საქმე №ას-1218-2023 10 იანვარი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მეორე კასატორი -ბ.ა–ა ,, ბ.ც–ი“ (მოპასუხე)
მესამე კასატორები – ლ.კ–ი, თ.ჩ–ა (მესამე პირები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ბ.ა–ა ,, ბ.ც–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის უარყოფა
ლ.კ–ის და თ.ჩ–ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მერია, მოსარჩელე ან პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა ბ.ა–ა ,, ბ.ც–ის“ (შემდეგში - ამხანაგობა, მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და მისი გადახდის ვადის დარღვევით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 54471.30 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა 19163 ლარი, 35308,3 ლარი კი პირგასამტეხლო) დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ ,,თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის N11 განკარგულებისა და 2009 წლის 18 მარტის N20 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 22 აპრილს, მხარეთა შორის დაიდო ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ" ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმის მერიამ იკისრა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ქ.ბათუმში, ...... ქ.N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ამხანაგობის სასარგებლოდ 304,44 კვ.მ. ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე ხელშეკრულებით, ამხანაგობას დაეკისრა ვალდებულება ერთ კვ.მ.-ზე გადაეხადა 200 ლარი, სულ 60888,8 ლარი, რაც უნდა გადაეხადა შეთანხმებული პერიოდით. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამხანაგობას მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა, მოპასუხემ არ გადაუხადა შეთანხმებული საზღაური.
3. მოპასუხე ამხანაგობამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სათანადო მოპასუხეები იყვნენ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცათ მანსარდული სართულის დაშენების შედეგად წარმოქმნილი ფართები. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
4. საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართულმა მესამე პირებმა - ამხანაგობის წევრებმა ( შემდეგში - მესამე კასატორი) სადავოდ გახადეს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. ამასთან, მიუთითეს, რომ ბმა-ის თავმჯდომარე არ იყო უფლებამოსილი ხელი მოეწერა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტზე, რადგან სამუშაოები შესრულდა სათანადო პროექტის გარეშე. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა განხორციელდა მანსარდის ექსპლუატაციაში მიუღებლად. ფართს არ აქვს შესასვლელი კიბე და მისი მიზნობრივად გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამხანაგობის თავმჯდომარემ სამუშაო მიიღო და ვალდებულება იკისრა ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე. ამავე დროს, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მერიის სარჩელი ამხანაგობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამხანაგობას მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 7100,8 ლარის ანაზღაურება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმში, ...... ქ.N27-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა მიერ დაფუძნებულია ბ.ა–ა ,, ბ.ც–ი“. ამხანაგობის წევრთა 02.07.2006 წლის საერთო კრებით დამტკიცებულია ამხანაგობის დებულება, რომლის შესაბამისად:
8. - ამხანაგობის წევრები ახორციელებენ ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის ფლობის, სარგებლობისა და განკარგის უფლებას, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნორმების შესაბამისად (4.1 მუხლი);
9. - ამხანაგობის მართვის უმაღლესი ორგანოა ამხანაგობის წევრთა საერთო კრება. ამხანაგობის მიმდინარე საქმიანობას უძღვება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე (12.1 მუხლი);
10. - საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამხანაგობის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) უფლებამოსილების მინიჭება საკონსულტაციო საბჭოსათვის ამხანაგობის თავმჯდომარესთან საერთო საკუთრების მართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე; გ) გადაწყვეტილების მიღება ამხანაგობის სტრუქტურული ცვლილებების ან ლიკვიდაციის შესახებ; დ) გადაწყვეტილების მიღება საერთო ქონების გასხვისების, გაქირავების, აგრეთვე, სერვიტუტისა და სხვაგვარი უფლების სხვა პირებზე გადაცემის შესახებ; ე) გადაწყვეტილების მიღება ამხანაგობის საერთო ქონების შეძენის, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რემონტის შესახებ; ვ) გადაწყვეტილების მიღება სესხის აღების შესახებ; ზ) ამხანაგობის სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის გამოყენება; თ) ამხანაგობის საერთო ქონებით სარგებლობაზე შეზღუდვების დაწესება; ი) ამხანაგობის თავმჯდომარის, საკონსულტაციო საბჭოს არჩევა და მათი განთავისუფლება; კ) წლის საფინანსო-სამეურნეო გეგმისა და მისი შესრულების დამტკიცება; ლ) ამხანაგობის წევრთა სავალდებულო გადასახადების ოდენობასა და შეღავათების დადგენა; მ) ამხანაგობის სპეციალურ ფონდების შექმნა; ნ) საერთო ქონების მართვის ფუნქციების გადაცემა სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის; ო) ამხანაგობის თავმჯდომარის არამართებულ ქმედებაზე შემოსული საჩივრების განხილვა; პ) ამხანაგობის თავმჯდომარისა და სხვა პერსონალის გასამრჯელოს საკითხისა და ოდენობის დადგენა; ქ) სხვა საკითხები, რომლებსაც ამხანაგობის წესდება მიაკუთვნებს საერთო კრების კომპეტენციას (13.12 მუხლი);
11. - თავმჯდომარე უფლებამოსილი და მოვალეა: ა) განახორციელოს საერთო კრების გადაწყვეტილებები; ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები საერთო საკუთრების სათანადო მოვლა-პატრონობისა და მიმდინარე რემონტისათვის; გ) განკარგოს ამხანაგობის თანხები (14.2 მუხლი);
12. - თავმჯდომარე უფლებამოსილია ყველა ბინის მესაკუთრის სახელით: ა)მოითხოვოს, მიიღოს და გადაიხადოს გაწეული ხარჯებისა თუ ვალების დასაფარავად თანხა და საიპოთეკო პროცენტები, თუ ეს ბინის მესაკუთრეთა საერთო საქმეებს შეეხება; ბ) განახორციელოს ანგარიშსწორებები, შეასრულოს ვალდებულებები და სხვა ფულადი გარიგებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საერთო საკუთრების მიმდინარე მართვასთან; გ) დადოს ხელშეკრულებები და წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, თუკი ისინი შეეხება ამხანაგობის წევრთა ინტერესებს; დ) გამოვიდეს სასამართლოში ან სხვა ორგანოებში, თუ ამხანაგობის საერთო კრება მიანიჭესა მას ამ უფლებამოსილებას (14.3 მუხლი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 203-210).
13. 2009 წლის 22 აპრილს, მერიასა და ამხანაგობის თავმჯდომარე ი.გ–ძეს შორის დაიდო ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლზე, ქ. ბათუმის მერიის ძალებითა და ხარჯით, 320 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება, 64 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, რომლის ვადები და ოდენობა განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით.
14. ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა ,,თვითმმართველი ქალაქის- ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის N11 განკარგულება და 2009 წლის 18 მარტის N20განკარგულება (მუხლი 2);
15. ბათუმის მერია ვალდებული იყო:
16. განეხორციელებინა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე 320,0 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის აშენება;
17. მოეხდინა დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვვა, ფანჯრებისა და სხვა ღიობების მოწყობა);
18. ქ.ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა;
19. ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე ბმა ,, ბ.ც–ი“-საგან მოეთხოვა ანაზღაურება ერთ კვ.მ.-ზე 200 ლარი, სულ 64 000 ლარი (3.1 მუხლი);
20. მერია იღებდა ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველეყო 2009 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით (6.1 მუხლი);
21. მერიის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი (6.2 მუხლი);
22. ამხანაგობის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით (6.3 მუხლი);
23. ამხანაგობის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (8.1 მუხლი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 7-13, 195-200).
24. მხარეთა შორის დადებული ამავე ხელშეკრულების დანართით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, მანსარდული სართულის დაშენების სანაცვლოდ, ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვ.მ.-ზე 200 ლარი, სულ 64000 ლარი, შემდეგი გრაფიკით:
2009 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი
2010 წლის 15 ივლისამდე - 6400 ლარი
2010 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი;
2011 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი;
2011 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი;
2012 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი;
2012 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი;
2013 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი;
2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი;
2014 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი.
25. 2010 წლის 5 თებერვლის შეთანხმებით, ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ 2009 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დასაშენებელი მანსარდის ფართი 320 კვ.მ.-ის ნაცვლად განისაზღვრა 304.44 კვ.მ.-ით, ხოლო გადასახდელი თანხა - 60888 ლარით. შესაბამისად, შეიცვალა გადახდის გრაფიკიც, რომლის მიხედვით, ბმა ,, ბ.ც–ი” ვალდებული იყო:
2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 6088.8 ლარი;
2010 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი;
2011 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი;
2011 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი;
2012 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი;
2012 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი;
2013 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი;
2013 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი;
2014 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი;
2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი.
26. 2010 წლის 05 თებერვალს, მერიასა და ამხანაგობის თავმჯდომარე ი.გ–ძეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით - „ქ.ბათუმის მერიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის 22.04.2009წ. გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, კერძოდ: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ქ.ბათუმის მერიამ საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განახორციელა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე 304,44 კვ.მ. ფართის მანსარდული სართულის დაშენება და მისი ამხანაგობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ჩაბარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა უფლებამოსილი იყო ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ქ.ბათუმის მერიის მიერ დაშენებული 304,44 კვ. მ. ფართის (მანსარდული სართულის) საჯარო რეესტრში ამხანაგობის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული აზომვითი ნახაზი წარედგინა საჯარო რეესტრში, რისთვისაც ქ.ბათუმის მერიისაგან დამატებითი თანხმობა ან სხვა დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვებოდა“. მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვოდა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ქ.ბათუმის მერიის მიერ დაშენებული 304,44 კვ.მ. ფართის (მანსარდული სართულის) შპს ,,ტ–ის“ მიერ 2009 წლის 16 დეკემბერს შედგენილი აზომვითი ნახაზი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 16, 44-45).
27. ქ. ბათუმის მერიის მიერ აშენებული მანსარდა დარეგისტრირდა ბმა ,,ბათუმი- ცენტრის“ წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 128-136).
28. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამხანაგობას მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური სრულად გადახდილი არ აქვთ. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალებით (საგადახდო დოკუმენტებით) დასტურდება, რომ ანაზღაურებულია საერთო ჯამში 41 725.00 ლარი, რაც გადახდილია 2014 წლის ჩათვლით პერიოდამდე. 2014 წლის შემდეგ მოსარჩელის სასარგებლოდ საზღაურის გადახდის ფაქტი არ ფიქსირდება.
29. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბმა „ ბ.ც–ის“ დავალიანება მერიის მიმართ შეადგენს 19163 (60888-41725) ლარს (ტომი1, ს. ფ. 18; 73-80-114; ტომი 2; ს. ფ. 101-213; 214-216).
30. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ შეამოწმა მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 19 163 ლარის ანაზღაურებისა და მისი გადახდის დაყოვნებისათვის ამავე ხელშეკრულების 8.1 მუხლით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომირება.
31. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მან სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო, რის გამოც, არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები.
32. მოპასუხის მტკიცებით კი, შემსრულებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, შესრულების საგანი - მანსარდული სართული დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და ვერც მოხერხდება მისი მიღება იმ მიზეზით, რომ არ მოიპოვება დაშენების პროექტი; მანსარდული სართულით სარგებლობა არის შეუძლებელი, ვინაიდან არ აქვს შესასვლელი და ძირითად სართულთან დამაკავშირებელი კიბე, რის გამოც, მასში მოხვედრა და დანიშნულებისამებრ სარგებლობა ვერ ხერხდება; მერიის მხრიდან მშენებლობა წარმოებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. მერიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბმა-ის თავმჯდომარეს ჩააბარა ნივთობრივად (გამოყენებისთვის უვარგისი, ექსპლუატაციაში მიუღებელი) ნაკლიანი ნივთი, რის გამოც მერიის მხრიდან ვალდებულება შესრულებულად არ უნდა ჩაითვალოს.
33. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, შემსრულებელმა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდა თუ არა შემსყიდველს - ბმა ,, ბ.ც–ს“ ნაკლიანი სამუშაო.
34. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის/ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (იხ. სსკ-ის 639-ე მუხლი). ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო და იმის გათვალისწინებითაც, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს (სსკ-ის 642-ე მუხლი), თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი) ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი). თუკი შემკვეთი, არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობამ ისე მიიღო შესრულებული სამუშაო, რომ ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია და ნაკლიანი შესრულების თანამდევი, მითითებული ნორმებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია მოუხდენია. მოცემული დავის ფარგლებში ის გარემოება, რომ შემსრულებელმა არაჯეროვნად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება - მიაწოდა ნაკლიანი სამუშაო, მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.
35. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, ბათუმის მერია ვალდებული იყო აეშენებინა აღნიშნული ფართი და მოეხდინა დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრებისა და სხვა ღიობების მოწყობა). ამასთან, მას არ ევალებოდა დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მენარდის მიერ კიბის უჯრედის მოწყობას.
36. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ააშენა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე 304,44 კვ.მ. ფართის მანსარდული სართული და გადასცა ის ბმა ,, ბ.ც–ს“, რაზედაც 2010 წლის 05 თებერვლს, ქ.ბათუმის მერიასა და ბმა ,, ბ.ც–ის“ თავმჯდომარე ი.გ–ძეს შორის დაიდო მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ქ. ბათუმის მერიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის 22.04.2009წ. გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით ბმა ,, ბ.ც–ის“ წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება.
37. სასამართლომ არ გაიზიარა ამხანაგობის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ შესრულების საგანი ნაკლიანია, ვინაიდან მანსარდული სართული არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, მას არ აქვს შესასვლელი და ძირითად სართულთან დამაკავშირებელი კიბე. აღიშნულის საწინააღმდეგოდ პალატამ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე, რომლის მიხედვითაც მხარეები ნათლად შეთანხმდნენ, რომ ქ.ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა, ხელშეკრულების მიხედვით მერიას არ ევალებოდა ასევე, კიბის უჯრედის მოწყობა. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გაოყენებისათვის. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები (დაშენება, კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრებისა და სხვა ღიობების მოწყობა). მოპასუხე მხარის პრეტენზია მდგომარეობს მასში, რომ შეთანხმება მანსარდული სართულის მშენებლობაზე უპირობოდ მოიცავდა ძირითად სართულთან დამაკვშირებელი კიბის მოწყობის ვალდებულებასაც, ვინაიდან მის გარეშე დაშენებული ფართი ვარგისი არ იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მიუთითა იმ მიზანზე, რაც მერიის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებას დაედო საფუძვლად და რის თაობაზეც იმთავითვე ინფორმირებული იყვნენ მოპასუხე და მესამე პირები.
38. დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის N11 განკარგულება და 2009 წლის 18 მარტის N20 განკარგულება. აღნიშნული პროგრამის მიზანს კი, რომლის შემსრულებლიც თავად ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იყო, წარმოადგენდა ქ. ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, შენობა-ნაგებობათა იერსახისა და ფასადის მოწესრიგება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება პირდაპირ მოიცავდა მითითებას იმის თობაზე, რომ სწორედ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ ფარგლებში კისრულობდა მერია ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ხელშეკრულების 3.1. მუხლი). აღნიშნულ მიზანს სცილდებოდა და შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია არ იღებდა ვალდებულებას დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანაზე, კიბის უჯრედის მოწყობაზე და ა.შ. ეს გარემოება იმთავითვე ცნობილი იყო ხელშემკვრელი მხარისათვის და ეთანხმებოდა კიდეც ამ პირობებს. ამ გარემოებას ადასტურებს ამხანაგობის წევრთა კონკლუდენტური ქმედებები მანსარდული სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც გამოიხატა მასში, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 4 წლის მანძილზე, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე იხდიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს; მანსარდული სართული აღრიცხეს თავდაპირველად ამხანაგობის საკუთრებად, ხოლო მოგვიანებით, ის დაირეგისტრირეს ამხანაგობის წევრებმა ინდივიდუალურ საკუთრებაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მერიამ უზრუნველყო საერთო მანსარდული ფართის მშენებლობა. მისი ცალკეულ ფართებად დაყოფა და აღრიცხვა ამხანაგობის წევრების ინდივიდუალურ საკუთრებად განხორციელდა ამხანაგობის წევრების შეთანხმებით, მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, მერიის მონაწილეობის გარეშე. საქმეში წარმოდგენილი მანსარდული სართულის ნახაზი (სიტუაციული გეგმა) ცხადყოფს, რომ ამხანაგობის წევრებს მანსარდული ფართის განაწილებისას, ფართი, შესასვლელისა, თუ კიბის უჯრედის მოსაწყობად, გათვალისწინებული არ აქვთ. (ტომი 2; ს. ფ. 234) მოპასუხე მართალია მიუთითებს, რომ მანსარდულ სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის მოწყობა შეუძლებელია, რაც ამ ფართს უკარგავს ყოველგვარ ღირებულებას, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არ არის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თავად ამხანაგობის წევრთა მიერ შესაბამისი ფართის გამოთავისუფლების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კიბის უჯრედისა და შესასვლელის მოწყობა.
39. ასეთ ვითარებაში, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის და მესამე პირების პრეტენზია, რომ ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა უხარისხოდ, დაამზადა და მოპასუხე მხარეს გადასცა ნაკლიანი ნივთი, რომელსაც შემკვეთისთვის ღირებულება ფაქტობრივად არ გააჩნია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მანსარდული სართულის ფართი (61.80 კვმ) წარმოადგენდა ნასყიდობის საგანსაც (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ტომი1, ს.ფ.132).
40. ამასთან, უდავოა, რომ ისტორიულ უბანში მდებარე ძველი ნაგებობის მატერიალური ღირებულება რეაბილიტაციის, ფასადისა და იერსახის მოწესრიგების შემდეგ გაიზარდა კიდეც. დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის პრეტენზია იმის თაობზე, რომ მშენებლობის პროექტის არარსებობის გამო ნაგებობა პოტენციური საფრთხისა და რისკების მატარებელია და ექვემდებარება დემონტაჟს.
41. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული საფრთხე უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით (სსსკ-ის 102 მუხლი). საქმეში კი წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება (მაგ. საექსპერტო დასკვნა), რაც მითითებული საფრთხის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს შექმნიდა.
42. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიამ სრულად და ჯეროვნად შეასრულა ის სამუშაო, რომლის შესრულებაც მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ივალდებულა.
43. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის და მესამე პირების შედავება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს არ გააჩნდა უფლებამოსილება ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე მიეღო მერიის მიერ შესრულებული სამუშაოები და გაეფორმებინა მასთან მიღება-ჩაბარების აქტი, რის გამოც, ამ დოკუმენტს იურიდიული მნიშვნელობა მხარეთა შორის სადავო საკითხების გადაწყვეტისას არ გააჩნია. აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა 02.07.2006 წლის ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე დამტკიცებული ამხანაგობის დებულებაზე, რომლის მიხედვით, ამხანაგობის მიმდინარე საქმიანობას უძღვება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღჭურვილია უფლებით ბინის მესაკუთრეთა სახელით დადოს ხელშეკრულებები და წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, თუკი ისინი შეეხება ამხანაგობის წევრთა ინტერესებს. (იხ. დებულების 14.3. მუხლი). მართალია, „ბ.ა–ის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, ბმა „ ბ.ც–ს“ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში ახალი დებულება/წესდება არ მიუღია, მაგრამ ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარე აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით დაედო ხელშეკრულებები და წარედგინა საჭირო დოკუმენტაცია, თუ ეს დაკავშირებული იქნებოდა ბ.ა–ის წევრთა საერთო ქონების მოვლა- პატრონობასთან, ექსპლუატაციასთან/განვითარებასთან და ბ.ა–ის წევრთა საერთო ინტერესებთან, უზრუნველეყო ბ.ა–ის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო პირობებისა და მოვალეობების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობის თავმჯდომარემ სწორედ „ბ.ა–ის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო და ჩაიბარა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანმდევი შედეგი - შესრულებული სამუშაო, რისი უფლებამოსილებაც, როგორც ზემოთ აღინიშნა მას, როგორც ამხანაგობის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით, ასევე„ ბ.ა–ის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მითითებული ნორმითაც გააჩნდა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ გასაზიარებელი იქნებოდა, რომ 2010 წლის 5 თებერვალს, მერიის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებით ამხანაგობის თავმჯდომარე გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, ის გარემოება, რომ თავმჯდომარის მიერ განხორციელებული ქმედება კონკლუდენტური ქმედებებით სრულად მოიწონეს ამხანაგობის წევრებმა, რასაც ადასტურებს უდავოდ დადგენილი არაერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, დადგენილია, რომ მანსარდული სართულის ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრაციას (რაც ცნობილი იყო ამხანაგობის წევრებისათვის) საფუძვლად დაედო სწორედ 05.02.2010 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი - ტომი 1, ს. ფ. 131), ამხანაგობის წევრებმა, მერიის მიერ შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივად მიღებისა და სწორედ სადავო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, საერთო კრების მიერ მიღებული ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრში, ინდივიდუალურ საკუთრებაში დაირეგისტრირეს ქ.ბათუმის მერიის მიერ აშენებული ფართი ისე, რომ რაიმე ფორმით პრეტენზია მერიის მიმართ არ გამოუხატავთ (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი - ტომი 1, ს. ფ. 131).
44. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო ქვითრებით დასტურდება, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდას ამხანაგობის წევრები აგრძელებდნენ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, ისე, რომ არც წერილობით და არც სარჩელით შესრულებული სამუშოს ხარისხი სადავოდ არ გაუხდიათ, არც ნაკლზე მიუთითებიათ და არც ნაკლიანი შესრულების თანამდევ სამართლებრივ შედეგებზე დაუყენებიათ მოთხოვნა. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს მასზე, რომ ამხანაგობის წევრებმა მოიწონეს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესრულებული სამუშაო და ჩაიბარეს ის, ჯერ კიდევ 2010 წელს, რაც მათ უსპობთ ამ კუთხით შედავების განხორციელების შესაძლებლობას.
45. გარდა ამისა, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაშიც, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულებისა და უფლებამოსილი პირის/პირების მიერ მისი მიღების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017, საქმე №ას-614-2019). შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადგენილია მერიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, ამხანაგობა ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს სამუშაოს ღირებულება.
46. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სსკ-ის 128-ე, 144-ე მუხლის პირველი ნაწილის და 129-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
47. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
48. განსახილველ შემთხვევაში, ამხნაგობას მერიისათვის საზღაურის გადახდა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, გარკვეული პერიოდულობით, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა.
49. ამგვარი გარიგება კი წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას - სუსგ 20.05.2013წ.№ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
50. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ამხანაგობას ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება პერიოდულად, გრაფიკით წინასწარ გაწერილ ვადებში უნდა შეესრულებინა, ის განხილული უნდა იქნეს, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებას და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
51. დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შემდეგი გრაფიკით: 2010 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად და გადაიხადა მხოლოდ 41725 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 19 163 ლარს, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ზემოთ ხსენებული გრაფიკის შესაბამისად. დადგენილია, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, მხარეთა თანხმობით ხდებოდა არა ამხანაგობის სახელით, არამედ პერსონალურად ამხანაგობის წევრების მიერ, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ამხანაგობის წევრთა მიერ ინდივიდუალურად გადახდილი თანხები მერიის მიერ აღრიცხებოდა ამხანაგობის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდად, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. დადგენილია, რომ ამხანაგობის წევრებს სრულად აქვთ შესრულებული 2010, 2011 და 2012 წლებში საზღაურის გადახდის ვალდებულება. დავალიანება მოიცავს 2013-2014 წლების პერიოდს. ამასთან უდავოდ დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ივნისამდე ბმა-ს უნდა გადაეხადა 6088.8 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი. აღნიშნული ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ (ნარჩენი დავალიანება შეადგენს 19163 ლარს). მერიამ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 20 ოქტომბერს. შესაბამისად, გარდა 2014 წლის 15 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულებისა, რაც შეადგენს 6088,8 ლარს, ყველა სხვა მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის, ისე, მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში, ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის წარმოშობის ცალკეული თარიღიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
52. ვინაიდან, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია დანარჩენი ნაწილის გადახდაზე უარი თქვას, რაც გამორიცხავს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
53. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმული ნაწილის გათვალისწინებით (გამოკლებით), დამკვეთი - ამხანაგობა სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს - ქ. ბათუმის მერიას, მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეთანხმებული ღირებულება - 6088,8 ლარის ოდენობით. ამდენად, არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
54. რაც შეეხება პირგასამტეხლოს საკითხს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
55. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შემყიდველმა (ამხანაგობამ) დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გადაუხადა შემსრულებელს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შეთანხმებული საზღაურის ნაწილი - 6088,8 ლარის ოდენობით. ამდენად, არსებობდა ამ ნაწილში მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებული, ნარდობის ხელშეკრულების 8.1 პუნქტით (ბმა ,, ბ.ც–ი“-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები. თუმცა, სსსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სსკ-ის 115- ე მუხლით გათალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
56. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ვადამოსული გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, არაგონივრულია და ემსახურება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ნარდობის საზღაურის გადაუხდელობით მიყენებულ რაიმე ზიანზე მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაანგარიშების შემთხვევაში, მისი ოდენობა, ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, გადააჭარბებს ძირითადი დავალიანების თანხას, რაც საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, გონივრული არ იქნება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საზღაურის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით არაგონივრულია, ის უნდა შემცირდეს დაახლოებით 6-ჯერ, 0.016%-მდე.
57. დადგენილია, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს ანაზღაურებას ითხოვს სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. შესაბამისად, 2014 წლის 15 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ჯამში 1012 ლარით. ამდენად, მოპასუხეს პირგასატეხლოს სახით დაეკისრა 1012 ლარის გადახდა.
58. არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარისა და მესამე პირების პრეტენზია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ (არასაკმარისი მოპასუხე მხარის მიმართ) და ის აღძრული უნდა ყოფილიყო არა მარტო ამხანაგობის მიმართ, არამედ, ასევე, ამხანაგობის ცალკეული წევრების მიმართაც, რაც სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა, ვინაიდან მოსარჩელემ უარი განაცხადა ამხანაგობის წევრების თანამოპასუხეებად მოწვევაზე.
59. აღძრული სარჩელის საგანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომლის ხელშემკვრელ მხარეს ამხანაგობას წარმოადგენდა. უდავოა, რომ ხელშეკრულებით ამხანაგობის ცალკეულ წევრთა უფლება-მოვალეობა განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამხანაგობა მოცემულ დავაში სათანადო მხარეა და არ არსებობდა სსსკ-ის 85-ე მუხლის გამოყენებისათვის გათვალისწინებული წინაპირობები.
60. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ ( პირველი კასატორი) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. პირველმა კასატორმა მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის (54 471.30 - 7100.8 ლარი) – 47 370.5 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: კასატორი აღნიშნავს, რომ მერიის საფინანსო სამსახურმა დაიანგარიშა გადახდილი და გადასახდელი თანხები და დადგინდა შემდეგი: ამხანაგობას მერიის სასარგებლოდ გადასახდილი აქვს 60888,00 ლარი. საგადასახადო დავალებების მიხედვით ამხანაგობას გადახდილი აქვს 41,725,00 ლარი. ძირი თანხის სახით ამხანაგობას დარჩენილი აქვს 19 163 ლარი, ხოლო 35308 ლარი და 30 თეთრი არის პირგასამტეხლო, რაც ჯამურად წარმოადგენს 54471,30 ლარს. სწორედ ეს თანხა იყო მოთხოვნილი სარჩელით. კასატორი აღნიშნავს, რომ მერიისთვის სავსებით იყო გასაგები გარემოება, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო პირგასამტეხლოს მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ იგი სრულად გადაერთო ძირი თანხის დაკისრების მოთხოვნის მტკიცებაზე.
61. პირველი კასატორი პრეტენზიას აცხადებს ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს შეფასებაზე და აღნიშნავს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შესრულება პერიოდული შესასრულებელი ხასიათის ვალდებულებად. შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება ის მოცემულობა, როდესაც თანხის გადახდა წარმოებს სამუშაოს შესარულებამდე არსებული ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სსკ-ის 656-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ თუ კი შემკვეთის მიერ ნაწილ-ნაწილ მიღებული ნივთიდან მიწოდებულია ნაკლიანი ნივთი, კანონმდებლობა მას არ ავალდებულებს ყოველ ნაკლის მქონე ნივთის მიწოდების შემთხვევაში აითვალოს ხანდაზმულობა. მერიის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულება და თანხის გადახდის განწილვადება არ უნდა ჩაითვალოს პერიოდულ გადასახდელ ვალდებულებად. პერიოდულად გადასახდელი ვალდებულება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების და შესაბამისად ვალდებულებების ხასიათიდან. მერიამ სრულად გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი და ვინაიდან მოპასუხე-ამხანაგობას არ გააჩნდა გადასახდელი თანხა, შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებას დაურთო გადახდის გრაფიკის დანართი. სწორედ აღნიშნული მუხლების გაანალიზებიდან გამომდინარე, რომ ასეთი ტიპის თანხის გადანაწილება არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებას, რადგან ვალდებულება მენარდის მხრიდან არის დაამზადოს შეკვეთილი საგანი, შემკვეთის მხრიდან კი ვალდებულებას წარმოადგენს თანხის გადახდა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ამხანაგობის მხრიდან თანხის გადახდის შეუძლებლობის გამო, ცალკე შეთანხმება და თანხის გადახდის განწილვადება, არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულების სახეს. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ თუნდაც ამ პირობებში მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან ბოლო გადახდის განხორციელდა 2014 წლის დეკემბერში, ხოლო სარჩელი შეტანილია 2017 წლის ოქტომბერში შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ და ეს იყო 2017 წლის ოქტომბერი.
62. პირველი კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირებასაც შეეხება. ამხანაგობას 2014 წლისათვის უნდა დაეფარა 60888 ლარი, აქედან ყველა მათ დაგვიანებით (ვადის გადაცილებით) შემოტანილ თანხას მერია თვლიდა ძირი თანხის დაფარვაში, რაც კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში არის (ჯერ იფარება არსებული დავალიანებები-ძირი, პირგასამტეხლო, ხოლო შემდეგ ვადამოსული გადასახდელები) სწორედ ასეთი შემონატანებით ჩაუთვალა მერიამ მოპასუხეს 41,725 ლარი ძირი თანხის გადახდად და ვალად 19 163 ლარი. 35308 ლარი დარიცხული პირგასამტეხლოა. აღნიშნული პირგასამტეხლოს შემცირება, სავსებით მოსალოდნელი იყო. კანონთან შესაბამისაობაში თანხის დათვლის შემთხვევაში გაცილებით მეტი იქნებოდა როგორც გადასახდელი ძირი თანხა. მერიას სურდა ყველა შეღავათის გათვალისწინებით მოეხდინა ბიუჯეტიდან გასული თანხის იმგვარად ამოღება, რომ მოსახლეობისათვის ის მტკივნეულად მძიმედ გადასახდელი არ ყოფილიყო.
63. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამხანაგობამ ( მეორე კასატორი), ასევე, ამხანაგობის წევრებმა ლ.კ–მა და თ.ჩ–ამ ( მესამე კასატორი) გაასაჩივრეს საკასაციო საჩივრით, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
64. ბ.ა–ის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად: 1. ბ.ა–ა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები. 2. ბ.ა–ას აქვს განცალკევებული ქონება; მას შეუძლია თავისი სახელით შეიძინოს ქონებრივი, არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები; სამართლებრივ ურთიერთობებში ამხანაგობას წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი. 3. ბ.ა–ა პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებზე. 4. ბ.ა–ის კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს ბ.ა–ის წევრთა ქონებიდან. ამასთანავე, ბ.ა–ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბ.ა–ის წევრები პასუხს აგებენ ბ.ა–ის წევრთა საერთო ქონებაში თავიანთი წილის შესაბამისად, პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მოწვეული მმართველის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით. კასატორისათვის გაუმართლებელია ამხანაგობის წევრები არ იყვნენ სარჩელის მოპასუხეები, რამეთუ თანხის დაკისრება ამხანაგობისათვის ნიშნავს თანხის დაკისრებას ამხანაგობის წევრებისათვის. ამხანაგობის თავმჯდომარე აღნიშნავს, იმისათვის, რომ ამხანაგობის წევრებს შეეძლოთ მათ წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილების გასაჩივრება, ისინი უნდა ყოფილიყვნენ დასახელებული მოპასუხეებად.
65. ამავდროულად, მეორე და მესამე კასატორებს მიაჩნიათ, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მერიას ჯეროვნად არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამხანაგობის წინაშე, რაც გაწეული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია. კერძოდ, შესრულების საგანი - მანსარდული სართული დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და ვერც მოხერხდება მისი მიღება იმ მიზეზით, რომ არ მოიპოვება დაშენების პროექტი; მანსარდული სართულით სარგებლობა არის შეუძლებელი, ვინაიდან არ აქვს შესასვლელი და ძირითად სართულთან დამაკავშირებელი კიბე, რის გამოც, მასში მოხვედრა და დანიშნულებისამებრ სარგებლობა ვერ ხერხდება; მერიის მხრიდან მშენებლობა წარმოებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. მერიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, დაშნებული ფართის ღირებულება არათუ შემცირებულია, არამედ შესაძლებელია მას ღირებულება არ გააჩნია და ექვემდებარებოდეს დემონტაჟს.
66. ამასთან, მეორე და მესამე კასატორები აღნიშნავენ, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოები დაკავშირებული იყო ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობასთან, შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარეს სწორედ ამხანაგობის კრებაზე უნდა ემსჯელა შესრულებული სამუშაოების იმ სახით მიღებაზე და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, რომელიც მან განახორციელა წევრებთან შეთანხმების გარეშე. მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღებით თავმჯდომარე გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლის მიხედვით დადასტურდებოდა, რომ თავმჯდომარემ ამხანაგობის წევრებს გააცნო მის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსი. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობებს, სადაც სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხისა და მესამე პირების შედავებას, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს არ გააჩნდა უფლებამოსილება ამხანაგობის წევრთა სახელით მიეღო მერიის მიერ შესრულებული სამუშაოები და გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი, რის გამოც ამ აქტს იურიდიული მნიშვნელობა არ გააჩნია. როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამხანაგობის 2006 წლის საერთო კრებაზე დამტკიცებული დებულების მიხედვით, ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბმა-ს თავმჯდომარე, იგი აღჭურვილია უფლებით ამხანაგობის სახელით დადოს ხელშეკრულებები და წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, თუკი ისინი შეეხება ამხანაგობის წევრთა ინტერესებს. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს ის კი არ უნდა მიეჩნია დადგენილად, თუ რას ითვალისწინებდა კანონის შესაბამისად ძალადაკარგული ამხანაგობის დებულება, არამედ დაედგინა ფაქტობივი გარემოება, რომ 2007 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა ბმა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონი, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ძალა დაკარგა ამხანაგობის დებულებამ და ამხანაგობას ახალი წესდების დამტკიცებამდე, ამხანაგობა ვალდებული იყო ესარგებლა ბმა ამხანაგობის საქართველოს კანონის მე-5 თავით დადგენილი წესებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
67. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ( პირველი კასატორი) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად;
68. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ბმა „ბ.ც–ის“ ( მეორე კასატორი) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად;
69. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მესამე პირების - ლ.კ–ისა და თ.ჩ–ას ( მესამე კასატორები) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად;
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
72. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ამხანაგობას დაკისრებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების, ასევე მისი გადახდის ვადის დარღვევით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 54471.30 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა 19163 ლარი, 35308,3 ლარი კი პირგასამტეხლო).
73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურებისა და მისი გადახდის დაყოვნებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
74. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
75. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1164-2023, 04 დეკემბერი, 2023 წ; №ას-671-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ; №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023 წელი). №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10; №ას-1142-2021, 10 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ.;). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288), თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.; სუსგ №ას-1504-2022,10 მარტი, 2023 წელი).
76. მოპასუხე ამხანაგობა და საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე ამხანაგობის წევრები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და სადავოდ ხდიან როგორც სათანადო მოპასუხის საკითხს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის ვალდებულების წარმოშობას და პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებას.
77. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
78. მეორე და მესამე კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სათანადო მოპასუხის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, თვითონ მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა სასამართლოს სარჩელით. ამიტომ, საქმის აღსაძვრელად აუცილებელია სარჩელის ( განცხადების) შეტანა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ( „ვერ შედგება სასამართლო მოსარჩელის გარეშე“ – „nemo judex sine actore” ან „nemo invitus agree cogitur“ – „ სურვილის წინააღმდეგ ვერავინ მიიჩნევა მომჩივნად.)“ სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი”. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება.
79. სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის მატერიალურ სამართლებრივი და აქედან გამომდინარე, საპროცესო სამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებები დაიცვან სასამართლო წესით.
80. საკასაციო პალტა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
81. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარისა და მესამე პირების პრეტენზია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ და ის აღძრული უნდა ყოფილიყო არა მარტო ამხანაგობის მიმართ, არამედ, ასევე, ამხანაგობის ცალკეული წევრების მიმართაც, რაც სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა, ვინაიდან მოსარჩელემ უარი განაცხადა ამხანაგობის წევრების თანამოპასუხეებად მოწვევაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღძრული სარჩელის საგანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომლის ხელშემკვრელ მხარეს ამხანაგობა წარმოადგენდა. უდავოა, რომ ხელშეკრულებით ამხანაგობის ცალკეულ წევრთა უფლება-მოვალეობა განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, ამხანაგობა მოცემულ დავაში სათანადო მხარეა და არ არსებობდა სსსკ-ის 85-ე მუხლის გამოყენებისათვის გათვალისწინებული წინაპირობები. (იხ.წინამდებარე განჩინების პპ.58-59.).
82. მეორე და მესამე კასატორების პრეტენზიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის ვალდებულების წარმოშობისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ასეევ არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, რომლებსაც სსსკ-ის 407-2 მუხლის საფუძველზე სავალდებულო ძალა აქვს საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ:
83. 2009 წლის 22 აპრილს, მერიასა და ამხანაგობას ( თავმჯდომარე ი.გ–ძე) შორის დაიდო ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ...... ქ.N27-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლზე, ქ.ბათუმის მერიის ძალებითა და ხარჯით, 320 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება, 64 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, რომლის ვადები და ოდენობა განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით. ხელშეკრულების მიხედვით ბათუმის მერია ვალდებული იყო: ა) განეხორციელებინა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე 320,0 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის აშენება; ბ) მოეხდინა დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვვა, ფანჯრებისა და სხვა ღიობების მოწყობა); გ) ქ.ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა; დ) ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე ბმა ,, ბ.ც–ი“-საგან მოეთხოვა ანაზღაურება ერთ კვ.მ.-ზე 200 ლარი, ხოლო სულ 64 000 ლარი (3.1 მუხლი);
84. მერია იღებდა ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველეყო 2009 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით (6.1 მუხლი); მერიის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი (6.2 მუხლი); ამხანაგობის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით (6.3 მუხლი); ამხანაგობის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას, ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (8.1 მუხლი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 7-13, 195-200).
85. მხარეთა შორის დადებული ამავე ხელშეკრულების დანართით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, მანსარდული სართულის დაშენების სანაცვლოდ, ქ.ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1კვ.მ.-ზე 200 ლარი, სულ 64000 ლარი, შემდეგი გრაფიკით: 2009 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი; 2010 წლის 15 ივლისამდე - 6400 ლარი; 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი; 2011 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი; 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი; 2012 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი; 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი; 2013 წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი; 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6400 ლარი; წლის 15 ივნისამდე - 6400 ლარი.
86. 2010 წლის 5 თებერვლის შეთანხმებით, ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ 2009 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დასაშენებელი მანსარდის ფართი 320 კვ.მ.-ის ნაცვლად განისაზღვრა 304.44 კვ.მ.-ით, ხოლო გადასახდელი თანხა - 60888 ლარით. შესაბამისად, შეიცვალა გადახდის გრაფიკიც, რომლის მიხედვით, ბმა ,, ბ.ც–ი” ვალდებული იყო: 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 6088.8 ლარი; 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი; 2011 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი; 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი; 2012 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი; 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი; 2013 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი; ს 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი; 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი.
87. 2010 წლის 05 თებერვალს, მერიასა და ამხანაგობის თავმჯდომარე ი.გ–ძეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით - „ქ.ბათუმის მერიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის 22.04.2009წ. გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, კერძოდ: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ქ.ბათუმის მერიამ საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განახორციელა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე 304,44 კვ.მ. ფართის მანსარდული სართულის დაშენება და მისი ამხანაგობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ჩაბარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა უფლებამოსილი იყო ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ქ.ბათუმის მერიის მიერ დაშენებული 304,44 კვ. მ. ფართის (მანსარდული სართულის) საჯარო რეესტრში ამხანაგობის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული აზომვითი ნახაზი წარედგინა საჯარო რეესტრში, რისთვისაც ქ.ბათუმის მერიისაგან დამატებითი თანხმობა ან სხვა დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვებოდა“. მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვოდა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ქ.ბათუმის მერიის მიერ დაშენებული 304,44 კვ.მ. ფართის (მანსარდული სართულის) შპს ,,ტ–ის“ მიერ 2009 წლის 16 დეკემბერს შედგენილი აზომვითი ნახაზი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 16, 44-45).ქ. ბათუმის მერიის მიერ აშენებული მანსარდა დარეგისტრირდა ბმა ,,ბ -ც–ის“ წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 128-136).
88. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს მეორე და მესამე კასატორების პრეტენზიას, რომ მიწოდებული სამუშაო იყო ნაკლიანი (ნივთობრივად), კერძოდ, კასატორთა მითითებით, შესრულების საგანი - მანსარდული სართული დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და ვერც მოხერხდება მისი მიღება იმ მიზეზით, რომ არ მოიპოვება დაშენების პროექტი; მანსარდული სართულით სარგებლობა არის შეუძლებელი, ვინაიდან არ აქვს შესასვლელი და ძირითად სართულთან დამაკავშირებელი კიბე, რის გამოც, მასში მოხვედრა და დანიშნულებისამებრ სარგებლობა ვერ ხერხდება; მერიის მხრიდან მშენებლობა წარმოებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. მერიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, დაშენებული ფართის ღირებულება არათუ შემცირებულია, არამედ შესაძლებელია მას ღირებულება არ გააჩნია და ექვემდებარებოდეს დემონტაჟს (იხ., საკასაციო საჩივრები).
89. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.
91. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4).
92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოთხოვნის საფუძველია სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. (იხ. ჰ.ბოელინგი/ ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, 2004, 39). ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია, ხელშეკრულება კი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა. მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა მიმართული იყოს შესრულების უფლების მინიჭებაზე. ასევე, მაგალითად, სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილი ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ცენტრალური მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს. იგი ერთის მხრივ მიუთითებს ნარდობის ხელშეკრულების აუცილებელ ნიშნებზე, რომელიც მას სხვა ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს, ხოლო მეორეს მხრივ ადგენს ვალდებულებათა საბაზისო სისტემას, რომელიც ნარდობას თვისობრივად ახასიათებს: შეკვეთილი სამუშაოს შესრულება და შეთანხმებული საზღაურის გადახდა. რადგან ნარდობის ხელშეკრულება სწორედ აღნიშნული მიზნით იდება და ხელშეკრულების მხარეებს უპირველეს ყოვლისა ამ ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვთ, ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე აღმოცენებულ მოთხოვნას პირველადი მოთხოვნის უფლება ეწოდება.
93. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით აღსანიშნავია შემკვეთის შემდეგი მეორადი უფლებები, რომლებიც მას წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მენარდემ დაარღვია სამუშაოს უნაკლოდ შესრულების ვალდებულება: 1) დამატებითი შესრულების მოთხოვნა; 2) ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ; 3)ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო; 4) საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო; 5) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
94. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი. (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016წ., გვ. 343). ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, მენარდე და შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნების რეალიზების მიზნით დებენ. ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ მხარე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის დამატებითი შესრულების გამომრიცხავი საფუძვლები. აღნიშნული მოტივირებულია კონტინენტური სამართლის სისტემის კონცეფტუალური მიდგომით, რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების შესრულებაზე, მოწოდებულია გადაარჩინოს შეთანხმება და უზრუნველყოს მხარეთა ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის განხორციელება თვით მეორადი მოთხოვნის უფლებების სამართლებრივ რეჟიმში.
95. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამატებითი შესრულების მოთხოვნა გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნას. ამ დროს ადგილი აქვს ე.წ. „მოთხოვნათა გამომრიცხავ“ კონკურენციას. მოთხოვნათა გამომრიცხავი კონკურენცია სახეზეა, როდესაც ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად რამდენიმე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ერთი მოთხოვნის განხორციელება უპირატესია. უპირატესობა ვლინდება ერთი მოთხოვნის განხორციელების ვალდებულებაში სხვა ნებისმიერთან მიმართებით. სანამ არ განხორციელდება ეს მოთხოვნა, უფლებამოსილი პირი ვერ გამოიყენებს სხვა მოთხოვნებს. ნარდობის ხელშეკრულებაში დამატებითი შესრულების მოთხოვნა სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებაში, როგორც წესი, უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა და გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნებს.
96. ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება შემკვეთს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს თავისი ვალდებულების შესრულებაზე - სამუშაოს შედეგის მიღებასა და შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე, რაც არ გამოიწვევს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას.
97. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობასთან მიმართებით, შემკვეთის დამატებითი შესრულების მოთხოვნა მენარდის მიმართ ვლინდება ან ნაკლის გამოსწორების, ან ნაკლიანი ნაკეთობის უნაკლო შეცვლის მოთხოვნით. მათი სამართლებრივი შედეგი იდენტურია - შემკვეთი ღებულობს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთს ანუ ნარდობის ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას. ამ გზით ხელშეკრულების მიზანი, თუმცა დამატებითი შესრულების მეორადი მოთხოვნის რეალიზების შემდეგ, მაინც მიღწეულია. სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდგომ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
98. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შემკვეთის მეორადი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის სახით მხოლოდ სსკ-ის 644-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ნორმაში უშუალოდ არის მითითებული სსკ-ის 405-ე მუხლის ზოგადი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ სსკ-ის 352-359-ე მუხლებს უთითებს. ეს ცხადყოფს, რომ სსკ-ის 644-ე მუხლი არ არის მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი. შესაბამისად, შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იქნება სსკ-ის 644-ე მუხლი სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. ხელშეკრულებიდან გასვლასთან ერთად, ზიანის ანაზღაურების საფუძველი გამომდინარეობს სსკ-ის 644-ე, 407-ე, 405(5)-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 395-ე მუხლის პირველი ნაწილის კუმულაციის საფუძველზე.
99. საკასაციო პალატა დასკვნის სახით აღინიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო, შემკვეთისათვის სსკ-ის 644-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლებთან ერთობლიობაში. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს. სსკ-ის 644-ე მუხლი ამ შემთხვევაში, სპეციალური და ამავე დროს, ერთგვარი დამხმარე მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც მითითებით მოთხოვნის საფუძველს უწოდებენ, ვინაიდან იგი შემკვეთისათვის ნაკლიანი შესრულების გადაცემის შემთხვევაში სსკ-ის 405-ე მუხლზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, სსკ-ის 352-ე და 644-ე მუხლების წარმოშობის წინაპირობების არსებობისას წარმოშობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას.
100. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის/ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (იხ. სსკ-ის 639-ე მუხლი). მოცემული დავის ფარგლებში ის გარემოება, რომ შემსრულებელმა არაჯეროვნად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება - მიაწოდა ნაკლიანი სამუშაო, მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.
101. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, ბათუმის მერია ვალდებული იყო აეშენებინა აღნიშნული ფართი და მოეხდინა დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრებისა და სხვა ღიობების მოწყობა). ამასთან, მას არ ევალებოდა დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მენარდის მიერ კიბის უჯრედის მოწყობას. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ააშენა ქ.ბათუმში, ...... ქ. N27-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე 304,44 კვ.მ. ფართის მანსარდული სართული და გადასცა ის ბმა ,, ბ.ც–ს“, რაზედაც 2010 წლის 05 თებერვლს, ქ.ბათუმის მერიასა და ბმა ,, ბ.ც–ის“ თავმჯდომარე ი.გ–ძეს შორის დაიდო მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ქ. ბათუმის მერიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის 22.04.2009წ. გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით ბმა ,, ბ.ც–ის“ წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება. დადგენილია, რომ ქ.ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა, ხელშეკრულების მიხედვით მერიას არ ევალებოდა ასევე, კიბის უჯრედის მოწყობა. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გაოყენებისათვის. დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 25 თებერვლის N11 განკარგულება და 2009 წლის 18 მარტის N20 განკარგულება. აღნიშნული პროგრამის მიზანს კი, რომლის შემსრულებლიც თავად ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იყო, წარმოადგენდა ქ. ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, შენობა-ნაგებობათა იერსახისა და ფასადის მოწესრიგება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება პირდაპირ მოიცავდა მითითებას იმის თობაზე, რომ სწორედ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ ფარგლებში კისრულობდა მერია ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ხელშეკრულების 3.1. მუხლი). აღნიშნულ მიზანს სცილდებოდა და შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია არ იღებდა ვალდებულებას დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანაზე, კიბის უჯრედის მოწყობაზე და ა.შ. ეს გარემოება იმთავითვე ცნობილი იყო ხელშემკვრელი მხარისათვის და ეთანხმებოდა კიდეც ამ პირობებს. ამ გარემოებას ადასტურებს ამხანაგობის წევრთა კონკლუდენტური ქმედებები მანსარდული სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც გამოიხატა მასში, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 4 წლის მანძილზე, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე იხდიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს; მანსარდული სართული აღრიცხეს თავდაპირველად ამხანაგობის საკუთრებად, ხოლო მოგვიანებით, ის დაირეგისტრირეს ამხანაგობის წევრებმა ინდივიდუალურ საკუთრებაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მერიამ უზრუნველყო საერთო მანსარდული ფართის მშენებლობა. მისი ცალკეულ ფართებად დაყოფა და აღრიცხვა ამხანაგობის წევრების ინდივიდუალურ საკუთრებად განხორციელდა ამხანაგობის წევრების შეთანხმებით, მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, მერიის მონაწილეობის გარეშე. საქმეში წარმოდგენილი მანსარდული სართულის ნახაზი (სიტუაციული გეგმა) ცხადყოფს, რომ ამხანაგობის წევრებს მანსარდული ფართის განაწილებისას, ფართი, შესასვლელისა, თუ კიბის უჯრედის მოსაწყობად, გათვალისწინებული არ აქვთ. (ტომი 2; ს. ფ. 234). მოპასუხე მართალია მიუთითებს, რომ მანსარდულ სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის მოწყობა შეუძლებელია, რაც ამ ფართს უკარგავს ყოველგვარ ღირებულებას, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არ არის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თავად ამხანაგობის წევრთა მიერ შესაბამისი ფართის გამოთავისუფლების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კიბის უჯრედისა და შესასვლელის მოწყობა. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის და მესამე პირების პრეტენზია და ამის საწინააღმდეგოდ მეორე და მესამე კასატორებს არა აქვთ წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა უხარისხოდ, დაამზადა და მოპასუხე მხარეს გადასცა ნაკლიანი ნივთი, რომელსაც შემკვეთისთვის ღირებულება ფაქტობრივად არ გააჩნია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მანსარდული სართულის ფართი (61.80 კვმ) წარმოადგენდა ნასყიდობის საგანსაც (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ტომი1, ს.ფ.132). დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის პრეტენზია იმის თაობზე, რომ მშენებლობის პროექტის არარსებობის გამო ნაგებობა პოტენციური საფრთხისა და რისკების მატარებელია და ექვემდებარება დემონტაჟს. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მითითებული საფრთხე უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით (სსსკ-ის 102 მუხლი). საქმეში კი წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება (მაგ. საექსპერტო დასკვნა), რაც მითითებული საფრთხის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს შექმნიდა.
102. რაც შეეხება მეორე და მესამე კასატორების პრეტენზიას, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის და სამუშაოების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა ამხანაგობის თავმჯდომარეს, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
103. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში მიუთითა, რომ კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს (იხ. სუსგ-ები: №ას-3232-307-2011; №ას-770-737-2014, 29 მაისი, 2015 წ., №ას-746-714-2016, 08 მაისი, 2018 წ; 939-879-2017; №ას-614-2019; №ას-215-2022, 20 ოქტომბერი, 2022 წ; №ას-671-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მანსარდული სართულის ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრაციას (რაც ცნობილი იყო ამხანაგობის წევრებისათვის) საფუძვლად დაედო სწორედ 05.02.2010 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი - ტომი 1, ს. ფ. 131). ამხანაგობის წევრებმა, მერიის მიერ შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივად მიღებისა და სწორედ სადავო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, საერთო კრების მიერ მიღებული ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრში, ინდივიდუალურ საკუთრებაში დაირეგისტრირეს ქ.ბათუმის მერიის მიერ აშენებული ფართი ისე, რომ რაიმე ფორმით პრეტენზია მერიის მიმართ არ გამოუხატავთ (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი - ტომი 1, ს. ფ. 131). გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო ქვითრებით დასტურდება, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდას ამხანაგობის წევრები აგრძელებდნენ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში. ამხანაგობის წევრებს არც წერილობითი პრეტენზიით მიუმართავთ მერიისთვის და არც სარჩელი აღუძრავთ მერიის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ ამხანაგობის წევრებმა მოიწონეს მერიის მიერ შესრულებული სამუშაო და ჩაიბარეს ის ჯერ კიდევ 2010 წელს, რაც გამორიცხავს შედავების განხორციელების შესაძლებლობას.
104. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში ასევე არსებობდა მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმებული, ნარდობის ხელშეკრულების 8.1 პუნქტით (ბმა ,, ბ.ც–ი“-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრების წინაპირობები.
105. საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მეორე და მესამე კასატორებმა ვერ დარწმუნეს საკასაციო პალატა, მათი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
106. რაც შეეხება მერიის ( პირველი კასატორი) საკასაციო საჩივარს, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას შემდეგი არგუმენტაციით: პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მერიის საფინანსო სამსახურმა დაიანგარიშა გადახდილი და გადასახდელი თანხები და დადგინდა შემდეგი: ამხანაგობას მერიის სასარგებლოდ გადასახდილი აქვს 60888,00 ლარი. საგადასახადო დავალებების მიხედვით ამხანაგობას გადახდილი აქვს 41,725,00 ლარი. ძირი თანხის სახით ამხანაგობას დარჩენილი აქვს 19 163 ლარი, ხოლო 35308 ლარი და 30 თეთრი არის პირგასამტეხლო, რაც ჯამურად წარმოადგენს 54471,30 ლარს. სწორედ ეს თანხა იყო მოთხოვნილი სარჩელით. კასატორი აღნიშნავს, რომ მერიისთვის სავსებით იყო გასაგები გარემოება, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო პირგასამტეხლოს მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ იგი სრულად გადაერთო ძირი თანხის დაკისრების მოთხოვნის მტკიცებაზე. პირველი კასატორი პრეტენზიას აცხადებს ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს შეფასებაზე და აღნიშნავს, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შესრულება პერიოდული შესასრულებელი ხასიათის ვალდებულებად. შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება ის მოცემულობა, როდესაც თანხის გადახდა წარმოებს სამუშაოს შესარულებამდე არსებული ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სსკ-ის 656-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ თუ კი შემკვეთის მიერ ნაწილ-ნაწილ მიღებული ნივთიდან მიწოდებულია ნაკლიანი ნივთი, კანონმდებლობა მას არ ავალდებულებს ყოველ ნაკლის მქონე ნივთის მიწოდების შემთხვევაში აითვალოს ხანდაზმულობა. მერიის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულება და თანხის გადახდის განწილვადება არ უნდა ჩაითვალოს პერიოდულ გადასახდელ ვალდებულებად. პერიოდულად გადასახდელი ვალდებულება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების და შესაბამისად ვალდებულებების ხასიათიდან. მერიამ სრულად გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი და ვინაიდან მოპასუხე-ამხანაგობას არ გააჩნდა გადასახდელი თანხა, შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებას დაურთო გადახდის გრაფიკის დანართი. სწორედ აღნიშნული მუხლების გაანალიზებიდან გამომდინარე, რომ ასეთი ტიპის თანხის გადანაწილება არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებას, რადგან ვალდებულება მენარდის მხრიდან არის დაამზადოს შეკვეთილი საგანი, შემკვეთის მხრიდან კი ვალდებულებას წარმოადგენს თანხის გადახდა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ამხანაგობის მხრიდან თანხის გადახდის შეუძლებლობის გამო, ცალკე შეთანხმება და თანხის გადახდის განწილვადება, არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულების სახეს. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ თუნდაც ამ პირობებში მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან ბოლო გადახდის განხორციელდა 2014 წლის დეკემბერში, ხოლო სარჩელი შეტანილია 2017 წლის ოქტომბერში შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ და ეს იყო 2017 წლის ოქტომბერი. ( იხ. პირველი საკასაციო საჩივარი).
107. საკასაციო პალატა არ იზიარებს მერიის საკასაციო შედავებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
108. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
109. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
110. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან.
111. „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
112. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
113. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.
114. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, ასევე შემაფერხებელი შესაგებელი ( ხანდაზმულობა) და მიუთითა, რომ სსკ-ის 144.1 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
115. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელის წარდგენისას, მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი).
116. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).
117. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი; შდრ: ასევე სუსგ №ას-1437-1357-2018, 11 მ–სი, 2018 წელი).
118. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკსაციო პალატამ არერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).
119. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“. (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).
120. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.
121. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ №ას-868-830-2014, 19 მარტი, 2015 წ.). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ №ას-599-562-2010, 01 დეკემბერი,2010 წ.). „იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული წესს ითვალისწინებს, კერძოდ, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და თითოეული ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია (სსკ-ის 129.2 მუხლი) (შდრ. სუსგ-ები №ას-540-2022 29 დეკემბერი, 2022 წელი. პ.11; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი; №ას-1005-966-2014, 08 ივნისი, 2015 წელი).
122. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).
123. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. (შდრ: სუსგ-ები: №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; №ას-382-2019, 14 მ–სი, 2019 წელი.).
124. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.
125. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინაარმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობისვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).
126. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64; იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.).
127. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების მიმართ, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ( იხ: ნ. კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი129, თბილისი, 2017 წ, გვ. 752, ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ.სუსგ №934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წ;(სუსგ №465-462-2018, 22 ივნისი, 2018 წ; სუსგ №ას-440-440-2018, 12 ივნისი, 2019 წ;(სუსგ №ას-986-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წ.).
128. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ამხანაგობას ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება პერიოდულად, გრაფიკით წინასწარ გაწერილ ვადებში უნდა შეესრულებინა, ის განხილული უნდა იქნეს, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შემდეგი გრაფიკით: 2010 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად და გადაიხადა მხოლოდ 41725 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 19 163 ლარს, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ზემოთ ხსენებული გრაფიკის შესაბამისად. დადგენილია, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, მხარეთა თანხმობით ხდებოდა არა ამხანაგობის სახელით, არამედ პერსონალურად ამხანაგობის წევრების მიერ, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ამხანაგობის წევრთა მიერ ინდივიდუალურად გადახდილი თანხები მერიის მიერ აღრიცხებოდა ამხანაგობის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდად, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. დადგენილია, რომ ამხანაგობის წევრებს სრულად აქვთ შესრულებული 2010, 2011 და 2012 წლებში საზღაურის გადახდის ვალდებულება. დავალიანება მოიცავს 2013-2014 წლების პერიოდს. ამასთან უდავოდ დადგენილია, რომ 2013 წლის 15 ივნისამდე ბმა-ს უნდა გადაეხადა 6088.8 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 6088.8 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 6088.8 ლარი. აღნიშნული ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ (ნარჩენი დავალიანება შეადგენს 19163 ლარს). მერიამ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 20 ოქტომბერს. შესაბამისად, გარდა 2014 წლის 15 დეკემბერს შესასრულებელი ვალდებულებისა, რაც შეადგენს 6088,8 ლარს, ყველა სხვა მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის, ისე, მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის წარმოშობის ცალკეული თარიღიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ვინაიდან, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია დანარჩენი ნაწილის გადახდაზე უარი თქვას, რაც გამორიცხავს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
129. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმული ნაწილის გათვალისწინებით (გამოკლებით), მოპასუხე ამხანაგობა სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს - ქ. ბათუმის მერიას, 6088,8 ლარი, ამდენად, არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
130. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებით მოთხოვნისთვისაც, მაშინაც, როცა ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა (შდრ: სუსგ №ას-956-2021, 23 მარტი, 2022 წ.) სამოქალაქო კოდექსი 145-ე მუხლის მიზნებისათვის არ იძლევა დამატებითი მოთხოვნის კანონისმიერ დეფინიციას. ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ასეთ დამატებით მოთხოვნებს განეკუთვნება გირაო, თავდებობა, პირგასამტეხლო, პროცენტი, ასეთი ასევე შეიძლება იყოს ნივთისა და უფლების ნაყოფი და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები( იხ: გიორგი სვანაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017 წ, გვ. 781.).
131. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 656-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება.
132. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 656-ე მუხლიდან გამომდინარე, „ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ მომენტთან გვაქვს საქმე ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ნაკლთან მიმართებაში. კერძოდ, ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა აითვლება იმ დღის მომდევნო დღიდან, როდესაც შემკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-690-644-2017, 31 ივლისი, 2017 წ; №ას-1324-2019, 12 მარტი, 2021 წ; №ას-856-2021, 08 ოქტომბერი, 2021 წ; ).
133. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოსა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, სსკ-ის 656-ე მუხლის დანაწესის გამოყენება არარელევანტურია.
134. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
135. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).
136. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
137. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).
138. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
139. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წელი).
140. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.
141. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).
142. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).
143. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
144. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).
145. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
146. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).
147. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. (შდრ: სუსგ: №ას-1164-2023, 04 დეკემბერი, 2023 წ.).
148. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
149. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
150. პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წელი). პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.).
151. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
152. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
153. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც.
154. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (იხ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015წ.).
155. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.102,103). მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), ჟ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (მაგ.: ინფორმაციის გაცემისა და ზრუნვის ვალდებულება). კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. თუ უფლება იმდაგვარად გამოიყენება, რომ მხარეთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების ვალდებულება (მოთხოვნა) ირღვევა, უფლების ასეთი გამოყენება ბოროტ განზრახვად უნდა დაკვალიფიცირდეს (Christian Eckl, Treu und Glauben im spanischen Vertragsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2007, 34, მითითებულია ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118). შეზღუდვის ფუნქცია მოქმედებს ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაშიც, კერძოდ, როდესაც მხარე მოქმედებს საკუთარი ადრინდელი ქცევის საწინააღმდეგოდ (მაგალითად, კრედიტორს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, თუ მან მანამდე მოვალეს შეუქმნა ნდობა, რომ იგი ვადის გადაცილებას ნეგატიურ სამართლებრივ შედეგებს არ დაუკავშირებდა) (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.118). რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015 წ.).
156. „ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კრედიტორმა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე შეიტყო 2018 წლის აგვისტოში, თუმცა, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა მხოლოდ 2021 წლის 15 ივლისს, ამასთან, არ დაასაბუთა, თუ რა გარემოებები არსებობდა, რამაც დააბრკოლა, 3 წლის განმავლობაში მიემართა სასამართლოსათვის დარღვეული უფლების აღდგენისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორისა და მოვალის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვის, სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოქმედება ვერ შეფასდება მართლზომიერად. კრედიტორმა 3 წლის განმავლობაში მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით, თავად შეუწყო ხელი პირგასამტელოს ოდენობის გაზრდას, რაც, სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი შემცირების საფუძველია.“ ( შდრ: სუსგ №ას-1467-2022, 28 თებერვალი, 2023 წ.).
157. მოცემულ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა და ამის საწინააღმდეგოდ პირველ კასატორს აერ წარმოუდგენია დასაბუთებული და დასასვები საკასაციო პრეტენზია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ვადამოსული გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, არაგონივრულია და ემსახურება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ნარდობის საზღაურის გადაუხდელობით მიყენებულ რაიმე ზიანზე მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაანგარიშების შემთხვევაში, მისი ოდენობა, ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, გადააჭარბებს ძირითადი დავალიანების თანხას, რაც საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, გონივრული არ იქნება. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ჯამში 1012 ლარით.
158. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
159. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
160. საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
161. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება.
162. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
163. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ბ.ა–ა ,, ბ.ც–ს“, ასევე ლ.კ–სა და თ.ჩ–ას უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, ხოლო ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია კი -გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ბ.ა–ა ,, ბ.ც–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
3. ლ.კ–ისა და თ.ჩ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
4. ბ.ა–ა ,, ბ.ც–ს“ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ. მ–ძის (პ.ნ: .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 19.10.2023წ-ს N5626 საგადასახადო დავალებით გადახდილი 355 ლარის 70% – 248.5 ლარი;
5. ლ.კ–სა (პ.ნ:........) და თ.ჩ–ას (პ.ნ: ........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ვ.გ–ძის (პ.ნ: ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 6.11.2023წ-ს N4966 საგადასახადო დავალებით გადახდილი 355 ლარის 70% – 248.5 ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე