Facebook Twitter
18 იანვარი 2024 წელი
№ას-1383-2023 თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ გ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ფ–ო“ (ს.ს. „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


1. ს.ს. „თ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - გ.ა–ის მიმართ და მოითხოვა:
1.1. 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების - 8236.28 ლარის (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის - 6 683.98 ლარი, პროცენტი – 872.02 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 668.39 ლარი, დაზღვევა – 11.89 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. 2016 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3792.36 ლარის (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის - 2 999.56 ლარი, პროცენტი - 492.85 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 299.95 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება;
1.3. 2016 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 2425.70 ლარის (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის – 1 892.04 ლარი, პროცენტი - 344.46 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 189.20 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება;
1.4. 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე 6683.98 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის წლიური 25%-ის მოპასუხისათვის დაკისრება, 2020 წლის 20 ივლისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 139.24 ლარს, ხოლო ჯამურად 1 670.88 ლარს.

2. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სადავოდ არ გახადა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება ვერ შეასრულა პანდემიის შედეგად გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო. მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო შეუსაბამოდ მაღალი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა შემცირებულიყო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7867.89 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 6 683.98 ლარი, პროცენტი – 872.02 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი, დაზღვევა – 11.89 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 792.36 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 2 999.56 ლარი, პროცენტი - 492.85 ლარი, პირგასამტეხლო - 299.95 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 425.70 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა – 1 892.04 ლარი, პროცენტი - 344.46 ლარი, პირგასამტეხლო - 189.20 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხაზე 6 683.98 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 25%, 2020 წლის 20 ივლისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 139.24 ლარს, ხოლო ჯამურად 1 670.88 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის N2370578-10261584 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დამატებით - 368.39 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. 2018 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 7 700 ლარი, 2022 წლის 20 დეკემბრამდე, წლიური სარგებლის 25%-ის დარიცხვით. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხემ არ შეასრულა. საკრედიტო ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი. კერძოდ, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 20 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის დავალიანების 0,5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ბანკის სასარგებლოდ, კრედიტის მიმდინარე ოდენობით.

5.2. მოპასუხემ არ შეასრულა 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის №2370578-10261584 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს გადახდილი აქვს 2 931.17 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი თანხა 1016.02 ლარი, პროცენტი - 1 700.18 ლარი, დაზღვევა – 48.97 ლარი და საკომისიო – 166 ლარი.

5.3. მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ 2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8 309.83 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის - 6 683.98 ლარი, პროცენტი - 872.02 ლარი, პირგასამტეხლო - 741.94 ლარი, დაზღვევა - 11.89 ლარი.

5.4. 2016 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3000 - ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4894 დღე, 2030 წლის 01 თებერვლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%–ით კრედიტის მოპასუხე ბანკის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 7 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.5. მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოვალეს გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილი და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ 2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით 2016 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4346.88 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის - 2 999.56 ლარი, პროცენტი - 492.85 ლარი; პირგასამტეხლო – 854.47 ლარი.

5.6. 2016 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4854 დღე, 2030 წლის 01 თებერვლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%–ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ს.ს. „თ.ბ–ი”-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 17 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის - 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.7. მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოვალეს გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილი და მიეცა ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად. მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ 2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით 2016 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 851.42 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის - 1 892.04 ლარი, პროცენტი - 344.46 ლარი, პირგასამტეხლო - 614.92 ლარი.

5.8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება - კორონავირუსის მსოფლიო პანდემია არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულატიურ წინაპირობებს, ვინაიდან აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის I ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე ობიექტურ საფუძვლად ვერ მიიჩნევა. ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი იწვევს საზოგადოების ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, რომელიც მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება და ხელშეკრულების სუბიექტთა მდგომარეობაზე მძიმე შედეგებით აისახება.

5.9. პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან.

5.10. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს (საქმე №ას-888-834-2012).

5.11. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, აპელანტის პოზიცია კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრული გადახდებისაგან გათავისუფლებაზე სამართლებრივად წონადი არგუმენტებით არ ყოფილა გამყარებული, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და არ ვლინდებოდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

5.12. გარდა ზემოთქმულისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ძირითად სასესხო ვალდებულებებთან ერთად პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 4537.8 ლარის ერთიანად გადახდის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. მოპასუხეს საკრედიტო ვალდებულების შესრულება მოუწია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ანუ, მაშინ, როდესაც, მთელი მსოფლიო და მათ შორის - საქართველო, სრულად იყო ეკონომიკურად პარალიზებული. აღნიშნული ვითარება უთანაბრდება ფორსმაჟორულ გარემოებას. პანდემიის პერიოდში მოპასუხე დარჩა შემოსავლის გარეშე და, შედეგად, ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულების შესრულება სწორედ ამ მიზეზით ვერ შეეძლო.

6.2. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, საქართველოს საბანკო სექტორმა მიიღო გადაწყვეტილება საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადების თაობაზე, მოსარჩელემ სრულად უგულებელყო მოპასუხის არაერთი თხოვნა საკრედიტო ვალდებულების შესრულების პანდემიის დასრულებამდე გადავადებასა და თანხის ახალი გრაფიკით გადახდის თაობაზე.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ვლინდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გრაფიკით დადგენილი თანხის გადახდის გადავადების საფუძველი.

6.4. ძირითად სასესხო ვალდებულებებთან ერთად პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 4537.8 ლარის მოთხოვნა, უსაფუძვლოა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების საფუძველზე.

11. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რამაც უშუალოდ მის გადახდისუნარიანობაზეც მოახდინა ზეგავლენა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გათვალისწინებით, ვლინდებოდა ხელშეკრულების ახალ გარემოებებთან მისადაგების, კერძოდ კი, პანდემიის დასრულებამდე მისთვის კრედიტის გადახდის გადავადების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ).

11.2. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს _ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

11.3. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

11.4. „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“(იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).

11.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულებები. კასატორის პრეტენზია დამყარებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა განაპირობა კორონავირუსის პანდემიის თანმდევმა ეკონომიკურმა შედეგებმა, რაც უთანაბრდება ფორსმაჟორულ მდგომარეობას და განაპირობებდა მოვალისათვის კრედიტის თანხის პანდემიის დასრულებამდე გადავადებას.

11.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულებისა და შესრულების შეუძლებლობის ურთიერთმიმართება შემდეგია - „როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 639). ფულის არქონის ფაქტი მოვალეს არ ათავისუფლებს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, მიუხედავად მისი არქონის წარმომშობი მიზეზისა. გამონაკლისი დაიშვება ვალუტის კონვერტაციასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობისას ან სახელმწიფოს მიერ დაწესებული საქმიანობის აკრძალვისას.

11.7. ფული, როგორც ღირებულებათა საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლოა, მოვალეს არ გააჩნდეს, თუმცა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების, მოთხოვნისა და უფლების მის საკუთრებაში არსებობა ქმნის ვარაუდს, რომ ამგვარი აქტივი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ფულად _ ვალდებულების შესრულების საგნად. მაშინაც კი, როდესაც მოვალე ქონებრივ სიკეთეთა არმქონე სუბიექტია, ივარაუდება, რომ არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც.

11.8. ამრიგად, იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის პირობები, რომლებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 212).

11.9. ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულატიური წინაპირობები შემდეგია: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი - სამოქალაქო კოდექსის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით; 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 213).

11.10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან.

11.11. საკუთარი გადამხდელუნარიანობის გაუარესების დასასაბუთებლად კასატორს წინამდებარე საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარდმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მარტოოდენ მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივად შეაფასოს გარემოებათა ცვლილების ზეგავლენის არსებითობა მოვალის ფინანსურ მდგომარეობაზე.

11.12. ამრიგად, კასატორის არგუმენტი, რომ პანდემიის საფუძვლით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქმნიდა მისი საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრული გადახდების პანდემიის დასრულებამდე გადავადების წინაპირობას, უსაფუძვლოა და საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

12. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ძირითად სასესხო ვალდებულებებთან ერთად პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 4537.8 ლარის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირითად ნაწილს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ კრედიტის გამცემი ყოველთვის საკრედიტო დაწესებულებაა - ბანკი, რომლის საქმიანობა რეგულირდება კანონით (ს.უ.ს.გ. №ას-647-67-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წ; იხ. რომან შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტ. II, მუხლი 867, გვ.194, თბილისი, 2001 წ; ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ. 198-224). „ბანკის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი) (შდრ: ს.უ.ს.გ: №ას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013წ.; №ას-131-2021, 02 ივლისი, 2021 წ.).

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, უდავოა, რომ 2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს: 2018 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8 309.83 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 6 683.98 ლარი, პროცენტი - 872.02 ლარი, პირგასამტეხლო - 741.94 ლარი, დაზღვევა - 11.89 ლარი; 2016 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4 346.88 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის - 2 999.56 ლარი, პროცენტი - 492.85 ლარი, პირგასამტეხლო – 854.47 ლარი; 2016 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 851.42 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 1 892.04 ლარი, პროცენტი - 344.46 ლარი, პირგასამტეხლო - 614.92 ლარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა პროცენტის გადახდა მოთხოვნილი ოდენობით. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ბანკის მიმართ, რაც ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია. საგულისხმოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) დაყრდნობით შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხასიათის და მოცულობის გათვალისწინებით, გონივრულია, სამართლიანია და მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობს.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და



დ ა ა დ გ ი ნ ა :


1. გ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი




ამირან ძაბუნიძე





თეა ძიმისტარაშვილი