Facebook Twitter
საქმე №ას-45-2024 19 ივნისი, 2024 წელი
თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჰ....“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ფ–ა ( აპელანტი მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება


საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 18 ოქტომბერს, ხ.ფ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) შპს ,,ჰ....’’-ში (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) გაიკეთა საკეისრო კვეთა, საიდანაც იმავე წლის 21 ოქტომბერს იქნა გამოწერილი. მოპასუხის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას შეფასებულია დამაკმაყოფილებლად. პაციენტის კლინიკიდან გაწერის დღეს - 2021 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების თანახმად: საშვილოსნოს ზომები შეესაბამება ლოგინობის ხანას; მიომეტრიუმი - ნორმალური სტრუქტურის; ენდომეტრიუმის სისქე - 8 მმ, ღრუ თავისუფალი; საშვილოსნოს ყელი - ნორმალური ზომის; ენდოცერვიქსის სისქე - 7 მმ, ცერვიკალური არხი ღია დ-9მმ; დანამატები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე; დუგლასი თავისუფალი.
2. 2019 წლის 28 ოქტომბერს, ხ.ფ–ამ მიმართა შპს ,,ჰ....’’-ს იმ ჩივილით, რომ მას 2019 წლის 24 ოქტომბრიდან აღენიშნებოდა ცხელება, უშუალოდ მიმართვის დღეს კი კვლავ უფიქსირდებოდა ტემპერატურა 38.7°C-მდე.
3. 2019 წლის 28 ოქტომბერს მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელეს ჩაუტარდა შემდეგი კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილის განსაზღვრის ანალიზი, ასევე კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევა (ექოსკოპია).
4. სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის თანახმად, მოსარჩელეს 2019 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით C რეაქტიული ცილის მაჩვენებელი აღენიშნებოდა 70 mg/l, ნაცვლად დასაშვები ზღვრისა -<8. ამავე თარიღის კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების თანახმად: საშვილოსნოს ტანის ზომა - 125x58x72 მმ; მიომეტრიუმი - ნორმალური ექოსტრუქტურის; ენდომეტრიუმის სისქე - 6 მმ, ღრუ თავისუფალი; საშვილოსნოს ყელი - ნორმალური ზომის; დანამატები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე; დუგლასი - თავისუფალი; პოსტოპერაციული ნაწიბური წინა კედელზე მცირედ შეშუპებული. 2019 წლის 28 ოქტომბრის დანიშნულების თანახმად, მოსარჩელეს გამოვლენილი ჩივილების სამკურნალოდ მისაღებად დაენიშნა ანტიბიოტიკი (აუგმენტინი) 5 დღის განმავლობაში მისაღებად.
5. 2019 წლის 28 ოქტომბრიდან, - 2019 წლის 01 ნოემბრამდე, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 2019 წლის 01 ნოემბერს, მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხე კლინიკას ცხელების ჩივილით. ამავე დღის 19:20 საათზე, მოსარჩელემ განმეორებით მიმართა კლინიკას და თვითდინებით მოთავსდა მელოგინეთა განყოფილებაში. კლინიკაში მოთავსების დროისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შემდეგნაირად: პაციენტი ფერმკრთალია, ენა მშრალი, მცირე ნადებით. სარძევე ჯირკვლები რბილი, კერტები საღი. მუცელი რბილი, უმტკივნეულო. მუცლის წინა კედელზე არსებული საკეისრო კვეთის შემდგომი ჭრილობის არე პალპალაციით უმტკივნეულო, ჭრილობა შეხორცებულია პირველადი საჭიმვით. საშვილოსნო გადიდებულია 12 კვირის ორსული საშვილონოს ოდენობამდე, პალპალაციით უმტკივნეულო. სარკეებში - საშო ნამშობიარები ქალის, საშვილოსოს ყელი ცილინდრული, სუფთა ზედაპირით, გამონადენი საშოდან ჰემორაგიულ- სერიოზული მცირე რაოდენობით, უსუნო. მოპასუხის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სტაციონარში მოთავსების შემდეგ პაციენტს დაეწყო ანტიბიოტიკოერაპიული მკურნალობა.
6. მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელის სტაციონარულად მოთავსების შემდგომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა განვითარდა შემდეგნაირად: 2019 წლის 01, 02 და 03 ნოემბრის პაციენტის გასინჯვის ფურცლების თანახმად, მელოგინის მდგომარეობა დინამიკაში მოპასუხე კლინიკის მიერ ფასდება როგორც საყურადღებო/დამაკმაყოფილებელი. საათობრივი შემოვლის ფურცლების თანახმად, სხვადასხვა ჩივილებთან ერთად პაციენტს თითქმის მუდმივად აღენიშნება თანმდევი ცხელება.
7. 2019 წლის 04 ნოემბრის 10:00 საათის შემოვლის ფურცლის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. პაციენტის დიაგნოზია საკეისრო კვეთის შემდგომი მეტროენდომეტრიტი, რის გამოც გადაწყდა ინფექციონისტის კონსულტაცია.
8. 2019 წლის 04 ნოემბრის 16:40 საათისათვის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კვლავ შეფასებულია როგორც საყურადღებო. მელოგინისთვის ჩატარებული ექიმ- ინფექციონისტის რეკომენდაციით გადაწყდა მისთვის გაგრძელებულიყო დანიშნული მკურნალობა და ჩატარებოდა ულტრაბგერითი გამოკვლევა 05 ნოემბერს.
9. წლის 04 ნოემბრის 22 საათისათვის პაციენტის მდგომაროება კვლავ ფასდება როგორც საყურადღებოდ, ტემპერატურა 38.6°C, დიაგნოზი - ლოგინობის ხანა მე-17 დღე, საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, მწვავე ენდომეტრიტი, ცხელება. პაციენტის გასინჯვის ფურცლის თანახმად, ვინაიდან მელოგინეს ჩატარებული ანტიბაქტერიული მკურნალობის მიუხედავად აღენიშნებოდა პერიოდული ცხელება, CRP-ს მაღალი მაჩვენებელი, გადაწყდა შეცვლილიყო მის მიმართ დაწყებული ანტიბაქტერიული მკურნალობა.
10. 2019 წლის 05 ნოემბრის 08:00 საათის პაციენტის გასინჯვის ფურცლის თანახმად, მისი მდგომარეობა კვლავ შეფასებულია როგორც საყურადღებო, ტემპერატურა - 37.3°C.
11. 2019 წლის 05 ნოემბრის 11:00 საათისათვის პაციენტის მდგომარეობა შეაფასა მოპასუხე კლინიკის ექიმთა კონსილიუმმა. ექიმთა კონსილიუმის შეფასების თანახმად: მელოგინის ზოგადი მდგომარეობა გაუარესებულია. ყურადღებას იპყრობს ტემპერატურის პერიოდული მატება 38.6°C-მდე შემცივნებით. ენა მომშრალო, მცირედ შელესილი. სარძევე ჯირკვლები რბილი, კერტები საღი. ამ მომენტისთვის მუცელი პალპაციით რბილი, ღრმა პალპაციით მტკივნეული ჰიპოგასტრიუმის არეში, შჩოტკინ- ბლუმბერგი სუსტად დადებითი, ნაწლავების პერისტალტიკა აქტიური. მუცლის წინა კედელზე პოსტოპერაციულ ნაწიბური შეხორცებულია პირველადი დაჭიმვით, სუფთა ჰიპერემიის გარეშე. შარდვა თავისუფალი, დეფეკაცია თავისუფალი. ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები სადაც ყურადღებას იპყრობს: მაღალი CRP – 102mg/1 , საერთო ანალიზით WBC-13,0X10 3/uL ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები 7%, სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები - 73%, ედს - 46მმ/1სთ. HGB-10.8 გ/დლ. ულტრაბგერითი კვლევით: საშვილოსნოს ტანის ზომა შეესაბამება ლოგინობის ხანას.
12. მიომეტრიუმი ნორმალური ექოსტრუქტურის. ენდომეტრიუმის სისქე 7მმ. ღრუ გაფართოებულია 12 მმ. მასში ფიქსირდება ლოქიომეტრა 10-12მლ-ის რაოდენობით რომელიც ვრცელდება საკეისროს შემდგომი ნაკერის არეში, სეროზული გარსის ქვეშ, სადაც ფიქსირდება მომრგვალო ფორმის ინფილტრატი 40მმ.დუგლასში ფიქსირდება შემღვრეული კონსისტენციის სითხე 80მლ-მდე. P.V.საშო ნამშობიარები ქალის. საშვილოსნოს ყელი ცენტრირებული, არხი დახურული. ბიმანუალური გასინჯვით: საშვილოსნო მორბილო კონსისტენციის. 10-11 კვირის ორსულობის ოდენობის, პალპაციით მტკივნეული პოსტოპერაციული ჭრილობის არეში. საშოდან აღინიშნება მღვრიე გამონადენი უსუნო. დიაგნოზი - ლოგინობის ხანა მე-18 დღე. საკეისრო კვეთის შემდგომი მწვავე პოსტნატალური ენდომიომეტრიტი. პოსტოპერაციული ნაკერის უკმარისობა. დასკვნა - ვინაიდან სახეზეა საკეისრო კვეთის შემდგომი ენდომიომეტრიტი, პოსტოპერაციული ნაკერის უკმარისობა, პაციენტი საჭიროებს ქირურგიულ მონიტორინგს და ოპერაციის საკითხის გადაწყვეტას. გადაწყდა მელოგინის გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში.
13. 2019 წლის 05 ნოემბერს 14:35 საათზე კატასტროფის ბრიგადის მიერ მოპასუხე კლინიკიდან მოსარჩელე გადაყვანილ იქნა შპს ,,ა.ვ.ბ.ს.კ–ა’’-ში, სადაც ეს უკანასკნელი მკურნალობას განაგრძობდა 2019 წლის 14 ნოემბრამდე.
14. შპს ,,ა.ვ.ბ.ს.კ–აში“ გადაყვანის შემდეგ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოსარჩელეს დაესვა სეფსის დიაგნოზი.
15. შპს ,,ა.ვ.ბ.ს.კ–ას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელეს კლინიკაში მოთავსებისას აღენიშნებოდა: სეპტიცემია, გამოწვეული Staphylococcus aureus-ით, ჩირქოვანი ენდომიომეტრიტი - საკეისროს კვეთის შემდგომი, სამეანო ქირურგიული ჭრილობის ინფექციები, პერიტონეუმის შეხორცებები, შარდის ბუშტის მთლიანობის დარღვევა, საშარდე გზების ინფექცია, პლევრის სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობები, ანემია. ჩივილები - შემცივნება, ცხელება, ტკივილი ნაოპერაციები ჭრილობის და ჰიპოგასტრიუმის არეში, სისუსტე, საშოდან მღვრიე სისხლოვანი გამონადენი.
16. მოსარჩელეს შპს „ა.ვ.ბ.ს.კ–ა’’-ში 2011 წლის 06 ნოემბერს 17:30-23:00 საათზე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც მას ამოკვეთეს საშვილოსნო - რელაპარატომია, ბადექონის ნაწილობრივი რეზექცია, სინექიოლიზი, ნეკერექტომია, ჰისტერექტომია, ორმხრივი სალპინეგექტომია, შარდის ბუშტის მთლიანობის აღდგენა, მცირე მენჯს ღრუს სანაცია- დრენირება.
17. მოსარჩელეს კლინიკიდან გაწერისას დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა. შპს ,,ა.ვ.ბ.ს.კ–ა’’-დან გაწერის რეკომენდაციის გათვალისწინებით მოსარჩელემ შემდგომი მკურნალობის მიზნით 2019 წლის 04 დეკემბერს ურეთრული კათეტერის ამოღებისა და უროლოგის კონსულტაციის მიზნით მიმართა ,,ა. წ.ს.უ.ეროვნულ ცენტრი’’-ს. აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების თანახმად, პაციენტს შემდგომშიც ესაჭიროებოდა უროლოგის ამბულატორიული მეთვალყურეობა.
18. მოსარჩელისთვის ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შემდგომ დანიშული სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიერ 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში მედიკამენტების შესაძენად გაღებულია ხარჯი 985.30 ლარის ოდენობით.
19. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს 01/249/ო ბრძანებით დამტკიცებულია მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა-კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი). პროტოკოლის თანახმად, მშობიარობის შემდგომი ცხელება ეწოდება ცხელებას, რომელიც ვითარდება მშობიარობიდან 10 დღის განმავლობაში, პირველი 24 საათის გამოკლებით, გაგრძელდება მოცემული პერიოდის ნებისმიერ 2 დღეს და სხეულის ტემპერატურა >38.0°C. პროტოკოლის თანახმად, მშობიარობის შემდგომი ცხელების რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთია საკეისრო კვეთა.
20. პროტოკოლის თანახმად, ლოგინობის ცხელების მართვა მოიცავს შემდეგ სტადიებს: პირველადი შეფასება: 1) ანამნეზი; 2) ფიზიკალური გასინჯვა პულსი; არტერიული წნევა; სუნთქვის სიხშირე; ტემპერატურა (4 საათში ერთხელ); კანი, პირის ღრუ, ფილტვები, სარძევე ჯირკვლები, მუცელი, ჭრილობა, საშვილოსნო, შორისი, საშო, საშვილოსნოს ყელი სარკეებში, ქვედა და ზედა კიდურები თირკმელები; 3) ულტრაბგერითი კვლევა; 4) ლაბორატორიული კვლევა: სისხლის საერთო ანალიზი; სისხლის კულტურალური გამოკვლევა; შარდის საერთო ანალიზი; შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა; ჭრილობის ნაცხის ბაქტერიოლოგია (ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე); კოაგულოგრამა (ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე). მეორადი შეფასება: თუ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 48-72 საათის შემდეგ ცხელება გრძელდება და კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა პაციენტის განმეორებითი შეფასება და მიზეზის დადგენა, რაც გულისხმობს: სრული ფიზიკალური გამოკვლევა; სისხლის კულტურალური გამოკვლევა ხელმეორედ; სისხლის საერთ ანალიზი; ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის შეფასება; გულმკერდის რენტგენოგრაფია; ულტრაბგერითი კვლევა.
21. კომპიუტერული ტომოგრაფია; კონსილიუმი წამყვანი სპეციალისტის, ინფექციონისთისა და თერაპევტის მონაწილობით. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, თუ ცხელება გრძელდება 7 დღე და მეტი, მიზანშეწონილია პაციენტის რეფერალი.
22. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს 01/249/ო ბრძანებით დამტკიცებული მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვის - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე ხ.ფ–ას მოპასუხე კლინიკაში სტაციონარული მკურნალობის გავლისას სრულყოფილად არ ჩატარებია ამ პროტოკოლით განსაზღვრული პირველადი და მეორადი შეფასების კრიტერიუმები - მოსარჩელეს არ ჩატარებია სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული მეორადი შეფასება - კერძოდ, სისხლის კულტურალური გამოკვლევა, ღვიძლის და თირკმელის ფუნქციის შეფასება, გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. 2019 წლის 05 ნოემბრამდე პაციენტს ასევე არ ჩატარებია კონსილიუმი წამვანის სპეციალისტის, ინფექციონისტის და თერაპევტის მონაწილეობით.
23. სსიპ სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 24 მაისის მიმართვის თანახმად, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ რეცენზირებულ იქნა მოსარჩელის სამედიცინო დოკუმენტაცია მეანობა-გინეკოლოგიის, ინფექციური სნეულებების და რადიოლოგიური მიმართულებით.
24. მომართვის თანახმად, შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა- ნაკლოვანებები: ,,-მშობიარეს მოთხოვნით 18.10.19წ. ჩატარებულ იქნა ქირურგიული სტერილიზაცია, თუმცა, საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 145-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის- სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია: გ) თუ პაციენტს ექიმმა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან სტერილიზაციამდე გასულია ერთი თვის მოსაფიქრებელი ვადა” (ექიმი: ს.გ–ი); - 01.11.19წ. პაციენტს ჩაუტარდა ექიმ ს.გ–ის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და CRP, თუმცა „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში“ (No4348.19) ექიმ ს.გ–ის ჩანაწერი და ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები არ ფიქსირდება (ექიმი: ს.გ–ი); 28.10.19წ-ს ჩანაწერზე ექიმ ს.გ–ის ხელმოწერა არ ფიქსირდება; - მეან-გინეკოლოგ ს.გ–ის მიერ, არ არის გათვალისწინებული „მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვის“ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო (პროტოკოლი) განსაზღვრული პირველადი და მეორადი შეფასების სტანდარტით კრიტერიუმები. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შემდგომ, პაციენტს უგრძელდებოდა ცხელება, თუმცა, სტაციონარში ყოფნის პერიოდში, არ ჩატარებია „მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვის’’ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით (პროტოკოლი) განსაზღვრული მეორადი შეფასება. კერძოდ, სისხლის კულტურალური გამოკვლევა, და თირკმელების ფუნქციის შეფასება, გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე, 05.11.19წ-მდე, არ ჩატარებია კონსილიუმი (წამყვანი პეციალისტის, ინფექციონისტის და თერაპევტის მონაწილეობით); „პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე’’ „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში’’ (N3277) არ ფიქსირდება; - რეცენზენტთა შეფასებით: „კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გაფართოებული ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე, მიმაჩნია ოპერაციული ჩარევის, კერის მოცილების სწრაფი მიმდინარეობა და შემდგომი გამოსავალი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება, შესაძლებელია მიღებულიყო უფრო ადრე. სეპტიური გართულების სწრაფი მიმდინარეობა და შემდგომი გამოსავალი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ქირურგიულ მკურნალობაზე ერთიანი კლინიკური სურათის, ულტრაბგერითი და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე სჯობდა მიღებულიყო ადრე’’, - რეცენზენტთა შეფასებით, შეუსაბამობაა შპს „ჰ....’’-ში პაციენტის გაწერისას და შპს „აკად. ვ. ბ. კ’’-ში ჰოსპიტალიზაციისას პაციენტის მდგომარეობის შეფასებას შორის. კერძოდ, პირველ ეპიზოდში კლინიკიდან გაწერისას პაციენტის საშვილოსნო იყო 10-11კვ. ორსულობის ოდენობის, საშოდან მღვრიე, უსუნო გამონადენი, ხოლო მეორე ეპიზოდში კლინიკაში პაციენტის მიღებისას, საშვილოსნო იყო 16კვ. ორსულობის ოდენობის, სარკეებიდან იღვრებოდა სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენი; - როგორც კურსუსებიდან ჩანს, პაციენტის მდგომარეობა, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მონაცემებით, არ იყო ადეკვატურად შეფასებული, ინფექციონისტის ჩართვა პაციენტის მართვის პროცესში მოხდა მოგვიანებით. კლინიკაში მოთავსების პერიოდში, ცხელებით მიმდინარე პროცესის დროს, სასურველი იყო ინფექციონისტის უფრო დროულად ჩართვა პაციენტის მართვაში; - დამატებითი კვლევების (ვაგინალური ექოსკოპიის და/ან მცირე მენჯის ღრუს კტ კვლევა) ჩატარება დაეხმარებოდა ექიმს ინფექციის კერის დროულად დადგენაში და შემდგომ ადეკვატურ ქმედებებში’’.
25. მომართვის თანახმად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ’’ 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ჰ....’’-ის კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის თაობაზე.
26. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 15 დეკემბრის მომართვის თანახმად, მოსარჩელისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის საკითხის დასადგენ 2022 წლის 09 დეკემბრის პროფესიული საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, უშუალოდ მოსარჩელე ხ.ფ–ას მკურნალ მეან-გინეკოლოგს - ს.გ–ს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება სამი თვით და დაევალა სათანადო კვალიფიკაციის კურსის გავლა. ამავე მომართვის თანახმად, მოსარჩელის მკურნალობაში მონაწილე ექიმთა ნაწილს მიეცათ წერილობითი გაფრთხილებები, ხოლო ნაწილს, - მოეხსნა პასუხისმგებლობა.

27. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე კლინიკისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად - 985.30 ლარის, ხოლო, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად - 100 000 ლარის დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ხ. ფ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა იმდაგვარად, რომ შპს ,,ჰ....’’-ს მოსარჩელე ხ.ფ–ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 985.30 ლარის, ხოლო, მორალური ზიანის - 25 000 ლარის ანაზღაურება.

28. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

29. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ.ფ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ჰ....’’-ს მოსარჩელე ხ.ფ–ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 985.30 ლარის და მორალური ზიანის - 25 000 ლარის, ანაზღაურება.

30. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

31. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოპასუხემაც, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შედეგად, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მორალური ზიანის სახით მოსარჩელესთვის დაეკისრა 45 000 ლარის ანაზღაურება.

33. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
33.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
33.2. კასატორის მტკიცებით, არ არსებობდა სსკ-ის 413-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. სადავო გარემოების გამორკვევისას, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც ექსპერტები ცალსახად და გარკვევით მიუთითებენ, რომ ხ.ფ–ას საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდის მართვა სრულ შესაბამისობაშია იმ დროს მოქმედ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტებთან-პროტოკოლთან. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ,,პაციენტს ამბულატორიული მიმართვისას (28.10.2019) სეფსისის ნიშნები ჯერ არ ჰქონდა გამოხატული, ხოლო, მოგვიანებით, ჰოსპიტალიზაციისას არასრულად ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევები (არ ჩატარდა სისხლის და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ეტაპზე მკურნალობის ტაქტიკას ვერ ცვლიდა ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება. მკურნალობა დაინიშნა პროტოკოლის სრული შესაბამისობით - ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მედიკამენტებით’’. მსგავსი მსჯელობა ვითარდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსთვის წარდგენილ რეცენზენტების დასკვნაში, თუმცა, ყურადღება არ არის გამახვილებული მასზედ, რომ აზრს კარგავდა ასეთი კვლევის ჩატარება, რადგან უკვე დაწყებული იყო ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობა და ასეთი კვლევების ჩატარება და კვლევებზე შედეგი მაინც ვერ შეცვლიდა უკვე დანიშნულ ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ მკურნალობას.
33.3. სასამართლოს უნდა გაეზიარებინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ პაციენტის მართვა საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდში შპს „ჰ....’’-ში მოხდა იმ დროს არსებული სათანადო პროტოკოლის სრული დაცვით და რომ პაციენტის რეფერალი პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა პროტოკოლით გათვალისწინებულ ვადაში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით მოხდა პაციენტის მკურნალობა, ხოლო, მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესებას და მოპასუხის ქმედებას შორის არ დგინდება ბრალი და არ დგინდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც კუმულაციურად და ცალ-ცალკე გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოსარჩელის წინაშე.
33.4. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა ბრალეულობის ელემენტი, რაც აუცილებლად დასადგენია ზიანის ანაზღაურების კონტექსტში. ასევე, არ შეფასებულა გადაცდომის სიმძიმე და მნიშვნელობა. ასევე სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნის მსჯელობა, რომ ის გამოკვლევები, რაც არ ჩატარდა, რომც ჩატარებულიყო მაინც არ შეცვლიდა პაციენტის მდგომარეობას. ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი არ არის ქონებრივი რესტიტუცია, არამედ ზიანით გამოწვეული ტკივილის შემამსბუქებელი კომპენსირებაა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული 45 000 ლარი არაგონივრული ოდენობაა იმ ფაქტის საპირწონედ, რომ კლინიკას არ ჩაუტარებია ის კვლევები, რომლებიც შედეგს ვერ შეცვლიდა.

34. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
36. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
38. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ იყოს, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
40. პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, რაც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
41. პაციენტის უფლება უსაფრთხოებაზე მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება, გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი მუშაობით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნ.კ–ი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).
42. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.
43. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდგომ წარმოიშვა თუ არა პაციენტისთვის რაიმე სახის ზიანი, რაშიც მიზეზობრივად და ბრალეულად პასუხისმგებელი არის თუ არა კლინიკა, ასევე, რამდენადაა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მართლზომიერი.
45. ზემოაღნიშნულ საკითხებზე სამსჯელოდ, პირველ რიგში, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას, დასახლებული კვლევების ჩაუტარებლობითა და დამტკიცებული პროტოკოლის გადახვევით ყალიბდება თუ არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების სამართლებრივი შედეგი და ეს წარმოშობს თუ არა კლინიკის დელიქტურ პასუხისმგებლობას მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლით.
46. მოცემული სამართლებრივი პრობლემის გადაჭრისა და სასარჩელო მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმებია შემდეგი: სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სსკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.
47. სსკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.).
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, 1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. 2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
49. სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შემთხვევაში, პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, მოითხოვოს პაციენტისათვის მიყენებული, როგორც მორალური, ასევე - მატერიალური ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ. №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ).
50. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ - უმოქმედობასაც.
51. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.
52. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს.
53. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.
54. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (შდრ. სუსგ. №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.).
55. ნორმის პირდაპირი მითითებით „ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის“, სამართლებრივ ურთიერთობაში ამოქმედებულია სამედიცინო მომსახურების გამწევის (ექიმის, ექთნის, სამედიცინო დაწესებულების და ა.შ.) მოქმედების ბრალეულობის პრეზუმფცია.
56. პრეზუმფციის დანიშნულება სამართალში იმის წინასწარ განსაზღვრას ემსახურება თუ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელი მხარისათვის უფრო ადვილი იქნება ობიქტურად დაამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი. პრეზუმფციის დაშვებით, კანონმდებელი, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს, იცავს მტკიცების გადაულახავი ტვირთის დაკისრებისაგან და ამ მიზნით, აწესებს მტკიცების სტანდარტს. შესაბამისად, პრეზუმირდება, რომ პაციენტის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულების მტკიცების ტვირთია. მტკიცების ტვირთის განაწილების ეს წესი, არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 102.1 მუხლით დადგენილ ქცევის წესს, რამდენადაც სსსკ-ით მოწესრიგებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესი უფრო პროცესუალური მნიშვნელობისაა. შესაბამისად, მოპასუხის ბრალი ივარაუდება, მანამ, სანამ მოპასუხე, საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა. თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არც ერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. ექიმი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანამდევ უარყოფით შედეგზე. ამით გარკვეულია მკურნალობის დროს დაშვებულ შეცდომასა და პაციენტისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის აუცილებლობა. სამედიცინო ხასიათის შეცდომის შედეგად მიყენებული ზიანის კვლევისას, დაზარალებულის მტკიცების ტვირთია ზიანის დადგომა. მან აგრეთვე, უნდა ამტკიცოს დამდგარი ზიანის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა. მოპასუხე (ზიანის პრეზუმირებული მიმყენებელი) ამტკიცებს მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობას (იხ., გაგუა ი. „მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას“, ჟურ: „მართლმსაჯულება და კანონი“, 2021წ. N49(72) 21, გვ:75-78).
57. თუ პაციენტის განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.). პაციენტის მიერ მხოლოდ ფაქტებზე მითითების ტვირთი არ წარმოადგენს სასურველი მატერიალურსამართლებრივი შედეგის მიღწევის წინაპირობას, აუცილებელია მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთის რეალიზებაც (იხ. სუსგ. №ას-1169-2022 17 ნოემბერი, 2022 წელი).
58. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის კლინიკური დირექტორის პოზიციაზე, რომელმაც სასამართლოს ქვედა ინსტანციებში განმარტა, რომ ვინაიდან კლინიკას ევალება პაციენტის მდგომარეობის მართვა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პროტოკოლით, აღნიშული პროტოკოლის წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რამდენადაც, გაწეული სამედიცინო მომსახურების გამო კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება სამედიცინო პერსონალის მიერ პროტოკოლისგან განსხვავებული მოქმედება, შესაბამისად, პროტოკოლის წესების ზედმიწევნით შესრულება კლინიკისათვის ერთგვარი თავდაცვითი ფუნქციის მატარებელია. ამასთან, მოპასუხის კლინიკური დირექტორის განმარტების გათვალისწინებით, ექიმის მიერ პროტოკოლის წესების დაცვა და მის მიერ დადგენილი წესებით მკურნალობა არ უგულებელყოფს ექიმის როლს მკურნალობის პროცესში, ვინაიდან, ექიმი არ იბოჭება პროტოკოლს მიღმა, დამატებით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწიებით ჩაატაროს თუნდაც დამატებითი კვლევები, მთავარია არ ფიქსირდებოდეს პროტოკოლისგან გადახვევა და მისი უგულებელყოფა. ასევე, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ ჩაუტარდა მეორადი შეფასების ყველა ელემენტი სრულად, კერძოდ, სისხლის კულტურალური გამოკვლევა, და თირკმელების ფუნქციის შეფასება, გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე, 05.11.19 წ-მდე, არ ჩატარებია კონსილიუმი (წამყვანი სპეციალისტის, ინფექციონისტის და თერაპევტის მონაწილეობით). მიუხედავად ამისა, მოპასუხის კლინიკური დირექტორის განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები მინც ვერ შეძლებდა რაიმე სახის ცვლილების განხორციელებას, ამიტომ, არ იდგა მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობა.
59. დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხე კლინიკაში გაიკეთა საკეისრო კვეთა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს რეაბილიტაციის პროცესში გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა დროსაც კვლავ მიმართა მოპასუხე კლინიკას 2019 წლის 28 ოქტომბერს. ასევე უდავოა ის ფაქტი, რომ 2019 წლის 01 ნოემბრიდან 05 ნოემბრამდე მოსარჩელე რეჰოსპიტალიზაციის პროცესში გადიოდა მკურნალობას მოპასუხე კლინიკაში. საბოლოო გართულების გათვალისწინებით კი მოხდა მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას გადაყვანისთანავე დაესვა სეფსისის დიაგნოზი. ჩატარებული აუცილებელი ოპერაციული ჩარევისას კი ამოკვეთეს საშვილოსნო.
60. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე კლინიკას მოსარჩელის, როგორც საკეისროს შემდგომი გართულების მქონე (ცხელებიანი) პაციენტის მართვა უნდა განეხორციელებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს 01/249/ო ბრძანებით დამტკიცებული მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით (პროტოკოლი). აღნიშნული პროტოკოლი ითვალისწინებდა პაციენტის მდგომარეობის შეფასებას პირველადი და მეორადი შეფასების კრიტერიუმებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მეორადი შეფასებით დადგენილი კრიტერიუმები - რაც მკურნალობის პროცესში პაციენტისთვის პროტოკოლისგან გადახვეულ, ინდივიდუალურ შეფასებაზე დამოკიდებულ მკურნალობას გულისხმობს, მაშინ როდესაც, თავად მოპასუხის კლინიკურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ზოგადად ამ პროტოკოლით მკურნალობის მნიშვნელობა სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში, აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პროტოკოლური მოთხოვნების უგულებელყოფა აპრიორულად მიიჩნევა არასათანადო მკურნალობის გაწევად, რაც თავისთავად შეუსაბამოა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული მოქმედებების სტანდარტისგან და იწვევს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ზიანის მიყენებას.
61. მართალია, მოპასუხის შედავებით, ჩატარებული მკურნალობის შემდგომ, შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუარესდეს, რაც, მათ შორის, დამოკიდებულია მისი ორგანიზმის ზოგად მდგდარობაზე (მაგალითად იმუნური სისტემის ზოგადი სიძლიერე), თუმცა, კონკრეტული მკურნალობის დამტკიცებული გაიდლაინებისა თუ სტანდარტის გადახვევა და პროტოკოლით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა, თუნდაც ნაწილობრივი, როდესაც მიზანშეწონილია დამატებითი კვლევების ჩატარება, მაგრამ სამედიცინო დაწესებულება კვლევის ჩატარების აუცილებლობას უგულებელყოფს, დამდგარი შედეგის მიმართ პასუხისმგებლობის გამორიცხვის არგუმენტირებული დასაბუთებისთვის მოპასუხის შედავება ვერ ჩაითვლება შესაბამისად. სასამართლოსთვის ასეთი სახის გადახვევა განსაკუთრებულად მიზანშეუწონელად მიაჩნია იმ ვითარებაში, როდესაც კლინიკისთვის ცნობილი იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი მიმდინარეობისა და ისტორიის შესახებ, კერძოდ, ამავე კლინიკაში მოსარჩელეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა (18 ოქტომბერს), ხოლო ექვს დღეში (24 ოქტომბერს) უფიქსირდებოდა სიცხე, მართალია, ამავე დღეს დაიწყო ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, ხოლო კონსილიუმის ჩატარება, რომელიც რეჰოსპიტალიზაციიდან 72 საათში, 5 ნოემბერს ჩატარდა, სასამართლოს აფიქრებინებს, რომ, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებდა შესაბამისად უფრო სწრაფ და ადექვატურ მოწვევას, თუმცა, ცალსახაა, რომ მისი მოწვევა მოხდა დაგვიანებით და საჭირო ექიმების ჩართვის გარეშე. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩლის მდგომარეობა მიმართვის დროისთვისაც საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა დადასტურდა, კლინიკამ არა თუ სასწრაფო ზომები მიიღო, არამედ პროტოკოლით გათვალისწინებული სრული კვლევაც კი არ ჩაატარა, რაც განაპირობებდა ზუსტი დიაგნოზის დასმასა და შესაბამისი სახის, შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის დაწყებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის აშკარაა, რომ სახეზეა სამკურნალო პროცესის როგორც არაკვალიფიციური, ისე არაზუსტი, ფორმალური წარმართვა 2019 წლის 5 ნოემბრამდე, რაც, საბოლოოდ, გახდა პაციენტის ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზი.
62. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ კლინიკის მიერ სახელმწიფო მკურნალობის სტანდარტის - პროტოკოლის დარღვევა ადასტურებდა მოსარჩელის მკურნალობის პროცესში ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტს. ამასთან, თავად პროტოკოლის საწინააღმდეგო ქმედების ფაქტი მიუთითებდა პაციენტის მკურნალობის პროცესის იმგვარ არასათანადო მართვაზე, რომლის შედეგადაც განვითარებული სეფსისი და პაციენტის სიცოცხლის რისკის ქვეშ დადგომა სწორედ რომ კლინიკის მიერ გაწეული არასათანადო მკურნალობის შედეგი იყო.
63. რაც შეეხება მიზეზობრივობის დადგენას, მოპასუხე მხარემ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმად, პროტოკოლით კვლევების სრულყოფილად ჩატარება არსებითად ვერ შეცვლიდა დანიშნულებას ჰოსპიტალიზაციის პროცესში. აღნიშნული ექსპერტიზისთვის დასმულ ერთ-ერთ კითხვას წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელის რეჰოსპიტალიზაციის ეპიზოდში ჩატარებული მკურნალობა და მოქმედების ტაქტიკა მშობიარობის შემდგომი ცხელებისა და ინფექციური გართულებების ეროვნულ პროტოკოლს. დაკსვნაში მითითებულია, რომ „პაციენტის კლინიკაში რეჰოსპიტალიზაციის ეპიზოდში ჩატარებული მკურნალობა და მოქმედების ტაქტიკა ძირითად ასპექტებში შეესაბამება მშობიარობის შემდგომი ცხელების და ინფექციური გართულებების ეროვნულ პროტოკოლს. ყველა ჩატარებულ კვლევასთან ერთად, პროტოკოლის მიხედვით, საჭირო იყო სისხლის და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარებაც (რაც არ ჩატარებულა), თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანტიმიკრობული თერაპია დაწყებული უნდა იქნას ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების მიღებამდე და უშედეგობის შემთხვევაში 72 საათში ხელახლა შეფასდეს მდგომარეობა, ასევე იმასაც, რომ - პაციენტს დანიშნული ჰქონდა ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მედიკამენტების კომბინაცია, ზემოაღნიშნული კვლევები არსებითად ვერ შეცვლიდა დანიშნულებას ჰოსპიტალიზაციის პერიოდში’’. ასევე, მოპასუხის კლინიკურმა დირექტორმა განმარტა, რომ აღნიშნული კვლევების ჩატარების შემთხვევაშიც კი არ შეიცვლებოდა შედეგი.
64. ზემოაღნიშნული არგუმენტი საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხე მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ პროტოკოლის შესაბამისი კვლევის ჩატარებისას მაინც გარდაუვალი იქნებოდა რეალურად დამდგარი შედეგის თავიდან აცილება და რომ ეს შედეგი გამოწვეული იქნებოდა ობიექტური გარემოებების საფუძველზე. კასატორის შედავება მით უფრო ასევე ვერ იქნება გაზიარებული იმ პირობებში, როდესაც პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმა მოხერხდა ჰოსპიტალიზაციიდან მე-18 დღეს სხვა კლინიკაში, შესაბამისად, სასამართლოსთვის ცალსახაა, რომ შესაძლებელი იყო პაციენტის მიმართვიდან შემჭიდროვებულ ვადებში დადგენილიყო მისი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური მიზეზები და შესაბამისად განხორციელებულიყო მკურნალობა, რაც კლინიკის მხრიდან არ მომხდარა, ამიტომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და კლინიკის მიერ პროტოკოლის დაუცველობას შორის ცალსახად არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ზიანის დადგომა.
65. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს ორი სახის, მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნები. მატერიალური ზიანის ნაწილში, მოსაჩელემ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დადგენილია მისი ოდენობა - 985.3 ლარი, რომლის წინააღმდეგაც მოპასუხეს არ წარუდგენია შესაბამისი სახის კვალიფიციური შედავება, ამიტომ, ამ ნაწილში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
66. რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს უფლების დარღვევის ინტენსივობის, დარღვევის შედეგების და ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების ხარისხის შეფასების შედეგად. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსკ-ის 413-ე მუხლი (რომელიც ადგენს ზოგად წესს). აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019 წ.).
67. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018 წ., №ას-1040-2018, 26.07.2019 წ.).
68. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის იმდენად დიდი ზიანი, რომ ვეღარ შეძლებს განახორციელოს რეპროდუქციული უნარი, ასევე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას აწუხებდა მუდმივი ტკივილები და, ამასთან ერთად, დიაგნოზის დაუსმელობით გამოწვეულ გაურკვევლობაში ყოფნით დამატებით იქმნებოდა ფსიქოლოგიური წნეხი, ასევე, აღნიშნული პერიოდის მანძილზე, მოსარჩელეს არ შეეძლო ახლადდაბადებულ შვილთან და ოჯახთან სათანადო, სრულფასოვანი კავშირის შექმნა, რაც დამატებით იწვევს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ ყველაფერთან ერთად, ხაზგასასმელია ისიც, რომ შეუძლებელია მოსარჩელემ აღიდგინოს ჯანმრთელობის თავდაპირველი მდგომარეობა და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება, აშკარაა, რომ აღნიშნულ პერიოდში მიღებული როგორც ფიზიკური უნარების შეზღუდვა, ისე ფსიქოლოგიური ტრავმები (უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს) მოსარჩელეს აუცილებლად განუსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს უარესობისკენ. საბოლოოდ, პაციენტისვის მიყენებული ტრავმის, ზიანის ხარისხისა და სიმძიმის, ტანჯვის ხანგრძლივობის, ტანჯვის სამომავლო ხანგრძლივობის, მორალური ზიანის ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენის (თუ როგორ იმოქმედა დაზიანებამ პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის მუშაობის უნარზე, ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნებაზე), პაციენტის ასაკის (რომ ტანჯვის ხანგრძლივობა მოსარჩელის ასაკის გამო ალბათობის მაღალი ხარისხით ცხოვრების უფრო დიდ პერიოდზე გასტანს), ასევე ფსიქოლოგიური ზემოქმედების (რაც გამოიხატება ემოციური სტრესსა და ფსიქიკურ ტანჯვაში), მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხის (რომ ის წარმოადგენს კლინიკას, რომელიც სპეციალიზებულია, მათ შორის მსგავსი პაციენტების მკურნალობის მიმართულებით), ასევე, უზენაესი სასამართლოს მიერ მორალურ ზიანზე ჩამოყალიბებული პრაქტიკისა (იხ. სუსგ.-ები ას-1102-1038-2015, 22.01.2016; ას-1584-2022, 02.11.2023; №ას-38-2021 18.05.2021; №ას-1129-2020 16.03.2021) და დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის (იხ. ECHR: Case of Z v. Finland (1997); Case of G.N. and Others v. Italy (2009); Case of V.C. v. Slovakia (2011); Case of G.S. v. Bulgaria (2012); Case of Mehmet and Bekir Senturk v. Turkey (2013) გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 45 000 ლარი არის თანხის ის ოდენობა, რაც დააკომპენსირებს მოსარჩელის მორალურ ზიანს.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
70. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჰ....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ჰ....“-ს (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2299.27 ლარის (ქვითრის საგადახდო მოთხოვნა: 1702628175, გადახდის თარიღი 15.12.2023) 70% – 1609.83 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე


მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე


ლ. მიქაბერიძე