (ორი წელი) აითვლება სწორედ მას შემდეგ, რაც შემკვეთის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი იქნება აქტი ობიექტის ჩაბარების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა არსებული დეფექტების გამოუსწორებლობის მიზეზით. ამდენად, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ საავტომობილო გზის მითითებული მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ექსპლუატაციაში დღემდე არ არის მიღებული, მენარდის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაკლიანი შესრულების გამო. დამატებით სააპელაციო სასამართლომ უპასუხა აპელანტის იმ არგუმენტს, რომ შემკვეთის მხრიდან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარი არ შეიძლება განიმარტოს მენარდის საზიანოდ, ვინაიდან აღნიშნული უშუალოდ შემკვეთის ნებაზეა დამოკიდებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლოს პრაქტიკით განმარტებული მსჯელობებისა და დასკვნების გამოსაყენებლად, მოცემულ საქმეზე, სულ მცირე, უნდა დასტურდებოდეს მენარდის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა მრავალი ხარვეზით, მენარდეს მიეცა ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა დგინდება, რომ გარდა ა/პავილიონებში ხის სკამების მოწყობისა, მენარდეს რაიმე სხვა სამუშაო არ ჩაუტარებია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე შემკვეთის მიერ ხელის მოწერაზე უარი არ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ ქმედებად, ვინაიდან მენარდის მიერ ხარვეზიანი შესრულების გამო არ არსებობს სამუშაოს მიღების ვალდებულებაც.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017 წ.). სსკ-ის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. სსკ-ის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. სსკ-ის 642-ე მუხლის მიხედვით, (1) თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. (2) დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. (3) თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება. დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-1522-2019, 12.02.2021 წ.). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება შემკვეთს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს თავისი ვალდებულების შესრულებაზე - სამუშაოს შედეგის მიღებასა და შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე, რაც არ გამოიწვევს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას.
9. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმევი პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შედეგობრივად ყოველთვის სანქციის დაკისრებას /დამატებითი ვადის დაწესებას/სამუშაოს მიუღებლობას უკავშირდება, ანუ შესრულების ნაკლს თავისი საფასური აქვს. ნიშანდობლივია, რომ არაჯეროვანი შესრულება სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისგან და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგებისგან.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკნა არის მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა. საბოლოოდ სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა.
11. მოცემულ საქმეზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლომ შეაფასა საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე (მენარდე) კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებული საგზაო სამუშაოების მოცულობების კოორდინატები ძირითადად არ შეესაბამება საპროექტო დავალებით განსაზღვრულ კოორდინატებს. პროექტში არსებულ განივ ჭრილებში მითითებული სიმაღლეები ასევე არ შეესაბამება ფაქტიურად მოწყობილი გზის საფარის სიმაღლეებს. ამავე დასკვნით დგინდება შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების არსებობა. შემკვეთის მხრიდან დამატებითი ვადის არაერთხელ განსაზღვრის მიუხედავად, მენარდეს მთელი რიგი ხარვეზები არ გამოუსწორებია, რაც გამორიცხავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის (მენარდის) მიერ მითითებულ გარემოებებზე, რომ მეწყრული ზემოქმედების შედეგად გარკვეული ხარვეზები წარმოიშვა, ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ სამუშაოს მიმღები კომისიის 19.08.2015 წლის (სამუშაოების დამთავრებიდან უმოკლეს დროში) შედგენილ აქტში მითითებულია, რომ ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაფიქსირებული ხარვეზები თვისობრივად არ შეიძლება იყოს კავშირში მეწყრულ პროცესებთან და უშუალოდ გზის მშენებლობის ტექნოლოგიურად შესრულების შედეგია. ამასთან, ყურადსაღებია მოდავე მხარის პოზიცია ექსპერტიზის მოგვიანებით ჩატარების თაობაზე, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართა 2015 წლის 9 ნოემბერს, ხოლო დასკვნა დათარიღებულია 04.10.2016 წლით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ექსპერტიზა ფაქტობრივად შესრულებელ ხილულ ნაწილზე ჩატარდა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში, რის გამოც, არ უნდა იქნეს გაზიარებული მენარდე კომპანიის მტკიცება, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგზე გარემო-პირობების იმგვარი ზემოქმედების თაობაზე, რასაც შეეძლო გამოეწვია ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილი ხარვეზები. ექსპრეტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ხარვეზები (შეუსაბამობები) გამოწვეულია დაგების (მოწყობის, ჩასხმის) ტექნოლოგიების დარღვევით, ასევე - ნაგებობის განთავსების ადგილებში განვითარებული გეოლოგიური პროცესების ზეგავლენით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 2.19 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მენარდე ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს სამუშაოს მიმღები კომისიის მიერ აქტში დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრაზე, შემკვეთი ობიექტზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან ერთად შეაფასებს დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს აღნიშნულ თანხას - ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებული 5%-დან. აღნიშნულ დათქმასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის (მენარდის) მტკიცება ხარისხის დაცვის მიზნით შემკვეთის მიერ დაკავებული თანხიდან დასკვნაში მითითებული 13 562 ლარის დაქვითვის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული თანხით შეფასებულია მხოლოდ სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამო სამუშაოების ღირებულება, თუმცა, გარდა ამისა, საკვლევი ობიექტის ვიზუალური შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა სხვა სახის ხარვეზების არსებობაც, რომელთა გამოსწორებისათვის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება.
12. როგორც აღინიშნა, ყურადსაღებია ასევე მოსარჩელე მხარის (მენარდის) მიერ მითითებული გარემოება, 2015 წლის ივნისის მდგომარეობით, მხარეთა მიერ ხელმოწერილი სამუშაოების მიღების აქტთან (ფორმა N2) დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოსშეფასებით წარმოდგენილი სამუშაოს მიღების აქტით (ფორმა N2) დასტურდება მენარდე კომპანიის (მოსარჩელის) მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ამ მოცულობის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ და არა ის გარემოება, რომ შემკვეთმა (მოპასუხე) მხარემ ამ აქტის საფუძველზე მიიღო მოსარჩელის (მენარდის) მიერ განხორციელებული სამუშაო არსებული ხარისხით. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება საგარანტიო ვადის გამოთვლის თაობაზე და და განმარტა, რომ საგარანტიო ვადა (ორი წელი) აითვლება სწორედ მას შემდეგ, რაც შემკვეთის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია შეადგენს საბოლოო აქტს ობიექტის ჩაბარების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, მენარდის მიერ იმ დეფექტების გამოუსწორებლობის მიზეზით, რაზედაც მას მიეცა მითითება და დამატებითი ვადა. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის ივნისს შედგენილი შესრულებული სამუშაოების მიღების აქტი ასახავს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება შემკვეთის მხრიდან მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღებისა და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მხარეთა შორის 2018 წლის 11 აპრილს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დეპარტამენტს მენარდე კომპანიის მიმართ გააჩნია 786 836.51 ლარის დავალიანება. ამავე აქტის შენიშვნაში მითითებულია, რომ 786 836.51 ლარის კრედიტორული დავალიანების გადახდა გადავადებულია ხელშეკრულების პირობების საბოლოო შესრულებამდე. დადგენილია, რომ მენარდეს სრულად არ შეუსრულებია ხელშეკრულების პირობები, მან არ გამოასწორა შესრულებული სამუშაოების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისად, შემკვეთს არ მიუღია სამუშაოს შედეგი, რაც წარმოშობდა კონკრეტული საზღაურის სრულად გადახდის წინაპირობას. შესაბამისად, დასაბუთებულია შემკვეთის (მოპასუხის) მხრიდან მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის მხოლოდ ნაწილი თანხის გადახდა, რადგან გადაუხდელი ნაწილის დასაბუთებულობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უტყუარი, სარწმუნო და შესატყვისი მტკიცებულებებით. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდეს სამართლებრივად წონადი სააპელაციო შედავება არ განუხორციელებია, რაც დაადასტურებდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სიმცდარეს.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მენარდემ თავისი ვალდებულება სრულად შეასრულა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფორმა N2-ით, რომელზე ხელს აწერენ მხარეები და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენელი დგინდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა სრულად იქნა შესრულებული;
13.3. კასატორი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ დასკვნის ბოლო წინადადებაში ექსპერტმა დაადგინა შემდეგი - ა) “აღნიშნული სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებული მასალების ხარისხი, კერძოდ, ცემენტობეტონის საფარის სიმტკიცე აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნას“ ბ) ზემოთ აღნიშნული ხარვეზები (შეუსაბამობები) გამოწვეულია დაგების (მოწყობის, ჩასხმის) ტექნოლოგიების დარღვევით, ასევე, ნაგებობის განთავსების ადგილებში განვითარებული გეოლოგიური პროცესების ზეგავლენით“;
13.4. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებული თანხების და მხარეთა შორის ხელშეკრულების 2.18 პუნქტის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა 644 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, შესაძლებელია შემცირდეს მხოლოდ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი მოცულობების ოდენობით, 644 000 - 25 916,33 - 13 562 = 604 521,67 ლარამდე;
13.5. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე (მენარდე) კომპანიისათვის ხარვეზების აღმოფხვრის ვადა 2015 წლის 9 ივლისიდან - 2017 წლის 17 აგვისტომდე არავის არ მოუთხოვია, თუმცა, მან მაინც შეასრულა 2017 წლის 17 აგვისტოს თხოვნა, რაც ზედამხედველმა კომპანიამ შპს „გ–მა“ დაადასტურა;
13.6. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები შემოიფარგლნენ მხოლოდ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გადაწყვეტილებაში/განჩინებაში ფორმალურად გადმოტანით, მათ დასკვნის სამართლებრივ-ფაქტობრივი შინაარსი არ შეუფასებიათ;
13.7. კასატორის განმარტებით, შემკვეთი მენარდეს თავიდანვე აძლევდა მცდარ დავალებას, პროექტი არ შეესაბამებოდა ფაქტიურად არსებულ რეალობას, თუმცა სამუშაოების შესრულებაზე შემკვეთი და ზედამხედველი პირიც აწერდნენ ხელს და სამუშაოების დასრულების აქტიც სამმხრივი შეთანხმებით შედგა, ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა პროექტის უხეში დარღვევები, რაც ფაქტიურად ამ სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის დადგენას ტექნიკურად შეუძლებელს ხდის, თუმცა მენარდეს არ უნაზღაურებენ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას დეფექტების გამოსწორებამდე.
13.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მენარდე კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება არ დარღვეულა და არ არსებობს შემკვეთისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.
19. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.
20. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას.
21. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.
22. ”სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი. ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, მენარდე და შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნის რეალიზაციის მიზნით დებენ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი- ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/; რედ. თეიმურაზ თოდრია; თბილისი, 2016წ; გვ. 343).
23. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია. მოცემულ საქმეზე სავსებით სწორად არის გადანაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (ამგვარ დავებში მოთხოვნის დამფუძნებელი (როგორც აღმჭურველი, ისე გამომრიცხველი) ნორმების აბსტრაქტული შემადგენლობისა და შესაბამისი მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ იხილეთ: სუსგ-ებები: N ას-1115-2019; N ას-959-2019; Nას-796-2019; N ას-589-2019; N ას-203-203-2018; N ას-1975-2018, 26.06.2020წ; N ას1522-2019, 12.02.2021წ; N ას-1324-2019, 12.03.2021წ; ); იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნის გამოსარიცხად და საკუთარი მტკიცების საფუძვლიანობის დასადასტურებლად შემკვეთმა საექსპერტო დასკვნა, სამუშაოს მიმღები კომისიის აქტი და სხვა მტკიცებულებები წარადგინა, მტკიცების ტვირთი, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება, შეუბრუნდა მენარდე კომპანიას, რომელმაც არც ერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება არ წარადგინა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის მართებულობის დასასაბუთებლად.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია (იხ. სუსგ-ები: N ას-164-160-2016, 28.07.2016წ; N ას-1975-2018, 26.06.2020წ.);
25. ნაკლიანი შესრულების დროს „დამატებითი შესრულების მოთხოვნის გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. ხოლო მას შემდეგ, რაც შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება“(იხ. ზურაბ ძლიერიშვილი- ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/; რედ. თეიმურაზ თოდრია; თბილისი, 2016წ; გვ. 348). მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს პირველ ეტაპზე შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდგომ დამატებითი წინაპირობების არარსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (სუსგ-ები: ას-1975-2018, 26.06.2020წ; Nას-222-2021, 04.06.2021 წ.).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ. თოდუა/ ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).
27. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მასზე მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების არსებობა, რაც მიმწოდებლის მიერ არ არის გამოსწორებული. მოპასუხის მითითებით, აქტში დაფიქსირებულ ხარვეზთაგან - მიმწოდებელმა ა/პავილიონებში მოაწყო ხის სკამები. სხვა ხარვეზების გამოსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი. ერთ-ერთ წერილში მენარდ აღნიშნავს, რომ ხარვეზები აღმოფხვრილია, თუმცა შემკვეთი აღნიშნულს არ ადასტურებს და მიუთითებს, რომ დღემდე ობიექტი ექსპლუატაციაში არ აქვთ მიღებული სწორედ მითითებული ხარვეზების არსებობის გამო.
29. მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47 კმ-იანი მონაკვეთზე მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღებას და ექსპლუატაციაში გასაშვებად მზადყოფნას.
30. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე მითითებით აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ მთავარ სადავო გარემოებას, რომ მან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად და სრულად შეასრულა(იხ. ამ განჩინების 5-6 პუნქტები).
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებული საგზაო სამუშაოების მოცულობების კოორდინატები ძირითადად არ შეესაბამება საპროექტო დავალებით განსაზღვრულ კოორდინატებს. პროექტში არსებულ განივ ჭრილებში მითითებული სიმაღლეები ასევე არ შეესაბამება ფაქტიურად მოწყობილი გზის საფარის სიმაღლეებს. ამავე დასკვნით დგინდება შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების არსებობა. შემკვეთის მხრიდან არაერთხელ ვადის განსაზღვრის მიუხედავად, მენარდის მიერ მთელი რიგი ხარვეზები გამოსწორებული არ არის, რაც გამორიცხავს ობიექტის მზაობის ექსპლუატაციაში მისაღებად.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ნ.ქ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ნ.ქ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ნ–ის (პ/ნ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2023 წლის 1 აგვისტო), 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე