საქმე № ას-1502-2023 06 მარტი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ.ჰ.კ.ლ“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა და ა ი.ჯ–ია“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 04 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტში, შპს „მ.ჰ.კ.ლ=ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სახელზე რეგისტრირებულია კომბინირებული ნიშანი, რომლის გამოსახულებითი ელემენტია ორი შავის ფერის ჩანთა. მარცხენა ჩანთის გამოსახულებაში, თეთრი ფერის ლათინური ასოებით ჩაწერილია სიტყვიერი აღნიშვნა - „MINISO“ და ღიმილი, ხოლო მარჯვენა ფიგურაში დატანილია იეროგლიფები (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერი - 29064). მოსარჩელეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს ნიცის კლასიფიკაციის 03,09,14,18,21,25,28,25 კლასებში გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიმართ.
2. შპს „ა და ა ი.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) ქალაქ თბილისში რამდენიმე მისამართზე, (......., .........., სავაჭრო ცენტრ „ი.ფ–ში“ და ვ.მ. ...-ში, ს.ც.„თ.ც–ში“) და ქალაქ ბათუმში ...... ქუჩა #1-ში, ს. ც. „ს.“) გახსნილი აქვს მაღაზიები, სადაც ახორციელებს სხვადასხვა დასახელების საქონლის საცალო ვაჭრობას, სასაქონლო ნიშნის - M.KR - გამოყენებით. მაღაზიების შესასვლელებზე განთავსებულია აბრები - M..KR. მოპასუხეს სოციალურ ქსელში - „facebook“ შექმნილი აქვს გვერდი - M - მ–სო. მოპასუხე ფლობს ვებ-გვერდს დომენით m–o.ge, სადაც იყენებს სასაქონლო ნიშანს - M–O.KR.
3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებით მოპასუხის საერთაშორისო კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს M–O.KR (საერთაშორისო რეგისტრაციის N1390392, საიდ. N96665/3, განმცხადებელი M–O .) მიენიჭა დაცვა საქონლისა და მომსახურების მთლიანი განცხადებული ჩამონათვალის მიმართ. [დღეის მდგომარეობით, კომბინირებული სასაქონლო ნიშნის M–O.KR (N96665/3) რეგისტრაცია შეწყვეტილია.
4. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტის სააპელაციო პალატის 2020 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შეფასდა მოდავე მხარეთა სასაქონლო ნიშნების მსგავსება და დადგინდა, რომ ნიშნები განსხვავებულია ვიზუალური თვალსაზრისით, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის ნიშნის დომინანტი ელემენტი და გასაჩივრებული ნიშანი შედგება ექვსი ასოსგან და შესრულებულია ლათინური ასოებით და იდენტურია პირველი, მეხუთე და მეექვსე ასოები, აპელანტის ნიშნის შესრულების ფორმა სრულიად განსხვავებულია გასაჩივრებული ნიშნის შესრულების ფორმისაგან. კერძოდ, აპელანტის ნიშანი კომბინირებულია, შეიცავს ორი ჩანთის გამოსახულებას, ,,ღიმილს’’, იეროგლიფებსა და ორ ხაზზე, ლათინური ასოებით შესრულებულ სიტყვიერ ელემენტს ,,M–O’’. აღნიშნული ქმნის ნიშნებს შორის განსხვავებულ ვიზუალურ შთაბეჭდილებას. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ნიშნები მსგავსია ფონეტიკური კრიტერიუმით, რაც ქმნის ნიშნებს შორის დაბალი დონის მსგავსებას. კოლეგიამ ასევე მიიჩნია, რომ ნიშნები წარმოადგენენ ფანტაზიურ აღნიშვნებს, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ სემანტიკური მნიშვნელობა, შესაბამისად, ნიშნებს არ გააჩნიათ მსგავსი შინაარსობრივი დატვირთა და შესაბამისად ნიშნების შედარებისას შინაარსობრივი კრიტერიუმი მხედველობაში არ მიიღება. ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, რადგანაც არ დადგინდა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის წინაპირობები.
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1.„მ.ჰ.კ.ლ“-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ა და ა ი.ჯ–იას“ მიმართ და მოითხოვა შპს „ა და ა ი.ჯ–იასთვის“ „მ.ჰ.კ.ლ–ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ან მისი აღრევამდე მსგავსი ნიშნების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვა, მათ შორის: - სასაქონლო ნიშნის M–O.KR მაღაზიის სახელწოდებად და ინტერნეტში გამოყენების აკრძალვა; - სასაქონლო ნიშნის M–O.KR საქონელზე, მათ შორის საქონლისა და მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის 03,09,14,18,21,25,28 კლასებში შემავალი საქონლის მიმართ გამოყენების აკრძალვა; - სასაქონლო ნიშნის M–O.KR ქ. თბილისში, ....., ......, ......... და ქ. ბათუმში, ......... მდებარე მაღაზიების აბრად გამოყენების აკრძალვა; - სასაქონლო ნიშნის M–O.KR სოციალურ ქსელ „facebook”-ში თავისი გვერდის სახელწოდებად და რეკლამისთვის გამოყენების აკრძალვა; - სასაქონლო ნიშნის M–O.KR ვებგვერდზე www.m–o.ge ნებისმიერი ფორმით განთავსებისა და გამოყენების აკრძალვა.
5.2. მოსარჩელის მითითებით, მისი და მოპასუხის სასაქონლო ნიშნებში დომინანტი ელემენტების (M., M–O.KR) საწყისი ასოა “M”, ხოლო საბოლოო „SO”, ნიშნები შედგება თანაბარი რაოდენობის ასოებისგან, ორასოიანი სამი მარცვლისგან, რომელთაგან სამივე ღია მარცვალია. შესაბამისად, მსგავსია მათი ჟღერადობა. ნიშნებში განსხვავებულია მხოლოდ შუა მარცვლის თანხმოვნები „მ“ და „ნ“, რომლებიც მსგავსი ფონეტიკის მქონე თანხმოვნებია და განეკუთვნებიან მჟღერი თანხმოვნების ჯგუფს, ამდენად სახეზეა უპირობო ფონეტიკური მსგავსება. მსგავსებას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ იდენტური თანხმოვნები ნიშნებში ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან განლაგებულნი.
5.3. მოსარჩელის მოსაზრებით, მის სასაქონლო ნიშანს საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი დაცვის ფარგლებს. კარგი რეპუტაციის დამადასტურებელია „მ.ჰ.კ.ლ–ის“ წარმატებული საქმიანობა მსოფლიოს მასშტაბით და 3 500-ზე მეტი მაღაზია 70 ქვეყანაში. საქართველოში მოსარჩელე ოპერირებს 13 მაღაზიით. „მ.ჰ.კ.ლთან“ თანამშრომლობს მრავალი ცნობილი კომპანია. საქართველოში მოსარჩელის საერთო ბრუნვამ 2016-2018 წლებში შეადგინა 21 348 000 ლარი. „M”-ს ნიშნით მარკირებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში უწყვეტი და ინტენსიური ჩართვის შედეგად, იგი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და კარგად არის ცნობილი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რაც ადასტურებს მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის არსებობას.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. წარმოდგენილი შესაგებლით უარყოფილია სასარჩელო მოთხოვნები, სასაქონლო ნიშანი „M–O.KR“ წარმოადგენს სამხრეთ კორეაში რეგისტრირებული კომპანიის M–O.KR Co., LTD-ს ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე კომპანიის უფლება მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში რეგისტრირებული იქნა 2017 წლის 04 დეკემბერს. რეგისტრირებული საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი საქართველოში გავრცელების მიზნით გადმოგზავნილ იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ - საქპატენტში და საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 24 ოქტომბრის #7291/03 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნისთვის საქართველოში დაცვის მინიჭების თაობაზე, საქონლისა და მომსახურების სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.
6.2. შპს „ა და ა ი.ჯ–იას“ და M–O.KR Co. LTD-ს შორის გაფორმებულია ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხე კომპანიას უფლებას აძლევს, საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს M–O.KR Co LTD-ის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნით.
6.3. M–O.KR LTD-ს დაკვეთით ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა სადავო სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსებისა და მოსარჩელის ნიშნის რეპუტაციის დასადგენად. ექსპერტის მიერ დადგინდა, რომ სადავო ნიშნები არც ვიზუალურად, არც ჟღერადობით და არც საერთო შთაბეჭდილებით არ არიან მსგავსი. ასევე დადგინდა, რომ სასაქონლო ნიშანს - „M.”, არ უდგინდება კარგი რეპუტაცია.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
10.1. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის მითითებით, სასამრთლო ვალდებული იყო ემსჯელა აღრევის შესაძლელობაზე საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსების ხარისხი მცირეა, თუმცა, თუნდაც მცირე მსგავსების შემთხვევაშიც კი სასამართლო ვალდებული იყო სიღრმისეულად შეედარებინა სადავო ობიექტები საქპატენტის სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზის სახელმძღვანელოს მითითებით.
10.3. სასამართლოს სასაქონლო ნიშნები „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა შეეფასებინა ნიშნებს შორის მსგავსებისა და საქონლს და/ან მომსახურების მსგავსების ხარისხების მიხედვით, რომლის შედარების საფუძველზეც დადგინდებოდა ნიშნების მსგავსების დონე. ამასთან, თუ კი არსებობს ნიშნებს შორის სულ მცირე გარკვეული დონის მსგავსება და მსგავსია შესაბამისი საქონელი/მომსახურება, აცუცილებელია აღრევის შესაძლებლობის შეფასებაც, ევროკავშირის ინტელექტურალური საკუთრების უწყების სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს თანახმად. აღნიშნულ საკთხზე კი სასამართლოს არ უმსჯელია. სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა დასაბუთებული, თუ კი ის დაადგენდა ნიშნების სრულად განსხვავებულობას.
10.4. კასატორის მითითებით, თუნდაც დაბალი დონის მსგავსების დადგენისას (რაც დაადგინა სააპელაციო პალატამ) დაშვებელია აღრევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მსგავსების გაანალიზების გარეშე. თუ კი სასამართლო იმსჯელებდა, დაადგენდა სადავო ნიშნებს შორის დაბალი მსგავსების დონის არსებობის შემთხვევაშიც კი მათ არღევამდე მსგავსად.
10.5. მხარეები იენებენ იმ საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც იდენტურია, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს აქვს მათალი დონის განმასხვავებელუნარიანობა და სარგებლობს უფრო ფართო დაცვის ფარგლებით, მისი სასაქონლო ნიშანი ფანტაზიური აღნიშვნაა, შესაბამისად, დარღვევის ხარისხი გაცილებით მაღალია.
10.6. სასამართლომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების არასწორი განმარტებით ორივე ქუნტის შენაარსი შეცვალა, რომ თითქოს ამ პუნქტების წინაპირობას წარმოადგენს ნიშნების აღრების შესაძლებლობამდე მსგავსება. სასამართლოს უნდა ემსჯელა მის მიერვე დადენილი მსგავების დონე საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ მომხდარიყო არა ნიშნების აღრევა მომხმარებლის თვალში, არამედ სადავო ნიშნის გამოყენებით დაუმსახურებლად ექმნება თუ არა ხელსაყრელი პირობები მოპასუხეს, ზიანი ადგება თუ არა კასატორს კუთვნილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას, ან განმასხვავებელუნარიანობას.
10.7. საქპატენტის სააპელაციო პალატის 2019 წლის 7 ივნისის N16-3/19 და 2020 წლის 18 მაისის 163-3/2019 გადაწყვეტილებების თანახმად, კასატორის კუთვნილ სასაქონლო ნიშნავს დაუდგინდა რეპუტაცია და მოპასუხის სასაქონლო ნიშანთან ჩაითვალა მსგავსად, რის გამოც, ერთ შემთხვევაში, M–O.RK-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე აღნიშნული მსგავსების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სამი კუმულაციური წინაპირობიდან სახეზეა მხოლოდ ორი (მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის რეპუტაცია და ნიშნების მსგავსება), მაგრამ ის საქონელი, რისთვისაც მოითხოვებოდა მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, იმდენად განსხვავდებოდა მოსარჩელის მომსახურებისგან, რომ არ მოხდა მოხდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება და არც განმცხადებელს შეექმნებოდა საუმსახურებლად ხელსაყრელი პირობები.
10.8. კასატორი მიუთითებს, რომ თუნდაც სახეზე იყოს უფრო ნაკლები დონის მსგავსება სასაქონლო ნიშნებს შორის, საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძველზე, ეს მსგავსება შეიძლება საკმარისად იქნეს მიჩნეული იმისთვის, რომ მომხმარებელმა ნიშნები დაუკავშიროს ერთმანეთს, რითაც შესაძლებელია ზიანის გამოწვევა.
10.9. კასატორის მოსაზრებით, სახეზეა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სამივე პირობა: 1. მოპასუხეს საუმსახურებლად ექმნება ხელსაყრელი პირობები, რაც გამოიხატება კასატორის სასაქონლო ნიშანთან არსებული მსგავსებით შექმნილი კავშირით, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე დაუმსახურებლად სარგებლობს მოსარჩელის იმიჯით და რეპუტაციით, მოპასუხე მოსარჩელის სახელთან კავშირის შექმნით ადგილს იმკვიდრებს ბაზარზე და უკანონოდ იპოვებს ცნობადობას. 2. ზიანი ადგება კასატორის კუთვნილ სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელუნარიანობას, რაც გამოიხატება სასაქონლო ნიშნის „დასუსტებით“, „შემირებით“ ან „გაბუნდოვანებით“. მოპასუხე მხარის სასაქონლო ნიშანი იწვევს მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის იდენტობის, უნიკალურობისა და განმასხვავებელუნარიანობის გაფანტვას. 3. ზიანი ადგება კასატორის სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. მხარეები ოპერირებენ შესაბამის ბაზარზე მსგავსი პროდუქციის რეალიზების გზით, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტებს, რის გამოც, მომხმარებლის აღქმაში ამ ორი სასაქონლო ნიშნის დაკავშირებით მოსარჩელე იღებს პირდაპირ ზიანს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ითვისებს მოსარჩელის რეპუტაციას.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
19. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
20. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
21. მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას, ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია.
22. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ’’, რომლის მე-15 მუხლის შესაბამისად, ,,სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს’’. ამავე შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას აღრევის ალბათობა. აღრევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.
23. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე, სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. იგივე კონვენციის მე-10bis მუხლის თანახმად „(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3) კერძოდ, აკრძალულია: 1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ; 2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციულ საქმიანობის დისკრედიტაციას; 3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რამაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესაბამისობის, ან რაოდენობის მიმართ“.
24. განსახილველი საქმის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსების არსებობის დადგენის შემთხვევაში მოპასუხის სასაქონლო ნიშნის აკრძალვის მართლზომიერება.
25. კასატორი მოითხოვს, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოპასუხეს აეკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის - „M.“ აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის, მათ შორის სასაქონლო ნიშნის - M–O.KR. - გამოყენება ნიცის კლასიფიკაციის იმ კლასებით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიმართ, რომელშიც რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი -„M“.
26. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია კომბინირებული ნიშანი, რომლის გამოსახულებითი ელემენტია ორი შავის ფერის ჩანთა. მარცხენა ჩანთის გამოსახულებაში, თეთრი ფერის ლათინური ასოებით ჩაწერილია სიტყვიერი აღნიშვნა - „M“ და ღიმილი, ხოლო მარჯვენა ფიგურაში დატანილია იეროგლიფები (რეგისტრაციის #29064). მოსარჩელეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს ნიცის კლასიფიკაციის 03,09,14,18,21,25,28,25 კლასებში გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიმართ.
27. ქვედა ინსტანციაში დადგინა, რომ მოპასუხეს ქალაქ თბილისში რამდენიმე მისამართზე და ქალაქ ბათუმში გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ახორციელებს სხვადასხვა დასახელების საქონლის საცალო ვაჭრობას, სასაქონლო ნიშნის - M–O.KR - გამოყენებით. მაღაზიების შესასვლელებზე განთავსებულია აბრები - M–O.KR. მოპასუხეს სოციალურ ქსელში - „facebook“ შექმნილი აქვს გვერდი - M–O - მ–სო. მოპასუხე ფლობს ვებ-გვერდს დომენით m–o.ge, სადაც იყენებს სასაქონლო ნიშანს - M–O.KR.
28. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს #05 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
29. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ექსპერტის დასკვნა, ფოტო-სურათები, „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება) დადასტურდა, რომ შესადარებელი სასაქონლო ნიშნები არ ხასიათდება ისეთი სახის მსგავსებით, რაც განაპირობებდა მომხარებლის შეცდომაში შეყვანას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ორივე სასაქონლო ნიშანი შედგება 6 ასოსგან, მათ შორის ხმოვნებისა და თანხმოვნების რაოდენობას თითოეული სიტყვა თანაბრად შეიცავს (თითოეულს 1/2 შეფარდებით), ასევე თანხმოვნებისა და ხმოვნების განლაგება სიტყვებში თანაბარია (ყოველი კენტი ასო თანხმოვანია, ყოველი ლუწი - ხმოვანი, სიტყვა იწყება თანხმოვნით, სრულდება ხმოვნით), ორივე სიტყვა იწყება „M“ და სრულდება „SO“ ასოებით, ხოლო სიტყვების შუაში მოქცეული ხმოვნები ორივეგან მეორდება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ პირველში მეორდება ხმოვანი „I“, ხოლო მეორეში ხმოვანი „U“ სიტყვაში მსგავსი თანმიმდევრობით, რაც შეეხება ცენტრალურ თანხმოვნებს, ისინიც მსგავსი თანმიმდევრობითაა სიტყვაში განლაგებული, თუმცა იმ განსხვავებით, რომ პირველი ცენტრალური თანხმოვნებით არ ემთხვევა სიტყვები - „M“; „N“, ხოლო მეორე ცენტრალური - „S“; „S“ ემთხვევა. აღნიშნული აღწერით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მართალია, სიტყვებს შორის შესაძლებელია არსებობდეს დაბალი დონის მსგავსება, თუმცა არა ისეთი სახით, რაც ობიექტური დამკვირვებლის თვალში გამოიწვევდა ნიშნების აღრევას. ასეთი ხარისხის ნაწილობრივი ფონეტიკური მსგავსება სავსებით შესაძლებელია არსებობდეს სხვა ორ სიტყვას შორისაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ, თუნდაც ასეთი მცირედი მსგავსებების გამო, იქმნება დაუსაბუთებელი სასარჩელო მოთხოვნების დაყენების შესაძლებლობა.
30. რაც შეეხება ვიზუალურ მსგავსებას, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი კომბინირებულია, რომლის გამოსახულებითი ელემენტია ორი შავის ფერის ჩანთა. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის თანახმად, მარცხენა ჩანთის გამოსახულებაში, თეთრი ფერის ლათინური ასოებით ჩაწერილია სიტყვიერი აღნიშვნა - „MINISO“ და ღიმილი, ხოლო მარჯვენა ფიგურაში დატანილია იეროგლიფები. მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის დომინანტი ელემენტია მისი ლათინური ასოებით შესრულებული აღნიშვნა, ვინაიდან იეროგლიფები ქართველი მომხმარებლის ძირითადი ნაწილისთვის აღიქმება, როგორც გამოსახულებითი ელემენტი. ამასთან, კომბინირებული ნიშნის შემთხვევაში, როგორ წესი, სიტყვიერ ელემენტზე მოდის ნიშნის განმასხვავებლობის ძირითადი დატვირთვა. მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს სიტყვიერ ნიშანს, რომელიც შესრულებულია სტილიზებული ლათინური ასოებით. მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის დომინანტი ელემენტი და მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი შედგება ექვსი ასოსგან და შესრულებულია ლათინური ასოებით, იდენტურია პირველი, მეხუთე და მეექვსე ასოები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი მნიშვნელოვნად განსხვავებულია მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის შესრულების ფორმისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი კომბინირებულია, შეიცავს ორი ჩანთის გამოსახულებას, „ღიმილს“, იეროგლიფებს და ორ ხაზზე, ლათინური ასოებით შესრულებულ სიტყვიერ ელემენტს „M“. ჩამოთვლილი კომონენტები კი ქმნის შესადარებელ ნიშნებს შორის განსხვავებულ ვიზუალურ შთაბეჭდილებას.
31. დასახელებული სასაქონლო ნიშნები არ ხასიათდებიან რამე შინაარსობრივი აღნიშვნის მატარებელ სიტყვებად, შესაბამისად, წარმოადგენენ ფანტაზიურ აღნიშვნებს სემანტიკური დატვირთვის გარეშე, აქედან გამომდინარე, მათი დეფინიციური შედარება საფუძველსმოკლებულია. დამატებით, სააპელაციო პალატამ გამოიკვლია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტის, ს.ჯ–ძის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტმა შეაფასა შესადარებელ ნიშნებს შორის მსგავსება ვიზუალურად, ჟღერადობით, საერთო შთაბეჭდილებით და ასკვნის რომ ნიშნები მსგავსი არ არის.
32. რაც შეეხება კასატორის მითითებას კარგი რეპუტაციის შესახებ, აღნიშნული საკითხი კვლევის საგანი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგინდება სადავო ნიშნებს შორის ისეთი სახის მსგავსება, რაც აღრევამდე მსგავსებას ადასტურებს და არსებობს სასაქონლო ნიშნის აკრძალვის საფუძველი. წინაპირობა, რაც გულისხმობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის პოტენციას, ნიშნებს შორის საკმარისი მსგავსების არარსებობის გამო, საფუძველსმოკლებულია, აქედან გამომდინარე, რეპუტაციის შელახვაც შესაბამისად ვერ იქნება დასაკმაყოფილებლად რელევანტური მოთხოვნა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. „მ.ჰ.კ.ლის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. „მ.ჰ.კ.ლს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ას (პ.ნ. 0.......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება: 19262698910 გადახდის თარიღი 06.11.2023;) 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე