Facebook Twitter
საქმე №ა-2367-შ-70-2022 20 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

I შუამდგომლობის ავტორები – შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–ია“, შპს „რ.დ–ი“, შპს „რ.ა.დ–ი“, რ.კ.დ.ლ–ი, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ი, რ.ა.ხ.ს.ო–ო, შპს „ი.ე.პ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძე, კს „ბ.ა–სი“, კს „ბ.დ–ი“, კს „ტ.პ–ი“, შპს „ჯ.გ.ე.რ.“, კს „მ–ი“, კს „მ.პ–ს“, გ.ჯ–ია

II შუამდგომლობის ავტორები – გ.მ–ძე, გ.ჯ–ია, ზ.ნ–ძე, თ.ნ–ძე, ვ.მ–ძე, შპს „ლ.დ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–ია“, შპს „რ.დ–ი“, შპს „რ.ა.დ–ი“, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ი, რ.ა.ხ.ს.ო–ო, შპს „ი.ე.პ–ი“

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

I. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობაც იხილება:

1. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) (შემდგომში „საარბიტრაჟო გადაწყვეტილება“):
1.1. კს „ბ.ა–სს“ და გ.მ–ძეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“ (სარჩელი 2);
1.2. - კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“;
- გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება (სარჩელი 3);
1.3. - გ.მ–ძეს დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“;
- კს „ბ.დ–ს“ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“;
- გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“, თუ კს „ბ.დ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება;
- გ.მ–ძის და კს „ბ.დ–ის“ ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845,25 უნდა იქნას გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ (სარჩელი 7);
1.4. გ.მ–ძეს დაეკისრა 204 489,41 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება გათავისუფლებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244,41 აშშ დოლარს (სარჩელი 8);
1.5. ჯ.გ.ე.რ–ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“ (სარჩელი 11);
1.6. - კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“;
- გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი (სარჩელი 16);
1.7. გ.მ–ძეს დაეკისრა 4 606 130,33 ლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“ (სარჩელი 17);
1.8. კს „მ–ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა რ.კ.დ.ლ–ისთვის (სარჩელი 24);

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ყველა სხვა სარჩელი და მოთხოვნა იქნა უარყოფილი (იხ. საბოლოო გადაწყვეტილების დადგენილების მე-14 პუნქტი), კერძოდ, არ დაკმაყოფილდა:
2.1. რ.ა.ხ.ს.ო–ოს სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 1);
2.2. შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და ვ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 5);
2.3. შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 6);
2.4. შპს „რ.დ–ისა“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და შპს „ლ.დ–ის“ მიმართ (სარჩელი 8);
2.5. შპს „რ.დ–ის“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და თ.ნ–ძის მიმართ (სარჩელი 9);
2.6. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 10);
2.7. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 12);
2.8. ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 13);
2.9. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 14);
2.10. ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 15);
2.11. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 19);
2.12. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 20);
2.13. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 21);
2.14. კს „მ.პ–სისა“ და კს „ბ.დ–ის“ სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა წილებზე);
2.15. გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე).

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მითითებულია:
4.1. 2017 წლის 6 დეკემბერს, მხარეებმა დადეს საარბიტრაჟო შეთანხმება და შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო სამართლის განსჯადი ყველა დავა გაერთიანებულიყო ერთი არბიტრაჟის ფარგლებში, რომლის ადგილსამყოფელიც იქნებოდა სტოკჰოლმი და რომლის თანახმადაც მოხდა ამ ტრიბუნალის ფორმირება (61 პუნქტი).
4.2. ეს არბიტრაჟი ეფუძნება შეთანხმებას, რომელსაც ეწოდება საარბიტრაჟო შეთანხმება და რომელიც დადებულია 2017 წლის 6 დეკემბერს (92 პუნქტი).
4.3. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმების დეტალებს არბიტრაჟთან დაკავშირებით, და პრეამბულა (ბ), მე-2 და 26-ე პუნქტები აცხადებს შემდეგს: „(ბ) თითოეული მხარე უკვე ჩაბმულია ან ჩაებმება სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოებში დაწყებულ რამდენიმე სამართალწარმოებაში საქართველოში, აგს-ში (არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა) ან/და ინგლისში, როგორც ეს ჩამოთვლილია და განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების დანართებში 1-4, და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ (ქვემოთ მე-15 და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა) მათ სურთ, მიმართონ არბიტრაჟს ყველა აღნიშნული სამართალწარმოების და ყველა შემდეგი ან სხვა მოთხოვნის, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მომავალში ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და რომლებიც მოკლედ აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 4-ში, საბოლოო გადაწყვეტისთვის წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად.“ „პუნქტი 2: მხარეები აცხადებენ თანხმობას, შეიტანონ და განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ის მოთხოვნები, რომლებიც საფუძვლად უდევს სამართალწარმოებებს, რათა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მათთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად და გააერთიანოს მისთვის განსახილველად გადაცემული ყველა სამართალწარმოება ამ შეთანხმების პირობების დაცვით. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს მისთვის განსახილველად გადაცემული საკითხები გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილებების გამოტანის გზით, რომლებიც შეეხება კოლექტიურად ყველა მოთხოვნას, და არ უნდა გამოიტანოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება თითოეულ მოთხოვნაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან“. „პუნქტი 26: მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ ერთი საარბიტრაჟო ტრიბუნალი და ასეთი საარბიტრაჟო ტრიბუნალი განიხილავს ყველა მოთხოვნას, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმებაში“ (93 პუნქტი).
4.4. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა ან აღსრულებადობა (95 პუნქტი).
4.5. ეს საარბიტრაჟო სამართალწარმოება თითქმის 4 წელი მიმდინარეობდა. ის დაიწყო 2018 წლის 5 მარტს, როდესაც სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის ინსტიტუტმა მიიღო ქართული მხარეების საარბიტრაჟო განაცხადი და დასრულდება ამ საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია 2022 წლის 31 იანვარს (120 პუნქტი).
4.6. საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეიცავდა შეთანხმებას არბიტრაჟზე, მხარეებმა ყველა მიმდინარე და სამომავლოდ იდენტიფიცირებული სამოქალაქო სამართლის პროცესი ერთმანეთთან საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ინგლისში, სულ 26 საქმე გადასცეს არბიტრაჟს იმისთვის, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალს გადაეწყვიტა ერთი გადაწყვეტილებით (243 პუნქტი).
4.7. 24 ინდივიდუალური მოთხოვნიდან, რომლებიც წარმოადგინეს რაკ მხარეებმა თავიანთ საარბიტრაჟო განაცხადში, 20 იქნა შენარჩუნებული საქმის განხილვის დასრულებამდე. ეს მოთხოვნები მოხსენიებულია როგორც „სასარჩელო მოთხოვნა 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, 20, 21, და 24“. ქართულმა მხარეებმა ორი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგინეს ამ სამართალწარმოებაში, რომლებიც მოხსენიებულია როგორც „წილების შესახებ მოთხოვნა“ და „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა“ (246 პუნქტი).
4.8. არბიტრაჟს 24 მხარე ჰყავს, 16 ქართული მხარე და 8 რაკ მხარე. ტრიბუნალმა მონაწილეებთან შეათანხმა, რომ მათ დაყოფს ორ მხარედ - ქართულ მხარეებად და რაკ მხარეებად (როგორც თავად მხარეები განსაზღვრავენ); იგივე პრაქტიკას მიჰყვებოდნენ თავად მხარეებიც. თუმცაღა, კონკრეტული მოთხოვნების მიმართ თითოეული მხარიდან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მონაწილეა მოსარჩელე (მოსარჩელეები) და მოპასუხე (მოპასუხეები) (248 პუნქტი).
4.9. ამ სამართალწარმოების საფუძველს წარმოადგენს გარიგებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2006 წლიდან მოყოლებულ პერიოდში, თითქმის 15 წლის წინ. ეს სამართალწარმოება დაიწყო 2018 წელს და მხარეები არბიტრაჟის (საარბიტრაჟო შეთანხმება) თავიანთ შეთანხმებაში შეთანხმდნენ, მათი ყველა დავა გადაჭრილიყო ერთი საბოლოო გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ. ... ტრიბუნალს სწამს, რომ როგორც იქნა, მხარეებს შორის დავა გადაიჭრა (2326 პუნქტი).

II. განსახილველი შუამდგომლობები:

5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იამ“, შპს „რ.დ–მა“, შპს „რ.ა.დ–მა“, რ.კ.დ.ლ–მა, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–მა, რ.ა.ხ.ს.ო–ომ, შპს „ი.ე.პ–მა“ (შემდგომში „პირველი შუამდგომლობის ავტორები“ ან „რაკ მხარეები“) და მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, კერძოდ, პირველი შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა და აღსრულება, რომლითაც დაკმაყოფილდა მათი საარბიტრაჟო სარჩელები (წინამდებარე განჩინების 1.1-1.8 პუნქტები) და, ასევე, იმ ნაწილის ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ (წინამდებარე განჩინების 2.14-2.15 პუნქტები). პირველი შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა-აღსრულებაც, რომლითაც დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით (წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს, ასევე: გ.მ–ძემ, გ.ჯ–იამ, ზ.ნ–ძემ, თ.ნ–ძემ, ვ.მ–ძემ, შპს „ლ.დ–მა“ (შემდგომში „მეორე შუამდგომლობის ავტორები“, პირველი შუამდგომლობის ავტორების მოწინააღმდეგე მხარესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „ქართული მხარეები“) და მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობა, კერძოდ, მეორე შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ (წინამდებარე განჩინების 2.1-2.13 პუნქტები).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით შუამდგომლობები მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

III. შუამდგომლობის განხილვის ნორმატიული საფუძველი:

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

10. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში „ნიუ იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება და გამოტანილია ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

12. ნიუ იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების, საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20).

13. ნიუ იორკის კონვენცია არბიტრაჟის სფეროში ყველაზე წარმატებული კონვენციაა. უფრო მეტიც, მას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს, რომ წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საერთაშორისო სამართლებრივ რეგულირებას სამეწარმეო სამართლის ისტორიაში (Mustil, Arbitration History and background, Journal of International Arbitration, Vol. 6 N2, 1989, p. 49; Madsen, Finn, Commercial arbitration in Sweden, a commentary on the arbitration act (1999:116) and the rules of the arbitration institute of the stokholm chamber of commerce; “Jure Forlag AB”, Edition 1, Stokholm, 2004, p.15; ცერცვაძე გ., საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვის წინაპირობები (შედარებითი ანალიზი), დისერტაცია, თბილისი, 2008, გვ.51,52 ).

14. ნიუ იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონედ და აღასრულოს ისინი იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, სადაც მოითხოვება ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით. დაუშვებელია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის.

IV. შუამდგომლობ(ებ)ის წარდგენა:

15. ნიუ იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს, კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს:
(ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
(ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

16. წარმოდგენილი შუამდგომლობები აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის მოთხოვნის იურიდიული ინტერესი:

17. ცნობა და აღსრულება ანიჭებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას იურიდიულ ძალას იმ ქვეყანაში, სადაც არ გამოტანილა ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, „რაკ მხარეები“ შუამდგომლობენ გადაწყვეტილების ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მათი სარჩელები „ქართული მხარეების“ მიმართ. შესაბამისად, აქ მათი სურვილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე შუამდგომლობით მოთხოვნილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილების ცნობაც, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები შუამდგომლობის ავტორთა მიმართ.

18. მეორე შუამდგომლობის ავტორები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ, ცნობის იურიდიულ ინტერესად უთითებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე დადგენილ ფაქტებს საქართველოში მიენიჭება პრეიუდიციული ძალა, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „რაკ მხარეებმა“ მათ მიმართ საქართველოში დაიწყეს ახალი სასამართლო წარმოება (ტ.5, ს.ფ. 387-389). მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქართველოში ახალი სასამართლო პროცესის წამოწყებაზე მიუთითებენ პირველი შუამდგომლობის ავტორებიც და აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ საქართველოში აღძრული ახალი სარჩელი არბიტრაჟის მიერ უკვე განხილულის იდენტურია, რაც, მათი მითითებით, წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ, საქართველოში ცნობის იურიდიულ ინტერესს (ტ.5, ს.ფ. 446-450).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარემ შეიძლება მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა იმ მიზნით, რომ დააყენოს პრეიუდიციული შესაგებელი და ამ გზით თავიდან აიცილოს იმ საკითხის ხელმეორედ განხილვა სასამართლოში, რაც უკვე გადაწყვეტილ იქნა უცხო ქვეყნის არბიტრაჟის მიერ ან მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მინიჭებულ უფლებასთან მიმართებით („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.12).

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე შუამდგომლობის ავტორმა შეძლო, დაედასტურებინა იურიდიული ინტერესის არსებობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობის მიმართ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ.

VI. არბიტრაჟში დავის განხილვა და გადაწყვეტა გამორიცხავს იმავე დავის სასამართლოს მიერ განხილვას

21. კერძო ავტონომიის განხორციელების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა გარიგება, რომლის პირობებითაც ხდება მხარეთა თვითბოჭვა. ნების გამოვლენა (ბუნებრივია, იგულისხმება ნამდვილი ნება) გარიგების ფუნდამენტია. საარბიტრაჟო შეთანხმება გადამწყვეტი მნიშვნელობის დოკუმენტია საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის აღსრულებამდე. ის ავტონომიური შეთანხმებაა. მისი ავტონომიურობა მიზნად ისახავს საქმის საარბიტრაჟო წესით განხილვის სასარგებლოდ მხარეთა არჩევანის დაცვას.

22. არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა და გადაწყვეტა გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე დავაზე გადაწყვეტილების მიღებას. საარბიტრაჟო შეთანხმების ხელმოწერა სასამართლოში სარჩელის წარდგენაზე უარის თქმას ნიშნავს. საარბიტრაჟო შეთანხმების დადებაზე ვალდებული არავინ არ არის. შესაბამისად, საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას სახელმწიფო სასამართლოების კომპეტენციის გამორიცხვით არავის უფლება არ იზღუდება მისი ნების საწინააღმდეგოდ (ცერცვაძე გ., საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვის წინაპირობები (შედარებითი ანალიზი), დისერტაცია, თბილისი, 2008, გვ.44,45). Res judicata (ლათ. „გადაწყვეტილი საქმე“) პრინციპის ფართო გაგებით კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოჰყვება: იმავე დავის განხილვის დაუშვებლობა (განსაკუთრებულობა); საქმისწარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში (გაუსაჩივრებლობა); სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს (აღსრულებადობა).

VII. შუამდგომლობ(ებ)ის განხილვისას სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლები:

23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს სასამართლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის განხილვის მსგავს პროცესს. სასამართლო ამ დროს არ ამოწმებს გადაწყვეტილების შინაარსს.

24. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ., პუნ.13). აღნიშნული კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (სუსგ №ა-5322-შ-127-2020, 20.01.2022წ; №ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021წ.).

25. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნეს ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010წ., გვ.14.).

VIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის ნორმატიული საფუძველი

26. ნიუ იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მაშინ აღუდგება წინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, თუ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნული საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული ნიუ იორკის კონვენციაში. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა წამოსწიოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც მოითხოვება მისი ცნობა და აღსრულება, დაადგენს, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ან ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.

27. ნიუ იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ, მისი მე-5 მუხლიდან გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (დაწვრილებით იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010წ., გვ.74,75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

28. საერთაშორისო ხელშეკრულებები უნდა განიმარტოს მათი საგნისა და მიზნის გათვალისწინებით. ნიუ იორკის კონვენციის მიზანი არის საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას. შესაბამისად, თუკი არსებობს განმარტების რამდენიმე განსხვავებული შესაძლებლობა, სასამართლომ უნდა აირჩიოს განმარტების ის ფორმა, რომელიც ემხრობა ცნობასა და აღსრულებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.18-21).

IX. შუამდგომლობებთან მიმართებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა/არარსებობის შემოწმება

29. მეორე შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეები წარმოდგენილი განცხადებით/შესაგებლით დაეთანხმნენ მეორე შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი საარბიტრაჟო სარჩელები მეორე შუამდგომლობის ავტორების მიმართ (წინამდებარე განჩინების 2.1-2.13 პუნქტები), (ტ. 7, ს.ფ. 2-5). რაც შეეხება პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეებს, ისინი არ ეთანხმებიან პირველი შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნას და მიუთითებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობაზე. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეებიდან სამ პირს - კს „ბ.ა–სს“, კს „ტ.პ–სა“ და კს „მ–ის“ საკასაციო სასამართლოში განცხადება (შესაგებელი) არ წარმოუდგენიათ.

30. საჯარო წესრიგი წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა (extra-national community) ეკონომიკური, სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ფუნდამენტური სტანდარტების ერთობლიობას. ამასთან, კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ირღვეოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმები. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება, განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას (შდრ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ; №ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021წ.).

31. პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეები არ ეთანხმებიან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა „ქართული მხარეების“ მოთხოვნა წილებზე (წინამდებარე განჩინების 2.14 პუნქტი) და მიიჩნევენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეფუძნება არსებითად არასწორ ფაქტებს და ეწინააღმდეგება იმავე ფაქტებზე საქართველოში კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 28.07.2021 წლის განაჩენს, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 31.12.2013 წლის განაჩენი და გ.მ–ძე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ (ტ.5. ს.ფ. 48-71). მათი მითითებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ამ ნაწილის ცნობა ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგს, ამასთან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილის არარსებობის შემთხვევაში, შეიცვლებოდა ამჟამად არსებული უფლება-მოვალეობათა ბალანსი, რის გამოც პირველი შუამდგომლობის სხვა ნაწილების დაკმაყოფილებაც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნულ განაჩენზე არბიტრაჟის წვდომის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება, თუმცა საარბიტრაჟო განხილვის დასრულებითა და 18.11.2020 წელს ტრიბუნალის სათათბიროდ გასვლით დაიხურა არბიტრაჟში მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა (ტ.5. ს.ფ. 38-47).

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

32.1. საარბიტრაჟო შეთანხმების მე-14 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: „სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება აგს-ში, საქართველოსა და სხვა ნებისმიერ იურისდიქციაში, არ არის მბოჭავი ხასიათის არბიტრთა პანელისთვის და რაკ მხარეები არ უნდა დაეყრდნონ აგს-ში, საქართველოსა და სხვა იურისდიქციაში გამოტანილ სისხლისსამართლებრივ ვერდიქტებს, როგორც საარბიტრაჟო წარმოებაში რამე ფაქტის დამამტკიცებელ საბუთს“ (იხ. ტ.3, ს.ფ.579 (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პ.1988); ტ.2, ს.ფ.48 (საარბიტრაჟო შეთანხმება)). შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გახდებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველი, განაჩენით დადგენილ გარემოებას ვერ ექნებოდა პრეიუდიციული მნიშვნელობა საარბიტრაჟო განხილვისას.

32.2. ერთ-ერთი მტკიცებულება, რასაც ეფუძნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 28.07.2021 წლის გამამართლებელი განაჩენი, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 დეკემბრის განაჩენი, არის მოწმე ხატერ მასსაადის ჩვენება (ტ.5, ს.ფ.48-71). აღსანიშნავია, რომ პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარეს ხატერ მასსაადი საარბიტრაჟო განხილვის პროცესში მოწმედ არ წარუდგენია, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ, მიუხედავად არბიტრაჟის მითითებისა, ქართულმა მხარემ არ უზრუნველყო მისი მოწმედ გამოძახება („ტრიბუნალი აგრეთვე მიიჩნევს, რომ მხარეებმა აირჩიეს არ გამოეძახათ მოწმეებად ცალკეული პირები, რომლებსაც უდავოდ შეეძლებოდათ ჩვენება მიეცათ პირველადი ცოდნის საფუძველზე“ (ტ.3, ს.ფ. 438)), რაც შეჯიბრებითი პროცესის პირობებში სწორედ მის მოვალეობას წარმოადგენდა.

32.3. ამასთან, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი რომც მივიჩნიოთ საარბიტრაჟო განხილვისას რელევანტურ მტკიცებულებად, მისი წარუდგენლობა ვერ შეფასდება პირველი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობად. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გამამართლებელი განაჩენი მიღებულია 28.07.2021 წელს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კი - 31.01.2022 წელს. საკასაციო სასამართლოში პირველი შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილია საიმონ არვმირენის (შვედი ადვოკატის) დასკვნა (სამართლებრივი მოსაზრება) შვედური სამართლის შესახებ (აპოსტილით დამოწმებულია 04.11.2022წ.), რომლის თანახმად, „შვედური სამართალი მხარეებს აძლევს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო წარმოება დაიხურება“ (ტ.5. ს.ფ. 206-221). აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ SCC წესების (საარბიტრაჟო სამართალწარმოება წარიმართა SCC წესების (სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის წესები) თანახმად, ტ.3, ს.ფ. 405) მე-40 მუხლი (საარბიტრაჟო ტრიბუნალი გამოაცხადებს სამართალწარმოებას დასრულებულად, როდესაც დარწმუნდება, რომ მხარეებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი მოთხოვნები. გამონაკლის შემთხვევებში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია განაახლოს წარმოება თავისი შუამდგომლობით ან მხარის განცხადებით) პირდაპირ აძლევს მხარეებს უფლებას, მიმართონ არბიტრაჟს საქმისწარმოების განახლების თაობაზე (ტ.5. ს.ფ. 216). დასკვნის/მოსაზრების თანახმად, „ქართულ მხარეებს SCC წესებისა და შვედური სამართლის მიხედვით, უფლება ჰქონდათ არბიტრაჟისათვის წარედგინათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის განახლების შესახებ განცხადებასთან ერთად“ (ტ.5. ს.ფ. 217). პირველი შუამდგომლობის ავტორების მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო აღნიშნულის გაქარწყლება. უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი (სუსგ №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ., პუნ.47). საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის 17 და 18 ნოემბერს მხარეებმა წარმოთქვეს ზეპირი დასკვნითი სიტყვები, ხოლო 24.02.2021 წელს ტრიბუნალმა დაასრულა საქმის განხილვა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის წესების მე-40 მუხლის თანახმად (ტ.3, ს.ფ.409). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენი გამოიტანა 28.07.2021 წელს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე - 31.01.2022 წლამდე, ქართულ მხარეებს შეეძლოთ 28.07.2021 წლის განაჩენის არბიტრაჟისათვის წარდგენა საქმის განახლების შესახებ განცხადებასთან ერთად, რაც მათ არ განუხორციელებიათ. ამრიგად, 28.07.2021 წლის განაჩენის არბიტრაჟისათვის წარუდგენლობა განაპირობა „ქართული მხარეების“ უმოქმედობამ და არ შეიძლება შეფასდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად.

33. რაც შეეხება პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ დასკვნას (სამართლებრივ მოსაზრებას), (იხ. ტ.6, ს.ფ.66-94), ის ასევე ვერ დაედება საფუძვლად პირველი შუამდგომლობის უარყოფას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ: „ტრიბუნალის მიერ იძულების საშუალებისა და მიზნის განმარტებების მიხედვით უფრო მოსალოდნელი იყო, დადგენილიყო გ.მ–ძის მიმართ იძულება, ვიდრე პირიქით“; რომ არბიტრაჟი „არასწორად განმარტავს...მუხლებს და არასწორად ანაწილებს მტკიცების ტვირთს“ (ტ.6, ს.ფ.75, 87). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, წილებთან დაკავშირებით სადავო საკითხებზე მსჯელობისას არბიტრაჟი დაეყრდნო პროფ. თევდორე ნინიძის დასკვნებსა („რაკ მხარეების“ სამართლებრივი ექსპერტი) და, ასევე, პროფ. ჰაინ ბიოლინგისა და დოქ. გიორგი ჯუღელის დასკვნებს („ქართული მხარეების“ სამართლებრივი ექსპერტი). არბიტრაჟმა ასევე დაკითხა ქართული სამართლის ექსპერტები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის საკითხის განხილვისას მისი პირველი შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარის მითითებულ ფარგლებში შემოწმება ეწინააღმდეგება revision au fond-ის პრინციპს (იხ. წინამდებარე განჩინების 23-25 პუნქტები). საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის განხილვისას საჯარო წესრიგზე მითითებით არ შეიძლება, გადაისინჯოს მტკიცებულებათა შეფასება, სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაცია, რადგან საჯარო წესრიგი მოიცავს არა ნებისმიერი სახის დარღვევას, არამედ სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას. ასეთი შუამდგომლობის განხილვისას საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, არსებითად შეამოწმოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სისწორე.

34. „ქართული მხარეები“ აღნიშნავენ, რომ გ.მ–ძე და მისი ადვოკატები, ასევე, თავად არბიტრებიც, „რაკ მხარეების“ მხრიდან იყვნენ უკანონო მიყურადების მსხვერპლი, რის გამოც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, „რაკ მხარეების“ დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

35. „ქართული მხარეების“ პრეტენზია ზიანის ანაზღაურებაზე თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობაზე ასევე ეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარეს, რაც არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას სცდება საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას.

36. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობებისა და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილის ცნობისა და აღსრულების, ხოლო ნაწილის ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

37. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე პირველი შუამდგომლობის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ 2250 ლარის ოდენობით (450 ლარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადებაზე, 1650 ცნობა-აღსრულების შუამდგომლობაზე, ხოლო 150 ლარი გადახდილია ზედმეტად). რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა კმაყოფილდება, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2050 ლარის ოდენობით (1650+400 (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადება არ დაკმაყოფილდა ერთი მოთხოვნის ნაწილში)), ხოლო ზედმეტად გადახდილი 150 ლარი უნდა დაუბრუნდეს პირველი შუამდგომლობის ავტორებს. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობის ავტორებს, მათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ 1950 ლარის ოდენობით. რადგან მოწინააღმდეგე მხარემ მეორე შუამდგომლობის მოთხოვნები სრულად ცნო, სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან), მეორე შუამდგომლობასთან მიმართებით მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მეორე შუამდგომლობის ავტორებს უკან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1950 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
1.1. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) იმ ნაწილში, რომლითაც:
1.1.1. კს „ბ.ა–სს“ და გ.მ–ძეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“ (სარჩელი 2);
1.1.2. კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“;
გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება (სარჩელი 3);
1.1.3. გ.მ–ძეს დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“;
კს „ბ.დ–ს“ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“;
გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“, თუ კს „ბ.დ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება;
გ.მ–ძის და კს „ბ.დ–ის“ ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845,25 უნდა იქნას გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ (სარჩელი 7);
1.1.4. გ.მ–ძეს დაეკისრა 204 489,41 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება გათავისუფლებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244,41 აშშ დოლარს (სარჩელი 8);
1.1.5. ჯ.გ.ე.რ–ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“ (სარჩელი 11);
1.1.6. კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“;
გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი (სარჩელი 16);
1.1.7. გ.მ–ძეს დაეკისრა 4 606 130,33 ლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“ (სარჩელი 17);
1.1.8. კს „მ–ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა რ.კ.დ.ლ–ისთვის (სარჩელი 24);
1.2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით;
1.3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №V2018/021) საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტი (ყველა სხვა სარჩელი და მოთხოვნა უარყოფილია) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა:
1.3.1. კს „მ.პ–სისა“ და კს „ბ.დ–ის“ სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა წილებზე);
1.3.2. გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე).

2. გ.მ–ძის, გ.ჯ–იას, ზ.ნ–ძის, თ.ნ–ძის, ვ.მ–ძის, შპს „ლ.დ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტი (ყველა სხვა სარჩელი და მოთხოვნა უარყოფილია) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა:
2.1. რ.ა.ხ.ს.ო–ოს სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 1);
2.2. შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და ვ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 5);
2.3. შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 6);
2.4. შპს „რ.დ–ისა“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და შპს „ლ.დ–ის“ მიმართ (სარჩელი 8);
2.5. შპს „რ.დ–ის“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და თ.ნ–ძის მიმართ (სარჩელი 9);
2.6. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 10);
2.7. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 12);
2.8. ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 13);
2.9. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 14);
2.10. ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 15);
2.11. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 19);
2.12. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 20);
2.13. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 21).

3. გ.მ–ძეს, კს „ბ.ა–სს“, კს „ბ.დ–ს“, კს „ტ.პ–ს“, შპს „ჯ.გ.ე.რ–ს“, კს „მ–ის“, კს „მ.პ–სს“, გ.ჯ–იას დაეკისროთ შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2050 ლარის ოდენობით.

4. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ (ს/ნ: 204544154), შპს „რ.დ–ს“ (ს/ნ: 204517433), შპს „რ.ა.დ–ს“ (ს/ნ: 204557014), რ.კ.დ.ლ–ს (№A010/08/08/0662), ღია სააქციო საზოგადოება რ.დ–ს (№RAKIA41FZ306060010), რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ს“ (ს/ნ: 204569706) უკან დაუბრუნდეთ შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისის“ (ს/ნ: 404423147) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი (საგადასახადო დავალება №1678105614, გადახდის თარიღი 06.03.2023წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. გ.მ–ძეს (პ/ნ: 01030005161), გ.ჯ–იას (პ/ნ: 01008019825), ზ.ნ–ძეს (პ/ნ: 01011013483), თ.ნ–ძეს (პ/ნ: 01011008049), ვ.მ–ძეს (პ/ნ: 01030008457), შპს „ლ.დ–ს“ (ს/ნ: 406048012) უკან დაუბრუნდეთ ნიცა სირაძისა და თათია ვარსიმაშვილის (პ/ნ: 01011089997) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამურად 1950 ლარი (საგადახდო დავალება №15718306981, გადახდის თარიღი 11.01.2023წ., გადახდილი თანხა 150 ლარი; საგადასახადო დავალება №1855, გადახდის თარიღი 25.01.2023წ., გადახდილი თანხა 1800 ლარი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე




მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე




რევაზ ნადარაია